საქმე №ას-1391-2024 25 ნოემბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ჟ.ო–ი
მოწინააღმდეგე მხარეები – გ.კ–ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილბა – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ჟ.ო–მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე გ.კ–ის მიმართ მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის თაობაზე.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით ჟ.ო–ის სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე გ.კ–ს არასრულწლოვანი შვილების - 20.10.2010 წელს დაბადებული ა.კ–ისა და 21.09.2016 წელს დაბადებული მ.კ–ლის მიმართ, შეეზღუდა მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღებასა და სახელმწიფო საზღვრის კვეთისას თანხმობის მიცემის ნაწილში, მათ სრულწლოვანებამდე.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ.კ–მა და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით გ.კ–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გასაჩივრებულ ნაწილში გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 17 მარტის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ჟ.ო–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე გ.კ–ს არასრულწლოვანი შვილების - 20.10.2010 წელს დაბადებული ა.კ–ისა და 21.09.2016 წელს დაბადებული მ.კ–ლის მიმართ, მათი სრულწლოვანების მიღწევამდე, სახელმწიფო საზღვრის კვეთისას თანხმობის მიცემის ნაწილში, შეეზღუდა მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება სასკოლო სასწავლო პროცესის ვადებისაგან თავისუფალ დროს. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება არასრულწლოვანი შვილების - 20.10.2010 წელს დაბადებული ა.კ–ისა და 21.09.2016 წელს დაბადებული მ.კ–ლის მიმართ, მათი სრულწლოვანების მიღწევამდე, საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღების ნაწილში მოპასუხე გ.კ–ისათვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის შესახებ დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ჟ.ო–მა და მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 4 ნოემბრის განჩინებით კასატორს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 396-ე მუხლების შესაბამისად დასაბუთებული საკასაციო საჩივრისა და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის (CD დისკის სახით) წარმოდგენა.
აღნიშნული განჩინება კასატორის წარმომადგენელ თ.მ–ს გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით და ჩაბარდა 2024 წლის 8 ნოემბერს. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის განმავლობაში არც კასატორს და არც მის წარმომადგენელს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ საკასაციო სასამართლოსათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ჟ.ო–ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით ირკვევა, რომ ხარვეზის შევსების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2024 წლის 4 ნოემბრის განჩინების ასლი კასატორის წარმომადგენელ თ.მ–ს მის მიერ მითითებულ მისამართზე გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით და ჩაბარდა 2024 წლის 8 ნოემბერს (ტ.2, ს.ფ.220). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ წარმომადგენლისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება ნიშნავს მხარისათვის ჩაბარებას, რაც საპროცესო ვადის ასათვლელად საკმარისი საფუძველია. ამავე კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი სამდღიანი ვადის დენა დაიწყო 2024 წლის 9 ნოემბერს და ამოიწურა ამავე წლის 11 ნოემბერს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში არც კასატორს და არც მის წარმომადგენელს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ საკასაციო სასამართლოსათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ჟ.ო–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი