Facebook Twitter

საქმე №ას-1324-2024 13 დეკემბერი, 2024 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ბ.თ–ი“ (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,D.E." (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით შპს

,,D.E.”-ის (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს ,,ბ.თ–ს“ (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე, დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის ავტორი ან კერძო საჩივრის ავტორი) დაეკისრა შპს ,,D.E.”-ის სასარგებლოდ 1 282 000 აშშ დოლარის გადახდა გადახდის დროისათვის ეროვნულ ვალუტაში არსებული კურსის შესაბამისად; შპს ,,ბ.თ–ის“ შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა;

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 07 მარტის საოქმო განჩინებით არ დაკმაყოფილდა მოპასუხის წარმომადგენლის შუამდგომლობა წინამდებარე საქმის არბიტრაჟისათვის გადაცემის შესახებ.

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 31 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა მოწინააღმდეგე მხარისათვის ზიანის ანაზღაურების თანხის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში. დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ასევე მოპასუხემ, რომელმაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 31 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და მისი შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

3.1. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოპასუხის აღნიშნული სააპელაციო საჩივარი არ შეიცავდა მითითებას, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 07 მარტის საოქმო განჩინების (რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოპასუხის წარმომადგენლის შუამდგომლობა საქმის განსახილველად არბიტრაჟისათვის გადაცემაზე უარის შესახებ) გაუქმების თაობაზე. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 28 ივნისის მთავარ სხდომაზე დასრულდა საქმეზე მხარეთა პოზიციების მოსმენა და საქმეზე შემაჯამებელი აქტის (გადაწყვეტილება, განჩინება) სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება გადაიდო 2024 წლის 19 ივლისისათვის.

3.2. მოპასუხის წარმომადგენლმა გიორგი სვანაძემ, 2024 წლის 04 ივლისს, დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი წარმოადგინა სააპელაციო სასამართლოში სადაც აღნიშნა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს ნაწილობრივ, რითაც არ დაკმაყოფილდა მოპასუხის შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა (სარეზოლუციო ნაწილის - პირველი, მეორე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე ნაწილები). ამასთან, ვინაიდან საქმეზე შეიცვალა წარმომადგენელი, ასევე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ვერ ჩაიბარეს საქმის მასალები, ამავე სასამართლოს 2023 წლის 07 მარტის საოქმო განჩინების გასაჩივრების შესახებ მითითებული არ არის. აპელანტმა ამავე დაზუსტებული სააპელაციო საჩივრით მოითხოვა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 31 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება გასაჩივრებულ ნაწილში და ამავე წლის 07 მარტს მიღებული საოქმო განჩინების გაუქმება შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. (აღნიშნული საოქმო განჩინებით მხარეს უარი ეთქვა საქმის არბიტრაჟისათვის განსახილველად გადაცემის შესახებ).

3.3. სააპელაციო სასამართლომ მოპასუხის დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო და დატოვა განუხილველი.

3.4. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 369-ე, 70-ე–78-ე, 2591-ე, 377-ე მუხლებზე და განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 31 მაისის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების შესახებ მოპასუხის მიერ 2023 წლის 10 ნოემბერს წარდგენილი სააპელაციო საჩივარი არ შეიცავდა 2023 წლის 7 მარტს მიღებული საოქმო განჩინების გაუქმების მოთხოვნას.

3.5. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის ავტორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მისი წინამორბედი წარმომადგენლისათვის შეუძლებელი იყო სააპელაციო საჩივარში 2023 წლის 7 მარტს მიღებული საოქმო განჩინების გაუქმების მოთხოვნა, რადგან სასამართლოს სხდომის ოქმით დადგენილია, რომ სხდომას ესწრებოდა მოპასუხის წარმომადგენლი და სასამართლომ გამოაცხადა მიღებული საოქმო განჩინება საქმის არბიტრაჟისათვის განსახილველად გადაცემაზე უარის შესახებ.

3.6. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სსსკ-ის 93-ე და 99-ე მუხლებიდან გამომდინარე, ვინაიდან სასამართლოს სხდომის ოქმით დადგენილია, რომ სხდომას ესწრებოდა მოპასუხის წარმომადგენლი და სასამართლომ გამოაცხადა მიღებული განჩინება საქმის არბიტრაჟისათვის განსახილველად გადაცემაზე უარის შესახებ, სურვილის შემთხვევაში, მას შეეძლო 2023 წლის 10 ნოემბერს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში მიეთითებინა, რომ სადავოდ ხდიდა 2023 წლის 7 მარტს მიღებული საოქმო განჩინებას და მოეთხოვა მისი გაუქმება, რაც აუცილებლად გახდებოდა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი.

3.7. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში, წარმომადგენლის შეცვლა ვერ გახდება დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის დაშვების და დაზუსტებული სააპელაციო საჩივრით მოთხოვნილი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 7 მარტს მიღებული საოქმო განჩინების გაუქმებაზე მსჯელობის საფუძველი, რადგან უფლებამოსილებაშეწყვეტილი წარმომადგენლის მიერ კანონის შესაბამისად შესრულებული ყველა საპროცესო მოქმედება ინარჩუნებს იურიდიულ მნიშვნელობას.

3.8. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოპასუხის 2024 წლის 4 ივლისის დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია, ვინაიდან დარღვეულია ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 7 მარტს მიღებული საოქმო განჩინების სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადა, და შესაბამისად იგი უნდა დარჩეს განუხილველად, რადგან ზემოთ აღნიშნული ნორმების სხვაგვარად განმარტება საფრთხის ქვეშ დააყენებს სამოქალაქო საპროცესო ნორმით რეგულირებულ სამართლებრივ წესრიგს.

4. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება.

4.1. კერძო საჩივრის ავტორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ საოქმო განჩინება გასაჩივრებული უნდა ყოფილიყო 2023 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებასთან ერთად სსსკ-ის 369-ე მუხლით დადგენილ ვადაში. მისი განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება დათრიღებული იყო 2024 წლის 12 ივლისით, მხარეს ჩაბარდა 2024 წლის 30 აგვისტოს.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გაანალიზების, კერძო საჩივრის საფუძვლების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

6. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს, შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

7. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენიათ.

8. სსსკ-ის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა. განსახილველი ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ეს განჩინებები შეიძლება მიღებულ იქნეს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის ზეპირი განხილვის გარეშე. ამავე კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

9. სსსკ-ის 377-ე მუხლის მე-3 ნაწილით - სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს აგრეთვე სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც გამოტანილია საქმის პირველ ინსტანციაში განხილვასთან დაკავშირებით და რომლებიც წინ უსწრებს სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანას, იმისაგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა.

10. განსახილველ შემთხვევაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 31 მაისის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების შესახებ მოპასუხის მიერ 2023 წლის 10 ნოემბერს წარდგენილი სააპელაციო საჩივარი არ შეიცავდა 2023 წლის 7 მარტს მიღებული საოქმო განჩინების გაუქმების მოთხოვნას.

11. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება, რომ მისი წინამორბედი წარმომადგენლისათვის შეუძლებელი იყო სააპელაციო საჩივარში 2023 წლის 7 მარტს მიღებული საოქმო განჩინების გაუქმების მოთხოვნა, რადგან სასამართლოს სხდომის ოქმით დადგენილია, რომ სხდომას ესწრებოდა მოპასუხის წარმომადგენლი და სასამართლომ გამოაცხადა მიღებული საოქმო განჩინება საქმის არბიტრაჟისათვის განსახილველად გადაცემაზე უარის შესახებ.

12. სსსკ-ის 93-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოქალაქეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში პირადად, ხოლო იურიდიულ პირებს ან სხვა ორგანიზაციებს - იმ თანამდებობის პირის მეშვეობით, რომელსაც წესდებით ან დებულებით შეუძლია ამ იურიდიული პირისა თუ ორგანიზაციის სახელით იმოქმედოს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, მხარეებს შეუძლიათ აგრეთვე საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. საქმის წარმოება წარმომადგენლის მეშვეობით არ ართმევს უფლებას მხარეებს, თვითონაც პირადად მიიღონ მონაწილეობა საქმეში. ამავე კოდექსის 99-ე მუხლით - მარწმუნებელს უფლება აქვს საქმის წარმოების ყველა სტადიაზე გააუქმოს თავის მიერ გაცემული მინდობილობა და შეწყვიტოს წარმომადგენლის უფლებამოსილება, რის შესახებაც იგი წერილობით აცნობებს სასამართლოსა და წარმომადგენელს. მხარის წინადადებით წარმომადგენლის უფლებამოსილების შეწყვეტა არ წარმოადგენს საქმის წარმოების შეჩერებისა თუ საქმის განხილვის გადადების საფუძველს. უფლებამოსილებაშეწყვეტილი წარმომადგენლის მიერ კანონის შესაბამისად შესრულებული ყველა საპროცესო მოქმედება ინარჩუნებს მნიშვნელობას. დასახელებული მუხლის დანაწესი მოქმედებს, როგორც სასამართლო წარმოებისას შესრულებული საპროცესო მოქმედებების, ასევე კერძო სამოქალაქო ურთიერთობაში განხორციელებული მოქმედებების მიმართ (იხ. სუსგ-ები: №ას-1175-2019 31.01.2020წ.; №ას-331-2021 15.02.2022წ.; №ას-359-2022 4.07.2022წ.; №ას-145-2023 28.02.2023წ.; №ას-1181-2023, 11.12.2023წ.).

13. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სასამართლოს სხდომის ოქმით დადგენილია, რომ სხდომას ესწრებოდა მოპასუხის წარმომადგენლი და სასამართლომ გამოაცხადა მიღებული განჩინება საქმის არბიტრაჟისათვის განსახილველად გადაცემაზე უარის შესახებ, სურვილის შემთხვევაში, მას შეეძლო 2023 წლის 10 ნოემბერს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში მიეთითებინა, რომ სადავოდ ხდიდა 2023 წლის 7 მარტს მიღებული საოქმო განჩინებას და მოეთხოვა მისი გაუქმება.

14. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოცემულ შემთხვევაში, წარმომადგენლის შეცვლა ვერ გახდება დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის დაშვების და დაზუსტებული აპელაციით მოთხოვნილი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 07 მარტს მიღებული საოქმო განჩინების გაუქმებაზე მსჯელობის საფუძველი, რადგან უფლებამოსილებაშეწყვეტილი წარმომადგენლის მიერ კანონის შესაბამისად შესრულებული ყველა საპროცესო მოქმედება, სსსკ-ის 99-ე მუხლის თანახმად, ინარჩუნებს სამართლებრივ მნიშვნელობას და წარმომადგენლის ცვლილება ვერ მოახდენს ამაზე გავლენას.

15. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, ზემოხსენებული ნორმების იმპერატიული დანაწესები ცხადყოფს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

16. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება, თავისი ბუნებით, ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე (Golder judgment, p. 19, para. 38, quoting the "Belgian Linguistic" judgment of 23 July 1968, Series A no. 6, p. 32, para. 5; იხ. სუსგ № ას-1615-2019, 14.01.2020წ.).

17. გასაჩივრების ვადის დარღვევის შემთხვევაში მხარე ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მის მიმართ დადგება ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სუსგ-ები: Nას-1226-2019წ., 23.12.2019წ.; Nას-464-464-2018, 05.07.2018წ.; Nას-1170-1100-2015, 25.12.2015წ.).

18. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიები დავის არსებით გარემოებებთან დაკავშირებით კერძო საჩივრის განხილვის ფარგლებში ვერ შეფასდება, რადგან საკასაციო სასამართლო აფასებს გასაჩივრებული განჩინების მართლზომიერებას მოპასუხის დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.

19. ზემოხსენებული მოტივაციით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 12 ივლისის განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი დაუსაბუთებელი, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ბ.თ–ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი

მ. ერემაძე