საქმე №330210017001892396
საქმე №ას-462-462-2018 22 ივნისი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ნ. და მ. ჩ.–ები (შემდგომში – მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ.-ი“ (შემდგომში – მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ფალადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. სს „თ.-მა“ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. (შემდგომში – მსესხებელი მოპასუხე) და მ. ჩ.–ების (შემდგომში – თავდები მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა 2012 წლის 8 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე 6449.67 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 2377.54 ლარი, სარგებელი 1684.09 ლარი, ჯარიმა 2377,54 ლარი, ხოლო დაზღვევა 10.5 ლარი.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, მხარეთა შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც გაიცა კრედიტი 5250 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 28%-ით, კრედიტის ვადა – 2015 წლის 20 აპრილამდე. ხელშეკრულებით, ასევე, გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, დამატებით კი 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
3. ხელშეკრულებით დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით. საბანკო კრედიტის უზრუნველყოფის მიზნით, გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა შეესრულებინათ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები. პასუხისმგებლობის მაქსიმალურ ოდენობად 10 500 ლარი განისაზღვრა. მოპასუხეებმა დაარღვიეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, ზედიზედ, სულ ცოტა, ორჯერ არ გადაიხადეს თანხა.
მოპასუხის პოზიცია:
4. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ უკანასკნელი გადახდა 2012 წლის 26 ნოემბერს განხორციელდა, შესაბამისად, კრედიტორს 2013 წლის იანვარში უნდა სცოდნოდა ან იცოდა მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევის შესახებ. ამდენად, ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის ათვლა დაიწყო 2013 წლის იანვრიდან. შესაბამისად, კრედიტორს სასარჩელო განცხადებით სასამართლოსათვის უნდა მიემართა არაუგვიანეს 2016 წლის 1 თებერვლისა, რაც არ მომხდარა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ 4910.13 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 2377.54 ლარი, პროცენტი – 1684.09 ლარი, ჯარიმა – 838 ლარი და დაზღვევა – 10.5 ლარი შემდეგ გარემოებათა გამო:
7. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2012 წლის 8 მაისს მოსარჩელემ საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე მსესხებელ მოპასუხეს გადასცა კრედიტი 5250 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 28%-ით, კრედიტის ვადა – 1077 დღე. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის ფიქსირებული 20 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას და დავალიანების თანხის 0.5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის. ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელ მოპასუხეს კრედიტი უნდა დაეფარა გრაფიკის შესაბამისად, ყოველთვიური გადახდებით. ყოველთვიური გადასახდელი მოიცავდა როგორც ძირი თანხის, ისე პროცენტის და სადაზღვეო შენატანის კომპონენტებს. ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელეს გააჩნდა უფლება, კლიენტის მხრიდან ხელშეკრულების თანდართული გრაფიკის მიხედვით თანხის გადახდის ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში შეეწყვიტა მასთან საკრედიტო ურთიერთობა.
8. 2012 წლის 8 მაისს მოსარჩელესა და თავდებ მოპასუხეს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მოპასუხეებმა ერთად იკისრეს ვალდებულება, სოლიდარულად შეესრულებინათ საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. პასუხისმგებლობის მაქსიმალურ ოდენობად განისაზღვრა 10 500 ლარი.
9. 2012 წლის 8 მაისის თავდებმა მოპასუხემ საბანკო კრედიტის ხელშეკრულების ფარგლებში უკანასკნელი გადახდა განახორციელა 2012 წლის 26 ნოემბერს.
10. სარჩელის წარდგენის დროისათვის დავალიანება შეადგენდა 6449.67ლარს, საიდანაც ძირი თანხაა 2377.54 ლარი, პროცენტი – 1684.09 ლარი, ჯარიმა – 2377.54 ლარი და დაზღვევა – 10.5 ლარი.
11. საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, როგორც სესხის ხელშეკრულების ნაირსახეობა, მოწესრიგებულია სპეციალური ნორმებით, ამ ნორმათაგან ერთ-ერთს წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში – სსკ) 873-ე მუხლი, რომლითაც დადგენილია, რომ კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
12. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ აღნიშნული ნორმა წარმოადგენს კრედიტორის ინტერესების დამცავ აღმჭურველ ნორმას და საბანკო კრედიტის გამცემს ანიჭებს უფლებას, ვალდებულების დარღვევისას შესაბამისი პირობების დაცვით მოშალოს ხელშეკრულება, თუმცა თავად უფლების არსიდან გამომდინარე, იგი არ შეიძლება გაიგივდეს ვალდებულებასთან და მისი გამოყენება, მხოლოდ უფლების მქონე პირის ნებაზეა დამოკიდებული.
13. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ მოსარჩელემ ცალმხრივად, ვადამდე შეწყვიტა მოპასუხესთან საკრედიტო ხელშეკრულება.
14. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე მსესხებლის ვალდებულება – გრაფიკის შესაბამისად გადაიხადოს კრედიტი არ წარმოადგენს პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას.
15. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, კერძო სამართალში პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას განეკუთვნება ისეთი სახელშეკრულებო ვალდებულება, რომლის შესასრულებლადაც მხარეთა შეთანხმებით დადგენილია არა ერთჯერადი და სრული შესრულება, არამედ განსაზღვრულია ვალდებულების ნაწილ-ნაწილ შესრულება დროის გარკვეული შუალედებით.
16. საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მსესხებელს კრედიტით აღებული თანხა პროცენტთან ერთად კრედიტორისათვის უნდა დაებრუნებინა გრაფიკის მიხედვით, განსაზღვრული თანხის ყოველთვიურად გადახდებით. ბოლო გადახდა მოპასუხეს უნდა განეხორციელებინა 2015 წლის 20 აპრილს.
17. სსკ-ის 129-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 130-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ კანონის მითითებული დანაწესი ითვალისწინებს ერთგვარ სპეციფიკას იმ ვალდებულებათა მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლასთან დაკავშირებით, რომლებიც გარკვეული პერიოდულობით სრულდება, რაც ნიშნავს, რომ აღნიშნული ვადა აითვლება ყოველი პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებისათვის დამოუკიდებლად. უდავოა, რომ საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელს კრედიტის თანხა და მასზე დარიცხული სარგებელი გარკვეული პერიოდულობით უნდა გადაეხადა, კერძოდ, თვეში ერთხელ 36 თვის განმავლობაში. შესაბამისად, მითითებული გარიგება წარმოშობს სწორედ პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებებს.
18. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სპეციალური მოწესრიგების საგანს წარმოადგენს პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან წარმოშობილი მოთხოვნები. ვალდებულების პერიოდულად, დროის განსაზღვრულ შუალედებში (მაგალითად: ყოველთვე, კვარტალში ერთხელ, თვის კონკრეტულად განსაზღვრულ კალენდარულ დღეს) შესრულების დადგენა მოთხოვნის უფლებას ცალკეულად, ყოველი შესრულებისათვის დამოუკიდებლად წარმოშობს და, შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადაც კონკრეტული შესრულების დარღვევიდან აითვლება. ვალდებულების ერთდროული ან ნაწილ-ნაწილ შესრულება მხარეთა შეთანხმებაზე ან შესასრულებელი ვალდებულების არსზეა დამოკიდებული.
19. ვინაიდან პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებების ხანდაზმულობის ვადა 3 წელია და მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის არსებული საკრედიტო ხელშეკრულების მოქმედების ვადად განსაზღვრული იყო 36 თვე – 2012 წლის 8 მაისიდან 2015 წლის 21 აპრილამდე პერიოდი, ხოლო სარჩელი მოსარჩელის მიერ აღძრულია 2017 წლის 20 აპრილს, შესაბამისად, საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში სასარჩელო მოთხოვნების ნაწილი, რომელიც გამომდინარეობს 2014 წლის 20 აპრილიდან 2015 წლის 21 აპრილამდე პერიოდიდან არ არის ხანდაზმული. რაც შეეხება 2014 წლის 20 აპრილამდე (2017 წლის 20 აპრილიდან 3 წლით ადრე) პერიოდის თანხის ანაზღაურების მოთხოვნას, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, აღნიშნულ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანი.
20. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სარჩელი არ არის ხანდაზმული არც იმ შემთხვევაში, თუ პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება გაზიარებული იქნება და ჩაითვლება, რომ პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულება არ არსებობდა.
21. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის საკრედიტო ხელშეკრულება დაიდო 1077 დღის ვადით და მოქმედებდა 2015 წლის 21 აპრილამდე. მხარეთა შორის საკრედიტო ხელშეკრულება ვადამდე არ შეწყვეტილა. მოსარჩელემ სარჩელი სასამართლოში აღძრა 2017 წლის 20 აპრილს, შესაბამისად, ხელშეკრულების ვადის ამოწურვიდან 2015 წლის 21 აპრილიდან სარჩელის აღძვრამდე სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა არ გასულა, რის გამოც სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სარჩელი სსკ-ის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზეც არ იქნებოდა ხანდაზმული.
22. სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს.
23. სსკ-ის 416-ე, 417-ე, 418-ე და 420-ე მუხლების ანალიზიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ პირგასამტეხლოს გადახდის მიზანს წარმოადგენს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა. შესაბამისად, პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველი კონკრეტული ვალდებულების დარღვევის თანაბარზომიერი უნდა იყოს, რაც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მისი გადახდა ვალდებულების დარღვევით კრედიტორისათვის მიყენებული ზიანის მაკომპენსირებელ ფუნქციას უნდა ასრულებდეს და, ამავდროულად, მხარეებს გარიგებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვან და დროულ შესრულებას აიძულებდეს. მოქმედი სამოქალაქო კოდექსით სასამართლოს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება, შეამციროს პირგასამტეხლო. სააპელაციო პალატის განმარტებით, ეს ის შემთხვევაა, როდესაც პირგასამტეხლოს შემცირება შეფასებითი კატეგორიაა, რომლის აუცილებლობას საქმის განმხილველი სასამართლო განსაზღვრავს საქმის გარემოებათა ურთიერთშჯერების შედეგად.
24. თავისუფალი და სამართლიანი სამოქალაქო ბრუნვისა და ეკონომიკური თავისუფლების, როგორც კონსტიტუციური პრინციპის, უზრუნველყოფა-რეალიზების ინტერესები მოითხოვს პირგასამტეხლოს განაკვეთისა და ფაქტობრივი ოდენობის თანაზომიერებასა და მხარისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობის გონივრულ შესაბამისობას ძირითადი სახელშეკრულებო დავალიანების თანხასთან მიმართებაში. მართალია, შეთანხმებული პირგასამტეხლო შესაძლებელია, აღემატებოდეს მოსალოდნელ ზიანს, მაგრამ არ უნდა დაირღვეს ხელშეკრულების მხარეთა თანასწორობისა და ხელშეკრულების პირობების სამართლიანობის პრინციპები. პირგასამტეხლო, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
25. პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.
26. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ შემცირებას ექვემდებარება მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება და გარკვეულ ნიშნულამდე დაყვანა არ წარმოადგენს საერთო სტანდარტს, განზოგადებულ წესს. მისი განსაზღვრა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების გათვალისწინებით ხდება, რაღა თქმა უნდა, ამავე საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა საფუძველზე.
27. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა ძირითად ვალდებულებასთან მიმართებით შეუსაბამოდ მაღალია, რის გამოც მიზანშეწონილია მისი გონივრულ და სამართლიან ოდენობამდე შემცირება.
28. კონკრეტულ შემთხვევაში სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევით გამოწვეული ზიანის მოცულობის მხედველობაში მიღებით, სააპელაციო პალატამ გონივრულად და სამართლიანად ჩათვალა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, რაც ფაქტობრივად უტოლდება ძირი თანხის მოცულობას, ამდენად, პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს 838 ლარამდე.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
29. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხეებმა შეიტანეს საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
30. კასატორის მითითებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით უდავოდ დადგენილია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მსესხებელმა მოპასუხემ 2012 წლის 8 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების ფარგლებში უკანასკნელი გადახდა განახორციელა 2012 წლის 26 ნოემბერს შესაბამისად, მოსარჩელემ ვალდებულების დარღვევის შესახებ გაიგო 2012 წლის დეკემბრის ბოლოს მაინც, როდესაც მსესხებელმა მოპასუხემ უკვე ზედიზედ ორჯერ არ შეასრულა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. ეს კი ნიშნავს, რომ, სუბიექტური თვალსაზრისით, ხანდაზმულობის დაწყების მომენტი მოსარჩელისთვის 2012 წლის 21 დეკემბერია, როდესაც კრედიტორი საბოლოოდ დარწმუნდა, რომ მოვალემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები დაარღვია და კრედიტორს უნდა მიეღო შესაბამისი ზომები. ამდენად, სარჩელი სასამართლოში უნდა შესულიყო 2015 წლის ბოლომდე. სააპელაციო სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია სსკ-ის 130-ე მუხლთან დაკავშირებით.
31. კასატორის განმარტებით, სსკ-ის 873-ე მუხლზე აპელირებისას სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ხელშეკრულების შეწყვეტა მხარის უფლებაა და არა ვალდებულება. რა თქმა უნდა, ამ მუხლიდან გამომდინარე მოსარჩელეს ჰქონდა არჩევანის საშუალება. ხელშეკრულების შეწყვეტასთან ან ძალაში დატოვებასთან დაკავშირებით, მაგრამ არ შეიძლება ხელშეკრულების შეწყვეტა დავაკავშიროთ ხანდაზმულობის ვადის დინების დაწყებასთან. კანონმდებელი სსკ-ის 130-ე მუხლში არ უთითებს, რომ ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტიდან. ხანდაზმულობის ვადის ათვლის დაწყების მომენტს კანონმდებელი უკავშირებს მოთხოვნის წარმოშობას და არა ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტას.
32. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატამ უგულებელყო უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკა ხანდაზმულობის ვადის დაწყებასთან დაკავშირებით, რომელიც მოცემულია შემდეგ საქმეებში: №ას-988-1021-2011, № ას-1267-1398-04, საქმე №ას-649-610-2011, №ას-265-594-05; №ას-838-1091-04, №ბს-35-34(2კ-07).
33. საქართველოს სამოქალაქო კოდექსსა და საკასაციო სასამართლოს პრაქტიკას ცალსახა, მკაფიო და იმპერატიული მიდგომა აქვს ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყებასთან მიმართებით. ამიტომ საერთოდ არა აქვს მნიშვნელობა მხარეებს შორის დადებული სესხის ხელშეკრულება არის პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულება თუ არა. მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილება ყველა შემთხვევაში დაუშვებელია, რადგან, სსკ-ის 130-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის ათვლა ამ საქმეზე დაიწყო 2013 წლის იანვრიდან, ხოლო სარჩელი სასამართლოში შევიდა 2017 წლის 20 აპრილს.
34. კასატორმა მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებულია სესხის ერთიანი თანხის გადახდა ნაწილ–ნაწილ, არ არსებობს პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულება, ვინაიდან ვალდებულება აღებულია ერთიანად. ამასთან, ამ ტიპის საბანკო სესხის ხელშეკრულებებში ცალსახად ფიგურირებს ამგვარი პუნქტი: „ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში კლიენტი ვალდებული იქნება, დაუყოვნებლივ დაუბრუნოს კრედიტორს კრედიტის ძირი თანხა მისთვის დარიცხულ სარგებელთან და პირგასამტეხლოსთან ერთად (მხარეთა შორის 2012 წლის 8 მაისს დადებული სესხის ხელშეკრულების 12.3 პუნქტი). ასეთი ჩანაწერის მოძიება შესაძლებელია არაერთ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებაში. იგი თავისი შინაარსით გამორიცხავს ნებისმიერ მსჯელობას პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებაზე.
35. კასატორის მოსაზრებით, არ შეიძლება პერიოდულად შესასრულებელი იყოს იმ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება, რომელიც თავის თავში მოიაზრებს და ითვალისწინებს მთლიანი ვალდებულების ერთიანად და დაუყოვნებლივ შესრულების შესაძლებლობას.
36. საბანკო კრედიტის ხელშეკრულება არის ერთიანი ვალდებულება, რომელსაც მოვალე იხდის ნაწილ–ნაწილ. პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულება არ შეიძლება თავის თავში მოიცავდეს ვალდებულების ერთიანად დაბრუნების შესაძლებლობას. პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების კლასიკური მაგალითია იჯარის ხელშეკრულება. არალოგიკურია, იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მეიჯარემ 10-წლიანი იჯარის ხელშეკრულების მესამე წელიწადს მოიჯარეს წინასწარ მოსთხოვოს ათი წლის საიჯარო ქირა ნატურით. ასეთი მიდგომა არ ახასიათებს პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების ბუნებას. ასეთივე არალოგიკურია ამ სადავო საქმეში არსებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების განხილვა, როგორც პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების საფუძველი.
37. გასაჩივრებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობრივია, რადგან სააპელაციო სასამართლო ცალსახად აპელირებს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებაზე, როგორც პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებაზე და ამავდროულად უშვებს იმის შესაძლებლობას, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულება შეიძლება არც იყოს პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულება და შესაძლებელია პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიციაც იქნეს გაზიარებული.
38. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
39. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
40. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2012 წლის 8 მაისს მოსარჩელემ საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე მსესხებელ მოპასუხეს გადასცა კრედიტი 5250 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 28%-ით, კრედიტის ვადა კი – 1077 დღით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის ფიქსირებული 20 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას და დავალიანების თანხის 0.5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის.
41. ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელ მოპასუხეს კრედიტი უნდა დაეფარა გრაფიკის შესაბამისად, ყოველთვიური გადახდებით. ყოველთვიური გადასახდელი მოიცავდა როგორც ძირი თანხის, ისე პროცენტის და სადაზღვეო შენატანის კომპონენტებს. მოსარჩელეს გააჩნდა უფლება, კლიენტის მხრიდან ხელშეკრულების თანდართული გრაფიკის მიხედვით, თანხის გადახდის ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში შეეწყვიტა მასთან საკრედიტო ურთიერთობა.
42. 2012 წლის 8 მაისს მოსარჩელესა და თავდებ მოპასუხეს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მოპასუხეებმა ერთად იკისრეს ვალდებულება, სოლიდარულად შეესრულებინათ საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. პასუხისმგებლობის მაქსიმალურ ოდენობად განისაზღვრა 10 500 ლარი.
43. 2012 წლის 8 მაისის თავდებმა მოპასუხემ საბანკო კრედიტის ხელშეკრულების ფარგლებში უკანასკნელი გადახდა განახორციელა 2012 წლის 26 ნოემბერს.
44. სარჩელის წარდგენის დროისათვის დავალიანება შეადგენდა 6449.67ლარს, საიდანაც ძირი თანხაა 2377.54 ლარი, პროცენტი – 1684.09 ლარი, ჯარიმა – 2377.54 ლარი და დაზღვევა – 10.5 ლარი.
45. მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის არსებული საკრედიტო ხელშეკრულების მოქმედების ვადად განსაზღვრული იყო 36 თვე – 2012 წლის 8 მაისიდან 2015 წლის 21 აპრილამდე პერიოდი, ხოლო სარჩელი მოსარჩელის მიერ აღძრულია 2017 წლის 20 აპრილს.
46. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორმა სადავოდ გახადა სააპელაციო პალატის მსჯელობა იმის შესახებ, რომ საკრედიტო ხელშეკრულებით სესხის ნაწილ-ნაწილ გადახდა პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებად უნდა შეფასდეს და სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაც, შესაბამისად, სსკ-ის 129-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე აითვალოს.
47. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
48. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
49. საკასაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიებიდან საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად.
50. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 128 მუხლის პირველი ნაწილი შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე. ამასთან, სასარჩელო ხანდაზმულობა გულისხმობს დროს, რომლის განმავლობაშიც პირს შეუძლია მოითხოვოს თავისი დარღვეული უფლების აღდგენა. გარდა ამისა: ა) ხანდაზმულობის ვადა სასამართლოს უმსუბუქებს ფაქტების დადგენისა და შესწავლის პროცესს და ამ გზით ხელს უწყობს დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანას; ბ) ხელს უწყობს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილიზაციას; გ) აძლიერებს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტების ურთიერთკონტროლსა და იძლევა დარღვეული უფლების დაუყონებლივ აღდგენის სტიმულიზაციას. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციები სამოქალაქო სამართლის სასამართლო პრაქტიკის პრობლემატურ საკითხებზე, 2007, გვ.63.).
51. სსკ-ის 130-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
52. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ პირის უფლება, სრული მოცულობით მოახდინოს საკუთარი კანონიერი ინტერესების რეალიზება ან სასამართლო წესით დაცვა, შეზღუდულია სამოქალაქო კანონმდებლობით სხვადასხვა სამართლებრივი ურთიერთობებისათვის განსხვავებულად დადგენილი ვადებით. კანონმდებელი განსაზღვრავს ხანდაზმულობის ვადის გამოანგარიშების წესს და მის ათვლას უკავშირებს დროს, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა საკუთარი უფლების დარღვევის ფაქტი, ან დროს, როდესაც მას ასეთის თაობაზე ობიექტურად უნდა შეეტყო.
53. სსკ-ის 129-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.
54. კანონის მითითებული დანაწესი ითვალისწინებს ერთგვარ სპეციფიკას იმ ვალდებულებათა მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლასთან დაკავშირებით, რომლებიც გარკვეული პერიოდულობით სრულდება, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ხსენებული ვადა აითვლება ყოველი პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებისათვის დამოუკიდებლად (სუსგ 19.03.2015წ. საქმე №ას-868-830-2014).
55. თანხის გადახდის თითოეული პერიოდისათვის ვალდებულების შეუსრულებლობა ცალ-ცალკე განიხილება როგორც პირის უფლების დარღვევა და ხანდაზმულობის ვადის ათვლა თავიდან იწყება (სუსგ 1.12.2010წ. №ას-599-562-2010).
56. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხანდაზმულობის ვადაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა ისაა, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი იძულებით ვერ განხორციელდება, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე {სსკ-ის 144.1-ე მუხლი}.
57. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, სსკ-ის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე.
58. განსახილველ შემთხვევაში მსესხებელს ბანკისათვის კრედიტის დაბრუნება არა ერთდროულად, არამედ ნაწილ-ნაწილ, წინასწარ შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით ევალებოდა {სსკ-ის 873-ე მუხლი}. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის გამოთვლა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებისათვის დადგენილი წესის მიხედვით უნდა მოხდეს.
59. უდავოა, რომ საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელს კრედიტის თანხა და მასზე დარიცხული სარგებელი გარკვეული პერიოდულობით უნდა გადაეხადა. შესაბამისად, მითითებული გარიგება წარმოშობს სწორედ პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებებს (ზემოაღნიშნული მსჯელობა შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკას (სუსგ 20.05.2013წ. №ას-1432-1351-2012, 14.02.2017წ. ას-934-899-2016).
60. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრის საფუძველს წარმოადგენს კასატორის არგუმენტი, რომ, საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოვალის მიერ კრედიტის ნაწილ-ნაწილ დაფარვა პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებად არ უნდა ჩათვალოს.
61. ზემოაღნიშნული საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი და სტაბილური პრაქტიკა მიუთითებს, რომ კასატორის დასახელებული არგუმენტი სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია. მით უფრო, დაუსაბუთებელია მოპასუხე მხარის აპელირება საკასაციო საჩივარში ასახულ სასამართლო აქტებზე, რადგან გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთება მათ სამართლებრივ მოტივაციას არ ეწინააღმდეგება.
62. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე მოვალისათვის თანხის ნაწილ-ნაწილ გადახდის ვალდებულების არსებობა ცალსახად შეესაბამება პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების სამართლებრივ ბუნებას და სხვაგვარად მისი შეფასება მცდარია.
63. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიით არ დაუდასტურებია გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ მსჯელობის გამაქარწყლებელი არგუმენტები, რომ საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში სასარჩელო მოთხოვნების ნაწილი, რომელიც გამომდინარეობს 2014 წლის 20 აპრილიდან 2015 წლის 21 აპრილამდე პერიოდიდან, ხანდაზმული არ არის.
64. მხარეთა შორის არსებული საკრედიტო ხელშეკრულების მოქმედების ვადად განსაზღვრული იყო 36 თვე – 2012 წლის 8 მაისიდან 2015 წლის 21 აპრილამდე.
65. საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისა და მოპასუხის მიერ სესხის ერთიანად გადახდის დამადასტურებელ საფუძველს არ წარმოადგენს კასატორის მითითება საკრედიტო ხელშეკრულების 12.3 პუნქტზე. აღნიშნული პუნქტის შესაბამისად, ბანკს უფლება აქვს, შეწყვიტოს კლიენტთან არსებული საკრედიტო ურთიერთობა ან/და ნებისმიერი, რამდენიმე ან ყველა დამატებითი ხელშეკრულების მოქმედება ან/და მოსთხოვოს კლინეტს კრედიტის ძირითადი თანხის დაბრუნება მისთვის დარიცხულ საპროცენტო სარგებელთან და პირგასამტეხლოსთან ერთად (ასეთის არსებობის შემთხვევაში), თუ არ შესრულდება (დაირღვევა) რომელიმე წინაპირობა, დამატებითი პირობა ან/და ბანკის მიერ კლიენტისთვის წაყენებული მოთხოვნა.
66. ხელშეკრულების დასახელებული დანაწესი შეეხება კრედიტორის უფლებას, მოითხოვოს თანხის დაბრუნება და იგი ვერ იქნება გაგებული მის მოვალეობად, მოვალეს დაუყოვნებლივ წარუდგინოს პრეტენზია დავალიანების სრულად დაფარვასთან დაკავშირებით. საკრედიტო ხელშეკრულების ზემოაღნიშნული პუნქტით, ვალდებულება თანხის დაფარვის შესახებ წარმოეშობა კლიენტს (მსესხებელს).
67. კასატორმა ვერ წარმოადგინა დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია ვერც იმ ნაწილში, რომ მოსარჩელის მხრიდან განხორციელდა უფლების ბოროტად გამოყენება (სსკ-ის 115 მუხლი).
68. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
69. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
70. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
71. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
72. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
73. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ სახელმწიფო ბაჟის სახით ს. გ.-ას მიერ 2018 წლის 30 მარტის №.. საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. და მ. ჩ.–ების საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ ნ. ჩ.–ს (პირადი №..) და მ. ჩ.–ს (პირადი №..) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ სახელმწიფო ბაჟის სახით ს. გ.-ას მიერ 2018 წლის 30 მარტის №.. საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე