საქმე №ას-163-2024 28 ნოემბერი, 2024 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვლადიმერ კაკაბაძე, გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - შპს „ჭ.ა–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარეები - გ.გ–ი, ზ.მ–ი, ი.ტ–ძე (მოსარჩელეები)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - აუცილებელი გზის დადგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით, შპს „ჭ.ა–ის“ (შემდეგ - მოპასუხე, კასატორი) მიმართ აუცილებელი გზის დადგენის თაობაზე გ.გ–ის (შემდეგ - პირველი მოსარჩელე, პირველი მოწინააღმდეგე მხარე), ი.ტ–ძის (შემდეგ - მეორე მოსარჩელე, მეორე მოწინააღმდეგე მხარე) და ზ.მ–ის (შემდეგ - მესამე მოსარჩელე, მესამე მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; დადგინდა, ჯეროვანი გამოყენებისათვის საჯარო გზასთან კავშირის მიზნით, პირველი მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან (ს/კ №......), მეორე მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან (ს/კ №.......) და მესამე მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან (ს/კ №......) მისასვლელი აუცილებელი საავტომობილო გზა მოპასუხის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთიდან (ს/კ №........) ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 5 ივლისის №004438122 დასკვნის №3 ვარიანტის მიხედვით (დანართი №1 ლურჯი წყვეტილი, 44 გრძივი მეტრი); მოსარჩელეებს მიეცათ უფლება, ავტომობილით (მსუბუქი, სატვირთო) თავიანთ (მითითებულ) ნაკვეთებთან მისასვლელად აღნიშნული გზით ისარგებლონ, თითოეულმა კვირაში ორი დღე, თითოეულ დღეს მაქსიმუმ სამი საათის განმავლობაში.
2. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება როგორც მოსარჩელეებმა, ასევე –მოპასუხემ გაასაჩივრა. მოსარჩელეება გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს, ხოლო მოპასუხემ - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელეთა სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; საჩხერის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მოსარჩელეების სარჩელი დაკმაყოფილდა; დადგინდა, ჯეროვანი გამოყენებისათვის საჯარო გზასთან კავშირის მიზნით, პირველი მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან (ს/კ №.........), მეორე მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან (ს/კ №.........), მესამე მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან (ს/კ №......) მისასვლელი აუცილებელი საავტომობილო გზა მოპასუხის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთიდან (ს/კ №..........) ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 5 ივლისის №004438122 დასკვნის №3 ვარიანტის მიხედვით (დანართი №1 ლურჯი წყვეტილი, 44 გრძივი მეტრი). მოსარჩელეებს მიეცათ უფლება, ავტომობილით (მსუბუქი, სატვირთო) თავიანთ (მითითებულ) ნაკვეთებთან მისასვლელად აღნიშნული გზით ისარგებლონ, თითოეულმა კვირაში სამი დღე, თითოეულ დღეს მაქსიმუმ სამი საათის განმავლობაში; მოპასუხეს მოსარჩელეთა სასარგებლოდ დაეკისრა სასამართლო და სასამართლოს გარეშე ხარჯი.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 8 დეკემბრის დამატებით გადაწყვეტილებით, მოპასუხეს მოსარჩელეთა სასარგებლოდ დაეკისრა წარმომადგენლისათვის გაწეული ხარჯის, 320 ლარის, გადახდა.
5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხემ (აპელანტმა) საკასაციო წესით გაასაჩივრა.
6. კასატორის მითითებით, მოსარჩელეებს არ წარუდგენიათ მტკიცებულება, თუ რა მიზნით ესაჭიროება მათ ეს გზა, საიდან დასტურდება ამ გზის აუცილებელ გზად გამოყენების გარდაუვალობა ნივთის დანიშნულებით გამოსაყენებლად, რატომ არის ექსპერტის მიერ დადგენილი ოთხი ვარიანტიდან მხოლოდ მესამე მისაღები, მაშინ, როდესაც იგი ავტოსადგურს ყველაზე მეტად აზარალებს.
7. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოპასუხე წარმოადგენს მე-2 კლასის ავტოსადგურს, რომელიც უზრუნველყოფს მგზავრთა საქალაქთაშორისო მიმოსვლას და კანონმდებლობით ეკისრება არაერთი ვალდებულება მგზავრთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. სასამართლომ არ გაითვალისწინა, თუ რა სახის სამშენებლო-რეკონსტრუქციული სამუშაოები მიმდინარეობს ავტოსადგურის მოდერნიზებისა და სტანდარტებთან შესაბამისობის მიზნით და რა ვალდებულებები აქვს აღებული კასატორს სახელმწიფოს წინაშე.
8. კასატორის მითითებით, დამატებითი გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია. მხარეთა მიერ სასამართლო განხილვისას გაწეული ხარჯების საკითხი უნდა გადაწყდეს ხელახლა სსსკ-ის 53-ე და 54-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
9. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:
12. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
13. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 170.1. მუხლის შესაბამისად, საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება და მესაკუთრის უფლებები – ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით) ისე, რომ არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, შეიძლება შეიზღუდოს კანონით ან ხელშეკრულებით (სსკ-ის 170.1. მუხლი: მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას). ამავე კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად, თუ ხდება ნივთზე საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აკრძალვა. კანონით ან ხელშეკრულებით დადგენილ შემთხვევაში, მესაკუთრეს შეიძლება შეეზღუდოს ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის უფლება და დაეკისროს თმენის ვალდებულება. სწორედ ასეთი თმენის ვალდებულებაა გათვალისწინებული სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით.
14. სსკ-ის 115-ე მუხლის მიხედვით, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. უფლების ბოროტად გამოყენებად მიიჩნევა საკუთრებით ისეთი სარგებლობა, რომლითაც მხოლოდ სხვებს ადგებათ ზიანი ისე, რომ არ არის გამოკვეთილი მესაკუთრის ინტერესის უპირატესობა და მისი მოქმედების აუცილებლობა გაუმართლებელია. აღნიშნული მუხლის დანაწესი მესაკუთრეს უფლებას აძლევს, განკარგოს თავისი ნივთი შეხედულებისამებრ, არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, თუმცა, ამავე მუხლით დგინდება, რომ საკუთრების უფლება აბსოლუტურ უფლებას არ წარმოადგენს და მისი შეზღუდვა კანონით დადგენილ შემთხვევაში შესაძლებელია.
15. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის შესაბამისად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. ამავე ნორმის მე-3 ნაწილის შესაბამისად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურებით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისაგან. ამდენად, მიუხედავად საკუთრების უფლების აღიარებისა, საქართველოს კონსტიტუცია არ გამორიცხავს მისი შეზღუდვის შესაძლებლობას, რის მაგალითსაც სსკ-ის 180-ე მუხლით რეგლამენტირებული აუცილებელი გზის უფლება წარმოადგენს.
16. სსკ-ის 247-ე და 180-ე მუხლების შედარებითი ანალიზი ცხადყოფს, რომ – თუ სერვიტუტი უკავშირდება მიწის ნაკვეთის გარკვეული უფლებით შესაძლო დატვირთვას, აუცილებელი გზა ცალსახად გულისხმობს ნივთის ასეთი უფლებით დატვირთვის იმპერატიულ მოთხოვნას. მოცემულ შემთხვევაში, ობიექტურმა საჭიროებამ წარმოშვა აუცილებელი პირობა სხვისი ნივთით სარგებლობისა, რასაც კანონმდებლობა მკაფიო შედეგს – აუცილებელი გზის უფლებას უკავშირებს. სსკ-ის 180-ე მუხლით აუცილებელი გზის მხოლოდ აუცილებელ, უალტერნატივო შემთხვევებში დადგენა განპირობებულია საქართველოს კონსტიტუციითა და სამოქალაქო კოდექსით აღიარებული საკუთრების უფლების თავისუფლებით, ამასთან, ამ უფლების შეზღუდვა დაშვებულია მხოლოდ კანონისმიერი ან სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში (იხ.: სუსგ №ას-102-100-2011, 24.05.2011წ.; №ას-70-68-2014, 6.04.2015წ.; №ას-870-2018, 17.05.2019წ.; №ას-1620-2023, 30.04.2024წ.).
17. აუცილებელი გზის უფლების თაობაზე სარჩელი ფორმალურად გამართულია, თუკი მოსარჩელე მიუთითებს ნორმით განსაზღვრულ ყველა წინაპირობაზე: ის უნდა იყოს მიწის ნაკვეთის მესაკუთრე; მიწის ნაკვეთს არ უნდა გააჩნდეს ჯეროვანი კავშირი საჯარო გზასთან; მეზობელი ნაკვეთის აუცილებელ გზად გამოყენება განპირობებული უნდა იყოს ნივთის ფაქტობრივი მდებარეობითა და დანიშნულებისამებრ სარგებლობით; მეზობელი მიწის ნაკვეთი უნდა იყოს მიზნის მიღწევის ერთადერთი პროპორციული საშუალება. იმის მიხედვით, თუ ჩამოთვლილთაგან რომელ ფაქტებს შეედავება მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრე, განისაზღვრება მტკიცების საგანი (სადავო ფაქტები) და შედავებათა პროცესუალური ხასიათიდან გამომდინარე, მხარეთა შორის ნაწილდება მტკიცების ტვირთი (იხ.: სუსგ №ას-1869-2018, 25.10.2019წ.; №ას-1147-2021, 31.03.2023წ.).
18. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტავს, რომ სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით წესრიგდება სამეზობლო თმენის ვალდებულება, რაც საკუთრების კანონისმიერი ბოჭვის სამართლებრივი მექანიზმია. ამ ნორმით გათვალისწინებული ბოჭვის უფლების ამ ხარისხით გამოყენება განპირობებული უნდა იყოს ისეთი ობიექტური ფაქტორებით, რომლის არსებობის შემთხვევაში პრაქტიკულად შეუძლებელია მესაკუთრის მიერ თავის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება მეზობელი მიწის ნაკვეთით სარგებლობის გარეშე. მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება ნიშნავს საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან აუცილებელი კავშირის არსებობას. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ამ კავშირის არსებობა არ არის დამოკიდებული სუბიექტურ მიზანშეწონილობასა და არჩევანზე, არამედ ობიექტურად არსებულ ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც უთითებს აუცილებელ, უალტერნატივო კავშირზე საჯარო გზებთან და ა.შ (იხ.: სუსგ №ას-102-100-2011, 24.04., 2011წ.; №ას-70-68-2014, 6.04.2015წ.).
19. მოცემულ შემთხვევაში, კასატორის შედავების თანახმად, უსაფუძვლოდ იზღუდება მისი საკუთრების უფლება, ამასთან, დაუსაბუთებელია, რატომ არის ექსპერტის მიერ დადგენილი ოთხი ვარიანტიდან მხოლოდ მესამე მისაღები, მაშინ, როდესაც იგი ავტოსადგურს ყველაზე მეტად აზარალებს.
20. საკასაციო პალატა კასატორის საკასაციო პრეტენზიას არ იზიარებს და მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 25 ივლისის №5004384122 დასკვნით, დასტურდება, რომ მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას (ს/კ ......, ს/კ ........, ს/კ ........) არ გააჩნიათ ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი (მათ შორის საავტომობილო) საჯარო გზასთან. ზემოთ აღნიშნული უძრავი ქონების საჯარო სივრცესთან დაკავშირება, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შესაძლებელია მოპასუხის მიწის ნაკვეთის (ს/კ .......) ტერიტორიის გავლით. დასკვნის თანახმად, ექსპერტიზამ განიხილა საჯარო სივრციდან ს/კ .......; ს/კ ........; ს/კ .........; ს/კ .........; ს/კ ........; ს/კ ........... უძრავ ქონებასთან მისასვლელი საავტომობილო გზის ოთხი საორიენტაციო ვარიანტი: №1 ვარიანტის მიხედვით, გზა გაივლის ს/კ №........ მიწის ნაკვეთზე, მიემართება ჩრდილოეთით და უერთდება ქუჩას. გზის საორიენტაციო სიგრძე შეადგენს 221 მეტრს, საიდანაც 128 მეტრი გაივლის ს/კ №........ მიწის ნაკვეთზე, ხოლო დანარჩენი 93 მეტრი - დღეისათვის საჯარო რეესტრში დაურეგისტრირებელ ტერიტორიაზე (იხ. დანართი №1). №2 ვარიანტის მიხედვით, გზა გაივლის ს/კ №........ მიწის ნაკვეთზე, მიემართება სამხრეთ მხარეს და უერთდება ქუჩას (ავტოსადგურის შესასვლელი). გზის საორიენტაციო სიგრძე შეადგენს 58 მეტრს, რომელიც მთლიანად განთავსებულია ს/კ №....... მიწის ნაკვეთზე (იხ. დანართი N1). №3 ვარიანტის მიხედვით, გზა გაივლის ს/კ №......... მიწის ნაკვეთზე, მიემართება სამხრეთ-დასავლეთ მხარეს და უერთდება ქუჩას (ავტოსადგურის შესასვლელი). გზის საორიენტაციო სიგრძე შეადგენს 44 მეტრს, რომელიც მთლიანად განთავსებულია ს/კ №......... მიწის ნაკვეთზე (იხ. დანართი №1). №4 ვარიანტის მიხედვით, გზა გაივლის ს/კ №....... მიწის ნაკვეთზე, დღეისათვის საჯარო რეესტრში დაურეგისტრირებელი ტერიტორიის გავლით, მიემართება სამხრეთ მხარეს, გაივლის (სარეგისტრაციო წარმოებაში მყოფ) ს/კ №......... მიწის ნაკვეთზე და უერთდება ქუჩას. გზის საორიენტაციო სიგრძე შეადგენს 107 მეტრს, საიდანაც 36 მეტრი გაივლის ს/კ №......... მიწის ნაკვეთზე, 40 მეტრი გაივლის (სარეგისტრაციო წარმოებაში მყოფ) ს/კ №...... მიწის ნაკვეთზე, ხოლო დანარჩენი 31 მეტრი – დღეისათვის საჯარო რეესტრში დაურეგისტრირებელ ტერიტორიაზე (იხ. დანართი №1). საჯარო სივრცესთან ს/კ №........., ს/კ №........, ს/კ №......, უძრავი ქონების დასაკავშირებლად, საჭიროა მომზადდეს მისასვლელი გზის პროექტი, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იქნება განისაზღვროს, კონკრეტული მიწის ნაკვეთიდან მისასვლელი გზისთვის განკუთვნილი ფართის რაოდენობა. მისასვლელი გზის პროექტის მომზადება არ არის საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის კომპეტენცია.
21. საკასაციო პალატის მითითებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ, ექსპერტიზის დასკვნა შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელეებს, დააყენონ სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხის მისამართით. ის გარემოება, რომ არსებული მოთხოვნა (ექსპერტიზით დადგენილი გზის მოწყობის მე-3 ვარიანტი) ზიანის მომტანია მოპასუხისთვის და სხვა ვარიანტი უფრო ოპტიმალური იქნებოდა, მოპასუხეს უნდა ემტკიცებინა, თუმცა მას აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები სასამართლოსთვის არ წარუდგენია. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, ექსპერტიზის დასკვნაში არსებული ნახაზით ერთმნიშვნელოვნად დგინდება, რომ სხვა ვარიანტების შემთხვევაში (მაგ. პირველი და მეოთხე) მისასვლელი აუცილებელი გზის მოსაწყობად, სხვა მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა (ან მომავალ მესაკუთრეთა) უფლების შეზღუდვის აუცილებლობა წარმოიშობა, რომელთაგან ნაწილზე სარეგისტრაციო წარმოება მიმდინარეობს, ხოლო ნაწილი ჯერ კიდევ დაურეგისტრირებელია, რომ აღარაფერი ითქვას მისასვლელი გზის სავარაუდო სიგრძეზე. დასკვნის თანახმად, მხოლოდ მე-2 და მე-3 ვარიანტით განსაზღვრული გზა გაივლის ერთ (მოპასუხის) მიწის ნაკვეთზე, ამასთან, მე-3 ვარიანტით შეთავაზებული გზა, გაცილებით მოკლეა (44მ), ვიდრე მე-2 ვარიანტით შეთავაზებული (58მ). ამასთან, ორივე გზა ავტოსადგურის შესასვლელთან მიდის. აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომლის თანახმად, სხვადასხვა შესაძლებლობიდან მოსარჩელეებმა აუცილებელი გზის მოწყობის ოპტიმალური ვარიანტი აირჩიეს.
22. პალატის მითითებით, ნიშანდობლივია ის გარემოებაც რომ, მოსარჩელეები, რომლებიც სამეწარმეო საქმიანობას ეწევიან და დღევანდელი მონაცემებით არ აქვთ შესაძლებლობა, პროდუქცია მიიტანონ ავტომანქანით თავიანთ ობიექტებამდე, მოპასუხის კუთვნილი მიწის ნაკვეთით თავისუფლად სარგებლობდნენ ათწლეულების მანძილზე, რისი გათვალისწინებითაც, უპირატესობა უკვე არსებულ, მხარეთა და მათი მეზობლებისათვის ჩვეულ გზას უნდა მიენიჭოს. ამასთან, რაიმე მტკიცებულება, რაც კვირაში სამი დღე სამი საათის განმავლობაში მოსარჩელეთა აუცილებელი გზით სარგებლობის გამო, ავტოსადგურს მუშაობას შეაფერხებდა და ამ უკანასკნელის ზარალზე მიუთითებდა, საქმეში წარმოდგენილი არ არის.
23. რაც შეეხება სასამართლო ხარჯებისა და დამატებითი გადაწყვეტილების კანონიერებას, ამ კუთხით რაიმე არსებითი შედავება კასატორს არ წარმოუდგენია და მხოლოდ ზოგადი მითითებით შემოიფარგლა ხარჯების დაკისრების არამართებულობასთან დაკავშირებით, რაც პრეტენზიის გაზიარების საფუძველი ვერ გახდება.
24. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება.
25. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
26. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
27. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
28. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (იხ.: სუსგები: №ას-892-2021, 22.12.2023წ; №ას-558-2023, 30.11.2023წ; №ას-258-2019, 30.10.2023წ; №ას-1160-2022, 16.01.2024წ).
29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
30. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ჭ.ა–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. შპს „ჭ.ა–ს“ (ს/ნ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე შ.დ–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარის (საგადასახადო დავალება №1709567001 / გადახდის თარიღი 04.03.2024) 70% - 105 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე
გიზო უბილავა