Facebook Twitter

საქმე №ას-706-2024 31 ოქტომბერი, 2024 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ლ.ჭ–ძე (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ი–ი (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 26.04.2024 წლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 19.10.2023 წლის გადაწყვეტილებით ნ.ი–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი ლ.ჭ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „შეგებებული სარჩელით მოსარჩელე“ ან „კასატორი“) მიმართ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 3300 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა; ხელწერილის ბათილად ცნობის თაობაზე მოპასუხის შეგებებული სარჩელი მოსარჩელის მიმართ არ დაკმაყოფილდა.

გადაწყვეტილების თანახმად, 25.11.2020 წელს მოპასუხემ მოსარჩელისგან ისესხა 3000 აშშ დოლარი, ხოლო 30.11.2020 წელს - 1300 აშშ დოლარი. მოპასუხემ მოსარჩელეს დაუბრუნა 1000 აშშ დოლარი, დასაბრუნებელი აქვს ვალი 3300 აშშ დოლარი. 25.11.2020 წლის ხელწერილი შესრულებულია მოპასუხის მიერ. მასში აღნიშნულია, რომ მოპასუხემ ფული მოსარჩელისგან ისესხა და მიიღო. მოპასუხემ ვერ მიუთითა გარემოება, რომელიც შესაძლებელია ბათილობის საფუძველი გამხდარიყო. გარიგებას არანაირი თვალთმაქცური ხასიათი არ აქვს, არ წარმოადგენს მოტყუების შედეგს, შესაბამისად, არ არსებობს 25.11.2020 წლის ხელწერილის ბათილად ცნობის საფუძველი.

2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ/შეგებებული სარჩელით მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 26.04.2024 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება; განჩინება ეფუძნება შემდეგს:

3.1. მოპასუხე ადასტურებს მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას მასზე, რომ 2020 წლის 25 და 30 ნოემბერს მოსარჩელემ მოპასუხეს ჯამურად გადასცა 4300 აშშ დოლარი, საიდანაც მოპასუხემ მოსარჩელეს დაუბრუნა 1000 აშშ დოლარი. მოპასუხის მიერ ის გარემოებაც დადასტურებულია, რომ მოსარჩელის მიერ წერილობითი მტკიცებულების სახით წარმოდგენილი (ს.ფ. 14,15) ხელწერილი თავად მოპასუხის მიერ (მისი ხელწერით) შედგენილი დოკუმენტია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად, მხარეთა შეთანხებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.

3.2. იმ ვითარებაში, როდესაც მოპასუხე ადასტურებს მოსარჩელისგან სადავო თანხის მიღებს ფაქტს, ამასთან, მოპასუხე მის მიერვე 25.11.2020 წელს შედგენილ ხელწერილში ნათლად და გარკვევით უთითებს მოსარჩელისგან გადაცემული თანხის დანიშნულებაზე, რომ ეს სადავო თანხა მოსარჩელისგან მიიღო სესხის სახით, რომლის დაბრუნების ვადაც ასევე გაწერილია ამავე ხელწერილში, პალატის მოსაზრებით, მოსარჩელის მხრიდან განხორციელებულად უნდა ჩაითვალოს მტკიცების ტვირთი მის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით და მტკიცების ტვირთი თუ რატომ არ წარმოადგენს მხარეთა შორის წარმოშობილი ურთიერთობა სასესხო ურთიერთობას და წარმოადგენს სხვა სახის ურთიერთობას და რატომ არ უნდა დაეკისროს ამ სადავო (3300 აშშ დოლარის) თანხის გადახდა მხარეს, გადადის მოპასუხე მხარეზე.

3.3. მოპასუხის მტკიცებით, სადავო თანხა მოსარჩელისაგან მიიღო არა სესხად, არამედ საადვოკატო ჰონორარის სახით, რომელიც მოსარჩელის თხოვნითვე გადასცა სისხლის სამართლის საქმეში მონაწილეობისათვის სხვა ადვოკატს (ბ.ძ–ძეს). ამასთან, მოპასუხის მტკიცებით, სადავო თანხა, მართალია, გადასცა მოსარჩელემ, მაგრამ სინამდვილეში აღნიშნული თანხა ეკუთვნოდა მესამე პირს - მ.მ–ს, რომელსაც ეს თანხა დაუბრუნდა კიდეც.

3.4. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ, როდესაც არსებობს თავად მოპასუხის მიერ შედგენილი ხელწერილის სახით პირდაპირი მტკიცებულება თუ ვისგან, რა ოდენობით და რა დანიშნულებით გადაეცა თანხა, ყველანაირი მტკიცება მოპასუხის მხრიდან ამ ხელწერილში მითითებული თანხის სხვაგვარ დანიშნულებასა და კუთვნილებაზე მოკლებულია დამაჯერებლობას. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ამ თვალსაზრისით არარელევანტურია მოპასუხის მიერ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები (ბ.ძ–ძესთან გაფორმებული ხელშეკრულება, მ.მ–ის წერილობითი განმარტება, ელ. მიმოწერა ბ.ძ–ძესთან).

3.5. მართალია, შეგებებული სარჩელით მოსარჩელემ სადავო გახადა ხელწერილის ნამდვილობა და მოითხოვა მისი გაბათილება სსკ-ის 56-ე მუხლის საფუძველზე, როგორც თვალთმაქცური გარიგებისა, თუმცა საამისოდ საკმარისი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება არ წარმოუდგენია სასამართლოსათვის. ვერც წერილობით (შეგებებულ სარჩელში, სააპელაციო საჩივარში) პოზიციის წარმოდგენისას და ვერც ზეპირი განხილვისას, მოპასუხემ ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობდა სადავოდ გამხდარი მის მიერვე შედგენილი ხელწერილის ბათილობის კონკრეტული ფაქტობრივი საფუძველი. მოპასუხე არ უთითებს მოსარჩელის მხრიდან რაიმე იძულების/მუქარის განხორციელებაზე და ამის შედეგად ამ ხელწერილის შედგენაზე. ის მიუთითებს, რომ თითქოს მოტყუებით (სსკ-ის 81-ე მუხლი) შეადგენინა მოსარჩელემ ეს ხელწერილი, თუმცა რაიმე სარწმუნო განმარტებასაც კი ვერ სთავაზობს სასამართლოს თავისი პოზიციის გასაზიარებლად. საინტერესოა ხელწერილის შინაარსი, სადაც გულმოდგინედ და დამაჯერებლად არის აღწერილი, რომ დროის არარსებობის გამო ვერ მოხერხდა ნოტარიუსთან მხარეების მისვლა სესხის გასაფორმებლად და ამის გამო შედგა ამ სახით ხელწერილი, რომელიც იმავე ძალის მქონეა და იგივენაირად ადასტურებს სესხის სახით თანხის გადაცემას და ა.შ., გაუგებარია, რატომ არ მიუთითა მოპასუხემ მის მიერვე შედგენილ ხელწერილის ტექსტში გადაცემული თანხის დანიშნულებად მესამე პირისათვის (ბ.ძ–ძისათვის) საადვოკატო ჰონორარის სახით გადასაცემად რომ იღებდა ამ თანხას მოსარჩელისაგან; თუკი სესხის სახით არ იღებდა ამ თანხას, გაუგებარია რამ აიძულა მოპასუხე რომ ხელწერილის ტექსტში მთელი გულმოდგინებით აღეწერა და დაედასტურებინა სასესხო ურთიერთობის წარმოშობა მხარეებს შორის, მით უფრო, რომ მოპასუხე არსად უთითებს მოსარჩელის მხრიდან მუქარისა და იძულების განხორციელების შედეგად ამ ხელწერილის შინაარსის ჩამოყალიბებაზე. მოპასუხის პოზიცია შესაძლოა გასაზიარებელი ყოფილიყო იმ შემთხვევაში, თუკი შესაბამისი მტკიცებულებებით დაადასტურებდა, რომ სადავო ხელწერილი დაიწერა მუქარის, იძულების შედეგად და ა.შ.. ამ კუთხით კი მოპასუხეს რაიმე პოზიცია არ შემოუთავაზებია.

3.6. მოპასუხის მტკიცების ტვირთს ამძიმებს ის უდავო ფაქტობრივი გარემოებაც, რომ მოსარჩელის მიერ გადაცემული 4300 აშშ დოლარიდან მოპასუხეს მოსარჩელისათვის დაბრუნებული აქვს 1000 აშშ დოლარი. თუკი მოპასუხეს ეს თანხა მოსარჩელისგან სესხად არ ჰქონია გადაცემული, გაუგებარია, და ვერც მოპასუხისგან ვერ იქნა სათანადოდ და ლოგიკურად განმარტებული, თუ რატომ დაუბრუნა თანხის ნაწილი მოსარჩელეს. სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ მოპასუხემ ვერ დაადასტურა სადავო ხელწერილის ბათილობის საფუძვლების არსებობა, რაც გამორიცხავს მისი შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. იმ პირობებში, როდესაც მოპასუხე ვერ ადასტურებს სადავო ხელწერილის არაკანონიერებას და ეჭვქვეშ ვერ დადგება ხელწერილის ნამდვილობა, გამოკვეთილია მოსარჩელის სარჩელის საფუძვლიანობა.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ/შეგებებული სარჩელით მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

8. სესხის სახით გადაცემული თანხის უკან დაბრუნების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 623-ე (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი) მუხლი. შესაბამისად, იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, სესხის დაბრუნების მოთხოვნა, თანმიმდევრობით განხორციელებული უნდა იყოს მოთხოვნის საფუძვლის განმაპირობებელი შემდეგი წინაპირობები: მსესხებელს გადაცემული უნდა ჰქონდეს განსაზღვრული (სადავო) თანხა საკუთრებაში და უნდა კისრულობდეს გადაცემული თანხის უკან დაბრუნების ვალდებულებას (სუსგ №ას-895-2021, 23.12.2021წ.).

9. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადასტურებს მოსარჩელისგან სადავო თანხის მიღების ფაქტს. ამასთან, დადგენილია, რომ მოპასუხე მის მიერვე 25.11.2020 წელს შედგენილ ხელწერილში უთითებს სადავო თანხის მოსარჩელისგან სესხის სახით მიღებაზე; ხელწერილში მითითებულია მისი დაბრუნების ვადაც (ს.ფ. 14). ამ პირობებში, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას, რომ მხარეთა შორის არსებობდა არა სასესხო, არამედ სხვა სახის სამართლებრივი ურთიერთობა, მით უფრო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხე ადვოკატია და მისთვის ცნობილი იქნებოდა მსგავსი შინაარსის ხელწერილის სამართლებრივი შედეგები.

10. მოპასუხემ წარმოდგენილი შეგებებული სარჩელით მოითხოვა 25.11.2020 წლის ხელწერილის ბათილად ცნობა მის თვალთმაქცურობასა და მოტყუებით დადებაზე მითითებით, თუმცა მას სსკ-ის 56-ე (მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგებანი) და 81-ე (მოტყუებით დადებული გარიგება) მუხლებით გათვალისწინებული ბათილობის საფუძვლების დამადასტურებელ გარემოებებსა და სათანადო მტკიცებულებებზე არ მიუთითებია. უფრო მეტიც, დადგენილია და საკასაციო საჩივრით შედავებული არ არის, რომ მოსარჩელის მიერ გადაცემული 4300 აშშ დოლარიდან მოპასუხემ მოსარჩელეს დაუბრუნა 1000 აშშ დოლარი.

11. სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ თავიანთი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. სსსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. ამდენად, სადავო გარემოებების დადგენისას, სასამართლო იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობით დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლივად, რომლის ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა (სუსგ №ას-584-543-2017, 06.06.2017წ; №ას-484-2019, 30.10.2020წ.).

12. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულების არსებობის შესახებ. შესაბამისად, სარჩელი მართებულად დაკმაყოფილდა, შეგებებულ სარჩელს კი ეთქვა უარი.

13. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

15. რაც შეეხება საქმეზე ახალი მტკიცებულებების დართვის თაობაზე კასატორის შუამდგომლობას, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს მტკიცებულებების წარდგენის საკმაოდ მკაცრად გაწერილ პროცედურას და საქმის საკასაციო სასამართლოში განხილვისას კანონმდებლობით მხარე ასეთ შესაძლებლობას მოკლებულია - საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ სასამართლოს (შდრ. სუსგ №ას-48-2020, 17.09.2020წ; №ას-27-2019, 15.11.2019წ.). შესაბამისად, არ არსებობს ამ შუამდგომლობის საკასაციო სასამართლოს მიერ დაკმაყოფილების საფუძველი და მტკიცებულებები უნდა დაუბრუნდეს კასატორს. უსაფუძვლოა კასატორის შუამდგომლობა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისთვის მიმართვის თაობაზეც.

16. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 445.43 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 311.80 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ.ჭ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. ლ.ჭ–ძის 21.05.2024 წლისა და 28.10.2024 წლის შუამდგომლობები არ დაკმაყოფილდეს.

3. ლ.ჭ–ძის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები დაუბრუნდეს შუამდგომლობის ავტორს (ს.ფ. 369-380).

4. ლ.ჭ–ძეს (პ/ნ:.....) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 445.43 ლარის (საგადახდო დავალება 22953911309, გადახდის თარიღი 22.07.2024წ.) 70% – 311.80 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია