საქმე №ას-1145-2024
27 ნოემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ შემოსავლების სამსახური (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ.მ–ია (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თ.მ–იამ (შემდგომში - „მოსარჩელე“, „დასაქმებული“) სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ შემოსავლების სამსახურის (შემდგომში - „მოპასუხე“, „დასაქმებული“, „კასატორი“) მიმართ ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.
2. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 13 აგვისტოს №პ-582 ბრძანება „თ.მ–იას მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის ,,სამსახურიდან გათავისუფლება’’ გამოყენების შესახებ’’; მოსარჩელე აღდგენილ იქნა სსიპ შემოსავლების სამსახურის სამსახურებრივი მონიტორინგის დეპარტამენტის ოპერატიულ ოფიცრის თანამდებობაზე. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2021 წლის 11 აგვისტოდან სამსახურში აღდგენამდე, ყოველთვიურად ხელზე ასაღები ხელფასი - 1206 ლარის ოდენობით.
6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
6.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 9 ნოემბრის №3-141 ბრძანებით მოსარჩელე კონკურსის შედეგების შესაბამისად, დაინიშნა პროფესიული ეთიკის და მონიტორინგის დეპარტამენტის ოპერატიული ოფიცრის თანამდებობაზე, განუსაზღვრელი ვადით;
6.2. ამავე ბრძანების მე-3 პუნქტით, დასაქმებულს დაევალა დაეცვა შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესი და შეესრულებინა შინაგანაწესით განსაზღვრული მოვალეობები;
6.3. 2019 წლის 29 ნოემბრის №პ-1485 ბრძანების საფუძველზე, მოპასუხე გადაიყვანეს სამსახურებრივი მონიტორინგის დეპარტამენტის ოპერატიული ოფიცრის თანამდებობაზე;
6.4. დასაქმებულის ყოველთვიური სახელფასო ანაზღაურებდა შეადგენდა 1500 ლარს (დარიცხული ოდენობა)(ხელზე ასაღები - 1206 ლარი);
6.5. 2020 წლის 22 დეკემბერს სსიპ შემოსავლების სამსახურში გაიმართა სამსახურებრივი მონიტორინგის დეპარტამენტის სათათბირო კრება, სადაც განიხილეს დეპარტამენტში მიმდინარე საქმეები და თანამშრომელთა მიერ შესრულებული სამუშაოები. დეპარტამენტის უფროსმა გასცა მითითება, რომ თანამშრომელთა მიერ 2021 წლის 31 იანვრამდე მოძიებული ყოფილიყო ინფორმაცია სსიპ შემოსავლების სამსახურის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებიდან, არსებული პრობლემებისა და რისკების შესახებ, რომელიც დაკავშირებული იყო შინაგანაწესის დარღვევის ფაქტებთან. ასევე, ინტერესთა შეუთავსებლობის, ნათესაური კავშირებისა და თანამშრომელთა ოჯახის წევრების ეკონომიკური საქმიანობის თაობაზე. სათათბირო კრებას სხვა თანამშრომლებთან ერთად ესწრებოდა მოსარჩელე;
6.6. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 15 მარტის №პ-163 ბრძანებით სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების გამო, სამსახურებრივი მონიტორინგის დეპარტამენტის ოპერატიული ოფიცრის - მოსარჩელის მიმართ გამოყენებული იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა: „შენიშვნა“ [ბრძანების გაცემის ფაქტობრივ საფუძვლად მითითებულია - სამსახურებრივი მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის 10.03.2021 წ. №21269-21 წერილი, ხოლო ბრძანების სამართლებრივ საფუძვლად მიეთითა შემდეგი: „შემოსავლების სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ” და „კ“ ქვეპუნქტები, მე-10 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 18 ივლისის №34134 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის“ მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი];
6.7. ზემოაღნიშნულ ბრძანებას მოსარჩელე გაეცნო 2021 წლის 16 მარტს, რაც დასტურდება ელექტრონული საქმისწარმოების სისტემის მონაცემებით, ხოლო 15 აპრილს მონიშნა შესრულებულად და მიუთითა კომენტარი ,,გავეცანი და არ ვეთანხმები’’. ბრძანება დასაქმებულის მხრიდან არ გასაჩივრებულა;
6.8. სსიპ შემოსავლების სამსახურის შესაბამისი დეპარტამენტის მიერ დასაქმებულის სამუშაო 01.07.2021-20.07.2021 წლის მონაცემის გათვალისწინებით (შუალედური შეფასების პერიოდი) შეფასდა 2 ქულით; აღნიშნული შეფასება გასაჩივრდა დასაქმებულის მხრიდან, თუმცა შესაბამის სამსახურს საჩივრის ვადის დარღვევით წარდგენაზე მითითებით, საჩივარი არ განუხილავს;
6.9. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 13 აგვისტოს №პ-582 ბრძანების საფუძველზე, სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისა და შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის სისტემატური დარღვევის გამო, მოსარჩელის მიმართ გამოყენებული იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - სამსახურიდან გათავისუფლება და მოსარჩელე 2021 წლის 11 აგვისტოდან გათავისუფლდა დაკავებული პოზიციიდან [ბრძანება გაცემულია სამსახურებრივი მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის 03.08.2021 წლის №86550-21 წერილის საფუძველზე, ბრძანების გაცემის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია შემდეგი: ,,შემოსავლების სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ და „ზ” ქვეპუნქტები, მე-10 მუხლის „დ“ პუნქტი, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 18 ივლისის N634134 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები, მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები, მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი, მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტები];
6.10. სააპელაციო ეტაპზე საქმის განხილვისას, სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარემ დააზუსტა, რომ მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულება შეწყდა საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,თ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე.
7. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ დამსაქმებელი მიუთითებს დასაქმებულის მხრიდან მასზე დაკისრებული მოვალეობების არაჯეროვან/ არაკვალიფიციურ განხორციელებაზე, შრომის შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნების არაერთჯერად დარღვევაზე, დაკისრებული მოვალეობების სათანადო შეუსრულებლობაზე, რაც საერთო ჯამში უარყოფით გავლენას ახდენს სსიპ შემოსავლების სამსახურის გამართულ ფუნქციონირებაზე. მოსარჩელემ კი უარყო მისი მხრიდან რაიმე უხეში გადაცდომის არსებობა, რასაც შეეძლო ემოქმედა სამუშაო პროცესის ნორმალურ წარმართვაზე და გაემართლებინა დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტასთან მიმართებით.
8. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელის მიმართ 2021 წელს შრომის ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობების დარღვევის გამო, გამოყენებულია ორი დისციპლინური სახდელი: ,,შენიშვნა’’ და ,,სამსახურიდან გათავისუფლება’’. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ შეაფასებდა როგორც „შენიშვნის“ გამოცხადების თაობაზე დისციპლინურ სახდელს, ასევე შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებული ბრძანების კანონშესაბამისობას.
9. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, 2021 წლის 15 მარტის №პ-163 ბრძანებას შენიშვნის გამოცხადებასთან დაკავშირებით საფუძვლად უდევს სსიპ შემოსავლების სამსახურის - სამსახურებრივი მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის 2021 წლის 10 მარტის წერილი. წერილის თანახმად, სამსახურებრივი მონიტორინგის დეპარტამენტის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს შრომისა და საშემსრულებლო დისციპლინის, შინაგანაწესისა და ეთიკის ნორმების მოთხოვნათა დაცვაზე კონტროლი. წერილში მითითებულია, რომ ოპერატიულმა ოფიცერმა, მოსარჩელემ, ვერ შეძლო მიღებული დავალების დროულად, ეფექტურად და ხარისხიანად შესრულება. კერძოდ, მან ვერ განუმარტა საბაჟო დეპარტამენტის სგპ „სარფის“ მებაჟე ოფიცერს, რა საკითხთან დაკავშირებით ითხოვდა მისგან ახსნა-განმარტებას, რომ მებაჟე ოფიცერი ვალდებული იყო შინაგანაწესის თანახმად, სამსახურებრივი მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლის მოთხოვნის საფუძველზე, გაეკეთებინა ახსნა-განმარტება და ამისათვის დასჭირდა როგორც უშუალოდ მებაჟე ოფიცერთან, ისე სგპ „სარფის“ უფროსთან რამდენჯერმე მობილური ტელეფონის საშუალებით დაკავშირება. აღნიშნულმა ფაქტმა ნეგატიური ზეგავლენა მოახდინა სამსახურებრივი შემოწმების ვადებსა და შედეგებზე. ამავე წერილში აღნიშნულია, რომ ხელმძღვანელის მოთხოვნაზე დაეწერა ახსნა-განმარტება, მოსარჩელემ სამსახურებრივი ელ. ფოსტის მეშვეობით მოითხოვა ეცნობებინათ მისთვის, დაწყებული იყო თუ არა დისციპლინური სამართალწარმოება, ასევე, რა იყო ახსნა-განმარტების მოთხოვნის საფუძველი, (კონკრეტული კითხვები), მიუხედავად ხელმძღვანელის სიტყვიერი განმარტებისა, მოსარჩელეს ახსნა-განმარტება არ წარუდგენია. წერილში ასევე განიმარტა, რომ ეს არ იყო პირველი შემთხვევა და დასაქმებული დროულად და ჯეროვნად ვერ ასრულებდა მასზე დაკისრებულ ფუნქცია-მოვალეობებს, ვინაიდან მისი კომპეტენცია და ცოდნა არ შეესაბამებოდა სამსახურებრივი მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. აღნიშნულის გამო, უშუალო ხელმძღვანელისგან არაერთხელ მიუღია როგორც სიტყვიერი გაფრთხილება, ისე შეთავაზება კომპეტენციისა და კვალიფიკაციის ასამაღლებლად შეესრულებინა ფუნქციები სხვა სტრუქტურულ ერთეულში/ ქვედანაყოფში ძირითადი ფუნქციების შესრულებისაგან გათავისუფლებით, თუმცა დასაქმებული აღნიშნულზე უარს აცხადებდა.
10. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, დისციპლინური სახდელის გამოყენებას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ მოსარჩელის მხრიდან ჯეროვნად ვერ განხორციელდა სსიპ შემოსავლების სამსახურში დასაქმებულ მებაჟე-ოფიცერთან კომუნიკაცია და კონკრეტული დასაქმებულისათვის მისი მოვალეობების განმარტება, რასთან მიმართებითაც საჭირო გახდა სატელეფონო კომუნიკაციის განხორციელება როგორც უშუალოდ მებაჟე ოფიცერთან, ასევე სგპ „სარფის’’ უფროსთან, რამაც დამსაქმებლის პოზიციით ნეგატიური ზეგავლენა მოახდინა სამსახურებრივი შემოწმების ვადებსა და შედეგებზე.
11. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ არსებულ მოცემულობას ვერ განიხილავს დასაქმებულის მხრიდან მასზე დაკისრებული ფუნქციების იმგვარ განუხორციელებლობად, რასაც შესაძლოა გაემართლებინა დასაქმებულის მიმართ დისციპლინური სახდელის, თუნდაც „შენიშვნის“ გამოცხადება. მოპასუხე ორგანიზაციაში დასაქმებულ რომელიმე მებაჟე ოფიცერთან კომუნიკაციის გართულება, ვერ მიიჩნევა მოსარჩელის მხრიდან დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების არაჯეროვან შესრულებად. აღნიშნული გარემოება ვერ ამართლებს დასაქმებულის მიმართ რაიმე სახის დისციპლინური სამართალწარმოების განხორციელებას, რადგანაც სსიპ შემოსავლების სამსახურში დასაქმებულ პირთა სიმრავლის გათვალისწინებით, ის რომ რომელიმე დასაქმებულისათვის არ არის ცნობილი მისი მოვალეობები, კერძოდ, ის, რომ მებაჟე ოფიცერი ვალდებული იყო შინაგანაწესის თანახმად, სამსახურებრივი მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლის მოთხოვნის საფუძველზე გაეკეთებინა ახსნა-განმარტება, ვერ განიხილება დასაქმებულის სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობად. აღნიშნულის ნაცვლად, თავად დამსაქმებელია ვალდებული უზრუნველყოს მასთან დასაქმებული პირები გაეცნონ შინაგანაწესს და იმოქმედონ შინაგანაწესით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად.
12. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, წერილის ფარგლებში დამსაქმებლის პრეტენზია მიემართება იმ გარემოებასაც, რომ მოსარჩელემ ახსნა-განმარტების წარდგენის მოთხოვნის საპასუხოდ, დასვა ლეგიტიმური კითხვები - მიმდინარეობდა თუ არა დისციპლინური სამართალწარმოება და კონკრეტულად რა კითხვები ჰქონდა დამსაქმებელს არსებულ შემთხვევასთან მიმართებით. აღნიშნული შეკითხვები არ მეტყველებს დასაქმებულის მხრიდან შრომითი მოვალეობების დარღვევაზე, ახსნა-განმარტების წარდგენა არის დასაქმებულის უფლება და შესაბამისად მისი წარუდგენლობა, იმ პირობებში, როდესაც დამსაქმებელი არ ითხოვს კონკრეტულ კითხვებზე პასუხს და არ აცნობებს დასაქმებულს დისციპლინური სამართალწარმოების მიმდინარეობის თაობაზე, ვერ მიიჩნევა შრომითი მოვალეობის დარღვევად ან/და წარდგენილი პრეტენზიის აღიარებად.
13. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სათანადო მტკიცებულებების არ არსებობისა და მხოლოდ ზეპირი მითითების პირობებში, ვერ იქნება გაზიარებული დამსაქმებლის მითითება, წინარე პერიოდზე დასაქმებულის მხრიდან შრომითი ხელშეკრულებების არაჯეროვან და არაკვალიფიციურ განხორციელებასთან მიმართებით. დასაქმებულის მიერ კომპეტენციისა და კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ შეთავაზების ფაქტის შედავების პირობებში, დამსაქმებლის მხოლოდ ზეპირი განმარტებით, თუ წერილობითი მოხსენებით ვერ იქნება დადასტურებულად მიჩნეული.
14. სააპელაციო სასამართლომ მოწინააღმდეგე მხარის აპელირებასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა დასაქმებულის მხრიდან ბრძანების გაუსაჩივრებლობას, მიუთითა, რომ აღნიშნული წინამდებარე დავის გადაწყვეტის მიზნებიდან გამომდინარე, ვერ განიხილება არსებით გარემოებად, რადგანაც დასაქმებულმა კონკრეტული ბრძანება სადავოდ გახადა მას შემდგომ, რაც მასთან შეწყდა შრომითი ხელშეკრულება, რომლის ერთ-ერთ საფუძვლად მიეთითა აღნიშნული დისციპლინური სახდელის დაკისრების ბრძანება. დღეს არსებული მოცემულობის -შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის პირობებში, დასაქმებულს აქვს უფლება სადავოდ გახადოს, როგორც უშუალოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, ისე წინარე დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ბრძანება, რადგანაც კონკრეტული ორი ბრძანების ერთობლივად არსებობამ განაპირობა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა.
15. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას საფუძვლად დაედო წინამდებარე განჩინების 6.5 პუნქტში მითითებული დავალების არაჯეროვანი შესრულება. კერძოდ, სამსახურებრივი მონიტორინგის დეპარტამენტის 22.12.2020 წლის სათათბირო კრების ოქმით გათვალისწინებული დავალების შესრულების მიზნით, თ.მ–იას უნდა დაემუშავებინა ორი, შედარებით მცირე მოცულობის სტრუქტურული ერთეულის (1. საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტი და 2. ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი) მონაცემები დამოუკიდებლად, ვინაიდან იმ პერიოდში სამსახურებრივი მონიტორინგის დეპარტამენტში შესასრულებელ დავალებებთან შეფარდებით არსებული თანამშრომელთა მცირე რაოდენობა არ იძლეოდა ჯგუფური მუშაობის საშუალებას. ამასთანავე, მოპასუხის მითითებით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ყველა თანამშრომელს 2021 წლის 29 იანვარს გაეგზავნა ანგარიშის ფორმის ნიმუში. მოსარჩელის მიერ სამსახურებრივი მონიტორინგის დეპარტამენტის სათათბირო კრებით გათვალისწინებული დავალება შესრულდა 2021 წლის ივლისის თვეში, როდესაც ხელმძღვანელებს წარუდგინა შესასრულებელი სამუშაოს ანგარიში ამობეჭდილი სახით, სადაც ასახული იყო თანამშრომელთა მონაცემები მხოლოდ საჯარო რეესტრის ვებ-გვერდიდან და eHRMS პლატფორმიდან არასრულყოფილად, რაც ცხადყოფდა, რომ ანგარიშის მომზადებისას არ/ვერ გამოიყენა შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფები, რომლებზეც მას გააჩნდა დაშვება და შეძლებდა საჭირო და მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოძიებას, რომელიც დაეხმარებოდა ინტერესთა კონფლიქტის ფაქტების გამოვლენაში. შედეგად, მოსარჩელის მიერ წარდგენილი ანგარიში იყო არასრულყოფილად შევსებული და ვერ პასუხობდა მისთვის გაგზავნილი ნიმუშის მოთხოვნებს. უმეტეს შემთხვევაში, თანამშრომლის შესახებ ანგარიშში მითითებული იყო მხოლოდ მისი სახელი და თანამდებობა, მაშინ როდესაც თითოეული თანამშრომლის შესახებ საკმაოდ ვრცელი ინფორმაციის მოძიებას ითვალისწინებდა ხელმძღვანელის მიერ გაცემული დავალება. ამდენად, მოსარჩელის მიერ დავალება შესრულდა იმდენად არაჯეროვნად, რომ საერთოდ ვერ შესრულდა ის მიზნები, რასაც ემსახურებოდა დავალების გაცემა. მოსარჩელის მიერ შესასრულებელი დავალება კი სხვა პირმა შეასრულა. აღნიშნული გარემოებებზე მიუთითა ასევე პირველი ინსტანციით საქმის განხილვისას მოწმის სახით დაკითხულმა მოსარჩელის ხელმძღვანელმა პირმა - გიორგი კორძაიამ.
16. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სსსკ-ს 105-ე მუხლზე დაყრდნობით, ვერ გაიზიარებს მოპასუხე-დამსაქმებლის მტკიცებას, მოსარჩელის მხრიდან შრომითი მოვალეობების დარღვევასთან/არაჯეროვან შესრულებასთან მიმართებით.
17. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მიღებული ბრძანებები ეფუძნება მოპასუხე ორგანიზაციაში მოქმედ შინაგანაწესის კონკრეტულ მუხლების დარღვევას, მაშინ როდესაც აღნიშნული შინაგანაწესის წარმოდგენა მოპასუხის მხრიდან არ განხორციელებულა. ამასთანავე, შინაგანაწესის წარმოდგენის პირობებშიც კი, პალატის შეფასებით, გარემოებები, რომლებზეც მიუთითებს დამსაქმებელი ვერ მიიჩნევა შრომითი ხელშეკრულების იმგვარ დარღვევად, რაც გაამართლებდა გათავისუფლების თაობაზე მიღებულ ბრძანებას.
18. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ თავად დამსაქმებელს არ განუსაზღვრავს კონკრეტული კრიტერიუმები, რაზე დაყრდნობითაც უნდა ეხელმძღვანელა დავალების შემსრულებელს, შესაბამისად მითითება დავალების შეუსრულებლობასა, თუ არაჯეროვან შესრულებაზე.
19. სააპელაციო პალატის მითითებით, აპელირება დასაქმებულის კომპეტენციასა და კვალიფიკაციაზე ვერ განიხილება ხელშეკრულების დარღვევად სშკ-ს 47.1 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის მიზნებიდან გამომდინარე. აღნიშნულის ნაცვლად, ამავე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის დამოუკიდებელ საფუძველს, კერძოდ, დასაქმებულის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/ შესასრულებელ სამუშაოსთან შეუსაბამობას, რაც განსახილველ შემთხვევაში, შრომით ხელშეკრულების შეწყვეტის ბრძანებას საფუძვლად არ დადებია. შესაბამისად, მითითება შრომითი ხელშეკრულების დარღვევის ჭრილში დაკისრებული მოვალეობების სათანადო კვალიფიკაციით შეუსრულებლობასთან მიმართებით, ვერ განიხილება ხელშეკრულების შეწყვეტის კონკრეტული სამართლებრივი საფუძვლისათვის (სშკ-ს 47.1 მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტი) მისაღებ დასაბუთებად.
20. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ბუნდოვანია, თუ რა სახით უნდა შეესრულებინა დასაქმებულს დავალება, კერძოდ, რა სტანდარტის დაკმაყოფილება ევალებოდა და ჰქონდა თუ არა კონკრეტული მითითება, თუ რა სახით უნდა მოემზადებინა შესაბამისი დასკვნა. საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებებით, პალატა მოკლებულია შესაძლებლობას მოახდინოს ურთიერთშედარება დავალებულ სამუშაოსა და ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოს შორის. ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ თავად დავალებაც სხვა პირების პერსონალური მონაცემების მოძიებასთან მიმართებით, აჩენს გარკვეულ კითხვის ნიშნებს, მისი შესრულების ობიექტურ შესაძლებლობასა და თავად დავალების კანონშესაბამისობასთან მიმართებით. ასევე, სასამართლო ვერ ადგენს, თუ რა ბერკეტი ჰქონდა ერთ კონკრეტულ დასაქმებულ პირს ინფორმაციის მოსაძიებლად, რა შეეძლო გაეკეთებინა და რა არ გააკეთა. საქმეზე წარმოდგენილი მოხსენებითი ბარათი არ შეიცავს არც ერთ კონკრეტულ ჩანაწერს, თუ რა სახით უნდა შეესრულებინა მოსარჩელეს დავალება და რაში გამოიხატება შესრულებული სამუშაოს ნაკლოვანება.
21. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მხოლოდ ზოგადი მითითებები სამუშაოს არაჯეროვან შესრულებაზე, ასევე, შინაგანაწესის დარღვევასთან დაკავშირებით, მაშინ როდესაც თავად შინაგანაწესიც კი არ არის წარდგენილი, შეუძლებელს ხდის შეფასდეს გათავისუფლების თაობაზე ბრძანების კანონშესაბამისობა.
22. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოხსენებით ბარათშიც აღინიშნა დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულისათვის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით გარკვეული მოქმედებების განხორციელების შეთავაზება, რაც დასაქმებულმა დაუსაბუთებელი მიზეზებით არ განახორციელა. ასევე, მოხსენებით ბარათში ხაზგასმულია მოსარჩელის პიროვნულ თვისებებზეც. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ დამსაქმებლის წარმომადგენლის მოხსენებით ბარათში წერილობით ასახული პრეტენზიები, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გარეშე ვერ მიიჩნევა დასახელებული ფაქტების გაზიარებისათვის საკმარის საფუძვლად, ხოლო მითითება პიროვნულ თვისებებზე ვერ განიხილება შრომითი ხელშეკრულების დარღვევად და აღნიშნული შესაძლოა შეფასებული იყოს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის სხვა სამართლებრივ საფუძვლად, რასთან მიმართებითაც აპელირება დამსაქმებელს არ მოუხდენია.
23. რაც შეეხება მოხსენებით ბარათში მოსარჩელის შეფასებაზე ყურადღების გამახვილებას, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ დასაქმებულის შეფასება, სათანადო დასაბუთების არ არსებობის პირობებში, დამოუკიდებლად და ვერც მოპასუხის მიერ დასახელებულ ფაქტობრივ გარემოებებთან ერთობლიობაში ვერ წარმოშობს დასაქმებულის გათავისუფლებისათვის საკმარის საფუძველს. ხოლო, შეფასების გასაჩივრების ვადის დარღვევის ფაქტი, სადავოობის პირობებში, ვერ იქნება გაზიარებული პალატის მხრიდან. ამასთან, აღნიშნული გარემოების დადასტურების პირობებშიც კი, მითითებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის დასაბუთებისათვის და დასაქმებულის არაკომპეტენტურობაზე მითითებისათვის ვერ განიხილება რელევანტურ საფუძვლად.
24. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, დამსაქმებელმა ვერ შეძლო დამტკიცება, რომ არსებობდა სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის წინაპირობები, რაც განაპირობებდა შრომითი ხელშეკრულების მართლზომიერ საფუძველზე შეწყვეტას.
25. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ რამდენადაც უკანონოდ იქნა მიჩნეული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა, არამართლზომიერად გათავისუფლებული თ.მ–ია უნდა აღდგეს გათავისუფლებამდე დაკავებულ პოზიციაზე. მოპასუხე მხარეს წარმოდგენილი შესაგებლითა და სააპელაციო შესაგებლით, კონკრეტული პოზიციის არავაკანტურობაზე არ მიუთითებია, ასევე, სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა მიუთითა კონკრეტული თანამდებობის ვაკანტურობის შესახებ (იხ. 2024 წლის 24 ივნისის სხდომის ოქმი 17:28:54 სთ), რაც ამ მხრივ არ აბრკოლებს არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილებას. შესაბამისად, სსიპ შემოსავლების სამსახურს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2021 წლის 11 აგვისტოდან სამსახურში აღდგენამდე, ყოველთვიურად ხელზე ასაღები ხელფასი -1206 ლარის ოდენობით.
26. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
26.1. სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 13 აგვისტოს №პ-582 ბრძანებაში გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 18 ივლისის №34134 ბრძანებით დამტკიცებული შინაგანაწესის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტები. კერძოდ, მე-19 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, თანამშრომელთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველია: ვ) თანამშრომლის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობა მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან; თ) თანამშრომლის მიერ მისთვის შინაგანაწესით ან/ და ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა, თუ მის მიმართ ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე გამოყენებულ იქნა შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა; საქმის განხილვის ზეპირ სხდომაზე მოპასუხემ განმარტა, რომ მოსარჩელე დაკავებული თანამდებობიდან სწორედ ზემოთ დასახელებული საფუძვლებიდან გამომდინარე გათავისუფლდა, რაც იდენტურია შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტების. აღნიშნული მითითებულია როგორც სადავო ბრძანებაში, ისე დასკვნაში, რომელიც საფუძვლად დაედო ამავე ბრძანების გამოცემას. დასაქმებულმა სასამართლოს განუმარტა, რომ იხელმძღვანელა შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტებით, თუმცა გაურკვეველი მიზეზის გამო, აღნიშნული არასრულად აისახა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში. კერძოდ, მითითებულია მხოლოდ „თ“ ქვეპუნქტზე, რასაც მხარე არ ეთანხმება, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც სსიპ შემოსავლების სამსახური როგორც შესაგებელში, ასევე, საქმის მასალებსა თუ ზეპირ განმარტებებში ხაზს უსვამდა მოსარჩელის პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობას დაკავებულ თანამდებობასთან. აღნიშნული დამატებით დადასტურებულია მოწმის ჩვენებითაც;
26.2. სასამართლოს არ ჰქონდა უფლებამოსილება ეკვლია ის საფუძვლები, რომელთა არსებობამაც მოსარჩელის მიმართ „შენიშვნის“ გამოცხადება განაპირობა. მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია მის მიმართ პირველად გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - „შენიშვნა“ (სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 15 მარტის №პ-163 ბრძანება). ასევე, მოსარჩელეს სამართალწარმოების არცერთ ეტაპზე არ წარუდგენია ზეპირი ან წერილობითი პოზიცია „შენიშვნის“ უკანონობასთან დაკავშირებით. აღნიშნული ბრძანება კანონით დადგენილ ვადაში გაუსაჩივრებლობის შედეგად, შევიდა კანონიერ ძალაში; სააპელაციო სასამართლომ დაარღვია დისპოზიციურობის პრინციპი, რამდენადაც იგი გასცდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს და საკუთარი ინიციატივით შეამოწმა სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 15 მარტის პ-163 ბრძანების კანონიერება. სასარჩელო მოთხოვნას წარმოდგენდა მხოლოდ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ 2021 წლის 13 აგვისტოს №პ-582 ბრძანების ბათილად ცნობა;
26.3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 32-ე პუნქტში სასამართლო აღნიშნავს: „დამსაქმებლის პრეტენზია მიემართება იმ გარემოებასაც, რომ თ.მ–იამ ახსნა-განმარტების წარდგენის მოთხოვნის საპასუხოდ დასვა ლეგიტიმური კითხვები, კერძოდ, მიმდინარეობდა თუ არა დისციპლინური სამართალწარმოება და კონკრეტულად რა კითხვები ჰქონდა დამსაქმებელს არსებულ შემთხვევასთან მიმართებით. აღნიშნული შეკითხვები პალატის შეფასებით არ მეტყველებს დასაქმებულის მხრიდან შრომითი მოვალეობების დარღვევაზე, ახსნა-განმარტების წარდგენა არის დასაქმებულის უფლება და შესაბამისად მისი წარუდგენლობა, იმ პირობებში, როდესაც დამსაქმებელი არ ითხოვს კონკრეტულ კითხვებზე პასუხს და არ აცნობებს დასაქმებულს დისციპლინური სამართალწარმოების მიმდინარეობის თაობაზე, ვერ მიიჩნევა შრომითი მოვალეობის დარღვევად ან/და წარდგენილი პრეტენზიის აღიარებად“. სასამართლო ზემოთ მითითებულ საკითხს წამოჭრის „შენიშვნის“ ბრძანებაზე მსჯელობის შემდეგ, როდესაც აფასებს მის კანონიერებას და ასკვნის, რომ დასაქმებულის მხრიდან ადგილი არ ჰქონია ფუნქციების იმგვარ განუხორციელებლობას, რაც გაამართლებდა მის მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენებას. აღნიშნული უკავშირდება პირველად ჩადენილ დისციპლინურ გადაცდომას და კავშირი არ აქვს მეორე შემთხვევასთან. ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, სანამ თ.მ–იას „შენიშვნა“ გამოეცხადებოდა, სამსახურებრივი მონიტორინგის დეპარტამენტმა მოსთხოვა ახსნა-განმარტების წარდგენა იმ საკითხის თაობაზე, თუ რატომ არ/ვერ შესრულდა მის მიერ მიღებული დავალება. ის გარემოება, რომ მოსარჩელემ არ წარადგინა ახსნა-განმარტება და დასვა კონტრშეკითხვები არ გამხდარა „შენიშვნის“ გამოცხადების საფუძველი. აღნიშნულის საფუძველს წარმოადგენდა დავალების ფაქტობრივად შეუსრულებლობა და სსიპ შემოსავლების სამსახურის პრეტენზიაც სწორედ ამას მიემართებოდა, თუმცა გაურკვეველი მიზეზის გამო, სასამართლო არასწორად ინტერპრეტირებს ამ საკითხთან დაკავშირებით;
26.4. სასამართლომ ყურადღების მიღმა დატოვა ის გარემოებაც, რომ მოსარჩელის მიერ მასზე დაკისრებული ფუნქციების არაჯეროვანი შესრულება დასტურდებოდა არა მხოლოდ წერილობითი მტკიცებულებებით, არამედ თბილისის საქალაქო სასამართლოში მოწმედ გამოკითხული პირის მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაციითაც. ამის საპირისპიროდ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების 33-ე პუნქტში სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული არ დასტურდება რელევანტური მტკიცებულებებით. ამასთან, სსიპ შემოსავლების სამსახურმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განუმარტა, რომ სანამ მოსარჩელე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდებოდა, მას უშუალო ხელმძღვანელებმა შესთავაზეს პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლების მიზნით სხვა დეპარტამენტში გარკვეული დროით როტაცია, თუმცა მოსარჩელემ აღნიშნულზე უარი განაცხადა. ეს გარემოება დასტურდება როგორც მოწმის ჩვენებით, ისე საქმეში არსებული მასალებით. მითითებული გარემოება ადასტურებს, რომ დამსაქმებლის მიზანს არ წარმოადგენდა მოსარჩელის უპირობოდ სამსახურიდან გათავისუფლება და დამსაქმებელმა მოსარჩელეს შესაძლებლობა მისცა სხვა დეპარტამენტში გაეგრძელებინა საქმიანობა და აემაღლებინა კვალიფიკაცია. სსიპ შემოსავლების სამსახურისთვის გაუგებარია, იმ პირობებში, როდესაც აღნიშნული თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას დაადასტურა მოწმემ, რომელიც ინფორმირებულია არასწორი ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში მისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ, ასევე დგინდება საქმეში წარმოდგენილი მასალებით, კიდევ რა ფორმით უნდა დაედასტურებინა მოპასუხეს;
26.5. მოსარჩელეს (აპელანტს) წარედგინა ნიმუში, რომლის მიხედვითაც სადავო დავალება უნდა შეესრულებინა. ნიმუშში მითითებული იყო გრაფები, სადაც კონკრეტული ინფორმაციები უნდა დაფიქსირებულიყო, თუმცა დასაქმებულის წარდგენილი დოკუმენტი, როგორც აღინიშნა, არც ფორმით და არც შინაარსობრივად არ შეესაბამებოდა მიწოდებულ დოკუმენტს. მოსარჩელემ მიუთითა მხოლოდ თანამშრომელთა სახელი/გვარი, რაც ავტომატურად გულისხმობს იმას, რომ ხელმძღვანელი პირის მიერ გაცემული დავალება არ იქნა შესრულებული მისი მხრიდან. დასაქმებულს უნდა შეევსო 20-ზე მეტი სხვადასხვა სახის ინფორმაცია, ხოლო მისი მხრიდან შევსებულ იქნა მხოლოდ თანამშრომელთა სახელი და გვარი. მინიმუმ 20 შესავსები გრაფიდან მხოლოდ 2-3 გრაფის შევსება ნიშნავს დავალების არაჯეროვნად შესრულებას და ფაქტობრივად გათანაბრებულია დავალების შეუსრულებლობასთან. მოსარჩელემ გარდა შინაარსობრივი მხარისა დაარღვია დავალების შესრულების ვადაც. მოსარჩელის მიერ მასზე დაკისრებული ამ მოვალეობის არაჯეროვნად, არასრულყოფილად და არაკომპეტენტურად შესრულებამ, პრაქტიკულად გამორიცხა მოსარჩელის შესასრულებელი სამუშაოს შესრულება, რამაც პირდაპირ შეუშალა ხელი სამსახურებრივი მონიტორინგის დეპარტამენტს მისი ფუნქციების განხორციელებაში;
26.6. დავალების ხასიათის განხილვისას ყურადღება უნდა მიექცეს, რომ დეპარტამენტის ფუნქციებია: შრომისა და საშემსრულებლო დისციპლინის, შინაგანაწესისა და ეთიკის ნორმების მოთხოვნათა დაცვაზე კონტროლი, სსიპ შემოსავლების სამსახურის სისტემაში თანამშრომელთა ინტერესთა კონფლიქტის ფაქტების გამოვლენა. შესაბამისად, როგორ უნდა შესრულდეს ეს ფუნქციები და მიღწეულ იქნას შესაბამისი მიზნები, თუკი არ დამუშავდება ინფორმაციები თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების შესახებ, იქნება ეს ქონებრივი მდგომარეობა, თანამდებობრივი პოზიციები თუ სხვა. სსიპ შემოსავლების სამსახური წარმოადგენს მაკონტროლებელ და გადასახადების ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელ ორგანოს. შესაბამისად, მომეტებული საჯარო ინტერესიდან და შესაძლო რისკებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია აღმოფხვრილ იქნას ინტერესთა კონფლიქტები, დაცული იქნას დისციპლინა და შინაგანაწესი. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ სრულიად არალოგიკურია გაცემული დავალების კანონიერების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება;
26.7. მოსარჩელის მიერ სამუშაოს არაჯეროვანი შესრულება დასტურდება არა მხოლოდ ზემოთ მითითებულიდან, არამედ მის მიერ წინა პერიოდში განხორციელებული საქმიანობის შეფასებიდანაც. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, მან 2021 წლის პირველ ორ კვარტალში, ხელმძღვანელის მხრიდან შეფასების სახით მიიღო 2 ქულა (უმაღლესი ქულაა 4); საქმიანობის შეფასების ქულა გასაჩივრდა 2021 წლის 29 ივლისს, დადგენილი ფორმით, თუმცა ვადის დარღვევით, რის გამოც გასაჩივრების კომისიამ საჩივარი არ განიხილა. ხსენებული საკითხის ფარგლებში, მოსარჩელეს რაიმე სხვაგვარი სამართლებრივი პროცედურები არ განუხორციელებია;
26.8. სსიპ შემოსავლების სამსახური არ ეთანხმება იძულებითი განაცდურის ოდენობასაც. სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული შეადგენს ხელზე ასაღებ 1 206 ლარს (შესაბამისი მოცდენის პერიოდზე), თუმცა ფინანსური დეპარტამენტის უფროსის 2021 წლის 13 ოქტომბრის №109436-21-02 სამსახურებრივი ბარათის მიხედვით, ხელზე ასაღები თანხა შეადგენდა 1 176 ლარს.
27. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 20 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
28. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია.
29. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში - „სსსკ“) 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
30. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
31. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს შეფასების საგანია დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონიერება, კერძოდ, გამოვლენილი გადაცდომა/ გადაცდომები ქმნიდა თუ არა იმის საფუძველს, რომ დამსაქმებელს მოეშალა ხელშეკრულება.
32. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოში შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა მოწესრიგებულია საქართველოს შრომის კოდექსის (შემდგომში - „სშკ“) 47-ე და 48-ე მუხლებით, რომელთაგან პირველი მოიცავს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს, ხოლო მეორე არეგულირებს შეწყვეტის პროცედურულ მხარეს. აღნიშნული მუხლების კუმულაციური ერთობლიობით შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებლის პოზიტიური ვალდებულებაა დაასრულოს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა მხოლოდ ლეგიტიმური გზებით, ხოლო ნეგატიური ვალდებულებაა, სათანადო საფუძვლის გარეშე არ შეწყვიტოს შრომითი ურთიერთობა (იხ. სუსგ საქმე №ას-1776-2019, 10 აპრილი, 2020 წელი).
33. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა უკიდურესი ღონისძიებაა, რომელიც გამოყენებულ უნდა იქნეს გამონაკლის და მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, მყარი საფუძვლის არსებობის პირობებში. საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას მოქმედებს ე.წ. „favor prestatoris“ პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტით (იხ. სუსგ საქმე №ას-941-891-2015, 29 იანვარი 2016 წელი; №ას-1421-2020, 5 მარტი 2021 წელი; №ას-512-2020, 18 თებერვალი 2021 წელი).
34. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლების კვლევისას, სასამართლო ამოწმებს დამსაქმებლის მიერ უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. ამისათვის აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა. სასამართლომ უნდა შეამოწმოს, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. აღნიშნული საკითხის გამორკვევა შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე გამოცემულ ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (იხ. სუსგ №ას-861-861-2018, 25 სექტემბერი 2018 წელი; №ას-483-457-2015, 7 ოქტომბერი 2015 წელი).
35. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ როგორც დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებაშია აღნიშნული, დისციპლინური პასუხისმგებლობის ამ ღონისძიების გამოყენებას საფუძვლად დაედო, ასევე, სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 18 ივლისის №34134 ბრძანების მე-19 მუხლის „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტები, რომელიც იდენტურია სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებისა. შესაბამისად, მართებულია საკასაციო საჩივრის ფარგლებში გამოთქმული პრეტენზია, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გათავისუფლების საფუძვლების მართლზომიერება არა მხოლოდ სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით, არამედ ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტითაც უნდა შეეფასებინა
36. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლოს უპირველესი ფუნქციაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაა. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი, აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა. სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, სასამართლომ უნდა შეამოწმოს, თუ რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. აღნიშნული საკითხის გამორკვევა კი შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ადმინისტრაციის ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად“ (იხ. სუსგ №ას-1391-1312-2012, 10 იანვარი 2014 წელი). შესაბამისად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მუშაკის სამუშაოდან გათავისუფლების საფუძვლების კვლევისას, სასამართლო ამოწმებს დამსაქმებლის უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. ამისათვის კი, აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა.
37. სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, სამოქალაქო ბრუნვისათვის დამახასიათებელი კეთილსინდისიერების პრინციპისა და უფლების ბოროტად გამოყენების აკრძალვის გათვალისწინებით, მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა იქნეს გამოყენებული, თუ დარღვევას აქვს არსებითი ხასიათი. დაუშვებელია ერთი და იმავე არაარსებითი დარღვევისას შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა. გარდა ამისა, გათავისუფლების მიზნებისათვის საჭიროა დარღვევის ხასიათისა და ბუნების შემოწმება (მაგ. სიმძიმე, მნიშვნელობა), დარღვევის ხარისხის დადგენა, ბრალეულობა. უნდა შეფასდეს, რამდენად გონივრული, აუცილებელი, პროპორციული და თანაზომიერია აღნიშნულ დარღვევებთან მიმართებით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, ხომ არ არის შესაძლებელი უფრო მსუბუქი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ შრომით სამართლებრივი ურთიერთობის შენარჩუნებას აქვს პრიორიტეტი მის მოშლასთან შედარებით. შესაბამისად, დასაქმებულის მიერ ჩადენილი ყოველი დარღვევა უნდა შეფასდეს მისი ჩადენის სიხშირის, სიმძიმის და, რაც მთავარია, შედეგობრივი თვალსაზრისით. შრომის სამართალში პრინციპი - „Ultima Ratio“, ითხოვს დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნამდე მისი ქმედების შეფასებას მიზეზშედეგობრივი თვალსაზრისით, დარღვევასა (გადაცდომას) და გათავისუფლებას შორის ზომიერი ბალანსის დაცულობას. ნიშანდობლივია, რომ ამავე პრინციპის შესაბამისად, დამსაქმებლის მიერ დარღვევის (გადაცდომის) ჩადენისას გამოყენებულ უნდა იქნეს ისეთი ზომები, რომელიც არსებულ ვითარებას გამოასწორებს, გააუმჯობესებს, დასაქმებულ მუშაკს უკეთესს გახდის, კვალიფიკაციას აუმაღლებს, უფრო წინდახედულად და გულისხმიერად მოქცევას აიძულებს. შესაბამისად, მიზანშეწონილობის კუთხით, გადაცდომის დროს არჩეულ უნდა იქნეს პროპორციული დასჯის მექანიზმი, რაც, შედეგობრივად, გარდა იმისა, რომ დამრღვევს დასჯის, მას და სხვა დასაქმებულებს უფრო ეფექტური შრომის მოტივაციას შეუქმნის (სუსგ საქმე №ას-1350-2019, 27 ნოემბერი 2019 წელი; №ას-368-2019, 31 ივლისი 2019 წელი, პ.23; №ას-416-399-2016, 29 ივნისი 2016 წელი).
38. საპროცესო სამართალწარმოებაში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სსსკ-ის 102-ე მუხლი). საკასაციო პალატამ არაერთხელ აღნიშნა და ამ შემთხვევაშიც ამახვილებს ყურადღებას, რომ შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც, მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. მოსარჩელის მითითება მასზე, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას. შესაბამისად, ამ შემთხვევაში, მოპასუხეა ვალდებული, სათანადო მტკიცებულებებით დაადასტუროს მოსარჩელის მიერ მასზე ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ანდა შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევის ფაქტები, რაც მითითებული სამართლებრივი საფუძვლით მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერ წინაპირობად იქნება მიჩნეული (სუსგ №ას-1483-2019, 19 დეკემბერი 2019 წელი).
39. საკასაციო პალატა იზიარებს საკასაციო საჩივრის შედავებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელის მხრიდან ვერ შესრულდა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 22 დეკემბერს გამართულ სათათბირო კრებაზე გაცემული დეპარტამენტის უფროსის მითითება, 2021 წლის 31 იანვრამდე მოძიებული ყოფილიყო ინფორმაცია სსიპ შემოსავლების სამსახურის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებიდან, არსებული პრობლემებისა და რისკების შესახებ, რომელიც დაკავშირებული იყო შინაგანაწესის დარღვევის ფაქტებთან. ასევე, ინტერესთა შეუთავსებლობის, ნათესაური კავშირებისა და თანამშრომელთა ოჯახის წევრების ეკონომიკური საქმიანობის თაობაზე. აღნიშნული მართლაც წარმოადგენდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში დასაქმებულის მიერ ჩადენილ რიგით მეორე სამსახურებრივ გადაცდომას [რამდენადაც სსიპ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 15 მარტის №პ-163 ბრძანებით სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების გამო, სამსახურებრივი მონიტორინგის დეპარტამენტის ოპერატიული ოფიცრის - მოსარჩელის მიმართ გამოყენებული იყო დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა: „შენიშვნა“; აღნიშნული არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში და მისი გამოცემის მართლზომიერებაზე სასამართლო ვერ იმსჯელებს (იხ. სუსგ საქმე №ას-978-2022, 31 ოქტომბერი 2023 წელი; პ.23)], თუმცა აღნიშნული გარემოება, დარღვევის სიმძიმის, მნიშვნელობისა და შედეგების გათვალისწინების გარეშე, ავტომატურად ვერ განაპირობებს სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შრომითი ხელშეკრულების მოშლის კანონიერად მიჩნევას.
40. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ სამსახურებრივი მონიტორინგის დეპარტამენტის 22.12.2020 წლის სათათბირო კრების ოქმით გათვალისწინებული დავალების შესრულების მიზნით, დასაქმებულს უნდა დაემუშავებინა ორი, შედარებით მცირე მოცულობის სტრუქტურული ერთეულის (1. საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტი და 2. ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი) მონაცემები დამოუკიდებლად, ვინაიდან იმ პერიოდში სამსახურებრივი მონიტორინგის დეპარტამენტში შესასრულებელ დავალებებთან შეფარდებით არსებული თანამშრომელთა მცირე რაოდენობა არ იძლეოდა ჯგუფური მუშაობის საშუალებას. ამასთანავე, მოპასუხის მითითებით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ყველა თანამშრომელს 2021 წლის 29 იანვარს გაეგზავნა ანგარიშის ფორმის ნიმუში. მოსარჩელის მიერ სამსახურებრივი მონიტორინგის დეპარტამენტის სათათბირო კრებით გათვალისწინებული დავალება შესრულდა 2021 წლის ივლისის თვეში, როდესაც ხელმძღვანელებს წარუდგინა შესასრულებელი სამუშაოს ანგარიში ამობეჭდილი სახით, სადაც ასახული იყო თანამშრომელთა მონაცემები მხოლოდ საჯარო რეესტრის ვებ-გვერდიდან და eHRMS პლატფორმიდან არასრულყოფილად. შესაბამისად დასაქმებული მოსარჩელეს ედავება, რომ წარდგენილი ანგარიში იყო არასრულყოფილად შევსებული და ვერ პასუხობდა მისთვის გაგზავნილი ნიმუშის მოთხოვნებს. უმეტეს შემთხვევაში, თანამშრომლის შესახებ ანგარიშში მითითებული იყო მხოლოდ მისი სახელი და თანამდებობა, მაშინ როდესაც თითოეული თანამშრომლის შესახებ საკმაოდ ვრცელი ინფორმაციის მოძიებას ითვალისწინებდა ხელმძღვანელის მიერ გაცემული დავალება. ამდენად, დამსაქმებლის შეფასებით, დავალება შესრულდა იმდენად არაჯეროვნად, რომ საერთოდ ვერ შესრულდა ის მიზნები, რასაც ემსახურებოდა დავალების გაცემა. მოსარჩელის მიერ შესასრულებელი დავალება კი სხვა პირმა შეასრულა.
41. საქართველოს უზენაესი სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დამსაქმებლის მიერ გაცემულ დავალების ბუნებაზე, კერძოდ, მოპასუხის მიერ გაცემული დავალების შესრულება - პერსონალური მონაცემების დამუშავება, დამოკიდებულია არა მხოლოდ დასაქმებულის მიერ სამუშაო მოვალეობების შესრულებაზე, არამედ მესამე პირთა უფლებებზე. გარდა ამისა, დავალების შესრულებისას გასათვალისწინებელი იყო პერსონალური მონაცემების მოპოვება/დამუშავების კანონმდებლობასთან შესაბამისობის ასპექტიც. დავალების შესრულების პროცესში აუცილებელი იყო მესამე პირების მონაწილეობა და ჩართულობა. ამას ადასტურებს დასაქმებულისათვის დისციპლინური სახდელის „შენიშვნის“ გამოცხადების ეპიზოდი, როდესაც სგპ „სარფის“ მებაჟე ოფიცერმა მოსარჩელეს არ წარუდგინა ახსნა-განმარტება.
42. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დავალების სპეციფიკის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანი იქნებოდა სასამართლო დარწმუნებულიყო, რომ დავალების შეუსრულებლობა დასაქმებულის უშუალო ბრალეულობამ გამოიწვია (მაგ.: დავალების შეუსრულებლობა გამოიწვია დასაქმებულის გულგრილობამ, არასწორმა დროის მენეჯმენტმა და სხვა). კერძოდ, დამტკიცება რომ დავალების სრულყოფილად და ვადაში შესრულება, მესამე პირთა ჩართულობის გათვალისწინებით, ობიექტურად შესაძლებელი იყო.
43. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას დასაქმებულის მხრიდან დავალების შესრულების ვადის დარღვევასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო დავალება 2021 წლის 31 იანვრამდე უნდა შესრულებულიყო, თუმცა მოპასუხის მითითებით, დავალება მოსარჩელემ 2021 წლის ივლისში წარადგინა. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ დამსაქმებელს ვადაგადაცილებიდან 6 თვის განმავლობაში, დასაქმებულთან ჰქონდა უკუკავშირი, კერძოდ, არ დგინდება შენიშვნის მიცემის ან თუნდაც დავალების შესრულების დაჩქარებაზე მითითების ფაქტი. ასეთ პირობებში, აპელირება, რომ დავალების შეუსრულებლობამ სამსახურებრივი მონიტორინგის დეპარტამენტს ხელი შეუშალა მისი ფუნქციების განხორციელებაში და ამ საფუძვლით დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც დამსაქმებელმა ასევე ვერ გასწია მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი და ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ უფრო მსუბუქი სანქციის შეფარდებას აზრი ჰქონდა დაკარგული, არ არის მართლზომიერი.
44. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა არის უკიდურესი ღონისძიება, რომელიც გამოყენებული უნდა იქნას გამონაკლის და მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, მყარი საფუძვლის არსებობის პირობებში. საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. „favor prestatoris“ პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტით (იხ. სუსგ №ას-941-891-2015,29 იანვარი 2016 წელი).
45. ყოველივე ზემოაღნიშნულზე დაყრდნობით საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, დამსაქმებელმა დამაჯერებლად ვერ დაასაბუთა დასაქმებულის გათავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტზე მითითებით, დასაქმებულის მიერ ჩადენილ დარღვევებთან მიმართებით მისი აუცილებლობა და პროპორციულობა, ანუ ვერ დაადასტურა იმ კონკრეტული სამართლებრივი საფუძვლის კანონიერება, რომელიც მიუთითა სადავო ბრძანებაში. შესაბამისად, ამ ნაწილში, არსებობს გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის წინაპირობა.
46. რაც შეეხება გათავისუფლების შესახებ ბრძანებაში მითითებულ, სშკ-ის 47-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საფუძველს. აღნიშნული დისპოზიციის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია დასაქმებულის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან შეუსაბამობა.
47. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ ვერც ამ ნაწილში უზრუნველყო მისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოს ვერ წარუდგინა იმ გარემოების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები, რომ მოსარჩელის კვალიფიკაცია ან/და პროფესიული უნარ-ჩვევები მის მიერ კომპანიაში დაკავებულ თანამდებობას არ შეესაბამებოდა.
48. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო წინამდებარე განჩინების 26.4 პუნქტში მითითებულ საკასაციო პრეტენზიასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ მხოლოდ მოპასუხის ახსნა-განმარტებას, მოხსენებით ბარათს ან კომპანიაში დასაქმებული პირის ჩვენებას მოსარჩელის კვალიფიკაციისა და პროფესიული უნარ-ჩვევების შესაფასებელ საკმარის მტკიცებულებებად ვერ მიიჩნევს (იხ. სუსგ საქმე Nას-729-2022, 22 ივნისი 2023 წელი).
49. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ დასაქმებულის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობის საფუძვლით ხელშეკრულების შეწყვეტისას, შესაძლებელია კონკრეტულ ინდივიდუალურ შემთხვევაში შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა კანონიერად ჩაითვალოს, როდესაც დამსაქმებელს დასაქმებულის მიმართ გაცემული აქვს შესაბამისი მითითება, წერილობითი გაფრთხილება და დასაქმებული განაგრძობს მოვალეობების არადამაკმაყოფილებლად შესრულებას მას შემდეგ, რაც გასულია შესრულების გასაუმჯობესებლად განსაზღვრული გონივრული ვადა. არასაკმარისი პროფესიული ჩვევა იმთავითვე არ წარმოშობს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების იურიდიულ შედეგს, დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება წარმოადგენს რა უკიდურეს ღონისძიებას, უპირველეს ყოვლისა, მიზანშეწონილია დასაქმებული ადამიანური რესურსის შენარჩუნების მიზნით, დამსაქმებელმა მიმართოს დასაქმებულის კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული მომზადების ან გადამზადების ღონისძიებებს, ან დასაქმებულს შესთავაზოს მისი პოტენციალის შესატყვისი ალტერნატიული სამსახური. სამსახურიდან დათხოვნა გამართლებულია იმ შემთხვევაში, როდესაც დამსაქმებელს არ აქვს ობიექტურად სხვა ალტერნატიული სამსახურის შეთავაზების შესაძლებლობა ან სხვა უფრო მსუბუქი ზომის გამოუყენებლობა მკაფიოდ და საკმარისად არგუმენტირებული და დასაბუთებულია (იხ. სუსგ საქმე Nას-1173-1093-2017, 29 დეკემბერი, 2017 წელი).
50. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება დამსაქმებლის მხრიდან შესაბამისი ზომების მიღება (თუნდაც გონივრული ვადის დაწესება) დასაქმებულის პროფესიული უნარ-ჩვევების გასაუმჯობესებლად ან/და კონკრეტულად ამ საფუძვლით დასაქმებულის მიმართ თანამდებობიდან გათავისუფლებამდე წინმსწრებად უფრო მსუბუქი დისციპლინური სახდელის გამოყენება, თუნდაც წერილობითი სახის გაფრთხილება.
51. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ ნაწილშიც მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილება გაუმართლებელია.
52. გამომდინარე იქიდან, რომ დადგინდა დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების არამართლზომიერება, მისი სამუშაოზე აღდგენის პირობებში (ტოლფას თანამდებობაზე აღდგენასთან დაკავშირებით კასატორს პრეტენზია არ წარუდგენია), საკასაციო სასამართლო იმსჯელებს განაცდურის ანაზღაურების ოდენობაზე.
53. სშკ-ის 48-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, დასაქმებულს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ პირვანდელ ან ტოლფას სამუშაო ადგილზე აღდგენის ან მის ნაცვლად დაკისრებული კომპენსაციის გადახდის გარდა, მოითხოვოს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე. იძულებითი განაცდურის ანაზღაურების განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტის შესაბამისად დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისთვის მიცემული კომპენსაცია. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ დასაქმებულის ყოველთვიური სახელფასო ანაზღაურება შეადგენდა 1500 ლარს (დარიცხული ოდენობა)(ხელზე ასაღები 1206 ლარი), მოპასუხის მითითება, რომ მოსარჩელის ხელფასი 1176 ლარს შეადგენდა არ არის დადასტურებული შესაბამისი მტკიცებულებით. შესაბამისად, არ არსებობს ამ ნაწილში საკასაციო პრეტენზიის გაზიარებისა და განაცდურის ანაზღაურების დადგენილი ოდენობის შეცვლის საფუძველი.
54. საკასაციო საჩივრის ავტორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით (იხ. სუსგ საქმე №240-2019, 28 დეკემბერი 2021 წელი). ასეთ საფუძველზე ვერც კასატორმა მიუთითა, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
55. კასატორი „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან .
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიზო უბილავა
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე