22 სექტემბერი 2023 წელი №ას-686-2023 თბილისი
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე)
ლაშა ქოჩიაშვილი (მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები _ შ.პ.ს. „ა–ა“, ი.ყ–ი
მოწინააღმდეგე მხარე _ შ.პ.ს. „T.P.”
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 05 აპრილის გადაწყვეტილება
კასატორთა მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, პირგასამტეხლოს შემცირება
დავის საგანი _ თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შ.პ.ს. “T.P.”-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების: შ.პ.ს. „ა–ა“-ს და ი.ყ–ის მიმართ დავალიანების - 14720 ლარის და პირგასამტეხლოს, 52403 ლარის, დაკისრების შესახებ.
2. მოპასუხეებმა ძირითადი დავალიანების ნაწილში სარჩელი სრულად, ხოლო პირგასამტეხლოს ნაწილში ნაწილობრივ ცნეს. მათი განმარტებით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი იყო, რის გამოც ძირითადი ვალდებულების 10 პროცენტამდე, 1472 ლარამდე უნდა შემცირებულიყო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით – სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს, მოსარჩელის სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისრათ: 2019 წლის 16 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ნასყიდობის ფასის სახით, 14720 ლარის გადახდა; 2019 წლის 16 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს სახით, 5240.30 ლარი; სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხეებისათვის 2019 წლის 16 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს სახით, სოლიდარულად 47162.70 ლარის დაკისრების ნაწილში, არ დაკმაყოფილდა.
4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, პირგასამტეხლოს 1472 ლარამდე შემცირება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 05 აპრილის გადაწყვეტილებით - სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.2. პუნქტის შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; მოსარჩელის სასარგებლოდ, მოპასუხეებს, 2019 წლის 16 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს სახით, სოლიდარულად 2096 ლარის გადახდა დაეკისრათ. გადაწყვეტილება დაეფუძნა შემდეგ ფაქტობრივსამართლებრივ დასაბუთებას:
5.1. 2019 წლის 16 ოქტომბერს შ.პ.ს. „T.P.“-ს და შ.პ.ს. „ა–ა“-ს შორის გაფორმდა ავიაბილეთის შესყიდვის თაობაზე ხელშეკრულება, რომლის საერთო ღირებულება შეადგენდა 14720 ლარს. ავიაბილეთის ღირებულება უნდა გადახდილიყო არაუგვიანეს 2019 წლის 30 ნოემბრისა. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2019 წლის 31 დეკემბრამდე.
5.2. შ.პ.ს. „ა–ა“-მ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადახდის ვალდებულება არ შეასრულა.
5.3. 2020 წლის 23 ივნისის შეთანხმებით, შ.პ.ს. „ა–ა“-მ იკისრა დავალიანების არაუგვიანეს 2020 წლის 30 სექტემბრამდე გადახდის ვალდებულება. შეთანხმების მე-2 პუნქტის თანახმად, „მოვალის“ მიერ წინამდებარე „შეთანხმებით“ ნაკისრი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მოვალე ვალდებული იყო, გადაეხადა კრედიტორისათვის პირგასამტეხლო, გადასახდელი თანხის 0.5%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
5.4. 2022 წლის 23 ივნისის თავდებობის ხელშეკრულებით, ი.ყ–მა გამყიდველის მიმართ სოლიდარულად იკისრა პასუხისმგებლობა შ.პ.ს. „ა–ა“-ს ძირითადი ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებების შესრულებაზე. ხელშეკრულების თანახმად, თავდების პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა პირგასამტეხლოს გარეშე შეადგენდა 14720 ლარს. ამავე ხელშეკრულების 2.3.1. პუნქტის მიხედვით, თავდები ვალდებული იყო, გადაეხადა გამყიდველისათვის პირგასამტეხლო, ნასყიდობის ფასის 0.5%, თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე.
5.5. სააპელაციო პალატის მითითებით, აპელანტებმა პრეტენზია განაცხადეს პირგასამტეხლოს სახით 5240.30 ლარის დაკისრებასთან დაკავშირებით. მათი მტიცებით, ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული სავარაუდო ზიანისა და გადასახდელი ძირითადი თანხის (14720 ლარის) გათვალისწინებით, სასამართლოს მიერ შემცირებული პირგასამტეხლო, კვლავ შეუსაბამოდ მაღალი იყო და გადასახდელი ძირითადი თანხის 10 %-მდე - 1470 ლარამდე უნდა შემცირებულიყო.
5.6. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებზე მიუთითა, გაითვალისწინა მოპასუხეების მიერ შეუსრულებელი ვალდებულების შინაარსი, აღნიშნული ვალდებულების დარღვევის შედეგები, შესასრულებელი ძირითადი ვალდებულების მოცულობა და ამ გარემოებებთან ერთობლივად, პირგასამტეხლოს დაკისრების მიზნის/ფუნქციის, ასევე, ორივე მხარის თანაზომიერად დაცვის პრინციპიდან გამომდინარე, დაასკვნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლო (ყოველდღიურად შესასრულებელი ძირითადი ვალდებულების (14 720 ლარი) 0.05%, ჯამურად 5240,30 ლარი (14720/100*0,05=7,36*712)), კიდევ უნდა შემცირებულიყო, ყოველდღიურად გადასახდელი ძირითადი თანხის 0.02%-მდე და, საბოლოოდ, პირგასამტეხლოს სახით გადასახდელი თანხა ჯამურად 2096 ლარით უნდა განსაზღვრულიყო.
6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, პირგასამტეხლოს 1472 ლარამდე შემცირება. კასატორთა მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ არასამართლიანად გამოიანგარიშა პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლო უნდა შემცირებულიყო ძირითადი შესასრულებელი ვალდებულების 10%-მდე - 1472 ლარამდე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
8. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
10. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, გონივრულია თუ არა სააპელაციო პალატის მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა და ვლინდება თუ არა მისი მეტად შემცირების ფაქტობრივსამართლებრივი საფუძველი.
11. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პირგასამტეხლო პირობით ვალდებულებას წარმოადგენს. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლების განხორციელება დამოკიდებულია გარკვეული პირობის დადგომაზე - მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევაზე (იხ:ირაკლი რობაქიძე, სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 590). პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს ერთ-ერთ ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაა. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. ს.უ.ს.გ. Nას-1053-993-2015, 08.04.2016წ.; Nას-1158-1104-2014, 06.05.2015წ.). ამ მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.
12. პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და ამავდროულად დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის, ამავდროულად, უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას (ს.უ.ს.გ. Nას-1928-2018, 31.10.2019წ.). პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (ს.უ.ს.გ. Nას-1511-2018, 26.03.2019წ.; Nას-848-814-2016, 28.12.2016წ.).
13. სასამართლოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, მაგალითად, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან; პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (ს.უ.ს.გ. №ას-1511-2018, 26.03.2019წ.; ს.უ.ს.გ. №ას-535-2021, 29.10.2021წ.). პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება (ს.უ.ს.გ. №ას-186-2021, 25.03.2021წ.; №ას-535-2021, 29.10.2021წ).
14. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეები ერთმანეთთან ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებოდნენ. კერძოდ, 2019 წლის 16 ოქტომბერს შ.პ.ს. „T.P.“-ს და შ.პ.ს. „ა–ა“-ს შორის გაფორმდა ავიაბილეთის შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საერთო ღირებულება 14720 ლარით, ხოლო მოქმედების ვადა 2019 წლის 31 დეკემბრამდე განისაზღვრა. დადგენილია, რომ ავიაბილეთის ღირებულება უნდა გადახდილიყო არაუგვიანეს 2019 წლის 30 ნოემბრისა. მოპასუხემ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და, 2020 წლის 23 ივნისის შეთანხმებით, შ.პ.ს. „ა–ა“-მ იკისრა დავალიანების არაუგვიანეს 2020 წლის 30 სექტემბრამდე გადახდა. ამავე შეთანხმებით, მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებული დღისთვის გადასახდელი თანხის 0.5%. 2022 წლის 23 ივნისის თავდებობის ხელშეკრულებით, ი.ყ–მა სოლიდარულად იკისრა პასუხისმგებლობა გამყიდველის მიმართ, შ.პ.ს. „ა–ა“-ს ძირითადი ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებების შესრულებაზე. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ი.ყ–ს დაეკისრებოდა მოსარჩელისათვის პირგასამტეხლოს გადახდა, ნასყიდობის ფასის 0.5%, თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე. უდავოა, რომ მოპასუხეებს ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებიათ, მხარეთა შორის პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების წარმოშობა სადავო არ გამხდარა, სადავოა მხოლოდ დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობა.
15. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე, მხარეთა მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული და განსაზღვრული პირგასამტეხლო (გადასახდელი თანხის 0.5%) შემცირდა 5240.30 ლარამდე (0.05%-მდე), ხოლო სააპელაციო პალატის მიერ ეს თანხაც შემცირდა და პირგასამტეხლოს ოდენობა ჯამურად 2096 ლარით (0.02%) განისაზღვრა.
16. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს პირგასამტეხლოს გონივრული ოდენობის თაობაზე სააპელაციო პალატის მსჯელობას და მიაჩნია, რომ სასამართლომ კრედიტორისა და მოვალეების მტკიცების ფარგლების, არაჯეროვანი შესრულებისა და ამით გამოწვეული სამართლებრივი შედეგების გათვალისწინებით, პირგასამტეხლო განსაზღვრა გონივრული და სამართლიანი ოდენობით და აღნიშნულის გათვალისწინებით, მართებულად დააკისრა მოპასუხეებს ჯამურად 2096 ლარი (გადასახდელი ძირითადი თანხის 0.02%, ვადაგადაცილებულ 712 კალენდარულ დღეზე, 14720:100*0.02=2.94*712).
17. კასატორებს არ წარმოუდგენიათ არგუმენტირებული ახსნა-განმარტება ან/და იმგვარი მტკიცებულება, რაც ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ შემცირებული პირგასამტეხლოს კიდევ უფრო მეტად შემცირებას დაედებოდა საფუძვლად და საკასაციო პალატას შეუქმნიდა მტკიცებულებით გამყარებულ შინაგან რწმენას მასზე, რომ სასამართლოს მიერ შემცირებული პირგასამტეხლო კვლავ შეუსაბამოდ მაღალია, არათანაზომიერია როგორც მოვალის ფინანსურ მდგომარეობასთან, ისე - ვალდებულების დარღვევის ხასიათთან და მოვალის ინტერესებს გაუმართლებლად ლახავს.
18. გარდა ზემოაღნიშნულისა, მიუხედავად იმისა, რომ პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან დამოუკიდებელია, საკასაციო პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ ვალდებულების შეუსრულებლობით დამდგარი ზიანის არსებობა, განსახილველ შემთხვევაში, არ გამოვლენილა.
19. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი), კასატორებმა ვერ შეძლეს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლიეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლეს მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს.
20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. შესაბამისად, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შ.პ.ს. „ა–ა“-ს და ი.ყ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. შ.პ.ს. „ა–ა“-ს (ს/ნ .......) და ი.ყ–ს (პ/ნ ......) დაუბრუნდეთ ქ.ტ–ძის (პ/ნ .......) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის (საგადახდო დავალება №17549899209, გადახდის თარიღი: 21.06.2023წ, გადამხდელის ბანკი: ს.ს. „საქართველოს ბანკი“) 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე