Facebook Twitter

საქმე №ას-1254-2024

04 დეკემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ს–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – დ.დ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 04 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – კომპენსაციის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. დ.დ–ძემ (შემდგომში - „მოსარჩელე” ან „დასაქმებული”) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ს–ის“ (შემდგომში - „მოპასუხე”, „კომპანია”, „დამსაქმებელი” ან „კასატორი“) მიმართ და მოითხოვა: მისი გათავისუფლების შესახებ კომპანიის დირექტორის 05.08.2019წ. N19/260 ბრძანების ბათილად ცნობა; პირვანდელ სამუშაო ადგილზე - კომპანიის ბათუმის ფილიალის აღრიცხვის მენეჯერის თანამდებობაზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ყოველთვიურად ხელზე ასაღები თანხის - 850 ლარის ოდენობით, გათავისუფლების დღიდან, 09.08.2019წ.-დან პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის დღემდე.

2. მოპასუხემ წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო.

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი კომპანიის დირექტორის 05.08.2019წ. N19/260 ბრძანება მოსარჩელის დაკავებული თანამდებობიდან - აღრიცხვის მენეჯერის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის გადახდა 10 000 ლარის ოდენობით; მოსარჩელეს უარი ეთქვა სამუშაოზე აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურებაზე.

4. მხარეებმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინეს სააპელაციო საჩივრები. მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება; ხოლო, მოპასუხემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მხარეებმა წარადგინეს საკასაციო საჩივრები. მოსარჩელემ გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა; ხოლო, მოპასუხემ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 ივნისის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველი; ხოლო, იმავე სასამართლოს 2024 წლის 09 თებერვლის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 მარტის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილება მოსარჩელის სამსახურში აღდგენაზე და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე უარის თქმის, ასევე, კომპენსაციის 10 000 ლარით განსაზღვრის თაობაზე და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 04 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის გადახდა 10 000 ლარის ოდენობით და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 25 000 ლარის გადახდა.

9. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

9.1. მოსარჩელის განცხადების საფუძველზე, მხარეთა შორის 2018 წლის 20 ნოემბერს დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოსარჩელე დაინიშნა მოლარე-კონსულტანტის თანამდებობაზე. ხელშეკრულება ძალაში იყო 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. ხელშეკრულების თანახმად, დასაქმებულმა აიღო ვალდებულება, კეთილსინდისიერად შეესრულებინა წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ასევე, მკაცრად დაეცვა კომპანიაში მოქმედი შინაგანაწესი (შრომის შინაგანაწესი წარმოდგენდა ხელშეკრულების ნაწილს) (1.2 პუნქტი); დასაქმებული ვალდებული იყო, პირადად, მაღალ პროფესიულ დონეზე შეესრულებინა წინამდებარე ხელშეკრულებით მასზე დაკისრებული სამუშაო (2.3 პუნქტი); დასაქმებული ვალდებული იყო მკაცრად დაეცვა კონფიდენციალობა სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების დროს იმ კომერციული და კონფიდენციალური ინფორმაციის შესახებ, რომელიც შეიძლება ცნობილი გამხდარიყო მისთვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას (2.4 პუნქტი); ხელშეკრულების ვადის გასვლამდე დამსაქმებელი დაითხოვდა დასაქმებულს, თუ ეს გამოწვეული იქნებოდა წინამდებარე ხელშეკრულების პირობების, შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში, ასევე, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში (6.2 პუნქტი) (იხ. ტ. 1, ს.ფ. 42-44);

9.2. კომპანიის დირექტორის 10.12.2018წ. N18/507ა ბრძანებით მოსარჩელე, მისივე განცხადების საფუძველზე, 2018 წლის 10 დეკემბრიდან გადაყვანილ იქნა აღრიცხვის მენეჯერის თანამდებობაზე. მოსარჩელეს სტაბილური ხელფასი არ ჰქონდა, მისი ყოველთვიური ხელფასი საშუალოდ 700-800 ლარს შეადგენდა (იხ. ტ. 1, ს.ფ 45-46, 75-89, 107-111);

9.3. კომპანიის დირექტორის 24.04.2019წ. ბრძანებით დამტკიცებული შინაგანაწესის (რომელსაც იმავე დღეს გაეცნო მოსარჩელე და დაადასტურა ხელმოწერით) დებულებებში გაწერილი იყო სხვადასხვა პოზიციებზე დასაქმებულ თანამშრომელთა, მათ შორის, აღრიცხვის მენეჯერის (რაზედაც მოსარჩელე იყო დასაქმებული) ვალდებულებები. ეს ვალდებულებები გამოიხატებოდა შემდეგში:

- 58-ე პუნქტი: აღრიცხვის მენეჯერი ვალდებული იყო, შეესწავლა მოლარე-კონსულტანტებისათვის ელექტრონული ფოსტით სარგებლობა (წერილების მიღება და გაგზავნა, ფაილის ატვირთვა-ჩამოტვირთვა). ყოველდღიურად უნდა მომხდარიყო ელექტრონული ფოსტის შემოწმება (სამუშაო დღის განმავლობაში საათში ერთხელ), რათა მუდმივად გაკონტროლებულიყო ახალი წერილების მიღება, ასევე, სავალდებულო იყო ოფისიდან მიღებულ წერილზე პასუხის სახით დასტურის წერილის გაგზავნა. მენეჯერი ვალდებული იყო, პროგრამა სრულყოფილად შეესწავლა მოლარე-კონსულტანტებისათვის. ინფორმაცია, რომელიც ელექტრონული ფოსტით იგზავნებოდა მაღაზიიდან ოფისში, აკრეფილი უნდა ყოფილიყო ცალკე ფაილში (WORD ან EXCEL) და ფაილის სახით გადაგზავნილიყო ოფისში;

- 77-ე პუნქტი: აღრიცხვის მენეჯერები და მოლარე-კონსულტანტები ვალდებულნი იყვნენ, პრეტენზიების გამოხატვის გარეშე შეესრულებინათ ოფისიდან მიღებული დავალება (იხ. ტ. 1, ს.ფ. 132-141);

9.4. კომპანიის დირექტორის 02.08.2019წ. N19/253 ბრძანებით მოსარჩელე 2019 წლის 02 აგვისტოდან, პირადი განცხადების საფუძველზე, გათავისუფლდა კომპანიაში დაკავებული თანამდებობიდან. საფუძველი: 01.08.2019წ.-ით დათარიღებული ახსნა-განმარტებითი ბარათები (იხ. ტ. 1, ს.ფ. 47). თუმცა, ბრძანებაში აღნიშნული განცხადება/ახსნა-განმარტებითი ბარათი საქმეში წარდგენილი არ არის;

9.5. კომპანიის დირექტორის 02.08.2019წ. N19/254 ბრძანებით მოსარჩელე 2019 წლის 02 აგვისტოდან დროებით დანიშნულ იქნა მოლარე-კონსულტანტის თანამდებობაზე. საფუძველი: პირადი განცხადება (იხ. ტ. 1, ს.ფ. 48). თუმცა, ბრძანებაში აღნიშნული მოსარჩელის მიერ ხელმოწერილი განცხადება საქმეში წარდგენილი არ არის;

9.6. კომპანიის დირექტორის 03.08.2019წ. N19/257 ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა N19/253 ბრძანება მოსარჩელის დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ, შეცვლილი ფაქტობრივი გარემოებების გამო (იხ. ტ. 1, ს.ფ. 58);

9.7. კომპანიის დირექტორის 03.08.2019წ. N19/258 ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა N19/254 ბრძანება მოსარჩელის მოლარე-კონსულტანტის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ, შეცვლილი გაქტობრივი გარემოებების გამო (იხ. ტ. 1, ს.ფ. 59);

9.8. კომპანიის დირექტორის 05.08.2019წ. N19/260 ბრძანებით ბათუმის ფილიალის აღრიცხვის მენეჯერი - მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, 2019 წლის 09 აგვისტოდან (იხ. ტ. 1, ს.ფ. 60);

9.9. მოსარჩელემ 05.08.2019წ. განცხადებით მიმართა კომპანიის დირექტორს და მოითხოვა მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანების წერილობითი დასაბუთება, ვინაიდან მისთვის გაუგებარი იყო დაკავებული პოზიციიდან გათავისუფლების მიზეზი და საფუძველი. მისივე განმარტებით, მიმდინარე წლის 02 აგვისტოს 19:00 საათსა და 19:30 საათს შორის პერიოდში, მის კუთვნილ ტელეფონის ნომერზე დაუკავშირდა თანამშრომელი თ. ნ–ძე, მიაწოდა ინფორმაცია გათავისუფლების შესახებ და გაუგზავნა შესაბამისი ბრძანება ელექტრონულ ფოსტაზე. ასევე, მოაწოდა ინფორმაცია 02.08.2019წ. N19/254 ბრძანების შესახებ 02 აგვისტოდან მისი დროებით მოლარე-კონსულტანტის თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე (იხ. ტ. 1, ს.ფ. 55);

9.10. კომპანიის დირექტორის მიერ გაცემული წერილობითი დასაბუთების თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზს წარმოადგენდა დაკავებული თანამდებობისათვის საჭირო ორგანიზაციული უნარ-ჩვევების არქონა და თანამშრომლების შედეგიანი მუშაობის უზრუნველყოფის შეუძლებლობა, რაც ობიექტის მუშაობაზე უარყოფითად აისახა (იხ. ტ. 1, ს.ფ. 61);

9.11. კომპანიის თანამშრომლის, ნ.მ–ის 01.04.2019წ. მოხსენებითი ბარათის თანახმად: 2019 წლის 29-31 მარტს მათი ქსელის წამყვან ვიზაჟისტ ნ.ხ–თან ერთად მივლინებაში იყო მაღაზია „ვულე-ვუს“ ბათუმის ფილიალში, სადაც ევალებოდათ ზოგადი მდგომარეობის შეფასება. შეფასებისას აღმოჩნდა, რომ მაღაზიაში პროდუქციის მარაგი არ იყო საკმარისი და თაროებზე შეინიშნებოდა სიცარიელე; ფასმაჩვენებლები არ იყო უკლებლივ ყველა პროდუქციაზე; არ იყო დაცული ბრენდის მიერ მიწოდებული პლანოგრამები; თაროებზე აღინიშნებოდა მტვერი; ტესტერსტენდებზე აღინიშნებოდა მტვერი; მენეჯერი ცარიელ მარაგს არ ავსებდა, ხოლო მტვერს იმით ხსნიდა, რომ ვერ იმორჩილებდა თანამშრომლებს; რამდენიმე თანამშრომელი იყო ბეიჯის გარეშე, მათ შორის, მენეჯერიც; 30-31 მარტს დანიშნული იყო წინასწარ დაანონსებული ღონისძიება - ბრენდ „Dior“-ის კლიენტის დღე, რომლის ორგანიზება ევალებოდა მენეჯერს თანამშრომლებთან ერთად. ამ დღეების შესახებ ბრენდ მენეჯერმა მენეჯერს 28 მარტს წერილობით აცნობა. მას ევალებოდა კლიენტების ჩაწერა მაკიაჟისა და მოვლის პროცედურაზე, რაც ვერ შეძლო, რის გამოც კომპანიას მოუწია თანამშრომლების გამოყენება და კლიენტების მოსაზიდად დიდი დატვირთვით მუშაობა. ამ ყველაფრის გამო მან სიტყვიერი გაფრთხილება მისცა მაღაზიის მენეჯერს - მოსარჩელეს თანამშრომლების თანდასწრებით და გააფრთხილა, რომ ეს მას კარგ შედეგებამდე არ მიიყვანდა (იხ. ტ. 1, ს.ფ. 145-146);

9.12. კომპანიის თანამშრომლის, ნ.მ–ის 29.07.2019წ. მოხსენებითი ბარათის თანახმად: 2019 წლის 25-26 ივლისს მივლინებით იმყოფებოდა „ვულე-ვუს“ ბათუმის ფილიალში წამყვან ვიზაჟისტ ნ. ხ–თან ერთად კომპანია „ლორეალის“ დღეების ჩასატარებლად. აღნიშნული ღონისძიების შესახებ ბრენდ მენეჯერმა თ. ც–მა 19 ივლისს წინასწარ, წერილობით აცნობა მაღაზიას და ამ დღეების ორგანიზება სთხოვა. კერძოდ, ამ ორი დღის განმავლობაში კლიენტების ჩაწერა 11 საათიდან საღამოს 8 საათამდე, ნახევარი საათის ინტერვალით. მენეჯერს 24 ივლისს 14:00 საათამდე უნდა ეცნობებინა კლიენტთა რაოდენობის შესახებ, რაც მან არ გააკეთა. უკვე ადგილზე ჩასულებს ჩაწერილი დახვდათ მხოლოდ ერთი კლიენტი 13:00 საათზე. მათ აქაც მოუწიათ მათი რესურსებისა და ნაცნობების გამოყენება და შესულ კლიენტებზე მუშაობა მაღაზიის დაკეტვამდე. ვინაიდან, ისევ არ შესრულდა სამსახურის მოთხოვნა (როგორც მარტში „Dior“-ის დღეებში), მან კიდევ ერთხელ მისცა სიტყვიერი გაფრთხილება მოსარჩელეს და აცნობა ამ უპასუხისმგებლო საქციელზე შესაძლო გართულების შესახებ. გარდა ამისა, მაღაზია ისევ არ გამოიყურებოდა სათანადოდ: უწესრიგობა თაროებზე, გამოცარიელებული თაროები, მტვერი, სუნამოს ტესტერები ფერშეცვლილი, უსიამოვნო სუნით. აღნიშნული გარემოებები ასევე დაადასტურა ნ. ხ–მა მის 30.07.2019წ. მოხსენებით ბარათში (იხ. ტ. 1, ს.ფ. 148, 150);

9.13. 07.07.2021წ. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული კომპანიის აღრიცხვის მენეჯერის, ნ.მ–ის ჩვენების თანახმად: მას კომპანია აგზავნიდა გადამოწმებებზე, რის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ მოსარჩელე მის ფილიალში, რომლის მენეჯერიც იყო, არ ავსებდა მარაგებს თაროებზე, შემდეგ კი მას უწევდა ამ საქმის გაკეთება. ის ყველანაირად ეხმარებოდა მას; მოსარჩელე ვერ იმორჩილებდა კოლექტივს, რაც მისი დიდი პრობლემა იყო; ფილიალი არამიზნობრივად გასცემდა საჩუქრებს, თვითონ თანამშრომლებიც იღებდნენ საჩუქრებს; სამსახურის მიზნებისათვის მოსარჩელე ზედმეტად თავს არ იტვირთავდა; საბაზო ტრენინგი იყო ქ. თბილისში, სადაც მოსარჩელე არ ჩავიდა; მიუხედავად ამისა, ევალებოდა თუ არ ევალებოდა, ის ყველანაირად ედგა მხარში მოსარჩელეს და მის გასაკეთებელს აკეთებდა; კონსულტანტებიც უკმაყოფილოები იყვნენ მოსარჩელის მუშაობით, ხოლო ეს უკანასკნელი მათი მუშაობით; მაღაზიაში ბრენდების წარწერები იყო ჩამოცვენილი და მტვერი იდო თაროებზე; მარაგებს ის უვსებდა, არასდროს მოსარჩელეს მარაგები არ შეუვსია, ის თვეში ერთხელ თვითონ უვსებდა მარაგებს. მოწმემ დაადასტურა, რომ საქმეში წარდგენილი ახსნა-განმარტებები მისი დაწერილია (იხ. მოწმის ჩვენება, ტ. 1, ს.ფ. 263, 14:05-15:12სთ).

10. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში საკასაციო სასამართლოს არ გაუუქმებია, შესაბამისად, გადაწყვეტილება ამ ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში. ამდენად, წარდგენილი სააპელაციო საჩივრისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინების შესაბამისად, მხარეთა შორის სადავოს წარმოადგენდა და სააპელაციო სასამართლო იმსჯელებდა მხოლოდ უკანონო გათავისუფლების შემდგომ დასაქმებულის სამუშაო ადგილზე (პირვანდელი ან ტოლფასი) აღდგენის შეუძლებლობისა და დაკისრებული კომპენსაციის ოდენობის გონივრულობის თაობაზე.

11. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს შრომის კოდექსის 38.8 მუხლით და იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიაში მოსარჩელის სამუშაო პოზიცია - მაღაზია ,,ვულე-ვუს“ ბათუმის ფილიალის აღრიცხვის მენეჯერის თანამდებობა ვაკანტური აღარ იყო, ხოლო აღნიშნული თანამდებობის ტოლფასი თანამდებობის არარსებობა მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, მოსარჩელის დარღვეული შრომითი უფლების აღდგენის ყველაზე ადეკვატურ ზომად მისთვის კომპენსაციის მიკუთვნება მიიჩნია.

12. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, კომპენსაციის ოდენობასა და მისი განსაზღვრის კრიტერიუმებს კანონის ნორმატიული დანაწესი არ ადგენს და მისი დადგენა ყოველი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე სასამართლოს უფლებამოსილებას განეკუთვნება, რა დროსაც სასამართლო ხელმძღვანელობს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით, მხედველობაში იღებს იმ დროს, რა დროის განმავლობაშიც უნდა ემუშავა დასაქმებულს დამსაქმებელთან, რა იყო მისი სახელფასო ანაზღაურება და სხვა. კომპენსაციამ შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოს სამართლიანი ბალანსის აღდგენა გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაში. სასამართლო არ არის შეზღუდული კომპენსაციის განსაზღვრაში, სასამართლო ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით თავად განსაზღვრავს კომპენსაციის ოდენობას (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 ივნისის განმარტება Nას-353-338-2016 საქმეზე).

13. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე კომპანიაში დასაქმებულის მუშაობის პერიოდის (20.11.2018წ.-05.08.2019წ.) და მისი შრომის ანაზღაურების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ გონივრულად და პროპორციულად მიიჩნია მოპასუხისათვის კომპენსაციის სახით 25 000 ლარის გადახდის დაკისრება.

14. განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ მიუთითა შრომის კოდექსის მოქმედი რედაქციის 48.9 მუხლზე და განმარტა, რომ შრომის კოდექსში აღნიშნული ცვლილება განხორციელდა 29.09.2020 წელს. შრომის კოდექსის 86-ე მუხლის (დასკვნითი დებულებები) თანახმად კი, ეს კანონი ვრცელდება არსებულ შრომით ურთიერთობებზე, მიუხედავად მათი წარმოშობის დროისა. კერძოდ, იმ შრომით ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშვა და დასრულდა მის ამოქმედებამდე. შესაბამისად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა 2019 წლის 05 აგვისტოს, 2020 წლის 29 სექტემბერს შრომის კოდექსში განხორციელებული ცვლილებები წინამდებარე შემთხვევაზე ვერ გავრცელდებოდა (იხ. სუსგ საქმე Nას-132-2021წ., 31.10.2022წ.), რაც ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებას გამორიცხავდა.

15. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. კასატორმა ასევე სადავო გახადა მოსამართლის აცილებაზე უარის თქმის შესახებ სააპელაციო სასამართლოს 20.05.2024წ. საოქმო განჩინების კანონიერება.

16. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:

16.1. სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმეში წარდგენილ მტკიცებულებებს;

16.2. მოსარჩელემ დაარღვია კომპანიის შინაგანაწესის არაერთი მუხლი, ხოლო არცერთმა სასამართლომ არ განმარტა, მოსარჩელის გათავისუფლებისას მოპასუხემ რომელი კანონი დაარღვია და რატომ არის კომპენსაცია სავალდებულო. მოპასუხემ მოსარჩელეს ჩაურიცხა ორი თვის კომპენსაცია, რაც სასამართლომ არ გაითვალისწინა;

16.3. დაუსაბუთებელია კომპენსაციის 10 000 ლარიდან 25 000 ლარამდე გაზრდა. არაა გათვალისწინებული ის გარემოება, რომ საქმის განხილვა არა მხარის, არამედ სასამართლოს მიზეზით გაჭიანურდა;

16.4. წინამდებარე საქმე სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განიხილა იმავე მოსამართლემ, რაც აცილების საფუძველია. განსახილველი საქმის მსვლელობიდან გამომდინარე, აღნიშნული მოსამართლე გამოდის საქმის შედეგით დაინტერესებული და საფუძვლიან ეჭვს იწვევს მისი მიუკერძოებლობა.

17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

18. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

22. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია.

23. საკასაციო სასამართლო თავდაპირველად აღნიშნავს, რომ წინამდებარე საქმეში სააპელაციო სასამართლოს თავდაპირველ, 22.03.2022წ. განჩინებაზე წარდგენილი მოპასუხის საკასაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი და, შესაბამისად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 23.07.2021წ. გადაწყვეტილება მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ კომპანიის დირექტორის 05.08.2019წ. სადავო ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში. ამდენად, მოსარჩელის უკანონოდ გათავისუფლების ფაქტი დადგენილად ითვლება და საკასაციო სასამართლო მის მართლზომიერებაზე ვეღარ იმსჯელებს. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში, არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია მხოლოდ დამსაქმებლისათვის დაკისრებული კომპენსაციის ოდენობის მართლზომიერება.

24. საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად (დავის წარმოშობის დროს მოქმედი რედაქცია), სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.

25. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა შემდეგი: დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების უკანონოდ (ბათილად) ცნობის შემთხვევაში, ზემოთ დასახელებული სამართლებრივი ნორმა ითვალისწინებს დამსაქმებლის ვალდებულებას, რომელიც რამდენიმე შესაძლებლობას მოიცავს, თუმცა კანონმდებლის მიერ დადგენილი წესი არ შეიძლება იმგვარად განიმარტოს, რომ სასამართლოს დისკრეციული უფლებამოსილებით მოხმობილი ნორმის დანაწესის საკუთარი შეხედულებისამებრ გამოყენება შეეძლოს. საქართველოს შრომის კოდექსი დამსაქმებელს ავალდებულებს პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. მითითებული რეგულაციით დამსაქმებლისათვის დადგენილია უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, ხოლო თუკი აღნიშნული შეუძლებელია, მაშინ მომდევნო რიგითობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება (იხ. სუსგ საქმე Nას-951-901-2015, 29 იანვარი, 2016 წელი; Nას-637-637-2018, 29 აგვისტო 2018 წელი).

26. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შრომით დავებზე კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებების შესაბამისად, კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებულ უნდა იქნას შემდეგი გარემოებები: კომპანიის ლიკვიდურობა; პირის შანსები შრომის ბაზარზე; პირის სოციალური მდგომარეობა; დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა; პირი სხვაგან დასაქმდა თუ არა დავის პერიოდში; სამუშაო სტაჟი; დამსაქმებლის საწარმოუნარიანობა; პირის მუშაობის ხანგრძლივობა დამსაქმებელთან. შრომითსამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად უნდა ფარავდეს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც იგი, საშუალოდ, შესატყვისი სამსახურის მოძებნამდე განიცდის, ასევე, იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონოდ დათხოვნით მიადგა. ამავდროულად, მხედველობაშია მისაღები უკანონოდ დათხოვნილი სუბიექტის ასაკი, კომპეტენცია, სამსახურის შოვნის პერსპექტივა, ოჯახური მდგომარეობა, სოციალური მდგომარეობა, ასევე, დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა და ა. შ. ნიშანდობლივია, რომ სასამართლო გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს კომპენსაციის დადგენის მიზანშეწონილობისა და ოდენობის დასაბუთებას. ზემოაღნიშნულ კრიტერიუმებთან ერთად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპია, რომ კომპენსაცია შესაძლოა გაცილებით მეტიც იყოს, ვიდრე იძულებითი განაცდური, რომელიც დასაქმებულის პირვანდელ ან ტოლფას სამუშაოზე აღდგენის თანმდევი შედეგია. აღნიშნული იმით არის განპირობებული, რომ ასეთ შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილებით ხდება არა დასაქმებულის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა, არამედ მისი ნაწილობრივი უფლებრივი რესტიტუცია. ამასთან, დამსაქმებლისათვის დაკისრებული კომპენსაცია ერთგვარი „სანქციის“ სახესაც უნდა ატარებდეს არა მხოლოდ კონკრეტული დამსაქმებლისათვის, არამედ ზოგადად შრომით ბაზარზე, იმ კონტექსტში, რომ მომავალში არიდებულ იქნეს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის არამართლზომიერად შეწყვეტის შემთხვევები (იხ. სუსგ საქმე Nას-1339-1259-2017, 30 ივლისი, 2018 წელი; Nას-1263-2018, 14 დეკემბერი, 2018 წელი; Nას-1329-2018, 22 თებერვალი, 2019 წელი; Nას-1189-2020, 04 თებერვალი, 2021 წელი).

27. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის კომპანიაში მუშაობის ხანგრძლივობის, მისი შრომის ანაზღაურებისა და საქმის სხვა ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მოპასუხისათვის დაკისრებული კომპენსაციის ოდენობას (25 000 ლარი) გონივრულ და სამართლიან ოდენობად მიიჩნევს. კასატორმა ვერ მიუთითა იმგვარ გარემოებებზე, რაც კომპენსაციის ოდენობის არამართლზომიერებას დაადასტურებდა.

28. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობა, კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

29. კასატორი სადავოდ ხდის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.05.2024წ. საოქმო განჩინების კანონიერებას.

30. დასახელებული საოქმო განჩინებით მოპასუხის შუამდგომლობა მოსამართლის აცილების თაობაზე უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა. კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოპასუხე მოსამართლის აცილების საფუძვლად მიკერძოებულობაზე და მტკიცებულებათა არასწორ შეფასებაზე მიუთითებდა, თუმცა მოპასუხემ ვერ მიუთითა კონკრეტულ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მიკერძოებულობასთან დაკავშირებით ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა, ხოლო მტკიცებულებათა არასათანადო შეფასება მოსამართლის აცილების წინაპირობას არ წარმოადგენს.

31. საკასაციო სასამართლოს სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და მიიჩნევს, რომ მოპასუხეს მართებულად ეთქვა უარი მოსამართლის აცილების თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფლებაზე. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილით [ა) ამ საქმეში თვითონ წარმოადგენს მხარეს, ან მას ამა თუ იმ მხარესთან საერთო უფლებები ან ვალდებულებები აკავშირებს; ბ) ამ საქმის ადრინდელ განხილვაში მონაწილეობდა მოწმედ, ექსპერტად, სპეციალისტად, თარჯიმნად, წარმომადგენლად ან სასამართლო სხდომის მდივნად; გ) მხარის ან მისი წარმომადგენლის ნათესავია; დ) პირადად, პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია საქმის შედეგით, ან თუ არის სხვა ისეთი გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს მის მიუკერძოებლობაში; ე) იყო მედიატორი იმავე საქმეზე ან ამ საქმესთან არსებითად დაკავშირებულ სხვა საქმეზე] გათვალისწინებულ მოსამართლის აცილების საფუძველს არ წარმოადგენს. კასატორს აღნიშნული მსჯელობის საწინააღმდეგო სამართლებრივად ვარგისი პრეტენზია არ წარმოუდგენია.

32. კასატორმა იშუამდგომლა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, მიღებულ იქნა წარმოებაში და დადგინდა დასაშვებობის შემოწმება ზეპირი მოსმენის გარეშე, რის თაობაზეც ეცნობათ მხარეებს.

33. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 391-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად, საკასაციო საჩივრის დასაშვებობას ამოწმებს სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობა. კოლეგია უფლებამოსილია აღნიშნული საკითხი ზეპირი განხილვის გარეშე გადაწყვიტოს. საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შემთხვევაში კი, სასამართლო მსჯელობს საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის მიზანშეწონილობაზე.

34. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, ვერ დაკმაყოფილდება კასატორის შუამდგომლობა მისი ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ.

35. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

36. ამდენად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1250 ლარის 70% – 875 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „ს–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორის შუამდგომლობა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

3. შპს „ს–ს“ (ს.ნ. ......) დაუბრუნდეს მის მიერ 2024 წლის 09 ოქტომბერს №1728472455 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1250 ლარის 70% – 875 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი: TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი: 300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიზო უბილავა

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე