Facebook Twitter

¹ბს-1049-1002(კ-07) 26 მარტი, 2008 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მარიამ ცისკაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ. ჭ.-ს, ლ. ც.-ის, ზ. ც.-ს, გ. ჭ.-ისა და რ. ჭ.-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

18.12.01წ. მ. ჭ.-მ, ლ. ც.-მ, ზ. ც.-მ, გ. ჭ.-მ, რ. ჭ.-მ და დ. გ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართეს ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს. მოსარჩელეებმა მოითხოვეს ყოფილი საბჭოთა კავშირის სახელმწიფო შემნახველი ბანკის ,,საქართველოს” ანგარიშებზე ანაბრების სახით მათ სახელზე რიცხული თანხების გადახდის დაკისრება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის, ვინაიდან ანაბრებზე რიცხული თანხები, ,,სახელმწიფო ვალის შესახებ” 05.03.98წ. კანონის 48-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ იქნა სახელმწიფოს შიდა ვალად და ამავე კანონის თანახმად, სავალო ვალდებულების დაფარვა დაეკისრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს. მოსარჩელეებმა მოითხოვეს აღნიშნული თანხის ანაზღაურება ბანკში შეტანის დროს არსებული კურსის მიხედვით.

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 04.07.02წ. განჩინებით საქმის წარმოება მ. ჭ.-ს, ლ. ც.-ის, ზ. ც.-ს, გ. ჭ.-ს, რ. ჭ.-ასა და დ. გ.-ს სარჩელის გამო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ ანაბრებზე რიცხული თანხის ანაზღარების თაობაზე, შეჩერებულ იქნა მეანაბრეთა ანაბრების დაბრუნების საკითხის ადმინისტრაციული წესით გადაწყვეტამდე.

სასამართლოს აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 17.07.02წ. განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გადაეგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოს.

თბილისის საოლქო სასამართლოს 25.12.02წ. განჩინებით დაკმაყოფილდა კერძო საჩივარი, გაუქმდა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 04.07.02წ. და 17.07.02წ. განჩინებები და საქმე არსებითი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 24.09.03წ. განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩართულ იქნა სს ,,გაერთიანებული ქართული ბანკი”.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.04.06წ. გადაწყვეტილებით მ. ჭ.-ს, გ. ჭ.-ს, რ. ჭ.-ს, ლ. ც.-ის, ზ. ც.-ასა და დ. გ.-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 20.04.06წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. ჭ.-მ, გ. ჭ.-მ, რ. ჭ.-მ ლ. ც.-მ, ზ. ც.-მ და დ. გ.-მ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო განაცხადის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 03.07.07წ. საოქმო განჩინებით სს ,,გაერთიანებული ქართული ბანკი” შეიცვალა მისი უფლებამონაცვლით - სს ,,ვითიბი ბანკ ჯორჯიათი”, ხოლო დ. გ.-ა მისი უფლებამონაცვლით – ზ. ც.-თი. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნენ ,,სახალხო ბანკი” და ბანკ ,,ელდორადოს” სალიკვიდაციო კომისია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 25.09.07წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 20.04.06წ. გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ,,საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მიმოქცევაში საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის კუპონების გაშვების შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 24.03.93წ. ¹246 დადგენილების მე-2 პუნქტის თანახმად, კუპონსა და მანეთს შორის თანაფარდობა განისაზღვრა 1-1. დადგენილება ძალაში შევიდა იმავე წლის 5 აპრილიდან და ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს პრეზიდენტის 09.09.96წ. ¹729 ბრძანებულებით.

,,მიმოქცევაში ეროვნული ვალუტის ,,ლარის” გაშვების შესახებ” საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 16.09.95წ. ¹363 ბრძანებულების პირველი პუნქტის თანახმად, 02.10.95წ. საქართველოს ტერიტორიაზე ერთადერთ კანონიერ საგადამხდელო საშუალებად გამოცხადდა და მიმოქცევაში გაშვებულ იქნა ეროვნული ვალუტა ,,ლარი”, ამავე ბრძანებულების მე-4 პუნქტის თანახმად, კუპონის ლარზე გადაცვლის კურსი განისაზღვრა შეფარდებით 1000000 (ერთი მილიონი) კუპონი 1 (ერთ) ლართან; ლარის მიღებამდე საბანკო ანგარიშზე რიცხული ნაშთების ინდექსაცია არ მომხდარა.

,,მოსახლეობის ანაბრებზე რიცხული ფულადი სახსრების ინდექსაციის მექანიზმისა და მისი განხორციელების ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 08.12.97.წ. ¹716 ბრძანებულების პრეამბულის თანახმად ,,საქართველოს 1997 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით ერთ-ერთ პრიორიტეტულ ამოცანად განისაზღვრა მოსახლეობის სოციალური დაცვის გაუმჯობესება, რომელსაც გარკვეულწილად უკავშირდება მოსახლეობის ანაბრების ინდექსაციის საკითხი. აღნიშნული ბრძანებულების პირველი პუნქტით მოსახლეობის ანაბრებზე რიცხული თანხების ინდექსაცია უნდა განხორციელებულიყო კუპონის ერთადერთ საგადმხედლო საშუალებად გამოცხადების თარიღის, 1993 წლის 3 აგვისტოს მდგომარეობით, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, ანაბრებზე რიცხული თანხების ინდექსაცია უნდა განხორციელებულიყო დიფერენციულად, მათი წარმოშობის წლებისა და მოცულობების მიხედვით, ¹1 დანართის შესაბამისად.

სასამართლომ განმარტა, რომ ,,სახელმწიფო ვალის შესახებ” 05.03.98წ. კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო საშინაო ვალად აღიარებულ იქნა მოსახლეობის მიერ ყოფილ სახელმწიფო-კომერციულ ბანკებში შეტანილი ანაბრების ინდექსაციით წარმოქმნილი დავალიანება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” და ,,ე” ქვეპუნქტებში მოცემული სახელმწიფო სავალო ვალდებულებების დაფარვა უნდა მომხდარიყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ, საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 8 დეკემბრის ¹716 და ¹717 ბრძანებულებების შესაბამისად.

,,საქართველოს მოსახლეობისათვის ყოფილ სახელმწიფო-კომერციულ ბანკებში ანაბრებზე რიცხული ფულადი სახსრების დაბრუნების მდგომარეობის გაუმჯობესების ზოგიერთი ღონისძიების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 02.07.01წ. ¹252 დადგენილებით ძალადაკარგულად ჩაითვალა 08.12.97წ. ¹716 ბრძანებულება და შეიქმნა ანაბრებზე რიცხული ფულადი სახსრების დაბრუნების მდგომარეობის გაუმჯობესების თაობაზე წინადადებების შემმუშავებელი სამთავრობო კომისია, რომელსაც დაევალა საქართველოს მოსახლეობისათვის ყოფილ სახელმწიფო კომერციულ ბანკებში ანაბრებზე რიცხული ფულადი სახსრების შემდგომი დაბრუნების პროცესის კომპლექსური მოწესრიგების შესახებ საკანონმდებლო წინადადებათა პაკეტის წარდგენა.

15.11.04წ. საქართველოს მთავრობამ მიიღო ,,საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ” ¹108 დადგენილება, რომლის თანახმად, ,,სახელმწიფო ვალის შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემების განხილვის, გადაჭრისა და რეკომენდაციების შემუშავების მიზნით, შეიქმნა საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისია. აღნიშნულ დადგენილებაში შეტანილი ცვლილების საფუძველზე კომისიის უფლებამოსილების ვადა გაგრძელდა. კომისიის დებულების თანახმად, აღნიშნული კომისია შეიმუშავებს ,,სახელმწიფო ვალის შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული სახელმწიფო საშინაო ვალის ანაზღაურების მექანიზმთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს და გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგენს საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პარლამენტს.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ,,სახელმწიფო ვალის შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსახლეობის მიერ ყოფილ სახელმწიფო-კომერციულ ბანკებში შეტანილი ანაბრების ინდექსაციით წარმოქმნილი დავალიანება აღიარებულია სახელმწიფოს სავალო ვალდებულებად.

,,საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მიმოქცევაში საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის კუპონების გაშვების შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 24.03.93წ. ¹246 დადგენილების საფუძველზე საქართველოს რესპუბლიკის ეროვნულმა ბანკმა დამოუკიდებელი კანონიერი საგადამხდელო საშუალების სახით მიმოქცევაში გამოუშვა კუპონები სხვადასხვა ნომინალებით, ხოლო თანაფარდობა კუპონსა და მანეთს შორის განსაზღვრა 1-1. ,,მიმოქცევაში ეროვნული ვალუტის ,,ლარის” გაშვების შესახებ” საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 16.09.95წ. ¹363 ბრძანებულებით კი 02.10.95წ-დან რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე ერთადერთ კანონიერ საგადამხდელო საშუალებად გამოცხადდა და მიმოქცევაში გაშვებულ იქნა ახალი ეროვნული ვალუტა ,,ლარი” და კუპონის ლარზე გადაცვლის კურსი განისაზღვრა შეფარდებით: ერთი მილიონი კუპონი ერთ ლართან. აქედან გამომდინარე, მოსარჩელეებს საბანკო დაწესებულებაში გახსნილ ანგარიშებზე ანაბრების თანხა ერიცხებათ აღნიშნული გაანგარიშებით. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ,,სახელმწიფო ვალის შესახებ” საქართველოს კანონის 48.1. მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფოს მიერ საშინაო ვალად აღიარებულ იქნა რა მოსახლეობის მიერ ყოფილ სახელმწიფო-კომერციულ ბანკებში შეტანილი ანაბრების ინდექსაციით წარმოქმნილი დავალიანება, მისი განსაზღვრის მექანიზმები არ არის დადგენილი. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იმის გაანგარიშება, თუ რამდენ აშშ დოლარს შეესაბამებოდა ერთი საბჭოთა მანეთი, არ შეიძლება სასამართლოსათვის გახდეს მოსარჩელეთა მიერ ანაბრებზე შეტანილი თანხების ინდექსირების საფუძველი. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს მოსარჩელეთათვის ანაბრების ინდექსაციით წარმოქმნილი დავალიანებების მოსარჩელეთა მიერ მოთხოვნილი გაანგარიშებით ანაზღაურების საფუძველი, რის გამოც სარჩელი არ შეიძლება დაკმაყოფილდეს, ვინაიდან არ არსებობს ამ მოთხოვნათა დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.09.07წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ. ჭ.-მ, გ. ჭ.-მ, რ. ჭ.-მ, ლ. ც.-მა და ზ. ც.-მ.

კასატორების განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტის 02.07.01წ. ¹258 ბრძანებულების თანახმად, ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს პრეზიდენტის 08.12.97წ. ¹716 ბრძანებულება და არ არსებობს სამართლებრივი რეგულირების კონკრეტული ნორმა ინდექსაციის ოდენობის განსაზღვრაზე. შესაბამისი ვალდებულების შესრულების მოთხოვნა კასატორების მიერ დაყენებულ იქნა ახალი სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების შემდგომ, მაგრამ მხარეთა შორის ურთიერთობა დაწყებულია საბჭოთა სამოქალაქო კოდექსის მოქმედების პერიოდში. მათი განმარტებით, კონკრეტულ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნეს როგორც საბჭოთა კოდექსით, ასევე ახალი სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნორმები, ,,სახელმწიფო ვალების შესახებ” კანონის 48-ე და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 383-ე და 389-ე მუხლების თანახმად. მით უმეტეს რომ არ არსებობს სამართალებრივი რეგულირების კონკრეტული ნორმა და ამ შემთხვევაში გამოყენებული უნდა იქნეს სამართლის ანალოგია, თუმცა, ამ კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის დასარეგულირებლად საქართველოს კანონმდებლობაში არსებობს როგორც კონკრეტული, ასევე ზოგადი ნორმები. საქმეზე არსებითი განხილვისას გამოყენებულ უნდა იქნეს და ურთიერთობა უნდა მოწესრიგდეს 1964 წლის საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სამოქალაქო კოდექსში არსებული ნორმებით, კერძოდ, 159-ე, 154-ე, 156-ე, 159-ე, 165-ე, 166-ე, 167-ე, 169-ე, 174-ე, 212-ე, 213-ე, 227-ე, 389-ე და 390-ე მუხლებით, რომელიც სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას არ იქნა გამოყენებული. შესაბამისად, არასწორია გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული მსჯელობა სოლიდარულ ვალდებულებასთან დაკავშირებით, რადგან სწორედ სახელმწიფო შემნახველი ბანკის სამართალმემკვიდრის - სს "ვითიბი ბანკი ჯორჯიას" მიერ აღებული ვალდებულებებისა და შემდგომში სახელმწიფოს მიერ კანონით სახელმწიფოს შიდა ვალად აღიარების საფუძველზე უნდა დაკისრებოდათ მხარეებს სოლიდარულად დავალიანების შესრულება. ამასთან, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ არ არსებობს ინდექსაციის მექანიზმი, რაც უფრო ნათელს ხდის მხარეების სოლიდარული პასუხისმგებლობის საკითხს.

კასატორების განმარტებით, ვინაიდან სასამართლოში სარჩელი აღძრულ იქნა სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე, ხოლო თანხები შეტანილ იქნა 1993 წლამდე, შესაბამისად, ვალდებულების შესრულების მოთხოვნის საფუძვლად გამოყენებული უნდა იქნეს, როგორც საბჭოთა, ასევე ახალი სამოქალაქო კოდექსის ნორმები.

შესაბამისად, კასატორების განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულ იქნა მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, კასატორებმა მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.09.07წ. განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება, აგრეთვე, სახაზინო ადვოკატისა და საფინანსო ექსპერტიზის დანიშვნა.

საკასაციო პალატის 07.12.07წ. განჩინებით მ. ჭ.-ს, გ. ჭ.-ს, რ. ჭ.-ს, ლ. ც.-ისა და ზ. ც.-ს საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და მ. ჭ.-ს, გ. ჭ.-ს, რ. ჭ.-ს, ლ. ც.-ისა და ზ. ც.-ს საკასაციო საჩივრის გაცნობისა და განსახილველ სამართლებრივ საკითხთან მიმართებაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის საჭიროება, მოცემული კატეგორიის საქმეებზე ჩამოყალიბებულია ერთიანი სასამართლო პრაქტიკა(იხ. მაგ. 24.01.08წ., ¹ბს-735-701(კ-07)). საქართველოს მთავრობის 15.11.04წ. ¹108 დადგენილებით შექმნილი საქართველოს სახელმწიფო კომისიის უფლებამოსილების ვადა განსაზღვრულია 2009 წლის 1 იანვრამდე, რა დრომდეც მან უნდა შეიმუშავოს სახელმწიფო საშინაო ვალის ანაზღაურების მექანიზმთან დაკავშირებული რეკომენდაციები და წარუდგინოს ისინი საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პარლამენტს. ამდენად ამ ეტაპზე არ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი. საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. ჭ.-ს, გ. ჭ.-ს, რ. ჭ.-ს, ლ. ც.-ისა და ზ. ც.-ს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.