Facebook Twitter

საქმე №ას-1390-2024 23 დეკემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქოსაქმეთაპალატა

შემადგენლობა:

გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ლ.ჭ–ი, გ.ი–ი, დ.ი–ი (მოსარჩელეები)

მოწინააღმდეგე მხარე - ბმა „ა.ვ....“, ვ.ბ–ძე, ნ.მ–ი (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 5 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - კრების ოქმის და ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ხელშეშლის აღკვეთა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 28.12.2018წ.-ის გადაწყვეტილებით ლ.ჭ–ის, გ.ი–ის, დ.ი–ის (შემდეგში: თავდაპირველი მოსარჩელეები ან აპელანტები ან კერძო საჩივრის ავტორები) სარჩელი არ დაკმაყოფილდა; ნ.მ–ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა; თავდაპირველი მოსარჩელეების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა თბილისში, .......... მდებარე ნ.მ–ის საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ქონება - 31მ2 სხვენი და აეკრძალათ თავდაპირველ მოსარჩელეებს ხელი შეუშალონ მესაკუთრეს კუთვნილი ნივთით სარგებლობაში. აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით სააპელაციო საჩივარი წარადგინეს თავდაპირველმა მოსარჩელეებმა.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 5 ივნისის განჩინებით თავდაპირველი მოსარჩელეების სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 28.12.2018წ.-ის გადაწყვეტილებაზე, აპელანტების სასამართლოს სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, დარჩა განუხილველად. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 28.12.2018წ.-ის გადაწყვეტილება.

3. სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება დასაბუთებულია შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოში, 2024 წლის 5 ივნისს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ აპელანტები, რომლებსაც უწყება სასამართლოს სხდომის დღის შესახებ გაეგზავნათ მათ მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე.

5. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა შუამდგომლობა დააყენა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სხდომის დღის შესახებ აპელანტებს უწყება არაერთხელ გაეგზავნათ, სასამართლოსთვის ცნობილ და აპელანტთა მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და საფოსტო გზავნილის ჩაუბარებლობის მიზეზების შესწავლის შედეგად, სააპელაციო პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ-ის) 71.2 მუხლის შესაბამისად უწყება სასამართლო სხდომის დღის შესახებ აპელანტებისათვის ჩაბარებულად უნდა მიჩნეულიყო.

7. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტ ლ.ჭ–თან, მოსამართლის თანაშემწის მიერ, პირადი ტელეფონის საშუალებით, განხორციელდა არაერთი ზარი, რომლის მიხედვითაც ლ.ჭ–მა (აპელანტი ლ.ჭ–ი გახლავთ აპელანტების: გ.ი–ისა და დ.ი–ის ოჯახის წევრი, დედა) უარი განაცხადა სასამართლო სხდომის დღის შესახებ, უწყების ჩაბარებაზე.

8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტები სასამართლო სხდომის თაობაზე ინფორმირებულები იყვნენ სსსკ-ის 70–78–ე მუხლებით დადგენილი წესით და მათ სასამართლოსთვის არ უცნობებიათ 2024 წლის 05 ივნისის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე.

9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს აპელანტებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება, იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მათი გამოუცხადებლობა იმ მიზეზით იყო გამოწვეული, რომ მათ სხდომის დღის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნდათ. კერძო საჩივრის ავტორებმა მიუთითეს, რომ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე ვერ გამოცხადდა მათი ადვოკატიც, რადგან მას არ გააჩნდა ვადიანი მინდობილობა, ხოლო მათ შორის კომუნიკაცია ახალი მინდობილობის გასაცემად ვერ მოხერხდა.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, კერძო საჩივარი, სსსკ-ის 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

11. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

13. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია სასამართლო სხდომაზე აპელანტების გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება.

14. სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

15. სსსკ-ის 229-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ხოლო, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276–278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები. ანალოგიური შინაარსისაა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი.

16. ზემოაღნიშნულ ნორმათა მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას აპელანტის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი, თუ აპელანტი კანონით დადგენილი წესით მოწვეული იყო საქმის განხილვაზე და არ გამოცხადდა არასაპატიო მიზეზით (სუსგ-ები №ას-1668-2019, 28.02.2020წ.; №ას-1380-2019, 24.12.2019წ.; Nას-1151-2021, 21.12.2021წ.) .

17. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და კერძო საჩივრით შედავებული არ არის, რომ მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა მოითხოვა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.

18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერების შემოწმება და საქმის განახლება უნდა მოხდეს იმ წესების დაცვით, რაც გათვალისწინებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიმართ.

19. სსსკ-ის 241-ე მუხლით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. იმავე კოდექსის 233-ე მუხლის პირველ ნაწილში მოცემულია იმ შემთხვევების ჩამონათვალი, რომელთა არსებობის დროსაც დაუშვებელია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, კერძოდ, აღნიშნული ნორმის მიხედვით, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.

20. მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორები დავობენ, რომ მათ ინფორმაცია არ გააჩნდათ სააპელაციო სასამართლოში 2024 წლის 5 ივნისს დანიშნული სასამართლო სხდომის შესახებ, რასაც საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს.

21. წინამდებარე საქმეში არსებული მასალებიდან, კერძოდ, საფოსტო გზავნილების ჩაუბარებლობის შესახებ შეტყობინებებიდან ირკვევა, რომ სააპელაციო სასამართლოში 2024 წლის 5 ივნისს დანიშნული სასამართლო სხდომის შესახებ აპელანტებისათვის, მათ მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე პირველად, 2024 წლის 23 მაისს, ხოლო მეორედ - იმავე წლის 31 მაისს, გაგზავნილი უწყებები ვერ ჩაბარდათ იმ მიზეზით, რომ მისამართზე არავინ იყო. აღსანიშნავია, რომ იგივე მისამართია მითითებული აპელანტების მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ სარჩელშიც (იხ. ტ.1.ს.ფ.1; ტ.2, ს.ფ.87-91).

22. სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით რეგლამენტირებულია სასამართლო უწყების მხარისათვის ჩაბარების წესი. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.

23. ამავე კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით კი, თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება. ეს წესი მოპასუხის მიმართ გამოიყენება მის პასუხში (შესაგებელში) მითითებულ მისამართზე უწყების გაგზავნის შემთხვევაში.

24. ზემოაღნიშნული ნორმების სისტემური განმარტების საფუძველზე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო არ არის ვალდებული დაიცვას რაიმე სახის თანმიმდევრობა გზავნილის/უწყების ჩაბარების დროს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. ასევე, თუ კი საქმეში თავად მხარის მიერაა მითითებული მისამართი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრული იმპერატიული რეგულირებით სასამართლო უწყების ზედიზედ ორჯერ ჩაუბარებლობა იურიდიული ფიქციის საფუძველზე გულისხმობს ჩაბარებას, მიუხედავად იმისა, რეალურად ჩაბარდა თუ არა მხარეს უწყება (იხ., სუსგ-ები №ას-752-2024, 25 სექტემბერი, 2024წ. პპ.10.11; Nას-584-2021, 9 მარტი, 2022წ. პპ:9,10; ასევე შდრ:. სუსგ №ას-852-852-2018, 2 ნოემბერი, 2018წ.პ.33).

25. ამასთან საყურადღებოა, რომ საკითხის ამგვარად გადაწყვეტისას სააპელაციო პალატამ ის გარემოებაც გაითვალისწინა, რომ აპელანტ ლ.ჭ–თან, მოსამართლის თანაშემწის მიერ, პირადი ტელეფონის საშუალებით, განხორციელდა არაერთი ზარი, რომლის მიხედვითაც ლ.ჭ–მა (აპელანტი ლ.ჭ–ი გახლავთ აპელანტების: გ.ი–ისა და დ.ი–ის ოჯახის წევრი, დედა) უარი განაცხადა სასამართლო სხდომის დღის შესახებ, უწყების ჩაბარებაზე (იხ., ტ.2. ს.ფ. 100; ამ განჩინების პ.7).

26. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს კერძო საჩივარზე წარმოდგენილ მოწინააღმდეგე მხარის (შეგებებული სარჩელით მოსარჩელე) მოსაზრებას, რომ აპელანტების წარმომადგენელი, რომელსაც განსახილველი კერძო საჩივარი წარმოდგენილი აქვს განახლებული ვადით გაცემული მინდობილობის საფუძველზე, ესწრებოდა სააპელაციო სასამართლოში 2024 წლის 22 მაისს გამართულ სხდომას, თუმცა მის სახელზე გაცემული მინდობილობა ვადაგასული იყო, ხოლო ვინაიდან თავად აპელანტებისათვის კანონით დადგენილი წესით ვერ მოხერხდა უწყების ჩაბარება, სასამართლო სხდომა გადაიდო იმავე წლის 5 ივნისს (იხ., მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია - ტ.2; თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 22 მაისის სხდომის ოქმი - ტ.2. ს.ფ. 76-79). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ აპელანტებს 2024 წლის 22 მაისიდან 5 ივნისამდე საკმარისზე მეტი დრო ჰქონდათ პროცესისათვის მოსამზადებლად და თუნდაც, ახალი რწმუნებულების გასაფორმებლად. თუმცა, ამ უფლებით მხოლოდ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინააღმდეგ წარმოდგენილი კერძო საჩივრის წარდგენის ეტაპზე ისარგებლეს. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორთა მოსაზრება, რომ მარწმუნებელთან კომუნიკაცია ვერ მოხერხდა რათა გაფორმებულიყო ახალი მინდობილობა, კერძო საჩივარში მითითებული საფუძვლით გასაზიარებელი არაა (შდრ: სუსგ №ას-48-44-2017, 1.03.2017წ.. პპ:27-30).

27. შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობებს და მიაჩნია, რომ კერძო საჩივრის ავტორთა მოსაზრებების მიხედვით საქმის განხილვის გადადება ხელყოფდა საპროცესო ეკონომიის პრინციპს და გამოიწვევდა საქმის განხილვის ვადის გაუმართლებელ გაჭიანურებას.

28. ამდენად, არ არსებობდა სასამართლო სხდომის გადადების კანონით გათვალისწინებული საფუძველი, რის გამოც, სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი მართებულად დატოვა განუხილველად.

29. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს რომ კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ლ.ჭ–ის, გ.ი–ის, დ.ი–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 5 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გოჩა ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე