Facebook Twitter

12 ნოემბერი 2024 წელი

№ას-929-2024 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ნ.ბ–ნი

მოწინააღმდეგე მხარე - შ.პ.ს. „ა–ნი“

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 05 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - თანხის დაკისრება (ძირითადი სარჩელით) ხელშეკრულების ბათილად ცნობა (შეგებებული სარჩელით)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე (ძირითადი სარჩელით) შ.პ.ს. ა–ნი“-ს სარჩელი დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხე ნ.ბ–ნის (შეგებებული სარჩელის ავტორი) შეგებებული სარჩელი უარყოფილი იქნა.

2. 2023 წლის 05 დეკემბერს სასამართლოს განცხადებით მიმართა მოსარჩელე შ.პ.ს. „ა–ნი“-ს წარმომადგენელმა, რომლის განმარტებით, სასამართლოს არ ჰქონდა გადაწყვეტილი სარჩელში წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების საკითხი, შესაბამისად სასამართლოს უნდა ემსჯელა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხზე, როგორც თავდაპირველი სარჩელის, ასევე - შეგებებული სარჩელის ნაწილში.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2023 წლის 05 დეკემბერს №2/2072-22 სამოქალაქო საქმეზე გამოტანილი იქნა დამატებითი გადაწყვეტილება, რომლითაც, მოპასუხე ნ.ბ–ნის მოსარჩელე შ.პ.ს. „ა–ნი“-ს სასარგებლოდ დაეკისრა იურიდიული მომსახურების ხარჯის (თავდაპირველ სარჩელსა და შეგებებულ სარჩელზე ერთობლივად) – 5271.43 აშშ დოლარის გადახდა.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ნ.ბ–ნის წარმომადგენელმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.

5. 2024 წლის 28 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში წარდგენილი იქნა აპელანტ ნ.ბ–ნის წარმომადგენლის ზ.ფ–ძის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის დაზუსტების შესახებ შუამდგომლობა, რომლის თანახმად, აპელანტი ძირითად გადაწყვეტილებასთან ერთად ასაჩივრებდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 05 დეკემბრის დამატებით გადაწყვეტილებასაც.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 05 აპრილის განჩინებით, ნ.ბ–ნის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 05 დეკემბრის დამატებით გადაწყვეტილებაზე, დარჩა განუხილველად შემდეგი დასაბუთებით:

6.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 05 დეკემბრის დამატებითი გადაწყვეტილება მოპასუხის, ნ.ბ–ნის წარმომადგენელ გ.ა–ს ელექტრონული ფოსტის საშუალებით ჩაბარდა 2023 წლის 06 დეკემბერს, რაც დაადასტურა პირადად (ტ.6. ს.ფ 280). სააპელაციო პალატამ შეამოწმა გ.ა–ის, როგორც ნ.ბ–ნის წარმომადგენლის უფლებამოსილების ვადა და ფარგლები (ტ.6 ს.ფ.60-62) და დარწმუნდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 05 დეკემბრის დამატებითი გადაწყვეტილება ნამდვილად უფლებამოსილ წარმომადგენელს ჩაბარდა.

6.2. დამატებითი გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან დაიწყო. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის პირველი დღე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იყო 2023 წლის 07 დეკემბერი, ვადის უკანასკნელი დღე კი - 2023 წლის 20 დეკემბერი. აპელანტის წარმომადგენელმა ზ.ფ–ძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 05 დეკემბრის დამატებითი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით სასამართლოს დაგვიანებით, 2024 წლის 28 თებერვალს, მიმართა.

6.3. ვინაიდან ნ.ბ–ნის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 05 დეკემბრის დამატებით გადაწყვეტილებაზე შეტანილი იქნა კანონით დადგენილი საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, ვლინდებოდა დაუშვებლობის გამო, მისი განუხილველად დატოვების საფუძველი.

7. სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გაუქმების მოთხოვნით კერძო საჩივარი წარმოადგინა ნ.ბ–ნმა. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, გ.ა–სა და კერძო საჩივრის ავტორს შორის არსებობდა იურიდიული მომსახურების შესახებ შეთანხმება, რაც მოიცავდა მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში კასატორის ინტერესების დაცვას. 2023 წლის 06 დეკემბრისთვის გ.ა–ი აღარ იყო რა უფლებამოსილი პირი, ვინაიდან მასთან არსებული ურთიერთობა შეწყვეტილი იყო, გ.ა–მა არ აცნობა კერძო საჩივრის ავტორს დამატებითი გადაწყვეტილების არსებობისა და მისი ჩაბარების შესახებ. გამომდინარე იქიდან, რომ გადაწყვეტილება ჩაბარდა არაუფლებამოსილ პირს, იკვეთება გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ კერძო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებული იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

10. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია გაშვებული იქნა თუ არა კერძო საჩივრის ავტორის მხრიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 05 დეკემბრის დამატებითი გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა და ვლინდებოდა თუ არა დამატებითი გადაწყვეტილების გასაჩივრების ნაწილში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

11. საკასაციო პალატა, უპირველესად, განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს ძირითადი გადაწყვეტილებისაგან დამოუკიდებლად დამატებითი გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დამატებითი გადაწყვეტილება არის გასაჩივრების დამოუკიდებელი ობიექტი (შდრ. ს.უ.ს.გ. N ბს-736-711 (კს-10) 20 ოქტომბერი, 2010წ.)

12. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია და არც კერძო საჩივრით არის შედავებული ფაქტობრივი გარემოება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 05 დეკემბრის დამატებითი გადაწყვეტილება გ.ა–ს ელექტრონული ფოსტის საშუალებით ჩაბარდა 2023 წლის 06 დეკემბერს (ტ. 6. ს.ფ 280).

კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის მხოლოდ იმ გარემოებას, რომ გ.ა–ი დამატებითი გადაწყვეტილების ჩაბარების მომენტისთვის არ იყო მოპასუხე ნ.ბ–ნის უფლებამოსილი წარმომადგენელი, რადგან გ.ა–სა და ნ.ბ–ნს შორის არსებოდა იურიდიული მომსახურების ხელშეკრულება მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში და გადაწყვეტილების ჩაბარების მომენტისათვის მათ შორის დავალების სახელშეკრულებო ურთიერთობა შეწყვეტილი იყო.

13. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, დამატებითი გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით. ამავე კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

14. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მსჯელობას იმის თაობაზე, რომ დამატებითი გადაწყვეტილება არაუფლებამოსილ პირს ჩაბარდა. პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქმეში წარმოდგენილ 2022 წლის 27 იანვრის N 220080743 მინდობილობას, რომელიც გაცემულია 3 წლის ვადით, 2025 წლის 28 იანვრამდე და რომლითაც ნ.ბ–ნიმ გ.ა–ს მიანიჭა უფლებამოსილება ქონებრივი და არაქონებრივი ინტერესების დასაცავად წარმოედგინა მათ შორის საერთო სასამართლოებში და ეწარმოებინა შესაბამისი სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეები. რწმუნებულს გააჩნდა უფლებამოსილება მარწმუნებლის სახელით შეესრულებინა ყველა საჭირო მოქმედება და პროცედურა, რაც დადგენილია საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის: გაესაჩივრებინა სასამართლოს ნებისმიერი აქტი, წარედგინა სააპელაციო და საკასაციო საჩივრები, მიეღო სააღსრულებო ფურცელი, წარედგინა სააღსრულებო ფურცელი აღსრულების ეროვნულ ბიუროში, ასევე, კერძო აღმასრულებელთან და ეწარმოებინა სააღსრულებო საქმე (იხ. მინდობილობა, ტ. 6. ს.ფ. 60-62)

15. აღნიშნული მინდობილობის საფუძველზე, საკასაციო პალატის მოსაზრებით, 2023 წლის 06 დეკემბერს გ.ა–ი წარმოადგენდა ნ.ბ–ნის უფლებამოსილ წარმომადგენელს, რომელსაც შეეძლო მარწმუნებლის სახელით ჩაებარებინა სასამართლოს გზავნილი, მათ შორის - დამატებითი გადაწყვეტილება.

16. რაც შეეხება წარმომადგენლობითი ურთიერთობის შეწყვეტას, იგი საქმის მასალებით არ დგინდება. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ, როგორც დავალების ხელშეკრულების მარეგულირებელი მატერიალური ნორმა _ სამოქალაქო კოდექსის 720-ე მუხლის პირველი ნაწილი, ისე _ საპროცესო კოდექსის 99-ე მუხლი ადგენს მარწმუნებლის უფლებას, ნებისმიერ დროს შეწყვიტოს დავალების ხელშეკრულება ცალმხრივი ნების გამოვლენით, თუმცა, საპროცესო მიზნებისათვის კანონი ამ ნების ნამდვილობას გარკვეულ წინაპირობას უწესებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 99-ე მუხლის თანახმად, მარწმუნებელს უფლება აქვს საქმისწარმოების ყველა სტადიაზე გააუქმოს თავის მიერ გაცემული მინდობილობა და შეწყვიტოს წარმომადგენლის უფლებამოსილება, რის შესახებაც იგი წერილობით აცნობებს სასამართლოსა და წარმომადგენელს. მხარის წინადადებით წარმომადგენლის უფლებამოსილების შეწყვეტა არ წარმოადგენს საქმის წარმოების შეჩერებისა თუ საქმის განხილვის გადადების საფუძველს. უფლებამოსილებაშეწყვეტილი წარმომადგენლის მიერ კანონის შესაბამისად შესრულებული ყველა საპროცესო მოქმედება ინარჩუნებს მნიშვნელობას. მოცემულ შემთხვევაში, ამგვარი ნება მხარეს სასამართლოს წინაშე არ დაუფიქსირებია, შესაბამისად, დამატებითი გადაწყვეტილება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის, სწორად იქნა ჩაბარებული წარმომადგენლისათვის, რაც საპროცესო ვადის დენის დასაწყისია (შდრ. ს.უ.ს.გ. Nას-1175-2019, 31.01.2020წ.).

17. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო ან ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს, ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.

18. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვინაიდან, დამატებითი გადაწყვეტილება 2023 წლის 06 დეკემბერს ჩაბარდა კერძო საჩივრის ავტორის უფლებამოსილ წარმომადგენელს, იგი მითითებული თარიღიდან მხარისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა.

19. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

როდესაც დადასტურებულია, რომ კერძო საჩივრის ავტორმა დამატებითი გადაწყვეტილების ჩაბარებიდან (2023 წლის 06 დეკემბერი) კანონით დადგენილი 14 - დღიანი ვადის დარღვევით (ნაცვლად 2023 წლის 20 დეკემბრისა, 2024 წლის 28 თებერვალს) მიმართა სასამართლოს სააპელაციო საჩივრით, ამასთან, მას არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც გააბათილებდა სასამართლოს დასკვნებს გზავნილის უფლებამოსილი პირის მიერ მიღებისა და გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლიანობის შესახებ, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ ვლინდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

20. აქვე უნდა განიმარტოს, რომ სასამართლოსადმი მიმართვის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას უშვებს საერთაშორისო პრაქტიკაც. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, „სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება „თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე“ (Golder judgment, p. 19, para. 38, quoting the "Belgian Linguistic" judgment of 23 July 1968, Series A no. 6, p. 32, para.).

21. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად დამატებითი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ სააპელაციო საჩივარი გასაჩივრების ვადის გასვლის გამო. შესაბამისად, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ ვლინდება, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ.ბ–ნის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 05 აპრილის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი