საქმე №ას-1309-2024 13 დეკემბერი, 2024 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – სს „ს.კ.ი.ე.“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ.ყ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებით თ.ყ–ის (შემდეგში: მოსარჩელე ან დასაქმებული) სარჩელი სს „ს.კ.ი.ე“-ის (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან სადაზღვევო კომპანია) მიმართ, ზიანის ანაზღაურების თაობაზე, დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 4 919,72 ლარის გადახდა დაეკისრა.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ივლისის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება;
3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები:
3.1. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის, 2022 წლის 1 ივნისს, დაიდო N7173789 საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, მსესხებელზე გაიცა კრედიტი 80 414,44 ლარის ოდენობით. მხარეთა შორის ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა 03/05/2041 წლამდე, საპროცენტო განაკვეთი - ფიქსირებული 02/06/2023 წლამდე - 12,30%-ის ოდენობით, ხოლო, 02/06/2023 წლიდან რეფინანსირების განაკვეთს + 3,80%-დან 12,30%-მდე ოდენობით; საკრედიტო შენატანის დაზღვევის მართვის საკომისიო ყოველთვიურად - 16,26 ლარი, სიცოცხლის დაზღვევის საკომისიო - კრედიტის წლიური თანხის 0,45%.
3.2. მოპასუხესა და სს „ს.ბ–ს“ შორის დადებული ბანკის საკრედიტო პორტფელის დაზღვევის პირობების შესაბამისად, დაზღვეულია ბანკის საკრედიტო პროფილი, რომელიც მოიცავს კრედიტების დავალიანებებს, რომლის თაობაზე დადებული საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე კლიენტი იხდის საკრედიტო შენატანის დაზღვევის საკომისიოს. კლიენტის მიერ საკრედიტო შენატანის დაზღვევის საკომისიო გადაიხდება საკრედიტო შენატანის გადაუხდელობის რისკზე ბანკის მიერ კლიენტის დავალიანების დაზღვევის უზრუნველსაყოფად.
3.3. დაზღვევის იმავე პირობების 3.1. პუნქტის მიხედვით, სადაზღვევო რისკად განისაზღვრა საკრედიტო პორტფელში შემავალ კრედიტებზე საკრედიტო შენატანის გადაუხდელობა, რომელიც გამოწვეულია:
3.1.1. კლიენტის სამუშაოს იძულებითი (არა კლიენტის სურვილით/ნებით განპირობებული) დაკარგვის (საქართველოს შრომის კოდექსით ან საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით დადებული 3 ხელშეკრულების შეწყვეტა) შედეგად გამოწვეული კლიენტის უმუშევრობით, რომელიც 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღეზე მეტი ხნით გრძელდება და რომლის საფუძველია: 3.1.1.1. ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომელიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას; 3.1.1.2. კლიენტის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობა მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან; 3.1.1.3. სასამართლო განაჩენის ან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა, რომელიც სამუშაოს შესრულების შესაძლებლობას გამორიცხავს; 3.1.1.4. დამსაქმებელი ფიზიკური პირის (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმის) გარდაცვალება; 3.1.1.5. დამსაქმებელი იურიდიული პირის ლიკვიდაციის წარმოების დაწყება; 3.1.2. უბედური შემთხვევის შედეგად კლიენტის შრომისუნარიანობის მუდმივი სრული დაკარგვა. იმავე შეთანხმების 4.1. ქვეპუნქტის თანახმად, განისაზღვრა სადაზღვევო ანაზღაურების მაქსიმალური ოდენობა, კერძოდ, სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, ანაზღაურდება სადაზღვევო შემთხვევის დადგომის მომენტიდან არაუმეტეს მომდევნო 6 (ექვსი) თვის მანძილზე კონკრეტული კრედიტის კლიენტის (რომლის მიერ აღებული კრედიტის მიმართაც დადგა სადაზღვევო შემთხვევა) მიერ გადასახდელი საკრედიტო შენატანები/საკრედიტო შენატანების შესაბამისი წილი (საკრედიტო შენატანის დაზღვევის საკომისიოს გარდა), მაგრამ არაუმეტეს სადაზღვევო შემთხვევის შედეგად კლიენტის მიერ დაკარგული მედიანური თვის შემოსავლისა.
3.4. შპს „ი.ტ.ს–ის“ 2022 წლის 30 დეკემბრის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ N301222 ბრძანების თანახმად, ორგანიზაციის თანამშრომელ მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულება შეწყდა და იგი, საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში - სშკ-ი) 47-ე მუხლის 1- ელი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა. მოსარჩელეს 2023 წლის 17 იანვრის წერილით ეცნობა, რომ შპს „ი.ტ.ს–ის“ დირექტორის 30/12/2022 წლის N301222 ბრძანების საფუძველზე, სშკ-ის 47-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, 2022 წლის 30 დეკემბრიდან დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა. იმავე წერილით, მოსარჩელეს განემარტა, რომ ,,ორგანიზაციის მიერ მისი სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება იმის გამო მიიღეს, რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ, კომერციული მიზეზების გამო, 2022 წლის ბოლოდან კომპანიის საქმიანობის შეწყვეტა გადაწყვიტა, შესაბამისად, იგი, ისევე როგორც კომპანიის ყველა თანამშრომელი, დაკავებული თანამდებობებიდან გათავისუფლდა, რამეთუ კომპანიას, საქმიანობის შეწყვეტის გამო, დასაქმებულ პირთა საჭიროება აღარ აქვს...“.
3.5. მოპასუხის 2023 წლის 31 იანვრის წერილის თანახმად, შპს „ი.ტ.ს–ის“ 2022 წლის 30 დეკემბრის N301222 ბრძანების თანახმად, მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია სშკ-ის 47-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი, ხოლო, სადაზღვევო ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ამ მუხლის აღნიშნულ პუნქტში ასახული სადაზღვევო რისკის დაფარვას, შესაბამისად, წინამდებარე შემთხვევა გამოწვეული არ არის საკრედიტო შენატანის დაზღვევის პირობების სადაზღვევო რისკის ხდომილებით, რის გამოც, სადაზღვევო კომპანიამ ანაზღაურებაზე უარი განაცხადა.
3.6. მოსარჩელემ, N7173789 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულება, 2023 წლის თებერვლიდან 2023 წლის ივნისამდე, სრულად შეასრულა.
3.7. თბილისის საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა იმგვარ ობიექტურ გარემოებათა არსებობა, რაც თანხის ანაზღაურებაზე მოპასუხის უარს გაამართლებდა.
4. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტმა სადავოდ გახადა სადაზღვევო შემთხვევის არსებობის ფაქტი, შესაბამისად მნიშვნელოვანი იყო სადაზღვევო რისკის რეალიზების შედეგის არსებობა. დადგენლია, რომ შპს „ი.ტ.ს–ის“ 2022 წლის 30 დეკემბრის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ N301222 ბრძანების თანახმად, ორგანიზაციის თანამშრომელ მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულება სშკ-ის 47-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტის საფუძველზე შეწყდა.
4.1. სააპელაციო სასამართლომ სადაზღვევო შემთხვევის არსებობის დასადგენად შეაფასა მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი, კერძოდ, სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ო“ ქვეპუნქტი (სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას) განეკუთვნება თუ არა დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სადაზღვევო რისკს.
4.2. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ო“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოპასუხესა და სს „ს.ბ–ს“ შორის დადებული ბანკის საკრედიტო პორტფელის დაზღვევის პირობების 3.1. პუნქტით განსაზღვრულ სადაზღვევო რისკში შედის, ვინაიდან ეკონომიკური გარემოებების ცვლილება, რომელიც შეიძლება დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი გახდეს, შესაძლებელია, თავსებადი იყოს, როგორც სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტთან, ასევე ,,ო“ ქვეპუნქტთან. კერძოდ, სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია: ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას; ხოლო იმავე მუხლის იმავე ნაწილის ,,ო“ ქვეპუნქტის თანახმად, - სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას.
4.3. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი ქმნის დასაქმებული პირების შემცირების შესაძლებლობას რეორგანიზაციის საფუძველზე. ხოლო სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას, ფარავს უფრო ფართო შემთხვევებს, რომლებიც დამსაქმებელს არსებული გარემოებებიდან გამომდინარე, იძულებულს ხდის, შეწყვიტოს საქმიანობა და შესაბამისად, - შრომითი ურთიერთობა ყველა დასაქმებულთან. ამდენად, ამ უკანასკნელ შემთხვევაში, რეორგანიზაციის პროცედურის საჭიროება არ არის, ვინაიდან შრომითი ურთიერთობა ყველა დასაქმებულთან წყდება. აღნიშნული შემთხვევა კი განეკუთვნება სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ იმ სხვა ობიექტურ გარემოებას, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას. ასეთი ობიექტური გარემოება კი შეიძლება სწორედ კომპანიის ეკონომიკური მდგომარეობით იყოს განპირობებული.
4.4. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, დამსაქმებელმა კომპანიის საქმიანობის შეწყვეტა კომერციული მიზეზების გამო გადაწყვიტა, რაც ეკონომიკური გარემოებების საფუძველზე მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლებას ადასტურებს. ამდენად, მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი სწორედ სადაზღვევო კომპანიასა და დასაქმებულს შორის დადებული ბანკის საკრედიტო პორტფელის დაზღვევის პირობების 3.1. პუნქტით განსაზღვრული სადაზღვევო რისკია, ვინაიდან მხარეებმა კლიენტის სამუშაოს იძულებითი დაკარგვა დამსაქმებლის ეკონომიკური მდგომარეობით წარმოშობილ საფუძველს დაუკავშირეს და სადაზღვევო რისკიც შესაბამისად განისაზღვრა.
4.5. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, განსახილველ დავაში კვლევის საგანი არ იყო დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერება. შესაბამისად, სადაზღვევო რისკის არსებობის საკითხზე მსჯელობისათვის არსებითი არ იყო, მოსარჩელის გათავისუფლების საფუძველი სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ რომელ კონკრეტულ გარემოებას მიესადაგებოდა. ამდენად, ის საკითხი, შრომითი ურთიერთობა მოსარჩელესთან სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე შეწყდებოდა, თუ ,,ო“ ქვეპუნქტის, მხოლოდ ფორმალურსამართლებრივი საკითხია და მოცემული შემთხვევის სადაზღვევო რისკად კვალიფიკაციაზე გავლენას ვერ მოახდენდა. მთავარია, რომ სახეზეა მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლება ორგანიზაციაში არსებული ეკონომიკური გარემოებების ცვლილების გამო, რაც ხელშეკრულებით ერთ-ერთ სადაზღვევო რისკად არის გათვალისწინებული.
4.6. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სშკ-ის 47-ე მუხლის „ა“ და „ო“ ქვეპუნქტს შორის განსხვავება, ეკონომიკური საფუძვლების გამო შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის კონტექსტში, მდგომარეობს იმაში, რომ როდესაც დამსაქმებელი შტატებს ამცირებს, დგება რეორგანიზაციის საჭიროება, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს დასატოვებელი და გასაშვები თანამშრომლების ობიექტურ საფუძვლებზე დაყრდნობით შერჩევას, ხოლო, იმ შემთხვევაში, როდესაც ეკონომიკური წანამძღვრები სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობას აღარ იძლევა, აღარც შტატების შემცირების საჭიროება დგება, რადგან კომპანია შემცირებული შტატებითაც ვეღარ ახერხებს საქმიანობის გაგრძელებას. ასეთ ვითარებაში სახეზეა ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომელიც არათუ, აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას, არამედ იძულებულს ხდის კომპანიას, ყველა თანამშრომელი დაითხოვოს და საქმიანობა შეწყვიტოს. შესაბამისად, ცალსახად და არაორაზროვნად, არსებობს ის სადაზღვევო შემთხვევა, რომელიც მოსარჩელისთვის სადაზღვევო ანაზღაურების მიცემის ვალდებულებას განაპირობებს.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
5.1. კასატორის პრეტენზიის თანახმად, გასაჩივრებული განჩინება ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილ პრაქტიკას. მისი განმარტებით, დასაქმებული თანამდებობიდან გათავისუფლდა სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, რაც გამორიცხავს მის გათავისუფლებას, ეკონომიკური გარემოებების, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებების გამო, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას. მოსარჩელის გათავისუფლების საფუძველი არ ექცევა დაზღვევის ხელშეკრულების მხარეთა გავლენის სფეროში, შესაბამისად, ადგილი არ ჰქონია სადაზღვევო შემთხვევას.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ მოპასუხის საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
7. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
8. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
9. სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია ხელშეკრულება. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელესა და სს „ს.ბ–ს“ შორის, 2022 წლის 1 ივნისს, N7173789 საკრედიტო ხელშეკრულება დაიდო. დადგენილია, რომ მოპასუხესა და სს „ს.ბ–ს“ შორის დადებული ბანკის საკრედიტო პორტფელის დაზღვევის პირობების შესაბამისად, დაზღვეულია ბანკის საკრედიტო პორტფელი, რომელიც მოიცავს კრედიტების დავალიანებებს, რომლის თაობაზე დადებული საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე კლიენტი იხდის საკრედიტო შენატანის დაზღვევის საკომისიოს. სადაზღვევო რისკად განისაზღვრა საკრედიტო პორტფელში შემავალ კრედიტებზე საკრედიტო შენატანის გადაუხდელობა, რომელიც გამოწვეულია იმავე პირობებით განსაზღვრული კონკრეტული გარემოებებით.
10. დადგენლია, რომ შპს „ი.ტ.ს–ის“ 2022 წლის 30 დეკემბრის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ N301222 ბრძანების თანახმად, ორგანიზაციის თანამშრომელ მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულება სშკ-ის 47-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტის საფუძველზე შეწყდა.
11. მოსარჩელეს/დასაქმებულს, 2023 წლის 17 იანვრის წერილით ეცნობა, რომ შპს „ი.ტ.ს–ის“ დირექტორის 30/12/2022 წლის N301222 ბრძანების საფუძველზე, სშკ-ის 47-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა. იმავე წერილით, დასაქმებულს განემარტა, რომ ,,ორგანიზაციის მიერ მისი სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება იმის გამო მიიღეს, რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ, კომერციული მიზეზების გამო, გადაწყვიტა კომპანიის საქმიანობის შეწყვეტა 2022 წლის ბოლოდან, შესაბამისად, იგი, ისევე როგორც კომპანიის ყველა თანამშრომელი, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობებიდან, რამეთუ კომპანიას, საქმიანობის შეწყვეტის გამო, აღარ აქვს დასაქმებულ პირთა საჭიროება...“
12. დადგენილია, რომ მოპასუხესა და სს „ს.ბ–ს“ შორის დადებული ბანკის საკრედიტო პორტფელის დაზღვევის პირობების შესაბამისად, სადაზღვევო რისკად განისაზღვრა საკრედიტო პორტფელში შემავალ კრედიტებზე საკრედიტო შენატანის გადაუხდელობა, რომელიც გამოწვეულია: კლიენტის სამუშაოს იძულებითი (არა კლიენტის სურვილით/ნებით განპირობებული) დაკარგვის (საქართველოს შრომის კოდექსით ან საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით დადებული ხელშეკრულების შეწყვეტა) შედეგად გამოწვეული კლიენტის უმუშევრობა, რომელიც 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღეზე მეტი ხნით გრძელდება და რომლის ერთ-ერთი საფუძველია: ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომელიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას.
13. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ მხარეთა შორის წარმოშობილია დაზღვევის სახელშეკრულებო ურთიერთობა. შესაბამისად, სსკ-ის 799-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება.
14. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ო“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოპასუხესა და სს „ს.ბ–ს“ შორის დადებული ბანკის საკრედიტო პორტფელის დაზღვევის პირობების 3.1. პუნქტით განსაზღვრულ სადაზღვევო რისკში შედის, ვინაიდან ეკონომიკური გარემოებების ცვლილება, რომელიც შეიძლება დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი გახდეს, შესაძლებელია, თავსებადი იყოს, როგორც სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტთან, ასევე ,,ო“ ქვეპუნქტთან. კერძოდ, სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია: ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას; ხოლო იმავე მუხლის იმავე ნაწილის ,,ო“ ქვეპუნქტის თანახმად, - სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას.
15. სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი ქმნის დასაქმებული პირების შემცირების შესაძლებლობას რეორგანიზაციის საფუძველზე. ხოლო ამავე მუხლის პირველი ნაწილის ,,ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას, ფარავს უფრო ფართო შემთხვევებს, რომლებიც დამსაქმებელს არსებული გარემოებებიდან გამომდინარე, იძულებულს ხდის, შეწყვიტოს საქმიანობა და შესაბამისად, - შრომითი ურთიერთობა ყველა დასაქმებულთან. ამდენად, ამ უკანასკნელ შემთხვევაში, რეორგანიზაციის პროცედურის საჭიროება არ არის, ვინაიდან შრომითი ურთიერთობა ყველა დასაქმებულთან წყდება. აღნიშნული შემთხვევა კი განეკუთვნება სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ იმ სხვა ობიექტურ გარემოებას, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას. ასეთი ობიექტური გარემოება კი შეიძლება სწორედ კომპანიის ეკონომიკური მდგომარეობით იყოს განპირობებული.
16. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს, რომ რეორგანიზაცია არის საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის სტრუქტურის შეცვლა, გადაკეთება, გარდაქმნა ან მისი ორგანიზაციულსამართლებრივი ფორმის შეცვლა, რასაც შესაძლოა, გარკვეულ შემთხვევებში, მოჰყვეს შტატების შემცირება, მაგრამ, რაც მთავარია, ამგვარი ცვლილებები აუცილებელს უნდა ხდიდეს შტატების შემცირებას, ვინაიდან, რეორგანიზაცია თავისთავად არ იწვევს შტატების შემცირებას. საწარმოში რეორგანიზაციის რეალურად (სტრუქტურის ან სამართლებრივი ფორმის შეცვლის, გადაკეთების, გარდაქმნის) განხორციელების შემთხვევაში, საწარმოს ადმინისტრაცია ვალდებულია, ასაბუთოს შტატების შემცირების აუცილებლობა, რათა შტატები ფორმალურად არ შემცირდეს და არ იქცეს ადმინისტრაციის მიერ უმართებულო გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერ საფუძვლად. დამსაქმებელი კომპანიის ადმინისტრაციის მიერ ამგვარი ნების გამოვლენა, მიუხედავად იმისა, რა ფორმით არსებობს იგი (აქტი, ბრძანება, გარიგება), საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის დისპოზიციური შინაარსით (საჯარო წესრიგისა და ზნეობის წინააღმდეგობა), ბათილია და მას იურიდიულ შედეგს არ უკავშირებს. ამდენად, რეორგანიზაცია, თუნდაც მართლზომიერად ჩატარებული, ყოველთვის არ ქმნის დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების ლეგიტიმურ საფუძველს. შესაბამისად, დასაქმებულის სამსახურიდან ნებისმიერი, მათ შორის - რეორგანიზაციის საფუძვლით დათხოვნის საკითხის გადაწყვეტისა და არჩევანის დროს დამსაქმებელი ვალდებულია, იხელმძღვანელოს გონივრული და დასაბუთებული კრიტერიუმით, რაც გამორიცხავს ეჭვის საფუძველს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და დაუსაბუთებლად არ ხელყოფს დასაქმებულის კანონიერ ინტერესს, მის შრომით უფლებებს (იხ. სუსგ-ები ას-1298-2021, 16.06.2022წ; N ას-466-2021, 27.09.2022წ; N ას-388-2021, 31.10.2022წ; . N ას-300-2022, 15.02.2023წ.; №ას-1042-2024 11.10.2024 წ);
17. განსახილველ შემთხვევაში დამსაქმებელმა კომპანიამ საქმიანობა კომერციული მიზეზების გამო შეწყვიტა, რაც ეკონომიკური გარემოებების საფუძველზე მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლებას ადასტურებს. შესაბამისად, დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი სწორედ კასატორსა და სს „ს.ბ–ს“ შორის დადებული ბანკის საკრედიტო პორტფელის დაზღვევის პირობების 3.1. პუნქტით განსაზღვრული სადაზღვევო რისკია, ვინაიდან მხარეებმა კლიენტის სამუშაოს იძულებითი დაკარგვა დამსაქმებლის ეკონომიკური მდგომარეობით წარმოშობილ საფუძველს დაუკავშირეს და სადაზღვევო რისკიც შესაბამისად განისაზღვრა. განსახილველ შემთხვევაში, იმ შედეგის დადგომისთვის, რომელსაც დასაქმებული ითხოვს, მნიშვნელოვანია, რომ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლება მოხდა ორგანიზაციაში არსებული ეკონომიკური გარემოებების ცვლილების გამო, რაც ხელშეკრულებით ერთ-ერთ სადაზღვევო რისკად არის გათვალისწინებული.
18. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ “სშკ-ის 47-ე მუხლის „ა“ და „ო“ ქვეპუნქტს შორის განსხვავება, ეკონომიკური საფუძვლების გამო შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის კონტექსტში, მდგომარეობს იმაში, რომ როდესაც დამსაქმებელი შტატებს ამცირებს, დგება რეორგანიზაციის საჭიროება, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს დასატოვებელი და გასაშვები თანამშრომლების ობიექტურ საფუძვლებზე დაყრდნობით შერჩევას, ხოლო, იმ შემთხვევაში, როდესაც ეკონომიკური წინამძღვრები სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობას აღარ იძლევა, აღარც შტატების შემცირების საჭიროება დგება, რადგან კომპანია შემცირებული შტატებითაც ვეღარ ახერხებს საქმიანობის გაგრძელებას. ასეთ ვითარებაში სახეზეა ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომელიც არათუ, აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას, არამედ იძულებულს ხდის კომპანიას ყველა თანამშრომელი დაითხოვოს და საქმიანობა შეწყვიტოს. შესაბამისად, ცალსახად და არაორაზროვნად, არსებობს ის სადაზღვევო შემთხვევა, რომელიც თ.ყ–ისათვის სადაზღვევო ანაზღაურების მიცემის ვალდებულებას განაპირობებს”.
19. საკასაციო სასამართლო, ასევე, მიუთითებს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს მხარეთა თანასწორობისა (სსსკ-ის მე-5 მუხლი) და შეჯიბრებითობის (სსსკ-ის მე-4 მუხლი) ფუნდამენტურ პრინციპებზე დაყრდნობით. სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებულნი არიან სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა (სსსკ-ის 102-ე მუხლი). მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. ამასთან, იმავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
20. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო კასატორის საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.
21. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 407.1-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „ს.კ.ი.ე–“-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. სს „ს.კ.ი.ე–“-ს (ს/კ ........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს 12.09.2024 წლის #23708623615 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარიდან, ზედმეტად გადახდილი - 150 ლარი და სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის 70% - 105 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი
მ. ერემაძე