საქმე №ას-1344-2024 13 დეკემბერი, 2024 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – შ.შ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ა.გ–ნი (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით შ.შ–ის (შემდეგში: მოსარჩელე, კასატორი ან დედა) სარჩელი, ა.გ–ნის (შემდეგში პირველი მოპასუხე, აპელანტი ან მამა) და ლ.გ–ის (შემდეგში მეორე მოპასუხე, ბავშვის ძმა ან აპელანტი) მიმართ, დაკმაყოფილდა, გამოთხოვილ იქნა მოპასუხე ა.გ–ნის და ლ.გ–ის უკანონო მფლობელობიდან ლ.გ–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქალაქი: თბილისი, ქუჩა: .......... N3 კორპუსი N1, სართული 2, ბინა 39, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი ……… და ლ.გ–ს გადაეცა გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილებით მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. მოსარჩელე და პირველი მოპასუხე დაქორწინდნენ 2014 წლის 30 აგვისტოს. 2017 წლის 5 მაისს მათ შეეძინათ შვილი, ლ.გ–ი (შემდგომში - „მესაკუთრე“, „ბავშვი“).
3.2. მეუღლეები 2022 წლის 8 ნოემბერს განქორწინდნენ. ამის შემდეგ ბავშვი დედასთან ერთად ქ. გორში ცხოვრობს. ლ.გ–ი (ბავშვის ძმა) მესაკუთრის ძმაა მამის მხრიდან. იგი სტუდენტია და 2022 წლიდან სწავლობს თბილისში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.
3.3. 2021 წლის 7 ივლისს მამამ ბავშვს თბილისში, ………. N1- ში მდებარე ბინა N39 (შემდგომში - „სადავო ბინა“) აჩუქა. სადავო ბინაში ამჟამად მოპასუხეები ცხოვრობენ.
3.4. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით მოსარჩელეს სარჩელი ბავშვის სახელით არ აღუძრავს. ბავშვი, საპროცესო სტატუსის განსაზღვრის გარეშე, საქმეში რაიონული სასამართლოს 2023 წლის 22 მაისის განჩინებით ჩაება. შესაბამისად, საქმეში მოსარჩელე ბავშვის დედაა და მისი მოთხოვნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ი) 1198-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან გამომდინარეობს.
3.5. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, სსკ-ის 1197-ე მუხლის თანახმად, მამა სადავო ბინის მართლზომიერი მფლობელია. დადგენილია ისიც, რომ ბავშვის ძმა სადავო ბინას მამის თანხმობით, ე.ი. ასევე მართლზომიერად ფლობს. ამის შესაბამისად, სსკ-ის 162-ე მუხლის 1-ელი ნაწილის საფუძველზე, მოპასუხეთა მიმართ ბინის დაბრუნების მოთხოვნა დაუშვებელია.
3.6. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელემ მოპასუხეთა მიმართ პრეტენზია დაასაბუთა იმით, რომ მას სადავო ბინის გაქირავება სურდა. სსკ-ის 1197-ე მუხლისა და 1198-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, გადაწყვეტილება ბავშვის ქონების გაქირავების თაობაზე დედ-მამამ ერთობლივად უნდა მიიღონ; ამავე კოდექსის 183-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ბავშვის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის განკარგვა მხოლოდ სასამართლოს თანხმობის საფუძველზეა დასაშვები. საქმის მასალებით არ დგინდება, რომ მამა სადავო ბინის განკარგვას დაეთანხმა ან, რომ - ქონების გაქირავება ბავშვის ინტერესებს შეესაბამებოდა.
3.7. სადავო ბინის გაქირავების აუცილებლობა მოსარჩელემ მოპასუხის - მამის მხრიდან 2021 წლის 15 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის რისკით დაასაბუთა. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება დავის საგანი არ არის და მასზე ვერ იმსჯელებს; ასევე, სს „თ.ბ–გან“ თანხა ბავშვის დედ-მამამ ერთობლივად ისესხეს. აქედან გამომდინარე, მოსარჩელის მითითება იმის თაობაზე, რომ სასესხო ვალდებულება მხოლოდ ბავშვის მამას უნდა შეესრულებინა, დასაბუთებული არ არის და ასეც რომ ყოფილიყო, დადგენილია, რომ ბავშვის დედ-მამამ სს „თ.ბ–თან“ საბანკო კრედიტის ხელშეკრულება 2021 წლის 15 ივნისს დადეს; მამამ ბავშვს სადავო ბინა 2021 წლის 7 ივლისს აჩუქა; ბავშვის მშობლები 2022 წლის 8 ნოემბერს განქორწინდნენ, ხოლო მოსარჩელემ სარჩელი 2023 წლის 17 იანვარს, ე.ი. განქორწინებიდან ორ თვეში აღძრა; ამ დროის განმავლობაში მამის მიერ საკრედიტო ვალდებულების შეუსრულებლობის არც ერთი შემთხვევა მოსარჩელეს არ მიუთითებია; ზემოხსენებული ვალდებულების დარღვევის სავარაუდო საფრთხე კი მართლზომიერი მფლობელის მიმართ წაყენებული დასაბუთებული პრეტენზია არ არის. აქედან გამომდინარე, მოპასუხეთა მფლობელობიდან სადავო ბინის გამოთხოვის საფუძვლები არ არსებობდა და რაიონულმა სასამართლომ სარჩელი შეცდომით დააკმაყოფილა. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად დასაბუთებული არ არის და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ი) 377-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, იგი უნდა გაუქმდეს.
4. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
4.1.სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.
4.2.კასატორის პრეტენზიის თანახმად, სასამართლომ შეაფასა მხოლოდ ერთი მშობლის უფლება და სრულიად უგულებელყო თანაბარ წილში მშობლების უფლება და არ გაითვალისწინა არასრულწლოვნის უფლებები.
4.3.სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინდა თითქოსდა მოსარჩელე თავისი სახელით მოქმედებდა და არა როგორც არასრულწლოვანი შვილის ინტერესების წარმომადგენელი.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 15 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივრის პრეტენზიებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობის, საქმის მასალების შესწავლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგან იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
7. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
8. სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
9. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება“ – (იხ. სუსგ-ები. №ას-1318-2019, 1.11.2019 წ., პ. 19.; №ას-1400-2024 6.12.2024წ.; №ას-789-2023, 29.09.2023წ.; №ას-1005-2013, 3.10.2023წ.; №ას-1004-2023, 3.10.2023წ.; №ას-766-2023, 05.10.2023წ.; №ას-1146-2023, 11.10.2023წ.; №997-2023, 25.10.2023წ.;№ ას-1095-2024 18.11.2024წ.; №ას-1246-2023 8.11.2024წ.).
10. სსკ-ის 162-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დაუშვებელია მართლზომიერ მფლობელს მოეთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება. მართლზომიერი მფლობელობის განმავლობაში მის კუთვნილებად ითვლება ნივთისა და უფლების ნაყოფი. ამავე კოდექსის 159-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მართლზომიერი მფლობელია ის, ვინც ნივთს სამართლებრივად ნამდვილი საფუძვლით ფლობს.
11. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ მოსარჩელეს სარჩელი ბავშვის სახელით არ აღუძრავს. გორის რაიონულმა სასამართლომ 2023 წლის 22 მაისის განჩინებით ბავშვი, საპროცესო სტატუსის განსაზღვრის გარეშე, ჩართო საქმეში. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში საქმეში მოსარჩელე არის ბავშვის დედა და მისი მოთხოვნა სსკ-ის 1198-ე მუხლის მეოთხე ნაწილიდან გამომდინარეობს, რომლის თანახმად, მშობლებს ევალებათ, დაიცვან თავიანთი არასრულწლოვანი შვილების უფლებები და ინტერესები, რაც მოიცავს შვილების ქონების მართვასა და გამოყენებას. ამასთან, სსკ-ის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვს, რაც ნიშნავს, რომ ბავშვის ქონების მართვისა და გამოყენების უფლებას როგორც დედას, ისე მამას თანაბრად გააჩნიათ.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ სავსებით მართებულად დაადგინა, რომ მამა სადავო ბინის მართლზომიერი მფლობელია. ასევე, ბავშვის ძმა სადავო ბინას მამის თანხმობით, მართლზომიერად ფლობს. შესაბამისად, სსკ-ის 162-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოპასუხეთა მიმართ ბინის დაბრუნების მოთხოვნა დაუშვებელია.
13. სსკ-ის 168-ე მუხლით დადგენილია, რომ მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ პრეტენზია სადავო ბინის გაქირავების სურვილით დაასაბუთა.
14. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ სსკ-ის 1197-ე და 1198-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილება ბავშვის ქონების გაქირავების თაობაზე დედ-მამამ ერთობლივად უნდა მიიღონ; ამასთან, სსკ-ის 183-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ბავშვის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განკარგვა მხოლოდ სასამართლოს თანხმობით არის დასაშვები.
15. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, განსახილველ საქმეში არ არის წარმოდგენილი მამის თანხმობა სადავო ბინის განკარგვაზე, ასევე დაუსაბუთებელია, ქონების გაქირავების შესაბამისობა ბავშვის ინტერესებთან.
16. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ/კასატორმა სადავო ბინის გაქირავების აუცილებლობა, მოპასუხის/მამის მიერ 2021 წლის 15 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის რისკით დაასაბუთა.
17. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება მოცემული დავის საგანი არ არის და სასამართლო მასზე ვერ იმსჯელებს. ამასთან, სს „თ.ბ–გან“ თანხა ბავშვის დედ-მამამ ერთობლივად ისესხეს. აქედან გამომდინარე, მოსარჩელის მითითება იმის თაობაზე, რომ სასესხო ვალდებულება მხოლოდ ბავშვის მამას უნდა შეესრულებინა, დაუსაბუთებელია და ასეც რომ ყოფილიყო, დადგენილია, რომ ბავშვის დედ-მამამ სს „თ.ბ–თან“ საბანკო კრედიტის ხელშეკრულება 2021 წლის 15 ივნისს დადეს; მამამ ბავშვს სადავო ბინა 2021 წლის 7 ივლისს აჩუქა. ბავშვის მშობლები 2022 წლის 8 ნოემბერს განქორწინდნენ, ხოლო მოსარჩელემ სარჩელი 2023 წლის 17 იანვარს, ე.ი. განქორწინებიდან ორ თვეში აღძრა. ამ დროის განმავლობაში მამის მიერ საკრედიტო ვალდებულების შეუსრულებლობის არც-ერთი შემთხვევა მოსარჩელეს არ მიუთითებია, თუმცა, ეს მაინც არ იქნებოდა სამართლებრივად ვარგისი არგუმენტი სავინდიკაციო სარჩელის დასაკმაყოფილებლად. ზემოხსენებული ვალდებულების დარღვევის სავარაუდო საფრთხე კი მართლზომიერი მფლობელის მიმართ წაყენებული დასაბუთებული პრეტენზია არ არის.
18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და მიიჩნევს, რომ არ არსებობდა მოპასუხეთა მფლობელობიდან სადავო ბინის გამოთხოვის საფუძვლები. შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს. კასატორის პრეტენზია, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა, კერძოდ, ქრონიკული დაავადების გამო მუდმივი მკურნალობის საჭიროება ქ. თბილისში, დაუსაბუთებელია, პირველ რიგში იმიტომ, რომ ასეთ გარემოებაზე მხარეს სარჩელში არ მიუთითებია და არც შესატყვისი მტკიცებულება წარმოუდგენია (იხ. სარჩელი თანდართული დოკუმენტაციით- ტ.1, ს.ფ. 1-21), მეორე კი ისაა, რომ არასრულწლოვნის ქონების განკარგვის საჭიროება, ბავშვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით, სასამართლოს კონტორლს ექვემდებარება და მხოლოდ მისი თანხმობით არის შესაძლებელი, რაც მოცემული დავის საგანს არ წარმოადგენს.
19. საკასაციო სასამართლომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი შეამოწმა ძირითადი საკასაციო პრეტენზიების გათვალისწინებით და სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, დავის არსიდან გამომდინარე მნიშვნელოვანი საფუძვლების მიხედვით, რადგან ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81), შესაბამისად, კასატორის სამართლებრივად უმნიშვნელო შედავებაზე სასამართლო მსჯელობას აღარ განავითარებს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 407.1-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შ.შ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი
მ. ერემაძე