საქმე №ას-1479-2024 23 დეკემბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ე.ა–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა.ჰ.ნ.“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 სექტემბრის განჩინებით ე.ა–ის (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან კასატორი“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელის სარჩელი შპს „ა.ჰ.ნ“-ის (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „მოპასუხე კლინიკა“) მიმართ არ დაკმაყოფილდა.
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. მხარეთა შორის 2021 წლის 19 ივლისიდან 2022 წლის 8 ივნისამდე არსებობდა შრომითსამართლებრივი ურთიერთობა;
2.2. მხარეთა შორის 2021 წლის 19 ივლისს დადებულ ხელშეკრულებაში დასაქმებულად მითითებულია ლ.ა–ი (მოსარჩელის და). ამავე ხელშეკრულებაში მითითებულია არა რეალურად დასაქმებული მოსარჩელის საიდენტიფიკაციო მონაცემები, არამედ - ლ.ა–ის მონაცემები, მათ შორის, ხელფასის ჩარიცხვაც ხელშეკრულებაში მითითებული პირის ანგარიშზე ხორციელდებოდა, თუმცა, უდავოა, რომ ხელფასს მოსარჩელე განკარგავდა;
2.3. ხელშეკრულების დანართისა და საგადახდო დავალებების თანახმად, შრომის ანაზღაურება საშუალოდ შეადგენდა 1000 ლარს;
2.4. უდავოა, რომ მოპასუხე კლინიკაში თბილისის საოფისე ოთახების დასუფთავების მომსახურებას ფაქტობრივად ახორციელებდა მოსარჩელე;
2.5. მოპასუხის 16.06.2022 წლის NHCMD-ORD-071 ბრძანებით მოპასუხე კლინიკის დასუფთავების თანამშრომელი - მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2022 წლის 1 ივნისიდან, საკუთარი ნებით, წერილობითი განცხადების საფუძველზე, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ (შემდგომში - „სშკ“) 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად;
2.6. აღნიშნული ბრძანება მოსარჩელეს ჩაბარდა 2022 წლის 7 ივლისს. იგი მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული არ ყოფილა;
2.7. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტამდე, მოსარჩელეს შვებულების უფლებით სარგებლობა არ მოუთხოვია.
3. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა მოსარჩელის განმარტებაზე, რომ შრომითი ხელშეკრულება მისი ნების საფუძველზე არ შეწყვეტილა და დამსაქმებელმა რეალურად იგი აიძულა დაეწერა განცხადება გათავისუფლების მოთხოვნით. მითითებული მტკიცების საწინააღმდეგოდ, მოპასუხე დამსაქმებელი უარყოფს დასაქმებულის მიმართ რაიმე სახის იძულებას, მიუთითებს განცხადებაზე გათავისუფლების მოთხოვნის შესახებ და ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დასაქმებულის მხრიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ფაქტი და სამართლებრივი საფუძველი არ გასაჩივრებულა, შესაბამისად, დაუსაბუთებლად მიიჩნევს აპელირებას იძულების არსებობასთან დაკავშირებით. ამავდროულად, მოპასუხე მხარე მიუთითებს, რომ დასაქმებული 11 თვეზე ნაკლები დროით ასრულებდა სამუშაოს, რაც გამორიცხავს მის მოთხოვნას შვებულების ანაზღაურების თაობაზე.
4. სააპელაციო სასამართლომ შეაფასა რა საქმეში წარდგენილი მტკიცებულებები, გაიზიარა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებული დასკვნა, რომ მხარეთა შორის შრომითსამართლებრივი ურთიერთობა არსებობდა 11 თვეზე ნაკლები დროით, კერძოდ, 2021 წლის 19 ივლისიდან 2022 წლის 8 ივნისამდე პერიოდში. პალატამ ასევე დადასტურებულად მიიჩნია, რომ შრომითი ხელშეკრულება შეწყვეტილია დასაქმებულის ინიციატივით, რასაც მოწმობს საქმეში წარდგენილი განცხადებები და თავად შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველი (სშკ-ს 47.1 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი).
5. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სშკ-ის 31.5 და 32.1 მუხლებით და განმარტა, რომ გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების მოთხოვნის უფლება შრომითი ურთიერთობის მე-11 თვის შემდეგ დასაქმებულს წარმოეშვება იმ შემთხვევაში, როდესაც დამსაქმებელი მისი ინიციატივით წყვეტს შრომით ხელშეკრულებას, რის გამოც დასაქმებული ვერ ახდენს შვებულებით სარგებლობის უფლების რეალიზაციას.
6. სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაქცია 2022 წლის 16 ივნისის ბრძანებას შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე, რომლის შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულება შეწყდა დასაქმებულის ინიციატივით, 2022 წლის 1 ივნისიდან (აღნიშნული ბრძანება მოსარჩელის მხრიდან არ შედავებულა). ამასთან, მოსარჩელის 2022 წლის 16 ივნისის განცხადების ფარგლებში დასაქმებული განმარტავს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის სურვილს და იმ მიზეზებს, რამაც აიძულა საკუთარი დის სახელით დაედო შრომითი ხელშეკრულება. ამავე განცხადების ფარგლებში, დასაქმებულმა დაადასტურა, რომ იგი საკუთარი ინიციატივით წყვეტდა შრომით ხელშეკრულებას 2022 წლის 1 ივნისიდან, რა პერიოდიდანაც მას სამუშაო ფაქტობრივად აღარ შეუსრულებია. ასევე, დასაქმებულმა დაადასტურა, რომ, ვინაიდან მას არ უმუშავია 11 თვე, გაცნობიერებული ჰქონდა, რომ არ ეკუთვნოდა შვებულება ან/და შვებულების ანაზღაურება, შესაბამისად, აღნიშნულს არ მოითხოვდა და დამსაქმებელთან არანაირი პრეტენზია არ გააჩნდა.
7. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სააპელაციო ეტაპზე საქმის ზეპირი განხილვისას მოცემული განცხადების შინაარსი სადავო გახადა მოსარჩელემ და მიუთითა, რომ განცხადება მისი შედგენილი არ არის, თუმცა, განცხადება წარმოდგენილია თავად მოსარჩელის მიერ და ერთვის სარჩელს, შესაბამისად, სასამართლომ არ გაიზიარა აპელირება განცხადების შინაარსის არცოდნასთან მიმართებით.
8. სააპელაციო პალატამ ასევე ყურადღება გაამახვილა სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ მოპასუხე კლინიკის ინსპექტირების შედეგებზე, რომლის შესაბამისად, შრომის ინსპექციის სამსახურმა დაადგინა, რომ მოსარჩელე კლინიკაში მუშაობდა თერთმეტ თვეზე ნაკლები ვადით, 2021 წლის 19 ივლისიდან 2022 წლის 08 ივნისის ჩათვლით. შრომის ინსპექციის სამსახურმა ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნია მოსარჩელის მტკიცება, რომ მისი სამსახურიდან წასვლა განხორციელდა კლინიკის მხრიდან იძულების შედეგად. შრომის ინსპექციის სამსახურმა ყურადღება გაამახვილა საქმისწარმოების მასალებს შორის არსებულ, მოსარჩელის ხელმოწერით დადასტურებულ განცხადებაზე, სადაც ის ითხოვს სამსახურიდან გათავისუფლებას 2022 წლის 1 ივნისიდან.
9. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ გაუმართლებლად მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების თაობაზე, რადგანაც საქმეზე უტყუარად დასტურდება, რომ: 1) შრომითი ხელშეკრულება შეწყდა დასაქმებულის ინიციატივით; 2) გათავისუფლების თაობაზე ბრძანება არ გასაჩივრებულა დასაქმებულის მხრიდან; 3) შრომითი ხელშეკრულება მოქმედებდა 11 თვეზე ნაკლები ვადით; 4) შრომითი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში დასაქმებულს არ მოუთხოვია შვებულებით სარგებლობის უფლება.
10. სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ, გარდა მოთხოვნის უსაფუძვლობისა, ბუნდოვანია, სახელფასო ანაზღაურების დაახლოებით 1000 ლარის გათვალისწინებით, რა გაანგარიშებას ეფუძნება და რისგან გამომდინარეობს გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების სახით, 4000 ლარის მოთხოვნა, შესაბამისად, პალატამ მოთხოვნა ამ მხრივაც დაუსაბუთებლად მიიჩნია.
11. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
12. კასატორმა მიუთითა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
12.1. სააპელაციო პალატას ყურადღება უნდა გაემახვილებინა იმ გარემოებაზე, რომ შრომითი ხელშეკრულება შეწყდა იძულების წესით;
12.2. მოპასუხემ მოსარჩელეს ჩაურიცხა ხელფასი 8 ივნისის ჩათვლით, რაც წარმოადგენს კუთვნილი შვებულების ანაზღაურების სამართლებრივ საფუძველს.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 2 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
14. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
15. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
16. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].
17. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შემოწმების საგანია გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურებაზე უარის თქმის კანონიერება.
18. შვებულება სშკ-ით და საერთაშორისო შრომის სამართლით დასაქმებულის აღიარებული უფლებაა. შვებულება წარმოადგენს დასაქმებულის მიერ უკვე ნამუშევარი დროის - შესრულებული სამუშაოს საფუძველზე მოპოვებულ დასვენების უფლებას, რა შემთხვევაშიც დასაქმებულს მიეცემა ანაზღაურება, მიუხედავად იმისა, რომ შვებულების განმავლობაში არ ასრულებს სამუშაოს.
19. შვებულების, როგორც დასაქმებულის სოციალური უფლების განსაკუთრებულობიდან გამომდინარე, შრომით კანონმდებლობაში აღიარებულია, დასაქმებულის შესაძლებლობა, მოითხოვოს გამოუყენებელი შვებულების კომპენსაცია, თუმცა, ამ მოთხოვნის რეალიზაციისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) დასაქმებულის მიერ ფასიანი შვებულებით სარგებლობის უფლების მოპოვება; ბ) შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, რომელიც დამსაქმებლის ინიციატივით დასაქმებულის გათავისუფლების გზით განხორციელდა; გ) შრომითი ურთიერთობის შეწყვეტამდე კუთვნილი შვებულების გამოუყენებლობა/არასრული გამოყენება (იხ. სუსგ საქმე №ას-171-171-2018, 30 ივლისი, 2018 წელი; შედ. იხ. სუსგ №ას-131-127-2016, 23.09.2016; №ას-549-517-2010, 19.10.2010წ).
20. დასაქმებულს უფლება აქვს, ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით – წელიწადში სულ მცირე 24 სამუშაო დღით [სშკ-ის 31.1 მუხლი]. დასაქმებულს შვებულების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა მუშაობის 11 თვის შემდეგ. მხარეთა შეთანხმებით, დასაქმებულს შვებულება შეიძლება მიეცეს აღნიშნული ვადის გასვლამდეც [სშკ-ის 32.1 მუხლი].
21. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის შრომითსამართლებრივი ურთიერთობა არსებობდა 2021 წლის 19 ივლისიდან 2022 წლის 8 ივნისამდე ანუ 11 თვეზე ნაკლები პერიოდით (იხ. წინამდებარე განჩინების 2.1 ქვეპუნქტი). შესაბამისად, დასაქმებულს შვებულების მოთხოვნის უფლება არ ჰქონდა წარმოშობილი. დამსაქმებელთან სხვაგვარ შეთანხმებაზე კასატორი საკასაციო საჩივარში არ უთითებს.
22. საკასაციო პალატა მიუთითებს „ყოველწლიური ფასიანი შვებულების შესახებ“ კონვენციის დებულებებზე, რომლის თანახმად, ყოველ პირს აქვს უფლება, ისარგებლოს ყოველწლიური ფასიანი შვებულებით. კონვენციის მე-4 მუხლის თანახმად, ნებისმიერი შეთანხმება, რომელიც გამორიცხავს ყოველწლიური ფასიანი შვებულების უფლებას ან რომელიც არ იძლევა ასეთი შვებულების უფლებას, ბათილად ითვლება. კონვენციის მე-6 მუხლი ასევე ითვალისწინებს დამსაქმებლის ინიციატივით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემთხვევაში დასაქმებულისთვის გამოუყენებელი შვებულების ფულადი კომპენსაციით ანაზღაურების წესს, კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, კუთვნილი შვებულებით სარგებლობამდე დამქირავებელთა მიზეზით დათხოვნილი პირი ამ კონვენციის თანახმად მისი კუთვნილი შვებულების ყოველი დღისათვის იღებს მე-3 მუხლით გათვალისწინებულ გასამრჯელოს.
23. საკასაციო პალატის განმარტებით, ზემოაღნიშნული კონვენციის მე-6 მუხლი ითვალისწინებს მხოლოდ კუთვნილი შვებულების კომპენსირებას, რაც იმას გულისხმობს, რომ გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების წინაპირობა დასაქმებულის მიერ შვებულების უფლების მოპოვებაა ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად. მოცემულ შემთხვევაში კი მოსარჩელეს მოპასუხე კლინიკაში შვებულების მოთხოვნის უფლება არ წარმოშობია. ამდენად, ვინაიდან დასაქმებულს ხელშეკრულების შეწყვეტის დროისათვის „გამოუყენებელი შვებულება“ არ ჰქონდა, არც მოპასუხეს გააჩნია ამგვარი შვებულების ანაზღაურების ვალდებულება (შედ. იხ. სუსგ საქმე №ას-171-171-2018, 30 ივლისი, 2018 წელი).
24. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ შრომითი ხელშეკრულება შეწყვეტილია დასაქმებულის ინიციატივით.
25. საკასაციო პალატის განმარტებით, ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება წარმოადგენს დასაქმებულის დასვენების დროს, ანუ იმ უფლებას, რომელიც არ შეიძლება შეიცვალოს ფულადი კომპენსაციით. ამ დანაწესის აუცილებლობა იმაშია, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოფილ იქნეს დასაქმებულის დასვენების უფლება და ფულადი კომპენსაციით ჩანაცვლებით არ მოხდეს საქართველოს შრომის კოდექსის 21-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნის უგულებელყოფა. ამასთან ერთად აღსანიშნავია, რომ შვებულების უფლება წარმოიშობა მხოლოდ შრომითი სამართლებრივი ურთიერთობების არსებობის პირობებში. აღნიშნულის გათვალისწინებით, როდესაც დასაქმებული ტოვებს სამსახურს თავისი ნებით, იგი აღნიშნული ნების გამოხატვით წყვეტს დამსაქმებელთან შრომით სამართლებრივ ურთიერთობას და ამავე დროს არ იყენებს (უარს აცხადებს) ანაზღაურებად შვებულებას, ამდენად, შრომის სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ ვერ იქნება გამოყენებული საშვებულებო კომპენსაციის მიღების უფლება, რადგან ამ შემთხვევაში აღარ არსებობს შვებულების რეალიზაციის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობა (შრომის სამართლებრივი ურთიერთობა). გამონაკლისს წარმოადგენს ზოგიერთი ისეთი საფუძვლები, რომლის არსებობისას დამსაქმებელი თავისი ინიციატივით დასაქმებულთან წყვეტს შრომის სამართლებრივ ურთიერთობას. დასაქმებულს შეუძლია მოითხოვოს იმ წელს გამოუყენებელი საშვებულებო კომპენსაცია, რადგან დამსაქმებლის ინიციატივით შრომის ურთიერთობის შეწყვეტით არ შეიძლება დასაქმებულს წაერთვას შვებულების უფლება, რომელსაც იგი სავარაუდოდ გამოიყენებდა. ამ შემთხვევაში არ არსებობს დასვენების ხანგრძლივი პერიოდით (შვებულების) გამოყენების შესაძლებლობა (რადგან დამსაქმებლის ინიციატივით შეწყდა შრომის ურთიერთობა), მაგრამ მას რჩება უფლება, მოითხოვოს ფულადი კომპენსაცია (იხ. სუსგ საქმე №ას-836-1122-09, 26 მარტი, 2010 წელი).
26. შრომითი ხელშეკრულების დამსაქმებლის ინიციატივით შეწყვეტისას იგი ვალდებულია დასაქმებულს აუნაზღაუროს გამოუყენებელი შვებულება შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობის პროპორციულად [სშკ-ის 31.5 მუხლი].
27. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის 16.06.2022 წლის NHCMD-ORD-071 ბრძანებით მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2022 წლის 1 ივნისიდან, საკუთარი ნებით, წერილობითი განცხადების საფუძველზე, სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად [შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია დასაქმებულის მიერ თანამდებობის/სამუშაოს საკუთარი ნებით, წერილობითი განცხადების საფუძველზე დატოვება] (იხ. წინამდებარე განჩინების 2.5 ქვეპუნქტი). გამომდინარე აქედან, სახეზე არ არის დამსაქმებლის ინიციატივით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის გარემოება, რაც დასაქმებულს წარმოუშობდა გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას.
28. კასატორი უთითებს, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას ადგილი ჰქონდა იძულებას.
29. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დასაქმებულის მიერ ხელშეკრულების მოშლის მიმართ ვრცელდება ბათილობისა და შეცილების ზოგადი საფუძვლები. ამასთან, მტკიცების ტვირთი ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტის შესაბამისად, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით მოსარჩელის მიერ ხელმოწერილი განცხადების არსებობის პირობებში, მოქმედებს აღნიშნულ დოკუმენტში მხარის მიერ გამოხატული ნების ნამდვილობის პრეზუმფცია. საწინააღმდეგოს დადასტურება კი იმ მხარის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაა, რომელიც აღნიშნულ განცხადებას სადავოდ ხდის. შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, ნების ფორმირებაზე ზემოქმედების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა მოსარჩელის ვალდებულებაა (იხ. სუსგ საქმე №ას-649-616-2014, 5 ნოემბერი, 2014 წელი; სუსგ №ას-147-139-2017, 18 დეკემბერი, 2017 წელი).
30. განსახილველ შემთხვევაში გათავისუფლების ბრძანება მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული არ ყოფილა (იხ. წინამდებარე განჩინების 2.6 ქვეპუნქტი). ამასთან, კასატორი არ უთითებს იძულების დამადასტურებელ რაიმე მტკიცებულებაზე და მისი საკასაციო საჩივარი ამ მხრივ არაკვალიფიციურია. შესაბამისად, მისი პრეტენზია შრომითი ხელშეკრულების იძულების წესით შეწყვეტის თაობაზე უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.
31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ე.ა–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გ. ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი
ა. ძაბუნიძე