Facebook Twitter

№ას-729-2024

08 ნოემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ლ.მ. (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - მ.ფ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 28 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. მ.ფ–ძემ (შემდეგში მოსარჩელე) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში ლ.მ–ის (შემდეგში - მოპასუხე, კასატორი) მიმართ, მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან, უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ......., ს/კ ..... გამოთხოვისა და აღნიშნული უძრავი ქონების გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მესაკუთრისათვის გადაცემის მოთხოვნით. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა (იხ. სარჩელი: ს.ფ. 1-14).

1.1. სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ.ფ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე ლ.მ–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. თბილისი, ........, ს/კ №....... და დადგინდა მისი გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მესაკუთრისათვის გადაცემა. მოსარჩელის მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 28 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების ფაქტობრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

5.1. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. თბილისი, ........., ბინა №29, ს/კ №....... მ.ფ–ძის საკუთრებაა. საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია 2023 წლის 27 ივნისს დამოწმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება.

5.2. მ.ფ–ძის საკუთრებაში არსებულ სადავო ფართს ფლობს ლ.მ–ი, რომლის შვილიშვილი თ.ჩ–ძე არის მცირეწლოვანი.

5.3. აღნიშნული უძრავი ნივთი მოპასუხის უკანონო მფლობელობაშია.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სამართლებრივი დასაბუთება:

5.4. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის მითითება, უძრავი ნივთის რეალური მესაკუთრის - თ.მ–ის მხრიდან ბინის ფლობის თანხმობის გაცემის თაობაზე, აგრეთვე სადავო ბინაში მოპასუხის ოჯახის წევრების, მათ შორის, არასრულწლოვანი ბავშვის ცხოვრების შესახებ. პალატამ მიუთითა, რომ აღნიშნული გარემოებები არ იყო რეგისტრირებული მესაკუთრის მხრიდან უკანონო მფლობელობაში არსებული ნივთის გამოთხოვის თაობაზე, სარჩელის დაკმაყოფილების გამომრიცხველი გარემოებები.

5.5. პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლზე, რომლის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

5.6. პალატის მითითებით, მოსარჩელის მესაკუთრედ ყოფნისა და მოპასუხეთა მიერ მოსარჩელის კუთვნილი ქონების ფლობის ფაქტი არ წარმოადგენდა სადავო გარემოებას, ხოლო მოპასუხის მიერ აღნიშნული ქონებით მართლზომიერი ფლობის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ ყოფილა წარმოდგენილი.

6. სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 28 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 02 ოქტომბრის განჩინებით, ლ.მ–ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

8. კასატორის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

8.1. კასატორი მიუთითებს, რომ სადავო უძრავი ნივთის ამჟამინდელ მესაკუთრესა და თ.მ–ს შორის ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა მოჩვენებითად და არა რეალურად. თ.მ–ი არის ლ.მ–ის დედა, რომელმაც შვილი და შვილიშვილი ვერ დაითანხმა სადავო ბინა გადასცენ გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში და ქონების გასხვისებით ცდილობს შედეგის მიღწევას.

8.2. კასატორი ასევე მიუთებს, რომ სადავო ბინა არის მისი ერთადერთ საცხოვრებელი, სადაც ცოვრობს არასრულწლოვან შვილთან ერთად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

9. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

12. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

13. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების გამოთხოვის საფუძვლის არსებობა.

14. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში საკუთრების უფლება ფართოდაა განმარტებული და იგი მოიცავს მთელ რიგ ქონებრივ/ფულად უფლებებს, რომელიც საკუთრებიდან გამომდინარეობს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში RYSOVSKYY v. UKRAINE განმარტა, რომ როდესაც სასწორზე დევს საზოგადოებრივი ინტერესი, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ადამიანის ფუნდამენტალურ უფლებებს, როგორიცაა მაგალითად საკუთრების უფლება, საჯარო ხელისუფლება უნდა მოქმედებდეს კეთილსინდისიერების ფარგლებში, სათანადოდ და, რაც მთავრია, შესაბამისად (RYSOVSKYY v. UKRAINE, 2012).

15. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში – მარქსი ბელგიის წინაღმდეგ განმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, მუხლი პირველი არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება“(მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება განაცხ. №6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი).

16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

17. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

18. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

19. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, უნდა გამოიკვეთოს სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა, რათა მოსარჩელეს უფლება ჰქონდეს, ნივთის მისთვის გადაცემა მოითხოვოს (სუსგ 03.02.2021წ. საქმე №ას-136-2019, 29.01.2021წ. საქმე №ას-1437-2020, 12.12.2016წ. №ას-1043-1004-2016).

20. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სადაო უძრავი ნივთის მესაკუთრედ საჯარო რეესტრში ირიცხება მოსარჩელე - მ.ფ–ძე, თუმცა ფაქტობრივად ქონება მოპასუხის მფლობელობაშია.

21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სადავო გარემოებების მტკიცების გარკვეულ სტანდარტს.

22. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

23. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.

24. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ წარმოადგინა საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომლითაც დაადასტურა მისი საკუთრების უფლების არსებობა სადავო ქონებაზე. მოპასუხეს ეკისრებოდა იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მისი მფლობელობა მართლზომიერია. კასატორი მიუთითებს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება მოჩვენებითია.

25. საკასაციო პალატა მითითებულ პრეტენზიას ვერ გაიზიარებს და განმარტავს, რომ მოცემული დავა შეეხება უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვას, შესაბამისად, აღნიშნული საქმის განხილვის პირობებში სასამართლოს მსჯელობის საგანი ვერ გახდება ნასყიდობის ხელშეკრულების კანონიერება, რადგან მითითებული საკითხი არსებული დავის ფარგლებს სცდება. შესაბამისად, მითითებული გარემოება არ წარმოადგენს მოპასუხის ისეთი საპროცესო თავდაცვის საშუალებას, რომელიც მის მართლზომიერ მფლობელობას დაადასტურებს და სარჩელის უარყოფის საფუძველი გახდება.

26. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას სადავო უძრავ ქონებაში არარულწლოვნის ცხოვრებასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნულ პრეტენზიას ასევე ვერ გაიზიარებს და მიუთითებს, რომ ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის თანახმად ბავშვის (18 წლამდე პირის) კეთილდღეობაზე და საუკეთესო ინტერესებზე ზრუნვის ვალდებულება აქვს ბავშვის მშობლებს, მეურვეებს, სახელმწიფოს, რომელიც წარმოდგენილია სოციალური მომსახურების დაწესებულებებით.

27. პალატამ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებასა და დაცვას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, თუმცა აღსანიშნავია, რომ „ბავშვის უფლებების შესახებ“ 1989 წლის 20 ნოემბრის კონვენციის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციისა და სსკ-ის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის (მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით) ანალიზიდან გამომდინარე, არასრულწლოვანი ბავშვების ინტერესების ჯეროვანი დაცვა მათ კანონიერ წარმომადგენლებს ევალებათ. ამრიგად, მხოლოდ ის გარემოება, რომ სადავო უძრავ ქონებაში არასრულწლოვანიც ცხოვრობს, ვერ გახდება იმის საფუძველი, რომ მესაკუთრეს საკუთრების უფლება შეეზღუდოს.

28. ზემოაღშნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია დადგენილად მოპასუხის მიერ სადავო უძრავი ქონების არამართლზომიერი მფლობელობის ფაქტი, დადგენილი და გამოკვლეულია საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობის არსებობა.

29. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

30. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.

31. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

32. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

34. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის 70% – 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ.მის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

2. ლ.მს (.......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის (100 ლარი, საგადახდო დავალება N1717399792, გადახდის თარიღი 03.06.2024; 50 ლარი, საგადახდო დავალება N1, გადახდის თარიღი 23.09.2024) 70% – 105 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

თამარ ზამბახიძე