საქმე №ას-886-2024 31 ოქტომბერი, 2024 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – გ.გ–ნი, თ.ჯ–ძე, ა.გ–ნი, ნ.გ–ნი, ც.ტ–ნი, შპს „ლ.ჯ–ია“ (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „პ.ბ.ს–ო“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 30.04.2024 წლის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება, იპოთეკის საგნების რეალიზაცია
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება – კერძო საჩივრის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სს ,,პ.ბ.ს–ომ“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში გ.გ–ნის, თ.ჯ–ძის, ა.გ–ნის, ნ.გ–ნის, ც.ტ–ნისა და შპს ,,ლ.ჯ–იას“ (შემდეგში ტექსტში ერთად მოხსენიებული, როგორც „მოპასუხეები“, „აპელანტები“ ან „კერძო საჩივრის ავტორები“) მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულებისა და იპოთეკის საგნების რეალიზაციის მოთხოვნით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 31.05.2023 წლის გადაწყვეტილებით:
1. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
2. გ.გ–ნს, შპს ,,ლ.ჯ–იას“, თ.ჯ–ძესა და ა.გ–ნს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრათ 16.08.2019 წლის N0013783.001-001 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება 766 349 ევროსა და 69 ევროცენტის ოდენობით, საიდანაც ძირითადი დავალიანებაა 697 912 ევრო და 68 ევროცენტი, პროცენტი - 57 092 ევრო და 77 ევროცენტი, პირგასამტეხლო - 11 344 ევრო და 24 ევროცენტი.
3. გ.გ–ნს, შპს ,,ლ.ჯ–იას“, თ.ჯ–ძესა და ა.გ–ნს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრათ 16.08.2019 წლის N0013783.001-001 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურება სესხის ძირითადი თანხის - 697 912 ევროსა და 68 ევროცენტის წლიური 6%-ის ოდენობით 2022 წლის 5 მაისიდან საკრედიტო ვალდებულების სრულად დაფარვამდე (ძირითადი დავალიანების ნაწილობრივ დაფარვისას პროცენტი დაერიცხება დარჩენილ თანხას). ამ გადაწყვეტილებით დადგენილი ვალდებულებების შესრულებაზე, თ.ჯ–ძისა და ა.გ–ნის, როგორც სოლიდარულ თავდებთა, პასუხისმგებლობის მაქსიმალურად განსაზღვრული თანხაა თითოეულისათვის 10 000 000 აშშ დოლარი ან ექვივალენტი კონვერტირებადი ვალუტის ოდენობით.
4. ამ გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხების დაფარვის მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცა იპოთეკით დატვირთული 18 უძრავი ნივთი.
5. დადგინდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნების რეალიზაციის შედეგად ვერ მოხდება სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის დაფარვა, აღსრულება განხორციელდეს გ.გ–ნის, შპს ,,ლ.ჯ–იას“, თ.ჯ–ძისა და ა.გ–ნის ნებისმიერ სხვა ქონებაზე. გადაწყვეტილებით დადგენილი ვალდებულებების შესრულებაზე თ.ჯ–ძისა და ა.გ–ნის, როგორც სოლიდარულ თავდებთა, პასუხისმგებლობის მაქსიმალურად განსაზღვრული თანხაა თითოეულისათვის 10 000 000 აშშ დოლარი ან ექვივალენტი კონვერტირებადი ვალუტის ოდენობით (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 31.05.2023 წლის გადაწყვეტილება, ასევე ამავე სასამართლოს 02.06.2023 წლის განჩინება გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის შესახებ).
3. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრეს მოპასუხეებმა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 30.04.2024 წლის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 31.05.2023 წლის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:
4.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 08.04.2024 წლის განჩინებით მოპასუხეებს ათი დღით გაუგრძელდათ ვადა ამავე სასამართლოს 09.10.2023 წლის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შესავსებად და ხარვეზის შევსების მიზნით დაევალათ: სააპელაციო მოთხოვნის დაზუსტება, რომლის შესაბამისად გამოითვლება სახელმწიფო ბაჟი, ასევე, მოთხოვნის შესაბამისი გადაწყვეტილების ფაქტობრივ და სამართლებრივ უსწორობებზე მითითება და გამართული, დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის წარმოდგენა, რის შემდეგაც, სასამართლო იმსჯელებდა სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების შესახებ აპელანტების შუამდგომლობაზე.
4.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 08.04.2024 წლის განჩინების ასლი აპელანტების წარმომადგენელს, ნ.ფ–ს ჩაბარდა 10.04.2024 წელს პირადად, კანონით დადგენილი წესით და მას შეეძლო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შევსება. აპელანტებს ან/და მათ წარმომადგენელს სასამართლოსთვის ხარვეზის შევსების თაობაზე არ მიუმართავთ.
4.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 63-ე მუხლისა და ამავე კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 31.05.2023 წლის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 30.04.2024 წლის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა და მოითხოვეს მისი გაუქმება.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
7. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
8. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.
9. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატა მსჯელობს ხარვეზის შეუვსებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერებაზე. კერძო საჩივრის ავტორების განმარტებით: დადგენილ ვადაში მათ სრულად შეავსეს ხარვეზი. სასამართლოს უნდა მიეღო წარმოებაში სააპელაციო საჩივარი და ემსჯელა ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის უკან დაბრუნების საკითხზე. არ არსებობდა ხარვეზის შეუვსებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობა.
10. დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 09.10.2023 წლის განჩინებით აპელანტებს დაუწესდათ ხარვეზი სააპელაციო საჩივარზე და განესაზღვრათ ვადა მის შესავსებად, კერძოდ:
- სასამართლოში უნდა წარედგინათ სააპელაციო საჩივარი, რომელშიც მითითებული იქნებოდა, თუ რაში მდგომარეობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი ან/და სამართლებრივი უსწორობა, გარემოებები, რომელზეც აპელანტი ამყარებს თავის მოთხოვნას და მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ მათ;
- დაეზუსტებინათ დავის საგნის ფასი სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში და გადაეხადათ სახელმწიფო ბაჟი დავის საგნის ღირებულების 4%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 150 ლარისა;
- წარედგინათ დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის შევსებული ფორმის ელექტრონული ვერსია;
- გ.გ–ნს, თ.ჯ–ძეს, ა.გ–ნს, ნ.გ–ნს, ც.ტ–ნს დაევალათ წარედგინათ ნ.ფ–ის სახელზე გაცემული მინდობილობა, რომლითაც წარმომადგენელს ექნებოდა მათი სახელით სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში წარმომადგენლობის უფლებამოსილება ან უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი სააპელაციო საჩივარი.
11. ხარვეზის შესავსებად დადგენილ ვადაში, 15.11.2023 წელს სააპელაციო სასამართლოში ფოსტის მეშვეობით წარდგენილ იქნა გ.გ–ნის განცხადება ხარვეზის შევსების შესახებ და სასამართლოს წარედგინა: პირადად გ.გ–ნის, ასევე გ.გ–ის როგორც ც.ტ–ნის, ნ.გ–ნის, თ.ჯ–ძის, ა.გ–ნის მინდობილი პირის მიერ ნ.ფ–ის სახელზე გაცემული რწმუნებულებები, ასევე ც.ტ–ნისა და ა.გ–ის მიერ გ.გ–ის სახელზე გაფორმებული რწმუნებულებები გადანდობის უფლებით. ამავე განცხადებით წარდგენილი იქნა 14.11.2023 წელს სახელმწიფო ბაჟის სახით 5000 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ტ.2, ს.ფ. 28-45).
12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 24.01.2024 წლის განჩინებით აპელანტებს გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების ვადა და დაევალათ:
- წარედგინათ სააპელაციო საჩივარი, რომელშიც მითითებული იქნებოდა, თუ რაში მდგომარეობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი ან/და სამართლებრივი უსწორობა, გარემოებები, რომელზეც აპელანტი ამყარებს თავის მოთხოვნას და მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ მათ;
- უნდა დაეზუსტებინათ დავის საგნის ფასი სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში და გადაეხადათ სახელმწიფო ბაჟი დავის საგნის ღირებულების 4%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 150 ლარისა.
13. 06.03.2024 წელს ნ.ფ–მა სასამართლოში დამატებით წარადგინა ნ.გ–ნისა და თ.ჯ–ძის მიერ გ.გ–ის სახელზე გაცემული რწმუნებულებები გადანდობის უფლებით, რომელთა საფუძველზეც გაფორმდა ნ.ფ–ის რწმუნებულებები სასამართლოში წარმომადგენლობისა და გადაწყვეტილებების გასაჩივრების უფლებით (ტ.2, ს.ფ. 51-59).
14. სააპელაციო სასამართლოს 24.01.2024 წლის განჩინება ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ მოპასუხეების წარმომადგენელს, ნ.ფ–ს პირადად ჩაჰბარდა 12.03.2024 წელს (ტ.2, ს.ფ. 61).
15. სსსკ-ის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დადგენილი საპროცესო ვადის დაცვით, 25.03.2024 წელს სააპელაციო სასამართლოში ფოსტის მეშვეობით შევიდა მოპასუხეთა წარმომადგენლის, ნ.ფ–ის მიერ ხელმოწერილი, დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი, რომელსაც ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის სახით დამატებით 2000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი (ტ.2, ს.ფ. 64-78).
აპელანტებმა სააპელაციო საჩივარში დააზუსტეს სააპელაციო მოთხოვნა და განმარტეს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულია ნაწილობრივ, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით დაკისრებული მიუღებელი შემოსავლის გადახდევინების პერიოდის განსაზღვრის ნაწილში. საბოლოოდ, სააპელაციო მოთხოვნა ჩამოყალიბებულია შემდეგნაირად:
„ცვლილება შევიდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტში და ამ ნაწილში მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხეებს დაეკისრებათ მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურება სესხის ძირთადი თანხის - 697 912 ევროსა და 68 ევროცენტის წლიური 6%-ის ოდენობით 2022 წლის 5 მაისიდან, მაგრამ არაუმეტეს 3 წლის ვადისა“ (ტ.2, ს.ფ.66).
სააპელაციო მოთხოვნის შემცირების გამო დაზუსტებული სააპელაციო საჩივრით აპელანტებმა ასევე მოითხოვეს ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის უკან დაბრუნება (ტ.2, ს.ფ. 69).
16. საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 08.04.2024 წლის განჩინებით აპელანტებს გაუგრძელდათ ამავე სასამართლოს 09.10.2023 წლის განჩინებით ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადა და ხარვეზის შევსების მიზნით დაევალათ:
- სააპელაციო მოთხოვნის დაზუსტება, რომლის შესაბამისად გამოითვლება სახელმწიფო ბაჟი, ასევე, მოთხოვნის შესაბამისი გადაწყვეტილების ფაქტობრივ და სამართლებრივ უსწორობებზე მითითება და გამართული და დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის წარდგენა, რის შემდეგაც მოხდება სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების შესახებ აპელანტის შუამდგომლობაზე მსჯელობა (ტ.2, ს.ფ. 82-84). განსაზღვრული საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ სააპელაციო საჩივარი 30.04.2024 წლის განჩინებით დარჩა განუხილველად, ხარვეზის შეუვსებლობის მოტივით.
17. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს 08.04.2024 წლის განჩინებაში ასახულ მსჯელობას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის დაზუსტების, ასევე მოთხოვნის შესაბამის გადაწყვეტილების ფაქტობრივ, სამართლებრივ უსწორობებზე მითითების აუცილებლობის თაობაზე და მიაჩნია, რომ დაზუსტებულ სააპელაციო საჩივარში აპელანტების მოთხოვნა ჩამოყალიბებულია ნათლად და გარკვევით. აპელანტები არაორაზროვნად უთითებენ, რომ მათი პრეტენზია შეეხება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით განსაზღვრული თანხის დაკისრების პერიოდს და მიაჩნიათ, რომ ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხეებს მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურება უნდა დაეკისროთ სესხის ძირთადი თანხის - 697 912 ევროსა და 68 ევროცენტის წლიური 6%-ის ოდენობით 05.05.2022 წლიდან, მაგრამ არაუმეტეს 3 წლის ვადისა. დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი შეიცავს გარკვეულ მსჯელობასაც. აღნიშნული რამდენად შეიძლება შეფასდეს დასაბუთებულ შედავებად, წყდება არა სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხზე მსჯელობისას, არამედ მისი განხილვის ეტაპზე.
შესაბამისად, არ არსებობდა მითითებული საფუძვლებით ხარვეზის შევსების ვადის დამატებით გაგრძელების წინაპირობა.
18. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას სააპელაციო მოთხოვნის დაზუსტების შესაბამისად სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის თაობაზე, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს მასზე, რომ აპელანტების მიერ ჯამში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 7000 ლარი, რაც აკმაყოფილებს სსსკ-ის 39-ე მუხლის მე-3 ნაწილის როგორც „ბ.ა“, ისე „ბ.ბ“ ქვეპუნქტებით სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის დაწესებული სახელმწიფო ბაჟის მაქსიმალურ ზღვარს (ფიზიკური პირებისათვის - 5000 ლარი; იურიდიული პირებისათვის - 7000 ლარი). საკითხი კი, იყო თუ არა სახელმწიფო ბაჟი ზედმეტად გადახდილი და არსებობდა თუ არა მისი ნაწილის დაბრუნების თაობაზე აპელანტების შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი, თავად სასამართლოს შეფასების საგანია და არა სააპელაციო მოთხოვნის დაზუსტების მოტივით ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების წინაპირობა, რის შეუვსებლობასაც უკავშირდება სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შედეგი.
19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 30.04.2024 წლის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ.გ–ნის, თ.ჯ–ძის, ა.გ–ნის, ნ.გ–ნის, ც.ტ–ნისა და შპს „ლ.ჯ–იას“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 30.04.2024 წლის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია