Facebook Twitter

საქმე №ას-1192-2024 13 დეკემბერი, 2024 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – მ.ფ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.ბ–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით სს „ს.ბ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

1.1. მოპასუხეებს შპს ,,გ–ს“ და მ.ფ–ძეს მოსარჩელე სს ,,ს.ბ–ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ:

1.1.1. 21.08.2015 წლის №GCLCLA000113987-2995498 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 409 516.97 ლარის გადახდა;

1.1.2. 31.10.2016 წლის №GCLCLA000181386-3913513 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 264 705.48 ლარის გადახდა;

1.1.3. 24.06.2016 წლის №GCLCLA000161039-3601583 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 141 181.69 აშშ დოლარის გადახდა

1.2. არ დაკმაყოფილდა მოსარჩელე სს ,,ს.ბ–ის“ სასარჩელო მოთხოვნა, პირგასამტეხლოს - 29,526.21 ლარის და 7013,92 აშშ დოლარის მოთხოვნის ნაწილში;

1.3. გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით განხორციელდა სს ,,ს.ბ–ის“ სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული მ.ფ–ძის, ვ.ფ–ძისა და შპს ,,რ–ის" საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონებების იძულებით აუქციონზე რეალიზაცია:

1.3.1. ლაგოდეხის რაიონის სოფელ ...... მდებარე 7 858 კვ.მ. ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს.კ. .......);

1.3.2. ქ. თბილისში, ........ №40-ის მიმდებარედ (ნაკვეთი 09/...), ......., №40, მიმდებარედ (ნაკვეთი 09/.....), ქუჩა ......, №40-ის მიმდებარედ (ნაკვეთი 09/.....) მდებარე 2104 კვ.მ. ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს.კ. №........);

1.3.3. ლაგოდეხის რაიონის სოფელ ...... მდებარე 2401 კვ.მ. ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობა (ს.კ. №......);

1.3.4. ლაგოდეხის რაიონის სოფელ ...... მდებარე 341 823 კვ.მ. ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს.კ. №.......);

1.3.5. მდებარე 16 611 კვ.მ. ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე მდებარე შენობა-ნაგებობებით (ს.კ. №........);

1.3.6. ქ. თბილისში ვარკეთილის მეურნეობა, ........ მდებარე 1500 კვ.მ. ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ს.კ. №.....;

1.3.7. მარნეულის რაიონში, წერაქვის ტერიტორიულ ერთეულში მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა - ნაგებობები, დაზუსტებული ფართობი 267391.00 კვ. მ; ს.კ. №.........; (ძველი საკადასტრო კოდით №......., იპოთეკის საგანი- მიწის ნაკვეთის დაზუსტებული ფართობი 17 200 კვ.მ. მასზე მდგარი შენობა ნაგებობებით);

1.4. იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხა არ იქნება საკმარისი კრედიტორის მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად, გადაწყვეტილების აღსრულება მოხდება მოპასუხეების - შპს ,,გ–ისა“ და მ.ფ–ძის კუთვნილ სხვა ქონებაზე აღსრულების მიქცევის გზით.

2. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრებით გაასაჩივრეს მ.ფ–ძემ და სს „ს.ბ–მა“.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 ივნისის განჩინებით აპელანტ სს „ს.ბ–ის“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და გურჯაანის რაიონულ სასამართლოს 2023 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე წარდგენილ სს „ს.ბ–ის“ სააპელაციო საჩივარზე შეწყდა საქმის წარმოება, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის გამო; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

4. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სს „ს.ბ–ის“ სააპელაციო საჩივარი 2024 წლის 23 მაისის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული, საქმის განხილვა დაინიშნა 2024 წლის 27 ივნისს, 12:00 საათზე.

5. სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 27 ივნისის სხდომაზე სს „ს.ბ–ის“ წარმომადგენელმა უარი თქვა სააპელაციო საჩივარზე და საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა.

6. სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 378.1-ე და 49.2-ე მუხლებზე მითითებით დააკმაყოფილა აპელანტის შუამგომლობა და სს „ს.ბ–ის“ სააპელაციო საჩივარზე წარმოება შეწყვიტა, აპელანტს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სრულად დაუბრუნდა.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 ივნისის განჩინებით აპელანტ მ.ფ–ძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და გურჯაანის რაიონულ სასამართლოს 2023 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე წარდგენილ მ.ფ–ძის სააპელაციო საჩივარზე შეწყდა საქმის წარმოება, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის გამო; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

8. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მ.ფ–ძის სააპელაციო საჩივარი 2024 წლის 24 მაისის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული, საქმის განხილვა დაინიშნა 2024 წლის 27 ივნისს, 12:00 საათზე.

9. სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 27 ივნისის სხდომაზე მ.ფ–ძემ უარი თქვა სააპელაციო საჩივარზე და საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა.

10. სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 378.1-ე და 49.2-ე მუხლებზე მითითებით დააკმაყოფილა აპელანტის შუამგომლობა და მ.ფ–ძის სააპელაციო საჩივარზე წარმოება შეწყვიტა, აპელანტს გადავადებული სახელმწიფო ბაჟის გადახდა არ დაეკისრა.

11. სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 27 ივნისის განჩინება, რომლითაც მ.ფ–ძის სააპელაციო საჩივარზე წარმოება შეწყდა, მასზე უარის თქმის გამო, კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ.ფ–ძემ და საქმის განხილვა მოითხოვა. კერძო საჩივრის ავტორმა, ასევე, მოითხოვა სახაზინო ადვოკატის დანიშვნა.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით მ.ფ–ძის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ.ფ–ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

13. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

14. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია მიმართულია საქმის განხილვაზე, თუმცა იგი არ ასახელებს მიზეზს, თუ რის საფუძველზე უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 27 ივნისის განჩინება, რომლითაც მ.ფ–ძის სააპელაციო საჩივარზე წარმოება შეწყდა, რადგან აპელანტმა მ.ფ–ძემ თვითონ თქვა სასამართლოს სხდომაზე სააპელაციო საჩივარზე უარი (იხ. წინამდებარე განჩინების მე-9 პუნქტი).

15. სსსკ-ის 378-ე მუხლი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში მხარეს ერთმევა უფლება კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით. სსსკ-ის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.

16. სსსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა, ხოლო ამავე კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს სამოქალაქო საპროცესო სამართალში, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული, ცხადია, გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას, გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები) ან უარი თქვან მათ გასაჩივრებაზე (იხ.სუსგ-ები: №ას-712-2020, 04.03.2021წ. №ას-1238-2022, 04.10.2022წ.).

17. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივრის ავტორის შუამდგომლობა საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე სახაზინო ადვოკატის დანიშვნის თაობაზე დაუსაბუთებელია, ვინაიდან სახაზინო ადვოკატის დანიშვნისათვის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს გარკვეულ წინაპირობებს. განსახილველ შემთხვევაში კი მ.ფ–ძეს დასაბუთებული შუამდგომლობა არ წარმოუდგენია საკასაციო სასამართლოსთვის ადვოკატის დანიშვნის მოთხოვნით და არც საქმის სამართლებრივი სირთულე და მნიშვნელობა განაპირობებს საკასაციო სასამართლოში სახაზინო ადვოკატის დანიშვნას.

18. სსსკ-ის 102.1-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.ფ–ძის მოთხოვნა, სახაზინო ადვოკატის დანიშვნის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. მ.ფ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

3. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 ივნისის განჩინება;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი

მ. ერემაძე