Facebook Twitter

საქმე №ას-1468-2024 15 იანვარი, 2025 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ.ბ.გ.“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 4 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უსაფუძვლოდ დაკისრებული პირგასამტეხლოსგან გათავისუფლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 4 ივლისის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში - „მოპასუხე“, „მერია“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „მ.ბ.გ–ის“ (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „მოსარჩელე კომპანია“) სარჩელი მერიის მიმართ დაკმაყოფილდა; მოსარჩელე კომპანია გათავისუფლდა მერიის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით - 5 521.13 ლარის გადახდის ვალდებულებისგან.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. 2023 წლის 27 თებერვალს მოსარჩელეს, როგორც მიმწოდებელს და მოპასუხეს, როგორც შემსყიდველს, შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №01.01.01./30/86 ხელშეკრულება;

2.2. ხელშეკრულების:

2.2.1. 2.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების (შესყიდვის) ობიექტი იყო ქ. თბილისში, დიდუბის რაიონში, აკაკი წერეთლის გამზირის (სამტრედიის ქუჩიდან დიდუბის ხიდამდე) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტირება-მშენებლობა, რაც განსაზღვრული იყო მიმწოდებლის ხარჯთაღრიცხვასა და ტექნიკურ დავალებაში, თან ერთვოდა ხელშეკრულებას და წარმოადგენდა მის განუყოფელ ნაწილს;

2.2.2. 2.4. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 8 365 456.78 ლარს, ყველა გადასახადის ჩათვლით;

2.2.3. 2.6. პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულება ძალაში შედიოდა 2023 წლის 27 თებერვლიდან და მოქმედებდა 2026 წლის 28 სექტემბრის ჩათვლით;

2.2.4. 3.4 პუნქტის შესაბამისად, მიმწოდებელი ვალდებული იყო ობიექტზე სამუშაოები ეწარმოებინა 24-საათიან რეჟიმში;

2.2.5. 3.11 პუნქტის მიხედვით, მიმწოდებელი ვალდებული იყო სამუშაოების შესრულებისას წარმოქმნილი ნარჩენები (ინერტული) განეთავსებინა მერიის სპეციალურად საამისოდ გამოყოფილ ადგილზე, თბილისის ტერიტორიაზე განთავსების შემთხვევაში - გლდანის რაიონი, თბილისის შემოვლითი საავტომობილო გზის მე-15 კილომეტრი;

2.2.6. 3.12. პუნქტით, მიწოდების ადგილი იყო ქ. თბილისი, წერეთლის გამზირი, სამტრედიის ქუჩიდან დიდუბის ხიდამდე მონაკვეთი;

2.2.7. 5.1. პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლს ნებისმიერ ეტაპზე ახორციელებდა შემსყიდველი;

2.2.8. 5.2. პუნქტით, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლზე ინსპექტირებას შემსყიდველის მხრიდან განახორციელებდნენ მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის თანამშრომლები, ხოლო ტექნიკურ ზედამხედველობას - ა(ა)იპ თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია;

2.2.9. 5.3. პუნქტით, შემსყიდველი უფლებამოსილი იყო სამუშაოების მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე განეხორციელებინა სამუშაო პროცესის ზედამხედველობა;

2.2.10.9.1. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ, ფორს-მაჟორული პირობების გარდა, ხელშეკრულების დამდები მხარეების მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის, არაჯეროვნად შესრულების ან/და დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში გამოიყენება საჯარიმო სანქციები;

2.2.11.9.9. პუნქტის შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველის მიერ სამუშაოების ზედამხედველობის დროს განხორციელებული ინსპექტირებისას დადგინდებოდა, რომ მიმწოდებელი აღნიშნულ მომენტში არ ახორციელებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოებს, მიმწოდებელი დაჯარიმდებოდა ყოველ ჯერზე ხელშეკრულების ღირებულების 0.06%-ის ოდენობით;

2.3. 2023 წლის 1 მარტს მოსარჩელე კომპანიასა და შპს „მ. ჰ. ჯ–ას“ შორის დაიდო ხელშეკრულება №MBG 01/03/2023, რომლითაც დამკვეთი ავალებდა, ხოლო შემსრულებელი კისრულობდა ვალდებულებას შეესრულებინა წინამდებარე ხელშეკრულების 1.2. პუნქტით განსაზღვრული სამუშაოები, რომელზეც ვრცელდებოდა წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები:

2.3.1. ხელშეკრულების 1.2. პუნქტის შესაბამისად, დამკვეთის დავალებით შემსრულებელი კისრულობდა ვალდებულებას შეესრულებინა ქ. თბილისში, დიდუბის რაიონში, აკაკი წერეთლის გამზირის (სამტრედიის ქუჩიდან დიდუბის ხიდამდე) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტირება-მშენებლობა, რომელიც განსაზღვრული იყო შემსრულებლის ხარჯთაღრიცხვასა და ტექნიკურ დავალებაში, თან ერთვოდა წინამდებარე ხელშეკრულებას და წარმოადგენდა მის განუყოფელ ნაწილს;

2.3.2. ხელშეკრულების 2.5. პუნქტის შესაბამისად, შემსრულებელი ვალდებული იყო ობიექტზე სამუშაოები ეწარმოებინა 24-საათიან რეჟიმში.

2.4. 2023 წლის 1 მარტს შპს „მ.ჰ.ჯ–სა“ და შპს „ა....“-ს შორის დაიდო ხელშეკრულება ქვეკონტრაქტზე №280223/სხ-01, რომლის თანახმად, ხელშეკრულების ობიექტს წარმოადგენდა ქ. თბილისში, დიდუბის რაიონში, აკაკი წერეთლის გამზირის (სამტრედიის ქუჩიდან დიდუბის ხიდამდე) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტირება-მშენებლობა, რომელიც განსაზღვრული იყო შემსრულებლის ხარჯთაღრიცხვასა და ტექნიკურ დავალებებში, თან ერთვოდა ხელშეკრულებას და წარმოადგენდა მის განუყოფელ ნაწილს. ხელშეკრულება ძალაში შედიოდა 2023 წლის 1 მარტს და მოქმედებდა 2026 წლის 18 სექტემბრის ჩათვლით. ხელშეკრულების 3.3. პუნქტის შესაბამისად, შემსრულებელი ვალდებული იყო ობიექტზე სამუშაოები ეწარმოებინა 24-საათიან რეჟიმში;

2.5. მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის 2023 წლის 19 მაისის წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ 2023 წლის 20 მაისიდან ქ. თბილისში, დიდუბის რაიონში დაეწყო აკაკი წერეთლის გამზირის (სამტრედიის ქუჩიდან დიდუბის ხიდამდე ღერძიდან მარცხენა მხარეს) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები და დაესრულებინა 50 კალენდარულ დღეში. მოსარჩელეს ასევე ეცნობა, რომ ხელშეკრულების 3.4. პუნქტის შესაბამისად ობიექტზე სამუშაოები უნდა ეწარმოებინა 24-საათიან რეჟიმში;

2.6. 2023 წლის 25 ივლისს მერიის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელმა წერილობით მიმართა მოსარჩელეს და აცნობა, რომ მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის 2023 წლის 24 ივლისის №14-01232052690 წერილიდან გამომდინარე, მოსარჩელის მიერ დარღვეული იყო მერიასთან 2023 წლის 27 თებერვალს დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №01.01.01/30/86 ხელშეკრულების (ქ. თბილისში, დიდუბის რაიონში, აკაკი წერეთლის გამზირის (სამტრედიის ქუჩიდან დიდუბის ხიდამდე) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტირება-მშენებლობა) პირობები. კერძოდ, მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის 2023 წლის 19 მაისის №14-01231393223 წერილით მოსარჩელეს დავალებული ჰქონდა ზემოაღნიშნული სამუშაოების დაწყება 20 მაისიდან 24-საათიან რეჟიმში, თუმცა, 2023 წლის 23 ივლისის ინსპექტირების აქტიდან ირკვეოდა, რომ ზემოაღნიშნულ ობიექტზე სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში არ მიმდინარეობდა. მოპასუხემ ამავე წერილში მიუთითა, რომ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №01.01.01/30/86 ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, ამავე ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.9 პუნქტის შესაბამისად, ვინაიდან, შემყიდველის მიერ სამუშაოების ზედამხედველობის დროს განხორციელებული ინპექტირებისას დადგინდა, რომ მიმწოდებელი აღნიშნულ მომენტში არ ახორციელებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოებს, მოსარჩელეს ეკისრებოდა ჯარიმა, ხელშეკრულების ღირებულების (9 201 870.47 ლარი) 0.06%-ის ოდენობით - 5 521.13 ლარი;

2.7. მოსარჩელის მიერ 2023 წლის 27 თებერვლის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ობიექტზე 2023 წლის 23 ივლისს 07:46:00 საათიდან 07:55:00 საათამდე განხორციელდა ტრანშეიდან ამოღებული მასალის გატანა თბილისის გლდანის ნაგავსაყრელის მიმართულებით. მოცემულ პერიოდში ობიექტიდან გავიდა 17 მანქანა. თითოეული მანქანის მიერ გატანილმა საქონლის რაოდენობამ შეადგინა 20მ3. ამავე ობიექტზე 2023 წლის 23 ივლისს 22:04:00 საათიდან 22:09:00 საათამდე განხორციელდა ტრანშეიდან ამოღებული მასალის გატანა თბილისის გლდანის ნაგავსაყრელის მიმართულებით. მოცემულ პერიოდში ობიექტიდან გავიდა 6 მანქანა. თითოეული მანქანის მიერ გატანილმა საქონლის რაოდენობამ შეადგინა 20მ3.

3. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მერიის მიერ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N01.01.01/30/86 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე საფუძვლიანი იყო.

4. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ვალდებულების წარმოშობის საფუძველია მხარეთა შორის 2023 წლის 27 თებერვალს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N01.01.01/30/86 ხელშეკრულება, რომლითაც მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების არსებით პირობებზე საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ მოსარჩელე ვალდებული იყო ობიექტზე სამუშაოები ეწარმოებინა 24-საათიან რეჟიმში, ხოლო ხელშეკრულების 9.9. პუნქტით განისაზღვრა, რომ, იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველის მიერ სამუშაოების ზედამხედველობის დროს განხორციელებული ინსპექტირებისას დადგინდებოდა, რომ ის აღნიშნულ მომენტში არ ახორციელებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოებს, მიმწოდებელი დაჯარიმდებოდა ყოველ ჯერზე ხელშეკრულების ღირებულების 0.06%-ის ოდენობით. დადგენილია, რომ მოსარჩელე დაჯარიმდა ხელშეკრულების 3.4. პუნქტის დარღვევის გამო, რადგან მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის თანამშრომლის მიერ შედგენილი ინსპექტირების აქტით 2023 წლის 23 ივლისს 20:52 საათის მდგომარეობით ობიექტზე ჩატარებული ინსპექტირების შედეგად გამოვლენილი იყო, რომ აღნიშნული მომენტისათვის ობიექტზე სამუშაოები არ მიმდინარეობდა.

5. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 418-ე მუხლით და განმარტა, რომ პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. შესაბამისად, პირგასამტეხლოს მოთხოვნის პარალელურად ვალდებულების შესრულების მოთხოვნა დაუშვებელია, თუ, რა თქმა უნდა, როგორც ეს განსახილველ შემთხვევაშია, დარღვევა ვადაგადაცილებაში არ მდგომარეობს.

6. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი 2023 წლის 23 ივლისის ინსპექტირების აქტი არ შეიცავს კონკრეტულ მითითებას, რა სახით და რა მონაკვეთზე ჩატარდა ინსპექტირება, იმის გათვალისწინებით, რომ მონაკვეთი - აკაკი წერეთლის გამზირი, სამტრედიის ქუჩიდან შ. შალიკაშვილის ქუჩამდე რამდენიმე კილომეტრია და ობიექტის ერთი მონაკვეთიდან სხვა მონაკვეთი შესაძლებელია თვალისათვის უხილავი ყოფილიყო, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებასაც, რომ ინსპექტირება ღამის საათებშია ჩატარებული, ასევე ინსპექტირების აქტს არ ახლავს ფოტო ან ვიდეო მასალა.

7. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელეს იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ ინსპექტირების აქტში მითითებულ დროის მონაკვეთში იგი ხელშეკრულებით ნაკისრ სამუშაოებს ასრულებდა, წარმოდგენილი აქვს სასაქონლო ზედნადებები. სასაქონლო ზედნადებებში აღნიშნულია, რომ ობიექტზე 2023 წლის 23 ივლისს 22:04:00 საათიდან 22:09:00 საათამდე განხორციელდა ტრანშეიდან ამოღებული მასალის გატანა თბილისის გლდანის ნაგავსაყრელის მიმართულებით. მოცემულ პერიოდში ობიექტიდან გავიდა 6 მანქანა, ხოლო თითოეული მანქანის მიერ გატანილმა საქონლის რაოდენობამ შეადგინა 20მ3 (ს.ფ. 39-43,86).

8. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება სასაქონლო ზედნადების მნიშვნელობასთან მიმართებით და მიუთითა, რომ სასაქონლო ზედნადები არის დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მეწარმე სუბიექტის მიერ კონკრეტული ქმედების (ნივთის მიწოდება, მომსახურების გაწევა) შესრულების ფაქტს. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებები ადასტურებს ობიექტზე ტრანშეიდან ამოღებული მასალის გადაზიდვას, შესაბამისად, სამუშაოს შესრულების ფაქტს. გადაზიდვის პერიოდია 2023 წლის 23 ივლისი, 22:04:00 საათიდან 22:09:00 საათამდე. ამასთან, გადაზიდვა შესრულებულია ექვსი ავტომობილით, თითოეული მათგანის ტვირთის მოცულობა კი შეადგენს 20მ3. ამ რაოდენობისა და მოცულობის ტვირთის (ტრანშეიდან ამოღებული მასალა) გადასაზიდად მომზადება კი სამშენებლო-სარეაბილიტაციო ობიექტის მასშტაბიდან გამომდინარე შეუძლებელია ერთ საათში მომხდარიყო.

9. პალატის მოსაზრებით, საქმეში წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებების საფუძველზე დადასტურებულად ვერ იქნებოდა მიჩნეული, რომ მოსარჩელე ინსპექტირების აქტის შედგენის დროისათვის (2023 წლის 23 ივლისის 20:52 საათი) 2023 წლის 27 თებერვლის სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ობიექტზე (თბილისი, დიდუბის რაიონში, აკაკი წერეთლის გამზირი, სამტრედიის ქუჩიდან დიდუბის ხიდამდე მონაკვეთი) არ აწარმოებდა სარეაბილიტაციო სამუშაოებს. შესაბამისად, გასაზიარებელი იყო ინსპექტირების აქტის შედგენის დროისათვის სამუშაოების შესრულებასთან მიმართებით მოსარჩელე მხარის მტკიცებულებებით გამყარებული პოზიცია.

10. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მხარეთა შეთანხმებით პირგასამტეხლოს გადახდა მიმწოდებელს დაეკისრებოდა იმ შემთხვევაში, თუ დადგინდებოდა, რომ ინსპექტირებისას მიმწოდებელი არ ასრულებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოებს.

11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ დაასკვნა, რომ, ვინაიდან ინსპექტირების აქტის შედგენის დროისათვის მოსარჩელეს არ დაურღვევია მხარეთა შორის 2023 წლის 27 თებერვალს დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების 3.4. პუნქტით დადგენილი პირობა, იგი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მართებულად იქნა გათავისუფლებული მერიის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით - 5 521.13 ლარის გადახდის ვალდებულებისგან.

12. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

13. კასატორმა მიუთითა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:

13.1. საქმეში წარმოდგენილი ინსპექტირების აქტი ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამუშაოები არ მიმდინარეობდა 24-საათიან რეჟიმში. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ზედნადებები ვერ იქნება მიჩნეული მის მიერ სამუშაოების 24-საათიან რეჟიმში შესრულების დამადასტურებელ მტკიცებულებად, ვინაიდან კონტრაქტორს ისე უნდა უზრუნველეყო სამუშაოების განხორციელება, რომ ობიექტზე მუდმივ რეჟიმში გაგრძელებულიყო სამუშაოები, მას სწორად უნდა გადაენაწილებინა მომსახურე პერსონალი საპროექტო ობიექტსა თუ, მაგალითად, გლდანის ნაგავსაყრელზე;

13.2. მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ ხელშეკრულების მე-5 მუხლის შესაბამისად განხორციელებული ინსპექტირებისა და შედგენილი აქტის ობიექტურობაში ეჭვის შესატანად არანაირი საფუძველი არ არსებობს, რადგან აღნიშნული სამსახური კერძოსამართლებრივი სუბიექტის ინტერესების გამტარებელ პირს კი არ წარმოადგენს, რომელსაც მხოლოდ პირადი ინტერესი ამოძრავებს, არამედ არის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს თბილისის საქალაქო მეურნეობის რეაბილიტაციისა და განვითარების პროგრამათა შემუშავებას და მათი განხორციელების უზრუნველყოფას. ინსპექტირების აქტი არ ითვალისწინებს რაიმე ფოტო-ვიდეო გადაღების ვალდებულებას, ხოლო მისი შემდგენი უფლებამოსილი პირის მიმართ საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ვრცელდება უფლებამოსილების მართლზომიერად და კეთილსინდისიერად განხორციელების პრეზუმფცია, აღნიშნულ სახელშეკრულებო პირობებზე თანხმობა კი მხარეებს გამოხატული აქვთ სახელშეკრულებო თავისუფლებისა და ნების ავტონომიის ფარგლებში;

13.3. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების სპეციფიკა და მისი გავლენა საჯარო ინტერესზე. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევით საჯარო ინტერესებისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა უფრო მეტია, ვიდრე ამ კონკრეტულ შემთხვევაში საჯარიმო თანხით განსაზღვრული ოდენობა. ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულების შემთხვევაში, ის პერიოდი, რაც ხელშეკრულების შეუსრულებლობით იქნა მოცდენილი, როგორც ეკონომიკური, ისე შედეგობრივი თვალსაზრისით საზოგადოებრივი კეთილდღეობის გაუმჯობესების წინაპირობა იქნებოდა. შესაბამისად, ხელშეკრულების პირობების დარღვევა საჯარო ინტერესების გათვალისწინებით დაკავშირებულია იმგვარ სანქციებთან, რომელიც მცირეოდენით მაინც აკომპენსირებს მიყენებულ ზიანს;

13.4. სასამართლომ უპირატესობა არ უნდა მიანიჭოს მეწარმე სუბიექტის კერძო ინტერესს და სამართლებრივი დაცვის გარეშე არ უნდა დარჩეს ის საჯარო ინტერესი, რომლის დამცველ მხარესაც მოპასუხე წარმოადგენს. მოსარჩელისთვის ჯარიმის მინიმალური ზრდის კვალდაკვალ, დაუსრულებელი სამუშაოების პირობებში მერიამ გაცილებით დიდი ზიანი განიცადა. განსაკუთრებულ საჯარო ინტერესს წარმოადგენს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დადგენილ ვადებში დასრულება. ის გარემოება, რომ მოსარჩელეს 24-საათიან რეჟიმში განუწყვეტლივ უნდა ემუშავა, რათა ხელშეკრულება დროულად დამთავრებულიყო, მეტყველებს მხოლოდ და მხოლოდ მომეტებული საჯარო ინტერესის არსებობაზე. სწორედ ხსენებული გარემოება უნდა იქნეს სასამართლოს მიერ შეფასებული, ამასთან, მოსარჩელის მხრიდან ხელშეკრულების პირობების დარღვევას ნამდვილად ჰქონდა ადგილი და დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით, დაკისრებული ჯარიმა პროპორციულია;

13.5. სარეაბილიტაციო სამუშაოების 24-საათიან რეჟიმში წარმოების დასადასტურებლად მხარის მიერ წარმოდგენილია მხოლოდ სასაქონლო ზედნადებები, აღნიშნული ზედნადებები არის დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს მეწარმე სუბიექტის კონკრეტული ქმედების შესრულების ფაქტს კონკრეტულ დროს, რომელშიც იგულისხმება ტრანშედან ამოღებული მასალის გადაზიდვა გლდანის ნაგავსაყრელზე. პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ სასაქონლო ზედნადებები არ ასახავს სამუშაოთა მიმდინარეობის პროცესს სადავო თარიღში სრული 24 საათის განმავლობაში. აქ მნიშვნელოვანია ხელშეკრულების 3.4 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების მიზანი, რომელიც გულისხმობს სამუშაოთა პერიმეტრზე აქტიურ სამუშაო პროცესს. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ სამუშაოები გათვალისწინებული იყო დედაქალაქის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან, საკმაოდ მოცულობით და დატვირთულ გამზირზე, რაც მიუთითებს სამუშაოთა 24-საათიან რეჟიმში განხორციელების საჭიროებას და ცალსახას ხდის, რომ აღნიშნული გულისხმობს არა ობიექტის რომელიმე წერტილზე ერთი პირის მიერ რაიმე, თუნდაც ელემენტარული სამუშაოს განხორციელებას, არამედ აქტიური სამუშაო პროცესის მიმდინარეობის უზრუნველყოფას ტექნიკისა და მუშახელის რაოდენობის სწორი გადანაწილების გათვალისწინებით. შესაბამისად, მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა ისეთი მტკიცებულება, რომელიც გააქარწყლებდა მის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებათა დარღვევის ფაქტსა და პირგასამტეხლოს დაკისრების უსაფუძვლობას.

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ნოემბრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

15. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

16. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

17. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].

18. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შემოწმების საგანია დაკისრებული პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების კანონიერება.

19. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება, პირველ რიგში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლოს გადახდა და ა.შ.) ვალდებულება. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (იხ. სუსგ საქმე №ას-214-204-2016, 22 ივნისი, 2016 წელი; საქმე №ას-1220-1480-09, 25 მაისი, 2010 წელი).

20. პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის [სსკ-ის 417-ე მუხლი].

21. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლების განხორციელება დამოკიდებულია გარკვეული პირობის დადგომაზე - მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევაზე (იხ: ირაკლი რობაქიძე, სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, თბილისი, 2014წ., გვ. 590). პირგასამტეხლოს მოთხოვნის აუცილებელი წინაპირობაა მხოლოდ ვალდებულების დარღვევა. ვალდებულება შეიძლება მდგომარეობდეს აქტიურ მოქმედებასა ან უმოქმედობაში. ვალდებულების დარღვევა კი შეიძლება გამოიხატოს ვალდებულების შეუსრულებლობასა ან არაჯეროვან შესრულებაში. მტკიცების ტვირთის განაწილების მხრივ კრედიტორმა უნდა ამტკიცოს ვალდებულების დარღვევა და პირგასამტეხლოს თაობაზე წერილობითი ფორმით შეთანხმების არსებობა, ხოლო მოვალის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაა ვალდებულების ჯეროვანი შესრულება ან ვალდებულების შესრულების შეუძლებლობა, რაც მოვალის ბრალით არ არის განპირობებული (იხ. ქეთევან მესხიშვილი, კერძო სამართლის აქტუალური საკითხები, ტომი I, თბილისი, 2020, გვ. 92-93).

22. ამდენად, პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.

23. განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის 2023 წლის 27 თებერვალს დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №01.01.01./30/86 ხელშეკრულების 3.4 პუნქტის შესაბამისად, მიმწოდებელი ვალდებული იყო ობიექტზე სამუშაოები ეწარმოებინა 24-საათიან რეჟიმში.

24. ხელშეკრულების 9.9. პუნქტის შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველის მიერ სამუშაოების ზედამხედველობის დროს განხორციელებული ინსპექტირებისას დადგინდებოდა, რომ მიმწოდებელი აღნიშნულ მომენტში არ ახორციელებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოებს, მიმწოდებელი დაჯარიმდებოდა ყოველ ჯერზე ხელშეკრულების ღირებულების 0.06%-ის ოდენობით.

25. დადგენილია, რომ მოსარჩელე დაჯარიმდა ხელშეკრულების 3.4. პუნქტის დარღვევის გამო, რადგან მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის თანამშრომლის მიერ შედგენილი ინსპექტირების აქტით 2023 წლის 23 ივლისს 20:52 საათის მდგომარეობით ობიექტზე ჩატარებული ინსპექტირების შედეგად გამოვლენილი იყო, რომ აღნიშნული მომენტისათვის ობიექტზე სამუშაოები არ მიმდინარეობდა.

26. საქმეში წარმოდგენილია სასაქონლო ზედნადებები, რომელთა თანახმად, ობიექტზე 2023 წლის 23 ივლისს 22:04:00 საათიდან 22:09:00 საათამდე განხორციელდა ტრანშეიდან ამოღებული მასალის გატანა თბილისის გლდანის ნაგავსაყრელის მიმართულებით. მოცემულ პერიოდში ობიექტიდან გავიდა 6 მანქანა, ხოლო თითოეული მანქანის მიერ გატანილმა საქონლის რაოდენობამ შეადგინა 20მ3 (ს.ფ. 39-43,86).

27. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ აღნიშნული სასაქონლო ზედნადებები არ აქარწყლებს სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის ფაქტს.

28. სასაქონლო ზედნადები არის საქონლის ტრანსპორტირებისათვის აუცილებელი და მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ასახავს მიწოდებული საქონლის ოდენობას და მის ფასს (იხ. სუსგ საქმე №ას-794-743-2017, 31 ივლისი, 2017 წელი).

29. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებებით დასტურდება ობიექტზე ტრანშეიდან ამოღებული მასალის გადაზიდვა. იმის გათვალისწინებით, რომ გადაზიდვა განხორციელდა 2023 წლის 23 ივლისს 22:04:00 საათიდან 22:09:00 საათამდე, ექვსი ავტომობილით და თითოეული მათგანის ტვირთის მოცულობა კი შეადგენდა 20მ3-ს, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ამ რაოდენობისა და მოცულობის ტვირთის (ტრანშეიდან ამოღებული მასალა) გადასაზიდად მომზადება სამშენებლო-სარეაბილიტაციო ობიექტის მასშტაბიდან გამომდინარე შეუძლებელია ერთ საათში მომხდარიყო.

30. გამომდინარე აქედან, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს ინსპექტირების აქტის შედგენის დროისათვის - 2023 წლის 23 ივლისის 20:52 საათი დარღვეული არ ჰქონდა ხელშეკრულების 3.4 პუნქტით დადგენილი ვალდებულება 24-საათიან რეჟიმში სამუშაოს შესრულების თაობაზე. შესაბამისად, ვინაიდან სახეზე არ არის ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულება, მართებულად გათავისუფლდა მოსარჩელე მოპასუხის მიერ დაკისრებული პირგასამტეხლოსგან.

31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გ. ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი

ა. ძაბუნიძე