Facebook Twitter

საქმე №ა-4908-შ-131-2024 14 იანვარი, 2025 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ჰ.შ.ქ. გიზი

მოწინააღმდეგე მხარე - ზ.ე. (ე.) ე. ოღლი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას და აღსრულებას მოითხოვს მხარე – აზერბაიჯანის რესპუბლიკის, გადაბეის რაიონული სასამართლოს 27.11.2023 წლის გადაწყვეტილება (N2(042)-41/2023)

დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. აზერბაიჯანის რესპუბლიკის, გადაბეის რაიონული სასამართლოს 27.11.2023 წლის გადაწყვეტილებით (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც "უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება") ჰ.შ.ქ. გიზის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, "შუამდგომლობის ავტორი“) სარჩელი დაკმაყოფილდა; გადაბეის რაიონული სასამართლოს 27.05.2013 წლის (N2(041)-375/2013) გადაწყვეტილებით 16.06.2012 წელს დაბადებული ზ.ი.ე.გიზისა და 07.12.2010 წელს დაბადებული ჰ.ნ.ე.ოღლის სრულწლოვანებამდე შენახვა/აღზრდისთვის განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა გაიზარდა და მოპასუხეს ზ.ე. (ე.) ე. ოღლის მოსარჩელის სასარგებლოდ თითოეული ბავშვისთვის 193 მანეთი, სულ ორ ბავშვზე 386 მანეთი დაეკისრა.

2. შუამდგომლობის მასალებს ერთვის აზერბაიჯანის რესპუბლიკის, გადაბეის რაიონული სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი. ასევე წარმოდგენილია აზერბაიჯანის რესპუბლიკის, გადაბეის რაიონის სააღსრულებო და პრობაციის დეპარტამენტის 15.01.2024 წლის გადაწყვეტილება, რომლითაც სააღსრულებო დოკუმენტი დაუბრუნდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის, გადაბეის რაიონულ სასამართლოს, ვინაიდან მოვალე არ არის აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე.

3. შუამდგომლობის ავტორი ითხოვს უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას და აღსასრულებლად მიქცევას.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 07.10.2024 წლის განჩინებით შუამდგომლობას დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს მიეცა 10 დღიანი ვადა ხარვეზის შესავსებად. საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ ორმხრივი ხელშეკრულების (შემდეგში „ხელშეკრულება“) 44-ე მუხლის მე-7 პუნქტის მე-3 ქვეპუნქტის შესაბამისად შუამდგომლობას არ ერთვოდა წარმოდგენილი დოკუმენტების დამოწმებული თარგმანები. ამავე განჩინებით შუამდგომლობის ავტორს განემარტა, რომ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში შუამდგომლობა დარჩებოდა განუხილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსასრულებლად მიქცევის შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:

5. ხელშეკრულების მე-3 თავი აწესრიგებს ხელშემკვრელ მხარეებს შორის სასამართლო გადაწყვეტილებათა ცნობა-აღსრულების წესებს. ხელშეკრულების 42-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებების, ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის, სახელმწიფო ნოტარიატისა და მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის ორგანოების გადაწყვეტილებების ცნობა, ხოლო ქონებრივი ხასიათის საქმეებზე, ცნობა და აღსრულება ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის ტერიტორიაზე ხორციელდება ამ ხელშეკრულებით დადგენილი პირობებით.

6. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის (შემდეგში "კანონი") 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს.

7. კანონის 70-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, სამოქალაქო სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას. აღსრულებაზე გადაწყვეტილება მიიღება დაინტერესებული მხარის მიერ შესაბამისი შუამდგომლობის აღძვრის შემდეგ.

8. კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის და 70-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის და აღსრულების საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოებში სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით. სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის.

10. სსსკ-ის 71-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ მოსარჩელის მიერ მითითებული თავისი ან მოპასუხის მისამართი არასწორი აღმოჩნდა, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ. ანალოგიურ დანაწესს შეიცავს სსსკ-ის 275-ე მუხლის მეორე ნაწილი: სასამართლო უფლებამოსილია სარჩელი/განცხადება/შუამდგომლობა განუხილველად დატოვოს, თუ მოსარჩელემ/განმცხადებელმა/შუამდგომლობის ავტორმა არასწორად მიუთითა თავისი ან მოპასუხის მისამართი.

11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 07.10.2024 წლის განჩინება აზერბაიჯანულ ენაზე შესრულებულ თარგმანთან ერთად შუამდგომლობის ავტორს გაეგზავნა მის მიერ შუამდგომლობის ტექსტში მითითებულ მისამართზე: აზერბაიჯანის რესპუბლიკა, გადაბეის რაიონი, სოფელი .........., გზავნილში ასევე მიეთითა მისი საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, თუმცა გზავნილი ადრესატს ვერ ჩაჰბარდა არასრული საკონტაქტო ინფორმაციის გამო. განჩინება ხელმეორედ გაიგზავნა იმავე მისამართზე, თუმცა ჩაუბარებლობის მიზეზად იგივე მიეთითა.

12. ზემოთაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შუამდგომლობის ავტორმა ვერ შეძლო სწორი მისამართის მითითება. ამდენად, შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად. აღნიშნული ხარვეზის აღმოფხვრის შემთხვევაში შუამდგომლობის ავტორს უფლება აქვს კვლავ მიმართოს სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ ხელშეკრულების 42-ე მუხლით, საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე მუხლებით, სსსკ-ის 71-ე, 275-ე, 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ჰ.შ.ქ. გიზის შუამდგომლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის, გადაბეის რაიონული სასამართლოს 27.11.2023 წლის გადაწყვეტილების (N2(042)-41/2023) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: თამარ ზამბახიძე