09 დეკემბერი 2024 წელი
საქმე №ას-849-2024 თბილისი
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე)
ლაშა ქოჩიაშვილი(მომხსენებელი)
გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - შ.პ.ს. ,ე.ჯ.ე.ჯ.კ–ი"
მოწინააღმდეგე მხარე - ა.ბ–ძე
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შ.პ.ს. ,ე.ჯ.ე.ჯ.კ–ი"-მ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ა.ბ–ძის მიმართ, მოპასუხისათვის მიწოდებული საქონლის ღირებულების - 13 285.51 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, მანვე მიუთითა სასარჩელო მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელ გარემოებაზე - ხანდაზმულობაზე.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით - სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 თებერვლის განჩინებით - სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ შემდეგ ფაქტობრივსამართლებრივ საფუძვლებზე მიუთითა:
5.1. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასებები და სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით დამატებით განმარტა შემდეგი:
5.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის არსებობდა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ფარგლებშიც მხარეთა შორის სადავო იყო ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქციის (ე.წ. ,,არმატურის“) საფასურის - 13285.51 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ მოთხოვნის საფუძვლიანობა.
5.3. სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლზე მითითებით დადგენილად მიიჩნია, რომ შ.პ.ს. ,ე.ჯ.ე.ჯ.კ–ი”-ს და ა.ბ–ძეს შორის გაფორმებული ნასყიდობის ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე, გამყიდველმა - შ.პ.ს. ,ე.ჯ.ე.ჯ.კ–ი”-მ მყიდველს - ა.ბ–ძეს 2015 წლის 20 დეკემბრიდან, 2016 წლის 02 აპრილამდე მიაწოდა 8, 10, 12, 16, 18 მმ-იანი წნელები (არმატურა) - 500, რომელთა ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 13285.51 ლარი (ს.ფ. 15-19, 20-23, სააპელაციო სასამართლოს სხდომის 24.01.2023 წლის ოქმი, 16:29:00).
5.4. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის 2015 წლის 20 დეკემბრიდან 2016 წლის 02 აპრილის ჩათვლით, არსებობდა ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.
5.5. სასაქონლო ზედნადებებით (ელ-0212944581, ელ-0222801149, ელ-0225897399, ელ-0226191620, ელ-0229819193) მიწოდებული საქონლის ღირებულების დაკისრების მოთხოვნით მოსარჩელემ ბათუმის საქალაქო სასამართლოში სარჩელი წარადგინა 2019 წლის 20 სექტემბერს (ს.ფ. 1).
5.6. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებელი წარადგინა და განმარტა, რომ იგი, როგორც ფიზიკური პირი აწარმოებდა სახლის მშენებლობას, რა დროსაც მისთვის ხდებოდა მოსარჩელის მიერ მითითებული საქონლის მიწოდება, ხოლო ამ საქონლის ღირებულების გადახდა მის მიერ ხორციელდებოდა ყოველი მიწოდების შემდეგ, საქონლის ტრანსპორტირების განმახორციელებელი მძღოლის თანხმლები საწარმოს წარმომადგენელი პირისთვის, რა დროსაც არ ხდებოდა გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის მიღება, გადაუხდელობის შემთხვევაში კი პროდუქციის მიწოდება არ მოხდებოდა. ვინაიდან, მას ხელთ არ გააჩნდა გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები, მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მითითებით, მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ს.ფ. 42-52, სააპელაციო სასამართლოს სხდომის 24.01.2023წ. ოქმი, 16:28:45-16:31:35).
5.7. პალატამ განმარტა, რომ მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობის გასარკვევად, პირველ რიგში დასადგენი იყო რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობდა მხარეთა შორის. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე, მოპასუხისათვის თანხის დაკისრებას პროდუქციის მიყიდვას უკავშირებდა, რომლის ღირებულების გადახდა მყიდველის ვალდებულებას წარმოადგენდა, ხოლო მყიდველის (მოპასუხის) მიერ ეს თანხა არ იყო გადახდილი. მხარეთა შორის არ იყო სადავო, რომ პროდუქციის მიწოდება ნამდვილად მოხდა, თუმცა მოპასუხის მიერ სათანადო მტკიცებულებებით არ იყო დადასტურებული მის მიერ შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოება ნასყიდობის ღირებულების 12000 ლარის ოდენობით გადახდის თაობაზე.
5.8. პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და დამატებით განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის, 129-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 130- 131-ე მუხლებისა და 144-ე მუხლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. სახელშეკრულებო მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა – ექვს წელს.
5.9. პალატამ აღნიშნა, რომ ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. ამასთან, მან განმარტა, რა დრო ითვლება მოთხოვნის წარმოშობის მომენტად და რომ ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.
5.10. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პალატამ მიუთითა, რომ შ.პ.ს. ,ე.ჯ.ე.ჯ.კ–ი"-ს და ა.ბ–ძეს შორის გაფორმებული ნასყიდობის ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე, გამყიდველმა - შ.პ.ს. ,ე.ჯ.ე.ჯ.კ–ი"-მ მყიდველს - ა.ბ–ძეს 2015 წლის 20 დეკემბრიდან, 2016 წლის 02 აპრილამდე მიაწოდა ე.წ. ,,არმატურა“. მიწოდებული სამშენებლო მასალის ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 13285.51 ლარი (ს.ფ. 15-19, 20- 23, სააპელაციო სასამართლოს სხდომის 24.01.2023 წლის ოქმი, 16:29:00).
5.11. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლი ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას მხარეთა მიერ მოქმედების ერთდროულად განხორციელებას ითვალისწინებს (მყიდველისათვის ნივთის საკუთრებაში გადაცემა, გამყიდველისათვის ფასის გადახდა) და ამ წესისაგან განსხვავებულად, გადახდის განვადებით, ანუ ფასის ნაწილ-ნაწილ გადახდაზე (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 505-506-ე მუხლები) შეთანხმება საქმის მასალებით არ დასტურდებოდა.
5.12. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება იმის თაობაზე, რომ ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის ათვლა საწარმოში აუდიტის ჩატარებიდან (2019 წლის ზაფხული) უნდა დაწყებულიყო, ვინაიდან, მანამდე კრედიტორს მოთხოვნა არ ჰქონდა წარდგენილი. პალატამ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ მოსარჩელემ ვერ უპასუხა მოსამართლის შეკითხვას, მხარეთა შორის არსებობდა თუ არა ნდობაზე დამყარებული ურთიერთობა (მაგ.: პროდუქციის ხშირი შესყიდვები და ღირებულების გრძელვადიანი დაფარვა), რის გამოც დავალიანების აღმოჩენა გონივრული განსჯის საფუძველზე, ბოლო სასაქონლო ზედნადების (02.04.2016წ.) დადებიდან სამი წლის ვადაში, შეუძლებელი იქნებოდა (სააპელაციო სასამართლოს სხდომის 24.01.2023. ოქმი, 16:20:05-16:21:53).
5.13 ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ დაადგინა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის ურთიერთობა გამომდინარეობდა ნასყიდობის ხელშეკრულებიდან. ამ ხელშეკრულების ფარგლებში წარმოშობილი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა კი შეადგენდა სამ წელს. შესაბამისად, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლით დადგენილი წესებიდან გამომდინარე, მყიდველს წარმოეშვა ნასყიდობის საფასურის გადახდის ვალდებულება, ხოლო გამყიდველს წარმოეშვა ნასყიდობის საფასურის მოთხოვნის უფლება.
5.14. პალატამ მიუთითა, რომ მართალია, საქმის მასალებით არ დასტურდებოდა მოპასუხე ა.ბ–ძის მიერ 20.12.2015 წლიდან 02.04.2016 წლის ჩათვლით, შ.პ.ს. „ე.ჯ.ე.ჯ“-სგან მიღებული ნასყიდობის საგნის საფასურის გადახდა, თუმცა პროდუქციის ბოლო მიწოდებიდან - 2016 წლის 02 აპრილიდან, თანხის გადახდის თაობაზე მოთხოვნის უფლება გამყიდველს იმთავითვე წარმოეშვა და ამ მოთხოვნით სარჩელი შეეძლო წარედგინა სამი წლის ვადაში - 2019 წლის 03 აპრილამდე.
5.15. იმის გათვალისწინებით, რომ შ.პ.ს. „ე.ჯ.ე.ჯ“-მ, ა.ბ–ძის წინააღმდეგ სასამართლოს სარჩელით მიმართა 2019 წლის 20 სექტემბერს, ანუ სამწლიანი ვადის გასვლის შემდეგ, ხოლო მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო ვალდებულების შესრულებაზე უარი განაცხადა, პალატამ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა თანხის - 13285.51 ლარის ანაზღაურების თაობაზე მართალია დასაბუთებული იყო (12000 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდება მოპასუხის მხრიდან არ იყო სადავო), თუმცა ხანდაზმული იყო, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი იყო.
5.16. ზემოაღნიშნული მსჯელობებიდან გამომდინარე პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო იყო, შესაბამისად არ არსებობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები.
6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
6.1. სასამართლომ თავი აარიდა საქმეში წარმოდგენილ უდავოდ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ხანდაზმულობის წარმოშობის დროის არასწორი სამართლებრივი ინტერპრეტაციის საფუძველზე არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, რომლითაც მოსარჩელემ დაკარგა დადასტურებული მიუღებელი შემოსავალი - 13 285.51 ლარის ოდენობით.
6.2. კასატორის მოსაზრებით, ნასყიდობის ღირებულების გადახდის ვალდებულება მყიდველს გამყიდველის მოთხოვნისთანავე წარმოეშობა, ხოლო უფლების დარღვევის შესახებ კრედიტორი შეიტყობს მხოლოდ მაშინ, როცა იგი მოითხოვს ვალდებულების შესრულებას, ხოლო მოვალე უარს იტყვის შესრულებაზე, შესაბამისად ხანდაზმულობის ვადაც კრედიტორის მოთხოვნიდან აითვლება. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან მხარეთა შორის ხელშეკრულება წერილობითი ფორმით არ იყო დადებული და გარიგების პირობები არ იყო ცნობილი, ხანდაზმულობის ვადის ათვლა საქონლის მიწოდებიდან, სასამართლოს მიერ სამართლებრივად სათანადოდ არ იყო დასაბუთებული. კასატორის განმარტებით, ნასყიდობის ფასის გადაუხდელობის შესახებ გამყიდველისათვის ცნობილი რომ ყოფილიყო, მყიდველს საქონელი ხელახლა აღარ მიეწოდებოდა, ან საფასურის გადახდის სამომავლო თარიღს განსაზღვრავდნენ. აღნიშნულის თაობაზე მისთვის ცნობილი გახდა 2019 წელს. მოპასუხეს კი არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ მოსარჩელის დარღვეული უფლების შეტყობიდან ხანდაზმულობის ვადა გასულია. აუდიტის დასკვნის მომზადებამდე დარღვეული უფლების ცოდნის ან არცოდნის ფაქტი უნდა ემტკიცებინა მოპასუხეს და არა სასამართლოს. ყოველივე ზემოაღნიშნულით, სასამართლომ დაარღვია მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი და მოპასუხის ნაცვლად იტვირთა იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რაც მოპასუხის სამტკიცებელი იყო.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 365-ე მუხლზე მითითებით, კასატორმა განმარტა, რომ თუ არ ირკვევა ვალდებულების შესრულების „ნავარაუდევი“ დროის არსებობის ფაქტი, კრედიტორი უფლებამოსილია ვალდებულების შესრულება ნებისმიერ დროს მოითხოვოს. ამასთან, რადგან უფლების დარღვევის ფაქტი და ამ ფაქტის შესახებ უფლებამოსილი პირის ცოდნის დრო ერთმანეთს ყოველთვის არ ემთხვევა, უპირატესობა სუბიექტურ მომენტს ენიჭება. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან, არ არსებობდა მხარეთა შორის გადახდის პირობა, კრედიტორს უფლება ჰქონდა ვალდებულების შესრულება ნებისმიერ დროს მოეთხოვა, რა დროიდანაც აითვლებოდა ხანდაზმულობის ვადა.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
10. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია დაცული იქნა თუ არა მოსარჩელის მიერ ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრების მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა.
11. საკასაციო პრეტენზიების შესწავლით დასტურდება, რომ მხარე არ ეთანხმება გასაჩივრებულ განჩინებაში ასახულ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის განმარტებას სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დაწყების თაობაზე და თვლის, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი.
12. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ შ.პ.ს. ,ე.ჯ.ე.ჯ.კ–ი"-ს და ა.ბ–ძეს შორის გაფორმებული იყო ნასყიდობის ზეპირი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, გამყიდველმა - შ.პ.ს. ,ე.ჯ.ე.ჯ.კ–ი"-მ მყიდველს - ა.ბ–ძეს 2015 წლის 20 დეკემბრიდან, 2016 წლის 02 აპრილამდე მიაწოდა ე.წ. ,,არმატურა“. მიწოდებული სამშენებლო მასალის ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 13285.51 ლარი. ამასთან, საქმეში არსებული მასალებით არ დასტურდება მოპასუხე ა.ბ–ძის მიერ 20.12.2015 წლიდან 02.04.2016 წლის ჩათვლით, შ.პ.ს. „ე.ჯ. ე. ჯ“-სგან მიღებული ნასყიდობის საგნის საფასურის გადახდა. თუმცა, წარდგენილი შესაგებლით, მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო, მოპასუხე ვალდებულების შესრულებაზე უარს აცხადებდა.
13. სადავო საკითხის სწორად შეფასების მიზნით, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს, ხანდაზმულობის ინსტიტუტზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს, რომ „ხანდაზმულობის ვადაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა ისაა, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი იძულებით ვერ განხორციელდება, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე“ (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144.1 მუხლი).
14. ხანდაზმულობის ვადის გასვლით ისპობა სასამართლოს ან სხვა ორგანოს მეშვეობით პირის მოთხოვნის იძულებით განხორციელების შესაძლებლობა, მაგრამ არა სასამართლოსათვის ან სხვა ორგანოსათვის მიმართვის უფლება. ხანდაზმულობის ვადა სპობს უფლების იძულებით განხორციელების შესაძლებლობას მატერიალური და არა პროცესუალური თვალსაზრისით. ხანდაზმულობის ვადის საფუძველია უფლების დარღვევა, რომელიც შესაძლოა კანონიდან გამომდინარეობდეს ან ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვას. ხანდაზმულობის ვადების გათვალისწინება სასამართლოს მიერ ხორციელდება არა საკუთარი ინიციატივით, არამედ მხოლოდ საქმის განხილვაში მონაწილე მხარეების (მხარის) მიერ აღნიშნულზე მითითების შემთხვევაში.
15. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე. ხანდაზმულობის ვადების დაწესებით, კანონმდებლის მიზანია გამორიცხოს კრედიტორის უფლების განხორციელების არათანაზომიერად ან ბოროტად გამოყენების საფრთხე. გარდა ამისა: ა) ხანდაზმულობის ვადა სასამართლოს უმსუბუქებს ფაქტების დადგენისა და შესწავლის პროცესს და ამ გზით ხელს უწყობს დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანას; ბ) ხელს უწყობს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილიზაციას; გ) აძლიერებს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტების ურთიერთკონტროლსა და იძლევა დარღვეული უფლების დაუყონებლივ აღდგენის სტიმულიზაციას (საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციები სამოქალაქო სამართლის სასამართლო პრაქტიკის პრობლემატურ საკითხებზე, თბილისი, 2007, გვ.63; შდრ. სუსგ: 11.06.2012 , №ას-547-515-2012; 18.04.2024, №ას-42-2024).
16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოვალის პროცესუალური შესაგებელი მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ, ე.წ. ,,უფლების შემაფერხებელ" შესაგებელს წარმოადგენს, რა შემთხვევაშიც, მოვალის შეპასუხება არა თავისთავად უფლების ნამდვილობას, არამედ მისი ხანდაზმულობის მოტივით უკუგდებას ემსახურება. მოთხოვნის ხანდაზმულობა ფაქტის საკითხია, და განსხვავებით სამართლის საკითხისგან, რა დროსაც, მითითებული ფაქტობრივი გარემოებების ფარგლებში სასამართლო თავად მოიძიებს მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას და შეუფარდებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ შემთხვევაში, მხარე თავადაა ვალდებული უფლების სასამართლო წესით განხორციელებისგან ასეთი მითითებით დაიცვას თავი, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მოთხოვნის ნამდვილობისა და განხორციელებადობის დადგენის შემთხვევაში, მიუხედავად მისი ხანდაზმულობისა, მოვალეს დააკისრებს ვალდებულების შესრულებას.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის მხრიდან წარმოდგენილი იყო მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელი, ხანდაზმულობაზე მითითებით, რაც ამ უკანასკნელის საპროცესო თავდაცვის იმდენად არსებითი სახეა, რომ მისი დამტკიცების შემთხვევაში, სარჩელის წარმატება ფერხდება.
17. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის სწორი გამოთვლისთვის არსებითია ზუსტად დადგინდეს მოთხოვნის წარმოშობის დრო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე (შდრ. ს.უ.ს.გ №ას-1937-2018, 15 მარტი, 2019 წელი, პ-16; №ას-1343-1263-2017, 20 დეკემბერი, 2017 წელი; №ას-934-899-2016, 14.02.17; №ას-68-68-2018, 03.04.2018წ. და ა.შ.).
18. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენის დასაწყისი დაკავშირებულია ობიექტურ მომენტთან - უფლების დარღვევის ფაქტთან და სუბიექტურ მომენტთან - დრო, როდესაც უფლებამოსილი პირისათვის უფლების დარღვევის შესახებ გახდა ცნობილი ან გარემოებათა გათვალისწინებით უფლების დარღვევის ფაქტი უნდა შეეტყო.
19. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ როგორც წესი, ივარაუდება, რომ პირი უფლების დარღვევის ფაქტს მისი დადგომისთანავე შეიტყობს ან საშუალო გულისხმიერების გამოჩენის შემთხვევაში შეეძლო შეეტყო ამ ფაქტის თაობაზე. აღნიშნულის საწინააღმდეგოს, ანუ უფლების დარღვევის დაგვიანებით შეტყობის მტკიცების ტვირთი კი უფლებადარღვეულ პირს ეკისრება. თუ დადგინდება, რომ პირმა თავისი დაუდევრობის გამო ვერ გაიგო უფლების დარღვევის შესახებ, მაშინ ხანდაზმულობის ვადის დენა დაიწყება იმ მომენტიდან, როცა საქმის გარემოებების მიხედვით, პირს უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ (შდრ: ნ.კვანტალიანი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, მუხლი 130-ე, ველი 5. თბილისი, 2017 წელი).
20. ვინაიდან, სასამართლო მოთხოვნის ხანდაზმულობას მხოლოდ მოპასუხის მითითების საფუძველზე იკვლევს, მოთხოვნის ვადაში წარდგენა მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს. „თუ ხანდაზმულობის წარმოშობის მომენტის დადგენა ობიექტურად შეუძლებელია, ყურადღება უნდა მიექცეს სუბიექტურ მომენტს. ამასთან, იგულისხმება, რომ ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტები თანმხვედრია, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე არ ეთანხმება ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტების თანხვედრას, მაშინ მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება იმის გასარკვევად, თუ როდიდან უნდა დაიწყოს ხანდაზმულობის ვადის დენა“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციები სამოქალაქო სამართლის სასამართლო პრაქტიკის პრობლემატურ საკითხებზე, თბილისი, 2007 წელი, გვერდი 64.).
21. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხანდაზმულობის დაწყებისათვის, როგორც წესი, არ არის სავალდებულო, რომ კრედიტორმა მისთვის ცნობილ ფაქტებს სამართლებრივი შეფასება მისცეს. თუ კრედიტორი მცდარ დასკვნებს გამოიტანს, ფაქტებს მცდარად შეაფასებს, ხანდაზმულობის ვადის დინება მაინც იწყება. ხანდაზმულობის ვადების დაწყებისათვის მიზანშეწონილად უნდა იქნეს მიჩნეული ხანდაზმულობის საფუძვლად არსებული ფაქტობრივი გარემოებების ცოდნა მისი სამართლებრივი შეფასების გარეშე, რადგან რთულია შესაბამისი განათლების არმქონე პირს მოეთხოვოს ნორმის ქმედების შემადგენლობის კომპონენტების შეფასება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის ვადის ათვლის სუბიექტური ფაქტორის განსაზღვრისას, პოზიტიურ ცოდნასთან ერთად ითვალისწინებს ბრალეულ არცოდნასაც. თუ დადგინდება, რომ პირმა თავისი დაუდევრობის გამო ვერ გაიგო უფლების დარღვევის თაობაზე, ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაიწყება იმ მომენტიდან, როცა საქმის გარემოებებიდან გამომდინარე პირს უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ (იხ. დამატებით: ზურაბ ახვლედიანი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი კომენტარი, წიგნი პირველი, თბილისი, 1999 წელი, მუხლი 130, გვერდი 320).
22. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას ხანდაზმულობის ვადის ათვლის დასაწყისად 2019 წლის (აუდიტის დასკვნის მომზადების თარიღი) მიჩნევის თაობაზე და მიუთითებს შემდეგს:
23. გასახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს 2015 წლის 20 დეკემბრიდან, 2016 წლის 02 აპრილამდე მიაწოდა სამშენებლო მასალები.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოვალის მხრიდან ვალდებულების შესრულების საკითხის შეფასებისას შესრულების მტკიცების ტვირთი არა მხოლოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით, არამედ, სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის ძალითაც ეკისრება მოვალეს, რომელმაც სასამართლოს უნდა წარუდგინოს შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, ამგვარი მტკიცებულება მოპასუხეს არ წარუდგენია და როგორც ზემოთ აღინიშნა, აპელირებს მოთხოვნის ხანდაზმულობაზე. კასატორი კი მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს აუდიტის დასკვნის მომზადების თარიღს, იმ მიზეზით, რომ ამ დრომდე მისთვის უცნობი იყო მოპასუხის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის თაობაზე. ამ კუთხით აღსანიშნავია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლი ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას მხარეთა მიერ მოქმედების ერთდროულად განხორციელებას ითვალისწინებს. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა სახელშეკრულებო ურთიერთობის მონაწილეთა შორის ისეთი ურთიერთობის არსებობა რაც დაფუძნებული იყო განსაკუთრებულ ნდობაზე, რის გამოც დავალიანების აღმოჩენა გონივრული განსჯის საფუძველზე, ბოლო სასაქონლო ზედნადების (02.04.2016წ.) დადებიდან სამი წლის ვადაში, შეუძლებელი იქნებოდა. ამდენად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო პალატის მსჯელობას და დამატებით აღნიშნავს, რომ ზემოხსენებული გარემოებებისა და ხანდაზმულობის ინსტიტუტის პროცესუალური ბუნებიდან გამომდინარე, სწორედ მოსარჩელეს ეკისრება იმის დადასტურების ვალდებულება, რომ მოთხოვნა ამ ვადის დაცვითაა წარდგენილი. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ სარჩელი სახელშეკრულებო ვალდებულებიდან გამომდინარეობს, შესაბამისად, მის მიმართ ვრცელდება სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სამწლიანი ვადა. ხანდაზმულია თუ არა სარჩელი, უნდა გადაწყდეს მოთხოვნის წარმოშობის მომენტის სწორად განსაზღვრის გზით, რამდენადაც, ამავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. მხარეთა შეთანხმება თანხის გადახდის რაიმე წესზე არ დასტურდება, შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ივარაუდება, რომ კრედიტორს მოთხოვნის უფლება წარმოეშვა საქონლის მიწოდებისას და ამ მოთხოვნით სარჩელი შეეძლო წარედგინა საქონლის მიწოდებიდან სამი წლის ვადაში. მან კი სარჩელი სასამართლოში წარადგინა 2019 წლის 20 სექტემბერს, მოთხოვნის სამწლიანი ვადის დარღვევით. შესაბამისად, მართებულია გასაჩივრებული განჩინების დასკვნა, რომ ვინაიდან სარჩელი 2019 წლის 20 სექტემბერსაა წარდგენილი, ფულადი ვალდებულების შესრულების სამწლიანი ვადა გასულია და მოთხოვნა არ არის განხორციელებადი მოპასუხის მიერ მოთხოვნის შემაფერხებელი შესაგებლის წარდგენის გამო.
24. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
25. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს.
26. ამრიგად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
27. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, შ.პ.ს. ,ე.ჯ.ე.ჯ.კ–ი"-ს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 664 ლარის და 27 თეთრის 70% – 464 ლარი და 99 თეთრი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შ.პ.ს. ,ე.ჯ.ე.ჯ.კ–ი"-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. შ.პ.ს. ,ე.ჯ.ე.ჯ.კ–ი"-ს (ს/კ ........) დაუბრუნდეს მ.ბ–ძის (პ/ნ .......) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 664 ლარის და 27 თეთრის (საგადახდო დავალება №1, გადახდის თარიღი: 24.07.2024წ, გადამხდელის ბანკი: ს.ს. „თიბისი ბანკი“) 70% – 464 ლარი და 99 თეთრი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
ლაშა ქოჩიაშვილი
გოჩა ჯეირანაშვილი