Facebook Twitter

საქმე №ას-1324-2024 13 დეკემბერი, 2024 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,

მირანდა ერემაძე

კასატორი – შპს „ბ.თ–ი“ (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,D. E." (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 19 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და, საქმის წარმოების შეწყვეტა ან ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით შპს ,,D. E.“-ის (შემდეგში: მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე, პირველი აპელანტი, მენარდე ან შემსრულებელი კომპანია) სარჩელი შპს „ბ.თ–ის (შემდეგში: შეგებებული სარჩელის მოსარჩელე, პირველი მოპასუხე, მეორე აპელანტი, კასატორი, მოვალე ან შემკვეთი) და შპს „სელვუდ ოფერეიშენს“-ის (შემდეგში: მეორე მოპასუხე) მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; შპს „ბ.თ–ს“ (პირველ მოპასუხეს) მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1 282 000 აშშ დოლარის გადახდა, გადახდის დროისთვის ეროვნულ ვალუტაში არსებული კურსის შესაბამისად; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 19 ივლისის განჩინებით მოსარჩელისა (მენარდისა) და პირველი მოპასუხის (შემკვეთის) სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი გარემოებები:

3.1. მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის 2019 წლიდან არსებობდა სასტურმო Le Meridien-ის არქიტექტურულ, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომლის ფარგლებში გაფორმებული იყო ორი ხელშეკრულება: 2019 წლის 12 თებერვლის „არქიტექტურული და MEP სამშაოები Le Meridien Batumi Hotel-ისთვის და MEP სამუშაოები საცხოვრებელ ნაწილზე ბინების ექსპლოატაციამდე“ და 2019 წლის 25 ივნისის - “MEP & შიდა სარემონტო სამუშაოები B Batumi Tower-ისთვის საცხოვრებელი, საზოგადოებრივი დერეფნების, კიბეების, ლობის და კაფეს ნაწილისთვის; MEP & შიდა სარემონტო მთელი კაზინოსთვის და კეთილმოწყობის სამუშაოებისთვის Batumi Tower-ისთვის“.

3.2. ზემოაღნიშნული ხელშეკრულებების ფარგლებში, 2021 წლის 8 სექტემბერს, შპს „ბ.თ–ს“ (მემორანდუმში მოხსენიებულია როგორც „დამსაქმებელი“) და შპს ,,D. E.“-ს (მემორანდუმში მოხსენიებულია როგორც „კონტრაქტორი“) შორის გაფორმდა შეთანხმების მემორანდუმი, რომლის საფუძველზე მხარეები შეთანხმდნენ (1.2 მუხლი), რომ დამსაქმებლის/შემკვეთის ვალდებულება კონტრაქტორის/მენარდის წინაშე შეადგენდა 1 402 000 აშშ დოლარს. ამავე მემორანდუმის 3.1 მუხლით განისაზღვრა ვალდებულების შესრულების პერიოდულობა 10 ეტაპად - 05.10.2021-დან-05.07.2022-მდე ყოველთვიურად გადახდის პირობით. ამავე მემორანდუმის 3.3 პუნქტის თანახმად, თუ დამსაქმებელი ვერ განახორციელებდა რომელიმე ზემოაღნიშნული ეტაპის შენატანის გადახდას შესაბამისი თარიღისათვის, კონტრაქტორი დამსაქმებელს გადაუგზავნიდა შეტყობინებას ეტაპის შენატანების შესაბამისად გადასახდელი ოდენობების 7 დღის ვადაში გადახდასთან დაკავშირებით. თუ დამსაქმებელი/შემკვეთი ვერ გადაიხდიდა შეტყობინებით განსაზღვრულ ვადაში, ჩაითვლებოდა, რომ დამსაქმებელი თანხმდებოდა, რომ კონტრაქტორს /მენარდესს შეეძლო გამოეყენებინა თავისი კანონიერი უფლებები და მოეთხოვა გადაუხდელი ეტაპების შენატანების ოდენობები და მომდევნო ეტაპების შენატანებით განსაზღვრული ოდენობები სრულად. ამავე მემორანდუმის მე-6 პუნქტის თანახმად, წინამდებარე შეთანხმების მემორანდუმი ძალაში შევიდა ბოლო მხარის მიერ წინამდებარე შეთანხმების მემორანდუმზე ხელმოწერის თარიღიდან. ქვემოთ შესრულებული მათი ხელმოწერით მხარეები აცხადებდნენ თანხმობას ამ შეთანხმების მემორანდუმზე. მემორანდუმი შედგენილია ინგლისურ ენაზე და ახლავს სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი.

3.3. უდავოა, რომ მოპასუხის/შემკვეთის მიერ, 2021 წლის 18 ოქტომბერს, მოსარჩელისთვის/მენარდისთვის გადახდილია მხოლოდ პირველი ეტაპით გათვალისწინებული თანხა - 120 000 აშშ დოლარი (380 000 ლარი). ამდენად გადასახდელია - 1 282 000 აშშ დოლარი, რომელიც მოსარჩელემ სარჩელით მოითხოვა.

3.4. მოსარჩელის ინიციატივით მომზადებული შპს „თ–ის“ 6.10.2022წ. აუდიტორული დასკვნის თანახმად, ჩატარდა მოსარჩელის 2021 წლის 18 ოქტომბრის მდგომარეობით მომზადებული დებიტორული მოთხოვნის ანგარიშის აუდიტი.

3.5. ანგარიშის მიხედვით 2019 წლიდან 2020 წლის ნოემბრის ჩათვლით, მოსარჩელის/მენარიდ მიერ პირველი მოპასუხისთვის (შემკვეთის სასარგებლოდ) გაწეულია 20 227 010 აშშ დოლარის ღირებულების მომსახურება (დღგ-ის ჩათვლით), საიდანაც მხარეების შეთანხმების საფუძველზე გაქვითულია 151 102 აშშ დოლარი (დღგ-ის ჩათვლით).

3.6. პირველი მოპასუხის მიერ, 2018 წლის სექტემბრიდან 2021 წლის ოქტომბრის ჩათვლით, აღნიშნული მომსახურებისთვის გადახდილია 18 838,973 აშშ დოლარი (დღგ-ის ჩათვლით). შემფასებლის აზრით, თანდართული ანგარიში, ყველა ასპექტის გათვალისწინებით, სამართლიანად ასახავს მენარდე კომპანიის (მოსარჩელის) მოთხოვნას 2021 წლის 18 ოქტომბრის მდგომარეობით. წინამდებარე დასკვნას ერთვის მოსარჩელის (მენარდის) მიერ წარდგენილი დებიტორული მოთხოვნის ანგარიში; გაწეული მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტების რეესტრი (დანართი N1); გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების რეესტრი (დანართი N2). მენარდის (მოსარჩელის) მიერ მიწოდებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით, მოსარჩელესა (მენარდესა) და პირველ მოპასუხეს (შემკვეთს) შორის გაფორმებული ხელშეკრულებების ფარგლებში, მოსარჩელის დებიტორული მოთხოვნა პირველი მოპასუხის მიმართ შეადგენს 1 285 934 ააშშ დოლარს (დღგ-ის ჩათვლით).

3.7. საქმეში წარმოდგენილი წერილებით ირკვევა, რომ მოსარჩელე (მენარდე კომპანია) სთხოვდა პირველ მოპასუხეს (შემკვეთს) დავალიანების დაფარვას, რაზეც ის უარს აცხადებდა შემკვეთ კომპანიაში შექმნილი ფინანსური პრობლემების გამო და განმარტავდა, რომ ამ ეტაპზე გადახდა ვერ განხორციელდებოდა.

4. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთბა გამომდინარეობს მათ შორის დადებული ნარდობის ხელშეკრულებებიდან და 2021 წლის 8 სექტემბრის შეთანხმების მემორანდუმიდან (იხ. 3.2 ქვეპუნქტი).

4.1. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სარჩელისა და სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც სურს მოსარჩელეს (მენარდეს, პირველ აპელანტს), კერძოდ, მის მიერ შესრულებული სამუშაოების აღიარებული დავალიანების და მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნა გამომდინარეობს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ი) 629.1, 341.1, 394.1, 408.1, და 411-ე მუხლებიდან.

4.2. პირველი მოპასუხის (შემკვეთი კომპანიის, მეორე აპელანტის)_ შეგებებული სარჩელით და სააპელაციო საჩივრიდან გამომდინარე, მოთხოვნილია 2021 წლის 8 სექტემბრის მემორანდუმის, როგორც მოტყუებით დადებული შეთანხმების, ბათილად ცნობა და მენარდისათვის გადახდილი თანხის - 380 000 ლარის უკან დაბრუნება, რაც სსკ-ის 81.1, 976.1 „ა“, 979.1 მუხლებიდან გამომდინარეობს.

4.3. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით მოსარჩელისა და პირველი მოპასუხის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრებით მხარეთა შორის სადავოა მათ შორის დადებული ნარდობის ხელშეკრულებებიდან და შეთანხმების მემორანდუმიდან გამომდინარე, მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოების და შემკვეთის მხრიდან აღიარებული სამუშაოთა ღირებულების - 1 282 000 აშშ დოლარის პირველი მოპასუხის (შემკვეთის) მიერ ანაზღაურების მართლზომიერება მენარდის სასარგებლოდ. ასევე, მითითებული თანხის გადაუხდელობის გამო, პირველი მოპასუხისთვის/შემკვეთისთვის, მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის მენარდის სასარგებლოდ დაკისრება, - 2020 წლის 11 ივლისიდან მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველდღური 384,6 აშშ დოლარის გაანგარიშებით. ასევე, მხარეთა შორის სადავოა 2021 წლის 8 სექტემბერს დადებული შეთანხმების მემორანდუმის, როგორც მოტყუებით დადებულის, ბათილად ცნობა, და შემკვეთის მიერ მენარდისთვის უსაფუძვლოდ გადახდილი თანხის 380 000 ლარის უკან დაბრუნება.

4.4. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, პირველ რიგში, შესაფასებელია, მოტყუებით დაიდო თუ არა მხარეთა შორის 2021 წლის 8 სექტემბერს გაფორმებული მემორანდუმი (იხ. წინამდებარე განჩინების 3.2 ქვეპუნქტი).

4.5. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, შეგებებული სარჩელით მოსარჩელეს (შემკვეთ კომპანიას_ სასამართლოში ზოგადი შინაარსის სიტყვიერი განმარტებების გარდა, მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რაც სადავო გარიგების (მემორანდუმის) შედგენისას მენარდის მხრიდან შემკვეთისთვის არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდებას დაადასტურებდა. მხოლოდ მხარის განმარტება სადავო ფაქტობრივი გარემოების დადგენისთვის, სასამართლოს შეფასებით, არასაკმარისი მტკიცებულებაა. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ არ არსებობდა მოტყუების მოტივით სადავო ხელშეკრულების (8.09.2021 წლის მემორანდუმის) ბათილად ცნობის საფუძველი.

4.6. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, შემკვეთმა კონკრეტულად ვერ მიუთითა, თუ რაში გამოიხატა ხელშემკვრელი მხარის (მენარდე კომპანიის) მხრიდან მისი მოტყუება. მით უფრო, საკმაოდ მძლავრი და შემოსავლიანი კომპანიის დირექტორის მოტყუება, რომელსაც მოსალოდნელია, რომ აქვს საკმაო ცოდნა, კვალიფიკაცია და გამოცდილება ნებისმიერი გარიგების დადებისას თუ სხვა პირებთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში შესვლისას.

4.7. ამასთან, უდავოა, რომ მხარეთა შორის 2021 წლის 8 სექტემბრის შეთანხმების მემორანდუმი მყისიერად არ გაფორმებულა. კერძოდ: მხარეთა შორის მანამდე არსებობდა ნარდობის 2019 წლის 12 თებერვლის და 2019 წლის 25 ივნისის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობა (იხ. წინამდებარე განჩინების 3.1 ქვეპუნქტი), რომლის ფარგლებშიც მენარდემ შეასრულა მის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რის შედეგადაც მხარეთა შორის გაფორმდა სადავო მემორანდუმი, რაც, თავისი არსით, არის ვალის აღიარების ხელწერილი, რომლითაც მოვალემ/შემკვეთმა იკისრა მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულების 1 402 000 აშშ დოლარის 10 ეტაპად გადახდის ვალდებულება და 2021 წლის 18 ოქტომბერს გადაიხადა კიდევ პირველი ეტაპის შენატანი 120 000 აშშ დოლარი (380 000 ლარი). ამასთან, საქმეში წარმოდგენილი წერილებით დასტურდება, რომ მოსარჩელე/მენარდე მოპასუხეს/შე,კვეთს სთხოვდა დარჩენილი დავალიანების დაფარვას, თუმცა ფინანსური პრობლემების გამო, გადახდას ვერ ახერხებდა.

4.8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ სადავო შეთანხმების მემორანდუმის გაფორმებას წინ უძღოდა მთელი რიგი მოვლენები, რა დროსაც შემკვეთი (შეგებებული სარჩელის წარმდგენი კომპანია) მოკლებული არ იყო შესაძლებლობას, სრულად გაეზიარებინა მის მიერ გამოვლენილი ნება და გაეცნობიერებინა გარიგების შინაარსი, რაც გამორიცხავს გარიგების (მემორანდუმის) მოტყუებით დადების ფაქტს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით არ არსებობდა მოდავე მხარეთა შორის 2021 წლის 8 სექტემბრის შეთანხმების მემორანდუმის ბათილად ცნობისა და მის ფარგლებში მოვალის/შემკვეთის მიერ მენრდისათვის გადახდილი თანხის 380 000 ლარის უკან დაბრუნების საფუძველი, რაც გამორიცხავს შემკვეთის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებას და ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას.

4.9. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, თავდაპირველი მოსარჩელის (მენარდე კომპანიის) მოთხოვნა მის მიერ შესრულებული სამუშაოების აღიარებული დავალიანების 1 282 000 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე დასაბუთებულია. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება მენარდის მიერ შემკვეთის სასარგებლოდ სადავო ღირებულებების სამუშაოების შესრულება, რაც სსკ-ის 629.1 მუხლის შესაბამისად მისი ანაზღაურების საფუძველია.

4.10. საქმის მასალებით დგინდება, რომ 2021 წლის 8 სექტემბრის თანამშრომლობის მემორანდუმით, შემკვეთმა იკისრა მენარდისთვის 1 402 000 აშშ დოლარის 10 ეტაპად გადახდა. აღნიშნული მემორანდუმი, თავისი შინაარსით, როგორც უკვე აღინიშნა, წარმოადგენს ვალის აღიარების ხელწერილს, რომლითაც მოვალემ/შემკვეთმა კონკრეტულ პერიოდზე იკისრა კონკრეტული თანხების კრედიტორის/მენარდის სასარგებლოდ გადახდა. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ვინაიდან 2021 წლის მემორანდუმი შეიცავს კონკრეტულ დაპირებას და ვალდებულების შესრულების მზაობას, არსებობს სსკ-ის 341-ე მუხლის გამოყენების წინაპირობა, რაც მენარდე კომპანიის სასარჩელო მოთხოვნის საფუძველზე, გადასახდელად დარჩენილი 1 282 000 აშშ დოლარის შემკვეთისთვის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება, როგორც კანონიერი, უცვლელად უნდა დარჩეს.

4.11. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის (მენარდის) მოთხოვნა 2022 წლის 11 ივლისიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველდღიურად 384,60 აშშ დოლარის მიყენებული ზიანის მენარდისათვის დაკისრების თაობაზე. განსახილველ შემთხვევაში საქმეში არსებული დადასტურებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მოსარჩელის/მენარდის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა სათანადოდ დადასტურება, რომ მან მესამე პირის (შპს „დ.თ–ს“) მიმართ ნაკისრი ვალდებულების შესრულება ვერ შეძლო, სწორედ შემკვეთის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო და მას სხვა სახსრები მესამე პირის მიმართ არსებული ვალდებულების შესასრულებლად არ გააჩნდა, რის გამოც დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა. მენარდემ (თავდაპირველმა მოსარჩელემ) აღნიშნული გარემოებების დასადასტურებლად ვერ წარმოადგინა შესაბამისი მტკიცებულებები, რაც გამორიცხავს ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მესამე პირთან დადებული ხელშეკრულებისა და მოსარჩელის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის თაობაზე, ცნობილი იყო შემკვეთისთვის (პირველი მოპასუხისათვის), რაც ასევე სსკ-ის 412-ე მუხლის თანახმად გამორიცხავს მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ზიანის ანაზღაურებას.

5. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

5.1. შეგებებული სარჩელით მოსარჩელემ (შემკვეთმა კომპანიამ) საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, მენარდის თავდაპირველი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და თავისი შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

5.2. კასატორს წარმოდგენილი აქვს ვრცელი საკასაციო საჩივარი, რომელშიც მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ არ იმსჯელა სადავო მემორანდუმის ბათილად ცნობის საკითხზე. კერძოდ, აღნიშნული მემორანდუმი გაფორმდა მოტყუებით, შესაბამისად უსაფუძვლოა შემკვეთისათვის, მენარდის სასარგებლოდ, 1 282 000 აშშ დოლარის დაკისრება. კასატორი მოითხოვს მისი შეგებებული სარჩელით მოპასუხისათვის (მენარდე კომპანიისათვის), მოტყუებით დადებული მემორანდუმის ფარგლებში, შემკვეთის მიერ გადახდილი 380 000 ლარის დაკისრებას.

5.3. კასატორის პრეტენზიის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ არსებითად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებად მიუთითა მხოლოდ მენარდის ინიციატივით მომზადებულ აუდიტორულ დასკვნაზე და არ გაითვალისწინა შემკვეთის მიერ წარდგენილი აუდიტის დასკვნა.

5.4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად დაასკვნა, რომ შემკვეთი კომპანიის საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

7. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო განაცხადი.

8. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოხსენებული საფუძვლით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.

9. განსახილველ შემთხვევაში, იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც შეგებებული სარჩელით მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, 2021 წლის 8 სექტემბრის შეთანხმების მემორანდუმის, როგორც მოტყუებით დადებული ხელშეკრულების, ბათილად ცნობის მოთხოვნა გამომდინარეობს სსკ-ის 54-ე (ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს), 81-ე (1. თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა. 2. თუ ერთი მხარე დუმს იმ გარემოებათა გამო, რომელთა გამჟღავნების დროსაც მეორე მხარე არ გამოვლენდა თავის ნებას, მაშინ მოტყუებულს შეუძლია, მოითხოვოს გარიგების ბათილობა. გამჟღავნების ვალდებულება არსებობს მხოლოდ მაშინ, როცა მხარე ამას ელოდა კეთილსინდისიერად.), 82-ე (მოტყუებით დადებული გარიგების ბათილად ცნობისათვის მნიშვნელობა არა აქვს, არასწორი ცნობების შეტყობინებით მხარე მიზნად ისახავდა რაიმე სარგებლის მიღებას, თუ - მეორე მხარისათვის ზიანის მიყენებას), 83-ე (1. მესამე პირის მხრიდან მოტყუებისას შეიძლება გარიგების ბათილობის მოთხოვნა, თუ მოტყუების შესახებ იცოდა ან უნდა სცოდნოდა იმ პირს, რომელიც სარგებელს იღებს ამ გარიგებიდან. 2. მესამე პირის მხრიდან მოტყუებისას შეიძლება გარიგების ბათილობის მოთხოვნა, თუ მოტყუების შესახებ იცოდა ან უნდა სცოდნოდა იმ პირს, რომელიც სარგებელს იღებს ამ გარიგებიდან) მუხლებიდან, ამავე კოდექსის 976.1-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტიდან (პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში) და 979.1-ე (უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით) მუხლიდან.

10. საკასაციო სასამართლო კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით იზიარებს სააპელაცო სასამართლოს დასკვნას და შეფასებას, რომ მხარეთა შორის 2021 წლის 8 სექტემბრის შეთანხმების მემორანდუმის, როგორც მოტყუებით დადებულად მისაჩნევად, შემკვეთ კომპანიას არც კი მიუთითებია ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რაც შეთანხმების მოტყუებით დადებულად მიჩნევის პრეზუმფციას შექმნიდა და სასამართლოს დეტალური კვლევის ვალდებულებას წარმოუშობდა, რომ აღარაფერი ითქვას კონკრეტული მტკიცებულების წარუდგენლობაზე, რაც შეთანხმების მოტყუებით დადებულად მიჩნევის კუთხით იქნებოდა შესასწავლი.

11. მოტყუებით დადებული გარიგების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოტყუების საფუძვლით გარიგების ბათილობისთვის აუცილებელია, რომ მოტყუებას ნების გამომვლენში ისეთ შეცდომის გამოწვევა შეეძლოს, რომელიც ნების გამოვლენის საფუძველი გახდება. მოტყუების დროს პირს შექმნილი უნდა ჰქონდეს ისეთი ობიექტური ვითარება, რომელიც ხელს შეუშლის ნების გამომვლენს ნამდვილი, ანუ მისთვის სასურველი ნების გამოვლენაში და აღნიშნული გარემოება, ყველა ნორმალურ მოაზროვნე ადამიანში არანამდვილი ნების გამოვლენას უნდა იწვევდეს, ანუ ადამიანს ობიექტური განსჯის შედეგად არ უნდა ჰქონდეს თავისი ნამდვილი ნების გამოვლენის შესაძლებლობა, შესაბამისად, მოტყუების ფაქტი იმდენად თვალსაჩინო და აშკარა უნდა იყოს, რომ ნებისმიერ საშალო განვითარებისა და აზროვნების ადამიანის მოტყუება უნდა იყოს შესაძლებელი (იხ. სუსგ-ები Nას-182-171-2014, 16.06.2014; Nას-1117-1051-2015, 20.01.2016წ.; №ას-1126-2021, 29.05.2023წ.; №ას-1084-2022, 24.01.2024 წ.; Nას-1448-2023 20.05.2024წ.; ას-195-2024, 24.07.2024წ.) ამასთან, მხარემ, რომელიც იყენებს შეცილების უფლებას, უნდა დაამტკიცოს მოტყუების ფაქტის არსებობა, არსებითობა და მიზეზობრივი კავშირი მოტყუებასა და ნების გამოვლენას შორის (იხ. სუსგ-ები Nას-1382-2018, 25.01.2019; Nას-1126-2021, 29.05.2023 წ.).

12. სსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოტყუება გარიგებაში ხელყოფს ერთი მხარის ნდობას მეორე მხარის კეთილსინდისიერ ქცევასთან მიმართებით. მოტყუებისას ნების ნაკლი განპირობებულია გარიგების მეორე მხარის განზრახი სამართლებრივად გასაკიცხი მოქმედებით, რომლის მიზანიც ნების გამომვლენისათვის არასწორი წარმოდგენის შექმნაა. განსხვავებით თვალთმაქცური გარიგებისაგან, რომელიც დადებულია ისე, რომ მხარეებს ამ გარიგებიდან გამომდინარე შედეგის დადგომა არ სურთ, მოტყუებით დადებული გარიგების შემთხვევაში, ორივე მხარეს სურს ხელშეკრულებით დასახული მიზნის მიღწევა, თუმცა, აღნიშნული მოტყუებულის თავისუფალი გადაწყვეტილებით არ არის განპირობებული, არამედ მოტყუების შედეგია. მოტყუებასა და გარიგების დადებას შორის მიზეზობრივი კავშირის, განზრახვის, ისევე როგორც მართლწინააღმდეგობის ცალკეული წინაპირობების მტკიცების ტვირთი მოტყუებულს, ამ შემთხვევაში, შეგებებული სარჩელით მოსარჩელეს აწევს, რომელმაც დამაჯერებელი და დასაშვები მტკიცებულებებით აღნიშნულის დამტკიცება ვერ შეძლო (იხ. სუსგ-ები: №ას-1382-2018 25.01.2019წ.; №ას-922-2018 22.02.2019წ.; №ას-794-2020 24.12.2020წ.; №ას-664-2022 27.07.2022წ.; №ას-328-2021 21.07.2022წ.; №ას-1333-2023 22.12.2023წ.)

13. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64) - იხ. შეად. სუსგ-ებს N ას-1298-2018; 22.03.2019წ; N ას-1329-2018, 22.02.2019წ; N ას-1610-2019, 07.02.2020წ; N ას- 1027-2020, 27.11.2020წ; N ას-634-2021, 4.11.2021წ; N ას-1363-2021, 5.04.2022წ; N ას-1183-2022, 23.12.2022წ; N ას-1572-2022, 5.05.2023წ.).

14. განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, კასატორმა (შემკვეთმა კომპანიამ) ზოგადი შინაარსის სიტყვიერი განმარტების გარდა, დამაჯერებელი ფაქტობრივი გარემოებებიც კი არ შესთავაზა სასამართლოს, რათა განეხორციელებინა მოტყუებით დადებული შეთანხმების კვლევა, ისევე როგორც არავითარი მტკიცებულება არ წარუდგენია, რაც სადავო გარიგების შედგენისას შეგებებული სარჩელის მოპასუხის (მენარდე კომპანიის) მხრიდან მოსარჩელისთვის არასწორი ან არასრული ინფორმაციიის მიწოდებას დაადასტურებდა. შემკვეთის მხოლოდ ზეპირსიტყვიერი განმარტება სადავო ფაქტობრივი გარემოების დადგენისთვის სასამართლოსთვის ვერ იქნება საკმარისი მტკიცებულება. საკასაციო სასამართლო იმასაც აღნიშნავს, რომ მემორანდუმის ორივე მხარე იურიდიული პირია, რომელთაც, ორგანიზაციულ-სამართლებრივი მოწყობის გარდა, პრეზუმირებულია, რომ გააჩნიათ მმართველო ორგანოები, შესაბამისი პასუხისმგებლობა, შესაძლო რისკების შეფასების უნარი კონტრაჰირების პროცესში, რაც ახლად დაფუძნებულ იურიდიულ პირზეც ისევე ვრცელდება, როგორც უკვე საქმიან ურთიერთობაში მონაწილე უფრო გამოცდილ იურიდიულ პირზე. ამასთან, იურიდიული პირი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირთა მეშვეობით გამოდის მესამე პირებთან ურთიერთობებში და კონკრეტული გარიგებიდან გამომდინარე შესაძლო ზიანზე, შესაბამისი ფატქობრივი წინაპირობების არსებობისა და დამტკიცების პირობებში, შესაძლოა, სწორედ იურიდიული პირის ხელმძღვანელის პაუსხისმგებლობის საკითხი დაისვას საწარმოსათვის საზიანო ქმედებების ან არახელსაყრელი გარიგებების დადების კუთხით, რაზედაც უთითებს კიდეც კასატორი თავის საკასაციო საჩივარში და აღნიშნავს, რომ „მემორანდუმის „გაფორმების“ მომენტში კასატორის დირექტორი იყო ახალი დანიშნული, სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო, რომ კასატორს 2021 წლის გაზაფხულიდან ხელმძღვანელობს ახალი დირექტორი, რომელმაც ჩაანაცვლა დირექტორის პოზიციაზე მყოფი ყოფილი დირექტორი მ.ქ–ძე, რომლის მიმართ კასატორს ჰქონდა პარალელური დავები, რომლის არასწორი ინფორმაციის საფუძველზე 2021 წლის 8 სექტემბერს ახლადდანიშნულმა დირექტორმა ხელი მოაწერა მემორანდუმს, და მათ შორის განხორციელდა ამ მემორანდუმის ფარგლებში პირველი ტრანზაქცია, რომლის დაბრუნებასაც წინამდებარე წარმოების ფარგლებში ითხოვს კასატორი“ (იხ. საკასაციო საჩივარი- ტ.6, ს.ფ. 305-306). კასატორი თვითონვე უთითებს, რომ შემკვეთი კომპანიის ყოფილი დირექტორის არასწორი ინფორმაციის საფუძველზე მოაწერა ხელი ახლადდანიშნულმა დირექტორმა სადავო მემორანდუმს. საკასაციო სასამართლო ამ მიმართებით აღარ განავითარებს მსჯელობას, რადგან დირექტორის პასუხისმგებლობა (ყოფილი იქნება თუ ახლად დანიშნული) სასამსახურო/დავალების ხელშეკრულებით განისაზღვრება, რაც სხვა დავის საგანია და ფაქტობრივ მოცემულობასაც კი არ ქმნის მოტყუებით დადებული გარიგების ბათილად ცნობისთვის, რომელიც სრულიად განსხვავებულ სამართლებრივ კონსტრუქციას ეფუძნება. მოცემულ შემთხვევაში კასატორი მხარის მითითება მოტყუებით დადებულ შეთანხმებაზე, მინიმალური სტანდარტითაც კი არ აკმაყოფილებს შეგებებული მოსარჩელის მოთხოვნას, რადგან არც ერთი ფაქტობრივი გარემოება არ არის სარჩელში მითითებული, თუ რა გარემოებების გათვალისწინებით შევიდა სახელშეკრულებო ურთიერთობაში შემკვეთი კომპანია, მისი ხელმძღვანელი პირის მეშვეობით, ან ამ უკანასკნელის მიმართ რა ქმედებები, ფაქტები, გარემოებებია განხორციელებული, რამაც ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის მოტყუება გამოიწვია, რომელია ის გარემოება, რის გამოც აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა (სსკ-ის 81.1-ე მუხლი); ან რომელ გარემოებათა გამო დუმდა სადავო შეთანხმების ერთი მხარე (მენარდე კომპანია), რომელთა გამჟღავნების შემთხვევაში მეორე მხარე (შემკვეთი/კასატორი კომპანია) მისი უფლებამოსილი პირის სახით არ გამოავლენდა ნებას (სსკ-ის 81.2-ე მუხლი). ყოველივე ზემაოღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ არ არსებობდა მოტყუების მოტივით სადავო ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი.

15. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ შეგებებული სარჩელის წარმდგენმა შემკვეთმა კომპანიამ ვერ დაასაბუთა, რაში გამოიხატა ხელშემკვრელი მხარის მხრიდან მისი მოტყუება, მითუმეტეს, დიდი და შემოსავლიანი კომპანიის დირექტორის მოტყუება, რომელსაც სავარაუდო და მოსალოდნელია, რომ აქვს საკმარისი ცოდნა, კვალიფიკაცია და გამოცდილება ნებისმიერი გარიგების დადებისას, თუ სხვა პირებთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში შესვლისას.

16. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მხარეთა შორის 2021 წლის 8 სექტემბრის შეთანხმების მემორანდუმი არ გაფორმებულა მყისიერად. კერძოდ, მხარეთა შორის მანამდე არსებობდა ნარდობის 2019 წლის 12 თებრვლის და 2019 წლის 25 ივნისის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობა, რომელთა ფარგლებშიც მოსარჩელემ (მენარდემ) შეასრულა მის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულები, რის შედეგადაც მხარეთა შორის გაფორმდა სადავო მემორანდუმი, რაც, თავისი არსით, წარმოადგენს ვალის აღიარების ხელწერილს, რომლითაც მოვალემ (შემკვეთმა) იკისრა მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულების 1 402 000 აშშ დოლარის 10 ეტაპად გადახდის ვალდებულება და 2021 წლის 18 ოქტომბერს გადაიხადა კიდეც პირველი ეტაპის შენატანი 120000 აშშ დოლარი (380 000 ლარი). ამასთან, საქმეში წრმოდგენილი მიმოწერით დასტურდება, რომ მოსარჩელე/მენარდე სთხოვდა მოპასუხეს/შემკვეთს დარჩენილი დავალიანების დაფარვას, თუმცა ფინანსური პრობლემების გამო შემკვეთი გადახდას ვერ ახერხებდა.

17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ სადავო შეთანხმების მემორანდუმის გაფორმება არ მომხდარა მყისიერად, კონტაჰენტთა მხრიდან გაუცნობიერებლად, ამას წინ უძღოდა არაერთი გარემოება, მათ შორის მანამდე არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობა, რა დროსაც შემკვეთს შესაძლებლობა ჰქონდა, სრულად გაეაზრებინა მის მიერ გამოვლენილი ნება და გაეცნობიერებინა გარიგების შინაარსი, რაც გამორიცხავს გარიგების მოტყუებით დადების ფაქტს.

18. ერთ-ერთ საქმეში საკასაციო სასამართლოს განმარტების თანახმად „ყოველგვარ დასაბუთებასაა მოკლებული, რომ მხარემ არ იცოდა, თუ რა ხელშეკრულებას აწერდა ხელს. ლ.პ-ი ვერ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მას ხელშეკრულება არ წაუკითხავს, თუმცა ასეთ შემთხვევაშიც ხელშეკრულება ვერ იქნება ბათილად ცნობილი, ვინაიდან ხელშეკრულებაზე ნებაყოფლობით ხელის მოწერით მხარე გამოთქვამს რა თანხმობას სახელშეკრულებო პირობებზე, ივარაუდება, რომ ხელშეკრულების პირობები მისთვის ცნობილია. კანონი არ ითვალისწინებს ხელშეკრულების ბათილობას მხარის დაუდევრობის - ხელშეკრულების გაცნობის გარეშე ხელმოწერის გამო“ (სუსგ №ას-193-180-2015, 30.04.2015წ.). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ არ არსებობდა აღნიშნული საფუძვლით მოპასუხის მიერ გამოვლენილი ნების ბათილად ცნობის საფუძველი, შესაბამისად, არ არსებობს მოვალის/შემკვეთის მიერ კრედიტორისთვის გადახდილი 380 000 ლარის დაბრუნების საფუძველი და შეგებებული სარჩელი ამ ნაწილში მართებულად არ დაკმაყოფილდა.

19. მენარდის მიერ წარდგენილი სარჩელით მოთხოვნილი 1 282 000 აშშ დოლარის მოპასუხისთვის დაკისრების ნაწილში კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, აღნიშნული თანხის დაკისრების მართლზომიერების თაობაზე.

20. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, თავდაპირველი მოსარჩელის (მენარდე კომპანიის) მოთხოვნა მის მიერ შესრულებული სამუშაოების აღიარებული დავალიანების 1 282 000 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე დასაბუთებულია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, როგორებიცაა - ნარდობის ხელშეკრულება, აუდიტორული დასკვნა, თანამშრომლობის მემორანდუმი, წერილები და საგადახდო დავალება. აღნიშნული დოკუმენტებით დასტურდება მენარდის მიერ შემკვეთის სასარგებლოდ სადავო ღირებულების სამუშაოების შესრულება, რაც სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური) თანახმად, მისი ანაზღაურების საფუძველია.

21. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ 2021 წლის 8 სექტემბრის თანამშრომლობის მემორანდუმით, მოპასუხემ იკისრა 10 ეტაპად მოსარჩელისთვის 1 402 000 აშშ დოლარის გადახდა. აღნიშნული მემორანდუმი კი, თავისი შინაარსით, წარმოადგენს ვალის აღიარების ხელწერილს, რომლითაც მოვალემ/შემკვეთმა კონკრეტულ პერიოდზე იკისრა კონკრეტული თანხების კრედიტორის/მენარდის სასარგებლოდ გადახდა.

22. სსკ-ის 341-ე მუხლის თანახმად, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას; თუ ვალის არსებობა აღიარებულია ანგარიშსწორების (გადახდის) საფუძველზე ან მორიგების გზით, მაშინ ფორმის დაცვა არ არის აუცილებელი.

23. ვალის არსებობის აღიარება უნდა აკმაყოფილებდეს გარიგების ნამდვილობის პირობებს. ხელშეკრულებაში გაწერილი უნდა იყოს მისთვის მახასიათებელი ყველა არსებითი პირობა: კრედიტორისა და მოვალის მონაცემები, მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე შესასრულებელი კონკრეტული ვალდებულება და მომავალში მისი შესრულების განზრახვა (იხ. დამატებით: ეკატერინე ბაღიშვილი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, თბილისი 2019, მუხლი 341, ველი 12; შდრ. სუსგ №ას-1485-1401-2012, 11.11.2013წ.). პირი უნდა აღიარებდეს გარკვეულ ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობას და კისრულობდეს მისი შესრულების ვალდებულებას. ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულების თავისებურება სწორედ ისაა, რომ მასში ვალდებულების შესრულების მზაობა იკვეთება (იხ: სუსგ-ები: N ას-1133-1079-2014, 30.09.2015წ.; N ას-226-213-2015, 18.05.2015წ; N ას-483-2023, 18.10.2023; N ას-981-2022, 29.02.2024წ.).

24. ვალის აღიარება საკმაოდ რთული და კომპლექსური ინსტიტუტია. იგი მხარეთა ნების თავისუფალ გამოვლენას მოიაზრებს, რაც მიზნად ისახავს გარკვეული სამართლებრივი შედეგის დადგომას. სამართლებრივად რელევანტური ნება შესაძლოა, მიმართული იყოს როგორც არსებული სამართლებრივი ურთიერთობის დადასტურებისკენ (ვალის დეკლარაციული აღიარება), ისე ახალი ურთიერთობის წარმოშობისკენ (ვალის კონსტიტუციური აღიარება). აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, გაიმიჯნოს, ვალის აღიარების რომელ სახესთან გვაქვს საქმე, რადგან თითოეულ მათგანს თავისი მნიშვნელობა და განსხვავებული სამართლებრივი შედეგები აქვს. სსკ-ის 341-ე მუხლი განამტკიცებს ე.წ. კონსტიტუტიურ (აბსტრაქტულ) ვალის აღიარებას, სადაც მხარეთა ნება მიმართულია ახალი ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობისკენ. ამ ხელშეკრულებით მოვალე აღიარებს გარკვეული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობას, თუმცა ამ ურთიერთობისგან დამოუკიდებლად კისრულობს კრედიტორის წინაშე გარკვეული შესრულების განხორციელებას. ანუ დგინდება ახალი, დამოუკიდებელი ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა, წარმოიშობა ახალი მოთხოვნა, რომელიც არ არის დამოკიდებული ძველი სამართლებრივი ურთიერთობის ნამდვილობაზე. ახალი ხელშეკრულება დამოუკიდებელია მისი სამართლებრივი საფუძვლისგან და მისი მიზანი არ არის ე.წ. ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესრულების მოთხოვნა. ახალი ხელშეკრულების ძალით ვალდებულება შესრულებას მაშინაც ექვემდებარება, როცა ძველი ურთიერთობის არსებობა სადავო არის მხარეთათვის (იხ. სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, 341-ე მუხლის კომენტარი, ეკატერინე ბაღიშვილი, თბილისი, 2019, გვ. 174).

25. რაც შეეხება დეკლარაციულ (კაუზალურ) ვალის აღიარებას, იგი მხოლოდ ადასტურებს უკვე არსებულ ვალს, ანუ მიმართულია ძველი ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის დადასტურებისკენ და არა ახალი ურთიერთობის დადგენისკენ. ამის საჭიროებას, ჩვეულებრივ, განაპირობებს მხარეთა შორის არსებული უთანხმოება ან გაურკვევლობა ვალდებულების არსებობის თაობაზე. დეკლარაციული აღიარების სამართლებრივი ძალა დამოკიდებულია შეთანხმების შინაარსზე და საჭიროებისამებრ დგინდება განმარტების მეშვეობით. დეკლარაციული ვალის აღიარების გავრცელებული ფორმებია: მოვალის შეპირება იმის თაობაზე, რომ ვალს მალე გადაიხდის, ბუღალტრული აქტი, ურთიერთშედარების აქტი, მხარის განცხადება დარჩენილი ვალდებულების განაწილვადების თაობაზე და სხვ (იხ. სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, 341-ე მუხლის კომენტარი, ეკატერინე ბაღიშვილი, თბილისი, 2019, გვ. 176-177).

26. საკასაციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკით განმარტებულია: „რაც შეეხება სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლს, უპირველესად უნდა აღინიშნოს ის, რომ თავად ამ ნორმით მოწესრიგებული ვალის არსებობის აღიარება 137-ე და 144.3 მუხლებით გათვალისწინებული აღიარებისგან აბსტრაქტული ბუნებით განსხვავდება, იგი თავად წარმოადგენს ცალმხრივ გარიგებას და დამოუკიდებელ ვალდებულებას წარმოშობს. ვალის აღიარების ხელშეკრულება, ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობის სადავოობის შემთხვევაშიც შესრულების ვალდებულებას წარმოშობს და კრედიტორს მოთხოვნის უფლებას ანიჭებს. საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის გაგებით ვალის არსებობის აღიარებასთან არ გვაქვს საქმე, როდესაც მხარეები უკვე არსებული ვალდებულების შინაარსიდან გამოდიან ან ადასტურებენ მას, ან მხარეები არსებული ვალდებულების შესასრულებლად ახალი ვალდებულების შესრულებას კისრულობენ. ამდენად, იგი არ უნდა უკავშირდებოდეს ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესრულების მოთხოვნას (იხ. სუსგ N ას-392-371-2013, 8.11 2013 წ.; N ას-1156-1111-2016, 13.04. 2017წ. ).

27. საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ ვალის აღიარების განმასხვავებელი ნიშანი ნებისმიერი სხვა ფორმით გათვალისწინებული მოთხოვნის აღიარებისგან არის ის, რომ ახალი ხელშეკრულებაა და არა სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში ნების გამოვლენა. ვალის არსებობის აღიარება არის ცალმხრივი და აბსტრაქტული ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ერთი მხარე მეორე მხარის სასარგებლოდ დამოუკიდებლად კისრულობს გარკვეული მოქმედებების შესრულებას. თუ მხარეები უკვე არსებული ვალდებულების შინაარსიდან გამოდიან ან ადასტურებენ მას, ან მხარეების არსებული ვალდებულების შესასრულებლად ახალი ვალდებულების შესრულებას კისრულობენ, ვალის აღიარებად არ მიიჩნევა. ვალის არსებობის აღიარება მხოლოდ მაშინ ვლინდება, თუ იგი დამოუკიდებელია ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისგან და ახალ, დამოუკიდებელ მოთხოვნას წარმოშობს (შდრ. სუსგ-ებს: №ას-839-890-2011, 8.11.2011წ.; №ას-392-371-2013, 8.11.2013წ.; №ას-1083-1040-2016, 26.04.2018 წ.; Nას-758-2019, 22.10.2019წ.; Nას-246-2020; 12.11.2020წ.; Nას-433-2020; 19.11.2020წ; Nას-87-2020; 18.11.2021წ.; Nას-884-2021; 31.05.2022წ.; Nას-634-2022; 16.09.2022წ.; Nას-783-2023; 29.09.2023წ. N ას-483-2023, 18.10.2023წ;)

28. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოსშეფასებით, ვინაიდან 2021 წლის 8 სექტემბერს მხარეთა შორის გაფორმებული თანაშრომლობის მემორანდუმი შეიცავს კონკრეტულ დაპირებას და ვალდებულების შესრულების მზაობას, არსებობს სსკ-ის 341-ე მუხლის გამოყენების წინაპირობა, რაც დარჩენილი თანხის 1 282 000 აშშ დოლარის მოპასუხისთვის/შემკვეთისთვის დაკისრების საფუძველია მოსარჩელის/მენარდის სასარგებლოდ.

29. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია კასატორის საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება, როგორც დასაბუთებული და კანონიერი.

31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.

32. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 407.1-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ბ.თ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. შპს „ბ.თ–ს“ (ს/კ .........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს, თ. ღ–ის (პ/ნ .......) 04.09.2024 წლის #1350 საგადახდო დავალებით გადახდილი 8000 ლარის 70% - 5600 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი

მ. ერემაძე