Facebook Twitter

ბს-1048--1001(კ-07) 3 აპრილი, 2008 წ.

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე (მოსამართლეები)

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ მ. ბ-ი (მოსარჩელე)

დავის საგანი – სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურება

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 9 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

მ. ბ-მა 2005 წლის 30 დეკემბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურება. მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა იმით დაასაბუთა, რომ 1999 წლიდან მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნულ აკადემიაში. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მის მიმართ აქვს დავალიანება, კერძოდ, 2002-2003 წლების სანივთე ქონების კომპენსაცია _ 771,03 ლარის ოდენობით, რაც დადასტურებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული აკადემიის მიერ 2005 წლის 5 დეკემბერს გაცემული ¹97 ცნობით. ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 და მე-12 მუხლების შესაბამისად, მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის სანივთე ქონების კომპენსაციის _ 771,03 ლარის ანაზღაურების დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა მ. ბ-ის სასარგებლოდ დავალიანების _ 771,03 ლარის გადახდა.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელე მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნულ აკადემიაში. საქმის მასალებში წარმოდგენილი თავდაცვის ეროვნული აკადემიის მიერ 2005 წლის 5 დეკემბერს გაცემული ცნობით დადასტურებულია, რომ მოსარჩელის მიმართ 2002-2003 წლებში ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების დავალიანება მთლიანად შეადგენს 771,03 ლარს.

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ მ. ბ-ს მუშაობის პერიოდში არ მიუღია კუთვნილი სანივთე ქონება ან ფულადი კომპენსაცია. ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 ნაწილით იმპერატიულად დადგენილია, რომ სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევა ფორმის ტანსაცმელი ან ფულადი კომპენსაცია. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოთხოვნა სანივთე ქონების კომპენსაციის თაობაზე საფუძვლიანია და განმარტა, რომ მითითებული სამართლებრივი ნორმა მოსარჩელეს უფლებას ანიჭებდა სახელმწიფოსაგან მოეთხოვა მიუღებელი ფორმის ტანსაცმლის ფულადი კომპენსაცია, ხოლო მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ვალდებული იყო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე და 331 მუხლების შესაბამისად მოსარჩელისათვის აენაზღაურებინა სანივთე ქონების კომპენსაცია 771,03 ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნით.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინიტროს სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება ხანდაზმულობის ვადის გაშვებასთან დაკავშირებით და განმარტა, რომ სადავო ურთიერთობაში მოსარჩელეს სამოქალაქო კოდექსის 129-ე, 130-ე და 137-ე მუხლებით დადგენილი სარჩელის ხანდაზმულობის ვადა არ გაუშვია.

სააპელაციო პალატამ ასევე არ გაიზიარა სააპელაციო საჩივრის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში სანივთე ქონების საკომპენსაციო თანხების კრედიტორულ დავალიანებად დაუფიქსირებლობა და სათანადო ასიგნებების არ არსებობა არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების და სარჩელზე უარის თქმის საფუძველს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 9 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორმა აღნიშნა, რომ მოსარჩელეს უფლება არ ჰქონდა მოეთხოვა 2002-2003 წლების სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურება, რადგან მოსარჩელე სამსახურიდან დათხოვნილ იქნა 2003 წელს, ხოლო ,,სამხედრო მოსამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 ნაწილით, სამხედრო მოსამსახურეებს სანივთე ქონება ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია ეძლევათ სამსახურის პერიოდში, როდესაც ისინი მოქმედი სამხედრო მოსამსახურეები იყვნენ. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს არ გამოუკვლევია არსებობდა თუ არა საქმეში მ. ბ-ის მიერ სანივთე ქონების შეძენის დამადასტურებელი ქვითრები და ჰქონდა თუ არა მას კომპენსაციის მოთხოვნის საფუძველი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ არის დასაშვები შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე და განაპირობა არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემული საქმის გადაწყვეტისას სააპელაციო სასამართლოს მიერ გაზიარებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ სანივთე კომპენსაციების მოთხოვნის ხანდაზმულობისა და ასეთი მოთხოვნის დაკმაყოფილების საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს მიჩნეული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.