Facebook Twitter

საქმე №ას-1166-2024

27 ნოემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ი.დ–ი (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები – ც.ა–ი (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე), შპს „კ....“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – საოჯახო საფლავის პასპორტის გაცემის დავალება (ძირითად სარჩელში)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ც.ა–მა (შემდგომში - „მოსარჩელე“, „შეგებებული სარჩელით მოპასუხე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ი.დ–ისა (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“, „შეგებებული სარჩელით მოსარჩელე“ ან „კასატორი“) და შპს „კ....“-ის (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“ ან „შეგებებული სარჩელით მოპასუხე“) მიმართ და მოითხოვა: მეორე მოპასუხეს დაევალოს მოსარჩელის სახელზე გასცეს წყალტუბოს რაიონის სოფელ ……. (ს.კ. ……) მდებარე სასაფლაოზე ბ.ბ–ძის და მ.ქ–ძის საფლავის პასპორტი; პირველ მოპასუხეს დაევალოს მოახდინოს წყალტუბოს რაიონის სოფელ ....... (ს.კ. ........) მდებარე ბ.ბ–ძის და მ.ქ–ძის სასაფლაოდან ი.ბ–ძის გადასვენება.

2. მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლებით სარჩელი არ ცნეს.

3. პირველმა მოპასუხემ შეგებებული სარჩელი აღძრა მოსარჩელისა და მეორე მოპასუხის მიმართ და მოითხოვა: მეორე მოპასუხეს დაევალოს პირველი მოპასუხის სახელზე გასცეს წყალტუბოს რაიონის სოფელ ....... (ს.კ. ........) მდებარე სასაფლაოზე საკუთრების დამადასტურებელი პასპორტი.

4. შეგებებული სარჩელით მოპასუხეებმა შეგებებული სარჩელი არ ცნეს.

5. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; ხოლო, პირველი მოპასუხის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა და მეორე მოპასუხეს დაევალა წყალტუბოს სოფელ ....... (ს.კ. 18 ........) მდებარე სასაფლაოზე პირველი მოპასუხის სახელზე საფლავის პასპორტის გაცემა.

6. მოსარჩელემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით საოჯახო საფლავის პასპორტის გაცემის დავალების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მეორე მოპასუხეს დაევალა მოსარჩელის სახელზე გასცეს წყალტუბოს სოფელ ....... (ს.კ. ........) მდებარე სასაფლაოზე საფლავის პასპორტი მ.ქ–ძის, ა.ბ–ძის, ა.ბ–ძის და თ.ბ–ძის საფლავების მითითებით; მეორე მოპასუხეს დაევალა მოსარჩელის სახელზე გასცეს წყალტუბოს სოფელ ....... (ს.კ. ........) 18.00 კვ.მ სასაფლაოს თავისუფალ მიწის ნაკვეთზე საფლავის პასპორტი; პირველი მოპასუხის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მეორე მოპასუხეს დაევალა პირველი მოპასუხის სახელზე გასცეს წყალტუბოს სოფელ ....... (ს.კ. ........) მდებარე ბ.ბ–ძის და ი.ბ–ძის საფლავების პასპორტი.

8. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

8.1. ბ.ბ–ძე და მ.ქ–ძე იყვნენ მეუღლეები, ისინი იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში და ჰყავდათ სამი არასრულწლოვანი შვილი - თ.ბ–ძე, ა.ბ–ძე და ა.ბ–ძე (იხ. ტ. 1, ს.ფ. 2-16, 77-87, 208);

8.2. ბ.ბ–ძე არის პირველი მოპასუხის შვილი, მ.ქ–ძე კი მოსარჩელის შვილი (იხ. ტ. 1, ს.ფ. 2-16, 77-87);

8.3. ბ.ბ–ძე, თ.ბ–ძე, ა.ბ–ძე და ა.ბ–ძე გარდაიცვალნენ 2020 წლის 26 იანვარს (იხ. ტ. 1, ს.ფ. 18-21);

8.4. მ.ქ–ძე გარდაიცვალა 2020 წლის 27 ივნისს (იხ. ტ. 1, ს.ფ. 17);

8.5. მოსარჩელის სიძემ (მეორე შვილის მეუღლემ) - ზ.ე–ძემ 29.01.2020წ. სს ,,თ.ბ–ის“ მეშვეობით მეორე მოპასუხის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხა 5 000 ლარი, დანიშნულებით: ,,სარიტუალო მომსახურების თანხა (მიწის ფართის გამოყოფა - ბ.ბ–ი)“ (იხ. ტ. 1, ს.ფ. 25). უდავოა, რომ აღნიშნული თანხით მოხდა ორი 18-18 კვ.მ ფართობის მქონე ექვს-ექვს ადგილიანი საფლავის მიწის შეძენა;

8.6. უდავოა, რომ წყალტუბოს რაიონის სოფელ ....... (ს.კ. ........) მდებარე სადავო სასაფლაოზე დაკრძალეს და დღესაც დაკრძალულნი არიან პირველი მოპასუხის შვილი - ბ.ბ–ძე, მოსარჩელის შვილი - მ.ქ–ძე და მოდავე მხარეების შვილიშვილები (ბ.ბ–ძისა და მ.ქ–ძის შვილები) - თ.ბ–ძე, ა.ბ–ძე და ა.ბ–ძე (იხ. ტ. 1, ს.ფ. 2-16, 77-87);

8.7. 30.07.2020წ. სამკვიდრო მოწმობის თანახმად, პირველი მოპასუხე არის 2020 წლის 26 იანვარს გარდაცვლილი ბ.ბ–ძის პირველი რიგის მემკვიდრე, დედა. მან, როგორც პირველი რიგის მემკვიდრემ, დედამ, საკუთრებაში მიიღო მამკვიდრებლის კუთვნილი მთელი სამკვიდრო ქონება სრულად (იხ. ტ. 1, ს.ფ. 88-89);

8.8. 27.01.2021წ. სამკვიდრო მოწმობის თანახმად, მოსარჩელე არის 2020 წლის 27 ივნისს გარდაცვლილი მ.ქ–ძის პირველი რიგის მემკვიდრე, დედა. მან, როგორც პირველი რიგის მემკვიდრემ, დედამ, საკუთრებაში მიიღო მამკვიდრებლის კუთვნილი მთელი სამკვიდრო ქონება სრულად (იხ. ტ. 1, ს.ფ. 200-203);

8.9. პირველი მოპასუხის მეუღლე - ი.ბ–ძე გარდაიცვალა 2008 წლის 10 ნოემბერს (იხ. ტ. 1, ს.ფ. 92);

8.10. პირველმა მოპასუხემ სადავო საფლავზე გადმოასვენა 10.11.2008წ. გარდაცვლილი მისი მეუღლის, ი.ბ–ძის ნეშტი, რის შესახებაც მოსარჩელემ არაფერი იცოდა (იხ. ტ. 1, ს.ფ. 23-24, 64). შედეგად, მოსარჩელემ წარდგენილი სარჩელით ასევე მოითხოვა ი.ბ–ძის სადავო საფლავიდან ამოსვენება, რაზეც სააპელაციო წარმოების ეტაპზე უარი განაცხადა;

8.11. 2021 წელს, ერთი მხრივ, მოსარჩელემ და, მეორე მხრივ, პირველმა მოპასუხემ განცხადებებით მიმართეს მეორე მოპასუხეს სადავო საფლავზე პასპორტის გაცემის მოთხოვნით, თუმცა ორივე განმცხადებელს უარი ეთქვა პასპორტის გაცემაზე იმ მიზეზით, რომ მათ მიერ საფლავის მფლობელობა სადავოდ იყო გამხდარი (იხ. ტ. 1, ს.ფ. 23-26, 64-66, 90-91, 136-138);

8.12. პირველი მოპასუხე მის მიერ 15.03.2021წ. მეორე მოპასუხის დირექტორისათვის მიწერილ წერილში მიუთითებდა, რომ მან გაიღო სადავო საფლავის მოწყობის ხარჯი, ჯამში 28 000 ლარის ოდენობით და დეტალურად აღწერდა მის მიერ გაღებულ ხარჯებს, თუმცა ამ ხარჯებში საფლავის მიწის შეძენისათვის რაიმე თანხის გაღების თაობაზე მითითებული არ არის. მას 18-18 კვ.მ ფართობის საფლავის შეძენის თანხა მისსავე შედგენილ ხარჯებში გაწერილი არ აქვს (იხ. ტ. 1, ს.ფ. 64);

8.13. პირველი ინსტანციის სასამართლოს 03.11.2023წ. სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ე.თ–ძის ჩვენების თანახმად: ის არის გარდაცვლილი ბ.ბ–ძის მეგობარი და ოჯახის ახლობელი. დაკრძალვის ცერემონიის ორგანიზაციული საკითხები მას ებარა. სადავო სასაფლაოზე იყვნენ მისულები მ.ქ–ძის მამა - ვ.ქ–ძე და ოჯახის სიძე - ზ.ე–ძე. მათ ნახეს საფლავის მიწა და მეორე დღეს გადაიხადეს თანხა ბანკში. ვ–მა გადაწყვიტა მეორე ექვსადგილიანი სასაფლაოც აეღო, რადგან შვილი ჰყავს გარდაცვლილი, რომელიც დასაფლავებულია ქუთაისში ,,ავანგარდში“ და მის გადმოსვენებას აპირებდა. ამდენად, მათ შეიძინეს ორი ექვსადგილიანი სასაფლაო, რომელიც შემდგომში გაიყო და დარჩა ორი ექვსადგილიანი სასაფლაო. მოსარჩელემ და ვ.ქ–ძემ მათ სიძეს - ზ.ე–ძეს საფლავის შესაძენად გადასცეს თანხა, თუმცა რამდენი გადასცეს მისთვის არ არის ცნობილი. თანხის ბანკში გადახდისას თავად ახლდა ზ.ე–ძეს (იხ. მოწმის ჩვენება, ტ. 1, ს.ფ. 258-294, 11:17-11:34 სთ);

8.14. პირველი ინსტანციის სასამართლოს 03.11.2023წ. სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული რ.ო–ძის ჩვენების თანახმად: ის არის პირველი მოპასუხის მეზობელი. ბ.ბ–ძე ბავშვობიდან მათთან იზრდებოდა, მხატვარი იყო, თავადაც მხატვარია, ხანდახან ასწავლიდა კიდეც მას. მეზობლებს უნდოდათ ოჯახის დახმარება და საფლავისთვის აკრიბეს 1800 ლარამდე თანხა, 1000 ლარი დაამატა პირველმა მოპასუხემ, 1000 ლარი ბ–ის მეგობრებმა. ისინი ფიზიკურადაც ეხმარებოდნენ ოჯახს. ეს თანხა, რაც აიკრიბა, სადავო სასაფლაოს კეთილმოწყობას მოხმარდა (იხ. მოწმის ჩვენება, ტ. 1, ს.ფ. 258-294, 11:36-11:42სთ);

8.15. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 18.03.2024წ. ადგილზე დათვალიერებით დადგინდა, რომ სადავო სასაფლაო არის 18 კვ.მ ფართობის, სადაც მდებარეობს ექვსი საფლავი. მის მომიჯნავედ მდებარეობს მეორე (ასევე სადავო) 18 კვ.მ ფართობის თავისუფალი სასაფლაო, სადაც დაკრძალული არავინ არ არის (სწორედ ამ ორი სასაფლაოს ადგილის ღირებულება - 5 000 ლარი გადაიხადა ზ.ე–ძემ ბანკში). ამ მდგომარეობით, სადავო 18 კვ.მ სასაფლაოზე დაკრძალულნი არიან - ბ.ბ–ძე, მ.ქ–ძე, ა.ბ–ძე, ა.ბ–ძე, თ.ბ–ძე, ი.ბ–ძე. ეს სასაფლაო არის ექვსადგილიანი და იქ ახალი საფლავი ვეღარ მოეწყობა (თუმცა, ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 28.03.2014წ. დადგენილების შესაბამისად, მასზე დასაშვებია ,,ზემოდან დაკრძალვა“ და ,,მეორეული დაკრძალვა“, ამავე დადგენილებაში გაწერილი წესების დაცვით).

9. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს სპეციალური - ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 28.03.2014წ. N11 დადგენილებიდან და დავალების ზეპირი ხელშეკრულებიდან. სააპელაციო საჩივრის ფარგლებში მხარეთა შორის სადავოა მხოლოდ ზემოაღნიშნული დადგენილების საფუძველზე სადავო სასაფლაოზე პასპორტის გაცემის საკითხი. სააპელაციო წარმოების ეტაპზე მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა მხოლოდ სადავო სასაფლაოზე პასპორტის მის სახელზე გაცემა.

10. სააპელაციო პალატამ მოიხმო ზემოაღნიშნული წესის პირველი მუხლი, მე-2 მუხლის „ა“, „ე“, „ზ“, „კ“, „ლ“, „მ“, „ფ“, „ჩ“ პუნქტები, 4.10, 4.11, 7.1, 7.2 მუხლები და სადავო საკითხის დელიკატურობის გათვალისწინებით, მიიჩნია, რომ ვინაიდან მოდავე მხარეთა მიცვალებულების დაკრძალვის დროისათვის მათ საფლავის პასპორტის გაცემის მოთხოვნით მეორე მოპასუხისათვის არ მიუმართავთ და მიმართეს დაახლოებით ერთი წლის შემდგომ, ზემოთ ხსენებული დადგენილების შესაბამისად, მისი გაცემა შესაძლებელი იყო მათივე განცხადების საფუძველზე. უდავოა, რომ მიცვალებულების დაკრძალვის ცერემონიაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენდა როგორც მოსარჩელე, ისე პირველი მოპასუხე, ვინაიდან სადავო სასაფლაოზე დაკრძალულები არიან მათი შვილები და შვილიშვილები; უდავოა, ასევე, რომ მოგვიანებით ორივე მათგანმა განცხადებებით მიმართეს მეორე მოპასუხეს სადავო სასაფლაოზე პასპორტის - მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის მოთხოვნით. შესაბამისად, პასპორტის გაცემისათვის აღნიშნული დადგენილების ერთ-ერთი წინაპირობა სახეზეა.

11. სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ ვინაიდან იმავე დადგენილების შესაბამისად, ჭირისუფალი არის გარდაცვლილის ახლო ნათესავი ან მის სიცოცხლეში ანდერძით ან სხვა რაიმე სახის დოკუმენტით დასახელებული პიროვნება, რომელიც უფლებამოსილია დაკრძალვის ცერემონიის განხორციელებაზე და იხდის მომსახურების ხარჯებს, საფლავის მფლობელის დასადგენად გასარკვევი იყო მომსახურების ხარჯების გადამხდელის ვინაობა, რაც სადავო იყო მხარეთა შორის.

12. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, დადგენილია, რომ სადავო საფლავის შეძენის თანხა ბანკში უშუალოდ გადაიხადა მოსარჩელის სიძემ (მეორე შვილის მეუღლემ) - ზ.ე–ძემ, რომელმაც შემდგომში პასპორტის გაცემაზე მოთხოვნის უფლება დაუთმო მოსარჩელეს. მოსარჩელის მტკიცებით, ეს გარემოება წარმოადგენს მასზე პასპორტის გაცემის საფუძველს, რაც სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა იმ საფუძვლით, რომ ზ.ე–ძე, ზემოთ ხსენებული დადგენილებით განსაზღვრული წესების შესაბამისად, გარდაცვლილების ოჯახის წევრს არ წარმოადგენდა, რის გამოც მას პასპორტის გაცემაზე მოთხოვნის უფლება ვერ წარმოეშობოდა და, შესაბამისად, მას ვერც ვერავის დაუთმობდა. თუმცა, ამავდროულად, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებულ გარემოებაზე, რომ მისი შვილის (მეორე შვილის) მეუღლემ - ზ.ე–ძემ, მისი დავალებით, სასაფლაოს შესაძენად გადაიხადა 5 000 ლარი. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, პირველი მოპასუხის მტკიცებით, ეს თანხა ზ.ე–ძეს მან გადასცა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ამ ნაწილში სადავო იყო - ვინ გადასცა ზ.ე–ძეს სასაფლაოს შესაძენად თანხა.

13. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით და აღნიშნა, რომ მოსარჩელისა და მისი მეუღლის მიერ საფლავის შესაძენი თანხის ზ.ე–ძისათვის პირადად გადაცემის ფაქტი დასტურდება პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული პირის - ე.თ–ძის ჩვენებით, რაც გაბათილებული არ არის პირველი მოპასუხის მიერ. ეს უკანასკნელი მის მიერ ზ.ე–ძისათვის თანხის გადაცემის დასადასტურებლად შემოიფარგლა მხოლოდ მისივე ახსნა-განმარტებით, რაც საკმარისი არ არის და ვერ აბათილებს მოსარჩელის მოწმის ჩვენებით გამყარებულ განმარტებას. ამდენად, ამ ვითარებაში, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო სასაფლაოს შესაძენი თანხა ზ.ე–ძეს მოსარჩელემ გადასცა.

14. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ზემოაღნიშნული მტკიცების კუთხით, აღსანიშნავია, ასევე, ის ფაქტობრივი გარემოებები, რომ ზ.ე–ძის მიერ გადახდილი თანხით (5 000 ლარი) მოხდა ორი სადავო სასაფლაოს მიწის შეძენა, თითოეული 18 კვ.მ ფართობის და თითოეული 2 500 ლარად. დღეის მდგომარეობით, ეს სასაფლაო ნაკვეთები გამიჯნულია, თუმცა მდებარეობს ერთმანეთის მომიჯნავედ (იხ. ადგ. დათვალიერების ოქმი). უდავოა, რომ სადავო სასაფლაო არის ექვსსაფლავიანი, სადაც დაკრძალულები არიან - ბ.ბ–ძე, მ.ქ–ძე, ა.ბ–ძე, ა.ბ–ძე, თ.ბ–ძე, ი.ბ–ძე, ხოლო მეორე ექვსადგილიანი სასაფლაოს მიწა თავისუფალია. უდავოა, ასევე, რომ პირველ მოპასუხეს ოჯახის ყველა წევრი გარდაცვლილი ჰყავს, ხოლო მოსარჩელეს ცოცხალი ჰყავს ოჯახის სხვა წევრები. ამასთან, ზ.ე–ძე არის უშუალოდ მოსარჩელის და არა პირველ მოპასუხის ოჯახის სიძე (მეორე შვილის მეუღლე). ამდენად, ამ ფაქტობრივი გარემოებების ანალიზიდან გამომდინარე, ალოგიკური და გაუგებარია პირველ მოპასუხეს შეეძინა ორი ექვსსაფლავიანი სასაფლაოს მიწა, რაც კიდევ უფრო ასუსტებს განმარტებას სადავო სასაფლაოს მიწის მის მიერ შეძენის თაობაზე.

15. ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ სარჩელში თავად მიუთითა, რომ მისი შვილის (მეორე შვილის) მეუღლემ - ზ.ე–ძემ მისი დავალებით სასაფლაოს შესაძენად გადაიხადა 5 000 ლარი, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელესა და ზ.ე–ძეს შორის ადგილი ჰქონდა უსასყიდლო ხასიათის დავალების ხელშეკრულებას, ზეპირი ფორმით, რომლის საფუძველზეც, უფლებები და მოვალეობები წარმოეშვა მხოლოდ მოსარჩელეს. შესაბამისად, სადავო სასაფლაოს მფლობელი გახდა მოსარჩელე, რაც მასზე საფლავის პასპორტის გაცემის საფუძველია. ამასთან, ის გარემოება, რომ ზ.ე–ძემ თანხის გადახდისას დანიშნულებაში მიუთითა ,,სარიტუალო მომსახურების თანხა (მიწის ფართის გამოყოფა - ბ.ბ–ი)“, სააპელაციო სასამართლოს აზრით, ვერ დააბრკოლებს მოსარჩელის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებას, ვინაიდან იმ დროისათვის მოსარჩელის შვილი - მ.ქ–ძე ცოცხალი იყო, ხოლო ბ.ბ–ძესთან ერთად იმ დღეს ავტოკატასტროფაში დაიღუპნენ მათი არასრულწლოვანი შვილები და, ცხადია, მიწის ფართის გამოყოფის მიზნით მიეთითა გარდაცვლილი ბ.ბ–ძე, როგორც სრულწლოვანი გარდაცვლილის სახელი და გვარი.

16. თუმცა, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ არ დასტურდება პირველი მოპასუხის მიერ სადავო სასაფლაოს შესაძენი თანხის გადახდის ფაქტი, ვინაიდან ეს უკანასკნელი არის გარდაცვლილი ბ.ბ–ძის დედა და გარდაცვლილი ი.ბ–ძის მეუღლე, ზემოთ ხსენებული დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული წარმოადგენს ამ ნაწილში პირველ მოპასუხეზე სასაფლაოს პასპორტის გაცემის საფუძველს, რადგან ცმოსარჩელე ვერ იქნება ი.ბ–ძის და ბ.ბ–ძის მემკვიდრე. იგი ასევე ვერ ისარგებლებს ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 28.03.2014წ. დადგენილების შესაბამისად, ბ.ბ–ძისა და ი.ბ–ძის საფლავების მიმართ ,,ზემოდან დაკრძალვისა“ და ,,მეორეული დაკრძალვის“ ამავე დადგენილებაში გაწერილი წესებით.

17. სააპელაციო პალატის მითითებით, ზემოაღნიშნული დადგენილების შესაბამისად, პირველი მოპასუხე ასევე არის ჭირისუფალი, როგორც მეუღლის - ი.ბ–ძის, ასევე, შვილის - ბ.ბ–ძის, რძლის - მ.ქ–ძის და შვილიშვილების თ.ბ–ძის, ა.ბ–ძის და ა.ბ–ძის, აღნიშნული კი იმას ნიშნავს, რომ იგი, მოსარჩელესთან ერთად, სადავო სასაფლაოს კეთილსინდისიერი მფლობელია, რაც განსახილველ შემთხვევაში ასევე ნიშნავს, რომ გარდაცვლილის დედას, ისევე როგორც ბებიასა და პაპას, აქვთ გარდაცვლილ შვილთან და შვილიშვილთან სულიერი, ემოციური კავშირის სათანადო გამოვლინებისა და საფლავის მოვლა-პატრონობის მიზნით იმ მიწის ნაკვეთით სარგებლობის უფლება, სადაც ისინი არიან დაკრძალულნი (სასამართლომ აქვე მიუთითა სსკ-ის 161-ე მუხლით მოწესრიგებულ ურთიერთობაზე, რომლის თანახმად, თუ კეთილსინდისიერ მფლობელს არ ჩამორთმევია ნივთი, მაგრამ სხვაგვარად შეეშლება ხელი მისი მფლობელობის განხორციელებაში, მაშინ მას, მსგავსად მესაკუთრისა, შეუძლია მოითხოვოს ხელშეშლის აღკვეთა).

18. მხარეთა კონფლიქტური დამოკიდებულების გამო, სააპელაციო სასამართლომ დამატებით აღნიშნა შემდეგი: მართალია, სასამართლომ გასცა დავალება ჭირისუფლებზე სასაფლაოს პასპორტის გაცემის შესახებ, მაგრამ აუცილებელია მხარეებმა გამოხატონ მაღალი შეგნება, სამართლებრივი დონე და კულტურა და, შესაბამისად, ამ სიკეთის წყალობით ურთიერთობა დაარეგულირონ ცივილური წესებით და ერთმანეთს ხელი არ შეუშალონ გარდაცვლილების საფლავის მოვლა-პატრონობაში. სასამართლოს მიერ დადგენილი წესი აღსრულდება იმ შემთხვევაში, თუ მხარეები არ გამოიჩენენ ერთმანეთის პატივისცემას, მოვალეობისადმი სწორ დამოკიდებულებას, კულტურას და მაღალ შეგნებას.

19. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე პირველმა მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

20. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:

20.1. სასამართლომ არასწორად გამოიყენა სსკ-ის 709-ე მუხლი და მოსარჩელესა და ზ.ე–ძეს შორის ურთიერთობის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა დავალების ზეპირი ხელშეკრულება, მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის ურთიერთობა უშუალოდ მათ მიერ მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებით მოწესრიგდა;

20.2. სასამართლომ დაარღვია მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი. არცერთ სასამართლო სხდომაზე სასამართლოს კითხვა არ დაუსვამს მოსარჩელისათვის ზემოაღნიშნული ხელშეკრულების დადების მიზნის, მისი სამართლებრივი ბუნების გამორკვევის თაობაზე და მხოლოდ გადაწყვეტილებაში მიუთითა მხარეთა შორის არა მოთხოვნის დათმობის, არამედ დავალების ზეპირი ხელშეკრულების არსებობის თაობაზე. შესაბამისად, პირველ მოპასუხეს არ ჰქონდა შესაძლებლობა, პასუხი გაეცა და საპირისპირო მოსაზრება დაეფიქსირებინა;

20.3. სასამართლო არ არის უფლებამოსილი, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების სამართლებრივ ბუნებაზე იმსჯელოს, თანაც იმ პირობებში, როდესაც მისი ნამდვილობა მასზე ხელმომწერი პირების მიერ სადავოდ არ არის გამხდარი;

20.4. ზეპირი დავალების ხელშეკრულებით, მინდობილობის გარეშე, ზ.ე–ძე არ იყო უფლებამოსილი მოსარჩელის სახელით შეეტანა ბანკში 5 000 ლარი მეორე მოპასუხის ანგარიშზე და მის ნაცვლად შეეძინა სასაფლაოსთვის მიწის ნაკვეთი. არც მოსარჩელე და არც ზ.ე–ძე არ იყვნენ ბ.ბ–ძის ჭირისუფლები, რომ მისი საფლავის ხარჯი გადაეხადათ. ბ.ბ–ძის ერთადერთი მემკვიდრე და ოჯახის წევრი არის პირველი მოპასუხე;

20.5. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სადავო სასაფლაოზე დაკრძალულია პირველი მოპასუხის შვილი, შვილიშვილები, რძალი და მეუღლე. ამასთან, უტყუარად არის დადასტურებული, რომ დაკრძალვის ცერემონიალისა და მომსახურების ხარჯები, სასაფლაოს მოპირკეთების ღირებულება სრულად პირველმა მოპასუხემ გადაიხადა, რომელიც დღემდე უვლის და პატრონობს საფლავებს;

20.6. სამოქალაქო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, დაშვებულია ჩვეულებების გამოყენება სამოქალაქო სამართალურთიერთობის მოწესრიგების დროს. ჩვეულებანი გამოიყენება მხოლოდ მაშინ, თუ ისინი არ ეწინააღმდეგება სამართლისა და ზნეობის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს ან საჯარო წესრიგს. დამკვიდრებული ჩვეულების თანახმად, საოჯახო სასაფლაოზე იკრძალება მამაკაცი, მისი ცოლი და შვილები, მამაკაცის მშობლები. საოჯახო სასაფლაოზე არ იკრძალება ცოლის დედა, მამა, ძმა და ა.შ. საოჯახო საფლავი, ჩვეულების თანახმად, გადაეცემა მემკვიდრეებს მამაკაცის ხაზით. ამდენად, ჩვეულება არ ეწინააღმდეგება სამოქალაქო კოდექსის 1332-ე მუხლს;

20.7. „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის“ მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, თუ საფლავში არის ერთი ადგილი, იგი უპირობოდ ეკუთვნის გარდაცვლილის მეუღლეს. მოსარჩელე საფლავში დაკრძალული პირებიდან არცერთის მეუღლე არ არის. შესაბამისად, გაუგებარია რა იურიდიული ინტერესი უნდა ჰქონდეს მას საფლავის პასპორტის აღების მიმართ, საფლავის პასპორტი მისთვის რაიმე იურიდიულ უფლებას არ წარმოშობს;

20.8. რაც შეეხება პირველ მოპასუხეს, მას პასპორტის გაცემის მიმართ აქვს იურიდიული ინტერესი, რადგან გარდა იმისა, რომ იგი უვლის და პატრონობს საფლავს, გადახდილი აქვს შეძენის, დაკრძალვის მომსახურების, საფლავის კეთილმოწყობის ხარჯი, ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისად, აქვს უფლება გარდაცვალების შემდეგ დაიკრძალოს მისი მეუღლის - ი.ბ–ძის გვერდით, მათ შორის, „ზემოდან დაკრძალვის“ წესის გამოყენებითაც;

20.9. მოწმე ე.თ–ძის ჩვენების მიხედვით, რომელიც ბუნდოვანი, არათანმიმდევრული და უზუსტოა, ვერ გაეცა პასუხი კითხვას, ვისი კუთვნილი და რა ოდენობის თანხა გადაეცა ზ.ე–ძეს. ვინაიდან, მხარეთა ახსნა-განმარტებები ერთმანეთს გამორიცხავს და, ამავე დროს, მოწმის ჩვენებაც არ იძლევა ჭეშმარიტების დადგენის შესაძლებლობას, გადაწყვეტილების მიღებისას და სადავო გარემოების დადგენისას სასამართლოს სხვა მტკიცებულებებითაც უნდა ეხელმძღვანელა;

20.10. ბ.ბ–ძის საფლავის შეძენიდან მხარეთა შორის ურთიერთობის დაძაბვამდე დაახლოებით 1 წელი გავიდა და ამ დროის განმავლობაში მოსარჩელეს და ვ.ქ–ძეს არ გადმოუსვენებიათ თავიანთი გარდაცვლილი შვილი „ავანგარდის“ სასაფლაოდან, რაც ქმნის შინაგან რწმენას, რომ მეორე 18 კვ.მ საფლავი მიცვალებულის გადმოსვენებისათვის არ იყო შეძენილი. პირველი მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მეორე 18 კვ.მ საფლავი შეძენილი იყო ძირითადი საფლავის (სადაც დაიკრძალა ბაქარი და სამი ბავშვი) დამხმარე ფართად და იქ უნდა მოწყობილიყო გადახურული ტერიტორია მაგიდებისა და დასაჯდომი ადგილებისათვის, თუმცა როდესაც პირველმა მოპასუხემ დაიწყო საფლავის მოპირკეთება და მოწყობა, მიიღო გადაწყვეტილება, მცირე ზომის ეკლესია, პატარა მაგიდა, გადახურვა და დასაჯდომი მოეწყო საფლავის გაგრძელებაზე, უკვე ნაყიდი ადგილი კი არ მოეწონა და ამიტომ დამატებით შეიძინა მიწის ნაკვეთები საფლავის როგორც მარჯვენა, ასევე, მარცხენა მხარეს;

20.11. ბავშვების ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, რადგან ა., ა. და თ.ბ–ძეები არიან პირველი მოპასუხის შვილიშვილებიც და მათ მიმართ პასპორტის მხოლოდ მოსარჩელის სახელზე გაცემა გაუგებარია. არასრულწლოვანი ბავშვების მემკვიდრეობის შესახებ სამკვიდრო მოწმობა არცერთ ბებიას არ მიუღია.

21. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

22. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

23. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

24. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

25. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

26. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია.

27. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია წარმოადგენს თუ არა მოსარჩელე სადავო საფლავების (მ.ქ–ძის, ა., ა. და თ.ბ–ძის საფლავებისა და 18 კვ.მ თავისუფალი საფლავის) პასპორტის მიღებაზე უფლებამოსილ პირს.

28. კასატორის დავობს, რომ სასამართლოს მხრიდან ადგილი ჰქონდა შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევას. მისი მტკიცებით, სასამართლო არ იყო უფლებამოსილი მოსარჩელესა და ზ.ე–ძეს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა დავალების სახელშეკრულებო ურთიერთობად დაეკვალიფიცირებინა, რადგან აღნიშნულის თაობაზე მოსარჩელეს თავად არ მიუთითებია; კასატორი წარმოადგენს ბ.ბ–ძის ერთადერთ მემკვიდრეს და ოჯახის წევრს, რომელმაც გაიღო საფლავის შეძენისა და დაკრძალვის მომსახურების ხარჯი და როგორც გარდაცვლილის მემკვიდრეს, მხოლოდ მას აქვს სადავო საფლავის პასპორტის მიღების უფლებამოსილება; არც მოსარჩელე და არც ზ.ე–ძე არ წარმოადგენენ ბ.ბ–ძის ჭირისუფლებს, რათა მისი საფლავის ხარჯი გადაეხადათ.

29. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას სადავო საფლავების შესაძენად ხარჯის მის მიერ გაწევის თაობაზე და განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მოქმედებს მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესი, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. ამ გარემოებების დამტკიცება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შეიძლება მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. სუსგ საქმე Nას-833-833-2018, 16 ნოემბერი, 2018 წელი; Nას-867-834-2016, 22 ნოემბერი, 2018 წელი).

30. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამდენად, მტკიცებულების გამოკვლევა უპირველესად გულისხმობს მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას (იხ. სუსგ საქმე Nას-406-383-2014, 17 აპრილი, 2015 წელი).

31. წინამდებარე საქმეში დადგენილია, რომ სადავო საფლავების შესაძენად თანხა (5 000 ლარი) ბანკში უშუალოდ გადაიხადა მოსარჩელის სიძემ (მეორე შვილის ქმარი), ზ.ე–ძემ (იხ. ტ. 1, ს.ფ. 25). მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული თანხა ზ.ე–ძეს მან და მისმა მეუღლემ გადასცეს, რაც დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა პირმა - გარდაცვლილი ბ.ბ–ძის მეგობარმა, ე.თ–ძემ (იხ. წინამდებარე განჩინების 8.13 პუნქტი). საკასაციო სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით ასევე ყურადღებას მიაქცევს პირველი მოპასუხის მიერ მეორე მოპასუხის დირექტორის მიმართ 15.03.2021წ. წარდგენილ განცხადებას, სადაც მან მიუთითა თუ რა ხარჯი გასწია სადავო საფლავის მოპირკეთებისა და მოვლა-პატრონობისათვის, თუმცა ამ ხარჯის ჩამონათვალში მას არ მიუთითებია საფლავის შეძენისათვის რაიმე თანხის გადახდის თაობაზე (იხ. ტ. 1. ს.ფ. 64). აღნიშნული გარემოებების ანალიზისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ზ.ე–ძეს სადავო საფლავების შესაძენად თანხა მოსარჩელემ (მოსარჩელის ოჯახმა) გადასცა. მოპასუხეს მისი მტკიცების ტვირთის ფარგლებში ამ გარემოების საწინააღმდეგო მტკიცებულებები არ წარუდგენია. იგი მხოლოდ ახსნა-განმარტებით შემოიფარგლა, რაც სადავო გარემოების დამადასტურებელ საკმარის მტკიცებულებად ვერ მიიჩნევა. აღნიშნულის თაობაზე დასაბუთებულ პრეტენზიას არც საკასაციო საჩივარი შეიცავს.

32. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას სასამართლოს მხრიდან შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევის თაობაზე (დეტ. იხ. წინამდებარე განჩინების 20.1-20.3 პუნქტები) და ზემოაღნიშნული დადგენილი ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას რომ მოსარჩელესა და ზ.ე–ძეს შორის ადგილი ჰქონდა დავალების სახელშეკრულებო ურთიერთობას ზეპირი ფორმით.

33. საკასაციო სასამართლო თავდაპირველად აღნიშნავს, რომ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას ზ.ე–ძის მიერ მოსარჩელისათვის სადავო საფლავების პასპორტის გაცემის მოთხოვნის უფლების დათმობის შეუძლებლობასთან დაკავშირებით (დეტ. იხ. წინამდებარე განჩინების მე-12 პუნქტი).

34. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა დაადგინოს რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს (იხ. სუსგ საქმე Nას-1529-1443-2012, 09 დეკემბერი, 2013 წელი; დიდი პალატის გადაწყვეტილება Nას-664-635-2016, 02 მარტი, 2017 წელი, §187).

35. საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, რა დროსაც სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზების პირობებში.

36. ამასთან, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება.

37. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ მის მიერ აღძრულ სარჩელში მიუთითა, რომ ქუთაისში, მის საცხოვრებელ სახლთან ახლოს მდებარე სასაფლაოზე შეიძინა ადგილი ორ ნაკვეთად, თითოეული 18-18 კვ.მ და გადაიხადა 2500-2500 ლარი, ჯამში 5 000 ლარი. მისი ქალიშვილის ქმარმა, ზ.ე–ძემ მისი დავალებით გადაიხადა 5 000 ლარი ბანკში დანიშნულებით: „სარიტუალო მომსახურების თანხა (მიწის გამოყოფა - ბ.ბ–ი)“ (იხ. ტ. 1, ს.ფ. 4-5). მოპასუხემ, მოსარჩელის მითითების საწინააღმდეგოდ, სარჩელზე წარდგენილ შესაგებელში განმარტა, რომ საფლავის შესაძენად თანხა არა მოსარჩელემ, არამედ მან თავად გადასცა ზ.ე–ძეს (იხ. ტ. 1, ს.ფ. 79). აღნიშნულიდან გამომდინარე, დაუსაბუთებელი და საფუძველს მოკლებულია მოპასუხის საკასაციო პრეტენზია სასამართლოს მხრიდან შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევის თაობაზე.

38. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლის თანახმად, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე.

39. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დავალება იმ ხელშეკრულებათა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც დაკავშირებულია სამუშაოს შესრულებასთან, ვინაიდან მარწმუნებელს ზოგჯერ ამა თუ იმ მიზეზით არ შეუძლია უშუალოდ განახორციელოს კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობაში მისი უფლებები და მოვალეობები. მისი საგანია რწმუნებულის მიერ ერთი ან რამდენიმე იმგვარი მოქმედების შესრულება, რომელიც იწვევს ამა თუ იმ შედეგის დადგომას. მარწმუნებელმა რწმუნებულს შეიძლება დაავალოს როგორც იურიდიული, ისე ფაქტობრივი მოქმედების შესრულება. ამასთან, ვინაიდან რწმუნებული მარწმუნებლის სახელითა და მის ხარჯზე მოქმედებს, აღნიშნული მხარეთა შორის ურთიერთობის განსაკუთრებულ ხასიათზე მიუთითებს, რომელიც უნდა ეფუძნება ურთიერთნდობას და საიმედოობას. რწმუნებულის ვალდებულებას წარმოადგენს დავალებული მოქმედების მმართველის გულისხმიერებით წარმოება და მიღწეული შედეგის ადრესატი წარმოდგენილი პირი ხდება. დავალების ხელშეკრულების სპეციალური ფორმა სამოქალაქო კოდექსით დადგენილი არ არის. შესაბამისად, იმავე კოდექსის 69-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, ის ზეპირი ფორმითაც შეიძლება დაიდოს (იხ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მეოთხე, ტომი I, გამომცემლობა „სამართალი“, თბილისი, 2019, 709-ე მუხლის კომენტარი, გვ. 394-396; ასევე, მაგ., სუსგ საქმე Nას-29-2021, 28 მაისი, 2021 წელი; Nას-497-477-2016, 21 აპრილი, 2017 წელი).

40. მოცემულ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღინიშნა, მოსარჩელემ სარჩელში მიუთითა, რომ მისმა სიძემ (მეორე შვილის მეუღლემ) - ზ.ე–ძემ სადავო საფლავების შესაძენი თანხა - 5 000 ლარი ბანკში მისი დავალებით გადაიხადა. ამასთან, სასამართლომ დაადგინა, რომ ზ.ე–ძეს აღნიშნული თანხა სწორედ მოსარჩელემ (მოსარჩელის ოჯახმა) გადასცა. აქედან გამომდინარე, მართებულია სააპელაციო სასამართლოს შეფასება, რომ მათ შორის ადგილი ჰქონდა დავალების სახელშეკრულებო ურთიერთობას ზეპირი ფორმით, რომლითაც უფლებები და მოვალეობების მხოლოდ მოსარჩელეს წარმოეშვა.

41. საკასაციო სასამართლო კასატორის პრეტენზიის საწინააღმდეგოდ მიუთითებს, რომ ზ.ე–ძეს მოსარჩელის დავალების შესაბამისად ბანკში თანხის გადასახდელად მინდობილობის გაფორმება არ ესაჭიროებოდა. ამასთან, ის გარემოება, რომ სადავო საფლავების შეძენის დროისათვის მოსარჩელის შვილი - მ.ქ–ძე ჯერ ცოცხალი იყო, ვერ აბათილებს სასამართლოს დასკვნას საფლავების შესაძენი თანხის მოსარჩელის მიერ გადახდის თაობაზე, ვინაიდან, მართალია, გადახდის დანიშნულებაში მითითებულია შემდეგი - „სარიტუალო მომსახურების თანხა (მიწის ფართის გამოყოფა - ბ.ბ–ი)“, თუმცა ბ.ბ–ძესთან ერთად იმავე დღეს დაიღუპნენ არასრულწლოვანი თ., ა. და ა.ბ–ძეები, რომლებიც მოსარჩელის შვილიშვილები იყვნენ და ეს უკანასკნელი, პირველი მოპასუხის მსგავსად, მათ ჭირისუფალს წარმოადგენდა. შესაბამისად, გასაზიარებელია სააპელაციო სასამართლოს არგუმენტი, რომ გადახდის დანიშნულებაში უბრალოდ გარდაცვლილი სრულწლოვანი პირის სახელი და გვარის მითითება მოხდა.

42. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 28.11.2014წ. N11 დადგენილებით დამტკიცებული „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის ზოგადი წესით” განსაზღვრულია თვითმმართველი ერთეულის – წყალტუბოს მუნიციპალური სასაფლაოების მოწყობისა და მართვის, მოვლა-პატრონობის, სარიტუალო მომსახურების, სასაფლაოების დახურვის, გაუქმების ლიკვიდაციისაა და ახალი სასაფლაოების გახსნის ზოგადი წესები.

43. აღნიშნული წესის მე-4 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, სასაფლაოს მმართველი ვალდებულია საფლავის გაცემისას დაამზადოს და გასცეს საფლავის პასპორტი (მფლობელობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, წესის 2.„ჩ” მუხლი); ხოლო, იმავე მუხლის მე-11 პუნქტის მიხედვით, მუნიციპალურ სასაფლაოზე ადრე გაცემულ საფლავებზე საფლავის პასპორტის დამზადება არის ნებაყოფლობითი და საფლავის მფლობელის იდენტიფიცირების შესაძლებლობის შემთხვევაში, იგი გაიცემა ჭირისუფლის განცხადების საფუძველზე მმართველის მიერ. ამასთან, იმავე წესის მე-2 მუხლის „კ” ქვეპუნქტის თანახმად, ჭირისუფალი – არის გარდაცვლილის ახლო ნათესავი, ან მის სიცოცხლეში ანდერძით ან სხვა რაიმე სახის დოკუმენტით დასახელებული პიროვნება, რომელიც უფლებამოსილია დაკრძალვის ცერემონიის განხორციელებაზე და იხდის მომსახურების ხარჯებს.

44. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ გარდაცვლილი მ.ქ–ძის, ასევე, არასრულწლოვანი ა., ა. და თ.ბ–ძის საფლავების, ასევე, თავისუფალი 18 კვ.მ საფლავის შესაძენი თანხა ზ.ე–ძემ მოსარჩელის (მოსარჩელის ოჯახის) დავალებით გადაიხადა, სწორედ ეს უკანასკნელი გახდა სადავო საფლავების მფლობელი, რაც მასზე, როგორც გარდაცვლილი შვილისა და შვილიშვილების ჭირისუფალზე, აღნიშნული საფლავების პასპორტის (უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი) გაცემის საფუძველია. კასატორს აღნიშნულის საწინააღმდეგო სამართლებრივად ვარგისი პრეტენზია არ წარმოუდგენია.

45. სადავო საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ მიუხედავად წინამდებარე საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებისა, მხარეებს მართებთ გამოიჩინონ კეთილგონიერება და ხელი არ შეუშალონ ერთმანეთს გარდაცვლილი ოჯახის წევრების საფლავების მოვლა-პატრონობაში.

46. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობა, კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

47. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

48. ამდენად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ი.დ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. ი.დ–ს (პ.ნ. ........) დაუბრუნდეს ლ. ბ–ძის (პ.ნ. .......) მიერ 2024 წლის 12 აგვისტოს №1723450555 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი: TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი: 300773150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიზო უბილავა

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე