Facebook Twitter

საქმე №ას-1408-2024 15 იანვარი, 2025 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ა.დ–ი

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა.ჰ.ს–ო“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2024 წლის 15 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

შპს „ა.ჰ.ს–ომ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ა.დ–ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შპს „ა.ჰ.ს–ოს“ სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე ა.დ–ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 50840 აშშ დოლარის გადახდა.

დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა ა.დ–მა და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 ივლისის განჩინებით ა.დ–ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა.დ–მა და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 მარტის განჩინებით ა.დ–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. მოცემულ საქმეზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი ძალაში დატოვების შესახებ ამავე სასამართლოს 2021 წლის 29 ივლისის განჩინება და საქმე მისი მომზადების სტადიიდან განსახილველად დაუბრუნდა თბილისის საქალაქო სასამართლოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „ა.ჰ.ს–ოს“ სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე ა.დ–ს შპს „ა.ჰ.ს–ოს“ სასარგებლოდ დაეკისრა 50840 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, ანგარიშსწორების დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სავალუტო კურსის შესაბამისად.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა.დ–მა და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ა.დ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა აპელანტის გამოუცხადებლობის გამო.

დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა ა.დ–მა და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 15 ივლისის განჩინებით ა.დ–ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე საკასაციო წესით გაასაჩივრა ა.დ–მა და მოითხოვა მისი გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 13 ნოემბრის განჩინებით კასატორს განესაზღვრა 7-დღიანი ვადა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 396-ე მუხლების შესაბამისად დასაბუთებული საკასაციო საჩივრისა და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის (CD დისკის სახით) წარმოსადგენად.

2024 წლის 22 ნოემბერს კასატორის წარმომადგენელმა ნ.ზ–ამ წარმოადგინა დასაბუთებული საკასაციო საჩივარი და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება.

საკასაციო სასამართლოს 2024 წლის 26 ნოემბრის განჩინებით ა.დ–ის წარმომადგენელ ნ.ზ–ას შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს და კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 7 დღით.

აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, კასატორის წარმომადგენელ ნ.ზ–ას ჩაბარდა 2024 წლის 27 ნოემბერს.

2024 წლის 4 დეკემბერს კასატორის წარმომადგენელმა ნ.ზ–ამ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განჩინების უშუალოდ კასატორისათვის გაგზავნა იმ საფუძვლით, რომ ვერ უკავშირდება მარწმუნებელს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ა.დ–ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ამავე კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია სასამართლო შეტყობინება მხარეს ჩააბაროს აგრეთვე ტელეფონის საშუალებით. აღნიშნული ტიპის შეტყობინების ნამდვილობისათვის კანონმდებელი მოითხოვს, რომ საქმეში წარმოდგენილი იყოს სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ შედგენილი აქტი სატელეფონო შეტყობინების მხარისათვის ჩაბარების თაობაზე (სსკ-ის 73.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი). ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილი კი ადგენს, რომ სასამართლო დამოუკიდებლად წყვეტს ადრესატს შეტყობინება რა ფორმით ჩააბაროს.

განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით ირკვევა, რომ ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2024 წლის 26 ნოემბრის განჩინების საფუძვლები და სარეზოლუციო ნაწილი წარმომადგენელ ნ.ზ–ას ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით 2024 წლის 27 ნოემბერს, საქმეში მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე (იხ. სატელეფონო შეტყობინების აქტი, ტ.3, ს.ფ.163). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ წარმომადგენლისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება ნიშნავს მხარისათვის ჩაბარებას, რაც საპროცესო ვადის ასათვლელად საკმარისი საფუძველია. ამავე კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო 2024 წლის 27 ნოემბერს და ამოიწურა ამავე წლის 4 დეკემბერს, სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში არც კასატორს და არც მის წარმომადგენელს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ.

საკასაციო სასამართლომ გაითვალისწინა კასატორის წარმომადგენლის მოთხოვნა და ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2024 წლის 26 ნოემბრის განჩინების დამოწმებული ასლი გაუგზავნა კასატორს მის მიერ მითითებულ მისამართზე და ელექტრონულ ფოსტაზე.

შპს „ს.კ.ს–ბის“ წერილიდან ირკვევა, რომ გზავნილი ადრესატს ვერ ჩაბარდა არასრული საკონტაქტო ინფორმაციის გამო, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნულ მისამართზე კასატორს სასამართლოს მიერ ორჯერ გაგზავნილი კორესპოდენცია არ ბარდება. საკასაციო სასამართლოს მიერ ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილი განჩინების მიღება კასატორმა არ დაადასტურა, თუმცა დაინტერესდა, თუ რას უგზავნიდნენ მას, ამასთან, ელექტრონული ფოსტა რომ მისი არის სადავოდ არ გაუხდია (ტ.3, ს.ფ.166-173).

საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ ა.დ–ის მიერ გაცემული რწმუნებულება ძალაშია და გზავნილის (უწყების) მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარება საკმარისია კანონით გათვალისწინებული წესით ჩაბარებულად მიჩნევისათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა.დ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილი