საქმე №ას-1310-2020 11 მაისი, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ს.კ.ა–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ.ბ–ძე (მოსარჩელე)
მესამე პირი - სს „ს.ბ–ი“
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 12.02.2020 წლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ლ.ბ–ძემ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ს.კ.ა–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „მზღვეველი“, „კასატორი“) მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით.
2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 31.10.2018 წლის საოქმო განჩინებით შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და საქმეში მესამე პირად ჩაება სს „ს.ბ–ი“ (შემდეგში „მესამე პირი“, „დამზღვევი“, „ბანკი“).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 03.07.2019 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 14 867,90 აშშ დოლარის ანაზღაურება.
4. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 12.02.2020 წლის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
განჩინება ეფუძნება შემდეგს:
5.1. 01.01.2012 წელს მესამე პირსა და მოპასუხეს შორის გაფორმდა სიცოცხლის დაზღვევის ღია პოლისი ოფსეტური იპოთეკური სესხის მომხმარებლებისათვის #CL/G001/R00005/12/02, რომლის მიხედვით: დაზღვევის საგანს წარმოადგენდა ბანკის ოფსეტური იპოთეკური სესხების პორტფელი; დამზღვევი და მოსარგებლე იყო ბანკი, მზღვეველი - მოპასუხე, დაზღვეული - ბანკის ოფსეტური იპოთეკური სესხის მომხმარებელი ფიზიკური პირი (განსახილველ შემთხვევაში - ივანე ბარაბაძე (შემდეგში „მსესხებელი“, „დაზღვეული“). ამავე პოლისით სადაზღვევო შემთხვევა განიმარტა, როგორც დაზღვეული პირის ნებისმიერი მიზეზით ან მხოლოდ უბედური შემთხვევით გამოწვეული გარდაცვალება ... გარდა დანართი #3-ში განსაზღვრული გამონაკლისებისა.
5.2. 22.08.2012 წელს მსესხებელსა და ბანკს შორის გაფორმდა საბანკო მომსახურების შესახებ #GAI030979 ხელშეკრულება. ამავე დღეს გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება და ნაკისრი ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის უძრავი ქონება, მდებარე - ქ. ქუთაისი, ........ (ს/კ/ ........).
5.3. საბანკო მომსახურების შესახებ #GAI030979 ხელშეკრულების საფუძველზე, 31.08.2012 წელს მსესხებელსა და ბანკს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზის შემადგენელი იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულება #SB1031166, რომლის თანახმად, მსესხებელზე გაიცა კრედიტი 15 000 აშშ დოლარის ოდენობით, 71.8 თვის ვადით, 24.08.2018 წლამდე, წლიური 18%–იანი სარგებლის დარიცხვის პირობით.
5.4. საბანკო მომსახურების შესახებ #GAI030979 ხელშეკრულების 2.4. პუნქტის საფუძველზე, ამ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ბანკი უზრუნველყოფდა მსესხებლის, როგორც ბანკის იპოთეკური სესხის მომხმარებლის სიცოცხლის ან/და უბედური შემთხვევის დაზღვევას. შესაბამისად, მასზე ვრცელდებოდა #CL/G001/R00005/12/02 ღია პოლისითა და დანართი #3-ით გათვალისწინებული საკრედიტო სიცოცხლისა და უბედური შემთხვევის დაზღვევის პირობები.
5.5. ღია პოლისის დანართი #3-ით (საკრედიტო სიცოცხლისა და უბედური შემთხვევის დაზღვევის პირობები) განისაზღვრა ბანკის, როგორც მოსარგებლის, უფლებამოსილება, სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მიეღო სადაზღვევო ანაზღაურება, წინამდებარე სადაზღვევო პირობების შესაბამისად. სადაზღვევო შემთხვევა კი განმარტებული იქნა, როგორც დაზღვეულის ნებისმიერი მიზეზით, ან მხოლოდ უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვალება, რომელიც იფარება წინამდებარე დაზღვევის პირობებით (დანართი 3-ის 1.4; 1.7. პუნქტები).
5.6. დანართი #3-ის 2.1. პუნქტის მიხედვით დაზღვევის საგანს წარმოადგენდა დამზღვევის ოფსეტური იპოთეკური სესხების პორტფელი, კერძოდ, დამზღვევის ფინანსური ინტერესი დაზღვეულის მიმართ. დაფარულ რისკებად მიეთითა: 1) დაზღვეულის ნებისმიერი მიზეზით გარდაცვალება, ან 2) დაზღვეულის მხოლოდ უბედური შემთხვევით გამოწვეული გარდაცვალება, გარდა 2.1. პუნქტის 1-15 ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა.
5.7. დანართი #3-ის მე-3 მუხლით განისაზღვრა სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის წესი, რაც გულისხმობდა მზღვეველისათვის გარდაცვალების (სადაზღვევო შემთხვევის) დამადასტურებელი შემდეგი დოკუმენტების წარდგენის ვალდებულებას, მაქსიმალურად გონივრულ ვადებში: ა) დაზღვეულის გარდაცვალების მოწმობა, რომელშიც მითითებული უნდა იყოს დაზღვეულის გარდაცვალების კონკრეტული მიზეზი, გარდაცვალების თარიღი, ადგილი და დაზღვეულის ასაკი); ბ) სამედიცინო მოწმობა დაზღვეულის გარდაცვალების შესახებ (ფორმა #106ს-4); გ) უბედური შემთხვევით გარდაცვალების შემთხვევაში, შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა; ექსპერტის დასკვნა გარდაცვალების მიზეზის შესახებ. დ) კონკრეტული შემთხვევის სპეციფიკიდან გამომდინარე, მზღვეველი უფლებამოსილია მოითხოვოს შემთხვევასთან დაკავშირებული დამატებითი დოკუმენტაცია (3.1. პუნქტი). ამავე მუხლის 3.3. პუნქტით დადგინდა, რომ შემთხვევის დამადასტურებელი, 3.1. პუნქტში მითითებული, ყველა აუცილებელი დოკუმენტის წარუდგენლობის შემთხვევაში, შემთხვევა არ ექვემდებარება მზღვეველის მიერ განხილვას და ზარალი არ ანაზღაურდება. 3.2. პუნქტით კი დადგინდა მზღვეველის ვალდებულება აანაზღაუროს ზარალი შემთხვევის დამადასტურებელი 3.1. პუნქტში მითითებული ყველა აუცილებელი დოკუმენტის წარდგენიდან 1 თვის ვადაში.
5.8. დანართი #3-ის 3.6. პუნქტით განისაზღვრა, რომ დაზღვეულის მემკვიდრეები თავისუფლდებიან ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისგან მზღვეველის მიერ ბანკზე გაცემული სადაზღვევო ანაზღაურების ოდენობით (რაც გულისხმობს მხოლოდ გარდაცვალების მომენტისათვის დაფიქსირებულ სესხის ძირითად თანხას და არ მოიცავს მიმდინარე დავალიანებაზე დარიცხულ სარგებელს და ჯარიმებს).
5.9. 23.10.2012 წელს დაზღვეული გარდაიცვალა.
5.10. საბანკო მომსახურების შესახებ #GA1030979 ხელშეკრულების ფარგლებში, მსესხებლის ვალდებულება ბანკის წინაშე, 23.10.2012 წლის მდგომარეობით (გარდაცვალების თარიღი) შეადგენდა 15 033.75 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხა იყო 14 867.90 აშშ დოლარი, ხოლო დარიცხული სარგებელი - 165.65 აშშ დოლარი.
5.11. დამზღვევმა (ბანკი, მესამე პირი) საკრედიტო სიცოცხლისა და უბედური შემთხვევის დაზღვევის პირობების 3.1. პუნქტით (დანართი #3) გათვალისწინებული წესის დაცვით დაზღვეულის გარდაცვალებიდან გონივრულ ვადაში) მზღვეველს (მოპასუხეს) წარუდგინა სადაზღვევო შემთხვევის დამადასტურებელი შემდეგი დოკუმენტები: ა) დაზღვეულის გარდაცვალების მოწმობა; ბ) შპს ქ. ქუთაისის №2 პოლიკლინიკის უბნის ექიმის, ქ.ა–ძის მიერ 20.10.2012 წელს გაცემული სამედიცინო ცნობა №002642012200479 დაზღვეულის გარდაცვალების შესახებ, (ფორმა N106/ს-4), რომელშიც გარდაცვალების მიზეზად დასახელდა – „121 მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი; 150 გულის უკმარისობა“; გ) შპს ქ. ქუთაისის №2 პოლიკლინიკის უბნის ექიმის, ქ.ა–ძის მიერ 20.10.2012 წელს გაცემული პაციენტის გასინჯვის ფურცელი/გარდაცვალების ეპიკრიზი, (ფორმა 200-5/ა), რომლის მიხედვით ექიმმა გარდაცვალების მიზეზი დაადგინა და შესაბამისი დიაგნოზი („121 მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი; 150 გულის უკმარისობა“) დასვა, გვამის გარეგანი დათვალიერებითა და ანამნეზის (ექიმის მიერ გარდაცვლილის ავადმყოფობის შესახებ ახლობლების/მეზობლების გამოკითხვის შედეგად შეკრებილი ცნობების) საფუძველზე; დ) ქუთაისის №2 პოლიკლინიკის 26.10.2012 წლის ცნობა №1535, დაზღვეულის გარდაცვალების შესახებ.
5.12. დადგენილია, რომ მოპასუხემ მესამე პირს უარი განუცხადა სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურებაზე იმ მოტივით, რომ წარმოდგენილი დოკუმენტებით არ დასტურდებოდა დაზღვეულის გარდაცვალების კონკრეტული მიზეზი, სამედიცინო ცნობა გარდაცვალების შესახებ (ფორმა N106/ს-4) შედგენილი იყო სათანადო წესის დარღვევით.
5.13. დადგენილია და მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ სადაზღვევო ანაზღაურებაზე უარის მიღების შემდგომ, დამზღვევს (ბანკს) სადავოდ არ გაუხდია მზღვეველის მიერ გაცხადებული უარის მართლზომიერება. მას დამატებით არ მიუმართავს რაიმე ქმედითი ღონისძიებისათვის სადაზღვევო შემთხვევის დადასტურებისა და სადაზღვევო ანაზღაურების მიღების მიზნით (მაგ. დამატებით მიმართვა მზღვეველისადმი განმარტების მიღების მიზნით, ან/და კონკრეტული მოთხოვნით; მსესხებლის ოჯახის წევრების/მემკვიდრეების ინფორმირება სადაზღვევო კომპანიაში სავალდებულოდ წარსადგენი დამატებითი დოკუმენტების თაობაზე), ასევე, არ გამოუყენებია რაიმე სამართლებრივი საშუალება დაზღვეულის/მისი მემკვიდრის ინტერესების დასაცავად (მაგ. სასარჩელო წარმოების საერთო წესით მიმართვა სასამართლოსათვის სადაზღვევო ანაზღაურების მიღების მოთხოვნით).
5.14. 05.06.2013 წელს გაიცა სამკვიდრო მოწმობა, რომლის თანახმად, მოსარჩელემ როგორც მსესხებლის პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ, მეუღლემ მიიღო სამკვიდრო.
5.15. მოსარჩელემ მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ბანკს საბანკო მომსახურების შესახებ #GA1030979 ხელშეკრულების ფარგლებში გადაუხადა 3 136 აშშ დოლარი.
5.16. 2013 წელს, მოსარჩელემ სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, ბანკის წინააღმდეგ და მოითხოვა 22.08.2012 წლის საბანკო მომსახურების ხელშეკრულების შეწყვეტა და მოპასუხისათვის გადახდილი 3 136 აშშ დოლარის, როგორც ვალდებულების გარეშე გადახდილი თანხის, დაბრუნება. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 29.11.2013 წლის გადაწყვეტილებით - სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 19.03.2014 წლის გადაწყვეტილებით - მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. ბანკსა და დაზღვეულს შორის, ამ უკანასკნელის გარდაცვალების გამო, შეწყდა 22.08.2012 წლის საბანკო მომსახურების ხელშეკრულება, ბანკს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 3 136 აშშ დოლარის გადახდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 30.08.2016 წლის გადაწყვეტილებით (საქმე #ას-461-435-2014) დაკმაყოფილდა ბანკის საკასაციო საჩივარი, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 19.03.2014 წლის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. უზენაესმა სასამართლომ, იმავდროულად, განმარტა, რომ ვინაიდან ბანკი არ შედავებია მზღვეველს სადაზღვევო ანაზღაურების გაუცემლობის გამო, ანუ რამდენად დასაბუთებული იყო მზღვეველის უარი, აღნიშნული მოსარჩელეს წარმოუშობს უფლებას მოთხოვნა წარუდგინოს მზღვეველს (სადაზღვევო კომპანიას) (იხ. გადაწყვეტილების 35-ე პუნქტი, საქმე #ას-461-435-2014).
5.17. ბანკი 2016 წლიდან სასამართლო დავას აწარმოებს მსესხებლის მემკვიდრის – მოსარჩელის მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით, მსესხებელთან გაფორმებული, საბანკო მომსახურების შესახებ #GA1030979 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების ფარგლებში.
5.18. მოპასუხის მტკიცებით, დაზღვეული პირის გარდაცვალებით არ დამდგარა სადაზღვევო შემთხვევა, რის გამოც მართლზომიერი იყო მისი უარი სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე. მოპასუხე მტკიცებას აფუძნებს იმ გარემოებას, რომ დამზღვევმა, სადაზღვევო ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, არ წარუდგინა უფლებამოსილი პირის მიერ სათანადო წესის დაცვით შედგენილი დოკუმენტები, რომელშიც ასახული იქნებოდა დაზღვეულის გარდაცვალების კონკრეტული მიზეზები. სასამართლოს განმარტებით, ღია პოლისის დანართი #3 დამზღვევს ავალდებულებდა, სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, სხვა დოკუმენტებთან ერთად მზღვეველისათვის წარედგინა სამედიცინო მოწმობა დაზღვეულის გარდაცვალების შესახებ (ფორმა #106ს-4), რომელშიც ასახული იქნებოდა დაზღვეულის გარდაცვალების მიზეზები, ამასთან, მზღვეველი თავისუფლდებოდა ანაზღაურების ვალდებულებისაგან, თუ ადგილი ექნებოდა სადაზღვევო ანაზღაურების საგამონაკლისო შემთხვევას, რაც გათვალისწინებულია დანართი #3-ის 2.1. პუნქტის 1-15 ქვეპუნქტებით. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) მე-4, 102-ე მუხლებზე და განმარტა, რომ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი უნდა განაწილდეს სახელშეკრულებო დათქმიდან გამომდინარე, კერძოდ, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს, რომ სადაზღვევო კომპანიას წარედგინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული დოკუმენტები (რასაც მოცემულ შემთხვევაში, ჰქონდა ადგილი), ხოლო იმ გარემოების მტკიცება, რომ მზღვეველისთვის წარდგენილ დოკუმენტებში მითითებული გარემოებები გამორიცხავდა მზღვეველის ვალდებულებას, აენაზღაურებინა სადაზღვევო შემთხვევა, მზღვეველს (მოპასუხეს) ეკისრება, რაც მან სათანადოდ ვერ განახორციელა.
5.19. დაზღვეულის გარდაცვალების მიზეზად მითითებული დიაგნოზის მცდარობისა და გარდაცვალების კონკრეტული მიზეზის დაუდგენლობის დადასტურებულად მიჩნევის მიზნებისათვის, სასამართლო საკმარის მტკიცებულებად ვერ განიხილავს მოპასუხის მხოლოდ სიტყვიერ განმარტებას და მიიჩნევს, რომ დამზღვევმა (ბანკმა) მზღვეველს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ გონივრულ ვადაში წარუდგინა სადაზღვევო პირობებით გათვალისწინებული დოკუმენტები, რომლებიც უდავოდ ადასტურებდნენ დაზღვეულის გარდაცვალების ფაქტსა და გარდაცვალების იმგვარ მიზეზებს, რაც არ განეკუთვნებოდა სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის დამაბრკოლებელ საგამონაკლისო შემთხვევებს (მაგ, თვითმკვლელობა, ფსიქიკური ავადმყოფობა, შიდსით დაავადება და ა. შ. - დანართი #3-ის 2.1. პუნქტის 1-15 ქვეპუნქტები). ნიშნადობლივია, რომ რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა დაზღვეულის გარდაცვალების ფაქტს იმგვარი მიზეზით, რაც დანართი #3-ის 2.1 პუნქტის 1-15 ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წესით გამორიცხავდა სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურებას, წარმოდგენილი არ არის და ამის შესახებ არ მიუთითებს არც მოპასუხე. საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება არ მიუთითებს, რომ დაზღვეული დაავადებული იყო რაიმე ქრონიკული დაავადებით, ან/და გარდაცვალება დადგა უშუალოდ დაზღვეულის მიზეზით (მაგ. ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან ტოქსიკური, ასევე ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ყოფნა და ა. შ.).
5.20. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება, რომ უბნის ექიმი, რომელიც არ იყო გარდაცვლილის მკურნალი ექიმი, არ იყო უფლებამოსილი გაეცა სამედიცინო ცნობა გარდაცვალების შესახებ და რომ ექიმის მიერ გვამის გარეგნული დათვალიერება და ანამნეზის გამოკვლევა არ წარმოადგენდა საკმარის საფუძველს გარდაცვალების მიზეზის დასადგენად. დადგენილია და მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ სადავო ცნობა გაიცა ჯანდაცვის ლიცენზირებული დაწესებულების ექიმის მიერ, გვამის გარეგნული დათვალიერების, ასევე, შემთხვევის ფაქტის თვითმხილველი ახლობლებლის/მეზობლების მიერ აღწერილი ანამნეზის საფუძველზე. ის გარემოება, რომ ამ წესით გარდაცვალების მიზეზის დადგენა დაუშვებელია და სცილდება უბნის ექიმის კომპეტენციას, სათანადო მტკიცებულებებით არ დასტურდება. სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოპასუხის მსჯელობა, რომ გარდაცვალების შესახებ ცნობა გაიცა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 31.01.2012 წლის #01-5/ნ-#19 ერთობლივი ბრძანებით დადგენილი წესის დარღვევით, ვინაიდან წარმოდგენილი დოკუმენტით დასტურდება, რომ ის შეიცავს მითითებული ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ ყველა სავალდებულო რეკვიზიტს, რომელთა ნამდვილობა სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენით მოპასუხის მიერ უარყოფილი არ არის.
5.21. დადგენილია, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 31.01.2012 წლის №01-5/ნ- №19 ერთობლივი ბრძანების დანართი #4-ით განსაზღვრულია გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობის შევსებისა და გაგზავნის წესი. მითითებული დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სიკვდილის ფაქტის დადასტურების უფლება აქვს სამედიცინო დაწესებულების მკურნალ ექიმს, პათოლოგანატომს (კლინიკურ პათოლოგს), სასამართლო-სამედიცინო ექსპერტს, აგრეთვე სხვა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს). ამავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, აკრძალულია სიკვდილის ფაქტის დადასტურება დაუსწრებლად, გვამის პირადად ნახვის გარეშე. ამავე დანართის მე-3.1 მუხლის თანახმად, ცნობას ავსებს სამედიცინო დაწესებულება, რომელიც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, რეგისტრირებულია „სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის მომხმარებლად (დანართი #4-ის 3.3. მუხლის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების მიხედვით კი, ამ წესის მიზნებისათვის „სამედიცინო დაწესებულებას’’ წარმოადგენს: ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულება ან პირველადი სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მქონე პირი, რომელიც აღნიშნულ საქმიანობას აწარმოებს შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში; სასწრაფო სამედიცინო დახმარების განმახორციელებელი დაწესებულება). დანართი #4-ის მე-8 მუხლის მიხედვით, სიკვდილის მიზეზის ჩაწერა ხდება სისტემატიზებული მიზეზების – ავადმყოფობათა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების საერთაშორისო სტატისტიკური კლასიფიკაციის მე-10 გადახედვის (ICD10) მიხედვით, შესაბამისი კოდური აღნიშვნის და კოდის შესაბამისი მიზეზის/მიზეზების სრული დასახელების მითითებით. დანართის მე-9 მუხლის მე-13 პუნქტი ივსება შემდეგნაირად: „ა” ქვეპუნქტში იწერება სიკვდილის უშუალო მიზეზი (ძირითადი ავადმყოფობა ან მისი გართულება, პათოლოგიური პროცესი); თუ „ა” ქვეპუნქტში ჩაიწერება ძირითადი ავადმყოფობა, მაშინ შემდეგი ქვეპუნქტები აღარ ივსება.
5.22. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა და მიიჩნია, რომ სადავო სამედიცინო ცნობა დაზღვეულის გარდაცვალების შესახებ, სათანადო სამედიცინო დაწესებულების სპეციალური ცოდნის მქონე პირის - უბნის ექიმის მიერ გაცემული იყო ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტით დადგენილი წესების დაცვით, სიკვდილის უშუალო მიზეზი/მიზეზები ჩაწერილი იყო ბრძანებით გათვალისწინებული წესით, შესაბამისი კოდური აღნიშვნის და კოდის შესაბამისი მიზეზის/მიზეზების სრული დასახელების მითითებით. სასამართლოს განმარტებით, არსებითი ხასიათის დარღვევას, რასაც შეიძლებოდა გავლენა მოეხდინა ოფიციალურ დოკუმენტში მითითებული გარემოებების სანდოობაზე, ადგილი არ ქონია. ამდენად, სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ დაზღვეულის გარდაცვალებით დადგა სადაზღვევო შემთხვევა და ხოლო მზღვეველისათვის წარდგენილი დოკუმენტები ქმნიდა დამზღვევის სასარგებლოდ სადაზღვევო ანაზღაურების საფუძველს. შესაბამისად, არამართლზომიერი იყო სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე მზღვეველის უარი.
5.23. დადგენილია, რომ დამზღვევს (ბანკს) საკრედიტო ვალდებულების (ძირი თანხის) მოცულობით სადაზღვევო თანხის მისაღებად ქმედითი ღონისძიებები არ განუხორციელებია - მას სადავოდ არ გაუხდია მზღვეველის უსაფუძვლო უარი სადაზღვევო ანაზღაურებაზე, რითაც ბანკმა მხოლოდ ფორმალურად განკარგა დაზღვევის პირობებიდან გამომდინარე შესაძლებლობები. ამით კი, დაზღვეულის მემკვიდრის ინტერესების საზიანოდ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 8.3 და 115–ე მუხლებით დადგენილი ქცევის კეთილსიდისიერების სტანდარტი, რომელთა მიხედვით, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
5.24. უდავოა, რომ მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, მსესხებლის გარდაცვალების შემთხვევაში თანხა (სესხის ძირი თანხა) უნდა დაეფარა მზღვეველს. მსესხებელი დაზღვეული იყო და ბენეფიციარს წარმოადგენდა კრედიტორი (ბანკი). შესაბამისად, მას შეეძლო მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ესარგებლა დაზღვევის ხელშეკრულების პირობებით. სასამართლომ დაადგინა, რომ კრედიტორმა (ბანკმა) მზღვეველისათვის დანართი #3-ის 3.1. პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გადაცემით მხოლოდ ფორმალურად განკარგა დაზღვევის პირობებიდან გამომდინარე შესაძლებლობანი და არ ამოწურა ყველა რესურსი მიეღო სადაზღვევო ანაზღაურება მზღვეველისაგან. ეს გარემოება კი დაზღვეულის მემკვიდრეს წარმოუშობს სადაზღვევო კომპანიის მიმართ სადაზღვევო ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას, იმ მოცულობით, რაც დამზღვევს უნდა მიეღო მზღვეველისაგან.
5.25. სააპელაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს რა წინამდებარე სარჩელის აღძვრის მიზანზე, აღნიშნავს, რომ მზღვეველისთვის თანხის დაკისრების მიზანს ბანკის მიმართ მოსარჩელის მამკვიდრებლის ვალდებულების შესრულებით შეწყვეტა წარმოადგენს, შესაბამისად, იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, ბანკის მიმართ მსესხებლის დავალიანების დასაფარავად, 14 867,90 აშშ დოლარის ანაზღაურების მოპასუხისათვის დაკისრება, მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 799.1 (დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება), 836-ე (დამზღვევს შეუძლია მზღვეველთან დადოს დაზღვევის ხელშეკრულება თავისი სახელით სხვა პირის სასარგებლოდ), 844-ე (სიცოცხლის დაზღვევა შეიძლება ეხებოდეს დამზღვევს ან სხვა პირს. თუ სიცოცხლის დაზღვევის ხელშეკრულება დადებულია სხვა პირის სასარგებლოდ, მაშინ საჭიროა ამ პირის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობა), 1336-ე მუხლები, ასევე, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-12 პუნქტი (თუ დაზღვეულის გარდაცვალება იქნება ის სადაზღვევო შემთხვევა, რომელიც გათვალისწინებულია დაზღვევის ხელშეკრულებით, ხელშეკრულება წყდება მისი შესრულების შემდეგ).
5.26. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნა დაკმაყოფილებადია, რადგანაც განხორციელებულია შედეგის განმსაზღვრელი ყველა წინაპირობა, ქვემოთ მოცემული თანმიმდევრობით: ა) მზღვეველსა და დამზღვევს შორის 2012 წელს დადებული დაზღვევის ხელშეკრულებით, ასევე, დამზღვევსა და მსესხებელს შორის გაფორმებული, 22.08.2012 წლის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, მზღვეველს ეკისრება ვალდებულება, დაზღვეულის უბედური შემთხვევით ან ნებისმიერი მიზეზით გამოწვეული გარდაცვალების შემთხვევაში, აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევა, რაც გულისხმობს გარდაცვალების მომენტისათვის დაფიქსირებულ სესხის ძირითად თანხას და არ მოიცავს მიმდინარე დავალიანებაზე დარიცხულ სარგებელს და ჯარიმებს. დაზღვეულის მემკვიდრეები კი თავისუფლდებიან ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულების შესრულებისაგან, სადაზღვევო ანაზღაურების ოდენობით; ბ) სადაზღვევო შემთხვევა დადგა - დაზღვეული გარდაიცვალა 23.10.2012 წელს. მსესხებელზე რიცხული სესხის ძირი თანხის ნაშთი (სადაზღვევო თანხა) შეადგენდა 14 867.90 აშშ დოლარს; გ) მზღვეველის პასუხისმგებლობის გამომრიცხავი კანონისმიერი ან სახელშეკრულებო გარემოება (სსკ-ის 850-ე მუხლი, დანართი 3-ის 2.1. პუნქტის 1-15 ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევები) გამოვლენილი და დადასტურებული არ ყოფილა. მიუხედავად ამისა, მზღვეველმა უარი განაცხადა სადაზღვევო საზღაურის ანაზღაურებაზე. სასამართლომ დაადგინა, რომ მზღვეველის უარი სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურებაზე არამართლზომიერია; დ) ხელშეკრულების მიხედვით, ასევე სამემკვიდრეო სამართლის ნორმებით (სსკ-ის 1328-ე მუხლი) მოწესრიგებულია დამზღვევის (ბანკის) უფლება სადაზღვევო საზღაურზე უარის შემთხვევაში მიიღოს საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა მსესხებლის (დაზღვეულის) მემკვიდრეებისაგან. ბანკი მითითებული უფლების ფარგლებში სასამართლო დავას აწარმოებს მოსარჩელის (მსესხებლის მემკვიდრის) მიმართ, თანხის დაკისრების მოთხოვნით. ე) მოსარჩელის იურიდიული ინტერესი გამოკვეთილია, ვინაიდან სადაზღვევო კომპანიის მხრიდან სადაზღვევო თანხის აუნაზღაურებლობის შემთხვევაში, ის ხდება სრულად პასუხისმგებელი ბანკთან მსესხებლის მიერ გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებაზე.
5.27. გათვალისწინებით იმისა, რომ ბანკმა, როგორც კრედიტორმა მსესხებლის მემკვიდრეს წარუდგინა ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა, აღნიშნული გარემოება მსესხებლის სამართალმემკვიდრეს ანიჭებს უფლებას სადაზღვევო კომპანიის მიმართ, საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული დაზღვეული ვალდებულების მოცულობით, მოითხოვოს თანხის დაკისრება, ბანკის მიმართ მისი უფლებრივი წინამორბედის ვალდებულების შესრულების მიზნით. სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოპასუხის პრეტენზია მოთხოვნის ხანდაზმულობაზე.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
8. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
9. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
10. საკასაციო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატის შეფასების საგანია მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევისას დამდგარი სადაზღვევო შემთხვევის დროს სესხის დასაფარად საჭირო სადაზღვევო თანხის მსესხებლის მემკვიდრის, როგორც იპოთეკური სესხის მომხმარებლის უფლებამონაცვლის, მიმართ ანაზღაურებაზე მზღვეველის უარის მართლზომიერება.
11. საკასაციო პრეტენზიიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს დაზღვევის ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნება. სსკ-ის 799-ე მუხლის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივი და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. დამზღვევი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო შენატანი, ხოლო მზღვეველი მოვალეა აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი. დაზღვევის ხელშეკრულების საგანია მზღვეველის მიერ დამზღვევისათვის სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა, ხოლო ის, თუ რა შეიძლება იყოს დაზღვევის ობიექტი, მოცემულია სსკ-ის 820-858-ე მუხლებში, კერძოდ, ასეთი შეიძლება იყოს ქონება ან პიროვნება. აქედან გამომდინარე, დაზღვევის ხელშეკრულება შეიძლება განვიხილოთ, როგორც სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა უფლებების დაცვის მნიშვნელოვანი გარანტია (სუსგ №ას-663-624-2011, 17.02.2012წ; №ას-1165-1110-2014, 23.01.2015წ.). სსკ-ის 844-ე მუხლი ითვალისწინებს დამზღვევისა და მესამე პირის სიცოცხლის დაზღვევის შესაძლებლობას. ნორმის მიზანია, სხვა პირის დაზღვევისას დაიცვას მისი სიცოცხლე, როგორც დაზღვევის ობიექტი (ირემაშვილი ქ., სსკ-ის კომენტარი, მუხლი 844, ველი 8, იხ. https://gccc.tsu.ge/).
12. სარჩელი ეფუძნება იმ გარემოებას, რომ მსესხებლის გარდაცვალების და სადაზღვევო შემთხვევის დადგომის გამო სასესხო ვალდებულების დაფარვაზე ვალდებულია სადაზღვევო კომპანია, ვინაიდან ბანკსა და სადაზღვევო კომპანიას შორის გაფორმებული მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის ხელშეკრულების მიზანს წარმოადგენდა სადაზღვევო რისკის დადგომის - მსესხებლის გარდაცვალების - შემთხვევაში ბანკისათვის სესხის დაფარვა და მისი მემკვიდრის გათავისუფლება სასესხო ვალდებულებისაგან.
13. უნდა აღინიშნოს, რომ სსკ-ის 1336-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელე არის დაზღვეულის პირველი რიგის მემკვიდრე - მეუღლე. სსკ-ის 1328-ე მუხლის მიხედვით კი, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. ამდენად, დაზღვეულის გარდაცვალების მომენტისათვის, სამკვიდრო ქონებაში შევიდა სიკვდილის მომენტისათვის არსებული აქტივი და პასივი. სსკ-ის 1484.1 მუხლი ადგენს მემკვიდრეთა პასუხისმგებლობას კრედიტორების წინაშე, კერძოდ, მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად (შდრ. სუსგ-ებები: Nას-1882-2018, 22.02.2019წ.; Nას-1604-2022, 25.04.2023წ.).
14. დადგენილია, რომ მსესხებლის სიცოცხლე დაზღვეული იყო ბანკსა (დამზღვევი) და სადაზღვევო კომპანიას (მზღვეველი) შორის 01.01.2012 წელს გაფორმებული ღია პოლისით, რომლითაც დაზღვეული იყო დამზღვევის ფინანსური ინტერესი დაზღვეულის მიმართ (დამზღვევი - ბანკი; მზღვეველი - მოპასუხე; დაზღვეული - მსესხებელი ფიზიკური პირი; მოსარგებლე - ბანკი; სადაზღვევო შემთხვევა - დაზღვეულის ნებისმიერი მიზეზით ან მხოლოდ უბედური შემთხვევით გარდაცვალება). ამდენად, სადაზღვევო ურთიერთობებში ბანკი იყო დამზღვევიც და მოსარგებლეც. სწორედ მასსა და მზღვეველს შორის შეთანხმებით მოხდა დაზღვევის პირობების, მათ შორის მზღვეველისათვის დამზღვევის მიერ სადაზღვევო შემთხვევის დადგომის დროს წარსადგენი დოკუმენტების შეთანხმება, რისი სამართლებრივი შედეგიც ავტომატურად ვრცელდებოდა დაზღვეულის მემკვიდრეებზე. დადგენილია, რომ მსესხებელი გარდაიცვალა, თუმცა სადაზღვევო კომპანიამ უარი განუცხადა ბანკს სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე, იმ მოტივით, რომ ბანკის მიერ წარდგენილი დოკუმენტებით არ დასტურდებოდა დაზღვეულის გარდაცვალების კონკრეტული მიზეზი.
15. სასამართლოს მიერ დადგენილია და საკასაციო საჩივრით დასაბუთებულად შედავებული არ არის, რომ დამზღვევმა მზღვეველს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში წარუდგინა სადაზღვევო პირობებით გათვალისწინებული დოკუმენტები, რომლებიც უდავოდ ადასტურებდნენ დაზღვეულის გარდაცვალების ფაქტსა და გარდაცვალების იმგვარ მიზეზებს, რაც არ განეკუთვნებოდა სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის დამაბრკოლებელ საგამონაკლისო შემთხვევებს (მაგ, თვითმკვლელობა, ფსიქიკური ავადმყოფობა, შიდსით დაავადება და ა. შ. - დანართი #3-ის 2.1. პუნქტის 1-15 ქვეპუნქტები). საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება არ მიუთითებს, რომ დაზღვეული დაავადებული იყო რაიმე ქრონიკული დაავადებით, ან/და გარდაცვალება დადგა უშუალოდ დაზღვეულის მიზეზით (მაგ. ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან ტოქსიკური, ასევე ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ყოფნა და ა. შ.).
16. დადგენილია, რომ მიუხედავად სადაზღვევო კომპანიისადმი თავდაპირველი მიმართვისა, სადაზღვევო ანაზღაურებაზე უარის მიღების შემდეგ ბანკს არ გამოუყენებია სხვა სამართლებრივი საშუალება საკუთარი მოთხოვნის განსახორციელებლად, მას სადავოდ არ გაუხდია მზღვეველის უსაფუძვლო უარი სადაზღვევო ანაზღაურებაზე. ამდენად, ბანკის პასიურმა დამოკიდებულებამ ფაქტობრივად არაქმედითი გახადა სადაზღვევო ხელშეკრულება და საკრედიტო ვალდებულების ტვირთი გადაიტანა გარდაცვლილი მსესხებლის მემკვიდრეზე, ისე, რომ არ გამორიცხა აღნიშნული ვალდებულების მზღვეველი მიერ ანაზღაურების შესაძლებლობა სადაზღვევო ხელშეკრულების ფარგლებში. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით, დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესაძლებლობების ასეთი ფორმალური განკარგვა ეწინააღმდეგება სამოქალაქო კანონმდებლობაში დამკვიდრებულ კეთილსინდისიერების სტანდარტს (შდრ. სუსგ-ებები; საქმე Nას-388-2019, 14.02.2020წ.; Nას-1113-2018, 10.06.2020წ.). სადავო არ არის, რომ ბანკი 2016 წლიდან სასამართლო დავას აწარმოებს მოსარჩელის მიმართ მსესხებელთან გაფორმებული, საბანკო მომსახურების შესახებ #GA1030979 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მოთხოვნით. ვინაიდან კრედიტორის, ამ შემთხვევაში ბანკის, ინტერესი სრულიად დაცული და მოწესრიგებულია სამემკვიდრეო სამართლის ნორმებით (სსკ-ის 1336-ე, 1328.1, 1484.1 მუხლები), გამოკვეთილია მოსარჩელის იურიდიული ინტერესი წარმოდგენილი სარჩელის მიმართ (შდრ. სუსგ Nას-1882-2018, 22.02.2019წ.; სუსგ Nას-1604-2022, 25.04.2023წ.).
17. საკასაციო პალატა ამახვილებს ყურადღებას მასზე, რომ წინამდებარე დავის მოსარჩელემ 2013 წელს აღძრა სარჩელი სასამართლოში ბანკის წინააღმდეგ და მოითხოვა 22.08.2012 წლის საბანკო მომსახურების ხელშეკრულების შეწყვეტა და ბანკისთვის გადახდილი 3 136 აშშ დოლარის, როგორც ვალდებულების გარეშე გადახდილი თანხის, დაბრუნება. აღნიშნულ დავაზე მიღებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს 30.08.2016 წლის გადაწყვეტილებით (საქმე #ას-461-435-2014) სარჩელი არ დაკმაყოფილდა, თუმცა უზენაესმა სასამართლომ იმავდროულად მოსარჩელეს განუმარტა, რომ ვინაიდან ბანკი არ შედავებია მზღვეველს სადაზღვევო ანაზღაურების გაუცემლობის გამო, ანუ რამდენად დასაბუთებული იყო მზღვეველის უარი, აღნიშნული მოსარჩელეს წარმოუშობს უფლებას მოთხოვნა წარუდგინოს მზღვეველს (სადაზღვევო კომპანიას) (სუსგ Nას-461-435-2014, 30.08.2016წ., პუნ. 35). სწორედ ამის შემდგომ, რამდენიმე თვეში აღძრა მოსარჩელემ სარჩელი მზღვეველის წინააღმდეგ.
18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
19. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
20. რაც შეეხება მოწმეთა დაკითხვის თაობაზე კასატორის შუამდგომლობას, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს მტკიცებულებების წარდგენის საკმაოდ მკაცრად გაწერილ პროცედურას და საქმის საკასაციო სასამართლოში განხილვისას, განსხვავებით პირველი და სააპელაციო ინსტანციების სასამართლოებისაგან, კანონმდებლობით მხარე ასეთ შესაძლებლობას მოკლებულია - საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ სასამართლოს (შდრ. სუსგ №ას-48-2020, 17.09.2020წ; №ას-27-2019, 15.11.2019წ.). მოწმის ჩვენება, როგორც ერთ-ერთი დასაშვები მტკიცებულებათაგანი, ვერ იქნება მიღებული საკასაციო პალატის მიერ, რაც მოწმის დაკითხვის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია (შდრ. სუსგ №ას-928-890-2014, 02.10.2015წ.). შესაბამისად, არ არსებობს მოწმის დაკითხვის თაობაზე კასატორის შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი.
21. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 2237.62 ლარის 70% – 1566.33 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „ს.კ.ა–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. კასატორის შუამდგომლობა მოწმის დაკითხვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
3. სს „ს.კ.ა–ს“ (ს/ნ: .....) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 2237.62 ლარის (საგადახდო დავალება N003), გადახდის თარიღი 17.03.2020წ.) 70% – 1566.33 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია