Facebook Twitter

საქმე №ას-1453-2024 17 იანვარი, 2025 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „დ....“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 30 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება, პირგასამტეხლოს ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 30 მაისის განჩინებით დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდეგში - შემსყიდველი ან მოპასუხე ან კასატორი) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და მცხეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი, რომლითაც შპს „დ....“-ის (შემდეგში - მიმწოდებელი ან მოსარჩელე) სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 33 931.75 ლარი; მოპასუხის შეგებებული სარჩელი, თავდაპირველი მოსარჩელისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ, არ დაკმაყოფილდა.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. 2015 წლის 18 აგვისტოს მხარეთა შორის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N378 ხელშეკრულება (შემდეგში-ხელშეკრულება) გაფორმდა, რომლის საგანს დუშეთის მუნიციპალიტეტის ლაფანაანთკარის სოფელ ......., ხევის კალაპოტის გაწმენდა-დაღრმავება დამბური ტიპის მიწაღრილების, გაბიონების და ხიდ-ბოგირის მოწყობა წარმოადგენდა.

3.2. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მიწოდების ვადა 2015 წლის 27 ოქტომბრამდე განისაზღვრა.

3.3. ხელშეკრულების ღირებულება 256 570 ლარს შეადგენდა.

3.4. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისთვის, ხელშეკრულებას თანდართული გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული შესრულების ვადის გადაცილებისთვის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება.

3.5. დადგენილია, რომ სამუშაოების შესრულებისას პროექტსა და ხარჯთაღრიცხვას შორის შეუსაბამობები გამოვლინდა. ობიექტის პროექტი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული არ ყოფილა და არც ხელშეკრულებაზე ყოფილა დართული, რომლის წარდგენის ვალდებულება შემსყიდველს ეკისრებოდა. ხიდ-ბოგირის მოწყობა დამოკიდებული იყო პროექტის წარდგენაზე; სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით კი, ატვირთული იყო მხოლოდ ხიდ-ბოგირის ორთო სურათი.

3.6. 2015 წლის 30 სექტემბრის წერილით მიმწოდებელმა შემსყიდველს პროექტის შეცვლასთან დაკავშირებით, ერთი თვით ვადის გაგრძელება სთხოვა და იქვე განუმარტა, რომ კორექტირებულ ხარჯთაღრიცხვას უახლოეს დღეებში წარუდგენდა; 2015 წლის 30 ნოემბრის წერილით მიმწოდებელმა შემსყიდველს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადის 2015 წლის 27 დეკემბრამდე გადაწევა იმ მიზეზით სთხოვა, რომ ხიდ-ბოგირის პროექტი დაკორექტირდა საპროექტო დოკუმენტაციისა და სახარჯთაღრიცხვო ნაწილში, ხოლო ამ ცვლილების პერიოდი მოიცავდა დაახლოებით ორ თვეს, რამაც გამოიწვია გეგმა-გრაფიკის ჩამორჩენა (ტ.1. ს.ფ. 64, 65).

3.7. 2016 წლის 08 აპრილის წერილით მიმწოდებელმა შემსყიდველს აცნობა, რომ იგი ახორციელებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოებს, თუმცა, პროექტის არც თავდაპირველი და არც საბოლოო ვარიანტი სატენდერო დოკუმენტაციაში ატვირთული არ არის და არც შემსყიდველს ჩაუბარებია მიმწოდებლისთვის; აღნიშნული პრობლემის გამო, ვადის გადაწევის მოთხოვნით არაერთი წერილი მისწრა შემსყიდველს, რაზედაც პასუხი არ მიუღია (ტ.1. ს.ფ. 66).

3.8. 2016 წლის 10 მაისის წერილით მიმწოდებელმა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს სთხოვა რეგირება მიმწოდებლის მიერ შემსყიდველისათვის 2016 წლის 08 აპრილს გაგზავნილ პასუხგაუცემელ წერილზე (ტ.1. ს.ფ. 68). დუშეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის 2016 წლის 27 მაისის წერილით, მიმწოდებელს ეცნობა, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ პროექტის ავტორს - შპს „ა–ს“ აცნობა (N1429, 14.04.2016წ.) მიმწოდებლის მიერ წერილში დასახელებული პრობლემის თაობაზე, რაზედაც პასუხი არ მიუღია. ამასთან, პროექტის ავტორს - შპს „ა–ს“ განმეორებით ეთხოვა, რომ წარმოადგინოს კორექტირებული პროექტი და ხარჯთაღრიცხვა.

3.9. 2016 წლის 23 ივნისის წერილით შპს „ა–მა“ დუშეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელს აცნობა, რომ პროექტში განახორციელა ხიდის არსებული კონსტრუქციის ცვლილება სახარჯთაღრიცხვო თანხიდან გაუსვლელად (ტ.1. ს.ფ. 70).

3.10. მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და შესრულებული სამუშაოების ანაზღურების შესახებ წარდგენილი წერილობითი მოთხოვნების საპასუხოდ, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2016 წლის 21 იანვრის N77 და 2016 წლის 16 ივლისის N2938 წერილებით მიმწოდებელს აცნობა, რომ სამუშაოები არაჯეროვნად და უხარისხოდ შესრულდა და ხარვეზის გამოსწორების შემდეგ მოხდებოდა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება (ტ.1. ს.ფ. 157, 158).

3.11. სამშენებლო სამუშაოთა ინსპექტირების ორგანოს - შპს „ა–ას“ ინსპექტირების ანგარიშით (ექსპერტიზა) დუშეთის მუნიციპალიტეტში სოფელ ......., ხევის კალაპოტის გაწმენდა-დაღრმავება დამბური ტიპის მიწაყრილების გაბიონების და ხიდ-ბოგირის მოწყობაზე ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მოცულობები შესაბამისობაშია ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებულ მოცულობასთან. ვიზუალური დათვალიერებით სამუშაოების შესრულების ხარისხი დამაკმაყოფილებელია. შესრულებული სამუშაოების ღირებულება 256156.10 ლარს შეადგენს.

3.12. შემსყიდველმა მიმწოდებელს შესრულებული სამუშაოების ღირებულებიდან - 256156.10 ლარიდან მხოლოდ 222,224.34 ლარი გადაურიცხა.

3. აღსანიშნავია, რომ შესრულებული სამუშაოების ღირებულების დარჩენილი ნაწილის ანაზღაურებაზე შემსყიდველმა უარი იმ საფუძვლით განაცხადა, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი სამუშაოების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის გამო, მან მიმწოდებელს დაარიცხა პირგასამტეხლო, რომელიც გაქვითა შესრულებული სამუშაოების ღირებულებაში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 442-ე და 444-ე მუხლების სამართლებრივი საფუძვლით.

4. ამასთან, შემსყიდველმა შეგებებული სარჩელიც აღძრა მიმწოდებლის წინააღმდეგ, რომელშიც აღნიშნა, რომ ვინაიდან ურთიერთგასაქვითი მოთხოვნები მთლიანად ვერ ფარავენ ერთმანეთს, პირგასამტეხლოს სახით გადასახდელი დარჩენილი ნაწილი უნდა დაეკისროს თავდაპირველ მოსარჩელეს.

5. სააპელაციო სასამართლომ დავა მოაწესრიგა სსკ-ის 629-ე, 361.2, 317-ე, 390.2, 392-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ შემსყიდველი არაკეთილსინდისიერად მოქმედებდა როდესაც არ ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას სრულყოფილი პროექტის მიწოდების თაობაზე, რამაც ხელი შეუშალა მიმწოდებელს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში - 2015 წლის 27 ოქტომბრამდე - შეესრულებინა სამუშაო, რაც გამორიცხავს მიმწოდებლის ბრალეულობას შესრულების ვადის გადაცილებაში და აქედან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დარიცხვის კანონიერებასაც. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი, შესრულებული სამუშაოს ღირებულების დარჩენილი ნაწილის - 33 931.75 ლარის გადახდის თაობაზე, მართებულად დაკმაყოფილდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, ხოლო შეგებებული სარჩელი პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ, სწორად იქნა უარყოფილი.

6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა (მოპასუხე) შეიტანა საკასაციო საჩივარი. კასატორი მოითხოვს, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს, ხოლო შეგებებული სარჩელი - ვალდებულების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ -დაკმაყოფილდეს.

7. კასატორს მიაჩნია, რომ მოსარჩელეს არ გააჩნდა ვალდებულების დადგენილ ვადაში შესრულების ვადის გადაცილების გამამართლებელი საფუძველი, კერძოდ, მოსარჩელე რელევანტური მტკიცებულებებით ვერ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ საპროექტო დოკუმენტაციის ნაწილი მას დადგენილ ვადაში არ გადაეცა, რამაც განაპირობა სამუშაოების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა. ამასთან, მიმწოდეელმა მნიშვნელოვანი დაგვიანებით შეასრულა სამუშაოების ის ნაწილიც, რისი შესრულებაც შეუფერხებლად იყო შესაძლებელი (იხ., საკასაციო საჩივარი).

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

9. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

10. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

11. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

12. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, შესრულებული სამუშაოების სანაცვლოდ, შეთანხმებული საზღაურის დარჩენილი ნაწილის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა, სსკ-ის 629.1 (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური) და 648 (შემკვეთი მოვალეა მენარდეს გადაუხადოს საზღაური სამუშაოს შესრულების შემდეგ, თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ნაწილ-ნაწილ გადახდას) მუხლებიდან გამომდინარეობს.

13. მოსარჩელის მოთხოვნას მოპასუხე უპირისპირებს მოთხოვნის შემწყვეტ შესაგებელს, კერძოდ, მიუთითებს ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვაზე სსსკ-ის 442.1 (ორ პირს შორის არსებული ურთიერთმოთხოვნა შეიძლება გაქვითვით შეწყდეს, თუ დამდგარია ამ მოთხოვნათა შესრულების ვადა) მუხლის საფუძველზე. მოპასუხე აღნიშნავს, რომ ვინაიდან მოსარჩელემ შესრულების ვადა დაარღვია, მოპასუხემ გამოიყენა ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლება და მოსარჩელეს დაარიცხა პირგასამტეხლო; ამასთანვე, მოპასუხემ ისარგებლა კანონით მინიჭებული გაქვითვის შესაძლებლობით და შესრულებული სამუშაოს ღირებულება გაუქვითა პირგასამტეხლოს შესაბამის ოდენობაში. განხორციელებული ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის საფუძველზე კი, მენარდე აღარ არის უფლებამოსილი მოითხოვოს შესრულებული სამუშაოს ღირებულების დარჩენილი ნაწილის ანაზღაურება.

14. პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების წარმოშობასთან დაკავშირებულ მოპასუხის შედავებას და ამავდროულად, საკასაციო პრეტენზიას საკასაციო პალატა არ იზიარებს და განმარტავს, რომ მხარეთა შორის წარმოშობილია ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც დეფინიცირებულია სსკ-ის 629-ე მუხლის პირველ ნაწილში და ითვალისწინებს მენარდის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულებისას შეთანხმებულ ანაზღაურებას. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

15. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებითსამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურება და რომელთა შერჩევაც მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება - პირგასამტეხლო.

16. სსკ-ის 417-ე მუხლის (პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის) მიხედვით პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. იგი წარმოადგენს ერთგვარ სანქციას, სასჯელს მხარისათვის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. შესაბამისად, დასახელებული ნორმით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა წარმოიშობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ხოლო ვალდებულების დარღვევად მიიჩნევა, როგორც ვალდებულების არაჯეროვნად, არასრულად შესრულება, ასევე მისი შეუსრულებლობაც.

17. პირგასამტეხლოს მოთხოვნა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარღვევის საკითხი წინასწარაა განსაზღვრული, კერძოდ ვალდებულების დარვევის როგორც იდენტიფიცირება, ისე მისი დადგენა უნდა იყოს შესაძლებელი, ხოლო ასეთი მოთხოვნის დაყენება კი, არ უნდა მოდიოდეს შეუსაბამობაში საკანონმდებლო დანაწესებთან.

18. პირგასამტეხლოს დაკისრება ხდება ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში. შესაბამისად, პირგასამტეხლოს დაკისრება მოაზრებულია მხოლოდ ძირითადი ან/და დამატებითი ვალდებულების დარღვევისას (იხ. ვაშაკიძე გ., სამოქალაქო კოდექსის გართულებულ ვალდებულებათა სისტემა, თბილისი, 2010, 232). ვალდებულების დარღვევა შეიძლება გამოიხატოს როგორც ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებაში, ასევე ვალდებულების შეუსრულებლობაში. პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის ვალდებულების დარღვევა (შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება) აუცილებლად მოვალის ბრალეულობით უნდა იქნეს გამოწვეული. თუ არ დადგინდება მოვალის ბრალი, მაშინ მის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნასაც არ ექნება სამართლებრივი საფუძველი (იხ. ჯორბენაძე ს., საქართველოს სამოქალაქო კოდესის კომენტარი, წიგნი III, მუხლი 417, ველი 23-26).

19. ამდენად, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების ბრალეული დარღვევა (სუსგ №ას-687-2023, 15 დეკემბერი, 2023წ. პპ: 16.10; 16.17).

20. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების, დადგენილ ვადაში შესრულების ვადის დარღვევაში, მოპასუხეს ბრალი არ მიუძღვის. ამ განჩინების პ.3-ში დადგენილია, რომ შემსყიდველი არაკეთილსინდისიერად მოქმედებდა როდესაც არ ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას სრული და უხარვეზო საპროექტო დოკუმენტაციის მიწოდების ნაწილში, რამაც ხელი შეუშალა მიმწოდებელს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში - 2015 წლის 27 ოქტომბრამდე - შეესრულებინა სამუშაო. აღნიშნული გამორიცხავს მიმწოდებლისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობას სსკ-ის 401-ე (ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული), 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის) მუხლების საფუძველზე (იხ., სუსგ №ას-52-47-2015, 27 მარტი, 2015წ.).

21. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ შემსყიდველის უფლება პირგასამტეხლოს დარიცხვის თაობაზე წარმოშობილი არ არის.

22. რაც შეეხება ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვაზე მოპასუხის (კასატორის) მითითებას, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 442-ე მუხლის საფუძველზე ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა წარმოადგენს ცალმხრივ გარიგებას, რა დროსაც, სამართლებრივი შედეგის დადგომისათვის სავალდებულოა ერთი პირის მიერ ნების გამოვლენა, ხოლო მეორე პირის მიერ მისი მიღება... მისი ქმედითობა დამოკიდებულია მეორე პირის მიერ ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის ნების მიღებასა და გასაქვითი ვალდებულების არასადავოობაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ გაქვითვა შესაძლებელია მაშინ, როდესაც მხარეების მიერ აღიარებულია და სადავოდ არ არის გამხდარი ვალდებულება და მისი მოცულობა. მხარეს ამ უფლების განსახორციელებლად არ სჭირდება სასამართლოსათვის დამოუკიდებელი სარჩელით მიმართვა.

23. იმისათვის, რომ განხორციელდეს გაქვითვა, მოთხოვნა უნდა აკმაყოფილებდეს ნამდვილობის პირობებს, კერძოდ: ა) საპასუხო მოთხოვნა რეალურად უნდა არსებობდეს; ბ) ეს მოთხოვნა უნდა იყოს უდავო; გ) როგორც წესი, დამდგარი უნდა იყოს საპასუხო მოთხოვნის შესრულების ვადა (შდრ: სუსგ №ას-708-678-2016, 27 იანვარი, 2017წ.).

24. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან შემკვეთის უფლება მენარდისათვის პირგასამტეხლოს დარიცხვის თაობაზე წარმოშობილი არ არის, ნარდობის საზღაურის გადახდის თაობაზე მენარდის მოთხოვნის ურთიერთგაქვითვის გზით შეწყვეტას, სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია. შესაბამისად, არ არსებობს მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოების აუნაზღაურებლობის საფუძველი (სუსგ №ას-527-2024, 5 ივლისი, 2024 წელი. პპ:20,21).

25. ამავდროულად, იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დარღვევა არ ყოფილა გამოწვეული მიმწოდებლის ბრალეულობით, ვალდებულების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის გამო, მიმწოდებლისათვის პირგასამტეხლოს დარჩენილი ნაწილის დაკისრების მოთხოვნით აღძრული შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებას სწორად ეთქვა უარი.

26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც, მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

27. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან კანონის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გ. ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი

ა. ძაბუნიძე