Facebook Twitter

ას-1178-2024

07 ნოემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ა-ო“ (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „გ.მ–ი“ (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 8 აგვისტოს განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით მოსარჩელე შპს „გ.მ–ის“ სარჩელი, მოპასუხე შპს „აქ–ოს“ მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხე შპს „ა–ოს“, მოსარჩელე შპს „გ.მ–ის“ სასარგებლოდ, დაეკისრა 33800 ლარის გადახდა. შეგებებული სარჩელის მოსარჩელე შპს „ა–ოს“ შეგებებული სარჩელი, მოპასუხე შპს „გ.მ–ის“ მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 15 ივლისის განჩინებით შპს „გ.მ–ის“ სააპელაციო საჩივარი განსახილველად იქნა მიღებული.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 ივლისის განჩინებით შპს „ა–ოს“ სააპელაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო განუხილველად იქნა დატოვებული.

5. 2024 წლის 5 აგვისტოს თბილისის სააპელაციო სასამართლოში შპს „ა–ომ“ წარადგინა შეგებებული სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 8 აგვისტოს განჩინებით შპს „ა–ოს“ შეგებებული სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული.

6.1. პალატამ მიუთითა, სსსკ-ის 379-ე მუხლზე, რომლის თანახმად, მოწინააღმდეგე მხარეს შეუძლია სააპელაციო საჩივრის გადაცემიდან 10 დღის ვადაში წარადგინოს შეგებებული სააპელაციო საჩივარი, მიუხედავად იმისა, განცხადებული აქვს თუ არა უარი სააპელაციო საჩივრის შეტანაზე. პალატის მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად დაცული იყო შეგებებული სააპელაციო საჩივრის წარმოდგენის კანონით დადგენილი 10 დღიანი ვადა, არ არსებობდა მისი წარმოებაში მიღების საფუძველი. პალატამ მიუთითა საკასაციო სასამართლოს პრაქტიკაზე, და აღნიშნა, რომ შპს „ა–ომ“ არ აღმოფხვრა მის სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი, რის გამოც სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი. აღნიშნული კი მხარეს ართმევს შეგებებული სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლებას, რადგან ეს უფლება გააჩნია იმ მხარეს, რომელსაც სააპელაციო საჩივრის წარდგენით არ უსარგებლია.

7. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შპს „ა–ომ“, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

7.1. კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ შეგებებული სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლებას ვერ აქარწყლებს ის ფაქტიც კი, თუ მხარეს უკვე გამოვლენილი აქვს ნება სააპელაციო საჩივრის გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახებ. ასეთ ნება შესაძლოა გამოვლინდეს წერილობით, სადაც მხარე უარს ამბობს გასაჩივრების უფლებაზე, ან თუნდაც სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობით, რასაც მოჰყვება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს საკასაციო სასამართლოს სხვადასხვა განჩინებებში განვითარებულ მსჯელობაზე აღნიშნულ საკითხზე და მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული ნორმის სხვაგვარად განმარტების საფუძველი არ არსებობს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

8. საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შეგებებული სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. სსსკ-ის 399-ე მუხლით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს; სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით კი, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იმ წესების დაცვით წარმოებს, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

10. მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორი შეგებებული სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებას სადავოდ ხდის იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სსსკ-ის 379-ე მუხლი, ვინაიდან, მხარის უფლება, შეიტანოს შეგებებული სააპელაციო საჩივარი, არსებობს ამავე მხარის მიერ ძირითადი სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლებისგან დამოუკიდებლად.

11. საკასაციო პალატა არ იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს დასკვნას შეგებებული სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლის არსებობასთან დაკავშირებით.

12. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით რეგულირებულია სამართლიანი სასამართლოს პრინციპი. კონვენციის აღნიშნული დათქმა, ევროსასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის თანახმად, ექვემდებარება ფართო განმარტებას და თავის თავში არა მხოლოდ საქმის მიუკერძოებელ განხილვას, არამედ სამართლიან გადაწყვეტასაც მოიცავს, რაც თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ მართლმსაჯულების განხორციელება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს, არამედ, სამართალწარმოების მიზანი დარღვეული უფლების ეფექტიან და რეალურ დაცვაზეა ორიენტირებული, რაც ეროვნული სასამართლოს მიერ საკითხის ამომწურავ გადაწყვეტაზე მიანიშნებს და არა ფორმალური ხასიათის სამართალწარმოებაზე, რომელსაც დავის აღმოფხვრა შედეგად არ მოჰყვება (სუსგ №ას-302-285-2017, 16.06.2017წ.). ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის გამოყენების წესი სააპელაციო სასამართლოში განხილვისას დამოკიდებულია პროცესის განსაკუთრებულ მახასიათებლებზე; მხედველობაში უნდა იქნას მიღებული მთლიანად ეროვნული სამართალწარმოება და მასში სააპელაციო სასამართლოს როლი (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 18.10.2006 წლის გადაწყვეტილება საქმეზე HERMI v. ITALY [დიდი პალატა], №18114/02, §60).

13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ კონვენცია მიზნად ისახავს, უზრუნველყოს უფლებები, რომლებიც არის პრაქტიკული და ეფექტური და არა თეორიული ან ილუზორული. კონვენციით გათვალისწინებული უფლებების განსაზღვრისას შეფასება უნდა განხორციელდეს ფასადს მიღმა, ყურადღება უნდა გამახვილდეს სიტუაციის რეალურ მხარეზე (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 20.10.2015 წლის გადაწყვეტილება საქმეზე Dvorski v. Croatia [დიდი პალატა], №25703/11, §82; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 28.03.2019 წლის (საბოლოო გახდა 28.06.2019) გადაწყვეტილება საქმეზე Kereselidze v. Georgia, №39718/09, §32).

14. სასამართლოსათვის მიმართვის უფლება არ არის აბსოლუტური უფლება. იგი ექვემდებარება შეზღუდვებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება საჩივრის დასაშვებობის პირობებს. თუმცა სასამართლოსადმი წვდომის შეზღუდვას უნდა ჰქონდეს ლეგიტიმური მიზანი და იყოს პროპორციული, არ უნდა ზღუდავდეს სასამართლოსადმი წვდომას იმდენად, რომ დაირღვეს უფლების არსი (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 01.09.2016 წლის (საბოლოო გახდა 01.12.2016) გადაწყვეტილება საქმეზე Marc Brauer v. Germany, №24062/13, §34; იხ. ასევე: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 23.06.2016 წლის გადაწყვეტილება საქმეზე Baka v. Hungary [დიდი პალატა], №20261/12, §120; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 15.03.2018 წლის გადაწყვეტილება საქმეზე Naït-Liman v. Switzerland [დიდი პალატა], №51357/07, §114, §115; შდრ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 30.12.2014 წლის განჩინება საქმეზე №ას-1161-1106-2014).

15. პროცედურული ხასიათის შიდასახელმწიფოებრივი წესების განმარტება ეკისრება სასამართლოს, რომლის როლი მოიცავს იმასაც, რომ დაადგინოს, შეესაბამება თუ არა ამგვარი განმარტების შედეგები კონვენციას (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 19.07.2011 წლის (საბოლოო გახდა 19.10.2011) გადაწყვეტილება საქმეზე Majski v. Croatia, №16924/08, §68).

16. ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული შიდასამართლებრივი დაცვის საშუალებებზე ხელმისაწვდომობის ხარისხი უნდა იყოს საკმარისი იმისათვის, რომ უზრუნველყოს ინდივიდის სასამართლოსთვის მიმართვის უფლების დაცვა, დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის პრინციპის გათვალისწინებით. იმისათვის, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება ეფექტური იყოს, ინდივიდს უნდა ჰქონდეს მკაფიო, პრაქტიკული შესაძლებლობა, გაასაჩივროს ის ქმედება, რომელიც ჩარევას წარმოადგენს მის უფლებებში (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 04.12.1995 წლის გადაწყვეტილება საქმეზე Bellet v. France, №23805/94, §36). შეგებებული სააპელაციო საჩივრის წარდგენა მხარის სამართლებრივი თავდაცვის მექანიზმია, რაც, თავის მხრივ, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების ნაწილია.

17. მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა პროცესის მონაწილე სუბიექტს (მხარეებს, დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით მესამე პირებს) მათთვის არასასურველი შედეგის განმსაზღვრელი სასამართლო გადაწყვეტილებისგან თავის დაცვის ორ დამოუკიდებელ ინსტრუმენტს სთავაზობს: 1) სააპელაციო საჩივრისა და 2) შეგებებული სააპელაციო საჩივრის სახით. სააპელაციო საჩივრით გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა მოცემულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლში, რომლის თანახმად, სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში (სააპელაციო საჩივარი). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 379-ე მუხლი კი ითვალისწინებს შეგებებული სააპელაციო საჩივრის წარდგენის შესაძლებლობას, აღნიშნული მუხლის თანახმად, მოწინააღმდეგე მხარეს შეუძლია სააპელაციო საჩივრის გადაცემიდან 10 დღის ვადაში წარადგინოს შეგებებული სააპელაციო საჩივარი, მიუხედავად იმისა, განცხადებული აქვს თუ არა უარი სააპელაციო საჩივრის შეტანაზე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის ან მისი განუხილველად დატოვების შემთხვევაში შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ განიხილება.

18. შეგებებული სააპელაციო საჩივრის აღძვრის შესაძლებლობა უზრუნველყოფს, რომ გადაწყვეტილებით ნაწილობრივ უკმაყოფილო პროცესის მონაწილეს მაშინაც კი შეეძლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის ეფექტის შეკავება, როდესაც ობიექტურ თუ სუბიექტურ მიზეზთა გამო, იგი მოკლებულია იმგვარი მძლავრი საპროცესო ბერკეტის გამოყენების შესაძლებლობას, როგორიც სააპელაციო საჩივარია. სუბიექტურ მიზეზში საკასაციო პალატა მოიაზრებს გასაჩივრების ვადის გასვლის ან გასაჩივრების უფლებამოსილების გამოყენებაზე უარის თქმის გამო სააპელაციო საჩივრის წარდგენის შეუძლებლობას, ხოლო ობიექტურ ფაქტორებში მოიაზრება ის საპროცესო წინაღობები, რომლებიც გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრებს იმთავითვე დაუშვებლად მოიაზრებენ (ას-1233-2022, 21.10.2022წ.).

19. შეგებებული სააპელაციო საჩივრის ინსტიტუტი უფლების დაცვის დამატებითი საპროცესო საშუალებაა, რაც ნათლად ვლინდება სსსკ 379-ე მუხლის მეორე წინადადებაში - ძირითადი სააპელაციო საჩივრის გამო საქმისწარმოების შეწყვეტისა თუ მისი განუხილველად დატოვების შემთხვევაში, შეგებებული სააპელაციო საჩივარიც იზიარებს იმავე საპროცესო ბედს. ამგვარი შეზღუდვის არსებობის მიუხედავად, გასათვალისწინებელია კანონმდებლის ნება, რომ შეგებებული სააპელაციო საჩივარი უნდა წარმოადგენდეს უფლების დაცვის ქმედით ინსტრუმენტს.

20. შეგებებული სააპელაციო საჩივრის მიმართ სრულად ვრცელდება მხოლოდ და მხოლოდ ის მოთხოვნები, რომლებსაც კანონმდებელი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლით უდგენს ძირითად სააპელაციო საჩივარს, ასევე, სასამართლოს დამატებით ევალება მხარის მიერ 10-დღიანი საპროცესო ვადის დაცვის უტყუარად გამორკვევა. შეგებებული სააპელაციო საჩივრის შეტანისათვის კანონმდებელი ადგენს რა სპეციალურ წინაპირობებს, სასამართლოს არ აქვს რაიმე უფლებამოსილება, მისი განსახილველად დაშვებისათვის დააწესოს დამატებითი, კანონით გაუთვალისწინებელი საფუძვლები (იხ. სუსგ. ას-1175-2021, 17.03.2022წ).

21. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მხარის უფლება, შეიტანოს შეგებებული სააპელაციო საჩივარი, არსებობს ამავე მხარის მიერ ძირითადი სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლებისგან დამოუკიდებლად. სსსკ-ის 379-ე მუხლი, მხარეს შეგებებული სააპელაციო საჩივრის წარდგენის უფლებას აძლევს მიუხედავად იმისა, განცხადებული აქვს თუ არა უარი სააპელაციო საჩივრის შეტანაზე. პალატას მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული დანაწესი უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ იგი გულისხმობს არა მხოლოდ კონკრეტულად სსსკ-ის 370-ე (თუ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მხარე სასამართლოს ან მოწინააღმდეგე მხარეს წერილობითი ფორმით განუცხადებს უარს სააპელაციო გასაჩივრებაზე, სააპელაციო საჩივარი აღარ დაიშვება) მუხლით გათვალისწინებულ სააპელაციო საჩივრის შეტანაზე უარის თქმის შესახებ მხარის დისპოზიციურ უფლებას, არამედ, იმ შემთხვევასაც, როდესაც სააპელაციო საჩივარი ამა თუ იმ მიზეზით განუხილველი დარჩა. ასეთი მიზეზი შესაძლოა იყოს სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის გასვლა, სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობა.... შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობით, აპელანტი ფაქტობრივად ამ ფორმით უარს აცხადებს წარდგენილი სააპელაციო საჩივრის განხილვაზე და მის მიერ, ამ სახით გამოხატული ნება უთანაბრდება სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ სსსკ-ის 370-ე მუხლით გათვალისწინებულ ნებას. ამდენად, ხარვეზის შეუვსებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებით, მხარე კარგავს სააპელაციო წესით გადაწყვეტილების კვლავ გასაჩივრების უფლებას, თუმცა, მას არ ეზღუდება ძირითადი სააპელაციო საჩივრის წინააღმდეგ შეგებებული სააპელაციო საჩივრის წარდგენის შესაძლებლობა, რომელიც დამოკიდებული იქნება ძირითად სააპელაციო საჩივარზე (სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის ან მისი განუხილველად დატოვების შემთხვევაში შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ განიხილება). მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია და არც კერძო საჩივრის ავტორი ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ შპს „ა–ოს“ სააპელაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო განუხილველად იქნა დატოვებული. ამასთან, უდავოა, რომ შპს „გ.მ–ის“ სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში შპს „ა–ომ“ სააპელაციო სასამართლოს მიმართა შეგებებული სააპელაციო საჩივრით. აღნიშნული კი, საკასაციო პალატის მოსაზრებით, შეგებებული სააპელაციო საჩივრის ინსტიტუტის სამართლებრივი ბუნებიდან და სსსკ-ის 379-ე მუხლის მიზნობრივი განმარტებიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორის ლეგიტიმურ უფლებას წარმოადგენდა.

22. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია დასაბუთებულია, შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების გზით, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 08 აგვისტოს განჩინება და საქმე დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს, შპს „ა–ოს“ შეგებებული სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ა–ოს“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 8 აგვისტოს განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შპს „ა–ოს“ შეგებებული სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შესამოწმებლად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

თამარ ზამბახიძე