საქმე №ას-1443-2024
4 დეკემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი – შპს ,,ჟ.შ.გ.ჯ.შ.კ–ო“ (“Z.S. G. Z. S. C. L“)
მოწინააღმდეგე მხარე – კომპანია ,,ბ.პ.დ–სი” (“B. P.D”)
გასაჩივრებული განჩინებები – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 აგვისტოს განჩინება და ამავე სასამართლოს 2024 წლის 16 ოქტომბრის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. 2024 წლის 16 მაისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა კომპანია ,,ბ.პ.დ–სის“ (B. P.D) (ასევე ტექსტში მოხსენიებული როგორც - „საარბიტრაჟო მოსარჩელე“, „განმცხადებელი, „მიმწოდებელი“) წარმომადგენელმა და შპს „ჟ.შ.გ.კ-ს“ (“Z. S. G. C.L.”) და “D.S.G. S-ს” წინააღმდეგ საარბიტრაჟო სარჩელის აღძვრამდე, უზრუნველყოფის მიზნით, მოითხოვა ფოთის ნავსადგურში მყოფ გემზე M/V „ZHE HAI 505“ (IMO ნომერი: 9....., დროშა - ჩინთის სახალხო რესპუბლიკა)(შემდგომში - „სადავო გემი“) ყადაღის დადება და აღნიშნული გემისათვის საქართველოს ტერიტორიული წყლების (საქართველოს იურისდიქციის) დატოვების აკრძალვა.
2. საარბიტრაჟო მოსარჩელის მითითებით, მოწინააღმდეგე მხარის - გემთმფლობელი კომპანიის შპს „ჟ.შ.გ.კ-ს“ („Z. S. G. C.L.“) საკუთრებაში არსებულ M/V ,,ZHE HAI 505“ (IMO ნომერი: 9......, დროშა - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა) გემს 2023 წლის 9 დეკემბერს პორტ-კლანგის ნავსადგურში და 2024 წლის 30 იანვარს ხორ-ფაქანის ნავსადგურში, მიაწოდა საწვავი (ბუნკერი), რომლის ჯამური ღირებულება იყო 443 369, 26 აშშ დოლარი. მიწოდებული საწვავის ღირებულების მნიშვნელოვანი ნაწილი არც გემთმფლობელმა და არც გემის ტაიმ-ჩარტერით დამქირავებელმა (დამფრახტავმა) არ გადაიხადა. ცალკეული მიწოდებიდან დარჩენილი ჯამური დავალიანება შეადგენს - 300 221, 50 აშშ დოლარს. მიმწოდებელმა არაერთხელ მიმართა მოწინააღმდეგე მხარეს დავალიანების დაფარვის მოთხოვნით, მაგრამ - უშედეგოდ.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 20 მაისის განჩინებით განცხადება დაკმაყოფილდა „ბ.პ.დ–სის“ (B. P.D) მიერ საარბიტრაჟო სარჩელის აღძვრამდე, მის უზრუნველსაყოფად, ყადაღა დაედო ფოთის ნავსადგურში მყოფ M/V ,,ZHE HAI 505“ (IMO ნომერი: 9....., დროშა - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა) გემს და აეკრძალა საქართველოს ტერიტორიული წყლების (საქართველოს იურისდიქციის) დატოვება; „ბ.პ.დ–სს“ (B. P.D) ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში, უნდა შეეტანა საარბიტრაჟო სარჩელი შპს „ჟ.შ.გ.კ-ს“ („Z. G.C.L“), „D. S.G. S-ს“ წინააღმდეგ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით; განმცხადებელს დაევალა საარბიტრაჟო სარჩელის აღძვრიდან 10 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში წარედგინა საარბიტრაჟო სარჩელის აღძვრის დამადასტურებელი მტკიცებულება.
4. 2024 წლის 30 მაისს განმცხადებელმა სასამართლოს წარუდგინა საარბიტრაჟო სარჩელის აღძვრის დამადასტურებელი მტკიცებულება.
5. 2024 წლის 4 ივნისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა დაინტერესებულმა პირმა (განმცხადებელი უზრუნველყოფის ჩანაცვლების თაობაზე), გემის მფლობელმა შპს „ჟ.შ.გ.ჯ.შ.კ–ომ“ („Z.S.G.Z.S.C.L.“) (შემდგომში - „გემფლობელი“, „გემის მესაკუთრე“, „საარბიტრაჟო მოპასუხე“) და უზრუნველყოფის ჩანაცვლება მოითხოვა. კერძოდ, უზრუნველყოფის ჩანაცვლების შესახებ განმცხადებლის მითითებით, სადავო გემის მესაკუთრეს წარმოადგენს ის და არა განჩინებაში მითითებული კომპანია შპს „ჟ.შ.გ.კ“ („Z. S. G. C.L.“), შესაბამისად, თანახმაა სადავო თანხა, 300 221,50 აშშ დოლარი, განათავსოს საერთო სასამართლოების სადეპოზიტო ანგარიშზე, რადგან გემი დატვირთულია სხვადასხვა კეთილსინდისიერი მესამე პირების ტვირთებით და იზრდება ზიანი.
6. 2024 წლის 11 ივნისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა დაინტერესებულმა მხარემ „დ.ფ.ო.პ.ლ“-ს (ს/ნ .....) წარმომადგნელმა და აღნიშნა, რომ ფოთის ნავსადგურში მყოფ სადავო გემზე ყადაღის მოხსნა უმნიშვნელოვანესია, რადგან გემი დატვირთულია „დ.ფ.ო.პ.ლ“-ს (ს/ნ ......) კუთვნილი ტვირთით, ამონიუმის გვარჯილით, რაც ფეთქებადსაშიში ნივთიერებაა.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 14 ივნისის განჩინებით განცხადება უზრუნველყოფის ღონისძიების ჩანაცვლების თაობაზე დაკმაყოფილდა. უზრუნველყოფის ღონისძიების ჩანაცვლების შესახებ განმცხადებელს დაევალა სამომავლო საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიების შეცვლის მიზნით, ამ გაჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, განეხორციელებინა საარბიტრაჟო სარჩელიდან გამომდინარე, სადავო თანხის 300 221,50 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის განთავსება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე: სს ,,თ.ბ–ი’’, ბანკის კოდი-TBCBGE22 №GE07TB756323602....... (ლარში); №GE 51TB75632.... 0100006 (აშშ დოლარში) და ამავე ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში წარედგინა თანხის ჩარიცხვის დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულება დედნის სახით.
8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 21 ივნისის განჩინებით გემფლობელის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე დავის საგნის ღირებულების - 300 221,50 აშშ დოლარის განთავსების გამო, გაუქმდა ქუთაისის სააპრლაციო სასამართლოს 2024 წლის 20 მაისის განჩინება, რომლითაც მიმწოდებლის მიერ საარბიტრაჟო სარჩელის აღძვრამდე, მის უზრუნველსაყოფად, ყადაღა დაედო ფოთის ნავსადგურში მყოფ სადავო გემს და აეკრძალა საქართველოს ტერიტორიული წყლების (საქართველოს იურისდიქციის) დატოვება.
9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 21 ივნისის განჩინება გასაჩივრებული არ არის და შესულია კანონიერ ძალაში. გემმა დატოვა საქართველოს ტერიტორიული წყლები.
10. 2024 წლის 12 ივლისს გემის მესაკუთრემ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული თანხის უკან დაბრუნება ან მიმწოდებლისათვის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით, სადავო გემის დაკავებით, ფაქტობრივად მიყენებული და მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე: სს „თ.ბ–ი“, ბანკის კოდი-TBCBGE22; №GE07TB7563236........ თანხის - 300 221,50 აშშ დოლარის განთავსების დავალება.
11. გემის მესაკუთრის მითითებით:
11.1. სადავო გემი არ ეკუთვნის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 20 მაისის განჩინებაში მოპასუხედ მითითებულ პირს, ხოლო თავად განმცხადებელი არ წარმოადგენს სადავო სამართალურთიერთობის მონაწილე სუბიექტს. შესაბამისად, სასამართლო განჩინებით უზრუნველყოფის ზომა განხორციელდა, არა განმცხადების მიერ სავარაუდო მოპასუხეებად მითითებული პირების, არამედ სხვა პირის „Z.S.G.Z.S.C., L-ის“ ქონებაზე. ამდენად უზრუნველყოფის ზომის განხორციელება იყო უსაფუძვლო. ამ შეცდომამ თავის მხრივ გამოიწვია გაუმართლებელი, ზიანი;
11.2. გემის მესაკუთრე არ ყოფილა მითითებული სავარაუდო მოპასუხედ, შესაბამისად, არ ჩაჰბარებია 2024 წლის 20 მაისის განჩინება გემის დაყადაღების შესახებ. გემის მესაკუთრე, როგორც ტვირთის საზღვაო გადაზიდვის ხელშეკრულების კეთილსინდისიერი კონტრაჰენტი, იძულებული იყო მიეღო აქტიური ზომები დაყადაღებული გემის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიზნით, სწორედ ამიტომ მიმართა განცხადებით სასამართლოს გემის გათავისუფლების ნაცვლად, დეპოზიტზე თანხის შეტანის შესახებ. გემის მესაკუთრეს არასდროს არ უღიარებია სადავო სამართალურთიერთობასთან კავშირი და/ან რაიმე პასუხისმგებლობა. შპს „ჟ.შ.გ.ჯ.შ.კ–ომ“ („Z.S.G.Z.S.C. L.“) დეპოზიტზე განათავსა თანხა იმ დავის დასრულებამდე, რომლის მონაწილეც იგი არ ყოფილა. ეს გარემოება უარყოფითად აისახება კომპანიის ფინანსურ ინტერესებზე, ადგება გაუმართლებელი ზიანი. მნიშვნელოვანი თანხის ბრუნვიდან ამოღებით, კომპანიას უჭირს სრულყოფილი საქმიანობის განხორციელება და მიზნობრივი, აუცილებელი ხარჯების დაფინანსება;
11.3. განმცხადებლის მიერ (სავარაუდო საარბიტრაჟო მოსარჩელე) დარღვეულია სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 20 მაისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილში მითითებული საარბიტრაჟო სარჩელის აღძვრისათვის განსაზღვრული 10-დღიანი ვადა. სარჩელი არც აღძრულა და არც სასამართლოში წარდგენილა კანონით დადგენილ ვადებში, რაც სსსკ 192 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წარმოადგენდა მიღებული უზრუნველყოფის ზომის გაუქმების უპირობო საფუძველს. 2024 წლის 18 ივნისს განმცხადებელმა სასამართლოს წერილობით აცნობა, რომ დავაზე მათი მხრიდან დანიშნული იყო არბიტრი, ბატონი ა. კ–ვი. შეტყობინების გამომგზავნია მხარის იურიდიული დეპარტამენტის იურისტი რეჯინა იბრაგიმოვა, რომლის უფლებამოსილებაც უცნობია. ამ დოკუმენტით ვერ დგინდება სადავო გარემოება, თუ როდის მიმართა მხარემ ლონდონის არბიტრაჟს;
11.4. გემის მესაკუთრემ განიცადა მნიშვნელოვანი ზიანი დატვირტთული გემით ფოთის პორტში იძულებით მოცდენის გამო, რომელიც დავის დასრულებამდე გაიზრდება.
12. 2024 წლის 26 აგვისტოს გემის მესაკუთრემ დააზუსტა 2024 წლის 11 ივლისის განცხადება და აღნიშნა, რომ უკან იხმობს მოთხოვნას, რომელიც შეეხება სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული თანხის უკან დაბრუნებას. დაზუსტებული განცხადებით ძალაში დარჩა მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული ზარალის ანაზღაურების შესახებ.
13. სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული ზარალის ანაზღაურების შესახებ განცხადების საფუძვლად გემის მფლობელი მიუთითებს შემდეგ გარემოებებზე:
13.1. გემის გადაადგილების შეზღუდვის შედეგად გემთფლობელს მიადგა როგორც პირდაპირი ზიანი - დგომის პერიოდში გემის სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნების, ასევე, ტვირთის შენარჩუნების მიზნით, გაღებული ხარჯები - ისე, მიუღებელი შემოსავლით განცდილი ზიანი, რომელიც გამოიხატა ქირავნობის გადასახადის დაკარგვით, გემის უფუნქციოდ ყოფნის დღეებზე;
13.2. 2024 წლის 18 ივნისს გემის მფლობელი ჩართულ იქნა საარბიტრაჟო დავაში მოპასუხედ, თუმცა გემის მესაკუთრეს არ გააჩნდა „ბანკერ პარტნერ დი ემ სი“-ის (B. P.D) მიმართ რაიმე პირდაპირი სახელშეკრულებო და/ან კანონისმიერი ვალდებულება. ასევე არ უღიარებია რაიმე ვალდებულება სადავო ურთიერთობიდან გამომდინარე. მხარეთა შორის არ არსებობს საარბიტრაჟო შეთანხმება/დათქმა, ლონდონის საზღვაო არბიტრთა ასოციაციის (LMAA) არბიტრის მიერ, რაიმე დავის განხილვის შესახებ. საარბიტრაჟო დავის მიმდინარეობის ეტაპზე კი, საკუთარი კომპეტენცია შესაძლებელია შეაფასოს (დაადგინოს და/ან უარყოს) მხოლოდ თავად ამ დავის განმხილველმა საარბიტრაჟო ტრიბუნალმა. რომლის გადაწყვეტილების გასაჩივრება წესი რეგულირდება საარბიტრაჟო წარმოებისადმი გამოსაყენებელი სამართლის მიხედვით;
13.3. სადავო გემი მასზე არსებული სრული ეკიპაჟითა და ტვირთით, 20/05/24-დან 21/06/24-ის დღის ბოლომდე იმყოფებოდა ფოთის ნავსადგურის რეიდზე დაკავებული. ამ პერიოდის განმავლობაში, გემის სიცოცხლისუნარიანობისა და ნაოსნობაუნარიანობის შენარჩუნების მიზნით, ბუნებრივია გემფლობელის მიერ გაწეული იქნა საჭირო საექსპლუატაციო ხარჯები: გაიცემოდა ეკიპაჟის ხელფასი, იხარჯებოდა საწვავი და საპოხი მასალები, სურსათი და სხვა. გემი ვერ ახორციელებდა ნაოსნობას, მას შეზღუდული ჰქონდა კომეციული საქმიანობა, რომლიდან მიღებული შემოსავლით უნდა კომპესნირებულიყო დანახარჯები. სწორედ ამიტომ, წარმოადგენს გემზე გაწეული საექსპლუატაციო ხარჯი, გემთფლობელის პირდაპირ ზარალს;
13.4. წინამდებარე საქმისწარმოების ფარგლებში, სასამართლოს მიზანს არ წარმოადგენს ზუსტად დაადგინოს, გემის უფუნქციოდ დგომის პერიოდში მასზე გაწეული საექსპლუატაციო ხარჯი/ გემთფლობელის ზარალი, თუმცა პრეზუმფციული მტკიცება, რომ 31 დღიანი დგომის პერიოდში, გემფლობელს გაწეული აქვს მნიშვნელოვანი ხარჯი - საფუძვლიანია. სასამართლოზე წარდგენილი სარეგისტრაციო მონაცემებით, გემი: M/V ZHE HAI 505 წარმოადგენს 22 295 გროს ტონაჟის მქონე მშრალ ტვირთმზიდ გემს, შესაბამისად მას გააჩნია მნიშვნელოვანი ყოველდღიური საექსპლუატაციო ხარჯი. სწორედ ეს ზოგადი გარემობა იქნა ასახული ზარალის შესახებ M/V “ZHE HAI 505” (I......) გემის კაპიტნის ცნობაში;
13.5. გემფლობელსა და Q. S.P.L. 60 P. L. R. #08–10 P. L.S.S. (40.....1) (დამქირავებელი/ ჩარტერერი) 03/11/2023წ გაფორმებული ქირავნობის ხელშეკრულების (ტაიმ-ჩარტერის) თანახმად, გემი M/V „ZHE HAI 505“ (I......) დღემდე იმყოფება დამქირავებლის ფაქტობრივი კომერციულ ექსპლუატაციის ქვეშ. გემის მესაკუთრე მხოლოდ ასრულებს იმ ტვირთების გადამზიდავის ფუნქციას, რომელსაც უკვეთავს-იძიებს დამქირავებელი (ჩარტერერი); ხელშეკრულების მე-10 მუხლის თანახმად, დამქირავებელი გადაუხდის ქირავნობის (ჩარტერი) ფასს დღიურად 7 000 აშშ დოლარის ოდენობით, დამატებითი დროის ანაზღაურების ჩათვლით. პირველი 60 დღის შემდგომ დღიურად - 10 500 აშშ დოლარს დამატებითი დროის ანაზღაურების ჩათვლით, გადახდა განხორციელდება ყოველ 15 დღეში, მესაკუთრის მიერ ნომინირებულ საბანკო რეკვიზიტებზე; მე-17 მუხლის თანახმად კი, იმ შემთხვევაში თუ დადგება გარკვეული მიზეზების გამო, ვადის გაგრძელების აუცილებლობა, იგივე დროის დეფიციტი, და/ან დეფოლტი, და/ან იმ შემთხვევაში თუ მოხდა თავდასხმა ოფიცრებზე ან ნებისმიერ ეკიპაჟზე, ან საკვების დეფიციტის, ხანძრის, ავარიის, კორპუსის დაზიანების, აღჭურვილობის ან მანქანების, გემის შეჩერების, გემის დაკავების/დაპატიმრების გამო (გარდა იმ შემთხვევისა თუ ეს დაპატიმრება გამოწვეულია დამქირავებლის მისი დასაქმებულების, აგენტების ან ქვეკონტრაქტორების მიზეზით), ან გემის დაკავების შემთხვევაში, ზოგადი ხშირი შემთხვევების გამო გემზე ან ტვირთზე, გარდა იმ შემთხვევისა თუ ეს გამოწვეულია თანდაყოლილი მიზეზით, ტვირთის ხარისხის ან დეფექტით, მშრალ ნავსადგურზე გაჩერებით რაიმე სახის გამოკვლევის მიზნით, ან ძირის შეღებვის მიზნით, ან რაიმე სახის ნებისმიერი მიზეზით, რომელიც ხელს უშლის გემის სრულყოფილად მუშაობას, გემის ჩარტერი დამატებითი დროის გადასახადი შეწყდება იმ პერიოდით, რა დროც იქნა დაკარგული ზემოაღნიშნული გარემოებების გამო. შესაბამისად, გემის ნებისმიერი მიზეზით დაკავების/დაპატიმრების გამო, რომელიც არ არის დაკავშირებული დამქირავებელთან, იგი თავისუფლდება ქირავნობის გადასახადისგან, რომელიც გემის დაკავების დროისათვის შეადგენდა დღეში - 10 500 აშშ დოლარს. გემის დაკავების 31 დღეზე გადათვლით მიუღებელი (დაკარგული) შემოსავალი ჯამურად გამოდის 324 500 (სამას ოცდახუთი ათას ხუთასი) აშშ დოლარი;
13.6. გემის მესაკუთრე როგორც გადამზიდი, იმყოფება ტვირთმფლობელისაგან პრეტენზიის წარდგენის პირდაპირი რისკის წინაშე, 18/05/2024წ კონოსამენტის თანახმად, გადაზიდვის და ტვირთის მიწოდების დაყოვნებით გამოწვეული შესაძლო ზიანის გამო. ასეთი სარჩელი ჯერ წარდგენილი არ არის, მაგრამ მისი წარდგენა ობიექტურად შესაძლებელია ნებისმიერ დროს. შესაბამისად, მხარეს გააჩნია იურიდიული ინტერესი, მის წინააღმდეგ წარდგენილი პრეტენზია უზურუნველყოფილი იყოს იმ პირის აქტივებით, რომლის იურიდიულმა მოქმედებებმა გამოიწვია გადაზიდვისა და ტვირთის მიწოდების დაყოვნება;
14. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 27 აგვისტოს განჩინებით გემის მფლობელის განცხადება არ დაკმაყოფილდა.
15. ზემოაღნიშნულ განჩინებაზე გემთმფლობელმა წარადგინა საჩივარი.
16. საჩივრის თანახმად:
16.1. სასამართლოს დასკვნა, არსებითად ეწინააღმდეგება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით მეორე მხარისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის გამოყენების საფუძვლებს და განზოგადებულ სასამართლო სტანდარტებს. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მიმართულია, უზრუნველყოს ძირითადი დავის შედეგის რეალურად აღსრულება. ხოლო სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის იურიდიული მიზანია, უზრუნველყოს, დავის არსებითად დასრულებამდე, მოპასუხის მიმართ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ზომებით, მასზე მიყენებული შესაძლო ზარალის ანაზღაურება;
16.2. ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის ღონისძიება, როგორც სარჩელის უზრუნველყოფის ნაწილი, უნდა განიხილოს იმავე სასამართლომ, რომელმაც განიხილა საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის საკითხი. სარჩელის უზრუნველყოფა და სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული ზარალის ანაზღაურება წარმოადგენენ ერთიან საქმისწარმოების სამართლებრივ პროცესს, რომ თავიდან იქნეს აცილებული რაიმე სახის გაურკვევლობა. აღნიშნული უზრუნველყოფს, ზოგადად სარჩელის უზრუნველყოფის პროცესის მართლზომიერებას, თანმიმდევრულობასა და ეფექტურობას;
16.3. თუ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს არ აქვს იურისდიქცია ან კომპეტენცია, რომ განიხილოს მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის საკითხი, ვინაიდან სადავო გემმა დატოვა საქართველოს ტერიტორიული წყლები, მაშინ ეს საკითხი თავიდანვე არ უნდა მიეღო განსახილველად სარჩელის უზრუნველყოფის განხილვისას. ეს არღვევს პროცედურულ წესებს. მაგრამ, თუკი სასამართლომ უკვე მიიღო სარჩელის უზრუნველყოფა განსახილველად, ეს ნიშნავს, რომ მან აღიარა საკუთარი იურისდიქცია ამ საქმეზე. შესაბამისად, სასამართლო ვალდებულია განიხილოს ყველა დაკავშირებული საკითხი, მათ შორის, მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის შესახებ. ერთი და იმავე სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის და უზრუნველყოფის გარანტიის გამოყენების საკითხის განხილვა უზრუნველყოფს პროცესის ეფექტურობას და თანმიმდევრულობას. სასამართლო გარკვეულია საქმის გარემოებებში, აფასებს/განსაზღვრავს სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ლეგიტიმურ შეზღუდვის ზღვარს და ამ ზღვარს მიღმა რისკებს, რომლებმაც შესაძლებელია გამოიწვიონ მეორე მხარეზე ზიანის მიყენება;
16.4. საარბიტრაჟო სარჩელის განხილვის შედეგების მიუხედავად, კერძოდ, დაუბრუნდება თუ არა გემის მფლობელს თანხა დეპოზიტიდან, გემის ერთთვიანი მოცდენით დამდგარი ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობა ფაქტობრივად აღარ იარსებებს. ამდენად, სწორედ უზრუნველყოფის შედეგად მიყენებული შესაძლო ზიანის ფარგლებში, დეპოზიტზე განთავსებული თანხა წარმოადგენს პოტენციურ აქტივს, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც მოსალოდნელი სარჩელის უზრუნველყოფა. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია თავად მოთხოვნის ლეგიტიმური მიზანი და არა ასეთი სარჩელის განხილვის ადგილზე მსჯელობა;
16.5. კონკრეტულ შემთხვევში, სახეზე გვაქვს როგორც უზრუნველყოფის ზომის გამოყენების შედეგად გემის მფლობელის განცდილი ფაქტობრივი ზიანი, ისე მიუღებელი შემოსავლით განცდილი ზიანი. ამასთან, არსებობს ობიექტური შესაძლებლობა, რომ გემის მფლობელს დამატებით წარედგინოს ტვირთმფლობელის პრეტენზია საზღვაო გადაზიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიწოდების ვადის დარღვევის გამო. შესაბამისად, მოთხოვნა, მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის შესახებ საფუძვლიანია.
17. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
18. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განცხადება თავისი შინაარსით წარმოადგენს სამომავლოდ, სავარაუდო ზიანის მიყენებით გამოწვეულ აღსაძრავ სარჩელს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199.3 მუხლი).
19. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საჩივრის ავტორი ითხოვს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით მოპასუხისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებას და განმარტავს, რომ შესაძლოა ზარალი მომავალში წარმოიშვას და უკვე არ უკავშირდება უშუალოდ უზრუნველყოფის ღონისძიებას.
20. ასეთი დავის შემთხვევაში, სარჩელის (და არა უზრუნველყოფის ღონისძიების) განსჯადია ლონდონის საერთაშორისო არბიტრაჟი. (,,საარბიტრაჟო დათქმა“ შეთანხმებულია მხარეთა შორის); სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დაინტერესებული მხარის მიერ მითითებული გარემოებები, სასამართლოს არ უქმნის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების დასაბუთებულ ვარაუდს, რადგან დაუდგენელია მოსალოდნელი ზიანის ოდენობა, სავარაუდო ზიანის მიყენებასა და სავარაუდოდ დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი. საყურადღებოა, რომ დღემდე სარჩელი არ აღძრულა, ასევე უცნობია სასამართლოსათვის სარჩელის ან/და პრეტენზიის წარმოშობის წინაპირობების არსებობა.
21. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აღნიშნული საკითხების დამაჯერებლად დასაბუთება მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც სარჩელის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას, სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე, ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის - სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება. მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებელმა ვერ დაადასტურა, რომ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებით მას ზიანი მიადგა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
22. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საჩივრის საფუძვლების გამოკვლევისა და გასაჩივრებული განჩინებების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
23. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით.
24. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
25. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფაზე უარის თქმის მართლზომიერება. წინამდებარე საქმეში, განმცხადებლის/ საარბიტრაჟო მოპასუხის მოთხოვნას წარმოადგენს მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა, კერძოდ, გემის დაკავებით მიყენებული ფაქტობრივი და მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით, მოწინააღმდეგე მხარის დავალდებულება სასამართლოების სადეპოზიტო ანგარიშზე განათავსოს 300 221, 5 აშშ დოლარი.
26. საქართველოს უზენაესი სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მხარეთა შორის მიმდინარეობს საარბიტრაჟო დავა და სწორედ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2024 წლის 20 მაისის განჩინებით დაკმაყოფილდა „ბ.პ.დ–სის“ განცხადება და საარბიტრაჟო სარჩელის აღძვრამდე, მის უზრუნველსაყოფად, ყადაღა დაედო ფოთის ნავსადგურში მყოფ M/V ,,ZHE HAI 505“ (IMO ნომერი: ....., დროშა - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა) გემს, რომელსაც აეკრძალა საქართველოს ტერიტორიული წყლების (საქართველოს იურისდიქციის) დატოვება. ამასთან, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 21 ივნისის განჩინებით გემფლობელის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე დავის საგნის ღირებულების - 300 221,50 აშშ დოლარის განთავსების გამო, გაუქმდა ქუთაისის სააპრლაციო სასამართლოს 2024 წლის 20 მაისის განჩინება, რომლითაც მიმწოდებლის მიერ საარბიტრაჟო სარჩელის აღძვრამდე, მის უზრუნველსაყოფად, ყადაღა დაედო ფოთის ნავსადგურში მყოფ სადავო გემს და აეკრძალა საქართველოს ტერიტორიული წყლების (საქართველოს იურისდიქციის) დატოვება.
27. „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მიხედვით, მხარეს შეუძლია, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს; საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის საკითხებში, მიუხედავად საარბიტრაჟო განხილვის ადგილისა, სასამართლოს აქვს იგივე უფლებამოსილებანი, რაც სამართალწარმოებაში სარჩელის უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35618 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შორის საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობისას, საარბიტრაჟო მოსარჩელის განცხადების საფუძველზე, სასამართლო უფლებამოსილია საარბიტრაჟო სარჩელის მიმართ გამოიყენოს უზრუნველყოფის ღონისძიებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით გამოიყენება ამ კოდექსის XXIII თავით დადგენილი წესები, გარდა 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა, საერთაშორისო საარბიტრაჟო წარმოების თავისებურებათა გათვალისწინებით.
28. ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის საკითხში უფლებამოსილი სასამართლოს (თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს) მიერ „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის დებულებები გამოიყენება არა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა საარბიტრაჟო განხილვის ადგილი არის საქართველოს ტერიტორიაზე, არამედ იმ შემთხვევაშიც, როცა საარბიტრაჟო განხილვა საქართველოს ფარგლებს გარეთ მიმდინარეობს. ამასთან, ორივე შემთხვევაში, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიყენოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXIII თავით დადგენილი წესები, მიუხედავად იმისა, თუ რომელი ქვეყნის სამართალი ან სამართლებრივი სისტემა აირჩიეს მხარეებმა მათ შორის წარმოშობილი დავის მოსაწესრიგებლად (სუსგ №ას-538-511-2013; 3 ივლისი, 2013 წელი).
29. სსსკ-ის 199-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით მოპასუხეს შეიძლება მიადგეს ზარალი, მას შეუძლია გამოიყენოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და იმავდროულად მოსთხოვოს პირს, რომელმაც მიმართა სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, მეორე მხარისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა. უზრუნველყოფის გარანტია სასამართლომ შეიძლება ასევე გამოიყენოს მოწინააღმდეგე მხარის განცხადების საფუძველზე (იხ., სუსგ საქმე №ას-114-107-2015, 6 თებერვალი, 2015 წელი). მაშასადამე, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულია, რომ თუ მოსარჩელე მოითხოვს სარჩელის უზრუნველყოფას, მოპასუხეს შეუძლია მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფით მისთვის მოსალოდნელი ზიანის არა ანაზღაურება, არამედ ანაზღაურების უზრუნველყოფა (იხ. სუსგ საქმე №ას-1344-2018, 5 აპრილი, 2019 წელი).
30. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის 199-ე მუხლი ითვალისწინებს მოპასუხის ინტერესების დაცვის ორ ერთმანეთთან დაკავშირებულ სამართლებრივ საშუალებას: ა) მოსარჩელის მიერ იმ ზარალის ანაზღაურება, რომელიც მიადგა მოპასუხეს სარჩელის უზრუნველყოფით. აღნიშნული მოთხოვნის უფლება მოპასუხეს გააჩნია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობისას, როგორიცაა, სასამართლოს მიერ სარჩელის არდაკმაყოფილება (ან ჯერარაღძრული სარჩელის უზრუნველყოფისას, სარჩელის შეუტანლობა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, რის გამოც, უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმდა) და სარჩელის უზრუნველყოფით მოპასუხისათვის ზიანის მიყენება (რომლის არსებობაც და ოდენობაც უნდა ამტკიცოს მოპასუხემ). (ანალოგიურ დებულებას ითვალისწინებს გერმანიის საპროცესო კოდექსის 945-ე პარაგრაფიც). ბ) მოპასუხისათვის მოსალოდნელი ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც იმაში გამოიხატება, რომ თუ მოსარჩელე მოითხოვს სარჩელის უზრუნველყოფას, მოპასუხეს შეუძლია მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფით მისთვის მოსალოდნელი ზიანის არა ანაზღაურება, არამედ ანაზღაურების უზრუნველყოფა. ასეთ ვითარებას შეიძლება ვუწოდოთ საპასუხო უზრუნველყოფა, რომელიც უნდა განხორციელდეს სსსკ-ის 57-ე მუხლით დადგენილი წესით (ლილუაშვილი თ., სამოქალაქო საპროცესო სამართალი (მეორე გამოცემა), თბ., 2005, 304). მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემსახურება მოპასუხის უფლებების დაცვას (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე: N2/6/746).
31. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტით უზრუნველყოფილია მოსარჩელის ინტერესების დაცვა, ხოლო უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებით კი - მოპასუხის ინტერესების დაცვა. მართალია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლი ითვალისწინებს სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული ზარალის ანაზღაურებას, თუმცა ამისათვის სასამართლო უნდა დარწმუნდეს ასეთი ზარალის წარმოშობის რეალურობაში.
32. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ უზრუნველყოფის გარანტია არ ნიშნავს მოპასუხისათვის სარჩელის უზრუნველყოფით მიყენებული ზიანის ავტომატურად ანაზღაურებას, არამედ გულისხმობს მხოლოდ ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფას. სარჩელის უზრუნველყოფით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე, მოპასუხემ უნდა მიმართოს სასამართლოს სარჩელით და დაამტკიცოს, როგორც ამგვარი ზიანის მიყენების ფაქტი, ასევე მიყენებული ზიანის ოდენობა (ლილუაშვილი თ.,/ხრუსტალი ვ., საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარი, მეორე გამოცემა, თბ., 2007, 355).
33. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიუთითებს, რომ სსსკ-ის 199-ე მუხლის პირველი ნაწილის დებულება წარმოადგენს მოპასუხის ინტერესების დაცვის მექანიზმს და მიმართულია იმისკენ, რომ სარჩელის უზრუნველყოფის უმართებულობის შემთხვევაში, სათანადოდ იყოს უზრუნველყოფილი მოპასუხის უფლებები, რათა მას დაუსაბუთებლად არ მიადგეს სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენებული ღონისძიების შედეგად ზიანი. იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითების ვალდებულება, რომელიც ადასტურებს მოსარჩელისგან შესაბამისი გარანტიის წარდგენის ვარაუდს, სსსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად, ეკისრება განმცხადებელს. მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის მომთხოვნმა მოპასუხემ უნდა დაასაბუთოს უზრუნველყოფის გარანტიის გამოყენების აუცილებლობა. ამასთან, დასაბუთება უნდა იყოს საფუძვლიანი, დასაბუთებული ვარაუდი გულისხმობს გადაწყვეტილების მიღებას არა მარტოოდენ ეჭვის, ან ფორმალური ანალიზის საფუძველზე, არამედ მტკიცებულებებზე დაყრდნობით და ლოგიკურ დასკვნას მოთხოვნის საფუძვლიანობის შესახებ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 6 ნოემბრის განჩინება საქმეზე: №ას-929-879-2015). გარანტიის წარმოდგენის მოთხოვნა უნდა ეფუძნებოდეს განმცხადებლის მიერ კონკრეტულ გარემოებებზე მითითებას. აღსანიშნავია, რომ ანალოგიური მიდგომებია დამკვიდრებული უცხოური კანონმდებლობით და სასამართლო პრაქტიკით. (იხ. ზ. ძლიერიშვილი, სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული ზარალის/ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა, სამართლის ჟურნალი №1, 2018, გვ. 11, 12).
34. პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს, რომ სსსკ-ის 199-ე მუხლით გათვალისწინებული ზარალის (ზიანის) ცნების ქვეშ, რა თქმა უნდა, არ იგულისხმება უფლების დროებით შეზღუდვა, ვინაიდან უზრუნველყოფის ღონისძიების დანიშნულებაც სწორედ, რომ უფლების დროებითი შეზღუდვაა (გასხვისების აკრძალვა, ქმედების განხორციელების აკრძალვა, ნივთობრივი უფლებით დატვირთვის აკრძალვა და ა. შ). სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებით ზიანის მიყენება უფლების დაუშვებელ ხელყოფას გულისხმობს, როგორიცაა, მაგალითად, ფაქტობრივი ზიანის დადგომა ან შემოსავლის დაკარგვა. ასეთ შემთხვევაში, მოპასუხე უფლებამოსილია, მოსალოდნელი ზარალის უზრუნველყოფა მოითხოვოს, ანუ ე.წ. უზრუნველყოფის შებრუნება (იხ.: დ. ბერეკაშვილი/ პ. ქათამაძე, სსსკ-ის კომენტარი (რჩეული მუხლები), თბილისი, 2020, მუხ. 199, გვ. 726). ამასთან, არაადეკვატური და არათანაზომიერი უზრუნველყოფის ღონისძიება, შესაძლოა წარმოადგენდეს სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორეთი შეცვლის წინაპირობას.
35. საქართველოს უზენაესი სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ, მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის დასასაბუთებლად წარდგენილია გემის კაპიტნის განცხადება ზიანის სავარაუდო ოდენობასთან დაკავშირებით, რომელიც შეიცავს ზოგად და არა დეტალურ მითითებებსა და დაანგარიშებას როგორც ფაქტობრივ ზიანთან, ისე მიუღებელ შემოსავალთან დაკავშირებით, რაც ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის შესახებ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია. ამასთან, წინამდებარე საქმის ფარგლებში, უზრუნველყოფის ღონისძიების სახე - სადავო გემის ყადაღა, რომლის გამოყენების გამოც საარბიტრაჟო მოპასუხე ითხოვს უზრუნველყოფის გარანტიის გამოყენებას შეცვლილია უზრუნველყოფის ღონისძიების სხვა სახით - საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველსაყოფად სადავო თანხა განთავსებულია დეპოზიტზე.
36. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს უზენაესი სასამართლო მიუთითებს, რომ საჩივრის ავტორმა ვერ დაასაბუთა უზრუნველყოფის გარანტიის გამოყენების აუცილებლობა და არ არსებობს საჩივრის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 აგვისტოს განჩინება და ამავე სასამართლოს 2024 წლის 16 ოქტომბრის განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილით, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს ,,ჟ.შ.გ.ჯ.შ.კ–ო“-ს (“Z.S. G. Z. S. C. L“) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 აგვისტოს განჩინება და ამავე სასამართლოს 2024 წლის 16 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიზო უბილავა
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე