Facebook Twitter

საქმე №ას-1014-2024

20 ნოემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – რ.უ–ვა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები – ა.ო–ვი, რ.შ–ვა (მოპასუხეები)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – კომლის ჩანაწერის გაუქმება და კომლიდან ამოწერა, კომლის ჩანაწერის აღდგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. რ.უ–ვამ (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „კასატორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ა.ო–ვისა (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“) და რ.შ–ვას (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“) მიმართ და მოითხოვა: გაუქმდეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ........ საკომლო წიგნში მოპასუხეების კომლის წევრობის და კომლის უძრავი ქონების შესახებ კომლის ჩანაწერი და ამოწერილ იქნან საკომლო წიგნიდან; ამასთან გაუქმდეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ........ საკომლო წიგნში მოსარჩელის შესახებ ჩანაწერი - „გადახაზულია, ქ. ალმაატაში მუდმივ საცხოვრებლად“ და აღდგენილ იქნეს 2003-2007 წლების მოსარჩელის კომლის ჩანაწერი და მოსარჩელის წევრობა ჩანაწერით „2003-2007 წლებში კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 0,25 ჰა ფართი საკარმიდამო მიწის ნაკვეთი და მასზე 1983 წელს აგებული სახლი“.

2. მოპასუხეებმა წარადგინეს მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნეს.

3. ლაგოდეხის მაგისტრატი სასამართლოს 2022 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ........ საკომლო წიგნში მოპასუხეების კომლის წევრობის და კომლის უძრავი ქონების შესახებ ჩანაწერი; მოპასუხეები ამოწერილ იქნენ კომლის წევრობიდან; გაუქმდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ........ საკომლო წიგნში მოსარჩელის შესახებ ჩანაწერი - „გადახაზულია, ქ. ალმაატაში მუდმივად საცხოვრებლად“ და მოსარჩელე აღდგენილ იქნა კომლის წევრად; ასევე, აღდგენილ იქნა მოსარჩელის კომლის ჩანაწერი და კომლში მისი წევრობა ჩანაწერით: „2003-2007 წლებში კომლს პირად საკუთრებად ერიცხება 0,25 ჰა ფართის საკარმიდამო მიწის ნაკვეთი და მასზე 1983 წელს აგებული საცხოვრებელი სახლი“.

4. მოპასუხეებმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინეს სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

6.1. მოსარჩელე კომლის უფროსის - ა.ო–ვის პირველი მეუღლეა (რეგისტრირებული ქორწინება). მოსარჩელე 1973 წლის 03 ნოემბერს დაქორწინდა ა. ბ. ოღლი ო–ზე, რის შედეგადაც გახდა მისი კომლის წევრი; მეორე მოპასუხე ა.ო–ვის მეორე მეუღლეა, ხოლო პირველი მოპასუხე ა.ო–ვისა და მეორე მოპასუხის შვილი.

6.2. ა.ო–ვი 1982 წელს საცხოვრებლად გადავიდა ყაზახეთის რესპუბლიკაში, ქ. ალმაატაში და მას შემდეგ საქართველოში აღარ უცხოვრია.

6.3. 15.06.2021წ. №AA2021007208-03 საარქივო ცნობის თანახმად: ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ .... (........) სასოფლო საბჭოს 1980-1982 წლების საკომლო წიგნში მოსარჩელე ირიცხება კომლში, რომლის უფროსია ო.ა.ბ. ოღლი. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ო.ა.ბ. ოღლი - ოჯხ. უფროსი; მოსარჩელე - ცოლი. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 0,25 ჰა მიწის ფართობი, საცხოვრებელი სახლის შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ .... (........) სასოფლო საბჭოს 1983-1985 წლების საკომლო წიგნში მოსარჩელე ირიცხება კომლში, რომლის უფროსია ო.ა.ბ. ოღლი. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ო.ა.ბ. ოღლი - ოჯხ. უფროსი; მოსარჩელე - ცოლი. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 0,25 ჰა მიწის ფართობი, საცხოვრებელი სახლის შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ .... (........) სასოფლო საბჭოს 1986-1996 წლების საკომლო წიგნში მოსარჩელე მოხსენიებულია კომლის უფროსად და კომლის ერთადერთ წევრად, რომელიც გადახაზულია და მითითებულია რომ 28.02.1994 წელს მუდმივ საცხოვრებლად გადავიდა ქ. ალმაატაში. აღნიშნულ წლებში საცხოვრებელი სახლის და მიწის შესახებ მონაცემები არ ფიქსირდება.

6.4. 15.03.2021წ. №36/24818 საარქივო ცნობის თანახმად: კახეთის რეგიონულ არქივში დაცული ლაგოდეხის რაიონის სოფელ ……. 1986-1996 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად ჩაწერილია მოსარჩელე (გადახაზულია, ქ. ალმაატში მუდ. საცხოვრებლად). საცხოვრებელი სახლის და მიწის ფართის შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება.

სოფელ ....... 2003-2007 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად ჩაწერილია მოსარჩელე. 2003 წელს კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 1983 წელს აგებული საცხოვრებელი სახლის საერთო სასარგებლო ფართი 70 კვ.მ, მათ შორის, საცხოვრებელი 60 კვ.მ. მიწის ფართის შესახებ მონაცემები არ ფიქსირდება.

ლაგოდეხის რაიონის სოფელ ....... 1997-2002 წლების საკომლო წიგნებში მოსარჩელის კომლისა და ქონების შესახებ ინფორმაცია არ მოიძებნა.

ლაგოდეხის რაიონის სოფელ ....... 1992-2001 წლების მიწის გადასახადის გადამხდელთა სიაში მოსარჩელე არ მოიძებნა.

6.5. 04.03.2021წ. №36/21143 საარქივო ცნობის თანახმად: ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ....... 1986-1996 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია მეორე მოპასუხე (ო.ა.ბ. ოღლი გადახაზულია). კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ო.ა.ბ. ოღლი - ოჯ. უფროსი (გადახაზულია, ქ. ალმაატაში); მოსარჩელე - ცოლი (გადახაზულია, გაყრილია); მეორე მოპასუხე - ცოლი; შ.მ.ა. ოღლი - შვილი (გადახაზულია, გარდაიცვალა); შ.ა.ა. ყიზი-შვილი (გადახაზულია, ქ. ალმაატაში); შ. ა.ა. ყ. - შვილი. 1988, 1990 წლებში კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 1988 წელს აგებული საცხოვრებელი სახლი 45 კვ.მ, სულ მიწა 1986-1990 წლებში 0,25 ჰა.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ....... 1997-2002 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია მეორე მოპასუხე. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: მეორე მოპასუხე - ოჯ. უფროსი; შ. ა. ა. ყ. - შვილი. 1997 წელს კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 1988 წელს აგებული საცხოვრებელი სახლი 45 კვ.მ, სულ მიწა 0,27 ჰა.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ....... 2003-2007 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია მეორე მოპასუხე. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: მეორე მოპასუხე - ოჯ. უფროსი; შ.ა.ა. ყ. - შვილი. 2001 წელს კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 1983 წელს აგებული საცხოვრებელი სახლი, საერთო სასარგებლო ფართი 70კვ.მ, მათ შორის, საცხოვრებელი 60 კვ.მ, სულ მიწა 0,24 ჰა.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ....... 1992-2001 წლების მიწის გადასახადის გადამხდელთა სიის მიხედვით, მეორე მოპასუხეს ერიცხება სულ მიწის ფართობი 0,27 ჰა, საკარმიდამო 0,27 ჰა.

7. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ კომლის ჩანაწერის გაუქმებისა და კომლიდან ამოწერის, ასევე, კომლის ჩანაწერის აღდგენის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლები მოწესრიგებულია საქართველოს სსრ სამოქალაქო კოდექსის 122-128-ე მუხლებით. ამასთან, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რომ „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო - სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის N949 დადგენილების, სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის 21 ოქტომბრის N29 დეკრეტის საფუძველზე, 1993 წლიდან დადგინდა სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების რეორგანიზაცია და ახალ ორგანიზაციულ სამართლებრივ ფორმაზე გადასვლა. კოლმეურნეობების გაუქმებით საკოლმეურნეო კომლის არსებობას სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა და მან არსებობა შეწყვიტა. შესაბამისად, ქონება, რომელიც კომლის ქონებას და ამავე დროს კომლის წევრთა საერთო საკუთრებას წარმოადგენდა, აღარ წარმოადგენს კომლის ქონებას და არის იმ პირთა საერთო საკუთრება თანაბარ წილში, რომლებიც კომლის წევრებს წარმოადგენენ (შდრ. სუსგ Nას-1778-1756-2011, 29.06.2012წ).

8. სააპელაციო პალატის განმარტებით, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის N48 დადგენილებით საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებზე კანონით დადგენილი ნორმის ფარგლებში რიცხული საკარმიდამო, საბარე და სააგარაკო მიწები უსასყიდლოდ გადადიოდა მათ კერძო საკუთრებაში. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 06 თებერვლის N128 დადგენილების მეორე პუნქტით კი, დადგინდა, რომ საკარმიდამო მიწის ნაკვეთები უნდა გაცემულიყო 1992 წლის 01 იანვრის მდგომარეობით რიცხული კომლების მიხედვით (იხ. სუსგ საქმე Nას-211-203-2013, 03 ივნისი, 2013 წ). აღნიშნულიდან გამომდინარე, არსებითი მნიშვნელობა ენიჭებოდა იმ ფაქტს, რომ ნორმატიული აქტით დადგენილი პერიოდისათვის, კერძოდ, 1992 წლის 01 იანვრის მდგომარეობით, პირი კომლის ოჯახის წევრად უნდა ყოფილიყო რეგისტრირებული (აღრიცხული). დასახელებული ნორმატიული აქტის მიზანი იყო ოჯახების მფლობელობასა და სარგებლობაში არსებული მიწების დაკანონება. ამდენად, აღნიშნული პერიოდისათვის ოჯახის ერთ-ერთი სრულწლოვანი წევრის სახელზე მიღება-ჩაბარების აქტით გადაცემულ ქონებაზე საკუთრების უფლებას იძენდა ამავე ოჯახის ყველა ის წევრი, რომელსაც სხვა მიწის ნაკვეთის მიღებაზე უფლება არ გააჩნდა, მიუხედავად იმისა, აპირებდა თუ არა იგი აღნიშნული უფლების რეალიზებას.

9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სადავო საკითხის გადასაწყვეტად არსებითი მნიშვნელობა უნდა მინიჭებოდა საკუთრების სამართლებრივი რეჟიმის განსაზღვრას და იმ გარემოების გამოკვლევას, წარმოადგენდა თუ არა მოსარჩელე ან/და მოპასუხე 1992 წლის 01 იანვრის მდგომარეობით კომლის წევრს. კერძოდ, უნდა დადგენილიყო მოსარჩელე და მოპასუხეები ეკუთვნოდნენ თუ არა ა.ო–ვის კომლს და ჰქონდა თუ არა ადგილი ცალკე კომლად გამოყოფას ან კომლის შემადგენლობიდან რომელიმე მათგანის რაიმე მიზეზით ამორიცხვას. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ სათანადო მტკიცებულებებს წარმოადგენს საკომლო წიგნის ამონაწერები, საარქივო და საკომლო ცნობები და სხვა. ხოლო, მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს საკომლო ცნობა, იმ შემთხვევაში, თუ იგი ასახავს კომლის წევრთა ვინაობას და კომლზე რიცხულ ქონებას 1992 წლის 01 იანვრის მდგომარეობით. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, უწინარეს ყოვლისა, გამოკვლეული უნდა ყოფილიყო საკომლო ჩანაწერები და არქივში დაცული მონაცემები.

10. სააპელაციო პალატის მითითებით, სსრ სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლი განმარტავს კომლის გაყრის დეფინიციას და ამავდროულად ადგენს კომლის გაყრის სამართლებრივ შედეგებს: ერთი კომლიდან ორი ან მეტი კომლის შექმნას ეწოდება კომლის გაყრა. კომლის გაყრა კი საფუძვლად ედება საკოლმეურნეო კომლის ქონებაში კომლის წევრის წილის განსაზღვრას. კერძოდ, კომლის წევრის წილი განისაზღვრება იმ ანგარიშით, რომ კომლის ყველა წევრს ეკუთვნის თანაბარი წილი. ამავე კოდექსის 127-ე მუხლის მიხედვით, საკოლმეურნეო კომლის გაყრისას მთელი მისი ქონება იყოფა ახლად შექმნილ კომლებს შორის სამეურნეო საჭიროების გათვალისწინებით. „კომლის გაყრის შედეგად წარმოშობილი ახალი კომლები საჭიროებენ აუცილებელ სახელმწიფო რეგისტრაციას, რის გამოც შეთანხმება გაყრის შესახებ რეგისტრაციისთვის უნდა წარედგინოს სახალხო დეპუტატთა სასოფლო საბჭოს“ (იხ. გ. დევდარიანი, საკოლმეურნეო კომლის ქონებრივი ურთიერთობების სამართლებრივი საკითხები, 1988).

11. სააპელაციო სასამართლომ ქრონოლოგიურად გაანალიზა საქმეში წარმდგენილი საარქივო ცნობები (იხ. წინამდებარე განჩინების 6.3-6.5 პუნქტები) და ზემოაღნიშნული სამართლებრივი დანაწესებისა და საკანონმდებლო მოწესრიგების საფუძველზე მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით, არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ მოსარჩელეს ო.ა.ბ. ოღლის კომლის წევრობა არ დაუკარგავს.

12. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ წინამდებარე საქმეში არასწორად დადგინდა სადავო ფაქტობრივი გარემოება მოსარჩელის კომლის წევრობის უწყვეტობასთან დაკავშირებით. კერძოდ, სააპელაციო პალატის განმარტებით, წერილობით მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებითა და გაანალიზებით იკვეთება ცალსახა სურათი, რომ 1992 წლის 01 იანვრის მდგომარეობით, ო.ა.ბ. ოღლის კომლის წევრობის აქტიური სტატუსის მქონე პირებს წარმოადგენდნენ მეორე მოპასუხე (კომლის უფროსი) და შ.ა.ა. ყ.-შვილი, ხოლო მოსარჩელის თაობაზე არსებული ჩანაწერი - „გაყრილია კომ. ცალკე, ოქმი 7/X 87წ.“ - კი ცალსახად ადასტურებს ფაქტს, რომ იგი 1987 წლიდან აღარ წარმოადგენდა კომლის წევრს. უფრო მეტიც, კომლის გაყრის თაობაზე გადაწყვეტილება მიღებულია იმ დროისათვის მოქმედი კანონმდებლობის დაცვით, ოქმის საფუძველზე, რომლის ნომერიც მითითებულია სათანადო აღნიშვნით. შესაბამისად, კომლი რომელიც თავდაპირველად ო.ა.ბ. ოღლს ეკუთვნოდა და რომლის წევრიც 1980-1985 წლებში იყო მოსარჩელე, ო.ა.ბ. ოღლის ალმაატაში წასვლის (1982 წ.) და კომლის გაყრის (1987 წ.) შემდგომ იქცა მოპასუხეთა კომლად. 1992 წლის 01 იანვრის მდგომარეობით მოპასუხეთა საქართველოში ცხოვრება დასტურდება საქმეში წარდგენილი მათი საინფორმაციო ბარათებითა და საზღვრის კვეთის მონაცემებითაც. მათ შორის, უდავოდ დასტურდება, რომ პირველი მოპასუხე 1991 წელს დაბადებულია საქართველოში, ლაგოდეხის რაიონში (იხ. ს.ფ. 128).

13. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ო.ა.ბ. ოღლის ყოფილი კომლის გაყრისა და მოსარჩელის ცალკე კომლად ფიქსირების თაობაზე დასკვნას ამყარებს ის ფაქტიც, რომ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კარაჯალის საკომლო წიგნში 1986-1996 წლების მონაცემებით მოსარჩელე მოხსენიებულია კომლის უფროსად და კომლის ერთადერთ წევრად, ამასთან, აღნიშნულ წლებში საცხოვრებელი სახლის და მიწის შესახებ მონაცემები არ ფიქსირდება. ამავე საარქივო ცნობის მიხედვით, მოგვიანებით, მოსარჩელე გადახაზულია და მითითებულია, რომ 28.02.1994 წელს მუდმივ საცხოვრებლად გადავიდა ქ. ალმაატაში. ამავდროულად, საგულისხმოა, რომ სწორედ 1986-1996 წლების შემდგომ პერიოდში მეორე მოპასუხე - ცოლი უწყვეტად ფიქსირდება კომლში, რომელიც თავდაპირველად ო.ა.ბ. ოღლის კომლს წარმოადგენდა. მასთან ერთად კომლის წევრად ასევე უწყვეტად ფიქსირდება ა.ა. ყ.-შვილი, კომლს უფიქსირდება საცხოვრებელი სახლი და მიწა. მეორე მოპასუხე ფიგურირებს ასევე 1992-2001 წლების მიწის გადასახადის გადამხდელთა სიაში, რომლის მიხედვით, მეორე მოპასუხეს ერიცხება სულ მიწის ფართობი 0,27 ჰა, საკარმიდამო 0,27 ჰა. 1988, 1990 წლებში კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 1988 წელს აგებული საცხოვრებელი სახლი 45კვ.მ, სულ მიწა 1986-1990 წლებში 0,25 ჰა.

14. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის (მოსარჩელის) პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეში წარდგენილ დოკუმენტებში აპელანტების შესახებ არსებული ჩანაწერები მექანიკურ შეცდომად უნდა იქნეს განხილული. სასამართლოს განმარტებით, მექანიკური შეცდომის არსის გათვალისწინებით, ასეთი მტკიცება ყოველგვარ ლოგიკასაა მოკლებული და ამ თვალსაზრისით დამატებითი მსჯელობის განვითარების საჭიროება არ არსებობს.

15. რაც შეეხება მოწინააღმდეგე მხარის (მოსარჩელის) აპელირებას მოწმეთა ჩვენებებზე, სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 105.2, 105.3, 140-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარდგენილი მოწმეთა ჩვენებები არათუ ვერ აქარწყლებს წერილობითი მტკიცებულებებით გამოკვეთილ ფაქტობრივ მოცემულობას, არამედ, პირიქით, ადასტურებს გარემოებას იმის შესახებ, რომ მეორე მოპასუხე 1992 წლის 01 იანვრის პერიოდისათვის ცხოვრობდა ო.ა.ბ. ოღლის სახლში, სადაც მათ შეეძინათ შვილები (იხ. მოწმე ფ. ა–ას, გ. ა–ას, მ. მ–ის, ე. ა–ის ჩვენებები, რომლებიც ერთნაირად ადასტურებენ წარსულში მეორე მოპასუხის სადავო სახლში ცხოვრების ფაქტს); მოწმეთა ჩვენებებით ასევე დადასტურებულია, რომ მოსარჩელე ცხოვრობს იმავე სოფელში მშობლების სახლში (იხ. მოწმე ჯ.ნ–ვის, ფ.ა–ას, ს.ი–ვას, მ.მ–ის ჩვენებები).

16. სააპელაციო პალატის განმარტებით, იმ პირობებშიც კი, თუ ჩავთვლით, რომ სინამდვილეს შეეფერება მოწმეთა მონათხრობი მოსარჩელის მიერ სადავო საცხოვრებელ სახლზე ხარჯების გაწევასა და სახლის შემდგომ პერიოდში მეთვალყურეობასთან დაკავშირებით, აღნიშნული არ წარმოადგენს ო.ა.ბ. ოღლის კომლის თაობაზე საკომლო წიგნის ჩანაწერების გაუქმების, მისი კომლის წევრობის სტატუსის აღდგენისა და საკომლო წიგნში მოპასუხეების კომლის წევრობისა და კომლის უძრავი ქონების შესახებ ჩანაწერის გაუქმების საფუძველს. მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებით უტყუარად დასტურდება 1992 წლის 01 იანვრის მდგომარეობით მოპასუხეთა კომლის წევრობა.

17. რაც შეეხება მოსარჩელის მითითებას, რომ იგი არასოდეს წასულა მუდმივ საცხოვრებლად ქალაქ ალმაატაში, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საზღვრის კვეთის მონაცემებისა და მოწმეთა ჩვენებების მხედველობაში მიღებით, შესაძლოა დასტურდებოდეს, რომ მოსარჩელე მუდმივად ინარჩუნებდა კონტაქტს საქართველოსთან, თუმცა აღნიშნული მტკიცების გაზიარებისა და შესაბამისი ჩანაწერის გაუქმების შემთხვევაში, მისი აღდგენა შესაძლოა მოხდეს მისსავე ცალკე გამოყოფილ კომლში და არა ო.ა.ბ. ოღლის კომლის წევრად, ვინაიდან საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება არ მიუთითებს კომლის გაყრის თაობაზე არსებული ჩანაწერის სიმცდარეზე.

18. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ გადაწყეტილებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

19. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:

19.1. სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები და საქმეში არსებული მტკიცებულებები;

19.2. მოსარჩელის მიერ საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებებით და სასამართლო სხდომაზე მოწმეთა მიერ მიცემული ჩვენებებით დადგენილია, რომ მოსარჩელეს და მის მეუღლეს - ა.ო–ვის კომლს, რომელთანაც დღესაც რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ........ში ჰქონდათ საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, სულ 0,25 ჰა. ა.ო–ვი 1982 წელს მუდმივად საცხოვრებლად წავიდა ყაზახეთის რესპუბლიკაში და მას შემდეგ საქართველოში აღარ უცხოვრია, იგი დღესაც ყაზახეთში ცხოვრობს და არის იმ ქვეყნის მოქალაქე. კომლში დარჩა მხოლოდ მოსარჩელე, რომელმაც 1983 წელს მისი კომლის კუთვნილ 0,25 ჰა მიწის ნაკვეთზე ააშენა საცხოვრებელი სახლი, რომელსაც დღემდე უწყვეტად ფლობს;

19.3. სასამართლო სხდომაზე მოწმეებმა - ჯ. ნ–მა, ფ.ა–ამ, ს.ი–ვამ და გ. ა–ამ დაადასტურეს, რომ მოსარჩელე 1972 წელს გათხოვდა ა.ო–ვზე და მასთან დღესაც რეგისტრირებულ ქორწინებაშია, თავდაპირველად ცხოვრობდნენ ქოხში, შემდეგ ააშენეს სახლი, რომელიც მოსარჩელემ გააკეთა და მას შემდეგ ამ სახლში ცხოვრობს. როდესაც ა.ო–ვმა ცოლად შეირთო მეორე მოპასუხე ეს სახლი აშენებული იყო, მეორე მოპასუხე ამ სახლში არ მიუყვანია და მას ამ სახლში არც უცხოვრია;

19.4. შესაბამისად, მეორე მოპასუხეს და მის შვილს, პირველ მოპასუხეს ამ სახლთან და მიწის ნაკვეთთან არანაირი კავშირი არ აქვთ, სახლი არ აუშენებიათ და არც შეუკეთებიათ. მეორე მოპასუხე ა.ო–ვთან რეგისტრირებულ ქორწინებაშიც არ იმყოფებოდა. როგორც აღინიშნა, ა.ო–ვი 1982 წელს მუდმივად საცხოვრებლად წავიდა ყაზახეთის რესპუბლიკაში და მას შემდეგ საქართველოში აღარ უცხოვრია, შესაბამისად, მოპასუხეების მისი კომლის წევრობის საფუძველიც არ არსებობდა, ისინი კომლში ჩაწერილები იყვნენ მექანიკურად, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე;

19.5. საქმეში წარდგენილი N36/24818 საარქივო ცნობის თანახმად, ლაგოდეხის რაიონის სოფელ კარაჯალის 1986-1996 წლების, ასევე, 2003-2007 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად ჩაწერილია მოსარჩელე. ამასთან, 2003 წელს კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 1983 წელს აგებული სახვრებელი სახლი, რაც მოპასუხეებს სადავოდ არ გაუხდიათ;

19.6. სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას დაარღვია საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქცია) 122-128-ე მუხლების და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 06.02.1992წ. N128 დადგენილების მოთხოვნები. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე 1992 წლის 01 იანვრის მდგომარეობით რიცხული იყო კომლში და, შესაბამისად, მან კომლის ქონებაზე საკუთრების უფლება მოიპოვა კანონის ძალით, ხოლო სააპელაციო სასამართლომ მოპასუხეები არასწორად მიიჩნია მოსარჩელესთან რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ა.ო–ვის კომლის წევრებად, რომელმაც საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 128-ე მუხლის თანახმად, 1984 წელს კომლის ქონების წილზე უფლება დაკარგა და იგი კომლის წევრს აღარ წარმოადგენდა, კომლში დარჩა მხოლოდ მოსარჩელე;

19.7. საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 128-ე მუხლის თანახმად, კომლის შრომისუნარიანი წევრი კარგავს უფლებას კომლის ქონების წილზე, თუ მას სამი წლის განმავლობაში ზედიზედ არ მიუღია მონაწილეობა თავისი შრომით ან სახსრებით კომლის საერთო მეურნეობის წარმოებაში. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილების მე-5 პუნქტში დადგენილად მიიჩნევს, რომ ა.ო–ვი 1982 წელს საცხოვრებლად გადავიდა ყაზახეთის რესპუბლიკაში, ქ. ალმაატაში და მას შემდეგ საქართველოში აღარ უცხოვრია. აქედან გამომდინარე, ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, მან 1984 წელს კომლის ქონების წილზე უფლება დაკარგა და ის აღარ წარმოადგენდა კომლის წევრს. შესაბამისად, 1986 წლიდან მეორე მოპასუხე ა.ო–ვის კომლის წევრი ლოგიკურად ვერ გახდებოდა, რადგან კანონის თანახმად, თვითონ ა.ო–ვი აღარ წარმოადგენდა კომლის წევრს და კომლის ქონების წილზეც უფლება ჰქონდა დაკარგული. ამავე მიზეზით კომლის წევრი ასევე ვერ გახდებოდა პირველი მოპასუხე, რომელიც 1991 წელს დაიბადა. კომლის ერთადერთ წევრად დარჩა მოსარჩელე. საცხოვრებელი სახლიც და 0,25 ჰა მიწის ნაკვეთიც წარმოადგენდა მისი კომლის საკუთრებას. შესაბამისად, 1987 წელს მოსარჩელის ცალკე კომლად გამოყოფა აზრს იყო მოკლებული და ის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში არასწორად აღრიცხეს კომლად სახლისა და მიწის გარეშე;

19.8. საქმის მასალებით არ დასტურდება მოსარჩელის კომლიდან გასვლის სამართლებრივი საფუძველი, არ არსებობს განცხადება ამ უკანასკნელის კომლიდან ამოწერის, ან სასოფლო საბჭოს აღმასკომის გადაწყვეტილება კომლიდან ამოწერის შესახებ. შესაბამისად, ლაგოდეხის რაიონის სოფელ ........ საკომლო წიგნში მოსარჩელის შესახებ ჩანაწერი - „გადახაზულია, ქ. ალმაატაში მუდმივ საცხოვრებლად 28.02.94წ.“, გაკეთებულია მექანიკურად და არ წარმოშობს მისი კომლიდან გასვლის სამართლებრივ საფუძველს, ეს ჩანაწერი ბათილია, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას არ გაითვალისწინა.

20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

21. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

23. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

24. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

25. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია.

26. წინამდებარე საქმეში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია სახელმწიფო კოლმეურნეობების რეორგანიზაციისა და ახალ ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმაზე გადასვლის პერიოდისათვის (1992 წლის 01 იანვრის მდგომარეობით) მოსარჩელე და მოპასუხეები წარმოადგენდნენ თუ არა სადავო კომლის წევრებს.

27. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოში საკოლმეურნეო კომლი 1993 წლამდე არსებობდა და საკომლო ქონებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები რეგულირებული იყო 1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსით, რომლის 122-ე მუხლის თანახმად, კომლის ქონება ეკუთვნის მის წევრებს თანასაკუთრების უფლებით; იმავე კოდექსის 125-ე მუხლის თანახმად, საკოლმეურნეო კომლის ყველა წევრს კომლის ქონება თანაბარი წილით ეკუთვნის. ამდენად, კომლს გააჩნდა საერთო საკუთრება, რომელიც მის წევრებს ეკუთვნოდა თანასაკუთრების უფლებით. კომლის საერთო საკუთრებაში არსებული ქონების მფლობელობა, სარგებლობა და განკარგვა წარმოებდა კომლის ყველა წევრის თანხმობით. კომლის საერთო ქონებიდან კომლის წევრის წილის განსაზღვრა - გამიჯვნა შესაძლებელი იყო მხოლოდ სამ შემთხვევაში, კერძოდ: 1) მისი გასვლისას კომლის შემადგენლობიდან, ახალი კომლის შეუქმნელად (გამოყოფა); 2) ერთი კომლიდან ორი ან მეტი კომლის შექმნისას (გაყრა); 3) კომლის წევრის პირადი ვალდებულებების მიხედვით გადახდევინება. კომლის ქონებაში ყველა წევრს, მათ შორის, არასრულწლოვანსა და შრომისუუნაროსაც, თანაბარი წილი ეკუთვნოდათ (იხ. თამარ ჩიტოშვილი, კომლი ქართულ სამართალში, თბ., 2004, გვ. 18) (იხ. სუსგ საქმე Nას-464-2022, 06 დეკემბერი, 2022 წელი). კომლის შრომისუნარიანი წევრი კარგავდა უფლებას კომლის ქონების წილზე, თუ იგი სამი წლის განმავლობაში ზედიზედ არ მიიღებდა მონაწილეობას თავისი შრომით ან სახსრებით კომლის საერთო მეურნეობის წარმოებაში.

28. მიწისა და საერთოდ სოფლის მეურნეობის სისტემაში რეფორმის განხორციელებამ, შესაბამისად, ახალი საკანონმდებლო ბაზის შექმნამ, მნიშვნელოვნად შეცვალა მანამდე არსებული მოწესრიგება. ქონება, რომელიც საკოლმეურნეო კომლის ქონებას წარმოადგენდა, არის კომლის ყოფილ წევრთა საერთო საკუთრება თანაბარ წილში, რომელზედაც ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული საერთო საკუთრების სამართლებრივი რეჟიმი.

29. საკასაციო სასამართლოს არაერთ განჩინებაში განმარტებულია, რომ: „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ“ მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის N949 დადგენილების, სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის 21 ოქტომბრის N29 დეკრეტის საფუძველზე, 1993 წლიდან დადგინდა სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების რეორგანიზაცია და ახალ ორგანიზაციულ სამართლებრივ ფორმაზე გადასვლა. კოლმეურნეობების გაუქმებით საკოლმეურნეო კომლის არსებობას სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა და მან არსებობა შეწყვიტა. შესაბამისად, ქონება, რომელიც კომლის ქონებას და ამავე დროს კომლის წევრთა საერთო საკუთრებას წარმოადგენდა, აღარ წარმოადგენს კომლის ქონებას და არის იმ პირთა საერთო საკუთრება თანაბარ წილში, რომლებიც კომლის წევრებს წარმოადგენენ. აღნიშნულ ქონებაზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული საკუთრების საერთო რეჟიმი (იხ. მაგ., სუსგ საქმე Nას-1778-1756-2011, 29 ივნისი, 2012 წელი; Nას-1297-1217-2015, 04 მარტი, 2016 წელი; Nას-785-752-2016, 24 დეკემბერი, 2018 წელი).

30. ამასთან, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის N48 დადგენილებით საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებზე კანონით დადგენილი ნორმის ფარგლებში რიცხული საკარმიდამო, საბარე და სააგარაკო მიწები უსასყიდლოდ გადადიოდა მათ კერძო საკუთრებაში. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 06 თებერვლის N128 დადგენილების მეორე პუნქტით კი, დადგინდა, რომ საკარმიდამო მიწის ნაკვეთები უნდა გაცემულიყო 1992 წლის 01 იანვრის მდგომარეობით რიცხული კომლების მიხედვით (იხ. სუსგ საქმე Nას-211-203-2013, 03 ივნისი, 2013 წელი; Nას-464-2022, 06 დეკემბერი, 2022 წელი).

31. საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ სადავო ურთიერთობის მოწესრიგებისას არსებითი მნიშვნელობის მტკიცებულებას საკომლო წიგნის ჩანაწერები წარმოადგენს, ვინაიდან ისინი ეფუძნება ჩანაწერის შესრულების დროს მოქმედ კანონმდებლობასა და მის საფუძვლად განხორციელებულ პროცედურებს, ისევე, როგორც კანონით გათვალისწინებულ ფაქტობრივ გარემოებებს. აღნიშნულის შესაბამისად, კომლის წევრად პირის რეგისტრაცია თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ იგი აკმაყოფილებდა კომლის წევრად რეგისტრაციის პირობებს. საკომლო ჩანაწერები ეფუძნება ჩანაწერის შესრულების დროს მოქმედ კანონმდებლობასა და მის საფუძვლად განხორციელებულ პროცედურებს, ისევე, როგორც კანონით გათვალისწინებულ ფაქტობრივ გარემოებებს. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, კომლის წევრად პირის რეგისტრაცია თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ იგი აკმაყოფილებდა კომლის წევრად რეგისტრაციის პირობებს (იხ. სუსგ საქმე Nას-1350-1387-2014, 15 ივლისი, 2015 წელი; Nას-1091-1048-2016, 13 ოქტომბერი, 2017 წელი). შესაბამისად, საწინააღმდეგოს მტკიცება სწორედ იმ მხარის ტვირთია, რომელიც ჩანაწერს სადავოდ ხდის (იხ. სუსგ საქმე Nას-337-337-2018, 31 იანვარი, 2022 წელი). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, კომლთან სამართლებრივი კავშირისა თუ რეგისტრირებული მონაცემის კანონთან შეუსაბამობის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება (იხ. სუსგ საქმე Nას-7-2019, 11 ივნისი, 2020 წელი).

32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში საკომლო წიგნის ჩანაწერის უსაფუძვლობის/არამართებულობის მტკიცების ტვირთი ან/და ჩანაწერიდან გამომდინარე პრეზუმფციების გაქარწყლება სწორედ მოსარჩელეს ეკისრებოდა, რაც მან ვერ განახორციელა. საკასაციო სასამართლო საქმეში არსებული 15.03.2021წ. (იხ. ს.ფ. 22), 15.06.2021წ. (იხ. ს.ფ. 23), 04.03.2021წ. (იხ. ს.ფ. 29, 52) საარქივო ცნობების, საკომლო წიგნის ჩანაწერისა (იხ. ს.ფ. 54-55) და მოწმეთა ჩვენებების (იხ. ლაგოდეხის მაგისტრატი სასამართლოს გადაწყვეტილება, ს.ფ. 159-161) გაანალიზებისა და ქრონოლოგიურად შეფასების შედეგად, სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნას, რომ 1992 წლის 01 იანვრის მდგომარეობით მოპასუხეები ეკუთვნოდნენ ა.ო–ვის კომლს, ხოლო მოსარჩელე, კომლის გაყრის თაობაზე ჩანაწერის თანახმად („გაყრილია კომ. ცალკე, ოქმი 7/X 87წ.“; იხ. ს.ფ. 54-55) 1987 წლიდან ცალკე კომლად იქნა გამოყოფილი. შესაბამისად, მოსარჩელე საკოლმეურნეო კომლების გაუქმების მომენტისათვის სადავო კომლის წევრს აღარ წარმოადგენდა, რითაც საფუძველი ეცლება წინამდებარე დავის მიმართ მის იურიდიულ ინტერესს - კომლის ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღდგენის თაობაზე. კასატორს აღნიშნულის საწინააღმდეგო კვალიფიციური შედავება არ წარმოუდგენია.

33. კასატორმა საკასაციო საჩივარში დაადასტურა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში იგი ცალკე აღირიცხა კომლად სახლისა და მიწის გარეშე, ხოლო მოსარჩელემ მისი მტკიცების ტვირთის ფარგლებში სასამართლოს ვერ წარუდგინა იმის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები, რომ მისი კომლიდან გაყრის შესახებ ჩანაწერი და კომლის ცალკე რეგისტრაცია, ასევე, მოპასუხეთა ა.ო–ვის კომლში აღრიცხვა, შეცდომის შედეგად განხორციელდა.

34. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას და დამატებით მიუთითებს, რომ კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში აღნიშნული გარემოებები ა.ო–ვის კომლის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე მის მიერ სახლის აშენებისა და შეკეთების თაობაზე, თუნდაც მათი უტყუარად დადასტურების შემთხვევაში, სადავო საკომლო ჩანაწერის გაუქმების ან/და მოსარჩელის კომლის წევრის სტატუსის აღდგენის წინაპირობას არ წარმოადგენს.

35. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობა, კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

36. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

37. ამდენად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. რ.უ–ვას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. რ.უ–ვას (პ.ნ. .......) დაუბრუნდეს შ.მ–ის (პ.ნ. .....) მიერ 2024 წლის 15 აგვისტოს №23327237600 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი: TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი: 300773150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიზო უბილავა

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე