საქმე №ას-1435-2024 23 დეკემბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ზ.ნ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.კ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება, ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების გაყოფა და თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 აგვისტოს გადაწყვეტილებით მ.კ–ძის (შემდეგში - მოსარჩელე) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შეწყდა მოსარჩელეს და ზ.ნ–ს (შემდეგში - მოპასუხე ან კასატორი) შორის 2015 წლის 7 ოქტომბერს რეგისტრირებული ქორწინება; მოპასუხეს დაეკისრა არასრულწლოვანი შვილების გ.ნ–ის (დაბ. 2018 წლის 25 დეკემბერს) და ა.ნ–ის (დაბ: 2017 წლის 8 მაისს) სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად, 250-250 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2022 წლის 14 ივლისიდან მათ სრულწლოვანებამდე, ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე; მოსარჩელე ცნობილ იქნა მსუბუქი ავტომანქანის „TOYOTA CAMRY”, სახ. ნომრით ....., თანამესაკუთრედ; გაუქმდა საზიარო უფლება დასახელებულ ავტომობილზე, მისი რეალიზაციის გზით და ამონაგები თანხა განაწილდა მხარეთა შორის თანაბრად. მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის 3500 აშშ დოლარის გადახდის დაკისრების ნაწილში, არ დაკმაყოფილდა. მოპასუხის შეგებებული სარჩელი მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში აღებული ვალების გაყოფის შესახებ არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო მოსარჩელის შეგებებული სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 21 აგვისტოს გადაწყვეტილება მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისათვის 3500 აშშ დოლარის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტი) და ამ ნაწილში, მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 3500 აშშ დოლარის ანაზღაურება. დანარჩენ ნაწილში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 21 აგვისტოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
3. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. მხარეებს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი ა.ნ–ი (დაბ: 2017 წლის 8 მაისს) და გ.ნ–ი (დაბ: 2018 წლის 25 დეკემბერს) (შემდეგში: ბავშვები ან მხარეთა საერთო შვილები).
3.2. მხარეთა განქორწინების ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. მხარეები ერთად აღარ ცხოვრობენ.
3.3. მხარეთა საერთო შვილები ცხოვრობენ დედასთან, ქ.ქუთაისში, მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინაში.
3.4. მოპასუხემ შექმნა ოჯახი და ცხოვრობს მეუღლესთან და მის ორ არასრულწლოვან შვილთან ერთად. მოპასუხის მეუღლე ამჟამად არის ფეხმძიმედ.
3.5. უდავოა, რომ მოსარჩელე არ არის დასაქმებული და არც რაიმე შემოსავალი გააჩნია.
3.6. უდავოა, რომ მოპასუხე დასაქმებულია. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მიმართვის თანახმად, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სამხედრო პოლიციის დასავლეთ ბატალიონის, კაპრალ-სპეციალისტის - მოპასუხის ყოველთვიური ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენს 1564.08 ლარს, მათ შორის, დანამატის თანხაა 250,88 ლარი.
3.7. უდავოა, რომ მხარეებმა ქორწინების პერიოდში შეიძინეს ავტომანქანა, რომელიც 2020 წლის 31 აგვისტოდან რეგისტრირებულია მოპასუხის სახელზე. საქმეში არსებული საგადახდო დავალების, ასევე, მოწმეების მ.კ–ძისა და გ.გ–ის ჩვენებებით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ავტომანქანის შესაძენად საჭირო თანხა - 7000 აშშ დოლარი, მოპასუხეს მოსარჩელის დამ - მ.კ–ძემ ასესხა, რომელმაც თანხა მოპასუხის ნაცვლად და მისივე სასარგებლოდ, 2020 წლის 30 აგვისტოს ჩაურიცხა ავტომანქანის გამყიდველს მ.დ–იას. ავტომანქანა მოპასუხის საკუთრებად აღირიცხა. 2023 წლის 28 მარტის მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებით მ.კ–ძემ მოპასუხის მიმართ სესხის ხელშკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება მისივე დას - მოსარჩელეს დაუთმო.
4. სააპელაციო სასამართლომ დავა მოაწესრიგა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 1198.1, 1212-ე, 1214-ე, 1164-ე, 1168-ე, 623-ე, 624-ე, 1169-ე, 1170-ე მუხლებით.
5. აპელანტისათვის (მოპასუხე) დაკისრებული ალიმენტის ოდენობის ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმებისას სააპელაციო პალატამ გაითვალისწინა შვილის რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელი მოთხოვნილებები და ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა, კერძოდ, დადგენილი გარემოებები, რომ: ბავშვები არიან სკოლამდელი და სასკოლო ასაკის (5 და 7 წლის) და საჭიროებენ ზრდა-განვითარებისთვის სათანადო პირობებისა და ღირსეული გარემოს შექმნას; ბავშვებს სჭირდებათ სეზონური ტანსაცმელი; სასწავლო ლიტერატურა; სათამაშოები და სხვა აუცილებელი ნივთები. ა.ნ–ი სასკოლო დატვირთვის გარდა, მეცადინეობს დამატებით, რისთვისაც ყოველთვიურად საჭიროა 100 ლარი; თავის მხრივ, მოპასუხეს აქვს შემოსავალი ხელფასის სახით; მოპასუხე ფლობს უძრავ ქონებას; ბავშვების მცირეწლოვნობის გამო კი, დედის დასაქმება ობიექტურად შეუძლებელია და ბავშვები მთლიანად დამოკიდებულნი ხდებიან მამის მიერ ალიმენტის სახით გადასახდელ თანხაზე. ამ ფაქტობრივ მოცემულობაში, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის ალიმენტის სახით დაკისრებული თანხა გონივრული და სამართლიანია.
6. აპელანტისათვის 3500 აშშ დოლარის, როგორც მეუღლეთა საერთო ვალის ½ ნაწილის დაკისრების ნაწილში, სააპელაციო სასამართლომ მხედევლობაში მიიღო თანხის ჩარიცხვის ქვითარი, მოწმეების მ.კ–ძისა და გ.გ–ის ჩვენებები, რომლითაც დადასტურდა მოპასუხისათვის 7000 აშშ დოლარის სესხად გადაცემისა და ამ უკანასკნელის სასარგებლოდ მ.კ–ძის მიერ 7000 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი. უდავო გარემოებას წარმოადგენდა, რომ 7000 აშშ დოლარით ოჯახის საერთო ქონება - ავტომანქანა იქნა შეძენილი, რომელიც მოპასუხის სახელზე დარეგისტრირდა. ამასთან, მოპასუხე თავადაც ადასტურებდა, რომ მ.კ–ძემ თანხა ავტომანქანის გამყიდველს ჩაურიცხა სწორედ მოპასუხის დავალებით, ხოლო ნაყიდი ავტომანქანა იმავე დღეს აღირიცხა მოპასუხის საკუთრებად. ამ ფაქტობრივ მოცემულობაში, სააპელაციო პალატამ გაიზიარა მოწმე მ.კ–ძის ჩვენება, რომ მან 7000 აშშ დოლარი ავტომანქანის შესაძენად ასესხა მოპასუხეს, ასევე, გაიზიარა მოწმე გ.გ–ის (მ.კ–ძის მეუღლის) ჩვენება, რომლის მიხედვით სატელეფონო გასაუბრებისას მას მოპასუხემ დაუდასტურა 7000 აშშ დოლარის ოდენობით ვალის არსებობა. მოპასუხემ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, ვერ გააქარწყლა.
7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა 3500 აშშ დოლარი - მეუღლეთა საერთო ვალის ნახევარი.
8. რაც შეეხება მოსარჩელის მიერ საქმეში წარდგენილ აუდიოჩანაწერს, აღნიშნული მიჩნეული იქნა დაუშვებელ მტკიცებულებად, როგორც კანონის დარღვევით მოპოვებული და არ იქნა გაზიარებული სადავო გარემოების დადგენისას (იხ., გასაჩივრებული გადაწყვეტილების პ.4.14, ტ.2. ს.ფ. 321, 322).
9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა (მოპასუხე) შეიტანა საკასაციო საჩივარი. კასატორი მოითხოვს, რომ თითოეული ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის ოდენობა განისაზღვროს 150-150 ლარით, ნაცვლად 250-250 ლარისა. კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა მისი მატერიალური მდგომარეობა, ასევე, ის გარემოება, რომ შექმნილი აქვს ოჯახი, შეეძინა მესამე შვილი და მის კმაყოფაზე იმყოფება ორი არასრულწლოვანი გერი.
10. კასატორს მიაჩნია, რომ არ არსებობდა მეუღლეთა საერთო ვალის ნახევრის მისთვის დაკისრების საფუძველი, რადგან საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მოპასუხემ 7000 აშშ დოლარი ისესხა მ.კ–ძისაგან, ხოლო ფარულ სატელეფონო ჩანაწერს, იურიდიული ძალა არ უნდა მინიჭებოდა.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
12. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
13. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
14. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
15. საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი ვერ გახდება კასატორის პრეტენზია, რომელიც მიემართება ალიმენტის ოდენობის განსაზღვრას.
16. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების შესახებ სსკ-ის 1212-ე (შობლები მოვალენი არიან, არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე, შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ), 1214-ე (თუ მშობლები ვერ შეთანხმდებიან ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლის, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას), 1198.2 (მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება) და 1202.1 (მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ) მუხლებიდან გამომდინარეობს.
17. ზემოთმოხმობილი საკანონმდებლო დანაწესიდან გამომდინარეობს მშობლების მიერ შვილების რჩენის - ალიმენტის გადახდის კანონისმიერი მოვალეობა, თუმცა ალიმენტის ზღვრულ ოდენობას კანონი არ ადგენს, არამედ მისი ოდენობა კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებათა შეფასებით, სასამართლომ უნდა დაადგინოს.
18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაში განმარტებულია, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის ამოსავალი წერტილია ბავშვის საუკეთესო ინტერესი - გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნებს. ამასთან, ალიმენტის ოდენობის დადგენისას უნდა შეფასდეს მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა ობიექტური გარემოებები. ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს მხოლოდ ფორმალურ ხასიათს, ის უნდა იყოს ეფექტური და ქმედითი ღონისძიება, რომელიც რეალურად უზრუნველყოფს ბავშვის განვითარებისთვის საჭირო და აუცილებელი პირობების შექმნას. შვილების რჩენის ვალდებულება უპირობო ხასიათისაა და იმის გამო, რომ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან (სუსგ №ას-1395-2024, 9 დეკემბერი, 2024., პ.41).
19. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს „ბავშვის უფლებების შესახებ“ 20.11.1989წ.-ის კონვენციის 3.1 (ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას), 18.1 (მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია), 27.2 (მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყოფნ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები) მუხლებით დადგენილ ვალდებულებაზე, რაც ბავშვის საუკეთესო ინტერესის უზრუნველსაყოფად (ცხოვრების ნორმალური პირობების შესაქმნელად) ორივე მშობლის თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპს ეფუძნება.
20. ევროპულმა სასამართლომ მშობლების ბავშვთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ დავებზე არაერთხელ აღნიშნა, რომ ბავშვის ინტერესები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის, რომელიც უპირველესი საზრუნავი უნდა იყოს და შესაძლებელია, თავისი შინაარსიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, გადაწონოს მშობლების ინტერესი (Krasicki v. Poland, (N17254/11, 15.04.2014, §83.; Sahin v. Germany [GC] (N30943/96, 08.07.2003, §66).
21. სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. ევროპული და ეროვნული სტანდარტებიდან გამომდინარეობს, რომ ალიმენტის დაკისრებისას სასამართლომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების, მშობლის ფინანსური მდგომარეობისა და მისი სხვა საჭიროებების გათვალისწინებით უნდა განსაზღვროს ალიმენტის ოდენობა (სუსგ-ები №ას-767-2021, 18 ნოემბერი, 2021წ., პ:24-26; №ას-1355-2019, 25 თებერვალი, 2020წ., პ.28). არასრულწლოვანის რჩენის მოვალეობა ეკისრება როგორც დედას, ისე - მამას, მიუხედავად იმისა, ისინი დაქორწინებული არიან თუ არა. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში.
22. სსკ-ის 1214-ე მუხლი ითვალისწინებს ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის ძირითად პირობებს, კერძოდ, ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა იყოს ფორმალური და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას, ანუ ალიმენტის ოდენობა, რასაც სასამართლო განსაზღვრავს, არ შეიძლება იყოს იმ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები, რაც აუცილებელია პირის სარჩენად. სასამართლომ, ერთი მხრივ, უნდა დაადგინოს ბავშვის ის მატერიალური აუცილებლობანი, რომლებიც მისი რჩენა-აღზრდის საკითხს მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფენ, ხოლო, მეორე მხრივ, გადაწყვეტილება უნდა იყოს აღსრულებადი, კერძოდ, ალიმენტვალდებულმა პირმა რეალურად უნდა შეძლოს დაკისრებული თანხის გადახდა, რამდენადაც უნდა დადგინდეს გონივრული ბალანსი არასრულწლოვანთა ინტერესებსა (რაც მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფს ბავშვების საჭიროებებს) და მშობელთა სოციალურ თუ სხვა პასუხისმგებლობას შორის საზოგადოებაში (სუსგ №ას-829-2019, 11 ივლისი, 2019წ.).
23. ამასთან, ალიმენტის განსაზღვრისას, სხვა გარემოებებთან ერთად, მხედველობაში მიიღება ის, თუ რომელ მშობელთან ცხოვრობს ბავშვი და რომელს უფრო მეტი ხარჯის გაწევა უწევს. ამასთანავე, ალიმენტის გაზრდის საკითხის განხილვისას, უპირატესად განსასაზღვრია ალიმენტის გონივრული ოდენობა, რომელიც მშობელთა ქონებრივი მდგომარეობისა და ბავშვის საჭიროებების ურთიერთშეჯერებით დგინდება. შესაბამისად, სასამართლოსთვის შეფასების მთავარ საგანს არასრულწლოვნის რეალური საჭიროებები და მოპასუხის მატერიალური მდგომარეობა წარმოადგენს.
24. განსახილველ შემთხვევაში, ამ განჩინების პპ. 3, 5-ში დადგენილია რომ ბავშვები არიან სკოლამდელი და სასკოლო ასაკის (5 და 7 წლის), საჭიროებენ ზრდა-განვითარებისთვის სათანადო პირობებისა და ღირსეული გარემოს შექმნას. მათ ესაჭიროებათ სეზონური ტანსაცმლით, სასკოლო, შემეცნებითი ლიტერატურით, სათამაშოებითა და სხვა აუცილებელი ნივთებით უზრუნველყოფა; ა.ნ–ი, სკოლის გარდა, მეცადინეობს დამატებით, რისთვისაც ყოველთვიურად საჭიროებს დამატებით 100 ლარს. უდავოა, რომ მოპასუხე დასაქმებულია, მისი ყოველთვიური ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენს 1564.08 ლარს, მათ შორის, დანამატის თანხაა 250,88 ლარი. დადგენილია, რომ მოპასუხე ფლობს უძრავ ქონებას. თავის მხრივ, მოსარჩელის (ბავშვების დედა) დასაქმება კი, ბავშვების მცირეწლოვნობის გამო, ობიექტურად შეუძლებელია და მხარეთა საერთო შვილები მთლიანად დამოკიდებულნი ხდებიან მამის მიერ ალიმენტის სახით გადასახდელ თანხაზე.
25. ამ ფაქტობრივ მოცემულობაში, კასატორის პრეტენზია, რომ არ გააჩნია საკმარისი შემოსავალი, რომ ყოველთვიურად იხადოს თითოეული შვილის სასარგებლოდ 250-250 ლარი ალიმენტის სახით, რის გამოც, ალიმენტის ოდენობა უნდა შემცირდეს და თითოეული ბავშვის სასარგებლოდ განისაზღვროს 150-150 ლარი, გასაზიარებელი არაა. შესაბამისად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ალიმენტი თითოეული ბავშვის სასარგებლოდ 250-250 ლარის ოდენობით, არ სცილდება გონივრულობის ფარგლებს.
26. გასაზიარებელი არაა კასატორის პრეტენზია მეუღლეთა საერთო ვალის ნახევრის - 3500 აშშ დოლარის, მისთვის დაკისრების ნაწილშიც.
27. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, 7 000 აშშ დოლარის ნახევრის (3500 აშშ დოლარის) მოპასუხისათვის დაკისრება, სსკ-ის 1169-ე (მეუღლეთა საერთო ვალები მათ შორის იყოფა საერთო ქონებაში თითოეულის კუთვნილი წილის თანაზომიერად) და 1170-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილიდან (ერთ-ერთი მეუღლის ვალის დასაფარავად გადახდევინება შეიძლება მოხდეს მისი ქონებიდან ან/და თანასაკუთრებაში მისი წილიდან, რომელსაც იგი მიიღებდა ქონების გაყოფის შემთხვევაში. აღნიშნული ვალების გამო მეუღლეთა საერთო ქონებიდან გადახდევინება შეიძლება მაშინ, თუ სასამართლო დაადგენს, რომ, რაც ვალდებულებით იყო მიღებული, გამოყენებულია მთელი ოჯახის საერთო ინტერესებისათვის) გამომდინარეობს.
28. მეუღლეთა ქონების სამართლებრივი მდგომარეობის განსაზღვრა მჭიდროდაა დაკავშირებული მათი პირადი და საერთო ვალის ცნებასთან. საერთო ვალი ისეთი ვალია, რომელიც აღებულია ორივე მეუღლის მიერ ან თუნდაც ერთ-ერთის მიერ, მაგრამ ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე. თუ ვალი აღებულია ერთ-ერთი მეუღლის მიერ, მაგრამ ოჯახის საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, ივარაუდება, რომ ვალი საერთოა და გადახდილ უნდა იქნეს ორივე მეუღლის თანაზიარი საკუთრებიდან. ისეთ შემთხვევაში, როცა მეუღლეთა საერთო ვალი აღემატება თანაზიარი ქონების ღირებულებას, გადახდევინება უნდა გავრცელდეს თითოეული მეუღლის ინდივიდუალურ საკუთრებაზეც. პასუხისმგებლობის წარმოშობის საფუძვლად, ჩვეულებრივ, მიიჩნევა კრედიტორის მოთხოვნა მეუღლეების ან ერთ-ერთი მათგანის მიმართ თანხის გადახდის შესახებ. იყო თუ არა ვალის აღება ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე, უნდა დაადგინოს სასამართლომ (იხ. შენგელია რომან, შენგელია ეკატერინე, საოჯახო სამართალი, თბ., 2015, 131).
29. საერთო ვალის არსებობის მტკიცების ტვირთი იმ მხარეზეა, რომელიც მოითხოვს აღნიშნული ვალის დაკისრებას (სუსგ №ას-76-2024, 22 მაისი, 2024წ. პ.54). მეუღლეთა საერთო ვალად მიჩნევისათვის უნდა დასტურდებოდეს, რომ ვალი აღებულია ორივე მეუღლის მიერ, ან ერთი მეუღლის მიერ, მაგრამ მეორე მეუღლის თანხმობით და ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში აკისრებს კანონმდებელი პასუხისმგებლობას მეორე მეუღლეს საერთო ვალის გაყოფით (სუსგ №ას-511-2020, 29 აპრილი, 2022წ.).
30. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნას მოპასუხისათვის საერთო ვალის ნახევრის დაკისრება წარმოადგენს, რასაც მოპასუხე (კასატორი) იმ საფუძვლით ხდის სადავოდ, რომ სესხის აღების ფაქტი არ დასტურდება (იხ., საკასაციო საჩივარი - ტ.2. ს.ფ. 337).
31. კასატორის შედავების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 623-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ სესხი რეალურ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობა არა მხოლოდ მის არსებით პირობებზე მხარეთა შეთანხებით, არამედ ხელშეკრულების საგნის - გვაროვნული ნივთის მსესხებლისათვის გადაცემის მომენტიდან წარმოიშობა, შესაბამისად, მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაც, უპირველესად, ხელშეკრულების საგნის გადაცემაა (ხელშეკრულების დადება) (სუსგ №ას-686-2019, 19 ივლისი, 2019წ.).
32. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ უზრუნველყო მეუღლეთა საერთო ვალის არსებობის, კერძოდ, მოპასუხის მიერ ოჯახის საერთო მიზნებისა და ინტერესებისთვის 7000 აშშ დოლარის სესხად აღების ფაქტის დადასტურება, კერძოდ, დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლომ, მეუღლეთა საერთო ვალის ნახევრის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში, შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები: თანხის ჩარიცხვის ქვითარი, მოწმეების მ.კ–ძისა და გ.გ–ის მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებები, რომლითაც დადასტურდა მოპასუხისათვის 7000 აშშ დოლარის სესხად გადაცემისა და ამ უკანასკნელის სასარგებლოდ, მ.კ–ძის მიერ 7000 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი.
33. ამასთან, დაცულია სსკ-ის 624-ე მუხლით დადგენილი მტკიცების სტანდარტიც, რომელიც გულისხმობს, რომ ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. განსახილველ საქმეზე სასესხო ურთიერთობის არსებობა დადგენილია არა მხოლოდ მოწმეთა ჩვენებით, არამედ, ასევე, საბანკო ქვითრითაც (შდრ: სუსგ №ას-1154-2023,18 იანვარი, 2024წ., პპ: 8.6; 8.7).
34. ამასთან, როგორც სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა მოპასუხე თავადაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მ.კ–ძემ თანხა ავტომანქანის გამყიდველს ჩაურიცხა სწორედ მისი დავალებით, ხოლო ამ თანხით ნაყიდი ავტომანქანა იმავე დღეს აღირიცხა მოპასუხის საკუთრებად (იხ., სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების პ: 4.13, ტ.2. ს.ფ. 321).
35. ამ ფაქტობრივ მოცემულობაში, მოწმე მ.კ–ძის ჩვენება, რომ მან 7000 აშშ დოლარი ავტომანქანის შესაძენად ასესხა მოპასუხეს და მოწმე გ.გ–ის (მ.კ–ძის მეუღლის) ჩვენება, რომლის მიხედვით სატელეფონო გასაუბრებისას მას მოპასუხემ დაუდასტურა ვალის არსებობა 7000 აშშ დოლარის ოდენობით, საკმარის მტკიცებულებად იქნა მიჩნეული.
36. ფარული სატელეფონო ჩანაწერისათვის მტკიცებულების ძალის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით კასატორის პრეტენზიას რაც შეეხება, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირადი საუბრის ფარული ჩაწერა, ხოლო შემდეგ სასამართლოში მტკიცებულების სახით წარდგენა, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით გარანტირებულ პირადი ცხოვრებისა და პირადი კომუნიკაციის ხელშეუვალობის და მე-12 მუხლით გარანტირებულ პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებებს. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის N1165 რეზოლუციაში „Right to Privacy“ (1998) განმარტებულია, რომ „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის“ მე-8 მუხლმა უნდა დაიცვას ინდივიდის პირადი ცხოვრება არა მარტო საჯარო ხელისუფლების, არამედ კერძო პირების მხრიდანაც.
37. კერძო ხასიათის სამართლებრივ დავებში სამოქალაქო სამართლებრივი გარიგების დადასტურების მიზნით მტკიცებულების შესაქმნელად პირად სფეროში ჩარევა და ამით პირადი ცხოვრებისა და პირადი კომუნიკაციის უფლების შეზღუდვა გამართლებული არ არის. ამგვარი დასკვნა, პირველ რიგში, გამომდინარეობს სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპიდან, რომელიც, თავის მხრივ, სამოქალაქო უფლება-მოვალეობების მიმართ გარკვეულ პასუხისმგებლობას გულისხმობს. სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან გამოიჩინონ შესაბამისი სამოქალაქოსამართლებრივი წინდახედულობა და მტკიცებულება პირთა თანასწორობაზე დამყარებული ურთიერთობის ფარგლებში მოიპოვონ (იხ., გაგუა ილონა, „მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი კერძო ხასიათის სამართლებრივ დავებზე“, 2020წ., 91, 92)
38. განსახილველ საქმეში კი, როგორც ამ განჩინების პ.8-შია დადენილი მოსარჩელის მიერ საქმეში წარდგენილი აუდიოჩანაწერი მიჩნეულია დაუშვებელ მტკიცებულებად, როგორც კანონის დარღვევით მოპოვებული და მისი მეშვეობით არაა დადგენილი კასატორის მიერ სადავოდ გამხდარი გარემოება სასესხო ვალდებულების წარმოშობის შესახებ. შესაბამისად, ფარული ჩანაწერის დაუშვებლობის თაობაზე არსებულ სასამართლო პრაქტიკას, გასაჩივრებული გადაწყვეტილება, არ ეწინააღმდეგება.
39. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც, მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
40. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი (სსსკ-ის 401.4 მუხლი).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ზ.ნ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. ზ.ნ–ს (პ.ნ: .......) დაუბრუნდეს შ.დ–ას მიერ 7.10.2024წ.-ს №1728295889 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 780 ლარის 70% – 546 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გ. ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი
ა. ძაბუნიძე