საქმე №ას-1447-2024
27 დეკემბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე - რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ბ.ე–ძე (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარეები – მ.შ–ი, ლ.შ–ი (მოპასუხეები, შეგებებული სარჩელის მოსარჩელეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 20 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ხელშეკრულების საფუძველზე მესაკუთრედ ცნობა, ხელშეკრულების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ბ.ე–ძის სარჩელი მოპასუხე მ.შ–ისა და ლ.შ–ის მიმართ, ხელშეკრულების საფუძველზე მესაკუთრედ ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა; ასევე არ დაკმაყოფილდა მ.შ–ისა და ლ.შ–ის შეგებებული სარჩელი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 20 ივნისის განჩინებით ბ.ე–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და და საკასაციო საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ნოემბრის განჩინებით კასატორის მოთხოვნა სახლემწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; ბ.ე–ძეს დაევალა საკასაციო საჩივრის ხარვეზის შევსება, კერძოდ: აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: ა) საკასაციო საჩივარი დაზუსტებული საკასაციო მოთხოვნისა (კასაციის განაცხადის) და გასაჩივრების საფუძვლების (კასაციის მიზეზების) მითითებით; ბ) სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ შუამდგომლობაზე მსჯელობის მიზნით გადახდისუუნარობის თაობაზე მტკიცებულებები ან გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 6 000 ლარის ქვითრის დედანი. აღნიშნული განჩინება კასატორის წარმომადგენელს ჩაბარდა 2024 წლის 10 დეკემბერს. კასატორს განჩინების სარეზოლუციო ნაწილით განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში, მისი საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩებოდა.
2024 წლის 18 დეკემბერს (ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის დარღვევით) საქართველოს უზენაეს სასამართლოში კასატორის ადვოკატმა წარმოადგინა განცხადება ხარვეზის შევსების ვადის მინიმუმ 20 დღით გაგრძელების მოთხოვნით, იმ მოტივით, რომ კასატორი იმყოფება უმძიმეს ეკონომიკურ მდგომარეობაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ბ.ე–ძის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე–6 მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. სამართლიანი სასამართლოს უფლება განამტკიცებს კანონის უზენაესობის პრინციპს, რომელსაც ემყარება დემოკრატიული საზოგადოება და სასამართლოების უზენაესი როლი, განახორციელონ მართლმსაჯულება და უზრუნველყონ ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უფლება – უფლება სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე, თუმცა სასამართლოსადმი მიმართვის და მასზე ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური უფლება და შესაძლებელია შეიზღუდოს. ამდენად, სასამართლო ხელმისაწვდომობაზე გონივრული შეზღუდვის დაწესება სახელმწიფოს ლეგიტიმურ უფლებას წარმოადგენს და არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და ნორმებს.
განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ნოემბრის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე. საქმეში წარმოდგენილი უკუგზავნილით დასტურდება, რომ ხარვეზის შესახებ განჩინება 2024 წლის 10 დეკემბერს ჩაბარდა კასატორის წარმომადგენელს თ.გ–ძეს პ/ნ .......... (იხ.: უკუგზავნილი - ტ. I, ს.ფ. 324; მინდობილობები ტ.I, ს.ფ 20; 257).
სსსკ–ის მე-60 მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს, ან დროის მონაკვეთით. უკანასკნელ შემთხვევაში მოქმედება შეიძლება შესრულდეს დროის მთელი მონაკვეთის განმავლობაში. წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61–ე მუხლის თანახმად, წლებით გამოსათვლელი ვადა დამთავრდება ვადის უკანასკნელი წლის შესაბამის თვესა და რიცხვში. თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. თუ თვეებით გამოსათვლელი ვადის უკანასკნელ თვეს სათანადო რიცხვი არა აქვს, მაშინ ვადა დამთავრებულად ჩაითვლება ამ თვის უკანასკნელ დღეს. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
ზემოაღნიშნული მუხლების მიხედვით, კასატორისათვის ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული 5 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2024 წლის 11 დეკემბრიდან და ამოიწურა ამავე წლის 15 დეკემბერს, მაგრამ, ვინაიდან 15 დეკემბერი იყო კვირა - არასამუშაო დღე, ამიტომ ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული 5 დღიანი ვადა ამოწურულად ჩაითვლება მომდევნო პირველ სამუშაო დღეს - 16 დეკემბერს, ორაშაბათს. ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი შეევსო ან რაიმე შუამდგომლობით მოემართა სასამართლოსათვის 2024 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით, რომელიც იყო სამუშაო დღე - ორშაბათი. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის. კასატორის ადვოკატმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ განცხადება წარმოადგინა 2024 წლის 18 დეკემბერს, ხარვეზის შევსების ვადის გასვლის შემდეგ.
სსსკ–ის 59–ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63–ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
მოცემულ შემთხვევაში, გამომდინარე იქიდან, რომ კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, ხოლო ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შუამდგომლობით პალატას მომართა სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის - 2024 წლის 16 დეკემბრის შემდეგ, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე და 63-ე მუხლებისა, საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399–ე, 372–ე, 284–ე, 285–ე მუხლებით, 396–ე მუხლის მესამე ნაწილით, 401–ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბ.ე–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე რევაზ ნადარაია