Facebook Twitter

საქმე №ას-1406-2023 22 მაისი, 2024 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – დ.ნ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „კ.ა–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 05.05.2023 წლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. დ.ნ–მა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „კასატორი“, „მომხმარებელი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „კ.ა–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე", „იმპორტიორი“) მიმართ და მოითხოვა ავტომობილის აღდგენის ღირებულების, 9200 ლარის მოპასუხისთვის დაკისრება.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 25.07.2022 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 292 ლარის გადახდა.

3. გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 05.05.2023 წლის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინება ეფუძნება შემდეგს:

4.1. 07.02.2021 წელს მოსარჩელეს (მომხმარებელი) და მოპასუხეს (იმპორტიორი) შორის გაფორმდა ხელშეკრულება (შემდეგში „ხელშეკრულება“) მომხმარებლის დაკვეთით ავტომობილის იმპორტის შესახებ #CAI-44235875. მხარეთა შეთანხმებით, მომხმარებლის მიერ შერჩეული და ხელშეკრულების პუნქტი 3.1-ში განსაზღვრული ავტომობილის (TOYOTA PRIUS, 2014 წ, მარკა #REF, ს/ნ ........) მომხმარებლის ან/და იმპორტიორის მიერ საზღვარგარეთ შერჩეული მომწოდებლისგან შესყიდვა, ტრანსპორტირება და აღდგენა (საჭიროების შემთხვევაში) და საქართველოში იმპორტი განხორციელდებოდა იმპორტიორის მიერ ან/და მისი ორგანიზებით, რომელიც ამ ავტომობილის მიმღებს წარმოადგენდა.

4.2. მოსარჩელის მოთხოვნაა ხელშეკრულების დარღვევით მიყენებული ზიანის, კერძოდ, ტრანსპორტირებისას დაზიანებული ავტომობილის აღდგენის ღირებულების ანაზღაურება. მოსარჩელის მოთხოვნა სსკ-ის 394.1, 408.1 409-ე მუხლებიდან გამომდინარეობს. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხის მიერ ფოთის პორტში ჩამოყვანილ ავტომობილს იმაზე მეტი დაზიანება აღმოაჩნდა, ვიდრე ეს იყო მითითებული აუქციონის პირობებში. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ ამ დაზიანებების აღმოფხვრაზე პასუხისმგებელ პირი მოპასუხეა. ამდენად, უპირველესად, უნდა გაირკვეს, თუ რა სახის ვალდებულებები იკისრა მოპასუხემ ხელშეკრულებით.

4.3 ხელშეკრულების 7.3 პუნქტის მიხედვით, იმპორტიორი ვალდებულია გონივრულ ვადაში აღმოფხვრას და აღადგინოს ყველა ის ზიანი, რომელიც არ არსებობდა ავტომობილის საზღვარგარეთ შეძენისას ამ ავტომობილის მდგომარეობის ამსახველი ფოტოსურათების მიხედვით და რომელი ზიანიც დადგა ავტომობილის ტრანსპორტირების პროცესში და რომელ ზიანზეც მომხმარებელი ან მისი წარმომადგენელი განუცხადებს იმპორტიორს ავტომობილის მიღება-ჩაბარების დროს. . . ამასთან, იმპორტიორის მხრიდან აღდგენას ან/და აღმოფხვრას ან/და ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემდეგი სახის ზიანი: 7.3.1. ზიანი, რომელიც გამოწვეული იყო იმით, რომ ავტომობილის რომელიმე დეტალი არასათანადოდ ან/და არასრულად ან/და არაქარხნული წესით იყო მიმაგრებული ავტომობილის კორპუსზე; 7.3.5. ავტომობილის დაზიანება, რომელიც აღმოჩნდება ისეთ ადგილზე, რომელი ადგილის შესაბამისი რაკურსით გადაღებული ფოტოსურათი არ არსებობდა ავტომობილის საზღვარგარეთ შეძენამდე.

4.4. ხელშეკრულების ზემოხსენებული ჩანაწერის შინაარსის შეფასებით, პალატა ასკვნის, რომ მოპასუხე პასუხისმგებელია მხოლოდ იმ დაზიანებებზე, რომელსაც ავტომობილი მიიღებს ფოთის პორტამდე ტრანსპორტირებისას. ამასთან, ხელშეკრულების 7.3.1 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მოპასუხის პასუხისმგებლობა გამოირიცხება, თუნდაც ავტომობილმა დაზიანება ტრანსპორტირებისას მიიღოს. გარდა ამისა, ხელშეკრულების 7.3.5 პუნქტის მიხედვით, მოპასუხე არც იმ დაზიანებაზე აგებს პასუხს, რომელიც ავტომობილს ისეთ ადგილზე აღმოაჩნდება, რომლის შესაბამისი რაკურსით გადაღებული ფოტოსურათი არ არსებობს ავტომობილის საზღვარგარეთ შეძენამდე. მოპასუხის პასუხისმგებლობის გამომრიცხველი ამ უკანასკნელი ჩანაწერის არსი, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, შემდეგში მდგომარეობს: ხელშეკრულების მიხედვით, იმპორტიორს არ გააჩნია ვალდებულება, ადგილზე დათვალიერებით შეამოწმოს ავტომობილის რეალური მდგომარეობა. შესაბამისად, აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი ავტოსატრანსპორტო საშუალების მდგომარეობის შეფასების ერთადერთი წყარო ის ფოტოსურათებია, რომელიც აუქციონის ჩამტარებლის ვებგვერდზეა განთავსებული. ასეთ ვითარებაში, ცხადია, არ გამოირიცხება, რომ აუქციონზე შეძენილ ავტომობილს ისეთი დაზიანებებიც გააჩნდეს, რომელიც არ ჩანს სააუქციონოდ ავტომობილისათვის გადაღებულ ფოტოსურათებზე. ამგვარი დაზიანებების ავტომობილის ჩამოტანის ადგილზე (პორტში) აღმოჩენისას, ივარაუდება, რომ ისინი აუქციონის ჩატარებამდეც არსებობდა, ამიტომ იპორტიორი მათზე პასუხს არ აგებს.

4.5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეა ვალდებული ამტკიცოს, რომ სადავო დაზიანებები ავტომობილმა მიიღო ფოთის პორტამდე ტრანსპორტირების პროცესში. ამ გარემოების დასამტკიცებლად მოსარჩელემ სასამართლოს წარუდგინა „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ ინვოისი, 30.06.2021 წლის #5004263221 ექპერტიზის დასკვნა და ფაქტების კონსტატაციის შესახებ ოქმი. სააპელაციო პალატა გაეცნო და შეაფასა რა ეს მტკიცებულებები, მიიჩნევს, რომ არც ერთი ამ მტკიცებულებით სადავო გარემოება არ დასტურდება. კერძოდ, „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ ინვოისი, მართალია, შეიცავს ავტომობილის დაზიანებული ზოგიერთი დეტალის ჩამონათვალს, რასაც ექსპერტის დასკვნაც ეთანხმება, მაგრამ ამ მტკიცებულებებით და ფაქტების კონსტატაციის შესახებ ოქმით არ ირკვევა, ეს დაზიანებები ტრანსპორტირების პროცესში წარმოიშვა, თუ ისინი აუქციონზე რეალიზაციის მომენტშიც გააჩნდა ავტომობილს.

4.6. აღნიშნულ სადავო საკითხზე პასუხს იძლევა მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნები. კერძოდ, 15.10.2021 წლის #007259421 ექსპერტიზის დასკვნით ირკვევა, რომ: ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი სადავო ავტომობილის აუქციონის დროინდელი ფოტომასალის მიხედვით, ამ ავტომობილს დაზიანებული აქვს: წინა ბამპერის მარჯვენა მხარე, წინა ბამპერის სპოილერი, წინა ბამპერის ქვედა ცხაურის მარჯვენა ნაწილი მცირედად, წინა მარჯვენა ფრთა, მარჯვენა უკანა ხედვის სარკე, წინა მარჯვენა კარი, მარჯვენა ქვედა ლავგარდანის მოსაპირკეთებელი პლასტმასის პანელი, მარჯვენა უკანა კარი, მარჯვენა უკანა ფრთა, მარჯვენა უკანა მაშუქი ფარი, უკანა ბამპერის მარჯვენა ნაწილი. გარდა ზემოთჩამოთვლილი ნაწილებისა, სხვა დეტალების, მაგალითად, დიფუზორი, ფრეონი, ტრავერსის წინა მარჯვენა სამაგრი, ძრავქვეშა საფარი, ეკრანი, ტრავერსის წინა პანელი, კონდიციონერის რადიატორის მილი, გასაღების პულტი და ა.შ. არის თუ არა დაზიანებული, ფოტომასალების რაკურსიდან გამომდინარე, სატრანსპორტო-ტექნიკური ტრასოლოგიური ექსპერტიზის გზით დადგენა შეუძლებელია. ასევე შეუძლებელია იმის განსაზღვრა, ავტომობილი, მოცემული მდგომარეობით, შეძლებდა თუ არა სრულყოფილად გადაადგილებას. ხოლო რაც შეეხება წინა ბამპერის მარჯვენა სამაგრს (ე.წ. სალასკას), წინა ბამპერის მარჯვენა მხარეს განთავსებულ საბუქსირის პლასტმასს, ფოტომასალის მიხედვით, დაზიანებები არ აღენიშნება. ფაქტობრივად იგივე შინაარსს შეიცავს 15.10.2021 წლის N007261321 ექსპერტიზის დასკვნაც.

4.7. პალატის მოსაზრებით, აღნიშნული დასკვნებით ირკვევა, რომ „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ ინვოისში მითითებული ავტომობილის დეტალების ნაწილი (წინა ბამპერი, მისი აბლიცოვკა და სპოილერი) დაზიანებული იყო აუქციონის ჩატარების მომენტში. მართალია, 15.10.2021 წლის N007261321 ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ამ ნაწილების დაზიანების ხარისხი გაზრდილია ფოთის პორტში გადაღებულ ფოტოსურათებში, მაგრამ, ჯერ ერთი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ნაწილები ტრანსპორტირების დაწყებისას არ ყოფილა დაზიანებული გარკვეული ხარისხით და, მეორეც, გასაზიარებელია მოპასუხის მოსაზრება, რომ ავტომობილის ამ ნაწილებმა დამატებითი დაზიანება შესაძლოა იმის გამო მიიღეს, რომ წინა ბამპერი არასათანადოდ, არასრულად ან/და არაქარნულად იყო მიმაგრებული ავტომობილის კორპუსზე. ეს გარემოებები, პალატის მოსაზრებით, გამორიცხავს ავტომობილის ამ ნაწილების აღდგენაზე მოპასუხის პასუხისმგებლობას ხელშეკრულების 7.3.1 პუნქტის საფუძველზე. სხვა ნაწილები კი (დიფუზორი, ფრეონი, ტრავერსის წინა მარჯვენა სამაგრი, ძრავქვეშა საფარი, ეკრანი, ტრავერსის წინა პანელი, კონდიციონერის რადიატორის მილი), იყო თუ არა დაზიანებული აუქციონის ჩატარებისას, ვერ დგინდება ფოტომასალების რაკურსიდან გამომდინარე. შესაბამისად, ავტომობილის ამ ნაწილების მიმართ მოპასუხის პასუხისმგებლობა გამოირიცხება ხელშეკრულების 7.3.5 პუნქტის საფუძველზე, რადგან ივარაუდება, რომ ეს დაზიანებები აუქციონის ჩატარებამდე არსებობდა. ამ გარემოების გაქარწყლების ვალდებულება მოსარჩელეს გააჩნდა, რაც მან ვერ შეძლო. ინვოისში მითითებული სხვა ნაწილების (წინა ბამპერის მარჯვენა სალასკა, მარჯვენა საბუქსირეს პლასტმასი, გასაღების პულტი) ღირებულება მოსარჩელეს აუნაზღაურდა ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. ამასთან, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას ევაკუატორის ხარჯის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილშიც, რადგან, ხელშეკრულების პირობების მიხედვით, ასეთი ხარჯის ანაზღაურების ვალდებულება მოპასუხეს არ გააჩნდა.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

7. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

8. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

9. მოსარჩელე ითხოვს სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას და განმარტავს, რომ მოპასუხის მიერ იმპორტირებულ ავტომობილს იმაზე მეტი დაზიანება აღმოაჩნდა, ვიდრე ეს იყო მითითებული აუქციონის პირობებში და შესაბამისად, მოპასუხეა ამ დაზიანებების აღმოფხვრაზე პასუხისმგებელი პირი.

10. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ვალდებულების დარღვევისას, კანონმდებელმა კრედიტორს მიანიჭა უფლება, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. ზიანის ანაზღაურების ზოგადი წესი განმტკიცებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 394-ე მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზიანის ანაზღაურება მიეკუთვნება მეორად/დამატებით მოთხოვნებს. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოიშობა მაშინ, როდესაც პირველადი მოთხოვნის შესრულებისას ჩნდება პრობლემა. პრობლემა შეიძლება მდგომარეობდეს ვალდებულების შეუსრულებლობაში, არაჯეროვნად შესრულებაში ან ხელშეკრულებიდან გამომდინარე სხვა ვალდებულების დარღვევაში. ზიანის ანაზღაურების მეორადი მოთხოვნის უფლება შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი სახის ვალდებულების დარღვევით გამოწვეული ზიანის არსებობისას (სუსგ №ას-556-2021, 29.09.2021წ., პუნ. 86; №ას-409-2022, 08.06.2022წ., პუნ. 55).

11. ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობის შემთხვევაში ნავარაუდები სამართლებრივი მდგომარეობის აღდგენის ორიენტირი განმტკიცებულია სსკ-ის 408-ე მუხლში, რომლის ნორმატიული მიზნიდან გამომდინარეობს, რომ მოხდეს იმ ვითარების აღდგენა, რომელიც იარსებებდა ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების დადგომამდე, ე.ი. ვალდებულების დარღვევამდე. ნორმიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ ზიანი არის ის ქონებრივი დანაკლისი, რომელიც არ იარსებებდა ვალდებულების დარღვევის არარსებობის შემთხვევაში, ე.ი. ვალდებულების ჯეროვანი შესრულების პირობებში (სუსგ №ას-167-163-2016, 01.07.2016წ., პუნ. 58; №ას-1843-2018, 05.03.2019წ., პუნ. 14.2; №ას-32-2021, 23.04.2021წ., პუნ. 17.). სსკ-ის 409-ე მუხლის შესაბამისად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.

12. სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ თავიანთი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. სსსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. ამდენად, სადავო გარემოებების დადგენისას, სასამართლო იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობით დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლივად, რომლის ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა (სუსგ №ას-584-543-2017, 06.06.2017წ; №ას-484-2019, 30.10.2020წ.).

13. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის შეთანხმებული სახელშეკრულებო პირობების გათვალისწინებით, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ სადავო დაზიანებები არ არსებობდა ავტომობილის საზღვარგარეთ შეძენისას და ავტომობილმა მიიღო ფოთის პორტამდე ტრანსპორტირების პროცესში, ამასთან არ გამოვლენილა ხელშეკრულებით მოპასუხის პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოებები (7.3.1, 7.3.5 პუნქტები), მოსარჩელეს ეკისრებოდა, რომელმაც მისი მტკიცების საგანში შემავალი სადავო ფაქტობრივი გარემოებების დამტკიცება ვერ შეძლო. საკასაციო პალატა იზიარებს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას.

14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

15. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

16. სსსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა საკასაციო საჩივრისათვის შეადგენს დავის საგნის ღირებულების 5%-ს, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დავის საგნის ფასი განისაზღვრება ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელისა – გადასახდელი თანხით. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგნის ღირებულებიდან გამომდინარე (საკასაციო საჩივრის ფასია 8908 ლარი) საკასაციო საჩივარზე გადასახდელი სახელწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 445.4 ლარს. ვინაიდან კასატორმა სახელმწიფო ბაჟის სახით საკუთარი ინიციატივით გადაიხადა 495.4 ლარი, მას უკან უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი 50 ლარი. ასევე, სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 445.4 ლარის 70% – 311.78 ლარი, ჯამურად 361.78 ლარი,

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ.ნ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. დ.ნ–ს (პ/ნ: ........) უკან დაუბრუნდეს ა.გ–ას (პ/ნ: ......) მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 495.40 ლარიდან (საგადასახადო დავალება №2082, წარდგენის თარიღი 25.11.2023წ., მიღების თარიღი 27.11.2023წ.) ზედმეტად გადახდილი 50 ლარი, ასევე სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში გადახდილი 445.4 ლარის 70% – 311.78 ლარი, ჯამურად 361.78 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია