საქმე №ას-534-2024 8 ნოემბერი, 2024 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე,
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – თ.გ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ნ.დ–ძე (მოსარჩელე)
შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი - ნ.დ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - თ.გ–ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ხელშეკრულების დადებულად ცნობა, საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ.დ–ძის (შემდეგში: მოსარჩელე ან შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი) სარჩელი თ.გ–ძის (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) წინააღმდეგ, ხელშეკრულების დადებულად ცნობისა და საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრედ ცნობის თაობაზე, დაკმაყოფილდა; დადებულად იქნა ცნობილი 1968 წლის 23 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულება ს.გ–ძესა და ნ.დ–ძეს შორის; ნ.დ–ძის უფლებამონაცვლე ნ.დ–ძე (მოსარჩელე) ცნობილ იქნა ქ. თბილისში, .......... მდებარე, საჯარო რეესტრში N......... საკადასტრო კოდით თ.გ–ძის (მოპასუხე) საკუთრებად რეგისტრირებული წილიდან შენობა-ნაგებობა N8-ის (კერძოდ - 19,58 მ2 და მისი დაშენების - 15,62 მ2 ფართის) და შენობა-ნაგებობა N3-ის (კერძოდ - 4,74 მ2-ისა და მისი დაშენების, 5.34 მ2 ფართის) მესაკუთრედ და განხორციელდა შესაბამისი რეგისტრაცია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.
2. საქალაქო სასამართლომ „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში: სპეციალური კანონი) პირველ, მეორე და მესამე მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილია სადავო საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრის მიერ 1968 წელს შედგენილი ხელწერილი, რომლითაც მესაკუთრე საცხოვრებელი სადგომის გაყიდვის შედეგად მიღებული ღირებულების - 2 500 მანეთის - მიღებას ადასტურებს. ამასთან, მოპასუხე ადასტურებს, რომ სადავო საცხოვრებელი სადგომის მყიდველი ნ.დ–ძე 1968 წლიდან გარდაცვალებამდე, ე. ი. 1992 წლის 23 თებერვლამდე, მუდმივად ცხოვრობდა სადავო საცხოვრებელ სადგომში და იხდიდა კომუნალურ გადასახადებს. მოპასუხემ დაადასტურა ასევე, რომ ნ.დ–ძის მეუღლე, გ.დ–ძე, დღემდე განაგრძობს სადავო საცხოვრებელ სადგომში ცხოვრებას ნ.დ–ძის მემკვიდრესა და შესაბამისად უფლებამონაცვლე ნ.დ–ძესთან (მოსარჩელე) ერთად.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილების 1.1. და 1.2. პუნქტები და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; დადებულად იქნა ცნობილი 1968 წლის 23 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულება ს.გ–ძესა და ნ.დ–ძეს შორის; ნ.დ–ძის უფლებამონაცვლე ნ.დ–ძე ცნობილ იქნა ქ. თბილისში, ....... მდებარე, საჯარო რეესტრში N.......საკადასტრო კოდით მოპასუხის საკუთრებად რეგისტრირებული წილიდან შენობა-ნაგებობა N8-ის - 19,58 მ2-ის და შენობა-ნაგებობა N3-ის - 4,74 მ2-ის მესაკუთრედ და განხორციელდა შესაბამისი რეგისტრაცია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. დანარჩენ ნაწილში (დაშენების ფართი - N8 შენობა-ნაგებობის 15,62 მ2 და N3 შენობა-ნაგებობის 5.34 მ2) მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტები დარჩა უცვლელად.
4. სააპელაციო სასამართლომ საქმის შესწავლის შედეგად დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელისა და მოპასუხის მამკვიდრებლებს - ს.გ–ძესა და ნ.დ–ძეს შორის არსებობდა ნასყიდობის სამართალურთიერთობა სპეციალური კანონის მიზნებიდან გამომდინარე.
5. დადგენილია, რომ 2022 წლის 7 ივლისის სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ - N8 შენობა-ნაგებობის პირველი სართულის ფართის ნაწილში. აღნიშნულის თაობაზე მხარემ ასევე მიუთითა სააპელაციო საჩივარში.
6. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ კანონის მიზნებიდან გამომდინარე, მოსარგებლე არის პირი, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან პირი, რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგება უნდა დასტურდებოდეს შემდეგი გარემოებით/გარემოებებით: სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაცია, კომუნალური გადასახადების გადახდა ან/და მესაკუთრისათვის გარკვეული საფასურის გადახდა. ნიშანდობლივია ისიც, რომ კანონი აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან 1997 წლის 25 ნოემბრამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომლებიც სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს.
7. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია ს.გ–ძის მიერ 1968 წლის 23 იანვარს შედგენილი ხელწერილი (დედანი), რომლის თანახმადაც, ს.გ–ძემ ნ.დ–ძისგან მიიღო ქ. თბილისში, ........ მდებარე ორი ოთახის ღირებულება 2 500 მანეთის ოდენობით (ტ. 1, ს. ფ. 115). გარდა მითითებული ხელწერილისა, საქმის მასალებით კერძოდ, საცხოვრებელი სადგომის კომუნალური გადასახადების გადახდის დამადასტურებელი ქვითრებით, ასევე ს.გ–ძის მიერ 1980 წლის 20 თებერვალს გაცემული წერილობითი თანხმობით (ს.გ–ძე, როგორც „სახლის პატრონი“ წინააღმდეგი არ იყო მოქალაქე ნ.დ–ძე გადმოწერილიყო ........ ქუჩა N12-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მისამართზე) დგინდება, რომ სადავო საცხოვრებელი სადგომის მისამართზე ჩაწერილი იყო და მუდმივად ცხოვრობდა მოსარჩელის მამკვიდრებელი ნ.დ–ძე და მისი ოჯახი (იხ. ტ.1, ს.ფ. 34-44).
8. ზემოაღნიშნულ გარემოებათა ერთობლივად შეფასების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეთა შორის ურთიერთობა უნდა შეფასდეს, როგორც ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობა.
9. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია სამზარეულოს ფართის მიშენებასთან მიმართებით, რომლის თანახმადაც აღნიშნული არ წარმოადგენს მიშენებას და შესაბამისად არ არსებობდა მისი მოსარჩელისათვის მიკუთვნების საფუძველი. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, აპელანტი ვერ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მითითებული ფართი დაკავებული იქნა თვითნებურად, აღნიშნულის საწინააღმდეგოდ დგინდება, რომ სამზარეულოს ფართი არსებობს და ამ ფართით დღემდე სარგებლობს მოსარჩელე.
10. სააპელაციო სასამართლომ, ასევე, არ გაიზიარა აპელანტის შედავება, რომ ნ.დ–ძე არ იყო მოსარგებლე და ის იყო დამქირავებელი, რის შემდეგაც ცხოვრობდა სხვა მისამართზე. ს.გ–ძის გარდაცვალების შემდეგ, მოსარჩელემ შეწყვიტა ქირის გადახდა და ფაქტობრივად დარჩა მითითებულ მისამართზე.
11. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, იმ პირობებში, როდესაც საქმეში წარმოდგენილია სადგომის მესაკუთრის მიერ 1968 წელს შედგენილი ხელწერილი, რომლითაც მესაკუთრე საცხოვრებელი სადგომის გაყიდვის შედეგად თანხის - 2 500 მანეთის - მიღებას ადასტურებს, მოპასუხეს ქირავნობის ურთიერთობის არსებობის თაობაზე, სარწმუნო მტკიცებულებების წარმოდგენა ევალებოდა, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია და მოპასუხე ამის თაობაზე მხოლოდ ზეპირი მითითებით შემოიფარგლა, რის გამოც დასახელებული არგუმენტი სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა.
12. სააპელაციო სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგება, თავისი შინაარსით, არატიპურ სახელშეკრულებო ურთიერთობას წარმოადგენს და იგი საბჭოთა სინამდვილეში ფაქტობრივი ქონებრივი ურთიერთობის სახით არსებობდა. ეს სახელშეკრულებო ურთიერთობა შეიცავსსხვადასხვა გარიგების ნიშნებს (ქირავნობა, სესხი, გირავნობა), თუმცა, ამავდროულად რადიკალურად განსხვავდება მათგან თავისი შინაარსით და სპეციფიკური პირობებით, კერძოდ, მისი არსებობისას: მოსარგებლე მესაკუთრეს ერთჯერადად უხდიდა გარკვეული რაოდენობის თანხას ფართის სარგებლობაში მიღების სანაცვლოდ, ამასთან, მესაკუთრეს ყოველთვიურად უხდიდა ბინის ქირასაც; მოსარგებლე რეგისტრირდებოდა საცხოვრებელ ფართში და იხდიდა კომუნალურ გადასახადებს; მესაკუთრის მიერ თანხის დაბრუნების შემთხვევაში მოსარგებლე ვალდებული იყო, გამოეთავისუფლებინა დაკავებული ფართი, თუმცა ხშირ შემთხვევებში, მესაკუთრე თანხას ვერ აბრუნებდა, ურთიერთობა ხანგრძლივ ხასიათს იღებდა და უფლება მემკვიდრეებზე გადადიოდა; მესაკუთრის მიერ საცხოვრებელი სადგომის მფლობელობის უფლების გადაცემა მოსარგებლეზე ფაქტობრივად ხდებოდა „სამუდამოდ“, ანუ ეს ურთიერთობა არ ატარებდა დროებით (ხანმოკლე) ხასიათს; ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარგებლე იძენდა დათმობილი სარგებლობის უფლების გასხვისების შესაძლებლობასაც, რაც მოსარგებლეთა შეცვლას იწვევდა. ამ სპეციფიკური ნიშნებიდან გამომდინარე, ხელშეკრულების სუბიექტთა სამართლებრივი მდგომარეობის მოწესრიგება მსგავსი ხელშეკრულებების (ქირავნობა, სესხი, გირავნობა) ნორმებით შეუძლებელი იყო და კანონმდებელმაც სპეციალური კანონით მოწესრიგებას დაუქვემდებარა. ამასთან, ამ კანონით რეგულირდება მხოლოდ ის ურთიერთობები, რომლებიც ზემოთ დასახელებულ ნიშნებს უტყუარად შეიცავენ, შესაძლებელია ეს ნიშნები არსებობდეს კუმულატიურადაც ან მხოლოდ ზოგიერთი მათგანის სახითაც (იხ. სუსგ N ას-1115-1072-2016, 17.12.2017 წ.).
13. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეთა შორის წერილობითი ფორმით დადებული ქირავნობის ხელშეკრულება საქმეში არ არსებობს, ხოლო სადავო ფართზე მფლობელობა მოსარჩელის მამკვიდრებელს უვადოდ, „სამუდამოდ“ ჰქონდა გადაცემული, რაც მისი მხრიდან დამქირავებლის სტატუსის ქონას გამორიცხავს.
14. სააპელაციო სასამართლომ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ხელწერილი ადასტურებს მხარეთა მიერ ნების გამოვლენის ფაქტს. 1968 წლის 23 იანვრის ხელწერილი, თავისი შინაარსით, ადასტურებს მხარეთა მამკვიდრებლებს (ს.გ–ძესა და ნ.დ–ძეს) შორის სპეციალური კანონით გათვალისწინებული ნასყიდობის ხელშეკრულების დადების ფაქტს.
15. მოცემულ მსჯელობას ამყარებს ისიც, რომ სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საინფორმაციო ბარათის თანახმად, მოსარჩელე და მისი დედა გ.დ–ძე, სადავო საცხოვრებელი სადგომის მისამართზე - ყოფილი ........ ქ.N12, ამჟამინდელი ........ ქუჩა N12 - რეგისტრირებული არიან - 1995 წლის 2 დეკემბრიდან (ტ. 1, ს. ფ. 202-205). ამასთან, დადგენილია ისიც, რომ ........ ქუჩა N12-ში მდებარე უძრავი ქონების გადასახადების გადამხდელად რეგისტრირებულია ნ.დ–ძე, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი კომუნალური გადახდის ქვითრებით.
16. “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონით მოსარგებლედ მიიჩნევა პირი, რომელიც კანონის მიღების მომენტისთვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო ფორმის დაცვის გარეშე დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან მფლობელობის უფლება მიღებული აქვს საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციული აქტით. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულება შეფასდა, როგორც ფორმადაუცველი ნასყიდობის ხელშეკრულება, ნ.დ–ძე რეგისტრირებული იყო სადავო მისამართზე და წარმოადგენდა კომუნალური მომსახურების აბონენტს, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება, რომ სახეზეა გარიგება საცხოვრებელი სადგომის დათმობის შესახებ, რაც მტკიცებულებათა ერთობლიობით წარმოშობს მოსარგებლის (ნ.დ–ძის) უფლებამონაცვლის - მოსარჩელე ნ.დ–ძის უფლებას, ქ. თბილისი, ........ ქ. N12-ში მდებარე, საჯარო რეესტრში N....... საკადასტრო კოდით თ.გ–ძის საკუთრებად რეგისტრირებული წილიდან შენობა-ნაგებობა N8-ის, კერძოდ - 19,58 მ2 და შენობა- ნაგებობა N3-ის კერძოდ - 4,74 მ2 ფართზე ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობისა და საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის.
17. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება დაშენების ფართების - N8 შენობა-ნაგებობის 15,62 მ2-სა და N3 შენობა-ნაგებობის 5.34 მ2-ის, ნაწილში მოსარჩელის მესაკუთრედ ცნობის თაობაზე.
18. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ზემოაღნიშნული ფართის ნაგებობები დატანილია 2017 წლის 22 თებერვლის ნახაზზე, რომელიც შესრულებულია თ.გ–ძის აზომვით ნახაზებზე. ასევე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკადასტრო გეგმაზე (იხ. ტ. 1, ს. ფ. 24-28). სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების, მათ შორის, მოწმეთა ჩვენებების შეფასების შედეგად დადგენილად მიიჩნია, რომ ს.გ–ძემ საცხოვრებელ ფართთან ერთად მყიდველებს დაუთმო ასევე საცხოვრებელი სადგომის გვერდით, 90 სანტიმეტრში არსებულ მიწის პატარა ნაკვეთი, რომელზეც მოაწყვეს სამზარეულო. მოწმე გ.დ–ძის ჩვენების საფუძველზე სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ნ.დ–ძემ თავდაპირველ საცხოვრებელ სადგომს მანსარდა ს.გ–ძესთან შეთანხმებული სიმაღლით დააშენა, ასევე აშენდა საცხოვრებელი ფართის კუთვნილი სამზარეულოს მიშენებაც.
19. აპელანტმა მიუთითა, რომ საცხოვრებელი სადგომი - შენობა-ნაგებობა N8 არის ერთსართულიანი 19,58 კვ.მ და მას არ გააჩნია 15,62 კვ.მ ფართობის მანსარდი. ასევე არ გააჩნია 5,34 კვ.მ ფართობის მანსარდა N3 შენობა-ნაგებობას.
20. განსახილველ შემთხვევაში N8 შენობის - 15,62 კვ.მ-ს და N3 შენობის 5,34 კვ.მ. ფართებთან დაკავშირებით აპელანტი მიუთითებდა, რომ აღნიშნული ფართები არ წარმოადგენს მანსარდის ტიპის შენობას, რაზეც უთითებდა მოსარჩელე, არამედ შენობის სახურავს შეეცვალა დანიშნულება და მოეწყო საცხოვრებელი ფართი. სახურავის ამაღლებისა და საცხოვრებელი ფართის მოწყობის შესახებ გარემოება, საქმის ზეპირი განხილვისას დაადასტურა ასევე მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმაც (თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ოქტომბრის სხდომის ოქმი).
21. მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილების პირველი მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, 1. მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესი და პირობები (შემდგომში – წესი) აზუსტებს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის (შემდეგში – კოდექსი) მოთხოვნებს და იგი განმარტებული და გამოყენებული უნდა იქნეს ამ მოთხოვნათა შესაბამისად. 2. ეს წესი განსაზღვრავს: ა)იმ შენობა-ნაგებობათა კლასებს და მშენებლობის სახეებს, რომელიც ექვემდებარება მშენებლობის შეტყობინებას, გარდა V კლასის შენობა-ნაგებობისა; ბ) სანებართვო დოკუმენტაციის შემადგენლობას, მათი შედგენისათვის წინასაპროექტო კვლევის ჩატარების წესსა და პირობებს; გ) სანებართვო პირობებს, მათი შესრულების პროცესს; დ) შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისათვის ვარგისად აღიარების წესსა და პირობებს. დადგენილების მე-5 მუხლის (შენობა-ნაგებობების კლასებისა და მშენებლობის სახეების განსაზღვრის წესი, შენობის ნაწილები და მახასიათებლები) მე-13 პუნქტის თანახმად კი, მანსარდის სიმაღლე არის იატაკის ძირითადი კონსტრუქციის ზედა ნიშნულსა და ჭერის კონსტრუქციის ქვედა ზედაპირს შორის არსებული საშუალო მანძილი.
22. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების (დამტკიცებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით) მე-4 მუხლის პირველი ნაწილის „მ“ პუნქტის თანახმად, მანსარდა არის — საცხოვრებლად/სამყოფად გამოყენებული სხვენი, რომლის სახურავის სიბრტყისა და ფასადის გადაკვეთის ხაზი არ შეიძლება იყოს სხვენის იატაკის გეგმარებითი ნიშნულიდან 1,6 მეტრზე მეტ სიმაღლეზე.
23. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტებით და საჯარო რეესტრის ამონაწერით არ დასტურდება, რომ ზემოაღნიშნული სადავო ფართები წარმოადგენს მანსარდის/სხვენის ტიპის შენობებს. საჯარო რეესტრის ჩანაწერებში და აზომვით ნახაზში, სადავო მისამართზე მდებარე ფართი რეგისტრირებულია როგორც ერთსართულიანი შენობა-ნაგებობა. შესაბამისად, დაშენების ფართებზე, რომელზედაც მოსარჩელე მიუთითებს, არ არსებობს შესაბამისი სტატუსის განმსაზღვრელი დოკუმენტაცია და, მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხემაც დაადასტურა სახურავსა და საცხოვრებელ სივრცეს შორის საცხოვრებელი ფართის მოწყობის შესახებ გარემოება, აღნიშნული არ წარმოშობს მოსარჩელის მიერ მითითებული დაშენების ფართებზე (#8 შენობიდან 15.62 კვ.მ. და #3 შენობის 5.34 კვ.მ.) მოსარგებლის სტატუსისა და შესაბამისად საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველს.
24. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
24.1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხემ საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა (მოსარჩელისათვის შენობა-ნაგებობა #3-ის მიკუთვნების ნაწილში) და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვა, გარდა შენობა-ნაგებობა #8-ის 19.58 კვ.მ-სა.
24.2. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელემ საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა (#8 შენობიდან 15.62 კვ.მ. და #3 შენობის 5.34 კვ.მ. მიკუთვნებაზე უარის თქმის ნაწილში) და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
24.3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 2 მაისის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩა (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 63-ე მუხლი).
24.4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 31 მაისის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
24.5. მოსარჩელემ, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ჩაბარებიდან, კანონით დადგენილ ვადაში, შეგებებული საკასაციო საჩივარი წარადგინა საკასაციო საჩივრის უსაფუძვლოდ მიჩნევის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებისა და სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით.
24.6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ივნისის განჩინებით მოსარჩელის შეგებებული საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
24.7. კასატორის განმარტებით, სპეციალური კანონი საცხოვრებელ სადგომზე ვრცელდება, სასამართლომ კი კანონის მოქმედება არასაცხოვრებელ სადგომზეც გაავრცელა, რაც არასწორია;
24.8. კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ნაწილობრივ უნდა გაუქმებულიყო, რადგან სარჩელი ნაწილობრივ უარყოფილ იქნა;
24.9. მოპასუხის საკასაციო პრეტენზია საპროცესო ხარჯების განაწილებას შეეხება და მას უსამართლოდ მიიჩნევს. კასატორის განმარტებით, საქალაქო სასამართლოს მიერ მისთვის დაკისრებული იურიდიული მომსახურების ხარჯის - 500 ლარის ანაზღაურება, დავის საგნის არაპროპორციულია.
24.10. შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, უსაფუძვლოა მოპასუხის საკასაციო საჩივარი, ამასთან ნაწილობრივ დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, კერძოდ ის დასკვნა, რომ სადავო შენობას მანსარდა არ აქვს, ამგვარი ფაქტი საქმის მასალებით არ დასტურდება;
24.11. შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სპეციალური კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად საცხოვრებელი სადგომი არის საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი, მოსარგებლის მიერ განხორციელებული მიშენება-დაშენების ჩათვლით, იმ მიწის ნაკვეთთან ერთად, რომლის არსებითი შემადგენელი ნაწილიც ის არის. შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, მისი საკასაციო პრეტენზია უპირისპირდება მოპასუხის საკასაციო საჩივარს და საფუძველს აცლის მას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, მხარეთა ახსნა-განმარტებების შეფასების, მოპასუხის საკასაციო საჩივრისა და მოსარჩელის შეგებებული საკასაციო საჩივრის სამართლებრივი დასაბუთებულობის არსებითად განხილვის გზით შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელის შეგებებული საკასაციო საჩივარი აბათილებს მოპასუხის საკასაციო განაცხადის მოთხოვნას, რის გამოც ეს უკანასკნელი (მოპასუხის საკასაციო საჩივარი) არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მოსარჩელის შეგებებული საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
25. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხოლოდ მოპასუხეს დასაბუთებული საკასაციო შედავება აქვს წარმოდგენილი, ამასთან, საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სავსებით საკმარისია სადავო სამართალურთიერთობის შეფასებისათვის, არ ქმნის საქმის ხელახლა განსახილველად (ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად ან სხვა მტკიცებულებების ხელახლა გამოსაკვლევად) ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნების სსსკ-ის 412-ე მუხლით გათვალისწინებულ პროცესუალურ საფუძველს და, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებათა სამართლებრივი შეფასების გზით, შესაძლებელია ახალი გადაწყვეტილების მიღება საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე.
26. სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები.
27. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში უთითებს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.
28. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
29. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან). მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64) - შეად. სუსგ-ებს N ას-1298-2018; 22.03.2019წ; N ას-1329-2018, 22.02.2019წ; N ას-1610-2019, 07.02.2020წ; N ას-804-2019, 19.03.2021წ; N ას-1133-2019, 30.07.2021წ; N ას-754-2021, 02.12.2021წ; N ას-1126-2023, 20.12.2023წ; N ას-1208-2023, 20.12.2023წ.).
30. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, საცხოვრებელ სადგომზე ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობა და საცხოვრებელი სადგომის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნა სპეციალური კანონის პირველი (ეს კანონი აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან 1997 წლის 25 ნოემბრამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომლებიც სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს), მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის (მოსარგებლე – პირი, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან პირი, რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით), მე-3.1 (მოსარგებლე, რომელმაც მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადო წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება და რომელიც არანაკლებ 30 წლის განმავლობაში უწყვეტად ფლობს საცხოვრებელ სადგომს, უფლებამოსილია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობა (ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობის შესახებ სარჩელი), მე-3.2 (ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება საჯარო რეესტრში შესაბამისი რეგისტრაციის განხორციელების საფუძველია) და მე-5.2 მუხლებიდან (საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგება უნდა დასტურდებოდეს შემდეგი გარემოებით/გარემოებებით: სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაცია, კომუნალური გადასახადების გადახდა ან/და მესაკუთრისათვის გარკვეული საფასურის გადახდა) გამომდინარეობს.
31. სპეციალური კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინში „მოსარგებლედ“ მოიაზრება პირი, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობდა საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან პირი, რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ამ მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საცხოვრებელი სადგომი ეს არის საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი, მოსარგებლის მიერ განხორციელებული მიშენება-დაშენების ჩათვლით, იმ მიწის ნაკვეთთან ერთად, რომლის არსებითი შემადგენელი ნაწილიც ის არის; „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულებაა – წერილობითი საბუთი/საბუთები, რომლითაც/რომლებითაც მესაკუთრე ადასტურებს საცხოვრებელი სადგომის გაყიდვის ნებას და ნასყიდობის ფასის მიღებას. ამ მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები თანაბრად ვრცელდება მესაკუთრესა და მოსარგებლეზე, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებზე (სუსგ №ას-1017-2023, 13.10.2023 წ.).
32. საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობას, რომ საკუთრების უფლება საცხოვრებელი სადგომის მიშენება-დაშენებაზე არ უნდა გავრცელდეს (იხ. ამ გადაწყვეტილების 23-ე პუნქტი) და კასატორის (მოპასუხე მხარის) ყურადღებას მიაქცევს სპეციალური კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, საცხოვრებელი სადგომი არის საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი, მოსარგებლის მიერ განხორციელებული მიშენება-დაშენების ჩათვლით, იმ მიწის ნაკვეთთან ერთად, რომლის არსებითი შემადგენელი ნაწილიც ის არის. აღნიშნული ნორმის მიზნებიდან გამომდინარე, საცხოვრებელი სადგომი მოიცავს მოსარგებლის სარგებლობაში არსებულ შენობა ნაგებობას, მათ შორის, მასზე განხორციელებულ მიშენება -დაშენებას და იმ მიწის ნაკვეთს, რომელზედაც უშუალოდ დგას საცხოვრებელი სადგომი.
33. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით დადასტურებულია, რასაც ვერც კასატორი (მოპასუხე) აბათილებს, რომ ს.გ–ძის მიერ 1968 წლის 23 იანვარს შედგენილი ხელწერილის (დედანი), თანახმად ს.გ–ძემ ნ.დ–ძისგან მიიღო ქ. თბილისში, ........ ქუჩა N12-ში მდებარე ორი ოთახის ღირებულება 2 500 მანეთის ოდენობით (ტ. 1, ს. ფ. 115). გარდა მითითებული ხელწერილისა, საქმის მასალებით კერძოდ, საცხოვრებელი სადგომის კომუნალური გადასახადების გადახდის დამადასტურებელი ქვითრებით, ასევე ს.გ–ძის მიერ 1980 წლის 20 თებერვალს გაცემული წერილობითი თანხმობით (ს.გ–ძე, როგორც „სახლის პატრონი“ წინააღმდეგი არ იყო მოქალაქე ნ.დ–ძე გადმოწერილიყო ........ ქუჩა N12-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მისამართზე) დგინდება, რომ სადავო საცხოვრებელი სადგომის მისამართზე ჩაწერილი იყო და მუდმივად ცხოვრობდა მოსარჩელის მამკვიდრებელი ნ.დ–ძე და მისი ოჯახი (იხ. ტ.1, ს.ფ. 34-44).
34. საკასაციო სასამართლო სწორედ იმიტომ, რომ სარჩელის საფუძვლიანობა დადასტურებულია და მას მოპასუხე ვერ აბათილებს, სრულად უარყოფს მოპასუხის საკასაციო საჩივარს და აკმაყოფილებს მოსარჩელის შეგებებულ საკასაციო საჩივარს. არ არსებობს არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი წინაპირობა იმისა, რომ მხოლოდ #8 და #3 საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცეს მოსარჩელეს და სხვა სამართლებრივი რეჟიმი გავრცელდეს იმ მიშენება-დაშენებაზე, რაც ამ ფართებზე განხორციელდა. სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებს (დამტკიცებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით) დააფუძნა, რაც მოცემული დავისთვის არ წარმოადგენს მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის განმსაზღვრელს, განსახილველი დავა სპეციალური კანონის მოწესრიგების ფარგლებშია, რომელიც სავსებით საკმარისად განსაზღვრავს საქმეზე დასადგენ ფაქტობრივ გარემოებებს და დადგენილ გარემოებათა შესაფასებლად კონკრეტულ სამართლებრივ კონსტრუქციებს ადგენს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად. ამდენად საკასაციო სასამართლო კასატორის არაძირითად არგუმენტებზე აღარ იმსჯელებს (იხ., „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“ (N7932/03); Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
35. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თავად მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს დადგენილი აქვს საქმის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება, რომელთა მიხედვით საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის შეგებებული საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად, კერძოდ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლით (სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში) სარჩელი სრულად უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, მოპასუხის საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ დაკმაყოფილდა საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით.
36. მხარეები სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებული არიან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 411-ე, 399-ე, 372-ე, 264.3-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. თ.გ–ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ნ.დ–ძის შეგებებული საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლით (ნ.დ–ძის უფლებამონაცვლის ნ.დ–ძის სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში) მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
4. ნ.დ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს სრულად;
5. ნ.დ–ძის უფლებამონაცვლე ნ.დ–ძე ცნობილ იქნეს ქ. თბილისში, ........ ქ. N 12-ში მდებარე, საჯარო რეესტრში N ........ საკადასტრო კოდით თ.გ–ძის საკუთრებად რეგისტრირებული წილიდან დაშენების ფართი _ N 8 შენობა-ნაგებობის 15,62 კვ.მ-ისა და N 3 შენობა-ნაგებობის 5, 34 კვ.მ-ის მესაკუთრედ;
6. დანარჩენ ნაწილში (ნ.დ–ძის სასარგებლოდ დაკმაყოფილებული სარჩელის ნაწილში) უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება;
7. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი
მ. ერემაძე