Facebook Twitter

საქმე №ას-1326-2024 13 დეკემბერი, 2024 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა.ფ–ძე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი, სამინისტრო ან მეიჯარე) სარჩელი ა.ფ–ძის (შემდეგში: მოპასუხე, მოიჯარე) წინააღმდეგ, პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

2. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა საიჯარო თანხის - 861,77 ლარის და შემცირებული პირგასამტეხლოს - 2 731 ლარის გადახდა. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება;

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 აპრილის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

4. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

4.1. მოსარჩელე სამინისტროს მინისტრის 2017 წლის 4 მაისის ბრძანების საფუძველზე, 2037 წლის 1 ივნისამდე ვადით სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით გაცემის მიზნით გამოცხადდა პირობებიანი ელექტრონული აუქციონი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ....... მდებარე 70542 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე.

4.2. მოსარჩელე სამინისტროს მინისტრის 2017 წლის 8 ივნისის ბრძანებით ცნობად იქნა მიღებული, რომ აღნიშნულ აუქციონში გამარჯვებულად გამოვლინდა ფიზიკური პირი-მოპასუხე და უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემის წლიური საფასური განისაზღვრა 6 150 ლარით.

4.3. სამინისტროსა და მოპასუხეს შორის, 2017 წლის 21 ივნისს, დაიდო „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის (იჯარის ფორმით) შესახებ“ №28 ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში „მოიჯარეს“ ეძლეოდა წერილობითი გაფრთხილება, რომელშიც მიეთითებოდა დარღვევის გამოსწორების ვადა და ჯარიმა: ა) საიჯარო ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში – გადასახდელი ქირის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; გ) ხელშეკრულებით ნაკისრი სხვა ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში – თითოეულ დარღვევაზე წლიური საიჯარო ქირის 0,5%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (იხ. ს.ფ. 30-34).

4.4. სამინისტროს 2019 წლის 6 სექტემბრის ბრძანებით, მოიშალა სამინისტროსა და მოიჯარეს შორის 2017 წლის 21 ივნისს დადებული ხელშეკრულება, ბრძანებით განისაზღვრა, რომ მოპასუხეს არ აუნაზღაურდებოდა გადახდილი თანხები და გაწეული ხარჯები, საჯარო რეესტრში გაუქმდა იჯარით გაცემულ ქონებაზე მოიჯარის სარგებლობის უფლება.

4.5. სამინისტროს 2019 წლის 9 სექტემბრის წერილით მოპასუხეს ეცნობა, რომ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად გადასახდელი ჰქონდა საიჯარო ქირა 1552 ლარი; პირგასამტეხლო ჯამში - 27313,22 ლარი (მათ შორის, საიჯარო ქირის ვადაში გადაუხდელობისათვის 13,22 ლარი, საინვესტიციო ვალდებულების შეუსრულებლობისათვის 2019 წლის 21 ივნისიდან, 6 სექტემბრის ჩათვლით, 78 ვადაგადაცილებულ დღეზე (დღეში 350 ლარი) 27 300 ლარი).

4.6. დადგინდა, რომ საიჯარო ქირიდან 1552 ლარიდან 2019 წლის 9 სექტემბერს გადახდილი იყო 1499 ლარი. ხოლო დარჩენილი საიჯარო ქირა 53 ლარი და დარიცხული პირგასამტეხლო მოპასუხემ არ გადაიხადა.

4.7. იჯარით გაცემული უძრავი ქონება სამინისტროს 2019 წლის 24 ოქტომბერს ჩაბარდა.

4.8. შპს ,,ბ–ის" 2019 წლის 30 სექტემბრის დასკვნით დგინდება, რომ მოპასუხის მიერ სამინისტროსთან დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოიჯარის (მოპასუხის) მიერ, 2019 წლის 21 ივნისის მდგომარეობით, განხორციელდა 80 655 ლარის ინვესტიცია.

4.9. 2019 წლის 9 სექტემბრის მიღება-ჩაბარების აქტითა და საგადასახადო დოკუმენტით დგინდება, რომ მოპასუხესა და შპს ,,ფ–ის“ შორის დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შპს ,,ფ–ის“ მიერ იჯარით გადაცემულ მიწის ნაკვეთზე შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 46 000 ლარს, რაც გადახდილი იქნა 2019 წლის 18 სექტემბერს.

5. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობდა იჯარის ხელშეკრულებიდან (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ი) 581-ე და მომდევნო მუხლები) . წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე მოთხოვნა სსკ-ის 417-418-ე მუხლებიდან.

6. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სააპელაციო საჩივრის ფარგლებში სადავო იყო მხოლოდ პირგასამტეხლოს ოდენობა, კერძოდ, აპელანტის/ მოსარჩელის პრეტენზია მიემართებოდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილის წინააღმდეგ, რომლითაც მიჩნეული იქნა, რომ ვალდებულების დარღვევის გათვალისწინებით, არსებობდა მხარეთა შორის დადებული იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს 10-ჯერ, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი 27 313,22 ლარის - 2 731 ლარამდე შემცირების საფუძვლები.

7. სააპელაციო სასამართლომ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკისრებული პირგასამტეხლოს გონივრულობის შესაფასებლად განმარტა, რომ, მართალია, პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, თუმცა, ისეთ ვითარებაში, როდესაც მოპასუხეს იჯარის თანხა გადახდილი აქვს ხელშეკრულების დადების დღიდან, 2017 წლის 21 ივნისიდან, ხოლო ნებართვა მშენებლობაზე მიღებული აქვს 2019 წლის 12 ივლისს, განხორციელებული აქვს 160 205 ლარის ინვესტიცია, შესრულებული სამუშაოების ღირებულება და გადახდილი იჯარის თანხა მოპასუხეს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით გასაჩივრებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირგასამტეხლო - 2731 ლარი სრულად უზრუნველყოფს მოსარჩელის ძირითადი ინტერესის დაკმაყოფილებას, რომ მოპასუხეს დაეკისროს ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის ერთგვარი სანქცია. მოსარჩელის მიერ 10-ჯერ მეტი ოდენობით მოთხოვნილი პირგასამტეხლო კი არაგონივრულია და გამოიწვევს მის უსაფუძვლო გამდიდრებას. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას, სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო საქმეზე დადგენილი გარემოებები და საჩივრის განხილვისას მოსარჩელის განცხადება, რომ მოპასუხის/მოიჯარის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევით მეიჯარისათვის მიყენებული ზიანი ,,უზრუნველყოფის გამო სახელმწიფოს მიერ მიწის ნაკვეთის გამოუყენებლობაში" გამოიხატა.

8. სააპელაციო სასამართლომ, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების მართლზომიერება და აპელანტის სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა.

9. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

9.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

9.2. კასატორის/მოსარჩელის განმარტებით, სასამართლომ არ შეფასა პირობადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით მხარეთა თავისუფალი ნების საფუძველზე შეთანხმებული პირობების მნიშვნელობა, ასევე უსაფუძვლოდ შეამცირა მხარეთა შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა, რომელიც მიყენებულ ზიანს არ აღემატება და არ გაითვალისწინა ხელშეკრულების პირობები და მათი შეუსრულებლობის შედეგები.

9.3. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს დაუსაბუთებლად შემცირება არაპროპორციულია და სცდება სსკ-ის 420-ე მუხლის მიზანს, შესაბამისად მოითხოვს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას, და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას.

9.4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელის საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

12. კასატორის ძირითადი პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა დაუსაბუთებლად შეამცირეს.

13. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრასთან მიმართებით და ყურადღებას მიაქცევს პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების წინაპირობაზე, რაც ვალდებულების შეუსრულებლობით ან ვალდებულების დარღვევით გამოიხატება. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების გაანგარიშებას მოპასუხისათვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს თაობაზე და მიიჩნევს, რომ მის გასაბათილებლად კასატორს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიები არ წარმოუდგენია. კასატორის მტკიცებით, მოპასუხემ ვალდებულება არაჯეროვნად შეასრულა, რის გამოც მას ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო სრულად უნდა დაეკისროს.

14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია აქვს: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და „აიძულებს“ ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს იძულებითი ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ N ას-428-428-2018, 13.07.2018 წ; N ას-400-2023, 10.10.2023წ; N ას-835-2023, 25.10.2023წ; N ას-355-2019, 26.10.2023წ.; N ას-1164-2023, 4.12.2023წ; N ას-1218-2023, 10.01.2024წ; N ას-1210-2023. 18.01.2024წ.; N ას-504-2024, 4.10.2024წ.; №ას-768-2024 8.11.2024წ.).

15. რაც შეეხება პირგასამტეხლოს ოდენობას, მისი განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ)დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება“ (იხ. სუსგ-ები N ას-816-767-2015, 19.11.2015წ.; Nას-428-428-2018, 13.07.2018 წ; Nას-603-2023, 20.07.2023წ; Nას-744-2023, 12.09.2023წ; Nას-355-2019, 29.10.2023წ; Nას-1164-2023, 4.12.2023წ; Nას-1218-2023, 10.01.2024წ; Nას-1210-2023. 18.01.2024წ.; N ას-504-2024, 4.10.2024წ.; №ას-768-2024 8.11.2024წ.).

16. „პირგასამტეხლო, როგორც უპირველესად კრედიტორის სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი მექანიზმი, ძალმოსილი შეიძლება იყოს მხოლოდ მაშინ, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას“ (ჩიტაშვილი ნათია; პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.7, http://lawjournal.ge/wp-content/uploads/2020/04/Shedarebiti-Samartali-2-2020-14-31.pdf).

17. სსკ-ის 420-ე მუხლის (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) მიხედვით, პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. მართალია, პირგასამტეხლოს განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა, დასახელებული დანაწესი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, მხარის მოთხოვნის საფუძველზე იმსჯელოს და შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფი ვალდებულება (იხ. სუსგ-ები: Nას-1158-1104-2014, 6.05.2015წ.; N ას-1199-1127-2015, 13.04.2016 წ; Nას-708-678-2016, 27.01.2017 წ; N ას-51-2022, 22.07.2022წ; N ას-941-2022, 31.10.2022წ; N ას-626-2023, 7.07.2023წ; N ას-400-2023, 20.10.2023წ.; Nას-1389-2023, 30.01.2024წ.; №ას-768-2024 8.11.2024წ.).

18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო, მეორე მხრივ კი, პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. ამ კრიტერიუმებში იგულისხმება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს, სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა;

19. საკასაციო სასამართლო უპირველესად შეაფასებს, თუ რამდენად კვალიფიციურად შეედავა მოპასუხე მის წინააღმდეგ აღძრულ სარჩელს და განმარტავს, რომ სასამართლო მხოლოდ კვალიფიციური შედავების არსებობის შემთხვევაშია უფლებამოსილი, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის კვლევას სასამართლო მოვალის კვალიფიციური შესაგებლის არსებობის შემთხვევაში ახორციელებს და მის გარეშე შეუძლებელია დადგინდეს რამდენად შეუსაბამო და არაგონივრულია პირგასამტეხლოს ოდენობა სახელშეკრულებო ინტერესის ხელყოფის მასშტაბთან. კასატორის პრეტენზიის პასუხად, საკასაციო სასამართლო მისსავე პრაქტიკას მოიხმობს, სადაც განმარტებულია, რომ როგორც ვალდებულების დარღვევის მნიშვნელობა, სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსისა და ფარგლების შეფასება და დადგენილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა (კრედიტორის მტკიცების ტვირთი), ისე ვალდებულების დარღვევის ხარისხის შეუსაბამოობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (მოვალის მტკიცების ტვირთი) არის უმნიშვნელოვანესი შეფასებითი კატეგორიები, რომელზეც თავად მხარეებმა უნდა შეუქმნან მოსამართლეს დასაბუთებული წარმოდგენა და მიანიჭონ მას მხარეთა ნების განმარტების შესაძლებლობა... თუ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების მოთხოვნა კვალიფიციური შედავების ფორმით არ მოხდება, მაშინ სასამართლოს ხელთ აქვს მხოლოდ კრედიტორსა და მოვალეს შორის შეთანხმებით, სახელშეკრულებო თავისუფლებით გამყარებული ნება - მოთხოვნილი პირგასამტეხლოს სახით და კრედიტორის მიერ დასაბუთებული დარღვევა, როგორც პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობა (ჩიტაშვილი ნათია; პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.17, http://lawjournal.ge/wp-content/uploads/2020/04/Shedarebiti-Samartali-2-2020-14-31.pdf; ასევე შეად. სუსგ-ებს: N ას-827-2021, 03.12.2021წ; N ას-384-2020, 28.03.2022წ; N ას-51-2021, 01.04.2022წ; N ას-1098-2021, 26.07.2022წ.; Nას-1206-2023, 17.11.2023წ.; №ას-852-2023, 26.01.2024წ.).

20. განსხილველ შემთხვევაში, მოპასუხეს იჯარის თანხა სრულად ჰქონდა გადახდილი ხელშეკრულების გაფორმების დღიდან, 2017 წლის 21 ივნისიდან, ხოლო ნებართვა მშენებლობაზე მიიღო 2019 წლის 12 ივლისს, მოპასუხეს, როგორც მოიჯარეს, განხორციელებული აქვს 160 205 ლარის ინვესტიცია, შესრულებული სამუშაოების ღირებულება და გადახდილი იჯარის თანხა მოპასუხეს არ უბრუნდება. ამასთან სადავო არაა, რომ იჯარით გაცემული უძრავი ქონება სამინისტროს 2019 წლის 24 ოქტომბერს ჩაბარდა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებული პირგასამტეხლო - 2 731 ლარი სრულად უზრუნველყოფს მოსარჩელის ძირითადი ინტერესის დაკმაყოფილებას, მოპასუხისთვის ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისთვის ერთგვარი სანქციის დაწესებას.

21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება და გარკვეულ ნიშნულამდე დაყვანა არ წარმოადგენს საერთო სტანდარტს. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგადაც, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს კონკრეტული საქმის თავისებურების გათვალისწინებით, სუბიექტური და ობიექტური ფაქტორების მხედველობაში მიღებით, როგორიცაა: სახელშეკრულებო ურთიერთობათა მხარეები, ხელშეკრულების ღირებულება, ხელშეკრულების მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დამრღვევის ბრალეულობის ხარისხი, დარღვევის სიმძიმე და მოცულობა, კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხე და კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. იმ შემთხვევაში თუ სასამართლო დაკისრებულ პირგასამტეხლოს შეაფასებს როგორც შეუსაბამოდ მაღალს, მან უნდა განსაზღვროს პირგასამტეხლოს ისეთი ოდენობა, რომელიც იქნება დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. რაც შეეხება დარღვევის თანაზომიერი და გონივრული ოდენობის პირგასამტეხლოს განსაზღვრას, აღნიშნულიც ასევე უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ზემოთ მითითებული გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად.

22. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, პირგასამტეხლო დაანგარიშებულ უნდა იქნეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების დარღვევიდან (იხ. სუსგ-ები: Nას-164-160-2016, 28.07.2016; Nას-581-2019 31.07.2019წ.; Nას-249-2021, 25.12.2022წ.; Nას-625-2022, 28.09.2023წ.; Nას-1009-2023, 29.09.2023წ.; Nას-1206-2023, 17.11.2023წ.; Nას-845-2023, 26.01.2024წ.).

23. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო მოსარჩელის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

24. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 407.1-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი

მ. ერემაძე