Facebook Twitter

საქმე №ას-826-2022 24 სექტემბერი, 2024 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ი.ნ......“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ბ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 03.05.2022 წლის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – უძრავ ქონებაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 02.05.2019 წლის გადაწყვეტილებით ნ.ბ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი შპს „ი.ნ......“-ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „შეგებებული სარჩელით მოსარჩელე“ ან „კასატორი“) მიმართ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 20 000 აშშ დოლარის გადახდა; მოპასუხის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა; დადგინდა მოსარჩელის, გ.თ–ძისა და მ.თ–ძის უკანონო მფლობელობიდან, მათი გამოსახლების გზით, უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ბათუმში, ......., ს/კ: №........, გამოთხოვა და გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში მისი მესაკუთრისთვის - შეგებებული სარჩელით მოსარჩელისათვის ჩაბარება.

2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ/შეგებებული სარჩელით მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 03.05.2022 წლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 20 000 აშშ დოლარის დაკისრებისა და საპროცესო ხარჯების განაწილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 29 565 ლარი; შეგებებული სარჩელი შეგებებული სარჩელით მოპასუხისთვის 950 ლარის დაკისრების მოთხოვნით არ დაკმაყოფილდა; შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებისა და ამ მიმართებით საპროცესო ხარჯის განაწილების ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

4. გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გასაჩივრებულ ნაწილში დაფუძნებულია მასზე, რომ:

4.1. მოსარჩელე მოპასუხის საკუთრებაში არსებული შენობის მე-2 სართულის ფართის მართლზომიერ მფლობელს წარმოადგენდა, რომელსაც მოპასუხე ზეპირად ჰპირდებოდა ფართის საკუთრებაში გადაცემას, რაც არ განხორციელდა; სადავო ფართი რემონტის დაწყებამდე იყო ე.წ. შავი კარკასის მდგომარეობაში; სამუშაოები დაიწყო 2008 წელს, გაგრძელდა 2014-2015 წლებში; მოპასუხეს, რომელსაც იმავე შენობის პირველ სართულზე ჰქონდა ავტოსერვისი, არ გამოუთქვამს რაიმე სახის პრეტენზია მოსარჩელის მიერ ნაწარმოები სარემონტო სამუშაოების გამო; მოპასუხე ეთანხმებოდა მოსარჩელის მიერ სარემონტო სამუშაოების ჩატარებას და მხარეებს შორის არაერთი შეთანხმება შედგა სადავო ქონებასთან მიმართებით; სააპელაციო სასამართლომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ წარმოებული სარემონტო სამუშაოების შედეგად უძრავი ქონების ღირებულება გაიზარდა 29565,00 ლარით, შესაბამისად, მოპასუხე უსაფუძვლოდ გამდიდრდა 29565,00 ლარით.

4.2. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 987-ე მუხლით. პალატამ განმარტა, რომ უსაფუძვლო გამდიდრება სუბსიდიარული ხასიათისაა. ეს იმას ნიშნავს, რომ მხარეთა შორის არ უნდა არსებობდეს სარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძველი. გარდა ამისა მითითებული საფუძვლით პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის უნდა არსებობდეს გარკვეული კუმულაციური, ერთობლივი წინაპირობები, კერძოდ: 1) მოპასუხე უნდა გამდიდრდეს; 2) მოპასუხის გამდიდრება უნდა გამოიწვიოს მოსარჩელის ქმედებამ, ამ ქმედებასა და შედეგს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი; 3) მოპასუხის გამდიდრება, როგორც შედეგი უნდა იყოს უკანონო. ამ სამი პირობიდან, რომელიმე პირობის არარსებობა გამორიცხავს უსაფუძვლო გამდიდრების საფუძველზე პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ქონების ღირებულება გაიზარდა 29565,00 ლარით, შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხე გამდიდრდა არა 20000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით, არამედ 29565,00 ლარით და სსკ-ის 987-ე მუხლის საფუძველზე, ვალდებულია დაუბრუნოს ეს თანხა მოსარჩელეს, რომელმაც ეს ხარჯი გასწია.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება თანხის დაკისრების ნაწილში გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა ახალი გადაწყვეტილებით მისთვის მხოლოდ 17485 ლარის დაკისრება.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

7. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

8. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

9. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გასაჩივრებულია მოპასუხის მიერ მხოლოდ იმ ნაწილში, რომლითაც მას მოსარჩელის სასარგებლოდ თანხის გადახდა დაეკისრა. საკასაციო საჩივარი ეფუძნება გარემოებას მასზე, რომ მოსარჩელის მიერ უძრავი ნივთის მე-2 სართულზე განხორციელებული სარემონტო სამუშაოების შედეგად უძრავი ქონების ღირებულების გაზრდის გამო მოპასუხეს, ნაცვლად 29565 ლარისა, უნდა დაკისრებოდა 17485 ლარის გადახდა.

10. სსკ-ის 987-ე მუხლი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: პირს, რომელმაც შეგნებულად ან შეცდომით ხარჯები გასწია მეორე პირის ქონებაზე, შეუძლია მისგან მოითხოვოს თავისი დანახარჯების ანაზღაურება, თუ მეორე პირი ამით გამდიდრდა. გამდიდრების არსებობა განისაზღვრება იმ მომენტით, როცა მოვალეს უბრუნდება თავისი ნივთი, ან იგი ღირებულების გაზრდის შედეგად სხვაგვარად იღებს სარგებელს. მოთხოვნა გამორიცხულია, თუ: ა) პირს, რომელსაც წაეყენება მოთხოვნა, შეუძლია მოითხოვოს დანახარჯების ამოღება და ამოიღებს მას, ან ბ) პრეტენზიის წარმდგენმა პირმა ბრალეულად დააყოვნა შეტყობინება ხარჯების მოთხოვნის შესახებ, ანდა გ) პირმა, რომელსაც წაეყენება პრეტენზია, სადავო გახადა ხარჯები მათ განხორციელებამდე. ნორმა არეგულირებს შემთხვევებს, როდესაც პირი გასწევს დანახარჯებს უცხო ქონებაზე, რომელიც მის მფლობელობაშია და შემდგომ უნდა დაუბრუნოს ნივთი მესაკუთრეს. ამ შემთხვევაში საქმე შეიძლება ეხებოდეს უფლებამოსილ მფლობელს, ანდა არაუფლებამოსილ მფლობელსაც (ჰაინრიხ შნიტგერი, ლია შატბერაშვილი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, მუხ.987, ველი 1 /https://gccc.tsu.ge/).

11. ჩამოყალიბებული დანაწესიდან გამომდინარე, უტყუარად უნდა დგინდებოდეს გამდიდრების ფაქტი. სასამართლომ უნდა შეამოწმოს, მოსარჩელემ კონკრეტულად რა სახის ხარჯები გაიღო, რამდენად აუცილებელი იყო ამ ხარჯის გაწევა და ამით გაუმჯობესდა თუ არა სადავო ნივთი, თუ იგი მხოლოდ მოსარჩელის, როგორც ნივთის მოსარგებლის სპეციალური ინტერესებიდან გამომდინარე იქნა გაწეული. გამოსაკვლევი და შესაფასებელია ის გარემოებაც, რომ შესაძლებელია, ზოგ შემთხვევაში, აუცილებელი საჭიროების გამო, ნივთზე გაწეული ხარჯები უფლებამოსილი პირის ინტერესებში ყოფილიყო და, ბუნებრივია, მას მესაკუთრის გამდიდრება მოჰყოლოდა (სუსგ №ას-541-2021, 14.07.2021წ., პ.44,45). სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ თავიანთი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. სსსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. ამდენად, სადავო გარემოებების დადგენისას, სასამართლო იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობით დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლივად, რომლის ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა (სუსგ №ას-584-543-2017, 06.06.2017წ; №ას-484-2019, 30.10.2020წ.). მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით დაადგინა და კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, რომ მოსარჩელის მიერ წარმოებული სარემონტო სამუშაოების შედეგად, უძრავი ქონების ღირებულება გაიზარდა 29565,00 ლარით (ტ.3, ს.ფ. 135-153). შესაბამისად, აღნიშნული თანხა მართებულად დაეკისრა მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.

12. საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი ვერ გახდება კასატორის ვერც ის პრეტენზია, რომ სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა მოპასუხის მიერ გაწეული საადვოკატო მომსახურების ხარჯის მოწინააღმდეგე მხარისთვის დაკისრების მოთხოვნაზე. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, თუ მოპასუხეს მიაჩნდა, რომ მის რომელიმე მოთხოვნაზე სასამართლომ არ იმსჯელა, სსსკ-ის 261-ე მუხლის მუხლის შესაბამისად, შეეძლო მოეთხოვა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა, თუმცა მოპასუხეს ამ უფლებით არ უსარგებლია (შდრ. სუსგ №ას-464-432-2017, 21.02.2018წ; №ას-920-870-2015, 09.06.2016წ., პუნ. 106-113).

13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

14. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

15. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 1480 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 1036 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ი.ნ......“-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. შპს „ი.ნ......“-ს (ს/ნ: ......) უკან დაუბრუნდეს თ. ი–ძის (პ/ნ: .......) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1480 ლარის (საგადახდო დავალება №13601349711, გადახდის თარიღი 16.06.2022წ.) 70% – 1036 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია