Facebook Twitter

საქმე №ას-1485-2024 17 იანვარი, 2025 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ნ.ვ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ.ც–ის (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის უარყოფა

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 5.10.2012წ.-ს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით თ.ც–ისის (შემდეგში: მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი დაკმაყოფილდა მოპასუხის მიერ შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო და შეწყდა მოსარჩელეს და ნ.ვ–ს (შემდეგში: მოპასუხე ან საჩივრის ავტორის ან კასატორი) შორის 26.06.2009წ.-ს რეგისტრირებული ქორწინება.

2. დაუსწრებელი გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 24.10.2023წ.-ის განჩინებით, რაც სააპელაციო საჩივრით გასაჩივრდა საჩივრის ავტორის მიერ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 11.10.2024წ.ის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი და მოსარჩელის შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 5.10.2012წ.-ს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 24.10.2023წ.-ის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ, უცვლელი დარჩა.

4. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

4.1 24.07.2012წ.-ს მოსარჩელემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხესთან ქორწინების შეწყვეტის მოთხოვნით.

4.2 მოპასუხეს გაეგზავნა სარჩელი მოსარჩელის მიერ მითითებულ მისამართზე და 9.08.2012წ.-ს ჩაჰბარდა.

4.3 მოპასუხისათვის წერილობითი შესაგებლის წარმოსადგენად დანიშნული 10 დღიანი ვადა ამოიწურა ისე, რომ მოპასუხეს შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც მისი წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზის შესახებ უცნობებია სასამართლოსთვის.

4.4 მოპასუხის მიერ შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო, მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, კერძოდ, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იმის თაობაზე, რომ მხარეთა შორის რეგისტრირებულია ქორწინება და მათი ოჯახის შენარჩუნება - მეუღლეთა ერთად ცხოვრება, შეუძლებელია, რაც სარჩელის იურიდიულ მართებულობაზე მიუთითებდა.

4.5 მოპასუხემ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე წარადგინა საჩივარი და მისი გაუქმებით საქმის წარმოების განახლება მოითხოვა. მოპასუხის საჩივარი უარყოფილი იქნა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რაც სააპელაციო საჩივრით გასაჩივრდა საჩივრის ავტორის (მოპასუხე) მიერ.

5. სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლობის გამო, არ გაიზიარა აპელანტის (მოპასუხე) მითითება მისთვის სარჩელის ჩაბარების დოკუმენტების გაყალბების შესახებ, იმ მოტივით, რომ მოპასუხემ ვერ წარმოადგინა საპირწონე მტკიცებულება, რომელიც საქართველოს ფოსტის მიერ გაცემული წერილის ნამდვილობას ეჭვქვეშ დააყენებდა.

6. უარყოფილი იქნა აპელანტის ის პოზიციაც, რომელიც შესაგებლის წარმოუდგენლობის საპატიო გარემოების არსებობას შეეხებოდა, კერძოდ, მოპასუხე მიუთითებდა, რომ საქმის განხილვის პერიოდისათვის (2012 წელი) ის იმყოფებოდა საბერძნეთში და გადიოდა მკურნალობას ავთვისებიან სიმსივნეზე - საავადმყოფოში იტარებდა ქიმიოთერაპიის კურსს. ამ გარემოების დასადასტურებლად საჩივრის ავტორმა სასამართლოს წარუდგინა ანალიზის შედეგები, რომელიც ჩაბარებული იყო 20.04.2021წ.-ს. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ანალიზები ჩატარებული იყო სარჩელისა და თანდართული მასალების ჩაბარებიდან 9 წლის შემდეგ. ამასთან, აღნიშნული დოკუმენტები არც სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ იყო ხელმოწერილი (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ-ის) 215.3 მუხლი).

7. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელის ინტერესს განქორწინება წარმოადგენდა; დავის არსის მოკლე მიმოხილვის გრაფაში მითითებული იყო მხარეებს შორის პრობლემის არსებობის შესახებ, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 1122-ე და 1127-ე მუხლების საფუძველზე იურიდიულად ამართლებდა მოთხოვნას.

8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა. საკასაციო განაცხადში კასატორი მიუთითებს, რომ ის ინფორმირებული არ იყო მის მიმართ წარმოებული დავის შესახებ, კერძოდ, სარჩელი და თანდართული დოკუმენტები მოპასუხეს არ ჩაჰბარებია (დეტალურად იხ., საკასაციო საჩივარი). კასატორმა დამატებითი მოსაზრებები წარმოადგინა საქართველოს უზენაეს სასამართლოში 23.12.2024წ.-ს, ასევე 16.01.2025წ.-ს.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

10. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

11. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

12. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ (დასაშვებ) პრეტენზიას არ შეიცავს არც კასატორის მიერ საკასაციო პალატაში წარმოდგენილი დამატებით მოსაზრებები.

13. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, თუ რამდენად მართებულად შეაფასა სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების საპროცესოსამართლებრივი წინაპირობები და არსებობდა თუ არა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების სსსკ-ით გათვალისწინებული საფუძვლები.

14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც სსსკ-ის 2321 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის განმაპირობებელია:

15. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხეს სარჩელი სსსკ-ის 70-75-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაჰბარდა, კერძოდ, ამ განჩინების პ.4.2-ში დადგენილია, რომ მოპასუხეს გაეგზავნა სარჩელი მოსარჩელის მიერ მითითებულ მისამართზე და 9.08.2012წ.-ს ჩაჰბარდა.

16. მოპასუხისათვის სარჩელის ჩაბარების შესახებ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას სადავოდ ხდის კასატორი წარმოდგენილ საკასაციო განაცხადსა და საკასაციო პალატაში წარმოდგენილ დამატებით წერილობით მოსაზრებებში, რასაც საკასაციო პალატა, დაუსაბუთებლობის გამო, ვერ გაიზიარებს. მოპასუხისათვის სარჩელის ჩაბარება დასტურდება საქართველოს ფოსტის 2012 წლის 24 აგვისტოს N15/6/2-4500 წერილით, სადაც მითითებულია, რომ NRR001408578GE შეკვეთილი წერილთან დაკავშირებით, საბერძნეთის რეკლამაციების სამსახურის ინფორმაციით გზავნილი ჩაჰბარდა ადრესატს 09.08.2012წ.-ს (იხ. ტ.I, ს.ფ. 30-31).

17. ზემოაღნიშნული მტკიცებულების ნამდვილობას ეჭვქვეშ ვერ დააყენებს კასატორის მითითება სარჩელის ჩაბარების დოკუმენტების მოსარჩელის მიერ გაყალბებაზე.

18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.

19. საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგ., განაცხადოს, რომ იგი უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან (იხ. ჰ.ბიოლინგი, ლ.ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, 64).

20. მტკიცებულებათა სახეები, რომელიც შეიძლება გამოიყენოს სასამართლომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დასადგენად, ამომწურავადაა განსაზღვრული სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით. სასამართლოსათვის რაიმე მტკიცებულებას წინასწარ დადგენილი ძალა არ გააჩნია, არამედ, სსსკ-ის 105-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით მტკიცებულების ყოველმხრივი შესწავლა-გამოკვლევის საფუძველზე ადგენს სასამართლო მტკიცების საგანში შემავალ გარემოებებს და ამ გზით ყალიბდება სადავო ფაქტის არსებობა-არარსებობის თაობაზე მოსამართლის შინაგანი რწმენა. მტკიცებულებათა შეფასების დროს მხარეებს უფლება აქვთ, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მტკიცებულებების სარწმუნოობა. მათი უტყუარობის თუ სიყალბის შესახებ მოსაზრებები შეიძლება გამოთქვან არამარტო მხარეებმა, არამედ მესამე პირებმა, აგრეთვე, სპეციალისტებმა და ექსპერტებმა, თუ ისინი მონაწილეობენ პროცესში. საბოლოოდ კი წარმოდგენილ მტკიცებულებებს აფასებს სასამართლო. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და უკავშირდებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები კი უნდა იყოს დასაბუთებული და, იმავდროულად, უნდა დასტურდებოდეს რელევანტური მტკიცებულებებით (სუსგ №ას-221-2019, 17 მაისი, 2019წ. პ.1.4).

21. მოსარჩელემ, მტკიცების ტვირთის რეალიზების მიზნით სასამართლოს წარუდგინა საქართველოს ფოსტის 2012 წლის 24 აგვისტოს N15/6/2-4500 წერილი, სადაც მითითებულია, რომ NRR001408578GE შეკვეთილი წერილთან დაკავშირებით, საბერძნეთის რეკლამაციების სამსახურის ინფორმაციით გზავნილი ჩაჰბარდა ადრესატს 09.08.2012წ.-ს (იხ. ტ.I, ს.ფ.30-31). აპელანტს (კასატორი) საწინააღმდეგო მტკიცებულება არ წარმოუდგენია (მაგ: ინფორმაცია ფოსტიდან, რომ კორესპონდენცია სხვა პირს ჩაბარდა ან მტკიცებულება დოკუმენტის სიყალბის თაობაზე და სხვა). როგორც უკვე განიმარტა, სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით და შეჯიბრებითობის პრინციპის პირობებში, მოკლებულია შესაძლებლობას რომელიმე მხარეს მიუთითოს რა მტკიცებულებებით უნდა გაამყაროს საკუთარი პოზიცია.

22. ამდენად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოპასუხემ ვერ წარმოადგინა საპირწონე მტკიცებულება, რომელიც საქართველოს ფოსტის მიერ გაცემულ წერილს გააქარწყლებდა და ეჭვქვეშ დააყენებდა. შესაბამისად, საკასაციო პალატას კასატორის პრეტენზია მისთვის სარჩელის ჩაუბარებლობის შესახებ, უსაფუძვლოდ მიაჩნია. აღსანიშნავია ისიც, რომ ზემოთმითითებული არგუმენტზე მოპასუხე მიუთითებდა, როგორც დაუსწრებელი გადაწყვეტილების წინააღმდეგ წარდგენილ საჩივარში, ასევე, სააპელაციო საჩივარშიც, რომლის უსაფუძვლობასა და დაუსაბუთებლობაზე ნამსჯელი აქვთ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებს.

23. სსსკ-ის 2321 მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. ამავე კოდექსის 241-ე მუხლით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვისას დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხს არეგულირებს სსსკ-ის XXVI თავი. მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის სახეზე უნდა იყოს (სსსკ-ის 2321 მუხლი) შემდეგი წინაპირობები: ა) მოპასუხე სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით უნდა იყოს ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე, კერძოდ, მას დადგენილი წესით უნდა ჰქონდეს ჩაბარებული სარჩელი და თანდართული მასალები და ამომწურავად უნდა განემარტოს 201-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის ფარგლებში დანიშნული საპროცესო ვადის არასაპატიოდ დარღვევის ნეგატიური შედეგების თაობაზე; ბ) მოპასუხემ ბრალეულად უნდა დაარღვიოს შესაგებლის შეტანისათვის განსაზღვრული ვადა. ამ ფაქტობრივი წინაპირობების არსებობა განაპირობებს სარჩელში მითითებული გარემოებების დადგენილად მიჩნევის აუცილებლობას იმგვარად, რომ სასამართლო არათუ ვალდებული, უფლებამოსილიც არაა, შეამოწმოს და შეფასება მისცეს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს სარჩელში მითითებულ ნებისმიერ საკითხზე.

25. იმისათვის, რომ სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით დააკმაყოფილოს სარჩელი, მოსამართლე ვალდებულია, გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები (სარჩელში მითითებული ფაქტები) ამართლებენ თუ არა იურიდიული თვალსაზრისით მოთხოვნას.

26. უზენაესი სასამართლოს არაერთ განჩინებაშია განმარტებული, თუ რას მოიაზრებს დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას სასარჩელო მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა - აღნიშნული გულისხმობს მოთხოვნის დამფუძნებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის სწორად განსაზღვრასა და იმის უტყუარად დადგენას, სარჩელში მითითებული და კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული გარემოებების სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასება იძლევა თუ არა დამფუძნებელი ნორმის შემადგენლობას. მითითებულ წინაპირობათაგან თუნდაც ერთ-ერთის არარსებობა იწვევს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმასა და მხარეთა დაბარებას სასამართლო სხდომაზე. ასეთ შემთხვევაში, განსხვავებულია მოპასუხის უფლებრივი მდგომარეობა, კერძოდ, მოპასუხისაგან მტკიცებულებები არ მიიღება, სამართლებრივი ბალანსი იმგვარია, რომ მოპასუხეს მხოლოდ სამართლებრივი შესაგებლის წარდგენის უფლება აქვს, ანუ თავდაცვის საპროცესო საშუალება მხოლოდ მოთხოვნასთან მიმართებით მისი სამართლებრივი მოსაზრებით შემოიფარგლება (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განჩინება საქმეზე №ას-121-117-2016, 17.03.2016წ.).

27. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხეს სარჩელი ჩაჰბარდა კანონით გათვალისწინებული წესების დაცვით, თუმცა, მას სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში შესაგებელი არ წარუდგენია და არც შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზის შესახებ უცნობებია სასამართლოსთვის.

28. რაც შეეხება მოთხოვნის იურიდულ მართებულობას, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონმდებელი ქორწინების საფუძვლად მიიჩნევს, მხოლოდ ნებაყოფლობით კავშირს, რაც ნიშნავს იმას, რომ ქორწინების შესახებ შეთანხმება, აგრეთვე, მისი შეწყვეტა, მეუღლეთა ნება-სურვილზეა დამოკიდებული. ქორწინების მიზანი, არის ოჯახის შექმნა და მეუღლესთან ერთად საერთო მეურნეობის გაძღოლა. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება მოიაზრებს ოჯახური ცხოვრების ყველა იმ ასპექტს, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას. დაცვად კატეგორიათა რიგს მიეკუთვნება პირის ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობა, ყოველი პირის ლეგიტიმური შესაძლებლობა, თავად აირჩიოს მეუღლედ პირი, რომელთანაც სურს საოჯახო ურთიერთობის დამყარება, ასევე, დაცულია ოჯახური ცხოვრების შეწყვეტის უფლება (სუსგ-ები №ას-813-2019, 14.02.2020წ.; №ას-527-2021, 29 ნოემბერი, 2021წ.).

29. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის სარჩელში მითითებული გარემოებები განქორწინების შესახებ სასარჩელო მოთხოვნას იურიდიულად ამართლებს, კერძოდ, სარჩელის წარდგენის წინაპირობა გახდა ის გარემოება, რომ მხარეთა ოჯახის შენარჩუნება - მეუღლეთა ერთად ცხოვრება შეუძლებელია. შესაბამისად, დადასტურებულად ცნობილი ფაქტები ამართლებენ სარჩელს (სსკ-ის 1127-ე მუხლის მე-3 ნაწილი) (სუსგ Nას-103-2020, 29 ივნისი, 2020წ. პპ:41,48).

30. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების დამაბრკოლებელი რაიმე გარემოება.

31. ამასთან, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც, განქორწინების საკითხზე, ასევე, შესაგებლის წარუდგენლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილების საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა (სუსგ-ები №ას-1238-2019, 31 იანვარი, 2020წ.; №ას-1315-2021, 14 თებერვალი, 2022წ.).

32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც, მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

33. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი (სსსკ-ის 401.4 მუხლი).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ნ.ვ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. ნ.ვ–ს (პ.ნ:.......) დაუბრუნდეს ბ.ც–ას მიერ 20.11.2024წ-ს №5664 საგადასახადო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარიდან 105 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გ. ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი

ა. ძაბუნიძე