Facebook Twitter

09 დეკემბერი 2024 წელი

საქმე №ას-1285-2024 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე - შ.პ.ს. „მ“

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 03 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე შ.პ.ს. „მ“-ს მიმართ, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №19 ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისათვის პირგასამტეხლოს - 36990 ლარის დაკისრების შესახებ.

2. სარჩელზე წარდგენილი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ დაეთანხმა პირგასამტეხლოს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შესასრულებელი სამუშაოს ღირებულების _ 4234 ლარის 0.15%-ის - 228.67 ლარის ნაწილში.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სარჩელი შ.პ.ს. „მ“-ს მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა 228.67 ლარის გადახდა. სარჩელი 36 761.33 ლარის მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 03 ივლისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, შემდეგ ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით:

5.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შ.პ.ს. „მ”-ს შორის, 2021 წლის 20 იანვარს, გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N19 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ აიღო ვალდებულება მოსარჩელისათვის გაეწია ტექნიკური მომსახურება შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე რიცხული, NAT200017239 ტენდერის სატენდერო პირობებით განსაზღვრული ,,TOYOTA”-ს და ,,LEXUS”-ის მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალებების (საჭიროების შემთხვევაში ევაკუატორით მომსახურება) აღნიშნულ ტენდერში მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი დაზუსტებული პრეისკურანტით განსაზღვრული სათადარიგო ნაწილების/საცხებ-საპოხი მასალების გამოყენებით. მომსახურების გაწევის ვადად, ხანგრძლივი მომსახურებისთვის (ძრავი, ხიდი, სიჩქარეთა კოლოფი) ხელშეკრულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის მე-4 ქვეპუნქტის შესაბამისად, განისაზღვრა არაუმეტეს 20 კალენდარული დღე, ხოლო მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის მე-6 ქვეპუნქტის თანახმად სათადარიგო ნაწილის საზღვარგარეთ შეკვეთის შემთხვევაში მომსახურების გაწევის ვადა - არაუმეტეს 30 კალენდარული დღე.

5.2. შემსყიდვლის მოთხოვნის შესაბამისად, სამინისტროს ბალანსზე მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალება „TOYOTA RAV4“, სახ.No ,,......", 2021 წლის 21 იანვარს, შემოწმება/შეკეთების მიზნით შევიდა შ.პ.ს. „მ"-ს სერვისცენტრში, სადაც დაუდგინდა ძრავის და ტურბინის გაუმართაობა. აღნიშნულთან დაკავშირებით, 2021 წლის 21 იანვარსვე შედგა დეფექტური აქტი, ხოლო მიმწოდებელი, ხელშეკრულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის მე-4 ქვეპუნქტის შესაბამისად, ვალდებული იყო, დეფექტური აქტით გათვალისწინებული მომსახურება გაეწია, 2021 წლის 21 იანვრიდან - 20 (ოცი) კალენდარული დღის განმავლობაში - არაუგვიანეს, 2021 წლის 10 თებერვლისა.

5.3. მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის მე-4 ქვეპუნქტის შესაბამისად დადგენილი მომსახურების გაწევის ვადა. კერძოდ, ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურება, ნაცვლად 2021 წლის 10 თებერვლისა, გაწეულ იქნა 2021 წლის 18 მარტს - 36 (ოცდათექვსმეტი) კალენდარული დღის დაგვიანებით.

5.4. ხელშეკრულების მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის გადაცილებისთვის, მოპასუხეს დაეკისრა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების 685000 (ექვსას ოთხმოცდახუთი ათასი) ლარის 0.15%-ის ოდენობით (685000*0.15%*36), რაც თანხობრივად შეადგენს 36990 (ოცდათექვსმეტი ათას ცხრაას ოთხმოცდაათი) ლარს.

5.5. სააპელაციო სასამართლო სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებაში ასახულ შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. პალატამ დამატებით მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 629.1, მუხლებზე და განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში უდავოდ დადგენილი ფაქტი იყო, რომ "შემსყიდველ" - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და "მიმწოდებელ" - შ.პ.ს. „მ”-ს შორის, 2021 წლის 20 იანვარს, გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N19 ხელშეკრულება. ხელშეკრულების ობიექტს წარმოადგენდა სამინისტროს ბალანსზე რიცხული NAT200017239 ტენდერის სატენდერო პირობებით განსაზღვრული “TOYOTA”-ს და “LEXUS”-ის მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურება (საჭიროების შემთხვევაში ევაკუატორით მომსახურება) აღნიშნულ ტენდერში მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი დაზუსტებული პრეისკურანტით განსაზღვრული სათადარიგო ნაწილების/საცხებ-საპოხი მასალების გამოყენებით. აღნიშნული ხელშეკრულებით დეტალურად იქნა გაწერილი: მხარეთა უფლება-მოვალეობები, მომსახურების გაწევის პირობები, ვადა და ადგილი, შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარებისა და ანგარიშსწორების წესი. ასევე ფულადი სანქციები ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის, არაჯეროვანი შესრულების ან/და დაგვიანებით შესრულების შემთხვევებისათვის.

5.6. სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილზე მითითებით აღნიშნა, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს. ამავდროულად პალატამ მიუთითა უდავოდ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურება ნაცვლად 2021 წლის 10 თებერვლისა განხორციელდა 2021 წლის 28 მარტს, 36 კალენდარული დღის დაგვიანებით, რაც არც მოპასუხე მხარეს არ გაუხდია სადავოდ.

5.7. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ შემცირებული პირგასამტეხლოს კანონიერება.

5.8. სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებზე დაყრდნობით და საქართველოს უზენაესი სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე განმარტა პირგასამტეხლოს არსი, მისი სამართლებრივი ბუნება, ფუნქცია და გამოყენების ფარგლები. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო და მითითებული საგამონაკლისო ნორმის გამოყენება სამართლებრივ ლიტერატურასა და სასამართლო პრაქტიკაზე მითითებით გაამყარა.

5.9. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მართალია ნაწილობრივ იზიარებდა და ეთანხმებოდა აპელანტის მსჯელობას, იმის თაობაზე, რომ როდესაც საკითხი ეხება სახელმწიფო სტრუქტურისათვის მისაწოდებელ მომსახურებას, ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა არ უნდა იყოს მინიმალური ოდენობის და რომ, მნიშვნელოვანია დარღვევის პროპორციული პირგასამტეხლოს განსაზღვრა, რაც იქნება გარანტი იმისა, არ დაკარგოს პირგასამტეხლომ თავის ძირითადი პრევენციული ფუნქცია, თუმცა პალატამ ასევე მიზანშეწონილად მიიჩნია მიეთითებინა, რომ „პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და ამავდროულად დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას“ (შდრ: სუსგ №ას-1336-2019, 30 მარტი, 2022 წელი; №ას-1928-2018, 31 ოქტომბერი, 2019 წელი). პალატამ დამატებით განმარტა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს, სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა (შდრ: სუსგ-ები: №ას-186-2021, 25 მარტი, 2021 წელი; №ას-310-2022, 16 დეკემბერი, 2022 წელი).

5.10. პალატამ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოწინააღმდეგე მხარემ/მოპასუხე იმთავითვე, პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ შესაგებლში მიუთითებდა, რომ მოსარჩელე მხარის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო იყო შეუსაბამოდ მაღალი და ითხოვდა პირგასამტეხლოს გამოანგარიშებას არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ შესასრულებელი ვალდებულებიდან. ამასთან, პალატამ ხაზი გაუსვა მხარეთა შორის არსებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შინაარსზე, რომელიც ითვალისწინებს მიმწოდებლის მიერ არაერთჯერადი მომსახურების გაწევას შემსყიდველისათვის. პალატამ გაიზიარა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში განვითარებული სასამართლოს მსჯელობა და ასევე მიუთითა საკასაციო სასამართლოს მყარად დადგენილ პრატიკაზე, რომლის მიხედვით, ვალდებულების ნაწილის შესრულების ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან პირგასამტეხლოს ასეთი ოდენობით დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებების და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან (შდრ: სუსგ-ები: №ას-626-2021, 14 ივლისი, 2021 წელი; №ას-1819- 2019 19 თებერვალი, 2020წელი; №ას-971-2019, 28.10.2019წ. №ას-164-160-2016, 28 ივლისი, 2016წ.).

5.11. ზემოხსენებული მსჯელობისა და მოხმობილი ნორმების სამართლებრივი ანალიზიდან გამომდინარე, პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას და მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ პირგასამტეხლო მართებულად დაიანგარიშა არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ ვადაგადაცილებული გაწეული მომსახურების ღირებულებიდან - 4234.47 ლარის 0.15%-ის ოდენობით, ყოველ გადაცილებულ დღეზე (36 დღე), რაც ჯამში შეადგენდა 228.67ლარს. ამდენად მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკისრებული პირგასამტეხლო ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული იყო და არ არსებობდა მისი შეცვლის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

კასატორის ძირითადი პრეტენზია ემყარება იმას, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა მნიშვნელოვანი გარემოებები და ისე შეამცირა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობა, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ხელშეკრულების მხარე მეწარმე სუბიექტი იყო, მისი პასუხისმგებლობის ხარისხი ბევრად აღემატებოდა ფიზიკური პირის პასუხისმგებლობის ხარისხს. მას ჰქონდა შესაბამისი ცოდნა და თავისუფალი ნება, ხელშეკრულების აღნიშნულ პირობებზე უარი ეთქვა, თუმცა მას პრეტენზია არ გამოუქვამს, რაც ხელშეკრულებაზე ხელმოწერით დასტურდება. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სახელმწიფო შესყიდვების შესაბამისად დადებულ ხელშეკრულებებში პირგასამტეხლოს ითვალისწინებს არა სადამსჯელო ფუნქციით, არამედ ვალდებულების შეუსრულებლობის პრევენციის დანიშნულებით და ამდენად, აღნიშნულით უზრუნველყოფს ვალდებულების ჯეროვან შესრულებას.

კასატორი მიუთითებს, რომ შემცირებას ექვემდებარება შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. განსახილველ შემთხვევაში, მხარეს 36 დღე არ ჰქონდა შესრულებული ვალდებულება, მითითებული გარემოების გათვალისწინებით კი პირგასამტეხლოს 228.67 ლარამდე შემცირება არაპროპორციული იყო და ვერ აკმაყოფილდებდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მოთხოვნას. ამდენად, გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, რაც მისი გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების საფუძველია.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებული იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

11. საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული და სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა არ იყო შეუსაბამოდ მაღალი და ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მხრიდან არამართლზომიერად მოხდა მისი შემცირება.

12. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მოპასუხისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა.

13. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პირგასამტეხლო პირობით ვალდებულებას წარმოადგენს. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლების განხორციელება დამოკიდებულია გარკვეული პირობის დადგომაზე - მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევაზე (იხ: ირაკლი რობაქიძე, სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 590). პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს ერთ-ერთ ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. ს.უ.ს.გ. Nას-1053-993-2015, 08.04.2016წ.; Nას-1158-1104-2014, 06.05.2015წ.). აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.

14. პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და ამავდროულად დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის, ამავდროულად, უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას (ს.უ.ს.გ. Nას-1928-2018, 31.10.2019წ.). პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (ს.უ.ს.გ. Nას-1511-2018, 26.03.2019წ.; Nას-848-814-2016, 28.12.2016წ.).

15. სასამართლოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, მაგალითად, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან; პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (ს.უ.ს.გ. №ას-1511-2018, 26.03.2019წ.; ს.უ.ს.გ. №ას-535-2021, 29.10.2021წ.). პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება (ს.უ.ს.გ. №ას-186-2021, 25.03.2021წ.; №ას-535-2021, 29.10.2021წ).

16. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები მოპასუხემ მხარეთა მიერ შეთანხმებული ვადის დარღვევით შეასრულა. შესაბამისად, მოპასუხეს წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება. პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების წარმოშობა, კონკრეტულ შემთხვევაში, სადავო არ არის (მოპასუხეს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია), სადავოა მოპასუხისათვის დასაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა.

17. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალება „TOYOTA RAV4“-ის (სახელმწიფო ნომერი ,,..........") შეკეთების ღირებულებამ შეადგინა 4234.47 ლარი. თუმცა, მიუხედავად სახელშეკრულებო ვალდებულების ნაწილობრივ დარღვევისა, პირგასამტეხლოს გაანგარიშების ბაზას მოცემულ შემთხვევაში, წარმოადგენდა ხელშეკრულების ჯამური ღირებულება და არა უშუალოდ ვადის დარღვევით გაწეული მომსახურების საფასური.

საკასაციო სასამართლომ მსგავსი კატეგორიის საქმეებზე არაერთხელ განმარტა, რომ პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან (შდრ. ს.უ.ს.გ. №ას-164-160-2016, 28.07.2016წ., ას-971-2019, 28.10.2019წ.). ვალდებულების ნაწილის შესრულების ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან პირგასამტეხლოს ასეთი ოდენობით დაკისრება, მართალია, იცავს კრედიტორის ქონებრივ ინტერესს, მაგრამ არღვევს სახელშეკრულებო წონასწორობას და ვერ ასრულებს ვალდებულების დარღვევის პრევენციის ნორმატიულ დანიშნულებას. დაუშვებელია, პირგასამტეხლო მხარეს ეკისრებოდეს იმ ვალდებულების პროპორციული ღირებულებიდანაც, რომელიც მას არ დაურღვევია (იხ. ს.უ.ს.გ. №ას-971-2019, 28.10.2019; №ას-581-2019, 31.07.2019; №ას-164-160-2016, 28.07.2016). ხსენებული პრინციპით პირგასამტეხლოს გამოთვლის ვალდებულებაზე საკასაციო პალატის მიერ არაერთ დავაზე განემარტა კასატორს მისი მონაწილეობით სასამართლოში წარმართულ იმ საქმეებზე, სადაც დავის საგანს პირგასამტეხლოს დაკისრება/შემცირება წარმოადგენს (მრავალთა შორის იხ. ს.უ.ს.გ. № ას-732-2022, 24.11.2022წ; №ას-1274-2022, 22.11.2022წ; №ას-1007-2021, 13.04.2022წ).

18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

19. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს.

20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

21. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი