24 ოქტომბერი, 2024 წელი,
საქმე №ას-851-2024 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ზ.ა–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - მ.ა–ძე (მოსარჩელე) (კანონიერი წარმომადგენელი შ.შ–ძე)
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - ალიმენტის ოდენობის გაზრდა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შ.შ–ძესა (შემდეგში - მოსარჩელის კანონიერი წარმომადგენელი, კანონიერი წარმომადგენელი ან მხარდამჭერი) და ზ.ა–ძეს (შემდეგში - მოპასუხე ან კასატორი) თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილები - ნ.ა–ძე და 1998 წლის 2 მაისს დაბადებული მ.ა–ძე (შემდეგში - მოსარჩელე, მხარდაჭერის მიმღები ან ალიმენტის მიმღები).
2. მოპასუხე და მოსარჩელის კანონიერი წარმომადგენელი ცალ-ცალკე ცხოვრობენ, თავად მოსარჩელე დედასთან ცხოვრობს, იგი შრომისუუნარო, უვადოდ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია, რომლის დიაგნოზია მძიმე გონებრივი ჩამორჩენილობა F72, მნიშვნელოვნად გამოხატული ქცევის პათოლოგიით, რომელიც განსაკუთრებულ და სისტემატურ ყურადღებასა და მკურნალობას მოითხოვს.
3. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილებით, მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეცვლამდე ამ უკანასკნელის სასარგებლოდ მოპასუხეს ყოველთვიურად ალიმენტის, 300 ლარის გადახდა დაეკისრა. სასამართლო გადაწყვეტილების მიღების პერიოდში მოპასუხის ხელფასი თვეში 1 007 ლარს შეადგენდა. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეცვლილა.
4. მოსარჩელეს სისტემატურად მკურნალობა ესაჭიროება, იგი 2-3 თვეში ერთხელ ქ.ბათუმში ექიმთან ვიზიტს საჭიროებს, რაც ექიმთან ვიზიტის ხარჯის გარდა, სატრანსპორტო ხარჯებთანაც არის დაკავშირებული. ალიმენტის მიმღები ყოველდღიურად მედიკამენტურ მკურნალობასაც საჭიროებს.
კანონიერი წარმომადგენლის განმარტებით, მხოლოდ ერთი პრეპარატის - ქცევისა და აგრესიის მარეგულირებელი მედიკამენტის - ნეულეპტილის ღირებულება, 65 ლარს შეადგენს, რაც დაახლოებით თვენახევრის დოზაა. ამასთან, საკვების, ტანსაცმლისა და პირადი მოხმარების საგნების გარდა, ალიმენტის მიმღებს ყოველდღიურად სჭირდება დამატებით ვიტამინები, პირადი ჰიგიენის ნივთები, ნებისმიერ მანძილზე გადაადგილებისას, ის ტაქსით მომსახურებას საჭიროებს, დახმარება და მხარდაჭერა სჭირდება ყოფა-ცხოვრების ყველა სფეროში.
5. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 16 მაისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მოსარჩელე მხარდაჭერის მიმღებ პირად იქნა ცნობილი, ხოლო, კანონიერი წარმომადგენელი - მის მხარდამჭერად.
6. მხარდაჭერის მიმღების დედა (იგივე მხარდამჭერი) არ მუშაობს, შრომისუუნაროო შვილს უვლის, რომელიც დახმარებას საჭიროებს, მასაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები (შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, ბრონქული ასთმის შერეული ფორმა, საშუალო სიმძიმის, ჰორმონოდამოკიდებული, ორჯერ მიოკარდიუმინფარქტ გადატანილი, II ხარისხის სუნთქვის უკმარისობით) აქვს.
მხარდამჭერის მუშაობა მხოლოდ უმნიშვნელო ფიზიკური და ნერვულფსიქიკური დატვირთვის გარეშე, ოპტიმალურ პირობებში არის რეკომენდირებული. ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მხარდამჭერს მნიშნველოვნად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი აქვს დადენილი და თავისი და შვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე დამხმარეს საჭიროებს, რათა ალიმენტის მიმღების მხარდაჭერა, მოვლა და მზრუნველობა სრულყოფილად და ჯეროვნად შეძლოს.
7. კანონიერი წარმომადგენელი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაშია დარეგისტრირებული და ყოველთვიურად 30 ლარის ოდენობით შემწეობას იღებს.
8. მოპასუხე, სს ,,ბ. ჩ. ქ–ში" არის დასაქმებული და ხელფასის სახით ყოველთვიური შემოსავალი ერიცხება, რაც 5 000 ლარს აჭარბებს.
9. მოპასუხეს მეორე ოჯახი აქვს შექმნილი, ჰყავს მეუღლე და ერთი არასრულწლოვანი შვილი, მისი მტკიცებით, გერსაც (ნ.ხ–ძე) მატერიალურ დახმარებას უწევს, თუმცა საქმეზე წარმოდგენილი არ არის რაიმე მტკიცებულება, რომ გერი მამინაცვლის მატერიალურ დახმარებას საჭიროებდა და საკუთარი მშობლებისგან სახსრების მიღება სარჩენს არ შეეძლო.
10. მოსარჩელის ჯანმრთელობა მოპასუხემ შპს „ა.ბ.ს–ში" დააზღვია, დაზღვევის ვადა 2023 წლის 17 აპრილიდან 2024 წლის 29 თებერვლამდე პერიოდს მოიცავდა.
11. თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მხარდაჭერის მიმღები ყოველთვიურად 300 ლარის ოდენობით პენსიას იღებდა.
12. შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დადგენილია, რომ 2023 წლის 28 მარტის მდგომარეობით, მოპასუხის მიერ ხელზე ასაღები შემოსავალი 2022 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 თებერვლის ჩათვლით 70 681.87 ლარს (საშემოსავლო გადასახადის) შეადგენდა, შესაბამისად, მისი საშუალო ყოველთვიური შემოსავალი 5 048.70 ლარი იყო.
13. 2016 წელს, ალიმენტის დაკისრების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მოპასუხის მატერიალური მდგომარეობა დაახლოებით 5-ჯერ გაუმჯობესდა.
14. ალიმენტის გაზრდის მოთხოვნით მოპასუხის წინააღმდეგ მოსარჩელის კანონიერმა წარმომადგენელმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
15. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით:
15.1. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
15.2. სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილის - მოსარჩელის სასარგებლოდ, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტი - 300 ლარი - 600 ლარით გაიზარდა და მისი ოდენობა ყოველთვიურად 900 ლარით განისაზღვრა;
15.3. 2023 წლის 15 მარტიდან მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეცვლამდე, ამ უკანასკნელის სასარგებლოდ, მოპასუხეს, გაზრდილი ალიმენტის - 900 ლარის გადახდა დაეკისრა.
16. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მოპასუხემ გაასაჩივრა.
17. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 28 დეკემბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
17.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-13 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და შემდეგი დასკვნა ჩამოაყალიბა:
ალიმენტის ოდენობის გაზრდის შესახებ სარჩელი დასაბუთებული იყო. ის გარემოება რომ მოპასუხეს საბანკო ვალდებულებები ჰქონდა, ასევე, გერს მატერიალურ დახმარებას უწევდა, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული ალიმენტის შემცირების საფუძველს არ ქმნიდა, მით უფრო იმ გარემოების გათალისწინებით, რომ მოპასუხეს საქმეზე არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც გერისთვის მატერიალური დახმარების გაწევის აუცილებლობას დაადასტურებდა, იმის გამო, რომ მშობლები არ ჰყავდა ან მათგან თავისი სარჩენი სახსრების მიღება არ შეეძლო.
შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 1226-ე მუხლით დადგენილი წესის გათვალისწინებით მოპასუხის, როგორც მამინაცვლის საალიმენტო ვალდებულება გამოირიცხებოდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მოპასუხისთვის დაკისრებული ალიმენტისა და დამატებითი ხარჯის ოდენობა, 900 ლარის ოდენობით, აუცილებელი იყო სრულწლოვანი შრომისუნარო შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდის, კეთილდღეობისა და ჯანმრთელობისათვის (სსკ-ის 1198.1, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1221-ე მუხლები).
18. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ საკასაციო საჩივარი შემოიტანა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება შემდეგი დასაბუთებით მოითხოვა:
სასამართლოს არ გამოურკვევია ის გარემოება, რომ ორი შვილიდან მშობლების განქორწინების შემდეგ მხარდაჭერის მიმღები ბებიამ წაიყვანა და ალიმენტის დაკისრება მანაც არაერთხელ მოითხოვა; მეორე შვილი მამასთან (კასატორთან) დარჩა, რომლის საჭიროებებსაც დღემდე კასატორი უზრუნველყოფს. გარდა ამისა, კასატორი, თავის ამჟამინდელ მეუღლეზე, მათ საერთო შვილზე, გერზე, ასევე ოჯახის სხვა წევრებზე ზრუნავს რაც სოლიდურ მატერიალურ დანახარჯს მოითხოვს.
19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 05 აგვისტოს განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
20. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
21. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება განაპირობა.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ საკასაციო სასამართლოსთვის ისინი სავალდებულოა.
22. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია, თუ რამდენად კანონიერია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, რომლითაც მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ კასატორს ყოველთვიურად დამატებით 600 ლარის, ჯამურად 900 ოდენობით ალიმენტის გადახდა დაეკისრა.
ამდენად, პალატის განხილვის საგანია, თუ რამდენად მართლზომიერია მოპასუხისთვის გაზრდილი ოდენობით ალიმენტის დაკისრება.
ალიმენტის ოდენობის გადიდების საკითხს სსკ-ის 1221.2 მუხლი ეხმიანება, რომლის შინაარსიც ასეთია:
იმ მშობლების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომლებიც ალიმენტს მტკიცე თანხის სახით იხდიან, სასამართლოს უფლება აქვს, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, შეამციროს ან გაადიდოს ალიმენტის ოდენობა.
ალიმენტის გადიდების ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული საფუძველი არაერთხელ გამხდარა საკასაციო სასამართლოს განმარტების საგანი. ამ განმარტებების ძირითადი ნაწილი შემდეგი შინაარსისაა:
კანონის მოხმობილი ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა მუდმივი არ არის. კანონმდებელი დასაშვებად მიიჩნევს სასამართლო გადაწყვეტილებით ალიმენტის ოდენობის შემცირებას ან პირიქით, მის გაზრდას, ხოლო ამის საფუძვლად განიხილავს – ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის ან ალიმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლას. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლაში იგულისხმება ალიმენტის დაკისრების შემდეგ ისეთი ახალი გარემოებების წარმოშობა, რომლებიც აშკარა გავლენას ახდენს ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალურ და ოჯახურ მდგომარეობაზე, მაგალითად, შემოსავლების შემცირება/გაზრდა, ჯანმრთელობის გაუარესება, კმაყოფაზე მყოფი პირების რაოდენობის გაზრდა და სხვა (იხ. სუსგ-ები: №ას-303-290-2015, 13.05.2015; №ას-284-2019, 27.06.2019).
მითითებული საკანონმდებლო დანაწესი გამომდინარეობს თავად ალიმენტის მიზნიდან. კანონი ადგენს მშობლის ვალდებულებას, იზრუნოს თავის შვილზე, რაც გულისხმობს მისი მატერიალურად უზრუნველყოფის მოვალეობას. არასრულწლოვნის რჩენისათვის აუცილებელი მინიმალური ოდენობის დადგენისას გაითვალისწინება მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი, სარჩენი ბავშვის ასაკი, მისი საჭიროებები, ალიმენტის გადამხდელი მშობლის სხვა შვილის (შვილების) არსებობა. შესაბამისად, იმ მშობლის ფინანსური თუ ოჯახური მდგომარეობის შეცვლამ, რომელიც ალიმენტს იხდის, შესაძლოა, განაპირობოს სასამართლოს მიერ ალიმენტის ოდენობაში ცვლილების შეტანა (იხ. სუსგ: №ას-1328-2023, 7.03.2024; №50-2021, 5.03.2021.; №ას-617-585-2014, 30.12.2014).
ამ ნორმის საფუძველზე, ალიმენტის ოდენობის შემცირებისათვის აუცილებელია: ა) მშობელი ალიმენტს იხდიდეს მტკიცე თანხის სახით და ბ) ამ თანხის განსაზღვრის შემდეგ შეიცვალოს მისი მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა. ამავე კოდექსის 1231-ე მუხლის მიხედვით, თუ შეიცვალა ალიმენტის გადამხდელის ან ალიმენტის მიმღების მატერიალური ან ოჯახური მდგომარეობა, ამ თავში მოხსენიებულ პირთათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობის სასამართლო წესით დადგენის შემდეგ სასამართლოს უფლება აქვს, ერთ-ერთი მათგანის სარჩელის საფუძველზე შეცვალოს დადგენილი ალიმენტის ოდენობა. სამოქალაქო კოდექსის 1237-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ალიმენტის გადახდისაგან გათავისუფლება ან ალიმენტის დავალიანების შემცირება შეიძლება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით (იხ. სუსგ: №ას-562-2023, 25.07.2023).
როგორც უკვე აღინიშნა, სასამართლო ალიმენტის ოდენობის დადგენისას ხელმძღვანელობს 1214-ე მუხლში დადგენილი სტანდარტით. იგივე გარემოებები მიიღება მხედველობაში ალიმენტის ოდენობის შემცირების ან საალიმენტო ვალდებულებებისაგან გათავისუფლების შემთხვევებში. შესაბამისად, როგორც ალიმენტის ოდენობის დადგენისას, ისე - მისი ოდენობის ცვლილებისა თუ ალიმენტის გადახდის ვალდებულებისგან სრულად გათავისუფლებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს ვალდებული პირის ეკონომიკური მდგომარეობით და სარჩენი პირის საჭიროებებით. ზოგადად, ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლაში იგულისხმება ალიმენტის დაკისრების შემდეგ ისეთი ახალი გარემოებების წარმოშობა, რომლებიც აშკარა გავლენას ახდენს ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალურ და ოჯახურ მდგომარეობაზე, მაგალითად, შემოსავლების შემცირება, ჯანმრთელობის გაუარესება, კმაყოფაზე მყოფი პირების რაოდენობის გაზრდა ან შემცირება და სხვა (შდრ. სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი VII, გვ 387; 389; თბილისი 2021).
„მტკიცების თვალსაზრისით, ალიმენტის ოდენობის შესახებ სარჩელის აღძვრისას გარემოებათა არსებითად შეცვლის დადასტურება მოსარჩელეს ევალება, ამასთანავე, სასამართლო ყოველთვისაა ვალდებული, დაადგინოს გონივრული თანაფარდობა ალიმენტვალდებული პირის (იხ. სკ-ის 1212-ე მუხლი) რეალურ მატერიალურ მდგომაროებასა და ალიმენტის მიღების უფლების მქონე პირის ინტერესებს შორის და ისე განსაზღვროს მისი ოდენობის საკითხი (იხ. სუსგ: №ას-506-506-2018, 20.09.2018).
23. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს 300 ლარის ოდენობით ალიმენტი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დაეკისრა. სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილების მიღების პერიოდში მოპასუხის ხელფასი თვეში 1 007 ლარს შეადგენდა.
პალატის განსჯით, საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივად შეფასების შედეგად სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ დამატებით 600 ლარის ოდენობით ალიმენტის მოპასუხისთვის დაკისრება კანონიერი და ადეკვატური გადაწყვეტილებაა, რამდენადაც საქმის ფაქტობრივი გარემოებებით დადასტურდა ისეთი წინაპირობების წარმოშობა, რაც ალიმენტის გადიდების საფუძველს ქმნიდა, კერძოდ, პალატას მხედველობაში აქვს წინამდებარე განჩინების 1-13 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც სსსკ-ის 407.2 მუხლის დანაწესიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლოსთვის სავალდებულოა და რომლებიც კასატორს დასაშვები/ან დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის გზით არ გაუქარწყლებია.
ეს გარემოებები იმის მაუწყებელია, რომ ალიმენტის დაკისრების შესახებ 2016 წლის სასამართლო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კასატორის მატერიალური მდგომარეობა არსებითად გაუმჯობესდა, ხოლო გაზრდილი ოდენობით ალიმენტის გადახდა აუცილებელია სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, მოსარჩელის ნორმალური რჩენა-აღზრდის, კეთილდღეობისა და ჯანმრთელობისათვის (სსკ-ის 1198.1, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1221-ე მუხლები).
24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, რადგან კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, შესაბამისად არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
25. რაც შეეხება გასაჩივრებულ საოქმო განჩინებებს, მათი გაუქმების მოთხოვნაც უსაფუძვლოა და აღნიშნული განჩინებების გაუქმების დასაბუთების მიზნით სათანადო არგუმენტაციას არ შეიცავს.
საქმის მასალების, კერძოდ, სასამართლო სხდომის აუდიოჩანაწერის გაცნობის შედეგად საკასაციო პალატამ გამოარკვია, რომ 2023 წლის 19 დეკემბრის სხდომაზე მოპასუხის წარმოამდგენელმა ე.გ–მა რამდენიმე შუამდგომლობა წარადგინა. სახელდობრ, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს საქმში მესამე პირად ჩაბმისა და სააპელაციო საჩივაზე თანდართული დოკუმენტების დართვის შუამდგომლობებთან მიმართებით აღსანიშნავია შემდეგი:
2023 წლის 19 დეკემბრის საოქმო განჩინებაში სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველი დავის საგნის შინაარსის გათვალისწინებით მოცემულ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არ შეიძლებოდა ზეგავლენა მოეხდინა იმ ორგანოს უფლებებსა და ვალდებულებებზე, რომლის ჩაბმის შესახებაც მხარე შუამდგომლობდა. მტკიცებულებათა დართვის შუამდგომლობის აღძვრას მხარე ალიმენტის მიმღები პირის მდგომარეობისა და მისი საჭიროების თაობაზე ინფორმაციის გამოთხოვის მიზანს უკავშირებდა, ამავდროულად, სააპელაციო საჩივაზე თანდართული დოკუმენტების საქმეზე დართვის შუამდგომლობის პირველი ინსტანციის სასამართლოში წარუდგენლობის საპატიო მიზეზზე მოპასუხეს არ მიუთითებია. ამასთან, დასახელებულ დოკუმენტებს მოცემულ საქმესთან შემხებლობა არ ჰქონდათ, კერძოდ, მოპასუხის კმაყოფაზე მყოფი პირის შესახებ ინფორმაციას არ შეიცავდნენ, რაც, ასევე ქმნიდა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის კანონიერ საფუძველს.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, საოქმო განჩინებების ზემომითითებული მოტივაცია შუამდგომლობებთან დაკავშირებით უარის თქმის საკმარის დასაბუთებას შეიცავს, რაც საქმის მასალებიდან გამომდინარე ფაქტობრივი მოცემულობისა და სსსკ-ის 380-382-ე მუხლის შინაარსის გათვალისწინებით სრულადაა გასაზიარებელი.
26. არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
27. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
28. რაც შეეხება იურიდიული დახმარების სამსახურში დასაქმებული ადვოკატისთვის შრომის ანაზღაურების საკითხს, რის შესახებაც საკასაციო შესაგებელში მოსარჩელის წარმომადგენელმა იშუამდგომლა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ, კონკრეტულ შემთხვევაში გამოკვეთილია 90 ლარის ოდენობით სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის სასარგებლოდ იურიდიული დახმარების ხარჯის კასატორის მიერ ანაზღაურების საფუძველი.
ზემომითითებული საკითხის გადაწყვეტისას, საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს კანონის შემდეგ დანაწესს:
სსსკ-ის 47-ე მუხლის 22 მუხლით დადგენილია, რომ იურიდიული დახმარების სახელმწიფოს ხარჯზე გაწევისთვის იურიდიული დახმარების სამსახურში დასაქმებული საზოგადოებრივი ადვოკატისა და მოწვეული საზოგადოებრივი ადვოკატის შრომის ანაზღაურების წესი განისაზღვრება „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით.
დასახელებული კანონის 7.1 მუხლის თანახმად, თუ სასამართლომ სამოქალაქო ან ადმინისტრაციული საქმის განხილვისას გადაწყვეტილება გამოიტანა იურიდიული დახმარებით მოსარგებლე პირის სასარგებლოდ, იურიდიული დახმარების ხარჯების ანაზღაურება ეკისრება მოწინააღმდეგე მხარეს იურიდიული დახმარების სამსახურის სასარგებლოდ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ვინაიდან წინამდებარე განჩინებით მოცემულ საქმეზე კასატორის მოწინააღმდეგე მხარის (რომელიც იურიდიული დახმარებით მოსარგებლეა) სასარგებლო შედეგია მიღწეული, კასატორისთვის სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის სასარგებლოდ ხარჯის დაკისრების მოთხოვნა სამართლებრივად დასაბუთებულია, რომლის ოდენობაც, „რეესტრის ადვოკატთა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალწარმოების საქმეში ჩართვის პროცედურისა და შრომის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ იურიდიული დახმარების საბჭოს 2015 წლის 3 აპრილის №18 გადაწყვეტილების მე-17 მუხლისა და №10 დანართის შესაბამისად, 90 ლარით უნდა განისაზღვროს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ.ა–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ზ.ა–ძეს (პ/ნ ......) სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის სასარგებლოდ დაეკისროს იურიდიული დახმარების ხარჯის - 90 ლარის გადახდა;
3. ზ.ა–ძეს (პ/ნ ......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ე.გ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 240 ლარისა (საგადახდო დავალება #8636, გადახდის თარიღი - 27.05.2024) და 60 ლარის (საგადახდო დავალება #97, გადახდის თარიღი - 29.07.2024), ჯამურად 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
გიზო უბილავა