საქმე №ას-232-2023 23 დეკემბერი, 2024 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვლადიმერ კაკაბაძე, გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
I კასატორი - სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შ.ღ–ი (მოსარჩელე)
II კასატორი - შ.ღ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 დეკემბრის განჩინება
I კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად უარყოფა
II კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი - სამუშაოდან განთავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შ.ღ–მა (შემდგომ - დასაქმებული, მოსარჩელე, მეორე კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს (შემდგომ - საზოგადოებრივი მაუწყებელი, დამსაქმებელი, მოპასუხე, პირველი კასატორი) მიმართ ბრძანებათა ბათილად ცნობის, პირვანდელ (ან ტოლფას) სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით.
სარჩელის საფუძვლები
2. მოსარჩელე 2014 წლიდან დასაქმებული იყო მოპასუხე დაწესებულების ახალი ამბების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ყოველთვიურად 2840 ლარის შრომის ანაზღაურებით. მას რაიმე სახის დისციპლინური პასუხისმგებლობა არ დაჰკისრებია. მიუხედავად ამისა, 2020 წლის 28 თებერვლის ბრძანებით, უკანონოდ გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. განთავისუფლების საფუძველი გახდა მოსარჩელესა და ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ფილიალთან დადებული ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მომზადდა და ეთერში გავიდა სატელევიზიო გადაცემა „ახალი სივრცე“. გადაცემა შეეხებოდა ბათუმის ინფრასტრუქტურული განაშენიანებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის თემას. მოსარჩელის მტკიცებით, არ დაურღვევია დამსაქმებლის შინაგანაწესი და მოქმედებდა მაუწყებელსა და ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტს (NDI) შორის უკვე არსებული შეთანხმების შესრულების ფარგლებში. სადავო ხელშეკრულების პროექტი მოამზადა ტელევიზიის მაშინდელი საკადრო ბაზის განვითარების სამსახურის უფროსმა. 2019 წლის 28 თებერვალს, ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული გადაცემის ეთერში გასვლის მიზნით, პროგრამირების განვითარების განყოფილებამ, სატელევიზიო მაუწყებლობის განვითარების სამსახურთან შეთანხმებით, პროგრამა შეცვალა. ხელშეკრულების თაობაზე ინფორმაციას ფლობდნენ მაუწყებლის მაშინდელი დირექტორი, საკადრო ბაზის განვითარებისა და იურიდიული მხარდაჭერის სამსახურები, ფინანსური საკითხი შეთანხმებული იყო აუდიტთან. ამასთან, დისციპლინირების საფუძვლად მითითებული გარემოების გასვლიდან 1 წლის შემდეგ დისციპლინური დევნის დაწყება უკანონო და დაუშვებელია.
3. ამის შემდგომ, მოსარჩელე საზოგადოებრივი მაუწყებლის 2020 წლის 2 მარტის ბრძანების საფუძველზე დაინიშნა ვებგვერდისა და სოციალური მედიის მიმართულებით კონსულტანტის არასაშტატო თანამდებობაზე უვადოდ. შრომის ანაზღაურება ყოველთვიურად განესაზღვრა 2500 ლარით (დარიცხული). 2020 წლის 22 აპრილს, მოპასუხემ თვითნებურად შეცვალა შრომითი ურთიერთობის არსებითი პირობა და ვადა განსაზღვრა 3 თვით. ამ ვადის გასვლის შემდეგ კი, მოსარჩელე გათავისუფლდა თანამდებობიდან. შესაბამისად, ბათილია მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის ვადის 2020 წლის 2 მარტიდან 2020 წლის 2 ივნისამდე განსაზღვრის შესახებ მოპასუხის 2020 წლის 22 აპრილის №02-05/21 ბრძანება, რადგან ეწინააღმდეგება იმ პერიოდში მოქმედი შრომის კოდექსის ნორმებს; ბათილია 2020 წლის 2 ივნისის №02-05/64 ბრძანებაც მოსარჩელესთან ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ, შესაბამისად, მოსარჩელე უნდა აღდგეს პირვანდელ (ან ტოლფას) სამუშაოზე და აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური.
მოპასუხის შესაგებელი
4. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტთან (NDI) აჭარის მაუწყებელს შეთანხმება არ გაუფორმებია. მოსარჩელე კი, არ იყო უფლებამოსილი, ტელევიზიის სახელით ხელი მოეწერა ხელშეკრულებაზე. დირექტორის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს დირექტორის მოადგილე. ასეთი ქმედებით მოსარჩელემ დაარღვია მაუწყებლის წესდება და გადააჭარბა საკუთარ უფლებამოსილებას. სარჩელს არ ახლავს არცერთი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მაუწყებლის ხელმძღვანელობამ იცოდა მოსარჩელესა და ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ.
5. დისციპლინური გადაცდომა გამოვლინდა 2020 წელს, როდესაც მრჩეველთა საბჭოს წევრთან შემთხვევით მოხვდა სადავო ხელშეკრულება სხვა შრომით ხელშეკრულებებთან ერთად. 2020 წლის 5 თებერვალს მრჩეველთა საბჭოს წევრმა მიმართა მაუწყებლის დირექტორს ხელშეკრულების გამოთხოვის მიზნით, ხოლო დისციპლინური სანქცია გამოყენებულ იქნა 2020 წლის 28 თებერვალს, ანუ შემთხვევის გამოვლენიდან 1 თვის ვადის მიხედვით. ამდენად, მოსარჩელის მიმართ სწორად იქნა გამოყენებული დისციპლინირების უკიდურესი ზომა - შრომის ხელშეკრულების შეწყვეტა, ვინაიდან მან ჩაიდინა უხეში გადაცდომა.
6. მაუწყებლის დირექტორის 2020 წლის 16 აპრილის №02-25/50 ბრძანებით, სადავო თანამდებობაზე დაინიშნა ვ.ხ–ი, ხოლო 2021 წლის 8 ივლისის №003-01/31 ბრძანებით, აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშნულია ნ.ქ–ძე. ამდენად, მოთხოვნა თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ვერ დაკმაყოფილდება შესაბამისი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამოც.
7. მოსარჩელე 2020 წლის 2 მარტიდან დაინიშნა ვებგვერდისა და სოციალური მედიის მიმართულებით კონსულტანტის არასაშტატო ადგილზე, თუმცა, 2020 წლის 22 აპრილს განისაზღვრა შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობა ვადა - 3 თვე. ამ ვადის გასვლის შემდეგ კი, მოსარჩელე გათავისუფლდა ხელშკრულების ვადის გასვლის გამო. ამდენად, არ არსებობს სადავო ბრძანებათა ბათილად ცნობის საფუძველი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
8. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის 2020 წლის 28 თებერვლის №02-05/20 ბრძანება; მოსარჩელეს უარი ეთქვა ახალი ამბების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ან ტოლფას ადგილზე აღდგენაზე; დაეკისრა საზოგადოებრივი მაუწყებელს კომპენსაცია, 20 000 ლარი, მოსარჩელის სასარგებლოდ. ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელესთან ვებგვერდისა და სოციალურის მედიის მიმართულებით კონსულტანტის თანამდებობაზე ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის დირექტორის 2020 წლის 2 ივნისის №02-05/64 ბრძანება; უარი ეთქვა მოსარჩელეს დამსაქმებლის დირექტორის შრომითი ურთიერთობის ვადის 2020 წლის 2 მარტიდან 2020 წლის 2 ივნისამდე განსაზღვრის შესახებ 2020 წლის 22 აპრილის №02-05/51 ბრძანების ბათილად ცნობაზე; დაეკისრა მოპასუხეს ვებგვერდისა და სოციალურის მედიის მიმართულებით კონსულტანტის თანამდებობაზე შრომითი ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის გამო განაცდური ხელფასი, 2020 წლის 2 ივნისიდან 22 ივლისის ჩათვლით (თვეში დარიცხული 2500 ლარი) მოსარჩელის სასარგებლოდ; უარი ეთქვა მოსარჩელეს ვებგვერდისა და სოციალურის მედიის მიმართულებით კონსულტანტის ადგილზე ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენაზე; ამ გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სასარგებლოდ განაცდური ხელფასის ვებგვერდისა და სოციალურის მედიის მიმართულებით კონსულტანტის თანამდებობაზე 2020 წლის 2 ივნისიდან 22 ივლისის ჩათვლით (თვეში დარიცხული 2500 ლარი) მიკუთვნების ნაწილში გადაეცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად; გადაწყვეტილების დანარჩენი ნაწილის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემაზე მოსარჩელეს ეთქვა უარი.
9. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ორივე მხარემ გაასაჩივრა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:
10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 დეკემბრის განჩინებით - სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება.
11. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანებაში გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი, რაც დამსაქმებლის მტკიცებით, გამოიხატა იმით, რომ მოსარჩელე დამოუკიდებლად და დამსაქმებლის გვერდის ავლით სახელშეკრულებო ურთიერთობა გააფორმა და მიიღო ფინანსური სარგებელი. მართალია, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით, მესამე პირებთან ხელშეკრულების გაფორმება ხელმძღვანელი ორგანოს, ამ შემთხვევაში, დირექტორის უფლებამოსილებაა, თუმცა, საქმეში დამსაქმებლის მიერ წარმოდგენილი არ არის არც სამსახურის შინაგანაწესი და არც რაიმე სხვა დოკუმენტი (როგორც წესი, სამუშაო აღწერილობა), სადაც კონკრეტულად გაწერილი იქნებოდა მოსარჩელის უფლება-მოვალეობები, რომლითაც გამოირიცხებოდა მისთვის ამგვარი უფლებამოსილების დელეგირება. გარდა ამისა, გადაცემა აჭარის მაუწყებლის სატელევიზიო ეთერში გავიდა ორჯერ, ხელშეკრულება ინახებოდა მაუწყებლის შესაბამის სტრუქტურაში, ატვირთული იყო სპეციალურ პროგრამაში და, შესაბამისად, მასზე ხელი მიუწვდებოდა ყველა დაინტერესებული სტრუქტურის ხელმძღვანელს, შემდგომში კი გადაცემა ჩაჰბარდა ტელევიზიის არქივს და, როგორც სატელევიზიო პროდუქტი, ინახებოდა 1 წელზე მეტი ვადის განმავლობაში. ამ ფაქტებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება, რომ სადავო ხელშეკრულების გაფორმება შეთანხმდა მაუწყებლის ხელმძღვანელობასთან და მათ მოიწონეს. ეს გარემოება დაადასტურეს პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომებზე მოწმის სახით დაკითხულმა როგორც მაუწყებლის საკადრო ბაზის განვითარების სამსახურის უფროსმა და იურიდიული მხარდაჭერის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, ისე – მაუწყებლის სატელევიზიო ეთერის მენეჯერმა. ზემოაღნიშნული მსჯელობის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დამსაქმებელმა ვერ დაადასტურა დასაქმებულის მიერ მოვალეობების „უხეში“ დარღვევა, შესაბამისად, გათავისუფლების შესახებ ბრძანება ბათილად მიიჩნია.
12. ვინაიდან სადავო თანამდებობაზე დასაქმებული იყო სხვა პირი, ხოლო დამტკიცებული საშტატო ნუსხით სადავო ადგილზე განსაზღვრული იყო მხოლოდ ერთი საშტატო ერთეული, ამასთან, ახალი ამბების სამსახურის უფროსის ტოლფასი თანამდებობა არ არსებობდა, სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის დარღვეული შრომითი უფლების აღდგენის ყველაზე ადეკვატურ ზომად კომპენსაციის მიკუთვნება მიაჩნია. ამასთან, ასაკის, ხელფასის ოდენობისა და მასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის პერიოდის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება და გონივრულად, პროპორციულად და სამართლიანად მოპასუხისათვის კომპენსაციის სახით 20 000 (ოცი ათასი) ლარის გადახდის დაკისრება მიიჩნია.
13. რაც შეეხება დამსაქმებლის 02.03.2020წ. და 22.04.2020წ. ბრძანებათა ბათილად ცნობას, პალატამ ყურადღება გაამახვილა გარემოებაზე, რომ მოსარჩელე ახალი ამბების სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლდა 28.02.2020 წელს, ხოლო 02.03.2020წ. დაინიშნა ვებგვერდისა და სოციალური მედიის მიმართულებით კონსულტანტის არასაშტატო ადგილზე. შესაბამისად, ამ პერიოდში მას სამუშაოწყვეტა ჰქონდა, რის გამოც არ არსებობდა სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის გამოყენებისა და მოსარჩელის ამ თანამდებობაზე უვადოდ დანიშნულად მიჩნევის წინაპირობა. ამასთან, რაკი 02.03.2020 წლის ბრძანებაში არ არის მითითებული შრომითი ურთიერთობის ვადა, აღნიშნული შემდგომში გაიწერა 22.04.2020 წლის ბრძანებით და შრომითი ურთიერთობის ვადა განისაზღვრა 2020 წლის 2 მარტიდან 2020 წლის 2 ივნისამდე, ანუ 3 თვით, სააპელაციო პალატამ მიაჩნია, რომ ბრძანებები შეიცავდა გარკვეულ ბუნდოვანებას, რაც ვერ განიმარტებოდა დასაქმებულის საზიანოდ. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ ვებგვერდისა და სოციალური მედიის მიმართულებით კონსულტანტის არასაშტატო თანამდებობაზე მოსარჩელე დაინიშნა სამი თვის ვადით - 2020 წლის 22 აპრილიდან 22 ივლისამდე. ამდენად, არსებობდა 2020 წლის 2 ივნისის ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი.
14. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია ამ თანამდებობაზე მის აღდგენასთან დაკავშირებით დასაქმების ვადის გასვლის გამო. პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს უნდა ანაზღაურებოდა ვებგვერდისა და სოციალურის მედიის მიმართულებით კონსულტანტის თანამდებობაზე შრომითი ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის გამო განაცდური ხელფასი 2020 წლის 2 ივნისიდან 22 ივლისის ჩათვლით (თვეში დარიცხული 2500 ლარი).
I კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
15. მოპასუხემ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად უარყოფა მოითხოვა.
16. კასატორის მტკიცებით, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება კანონიერია. მარტო იმის აღნიშვნა, რომ მომზადდა გადაცემა, არ უნდა შეფასდეს იმდაგვარად, რომ მაუწყებელმა არ განიცადა ზიანი. სასამართლომ არ მიიჩნია დადგენილ გარემოებად, რომ მოსარჩელემ უფლებამოსილებას გადააჭარბა. დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევაა, როდესაც მაუწყებლის ნაცვლად, როგორც არაუფლებამოსილმა პირმა, თვითნებურად ხელი მოაწერა 2019 წლის თებერვალში ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტთან ხელშეკრულებას და ჩაერიცხა ფული პირად ანგარიშზე, გადაცემა არ იყო გათვალისწინებული დღის ბადეში და რეჟისორმა ხელით ჩაასწორა პროგრამის ნაბეჭდი ვერსია. მოსარჩელის ქმედებამ გამოიწვია მაუწყებლის საბუღალტრო საქმისწარმოების დარღვევაც, დაფინანსება არ მიუღია აჭარის მაუწყებელს - სადავო ხელშეკრულების მაუწყებლის მიერ გაფორმების შემთხვევაში მაუწყებელს შეეძლო მატერიალური სარგებლის მიღება.
17. კომპენსაციის ნაწილში, პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 28 თებერვალი, ანუ სამსახურიდან გათავისუფლების თარიღი იყო პარასკევი და ორშაბათს, 2020 წლის 2 მარტს, მოსარჩელე დასაქმდა ახალ თანამდებობაზე და 2020 წლის 2 მარტიდან 2020 წლის 2 ივნისამდე მიღებული აქვს თვეში 2 500 ლარი, სულ – ხელფასი 7 500 ლარი, რაც უნდა გამოქვითულიყო დაკისრებული კომპენსაციიდან. სასამართლომ როგორ დაიანგარიშა კომპენსაციის ოდენობა, აბსოლუტურად გაურკვეველია.
18. სასამართლომ არასწორად არ მიიჩნია დადგენილ გარემოებად, რომ 2020 წლის 22 აპრილის ბრძანებით განისაზღვრა 2020 წლის 2 მარტს დადებული შრომითი ხელშეკრულების ვადა 3-თვით, ანუ მოსარჩელესთან 2022 წლის 2 მარტს დადებული 3-თვიანი ხელშეკრულების ვადა გადიოდა 2020 წლის 2 ივნისს, რის გამოც ის გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2020 წლის 2 ივნისის ბრძანებით. შესაბამისად, მოპასუხისათვის განაცდური ხელფასის დაკისრება არასწორია.
19. სასამართლომ არ მიიჩნია დადგენილ გარემოებად, რომ შეუძლებელი იყო მოსარჩელის აღდგენა ერთობლივად ორ თანამდებობაზე. სულ რომ არ გამოცემულიყო 2020 წლის 28 თებერვლის ბრძანება, რომლითაც მოსარჩელე გათავისუფლდა ახალი ამბების სამსახურის უფროსის თანამდებობიდან, 2020 წლის 2 მარტს მოსარჩელის ახალ თანამდებობაზე დანიშვნით ისედაც შეწყდებოდა მასთან შრომითსამართლებრივი ურთიერთობა, როგორც ახალი ამბების სამსახურის უფროსის თანამდებობიდან.
II კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
20. მოსარჩელემ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
21. მოსამართლემ გამორიცხა მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენის შესაძლებლობა, რადგან მაუწყებლობაში აღარ არსებობდა შესაბამისი ვაკანტური თანამდებობა, ვინაიდან ახალი ამბების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დანიშნული იყო სხვა პირი. აღსანიშნავია, რომ უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, ვაკანტური თანამდებობის არარსებობის მოტივით პირისათვის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ უარის თქმა დაუშვებელია მაშინ, როდესაც დამსაქმებელს არ წარმოუდგენია მტკიცებულება იმის შესახებ, რომ კონკრეტულ თანამდებობაზე დამსაქმებელს სჭირდება მხოლოდ ერთი და არა მეტი ან ნაკლები თანამშრომელი (საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №ას-421-2020). მოპასუხეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომ მაუწყებლის საკადრო პოლიტიკისა და ორგანიზაციული მოწყობის საფუძველზე, შეუძლებელი იქნებოდა სადავო თანამდებობაზე ერთდროულად ორი ან მეტი პირის დასაქმება. ამასთან, მოსამართლემ გამორიცხა მოსარჩელის ტოლფას თანამდებობაზე დანიშვნის შესაძლებლობაც, რის საფუძვლადაც მაუწყებელში ტოლფასი სამუშაოს არსებობის შესახებ მოსარჩელის მიერ მტკიცებულების წარუდგენლობა მიუთითა. კასატორი არ ეთანხმება გადაწყვეტილებას, იმ ნაწილში, სადაც მოსამართლე ტოლფასი სამუშაოს არსებობის შესახებ მტკიცებულების წარდგენის ტვირთს მოსარჩელეს აკისრებს, ვინაიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკით დადგენილია, რომ შრომითსამართლებრივ დავებში მტკიცების ტვირთის განაწილება გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. დამსაქმებელს აქვს მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები. ამდენად, ტოლფასი სამუშაოს არარსებობის შესახებ მტკიცებულების წარდგენის ტვირთი მოპასუხეს უნდა დაჰკისრებოდა.
22. არასწორია განაცდურის დაკისრებაზე უარის თქმის თაობაზე გასაჩივრებული განჩინება. განაცდური ის შემოსავალია, რომელიც უკანონოდ დათხოვნილმა პირმა გათავისუფლებიდან აღდგენამდე პერიოდში ვერ მიიღო და უნდა მიიღოს, ვინაიდან ხელშეკრულების შეწყვეტა ბათილად იქნა ცნობილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელშეკრულება, შეწყვეტის მომენტიდან, გაგრძელებულად მიიჩნევა. შესაბამისად, განაცდურის ანაზღაურება დამსაქმებლის მხრიდან მასზე დაკისრებული ვალდებულების შესრულებაა. სასამართლო მსჯელობა ეწინააღმდეგება მოქმედი შრომის კოდექსის 48-ე მუხლის მე-9 ნაწილის დანაწესსაც, მოპასუხეს კომპენსაციის გადახდის გარდა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაც ეკისრება. ამდენად, სამსახურში აღდგენის მოთხოვნის კომპენსაციით ჩანაცვლების შემთხვევაშიც კი, სასამართლოს უნდა ემსჯელა განაცდურის ანაზღაურებაზეც ან კომპენსაციის თანხის განსაზღვრის ფარგლებში, ან მისგან დამოუკიდებლად.
23. დაუსაბუთებელია მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის ნაწილშიც. სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებით არ საბუთდება, თუ რა გარემოებათა საფუძველზე გამოითვალა კომპენსაციის ოდენობა. მოსარჩელე 2014 წლიდან უვადოდ იქნა დანიშნული სადავო თანამდებობაზე, რაც მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ სასამართლო პრაქტიკა ერთმანეთისაგან მიჯნავს განსაზღვრული და განუსაზღვრელი ვადით დასაქმებული პირებისათვის კომპენსაციის მიკუთვნებას. თავის მხრივ, ახალი ამბების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მოსარჩელის ყოველთვიური შრომის ანაზღაურება 2840 ლარი იყო. სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის, მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტიდან გასულია 31 თვე. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოსამართლე სრულად არ გაითვალისწინებდა სასამართლო პრაქტიკას და არ დააკისრებდა მოპასუხეს ერთ წელზე მეტი ვადის გაანგარიშებით გასაცემ კომპენსაციას, სასამართლოს მიერ დადგენილი ოდენობა, მაინც აშკარად არაგონივრულია, რადგან, მოსამართლემ კომპენსაცია ერთ წელიწადზე ნაკლების გადაანგარიშებით გამოთვალა.
24. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მოსარჩელე სამსახურიდან გათავისუფლდა დისკრიმინაციის საფუძვლით შეხედულებებისა და პროფკავშირის წევრობის გამო. დირექტორი დასაქმებულთა შევიწროების, მათი სამუშაო პროცესიდან ჩამოშორების, დისციპლინური დევნის, ჩამოქვეითებისა და სხვა მსგავსი გზებით ცდილობდა სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას და დამოუკიდებელი ჟურნალისტების პროსახელისუფლებო კადრებით ჩანაცვლებას. მოსარჩელის სამსახურებრივი პოზიცია თავიდანვე გახლდათ დირექტორის სამიზნე. იმ პირობებში, როდესაც ღირსების შელახვის, დისკრედიტაციისა და პროფესიულ საქმიანობაში უხეში ჩარევის ფონზე უმიზეზოდ გათავისუფლდა სამსახურიდან, რასაც, ბუნებრივია, თან ახლდა მოსარჩელის მძიმე ემოციური ფონი, დიდი სტრესი და ჯანმრთელობისთვის გამოუსწორებელი ზიანი, სასამართლოს მხოლოდ ვარაუდებზე დაყრდნობით უარი კუთვნილი სამსახურის დაბრუნებაზე და, მეტიც, საკოპენსაციოდ მინიმალური თანხის განსაზღვრა, არასამართლიანია.
25. შრომის კოდექსის 2020 წლის 2 მარტს მოქმედი რედაქციის მე-6 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, პირის განცხადება და მის საფუძველზე დამსაქმებლის მიერ გამოცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება დამსაქმებლის ნება პირის სამუშაოზე მიღების თაობაზე, უთანაბრდება შრომითი ხელშეკრულების დადებას. რაც შეეხება ცალმხრივად არსებით პირობებზე შეთანხმების შესაძლებლობას, ეწინააღმდეგება შრომის კოდექსის მე-14 და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლებს.
26. ამასთან, შრომის კოდექსის მე-6 მუხლის პირველი სეკუნდა ნაწილის მიხედვით, დაუშვებელია შრომითი ხელშეკრულების 1 წლამდე ნაკლები ვადით დადება. მოპასუხეს, არც ხელშეკრულებით და არც შესაგებლით, არ წარმოუდგენია დასაბუთება/მტკიცებულება, რაც მოსამართლეს მისცემდა შესაძლებლობას ევარაუდა, რომ დამსაქმებლის მიერ 3 თვით ხელშეკრულების დადება ექცეოდა შრომის კოდექსით გათვალისწინებულ ფარგლებში. შესაბამისად, იკვეთება სსკ-ს 54-ე მუხლით გათვალისწინებული გარიგების ბათილობის საფუძველი. ამასთან, სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სსკ-ს 62-ე მუხლით, უშუალოდ ვადის განსაზღვრის ნაწილის ბათილობა დაედგინა. არ მიიჩნია რა უვადო შრომით ხელშეკრულებად მხარეთა შეთანხმება, მოსამართლემ უგულებელყო გადაწყვეტილების გამოტანის მომენტისათვის მოქმედი შრომის კოდექსის მე-12 მუხლის მე-5 ნაწილი.
27. გაუგებარია, რატომ იყენებს მოსამართლე იძულებით განაცდურისა და არა კომპენსაციის დაკისრების მექანიზმს, მაშინ, როდესაც, ერთი მხრივ, სადავო ურთიერთობის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განაცდურის მიღება დასაქმებულის სამუშაოზე აღდგენის კუმულაციურ წინაპირობად განიხილებოდა, ხოლო, მეორე მხრივ, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა თანამდებობაზე აღდგენასთან დაკავშირებით. შესაბამისად, სასამართლოს მიერ განაცდურის მხოლოდ 2020 წლის 2 ივნისიდან 22 ივლისამდე პერიოდისათვის დაკისრების გადაწყვეტილება უკანონოა, არ გამომდინარეობს მოქმედი კანონმდებლობიდან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
28. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მოსარჩელის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
29. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა კასატორთა არგუმენტების გაცნობის შემდეგ ასკვნის, რომ ამ კუთხით მოპასუხეს დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარუდგენია, ხოლო მოსარჩელემ ნაწილობრივ დასაბუთებული შედავება წარმოადგინა.
30. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბრძანების ბათილად ცნობისა და უფლებრივი რესტიტუციის შესახებ მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს შრომის კოდექსის (შემდგომ - სშკ, განჩინებაში მითითებულია და შეფასებულია სშკ-ის ნორმები დასაქმებულის გათავისუფლებისას მოქმედი რედაქციით), 38-ე მუხლის მე-8 პუნქტი (სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით) და 44-ე (შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით) მუხლი, ასევე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება) და 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) მუხლები.
31. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დასაქმებული უკანონოდ გათავისუფლდა ახალი ამბების სამსახურის უფროსის თანამდებობიდან, დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის ბრძანება ბათილად ცნო და მოსარჩელის უფლებრივი რესტიტუციის სახედ კომპენსაციის გადახდა დაადგინა.
32. მოპასუხე დასაქმებულის ძირითად დარღვევად მიუთითებს საკუთარი უფლებამოსილების გადამეტებაზე, კერძოდ, ხელმძღვანელობის გვერდის ავლით ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ფილიალთან სატელევიზიო გადაცემის მომზადების შესახებ ხელშეკრულების დადებაზე.
33. პალატა განმარტავს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სამსახურიდან დათხოვნის მართლზომიერების მიზნით, სასამართლო აფასებს სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობის ფაქტს, დარღვევის ხარისხს, დარღვევის სიხშირეს, დასაქმებულის ბრალეულობას, იმ სამართლებრივ შედეგს, რაც დარღვევას მოჰყვა. როდესაც სუბიექტს ბრალად ვალდებულების დარღვევა ერაცხება, აუცილებელია, დადგინდეს ვალდებულების დამრღვევი სუბიექტისათვის ვალდებულების წარმოშობის საფუძველი, წინააღმდეგ შემთხვევაში, პირს შეიძლება, ბრალად შეერაცხოს ვალდებულება, რომელიც მას არ წარმოშობია. მნიშვნელობა აქვს დასაქმებულის ბრალის ფორმასაც, რადგან ხშირად სწორედ ეს უკანასკნელი ახდენს სამართლებრივ შედეგზე გავლენას.
34. საკასაციო პალატა, უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე (იხ. პ.11), იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ დამსაქმებელმა სათანადოდ ვერ უზრუნველყო მისი მტკიცების ტვირთის რელიზება და იმ გარემოების დადასტურება, რომ მოსარჩელემ დამსაქმებლის გვერდის ავლით გააფორმა სადავო ხელშეკრულება და მოპასუხეს მიაყენა ზიანი. პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ 2019 წლის 28 თებერვალს ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ფილიალთან ხელშეკრულება დადო ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით. რადგან გადაცემა აჭარის მაუწყებლის სატელევიზიო ეთერში გავიდა ორჯერ, ხელშეკრულება ინახებოდა მაუწყებლის შესაბამის სტრუქტურაში, ატვირთული იყო სპეციალურ პროგრამაში და მასზე ხელი მიუწვდებოდა ყველა დაინტერესებული სტრუქტურის ხელმძღვანელს, შემდგომში კი გადაცემა ჩაჰბარდა ტელევიზიის არქივს და, როგორც სატელევიზიო პროდუქტი, ინახებოდა 1 წელზე მეტი ვადის განმავლობაში, არადამაჯერებელია მოპასუხის მითითება, რომ მან ხელშეკრულებისა და გადაცემის შესახებ 1 წლის განმავლობაში არაფერი იცოდა. ამასთან, ხელშეკრულების დადება, რომ მაუწყებლის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებული იყო, დაადასტურეს მოწმეებმაც. შესაბამისად, ვერ დადასტურდა მოსარჩელის მიერ საკუთარი მოვალეობების უხეში დარღვევა, რაც მისი სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი შეიძლება გამხდარიყო.
35. ამ კუთხით, მნიშვნელოვანია დასაქმებულის უფლების დაცვის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტი - შრომითი ურთიერთობის შენარჩუნების პრინციპი, რომლის შესაბამისადაც, შრომითსამართლებრივი ურთიერთობის შენარჩუნება უპირატესია მის შეწყვეტასთან შედარებით. აღნიშნული მოიაზრებს იმას, რომ ყველაზე მძიმე სანქცია - დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება დამსაქმებელმა მაშინ უნდა გამოიყენოს, როდესაც დარღვევა იმდენად მნიშვნელოვანი, არსებითი და მძიმეა, რომ შრომითი ურთიერთობის გაგრძელება შეუძლებელია. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ: დამსაქმებლის მხრიდან განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შრომის სამართალში მოქმედ Ultima Ratio-ს პრინციპის დაცვას, რაც იმას ნიშნავს, რომ დასაქმებულის გათავისუფლება გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დასაქმებულის მიმართ, მისი ჩადენილი გადაცდომის ხასიათიდან გამომდინარე, უფრო მსუბუქი სანქციის შეფარდებას აზრი აქვს დაკარგული. დასაქმებულის ყოველი დარღვევა უნდა შეფასდეს მისი სიხშირის, სიმძიმისა და, რაც მთავარია, შედეგობრივი თვალსაზრისით (იხ.: სუსგ №ას-1276-1216-2014, 18.03. 2015წ.; №ას-787-736-2017, 10.11.2017წ.; №ას-559-559-2018, 2011.2020წ.; №ას-318-2020, 30.06.2022წ.; №ას-1284-2023, 26.12.2023წ.; №ას-175-2022, 28.06.2024წ.).
36. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის საკმარისად დასაბუთებული, დამსაქმებელმა მოსარჩელის გათავისუფლების საფუძვლად არსებული გარემოების მტკიცება, შრომით დავებში არსებული სტანდარტით, ვერ უზრუნველყო. შრომითსამართლებრივ დავებთან დაკავშირებულ არაერთ საქმეში საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ ასეთი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც, მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს და დამსაქმებელს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას აკისრებს. აღნიშნული დასკვნა გამომდინარეობს იმ ძირითადი პრინციპიდან, რომ დამსაქმებელს დასაქმებულთან შედარებით გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ მისმა თანამშრომელმა შრომითი მოვალეობები დაარღვია, რაც კონკრეტულ ქმედებებში გამოიხატა, რადგან დასაქმებული ობიექტურად ვერ შეძლებს მტკიცებულებების წარდგენას მასზედ, რომ იგი ვალდებულებას ჯეროვნად ასრულებდა (იხ.: სუსგ №ას-1276-1216-2014, 18.03.2015წ.; №ას-922-884-2014, 16.04.2015წ.; №ას-517-2022, 13.10.2022წ.; №ას-291-2023, 08.02.2024წ.).
37. პალატა მიიჩნევს, პირველი კასატორის მხოლოდ ზეპირი მითითება, რომ მოსარჩელემ თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას გადაამეტა, რითაც ზიანი მიაყენა მოპასუხეს, არასაკმარისი მტკიცებულებაა დასაქმებული ბრალეულობის დადგენისათვის და ვერ აბათილებს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, რომლებიც საწინააღმდეგოს ადასტურებს. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დამსაქმებლის საკასაციო პრეტენზია დაუსაბუთებელია.
38. დასაქმებულის საკსაციო პრეტენზიის მიხედვით, სასამართლო ვალდებული იყო, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღედგინა დასაქმებული ან უზრუნველყო მოპასუხე კომპანიაში ტოლფას სამუშაოზე დასაქმებით.
39. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ 38-ე მუხლის მე-8 პუნქტში მითითებულია დამსაქმებლის ვალდებულება, რომელიც რამდენიმე შესაძლებლობას მოიცავს, კერძოდ, ნორმა დამსაქმებელს ავალდებულებს, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. მითითებული რეგულაციით დამსაქმებლისათვის დადგენილია უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, ხოლო, თუკი შეუძლებელია, მაშინ მომდევნო რიგითობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება (იხ.: სუსგ №ას-951-901-2015, 29.01.2016წ.; №ას-1135-2018, 31.05.2019წ.; №ას-874-2023, 27.09.2023წ.; №ას-1428-2023, 05.04.2024წ.).
40. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ თანამდებობა, რომელიც მოსარჩელეს ეკავა, ვაკანტური არ არის. ამასთან, უსაფუძვლოა მეორე კასატორის პრეტენზია, რომ ასეთ შემთხვევაში მოპასუხეს უნდა ემტკიცებინა, შესაბამისად, გამოკვლეულიყო, იმავე თანამდებობაზე ერთზე მეტი კადრი არ სჭირდებოდა. ამგვარ დასაბუთებას კასატორის მიერ მითითებული უზენაესი სასამართლოს განჩინება არ შეიცავს. პირიქით, სასამართლოს განმარტებით, ხელშეკრულების შეწყვეტის ბათილობის პირობებში, პირველ რიგში, გასათვალისწინებელია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის ობიექტური შესაძლებლობა, კერძოდ, იმავე სამუშაო ადგილის არსებობა, ხოლო მისი არარსებობის დროს - ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის წინაპირობები (იხ.: სუსგ №ას-421-2020, 31.05.2021წ.). რაც შეეხება ტოლფას თანამდებობას, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ აღარ არსებობს ის თანამდებობა, რომელზე აღდგენასაც ითხოვს მოსარჩელე, კონკრეტული საშტატო ერთეულის არარსებობის მტკიცება ეკისრება დამსაქმებელს, აღნიშნულის დამტკიცების შემთხვევაში კი, მოსარჩელე მხარეზე გადადის იმის მტკიცების ტვირთი, რომელია ტოლფასი (ფუნქციის, სამუშაოს აღწერილობისა და ხელფასის მიხედვით) თანამდებობა, რომელზეც მისი დასაქმება არის შესაძლებელი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკით, სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სწორედ მოსარჩელემ უნდა მიუთითოს, კონკრეტულად რომელია მანამდე არსებული თანამდებობის შესაბამისი თანამდებობა. აღნიშნული შესაძლებელია, გაირკვეს მოპასუხე საზოგადოების საშტატო ნუსხისა და შესაბამისი თანამდებობების ფუნქციური დატვირთვის გამოკვლევის შედეგად (იხ.: სუსგ №ას-890-857-2016, 09.10.2017წ.; №ას-475-456-2016, 24.06.2016წ.; №ას-1208-2018, 18.02.2021წ.; №ას-1101-2022, 17.11.2022წ.; №ას-523-2023, 6.07.2023წ.; №ას-772-2023, 10.10.2023წ.; №ას-729-2022, 09.02.2024წ.).
41. პალატა განმარტავს, რომ სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიზნებისთვის ტოლფასი სამუშაო ნიშნავს, როგორც ფუნქციური დატვირთვით, ისე - შრომის ანაზღაურების მხრივ მსგავს თანამდებობას (იხ.: სუსგ №ას-1110-2023, 11.10.2023წ.). სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხე კომპანიაში ახალი ამბების სამსახურის უფროსის ტოლფასი თანამდებობა არ არსებობდა. ამ დადგენილი ფაქტობრივი გარემოების წინააღმდეგ მეორე კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია. კასატორს არც კი მიუთითებია წარმოდგენილი საშტატო ნუსხიდან რომელი თანამდებობის ფუნქცია და დასაქმებულის უფლება-მოვალეობები იყო მოსარჩელის პირვანდელი სამუშაოს მსგავსი. მხოლოდ ზოგადი მითითება, რომ მოპასუხეს უნდა ემტკიცებინა ტოლფასი თანამდებობის არარსებობა, არასათანადო შედავებაა.
42. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატის განსჯით, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ არ არსებობს მოსარჩელის სამსახურში აღდგენის წინაპირობა. გასაჩივრებული გადაწყვეტილება სამუშაოზე აღდგენაზე უარის თქმის ნაწილში კანონიერია და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს (სსსკ-ის 410-ე მუხლი).
43. რაც შეეხება მოსარჩელის ალტერნატიულ მოთხოვნას ვებგვერდისა და სოციალური მედიის მიმართულებით კონსულტანტის თანამდებობაზე აღდგენასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოთა შეფასებას ვებგვერდისა და სოციალური მედიის მიმართულებით კონსულტანტის არასაშტატო ადგილზე მოსარჩელის სამი თვის ვადით დანიშვნასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ მოსარჩელის პრეტენზია ამ თანამდებობაზე აღდგენასთან დაკავშირებით, ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის გამო, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. ამასთან, მას უნდა აუნაზღაურდეს კონსულტანტის თანამდებობაზე შრომითი ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის გამო განაცდური ხელფასი 2020 წლის 2 ივნისიდან 22 ივლისის ჩათვლით (თვეში დარიცხული 2500 ლარი).
44. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სამუშაოზე აღდგენის სანაცვლოდ მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებულ კომპენსაციასთან ერთად მოპასუხისათვის იძულებით განაცდურის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა (სშკ, არსებული რედაქცის 48.9 მუხლი), რადგან 2020 წლის 29 სექტემბერს შრომის კოდექსში განხორციელებული ცვლილებები წინამდებარე შემთხვევაზე ვერ გავრცელდება (იხ.: სუსგ №ას-1074-2021, 24.05.2022წ.; №ას-132-2021 , 31.10.2022წ.; №ას-1-2024, 18.10.2024წ.).
45. რაც შეეხება კომპენსაციის განსაზღვრის საკითხს, პალატა განმარტავს, რომ სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 პუნქტით არ ადგენს კომპენსაციის გამოანგარიშების წესსა და კრიტერიუმებს. კომპენსაციის, როგორც დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის საშუალების, დადგენა და მისი ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს დისკრეციაა, როდესაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რომ შრომითსამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად ფარავს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც იგი საშუალოდ შესატყვისი სამსახურის მოძებნამდე განიცდის, ასევე - იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონოდ დათხოვნით მიადგა. ამავდროულად, გასათვალისწინებელია უკანონოდ დათხოვნილი სუბიექტის ასაკი, კომპეტენცია, სამსახურის შოვნის პერსპექტივა, ოჯახური მდგომარეობა, სოციალური მდგომარეობა, ასევე, დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა, კომპანიის ლიკვიდურობა, გადახდისუნარიანობა და ა.შ. (იხ.: სუსგ №ას-632-2019, 21.06.2019წ.; №ას-1540-2019, 30.09.2020წ.).
46. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კომპენსაცია შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოფდეს სამართლიანი ბალანსის აღდგენას გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაში. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ მხარეებს ხანგრძლივი შრომითი ურთიერთობა აკავშირებდათ; შრომითი ხელშეკრულება დადებული იყო განუსაზღვრელი ვადით და ამ კონტექსტით, მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლებით მიღებული მორალური წნეხის სიმძიმეს; მოსარჩელის გათავისუფლებიდან დავის საბოლოო გადაწყვეტამდე განვლილ პერიოდს; საქართველოში შრომის ბაზარზე არსებულ მწვავე გამოწვევებს - და, რადგანაც შეუძლებელია დასაქმებულთა აღდგენა, მიიჩნევს, რომ კომპენსაციის სამართლიანი და გონივრული ოდენობა გაზრდილი ოდენობით უნდა განისაზღვროს. ამასთან, კომპენსაციის თანხის დაანგარიშებისას უნდა გათვალისწინდეს მოსარჩელის მიერ ვებგვერდისა და სოციალური მედიის მიმართულებით კონსულტანტის თანამდებობაზე მიღებული ხელფასი და სასამართლოს მიერ დაკისრებული განაცდურიც. საბოლოოდ, პალატა მიიჩნევს, კომპენსაცია უნდა განისაზღვროს 38 620 ლარით. შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს კომპენსაციის - 38 620 ლარის (დაბეგრილი) გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ (იხ. სუსგ №ას-1339-1259-2017, 30.07.2018წ.; №ას-1540-2019, 30.09.2019წ.).
47. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე, კერძოდ, პალატას მიაჩნია, რომ მეორე კასატორის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, კომპენსაციის დაკისრების ნაწილში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 დეკემბრის განჩინების შეცვლით კომპენსაციის დაკისრების ნაწილში მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს კომპენსაციის - 38 620 ლარის (დაბეგრილი) ლარის გადახდა. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
48. რადგან არ დაკმაყოფილდა სამუშაოზე აღდგენის/ტოლფას სამუშაოზე დანიშვნის თაობაზე დასაქმებულის მოთხოვნა, ამ ნაწილში მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი (300 ლარი) უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში. სსსკ-ის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, საკასაციო სასამართლოში არსებული დავის საგნის ღირებულებიდან მოსარჩელის მიერ მოგებული ნაწილის 5%-ის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის - 931 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 411-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. შ.ღ–ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
3. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 დეკემბრის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც ძალაში დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება მოპასუხისათვის კომპენსაციის - 20 000 ლარის დაკისრების შესახებ და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
4. სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს, შ.ღ–ის სასარგებლოდ, დაეკისროს 38 620 ლარის (დაბეგრილი) გადახდა;
5. დანარჩენ ნაწილში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
6. სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 931 ლარის გადახდა;
7. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე
გიზო უბილავა