15 სექტემბერი 2023 წელი №ას-414-2023 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე)
ლაშა ქოჩიაშვილი (მომხსენებელი)
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ შ.პ.ს. „ტ-პ.....“
მოწინააღმდეგე მხარე _ ს.ს.ი.პ. იუსტიციის სახლი
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 01 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი, ქირის ოდენობაში ცვლილების შეტანა, ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის უკანონოდ აღიარება (სარჩელით), საიჯარო ქირის დავალიანების გადახდევინება, პირგასამტეხლოს დაკისრება და ზიანის ანაზღაურება (შეგებებული სარჩელით)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შ.პ.ს. „ტ-პ.....“-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ს.ს.ი.პ. იუსტიციის სახლის მიმართ, შემდეგი მოთხოვნებით:
1.1. ს.ს.ი.პ. იუსტიციის სახლის 2017 წლის 01 მაისის N921 წერილის, 2016 წლის 09 ივნისის იჯარის ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ, უკანონოდ აღიარება (ტომი მე-2, ს.ფ. 180).
1.2. მხარეთა შორის 2016 წლის 09 ივნისს დადებული იჯარის ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.1. პუნქტში ცვლილების შეტანა და საიჯარო თანხის 2017 წლის 01 იანვრიდან, ნაცვლად ყოველთვიური 20100 ლარისა, 5000 ლარით განსაზღვრა (ტომი მე-2, ს.ფ. 180).
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. მოპასუხემ წარადგინა შეგებებული სარჩელი მოსარჩელის მიმართ, შემდეგი მოთხოვნებით:
3.1. მოპასუხე შ.პ.ს. „ტ-პ.....“-სთვის მოსარჩელე ს.ს.ი.პ. იუსტიციის სახლის სასარგებლოდ ქირის დავალიანების 81248.39 ლარის გადახდის დაკისრება.
3.2. მოპასუხე შ.პ.ს. „ტ-პ.....“-სთვის მოსარჩელე ს.ს.ი.პ. იუსტიციის სახლის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს 11 022 ლარის გადახდის დაკისრება.
3.3. მოპასუხე შ.პ.ს. „ტ-პ.....“-სთვის მოსარჩელე ს.ს.ი.პ. იუსტიციის სახლის სასარგებლოდ ზიანის ასანაზღაურებლად 2017 წლის 02 ივლისიდან საიჯარო ქონების გამოთავისუფლებამდე, ყოველთვიურად 20 100 ლარის გადახდის დაკისრება.
4. შ.პ.ს. „ტ-პ.....“ არ დაეთანხმა შეგებებული სარჩელის მოთხოვნებს.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით, შ.პ.ს. „ტ-პ.....“-ის სარჩელი მოპასუხე ს.ს.ი.პ. იუსტიციის სახლის მიმართ, ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის უკანონოდ აღიარებისა და 2017 წლის პირველი იანვრიდან ხელშეკრულების 4.1. პუნქტით გათვალისწინებული საიჯარო ქირის 20100 ლარის ნაცვლად 5000 ლარით განსაზღვრის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა. ს.ს.ი.პ. იუსტიციის სახლის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე შ.პ.ს. „ტ. პ.....“-ს მოსარჩელე ს.ს.ი.პ. იუსტიციის სახლის სასარგებლოდ დაეკისრა ქირის დავალიანების 81 248.39 ლარის და პირგასამტეხლოს 11022 ლარის გადახდა. შ.პ.ს. „ტ. პ.......“-ს ს.ს.ი.პ. იუსტიციის სახლის სასარგებლოდ დაეკისრა 2017 წლის 05 ივლისიდან საიჯარო ფართის გამოთავისუფლებამდე პერიოდში, ყოველთვიურად 20100 ლარის გადახდა, სარჩელის შეტანის დროისათვის (2018 წლის 02 ნოემბრამდე) ზიანის ოდენობა შეადგენდა 297 600 ლარს.
6. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა შ.პ.ს. „ტ-პ.....“-მა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით თავდაპირველი სარჩელის დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 01 თებერვლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება. გადაწყვეტილება დაეფუძნა შემდეგ ფაქტობრივსამართლებრივ დასაბუთებას:
7.1. 2016 წლის 09 ივნისს ს.ს.ი.პ. იუსტიციის სახლს (მეიჯარე) და შ.პ.ს. ,,ტ. პ....."-ს (მოიჯარე) შორის ,,სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის N1-1/172 ბრძანებისა და 2016 წლის 30 მაისის ელექტრონული აუქციონის შედეგების გათვალისწინებით, გაფორმდა საიჯარო ხელშეკრულება. ხელშეკრულების 3.1. პუნქტის მიხედვით, საიჯარო ქონება მდებარეობს მეიჯარის სარგებლობაში არსებულ ქ. თბილისში, ....... მდებარე უძრავ ქონებაზე და მოიცავს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილს - 10886 კვ.მ. ფართს (ავტოსადგომის ტერიტორიის ნაწილი, რომლის ფარგლებიც განისაზღვრება ხელშეკრულების დანართი N2-ის შესაბამისად) და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობას N2, საერთო ფართით 10851 კვ.მ. (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: .......). ხელშეკრულების 4.1. პუნქტის მიხედვით, საიჯარო ქონებისათვის მოიჯარის მიერ მეიჯარისადმი გადასახდელი ყოველთვიური საიჯარო ქირა შეადგენს 20100 ლარს, დღგ-ს ჩათვლით. ხელშეკრულების 4.2. პუნქტის თანახმად, საიჯარო ქირა მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს და ასევე საიჯარო ქონების გამოყენების საფუძველზე მოხმარებული ელექტრონერგიის გადასახადს. ხელშეკრულების 13.1 პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულება დაიდო 3 (სამი) წლის ვადით (მტკიცებულება: მოსარჩელის ახსნა-განმარტება. საიჯარო ხელშეკრულება ტომი 1, ს.ფ. 28-34).
7.2. საიჯარო ხელშეკრულების 5.4.4, 5.4.5, 5.4.6, 5.4.7, 5.4.8 და 5.4.10. პუნქტების მიხედვით, მოიჯარე ვალდებულია: განახორციელოს ავტოსადგომის ტერიტორიაზე არანაკლებ 4 შესასვლელისა და 4 გასასვლელის მოწყობა (შესაბამისი სამუშაოების ჩატარება). თითოეულ შესასვლელსა და გასასვლელში უნდა განხორციელდეს ავტოსადგომის პარკირების მართვის სისტემის და შლაგბაუმის მონტაჟი (ავტოსადგომზე დამონტაჟებულმა სისტემამ უნდა შეძლოს შლაგბაუმის გაღება შესაბამისი იმპულსის/სიგნალის მიღებიდან არაუმეტეს 3 წამში). ამასთანავე, ყველა გასასვლელთან უზრუნველყოფილი უნდა იქნეს საფასურის გადახდის მიზნით ჯიხურების (ჯიხური აღჭურვილი უნდა იქნეს ორ, ერთმანეთის საპირისპირო მხარეს ფანჯრებით, რათა ავტოსადგომის მომსახურების საფასურის გადახდა შესაძლებელი იქნეს როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა საჭიანი მანქანების მძღოლისათვის შეუფერხებლად) მონტაჟი და შესაბამისი საანგარიშსწორებო მომსახურების სისტემის არსებობა, რომლის მეშვეობით შესაძლებელი იქნება თანხის გადახდა, როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორების მეშვეობით (5.4.4.). ავტოსადგომის შესასვლელებსა და გასასვლელებში დამონტაჟებულმა სისტემამ პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით უნდა განახორციელოს თითოეული ავტომანქანის შემოსვლისა და გასვლის ზუსტი დროის აღრიცხვა და შესაბამისი საფასურის დაანგარიშება (5.4.5.). განახორციელოს ავტოსადგომის მიწისზედა და მიწისქვეშა სართულების, ასევე მიწისქვეშა სართულზე მზიდი ბოძების მოხაზვა/მონიშვნა, სანავიგაციო და სხვა ნიშნების განთავსება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად (5.4.6.). ავტოსადგომის მთლიანი ტერიტორია (მიწისზედა და მიწისქვეშა სართულები) აღიჭურვოს ვიდეო სამეთვალყურეო კამერებით (კამერები ისე უნდა იყოს დამონტაჟებული, რომ შესაძლებელი იყოს სადგომზე ჩადენილი ნებისმიერი სამართალდარღვევის ფაქტის დაფიქსირება: ქურდობა, ავტომობილის დაზიანება და ა.შ.) ვიდეო სამეთვალყურეო სისტემის ჩამწერი მოწყობილობა განთავსდება იუსტიციის სახლში და საჭიროების შემთხვევაში, კამერის ჩანაწერის ამოღება მოხდება იუსტიციის სახლისათვის მიმართვის გზით. მოიჯარეს ექნება მხოლოდ კამერის ონლაინ რეჟიმში თვალყურის დევნების საშუალება (5.4.7.). ავტოსადგომის შესავლელებში უზრუნველყოს იუსტიციის სახლთან შეთანხმებული დიზაინის მქონე საინფორმაციო დაფების განთავსება, რომლებზეც მიეთითება ინფორმაცია ავტოსადგომით მომსახურების ღირებულების თაობაზე (5.4.8). ავტოსადგომის მიწისზედა სართულზე განახორციელოს ველოსიპედებისათვის სპეციალური სადგომის მოწყობა (არანაკლებ 20 ერთეული) და შ.შ.მ. პირებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული რაოდენობის სადგომის გამოყოფა (5.4.10). 5.4.25. ქვეპუნქტის მიხედვით, მოიჯარე ამ მუხლის 5.4. პუნქტის 5.4.4.-5.4.10 ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას უზრუნველყოფს არაუგვიანეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 დღის ვადაში (მტკიცებულება: საიჯარო ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ. 30-31).
7.3. ხელშეკრულების მე-8 მუხლით გათვალისწინებულია ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები. ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.2. პუნქტის 8.2.1. ქვეპუნქტის მიხედვით, ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს, ერთ-ერთი მხარის მიერ ცალმხრივად, მეორე მხარის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევისას და დარღვევის გამოსწორებისათვის განსაზღვრულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში. ამავე მუხლის 8.5. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, მოიჯარე ვალდებულია მეიჯარეს დაუბრუნოს საიჯარო ქონება იმავე მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც ჩაიბარა მეიჯარისაგან (ბუნებრივი ცვეთის, ამორტიზაციისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარემონტო სამუშაოების გათვალისწინებით), ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ, დააბრუნოს ასევე მასზე განხორციელებული გაუმჯობესებები. ქონების დაბრუნებამდე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები სრულად გავრცელდება მხარეებზე (მტკიცებულება: საიჯარო ხელშეკრულება, ტომი 1, ს.ფ. 33).
7.4. საიჯარო ხელშეკრულების 7.3. და 7.4. პუნქტების თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოიჯარე არ შეასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულებას, მას დაეკისრება პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ამავე მუხლის 7.4. პუნქტის მიხედვით, წინამდებარე ხელშეკრულების 5.4. პუნქტით ნაკისრი რომელიმე ვალდებულების (გარდა 5.4.1. პუნქტით ნაკისრი ვალდებულებებისა) დარღვევის შემთხვევაში, მოიჯარეს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა მეიჯარის სასარგებლოდ, ყოველ ასეთ შემთხვევაზე საიჯარო ქირის 1%-ის ოდენობით (მტკიცებულება: საიჯარო ხელშეკრულება, ტომი 1, ს.ფ. 32).
7.5. ს.ს.ი.პ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, 2016 წლის 31 აგვისტოდან (ავტოსადგომის ფუნქციონირების დაწყებიდან) 2017 წლის 31 იანვრამდე პერიოდში შ.პ.ს. ,,ტ. პ...."-ის მიერ ავტოსადგომის ფუნქციონირებისათვის გაწეული დანახარჯების ოდენობა აღემატება მიღებულ შემოსავლებს. ამასთან, 2016 წლის 09 ივნისის საიჯარო ხელშეკრულების ფარგლებში, 2017 წლის 31 იანვრიდან ხელშეკრულების ვადის დასრულებამდე, თუ არ განხორციელდება შემოსავლების ზრდა ან სხვა გარემოებების ცვლილება, რომელმაც უნდა უზრუნველყოს კომპანიის არსებული ვალდებულებების დაფარვა ყოველთვიურად, ასეთ შემთხვევაში დანახარჯების ოდენობა აღემატება მისაღებ შემოსავალს (მტკიცებულება: ს.ს.ი.პ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა. ტომი 1 , ს.ფ. 71-86).
7.6. შ.პ.ს. ,,რ.ა"-ს აუდიტორული დასკვნით გამოკვლეულია იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოიჯარემ შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის რა ოდენობის შემოსავალი უნდა მიიღოს, რომ დაფაროს გაწეული ხარჯები ქირის ჩათვლით (მტკიცებულება: შ.პ.ს. ,,რ.ა–ს" აუდიტორული დასკვნა. ტომი 1, ს.ფ. 87-94).
7.7. 2017 წლის 13 აპრილს შ.პ.ს. „ტ. პ.......“-ს გაეგზავნა შეტყობინება დავალიანების დაფარვის მოთხოვნით და მიეცა ვადა 2017 წლის 01 მაისამდე, ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად. მიუხედავად ამისა, მან ვალდებულება არ შეასრულა (მტკიცებულება: 2017 წლის 01 მაისის წერილი. ტომი 1, ს.ფ. 154-155).
7.8. 2017 წლის 01 მაისის წერილით, ს.ს.ი.პ. იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა მოიჯარეს აცნობა, საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულების სისტემატური დარღვევის გამო, 2017 წლის 02 ივლისიდან ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე (მტკიცებულება: 2017 წლის 01მაისის წერილი. ტომი 1, ს.ფ. 160).
7.8. შ.პ.ს. „ტ. პ...“-მა, ხელშეკრულების 5.4.4.-5.4.8. და 5.4.10. პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებები არ შეასრულა ვადაში (მტკიცებულება: მოსარჩელის ახსნა-განმარტება. ს.ს.ი.პ. იუსტიციის სახლის წერილები).
7.9. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მხარეთა შორის სახეზე იყო სახელშეკრულებო ურთიერთობა. კერძოდ მხარეებმა გააფორმეს არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის ნაწილისა და მასზე განთავსებული მიწისქვეშა შენობა-ნაგებობის იჯარით გადაცემის ხელშეკრულება, ფასიანი ავტოსადგომის განთავსების მიზნით. ამდენად, სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილიდან გამომდინარე, მხარეებმა ამავე კოდექსის 581-ე მუხლის ფარგლებში, აიღეს ვალდებულება შეესრულებინათ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. იქვე პალატამ მიუთითა, რომ სამოქალაქო სამართალში მოქმედი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპის შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ მხარეები თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში, საკუთარი შეხედულებისამებრ აყალიბებენ გარიგების პირობებს, კერძო სამართალი მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებების განუხრელ დაცვას მოითხოვდა.
7.10. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტი მოითხოვდა ხელშეკრულების მოდიფიცირებას, მისადაგებას შეცვლილი გარემოებებისადმი, საიჯარო ქირის შემცირებით, რის საფუძვლად მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ეკონომიკური სარგებლის მიუღებლობას მიიჩნევდა და აქედან გამომდინარე ყოველთვიური ქირის 20100 ლარის გადახდის ვალდებულების შესრულების შეუძლებლობაზე მიუთითებდა.
7.11. სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ რომ ზემოხსენებული ნორმა განამტკიცებდა შემთხვევას, როდესაც მხარეს ხელშეკრულების უცვლელი პირობებით დაცვა არ შეიძლება მოეთხოვოს, რადგან გარემოებები, რომელიც ხელშეკრულების საფუძველი გახდა, შეიცვალა ან მხარეებმა ხელშეკრულება დაუკავშირეს წარმოდგენას, რომელიც შემდგომში არასწორი აღმოჩნდა. აქედან გამომდინარე პალატამ მიუთითა, რომ ნორმის პირველი ნაწილის მიხედვით, „გარიგების საფუძვლის დარღვევის“ წინაპირობები შესრულებულად რომ ჩაითვალოს საჭიროა შემდეგი გარემოებების არსებობა: ხელშეკრულების დადების შემდგომ გარემოებები უნდა შეიცვალოს არსებითად; ეს გარემოებები უნდა იყოს ხელშეკრულების დადების საფუძველი; თუ ხელშეკრულების მხარეები ამ ცვლილებას გაითვალისწინებდნენ, არ დადებდნენ ხელშეკრულებას ან დადებდნენ სხვა შინაარსით; ხელშეკრულების შეუცვლელად ძალაში დატოვება მიუღებელი უნდა იყოს ხელშეკრულების ერთი მხარისათვის ცალკეული შემთხვევის ყველა გარემოების გათვალისწინებით (შდრ. იხ: იან კროპჰოლერი, გსკ-ის კომენტარი, თბილისი, 2014 წ., გვ. 217) (იხ. სუსგ საქმე №ას-54- 2021, 30 ნოემბერი, 2021 წელი).
7.12. სააპელაციო პალატამ დამატებით განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების ამოქმედებისთვის, ობიექტურად შეცვლილი გარემოება, ზემოქმედებას უნდა ახდენდეს ხელშემკვრელი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების შესაძლებლობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, იჯარის ხელშეკრულებიდან ეკონომიკური სარგებლის მიღების მოლოდინის გაუმართლებლობა, თავისთავად არ გულისხმობდა სახელშეკრულებო ურთიერთობაში პირობათა ცვლილების აუცილებლობას. საწინააღმდეგო განმარტება საფრთხეს შეუქმნიდა სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას, რაც დაუშვებელი იყო.
7.13. იჯარის ხელშეკრულებიდან ეკონომიკური სარგებლის მიღების მოლოდინის გაუმართლებლობასთან აპელანტის მიერ მითითებულ გარემოებებზე მსჯელობისას სააპელაციო პალატამ ხაზი გაუსვა, მტკიცების ტვირთის მნიშვნელობას სამოქალაქო სამართალში და დაადგინა შემდეგი:
7.13.1. აუქციონის გამოცხადების შესახებ განცხადებაში მითითებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ ყოველდღიურად შესული ავტომანქანების რაოდენობის შესახებ არ აღმოჩნდა რეალური, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა და აღნიშნა, რომ ავტოსადგომით მომსახურებიდან შემოსავლის მიღება დამოკიდებული იყო არა მარტო ავტოსადგომზე შემსვლელი ავტომანქანების რაოდენობაზე, არამედ ავტოსადგომზე შესული ავტომანქანების დგომის დროზე. ხელშეკრულების სუბიექტების - მეიჯარისა და მოიჯარისათვის, ხელშეკრულების დადებამდე, შეუძლებელი იყო ზუსტად იმ ფაქტის დადგენა, ხელშეკრულების დადებიდან მისი მოქმედების ვადაში, სამომავლოდ რა რაოდენობის პოტენციური მომსახურების მიმღები მოხვდებოდა იუსტიციის სახლის ტერიტორიაზე განთავსებულ ავტოსადგომზე და რა დროით. აღნიშნული გარემოება მათზე არ იყო დამოკიდებული. განცხადებაში მითითებული ინფორმაცია ასახავდა იმ დროისათვის არსებულ ვითარებას, საიდანაც აღსრულების ეროვნულმა ბიურომ განსაზღვრა ავტოსადგომის საიჯარო ქირის ღირებულება. აქედან გამომდინარე, აპელირება იმ გარემოებაზე, რომ მოიჯარე დაეყრდნო აუქციონის გამოცხადების შესახებ განცხადებაში მითითებულ ინფორმაციას (რომელიც ხელშეკრულების პირობად არ განიხილება), საფუძველს მოკლებული იყო. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მოიჯარეს ჰქონდა აღნიშნული სახის ინფორმაციის გადამოწმების შესაძლებლობა. პალატამ მიიჩნია, რომ ვინაიდან ავტოსადგომის ტერიტორიაზე შემსვლელი ავტომანქანების რაოდენობა არ განიხილებოდა ხელშეკრულების არსებით პირობად (სსკ-ის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ), შესაბამისად, მისი ცვლილება ვერ იქნებოდა შეცვლილი გარემოება და ვერ დაედებოდა საფუძვლად ხელშეკრულების მისადაგების მოთხოვნას და მხარეთა შორის შეთანხმებული იჯარის საფასურის შემცირებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ, მიუთითა, რომ მოცემულ საქმეში არ იმსჯელებდა და არ შეაფასებდა აუქციონის გამოცხადების დროისათვის განცხადებაში მითითებულ ინფორმაციაში აღნიშნული ავტოსადგომის ტერიტორიაზე შემსვლელი ავტომანქანების რაოდენობა შეესაბამებოდა თუ არა იჯარის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, სარჩელის განხილვამდე პერიოდში, შესული ავტომანქანების რაოდენობას და ზემოაღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, რამეთუ აღნიშნული გარემოების კვლევა/დადგენა, შედეგობრივად ვერ წარმოშობდა ხელშეკრულების მისადაგების წინაპირობას.
7.13.2. რაც შეეხება აპელანტის მითითებას - იჯარით გადაცემული ნივთის ნაკლიანობასთან დაკავშირებით, პალატამ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, არ დასტურდებოდა სავენტილაციო სისტემის გაუმართაობა, ავტოსადგომის მიწისქვეშა ნაწილში წყლის გაჟონვის მიზეზები და ამ ნაკლის აღმოსაფხვრელად შ.პ.ს. „ტ. პ...“-ის მიერ გაწეული ხარჯების ოდენობასთან დაკავშირებული გარემოებები. პალატამ ყურადღება მიაქცია, რომ საქმეში წარმოდგენილი იყო მიმოწერა ხელშეკრულების მხარეებს შორის, რომლის მიხედვით, მოიჯარე აფიქსირებდა გარემოებებს საიჯარო ქონების ნივთობრივ ნაკლთან დაკავშირებით, ხოლო მეიჯარე საპასუხო წერილით უარყოფდა ასეთი ნაკლის არსებობას. აღნიშნული მტკიცებულებებით, პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს, დადასტურებლად ვერ მიიჩნია ასეთი გარემოების არსებობა და დაადგინა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, მეიჯარის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევა, კერძოდ, ნივთობრივი ნაკლის მქონე ნივთის გაქირავება.
7.13.3. სააპელაციო პალატა ასევე დაეთანხმა პირველი ინსტანციის მსჯელობას, რომ მეიჯარის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევა, მოიჯარეს მიერ, სამოქალაქო კოდექსის 536-ე და 537-ე მუხლებით გათვალისწინებული, უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი იყო. რაც ამ შემთხვევაში, მოსარჩელეს არ გამოუყენებია. აღნიშნულის გათვალისწინებით, აპელირება იმ გარემოებაზე, რომ მეიჯარის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო, გაუთვალისწინებელი ხარჯების გაღება გახდა საჭირო და ამ მიზეზითაც შეუძლებელი გახდა ხელშეკრულებიდან სარგებლის მიღება, უსაფუძვლო იყო და სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა.
7.13.4. რაც შეეხება ავტოსადგომის ტერიტორიაზე იუსტიციის სახლის თანამშრომლების 958 ერთეული ავტომობილის უფასოდ დაშვებას, პალატამ მიუთითა, რომ ასეთი ვალდებულების შესრულება იჯარის ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.4. პუნქტის 5.4.11. ქვეპუნქტის მიხედვით მან ხელშეკრულებით იკისრა. შესაბამისად, მოსარჩელის აპელირება იმ გარემოებაზე, რომ შემოსავლის მიღების ხელშემშლელ ერთ-ერთ გარემოებას წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ მომსახურებას უფასოდ უწევდა მეიჯარის თანამშრომლებს, უსაფუძვლო იყო, მეწარმე სუბიექტის წინდახედულებიდან გამომდინარე, მას ჰქონდა შესაძლებლობა გაეთვალისწინებინა, ხელშეკრულების დადებისას, რომ ამ ვალდებულებაზე შეთანხმების შედეგად, შემცირდებოდა იჯარის ხელშეკრულებიდან მისაღები შემოსავლის ოდენობა.
7.13.5. პალატამ ასევე მიუთითა, რომ იჯარის ხელშეკრულების 5.4.4. ქვეპუნქტის მიხედვით, მოიჯარემ იკისრა ვალდებულება განახორციელებინა ავტოსადგომის ტერიტორიაზე არანაკლებ 4 შესასვლელისა და 4 გასასვლელის მოწყობა (შესაბამისი სამუშაოების ჩატარება). თითოეულ შესასვლელსა და გასასვლელში უნდა განხორციელებულიყო ავტოსადგომის პარკირების მართვის სისტემის და შლაგბაუმის მონტაჟი. ამ შემთხვევაშიც, ავტოსადგომის ტერიტორიაზე სამუშაოების ჩატარების ვალდებულება მხარეთა შეთანხმებით იყო განსაზღვრული, რაც პარკირების ორგანიზების გაუმჯობესებასა და აქედან გამომდინარე, ავტოსადგომით მომსახურებიდან სარგებლის მიღების მიზანს ემსახურებოდა. შესაბამისად, მხოლოდ მოსარჩელის განმარტება, იმის თაობაზე, რომ ჩატარებული სამუშაოების შედეგად, შემცირდა ავტომობილების ავტოსადგომის ტერიტორიაზე შესვლისა და მისი დატოვებისათვის საჭირო დრო, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა, ასეთი მიზეზობრივი კავშირის არსებობა.
7.13.6. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, პალატამ მიიჩნია, რომ მოიჯარის უსახსრობა, იჯარის ხელშეკრულებიდან მოსალოდნელი შემოსავლის მიუღებლობის გამო, ვერ იქნებოდა მიჩნეული ქირის ოდენობის მოდიფიცირების საფუძვლად, იმ მოტივით, რომ ვალდებულების შესრულების დასახელებული სიძნელეები: მომხმარებლების ბევრად ნაკლები რაოდენობა და საიჯარო ქონების ნაკლის გამო გაუთვალისწინებელი ხარჯების გაღება, ხელშეკრულების 5.4.4. და 5.4.11 პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება, რა გარემოებებმაც საბოლოოდ გამოიწვია იჯარის ხელშეკრულებიდან მოსალოდნელზე ბევრად ნაკლები შემოსავლის მიღება, რომლებზეც მოვალე ამყარებდა პასუხისმგებლობისაგან ნაწილობრივ გათავისუფლების მოთხოვნას, ნებისმიერი მოვალის კომერციული რისკის სფეროში მოიაზრებოდა და დაუშვებელი იყო მისი კრედიტორზე დაკისრება. შესაბამისად, პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს და მიიჩნია, რომ არ არსებობდა იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საიჯარო ქირის შემცირების საფუძველი, რის გამოც მოიჯარეს ეკისრებოდა უცვლელი პირობებით, შეთანხმებული შესრულების ვალდებულება.
7.14. სააპელაციო პალატამ ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნია აპელანტის სააპელაციო პრეტენზიები შეგებებული სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების ნაწილში შემდეგ გარემოებათა გამო:
7.14.1. დადგენილი იყო, რომ მოიჯარის მიერ საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქირის გადახდის ვალდებულება დაირღვა. აღნიშნული გარემოება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 558-ე მუხლისა და საიჯარო ხელშეკრულების 8.2. პუნქტის შესაბამისად, მეიჯარეს ანიჭებდა ხელშეკრულების შეწყვეტის უფლებამოსილებას.
პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 427-ე მუხლებზე და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ აპელანტს/შეგებებული სარჩელით მოპასუხეს ს.ს.ი.პ. იუსტიციის სახლის წინაშე ვალდებულება არ ჰქონდა შესრულებული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მიხედვით და კრედიტორი უფლებამოსილი იყო მოეთხოვა ვალდებულების შესრულება, ხოლო მოვალეს ვალდებულება უნდა შეესრულებინა. ამდენად, პალატამ დასაბუთებულად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ აპელანტს/მოპასუხეს შ.პ.ს. „ტ. პ....“-ს იჯარის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ ჰქონდა შესრულებული, კერძოდ მას გადასახდელი ჰქონდა საიჯარო ქირის სახით 81 248.39 ლარი და მას უნდა დაკისრებოდა აღნიშნული თანხის გადახდა კრედიტორის სასარგებლოდ.
7.14.2. სააპელაციო პალატამ მიუთითა პირგასამტეხლოს არსზე, მის დანიშნულებასა და მიზანზე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლიდან გამომდინარე. პალატამ ასევე მიუთითა სასამართლოს მხრიდან მისი შემცირების შესაძლებლობაზე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლიდან გამომდინარე და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, აპელანტისთვის დაკისრებული პირგასამტეხლო 11022 ლარს შეადგენდა, პალატამ მხედველობაში მიიღო რა, შესრულების ღირებულება, ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების ხანგრძლივობა, ვალდებულების მოცულობა, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის ხასიათი, ასევე, გაითვალისწინა პირგასამტეხლოს ფუნქცია, მივიდა დასკვნამდე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკისრებული პირგასამტეხლო გონივრული იყო და სრულად შეესაბამებოდა განსახილველ შემთხვევაში მოვალის მიერ ხელშეკრულების დარღვევის ხასიათს, იგი შესასრულებელ ვალდებულებასთან მიმართებით შეუსაბამოდ მაღალი არ იყო და შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით განმტკიცებული დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების ფაქტობრივ სამართლებრივ საფუძვლებს არ იძლეოდა.
7.14.3. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 567.1, 394.1 და 398.2 მუხლებზე და აღნიშნა, განსახილველ შემთხვევაში დადგენილი იყო, რომ მოიჯარის მიერ ქირის გადახდის ვალდებულების დარღვევის გამო, მეიჯარემ ს.ს.ი.პ. იუსტიციის სახლმა 2017 წლის 02 ივლისიდან შეწყვიტა იჯარის ხელშეკრულება. 2017 წლის ივლისიდან სარჩელების განხილვის დღემდე, მეიჯარის მოთხოვნის მიუხედავად, მოიჯარეს არ გაუთავისუფლებია იჯარით გადაცემული ქონება, რაც მეიჯარეს - ს.ს.ი.პ. იუსტიციის სახლს ანიჭებდა უფლებამოსილებას მოეთხოვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო ქირა, 2017 წლის ივლისიდან ყოველთვიურად საიჯარო ქონების გამოთავისუფლებამდე. ამასთან, 2018 წლის 02 ივლისიდან ნოემბრამდე პერიოდში, საიჯარო ქონებით სარგებლობის გამო, მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენდა 297600 ლარს, რადგან ამ პერიოდში შემოსავლის სახით, მოსარჩელეს უნდა მიეღო 321600 ლარი, ხოლო მოპასუხეს ქირის სახით გადახდილი ჰქონდა 24000 ლარი.
პალატამ ხაზი გაუსვა სამოქალაქო სამართალში მოქმედი კეთილსინდისიერების პრინციპს და დაასკვნა, რომ განსახილველ საქმეში აპელანტმა ვერ დაადასტურა ხელშეკრულების დადების შემდეგ გარემოებების ისეთი არსებითი შეცვლა, რომელიც განაპირობებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების განხორციელების შეუძლებლობას (არამართლზომიერად აცხადებდა უარს ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობით საიჯარო ქირის გადახდაზე). შესაბამისად, სახეზე არ იყო ხელშეკრულების შეწყვეტის გარდაუვალობა შეცვლილი გარემოებების საფუძვლით, რაც ხელშეკრულების შეწყვეტის ინიციატორ მხარეს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან გაათავისუფლებდა. ამდენად, არსებობდა შეგებებული სარჩელის მოთხოვნის - მოპასუხისათვის შ.პ.ს. „ტ. პ....“-სთვის მოსარჩელე ს.ს.ი.პ იუსტიციის სახლის სასარგებლოდ 2017 წლის ივლისიდან საიჯარო ფართის გამოთავისუფლებამდე პერიოდში, ყოველთვიურად 20 100 ლარის გადახდის, (სარჩელის შეტანის დროისათვის (2018 წლის 02 ნოემბრამდე) ზიანის ოდენობა შეადგენდა 297 600 ლარს) დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
7.15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელი იყო და არ არსებობდა მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
8. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
8.1. კასატორის განმარტებით, მხარეთა შორის არსებულ საიჯარო სახელშეკრულებო ურთიერთობას საფუძვლად დაედო ს.ს.ი.პ. იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის 2016 წლის 23 მაისის ბრძანება, რომლითაც გამოცხადდა აუქციონი მოპასუხის სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთის იჯარის წესით გაცემის თაობაზე. კასატორი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ბრძანების გამოცემის დღესვე, აუქციონის ჩატარების შესახებ განცხადება გამოქვეყნდა შესაბამის ელექტრონულ ვებ გვერდზე, სადაც სხვა ინფორმაციასთან და პირობებთან ერთად აღნიშნული იყო, რომ ყოველდღიურად ს.ს.ი.პ. იუსტიციის სახლის ავტოსადგომით სარგებლობდა საშუალოდ 2200-2500 ავტომობილი, თანამშრომელთა ავტომობილების გარდა. იქვე იყო მითითებული საიჯარო ფართის საწყისი საბაზრო ღირებულება, რაც ს.ს.ი.პ. იუსტიციის სახლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, აღსრულების ეროვნული ბიუროს დასკვნით იყო დადგენილი.
8.2. კასატორი მიუთითებს, რომ ხელშეკრულების გაფორმებისა და საიჯარო ქონებაზე ოპერირების დაწყების შემდეგ მისთვის ცნობილი გახდა ის გარემოება, რომ ავტოსადგომით ფასიან მოსარგებლეთა ყოველდღიური, საშუალო რაოდენობა არ შეესაბამებოდა აუქციონში გამოქვეყნებულ ინფორმაციას და აღსრულების ეროვნული ბიუროს დასკვნას. შესაბამისად, საიჯარო ქონების ოპერირებით მიღებული შემოსავლები ვერ უზრუნველყოფდა ავტოსადგომის გამართულად მუშაობისთვის აუცილებელი ხარჯების და მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო ქირის სრულად გადახდას. კასატორმა ასევე აღნიშნა, რომ აღნიშნულის თაობაზე არაერთგზის ეცნობა მოპასუხეს და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლის საფუძველზე, მოთხოვნილ იქნა სახელშეკრულებო პირობების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი.
8.3. კასატორის პრეტენზია შეეხება იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის წარმოდგენები, რომლებიც სახელშეკრულებო კეთილსნდისიერების პრინციპიდან გამომდინარე მოსარჩელისათვის აუქციონში მონაწილეობის და შესაბამისად შემდგომში ხელშეკრულების გაფორმების საფუძველი გახადა არასწორი აღმოჩნდა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო.
8.4. კასატორის მითითებით, დადასტურებულ გარემოებას წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ ავტოსადგომის გამართულად მუშაობისთვის კასატორის მიერ გაღებული ყოველთვიური ხარჯები არსებითად აღემატებოდა ოპერირების შედეგად მიღებულ შემოსავლებს. აღნიშნულს პირველი ინსტანციის სასამართლოც ადასტურებდა, თუმცა არასწორი ინტერპრეტაციისა და შეფასების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თითქოს მოსარჩელე შეცვლილ გარემოებად აღიქვამდა ეკონომიკური სარგებლიანობის დაკარგვას, რაც არასწორია, ვინაიდან შეცვლილი გარემოებებისადმი ხელშეკრულების მისადაგების შესახებ, კასატორის მოთხოვნა ეფუძნებოდა არა ეკონომიკური სარგებლიანობის დაკარგვას, არამედ იმ ფაქტს, რომ ავტოსადგომით ოპერირების შედეგად მიღებული შემოსავლები ვერ ფარავდა ამავე ავტოსადგომის გამართულად ფუნქციონირებისთვის აუცილებელ ხარჯებს, მათ შორის საიჯარო ქირას. კასატორის განმარტებით, თუნდაც სახეზე არ ყოფილიყო ხელშეკრულების დადების შემდგომ გარემოებების შეცვლა, მაინც არასწორი იყო მიღებული გადაწყვეტილება, რადგან სახეზე იყო ხელშეკრულების ხელმომწერ მხარეთა არასწორი წარმოდგენები, რომლის არარსებობის პირობებში ეს ხელშეკრულება არ გაფორმდებოდა ან გაფორმდებოდა არსებითად განსხვავებული პირობებით. აღნიშნულის საფუძვლად კასატორი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398.2 მუხლზე მიუთითებს.
8.5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კასატორმა მიუთითა, რომ სახეზე იყო შეცვლილი გარემოებებისადმი ხელშეკრულების პირობების მისადაგების საფუძვლები, კერძოდ სახეზე იყო როგორც მინიმუმ კასატორის არასწორი წარმოდგენები, რაც გამოწვეული იყო ერთი მხრივ ს.ს.ი.პ. იუსტიციის სახლის, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის და მეორე მხრივ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნის (რომელიც შეეხებოდა საიჯარო ფართის საბაზრო ღირებულების დადგენას) მიმართ ნდობის შედეგად. ყოველივე ამის გათვალისწინებით კი, კასატორს წარმოეშვა შეცვლილი გარემოებებისადმი ხელშეკრულების მისადაგების მოთხოვნის უფლება, ხოლო მოპასუხე უარს აცხადებდა ამ ვალდებულების შესრულებაზე, რამაც მოსარჩელისათვის ავტომატურად წარმოშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლის პირველი ნაწილი დადგენილი უფლებამოსილება - უარი ეთქვა ხელშეკრულების მკაცრად დაცვაზე.
მოსარჩელის მხრიდან ზემოაღნიშნული უფლებამოსილების გამოყენებას მოპასუხის მხრიდან მოჰყვა ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის გადაწყვეტილება. კასატორი მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეს ნაცვლად იმისა რომ დაეცვა კეთილსინდისიერების პრინციპი და კასატორის უფლებებისა და ქონების მიმართ გამოეჩინა გულისხმიერი დამოკიდებულება 2017 წლის 01 მაისის #921 წერილით მიმართა კასატორს და აცნობა სადავო ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ, ხოლო ამ შეტყობინებას საფუძვლად დაუდო მოსარჩელის მხრიდან კანონით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების ფაქტი, ყოველივე ეს კი ადასტურებს სადავო წერილის წინააღმდეგობას კანონსა და საჯარო წესრიგთან მიმართებაში. რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
12. კასატორის პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზე იყო შეცვლილი გარემოებებისადმი ხელშეკრულების პირობების მისადაგების საფუძვლები. კასატორი ძირითადად აპელირებს იმ გარემოებებზე, რომ მხარეთა შორის არსებულ საიჯარო სახელშეკრულებო ურთიერთობას საფუძვლად დაედო ს.ს.ი.პ. იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის 2016 წლის 23 მაისის ბრძანება. საიჯარო ქონებაზე ოპერირების დაწყების შემდეგ კი მისთვის ცნობილი გახდა, რომ ავტოსადგომით ფასიან მოსარგებლეთა ყოველდღიური, საშუალო რაოდენობა არ შეესაბამებოდა აუქციონში გამოქვეყნებულ ინფორმაციას და აღსრულების ეროვნული ბიუროს დასკვნას. ყოველივე ზემოაღნიშნულმა შეუძლებელი გახადა ავტოსადგომის გამართულად მუშაობისთვის აუცილებელი ხარჯების და მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო ქირის სრულად გადახდა. ამდენად, სახეზე იყო ხელშეკრულების შეცვლილი გარემოებებისადმი მისადაგების საფუძვლები, კერძოდ სახეზე იყო როგორც მინიმუმ კასატორის არასწორი წარმოდგენები, რაც გამოწვეული იყო მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით - ერთი მხრივ ს.ს.ი.პ. იუსტიციის სახლის, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის და მეორე მხრივ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნის (რომელიც შეეხებოდა საიჯარო ფართის საბაზრო ღირებულების დადგენას) მიმართ ნდობის შედეგად. ზემოაღნიშნულმა კასატორს წარმოუშვა შეცვლილი გარემოებებისადმი ხელშეკრულების მისადაგების მოთხოვნის უფლება. ვინაიდან მოპასუხე უარს აცხადებდა ამ ვალდებულების შესრულებაზე, მოსარჩელეს ავტომატურად წარმოშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი უფლებამოსილება - უარი ეთქვა ხელშეკრულების მკაცრად დაცვაზე, რასაც მოპასუხის მხრიდან, ნაცვლად იმისა, რომ დაეცვა კეთილსინდისიერების პრინციპი და კასატორის უფლებებისა და ქონების მიმართ გამოეჩინა გულისხმიერი დამოკიდებულება, მოჰყვა ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის გადაწყვეტილება. ყოველივე ზემოაღნიშნული კი კასატორის აზრით, მისი სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი იყო. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის აღნიშნულ პრეტენზიას, შემდეგ გარემოებათა გამო:
13. უპირველესად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ვალდებულებითი სამართალი ეყრდნობა უზოგადეს წესს _ „pacta sunt servanda“ („ხელშეკრულება უნდა შესრულდეს“), რომლის თანახმად, ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება, პირველ რიგში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შედეგს გულისხმობს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას (იხ. ს.უ.ს.გ. №ას-925-2022, 30.09.2022წ).
14. ხსენებული პრინციპის მიუხედავად, სამოქალაქო ბრუნვისთვის უცხო არ არის გარემოებათა იმგვარი ცვლილება, რომელიც ხელშეკრულების განუხრელად შესრულებას ხდის შეუძლებელს ან აქცევს იმდენად მძიმე და არაგონივრულ ტვირთად, რომ შესრულების მოთხოვნა ეწინააღმდეგება სამოქალაქო ურთიერთობის ქვაკუთხედს _ კეთილსინდისიერებისა და სამართლიანობის პრინციპებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 401-ე მუხლის მიხედვით, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული.
15. იმის მიხედვით, რამდენად არსებითია გარემოების ცვლილება ხელშეკრულების დადების შემდეგ, იურიდიული ლიტერატურა ერთმანეთისგან მიჯნავს ფორსმაჟორისა (რომანულ სამართალში - vis major) და შესრულების გართულების (Hardship) კონცეფციებს, თანმდევი სამართლებრივი შედეგებით.
16. „შესრულების გართულება არსებობს მაშინ, როდესაც ხელშეკრულების დადების შემდგომ აღმოცენებული გარემოებების გავლენით ვალდებულების აღსრულება მოულოდნელად არაგონივრულად მძიმე ტვირთს აკისრებს მოვალეს. შესრულების გართულება გულისხმობს ობიექტურად განხორციელებადი ვალდებულების შესრულების უკიდურეს დამძიმებას, რომელიც ობიექტურად არ გამორიცხავს შესრულების შესაძლებლობას და რომლის პირობებშიც მხარეთა ინტერესების უპირველესი სამართლებრივი დაცვის საშუალება შეცვლილი გარემოებებისადმი ხელშეკრულების მისადაგებაა. ფორსმაჟორი (შესრულების არაბრალეული შეუძლებლობა) კი განსხვავებული სამართლებრივი წინაპირობებით წარმოიშობა, რომელიც თანმდევ შედეგად შესრულების ვალდებულებისაგან განთავისუფლებას მოიაზრებს“ (იხ. ჩიტაშვილი ნ., სადისერტაციო ნაშრომი თემაზე „შეცვლილი გარემოებების გავლენა ვალდებულების შესრულებასა და მხარეთა შესაძლო მეორად მოთხოვნებზე“, თბილისი, 2014, გვ.16-17).
17. განსახილველ შემთხვევაში, როგორც კასატორი უთითებს, მან არაერთხელ მიმართა მოპასუხეს ხელშეკრულების პირობების შეცვლის მოთხოვნით, იმ მიზეზით, რომ მისი წარმოდგენები არ გამართლდა, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლის შემადგენლობას ქმნიდა. ამასთან, დგინდება, რომ კასატორი ყოველთვიურად საიჯარო ქირას ხელშეკრულებით დადგენილი ოდენობით არ იხდიდა.
18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონიერად მიღწეული შეთანხმება მხარეებისთვის იკავებს კანონის ადგილს. ხელშეკრულების დაურღვევლობის პრინციპიდან სახელშეკრულებო სამართლიანობის პრინციპის უზრუნველსაყოფად არსებობს რამდენიმე გამონაკლისი, რომელთა დაცვაც ისევე მნიშვნელოვანია, როგორც თავად „pacta sunt servanda”-ს უზენაესი წესის აღსრულება. კონკრეტული სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულება სახელშეკრულებო სამართლის ამ უზოგადეს მიზანთან წინააღმდეგობაში არ უნდა აღმოჩნდეს, რითაც შეიძლება საფრთხე შეექმნას სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა შორის უფლება-მოვალეობების კეთილსინდისიერად განხორციელების კერძო სამართლებრივ ღირებულებას. ინდივიდუალურ სახელშეკრულებო ინტერესსა და კერძო სამართლის დაცვით სამართლებრივი წესრიგის უზრუნველმყოფ ფუნქციას შორის დილემის, წინააღმდეგობის არსებობისას, სასამართლო აღიჭურვება სახელშეკრულებო ურთიერთობაში ლეგიტიმური ჩარევის ძალმოსილებით (შეად. ს.უ.ს.გ. Nას-1056-2021, 17.12.2021წ.).
19. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, მხარეები ჯერ უნდა შეეცადონ ხელშეკრულება მიუსადაგონ შეცვლილ გარემოებებს. თუკი შეუძლებელია ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი ან მეორე მხარე არ ეთანხმება, მაშინ იმ მხარეს რომლის ინტერესებიც დაირღვა, შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე. ანუ, „ხელშეკრულების ღირებულებითი პარამეტრების შეცვლა ხელშეკრულების მოქმედების მთელი ამ პერიოდის განმავლობაში დაუშვებელია მხარეთა წერილობითი შეთანხმების გარეშე, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა“ (იხ. ს.უ.ს.გ.-ები: Nას-309-295-2012, 26.03.2012წ.; №ას-803-2022, 6.10.2022წ.; N Nას-619-2021, 25.01.2023წ.; ას-631-2021, 28.12.2021წ.).
20. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ გამონაკლის შემთხვევებში, მხოლოდ სასამართლოს აქვს უფლებამოსილება ჩაერიოს სახელშეკრულებო ურთიერთობაში ლეგიტიმური ჩარევის ძალმოსილებით და ის ფაქტი, რომ საიჯარო ქირის შეთანხმებული ოდენობის გადახდა მოიჯარისთვის, თუნდაც ობიექტური მიზეზების გამო, სახელშეკრულებო ურთიერთობის გარკვეულ ეტაპზე შეუძლებელი აღმოჩნდა, არ ქმნის საფუძველს მხარემ თვითნებურად შეცვალოს ხელშეკრულებით მხარეთა მიერ შეთანხმებული, არსებითი და მისთვის არახელსაყრელი სახელშეკრულებო პირობა, მისთვის უფრო ხელსაყრელი და მისაღები პირობით. თუკი შეუძლებელია ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი ან მეორე მხარე ამას კატეგორიულად არ ეთანხმება, მაშინ იმ მხარეს რომლის ინტერესებიც დაირღვა შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე.
21. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიებს, რომ არსებობდა ხელშეკრულების შეცვლილი გარემოებებისადმი მისადაგების წინაპირობები და ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ მოიჯარის უსახსრობა, იჯარის ხელშეკრულებიდან მოსალოდნელი შემოსავლის მიუღებლობის გამო, რაც გამოწვეული იყო მომხმარებლების ბევრად ნაკლები რაოდენობით და საიჯარო ქონების ნაკლის გამო გაუთვალისწინებელი ხარჯების გაღებით, ხელშეკრულების 5.4.4. და 5.4.11 პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებით, ვერ მიიჩნეოდა ქირის ოდენობის მოდიფიცირების საფუძვლად. გარემოებები, რომლებმაც საბოლოოდ გამოიწვია იჯარის ხელშეკრულებიდან მოსალოდნელზე ბევრად ნაკლები შემოსავლის მიღება და რომლებზეც მოვალე ამყარებდა პასუხისმგებლობისაგან ნაწილობრივ გათავისუფლების მოთხოვნას, არ წარმოადგენდა შეცვლილი გარემოებებისადმი ხელშეკრულების მისადაგების საფუძვლებს.
ერთი მხრივ, აუქციონის განცხადებაში მითითებული ინფორმაცია სავარაუდო მომხმარებელი ავტომობილების რადენობის შესახებ არ განიხილებოდა ხელშეკრულების პირობად, მით უფრო იმ ვითარებაში, როდესაც მოიჯარეს ჰქონდა აღნიშნული სახის ინფორმაციის გადამოწმების შესაძლებლობა, ხოლო მეორე მხრივ ავტოსადგომის ტერიტორიაზე სამუშაოების ჩატარების ვალდებულება მხარეთა შეთანხმებით (იჯარის ხელშეკრულებით) იყო განსაზღვრული და ავტოსადგომით მომსახურებიდან სარგებლის მიღების მიზანს ემსახურებოდა. ამდენად, ვინაიდან არ დასტურდებოდა მოსარჩელის მიერ დასახელებული მიზეზობრივი კავშირი, ვერ იქნებოდა გაზიარებული მოსარჩელის ზემოაღნიშნული პრეტენზია. ამასთან, სასამართლო ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის შეფასებას, რომ ნებისმიერი მოვალის კომერციული რისკის სფეროში მოიაზრება მსგავსი შემთხვევები და დაუშვებელია მისი კრედიტორზე დაკისრება. ამდენად, არ არსებობდა იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საიჯარო ქირის შემცირების საფუძველი, რის გამოც მოიჯარეს ეკისრებოდა უცვლელი პირობებით, შეთანხმებული შესრულების ვალდებულება.
22. აქვე საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ვინაიდან, სახეზე არ იყო ხელშეკრულების შეცვლილი გარემოებებისადმი მისადაგების წინაპირობები და შესაბამისად სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები, პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის დასკვნებს შებებული სარჩელის მოთხოვნებთან მიმართებით. კერძოდ, დადგინდა მოიჯარის მხრიდან იჯარის ხელშეკრულების დარღვევა, კრედიტორი უფლებამოსილი იყო მოეთხოვა ვალდებულების შესრულება - საიჯარო ქირის 81248.39 ლარის გადახდა. რაც შეეხება პირგასამტეხლოს დაკისრებას, აღნიშნული ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული, ამასთან, საგულისხმოა, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან - 11022 ლართან დაკავშირებით, რომ ვალდებულების დარღვევის ხასიათის და მოცულობის გათვალისწინებით, გონივრული და სამართლიანი იყო და მისი შემცირების საფუძველი არ არსებობდა.
23. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 591-ე მუხლზე, რომელიც ადგენს საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ იჯარის საგნის უკან დაბრუნების დაყოვნებისათვის მოიჯარის მიერ ზიანის სახით საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულებას და მისი მიზანი მეიჯარის ინტერესების დაცვაა, ამ უკანასკნელისათვის მოიჯარისაგან საიჯარო ქირისა და სხვა სახის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების მინიჭებით. განსახილველ შემთხვევაში, არსებობდა ზიანის ანაზღაურების თაობაზე შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
24. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
25. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
26. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის, 8000 ლარის გადახდა კასატორს გადაუვადდა საკასაციო სასამართლოს 2023 წლის 04 ივლისის განჩინებით. ვინაიდან, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაეკისროს გადავადებული სახელმწიფო ბაჟის 30%-ის - 2400 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შ.პ.ს. „ტ-პ.....“-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. შ.პ.ს. „ტ-პ.....“-ს (ს/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 04 ივლისის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 8000 ლარის 30%-ის გადახდა, რაც შეადგენს 2400 ლარს.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
ლაშა ქოჩიაშვილი
თეა ძიმისტარაშვილი