12 ნოემბერი 2024 წელი
№ას-1379-2024 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - შ.პ.ს. „კ–ი“
მოწინააღმდეგე მხარე - ხ.ლ–ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 02 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოსთვის დაბრუნება
დავის საგანი - სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით ხ.ლ–ის სარჩელი შ.პ.ს. „კ–ი“-ს მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ცვლილება შევიდა 2020 წლის 29 ოქტომბრის #200885413 სააღსრულებო ფურცელში და აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა შემდეგნაირად: ძირითადი დავალიანება - 30 000 ა.შ.შ. დოლარი, პროცენტი - 6750 ა.შ.შ. დოლარი, პირგასამტეხლო - 5000 ა.შ.შ. დოლარი. ამავე გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 ივნისის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების თაობაზე, რითიც შეჩერდა ნოტარიუს ე.შ–ის მიერ 2020 წლის 29 ოქტომბერს გაცემული #200885413 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე (სანოტარო მოქმედების ინდივიდუალური ნომერი #23791416336020) დაწყებული სააღსრულებო წარმოება (#A21021285).
2. აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით, სააპელაციო საჩივარი წარადგინა შ.პ.ს. „კ–ი“-ს წარმომადგენელმა ზ.მ–ძემ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 02 ოქტომბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, მხარის გამოუცხადებლობის გამო. განჩინება დაეფუძნა შემდეგს:
3.1. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება წარმოადგენს მხარის სასამართლოს სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის პროცესუალურ შედეგს და მისი გამოყენების მართლზომიერება პირდაპირ უკავშირდება საკითხს, იყო თუ არა მხარე ინფორმირებული სასამართლო სხდომის შესახებ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესის მიხედვით.
3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 ივლისის განჩინებით შ.პ.ს. „კ–ი“-ს სააპელაციო საჩივარი მიღებული იქნა წარმოებაში და საქმის განხილვა დაინიშნა იმავე წლის 02 ოქტომბერს 11:00 საათზე. სხდომის დანიშვნის შესახებ მხარეებს ეცნობათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, თუმცა აპელანტი სხდომაზე არ გამოცხადდა, გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ სასამართლოსთვის არ უცნობებია და არც სხდომის გადადების შუამდგომლობა წარმოუდგენია. მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა კი სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის (სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ, სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე (განმცხადებელი) არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა, სარჩელი (განცხადება) განუხილველად იქნეს დატოვებული) საფუძველზე, გამოვლინდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 02 ოქტომბრის განჩინების გაუქმების მოთხოვნით კერძო საჩივარი წარმოადგინა შ.პ.ს. „კ“-ს დირექტორმა ზ.მ–ძემ.
კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია ეფუძნება იმ გარემოებას, რომ სხდომამდე რამდენიმე დღით ადრე მას დაუდგინდა მწვავე რესპირატორული დავადება, რის გამოც წოლით რეჟიმზე იმყოფებოდა. წინამდებარე საქმის სააპელაციო ინსტანციაში განხილვის დროს კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად გაუარესდა, რომ ვერ შეძლო სხდომაზე გამოცხადება. კერძო საჩივრის ავტორი უთითებს, რომ ამ ყოველივეს წინასწარ ვერ გათვლიდა. აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები კი სასამართლოშია წარდგენილი. მისივე განმარტებით, ის კომპანიის ერთადერთი წარმომადგენელია, რომელსაც შეეძლო სასამართლოში კომპანიის ინტერესების დაცვა. რაც შეეხება სასამართლოს მითითებას, რომ თითქოს კომპანიამ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ, კერძო საჩივრის ავტორი არ იზიარებს და აღნიშნულს იმითაც გამორიცხავს, რომ კომპანიას წინამდებარე საქმის განსახილველად გადახდილი აქვს სოლიდური ოდენობის სახელმწიფო ბაჟი. იმ შემთხვევაში კი თუ ინტერესს დაკარგავდა განსახილველი საქმის მიმართ, სხდომამდე მიმართავდა კომპანია სასამართლოს საქმის შეწყვეტის თაობაზე და სახელმწიფო ბაჟის დაკარგვის საფრთხის წინაშე არ დააყენებდა კომპანიას. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კერძო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ მისი სხდომაზე გამოუცხადებლობა განაპირობა საპატიო მიზეზმა, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველია.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ კერძო საჩივარი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებული იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
კერძო საჩივარი დაუსაბუთებულია, შესაბამისად, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
6. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 02 ოქტომბრის სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობა.
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. მითითებული ნორმა შესაძლებლობას აძლევს სააპელაციო სასამართლოს, იხელმძღვანელოს საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისათვის განსაზღვრული წესებით, თუ სადავო ურთიერთობა სცდება კანონმდებლის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის სპეციალურად დადგენილ ნორმათა რეგულირების სფეროს.
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276-278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები. ამავე კოდექსის 275-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე (განმცხადებელი) არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა, სარჩელი (განცხადება) განუხილველად იქნას დატოვებული.
10. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი, თუ აპელანტი, რომელსაც საქმის განხილვის შესახებ სასამართლო უწყება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდა, სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა, ხოლო მოწინააღმდეგე მხარე იშუამდგომლებს ან თანხმობას გამოთქვამს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებასთან დაკავშირებით.
11. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოში მოპასუხის სააპელაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა 2024 წლის 02 ოქტომბერს 11:00 საათზე. საქმეში არსებული მასალებით დასტურდება, რომ სხდომის თარიღის შესახებ აპელანტს ეცნობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, კერძოდ, 2024 წლის 23 ივლისს სასამართლო მოხელემ სატელეფონო შეტყობინებით გააცნო უწყების შინაარსი პირადად ზ.მ–ძეს (ს.ფ. 208), რომელიც არ გამოცხადდა სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე 2024 წლის 02 ოქტომბერს.
12. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სასამართლო სხდომაზე მხარეთა გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება უნდა გადაისინჯოს და საქმე განახლდეს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართ. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სხდომაზე მისი გამოუცხადებლობა განპირობებული იყო საპატიო მიზეზით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის დათქმა – „პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე“. აღნიშნული დანაწესი გულისხმობს, რომ სამედიცინო ცნობაში გასაგებად უნდა იკითხებოდეს მხარის ისეთი მძიმე ავადმყოფობა, რომელიც რეალურად შეუშლის ხელს გადაადგილებასა და სასამართლოსთან კომუნიკაციაში. აღნიშნული ეჭვს არ იწვევს, როდესაც დგინდება მხარისათვის სტაციონარული სამედიცინო მომსახურების გაწევის ფაქტი ან მკურნალი ექიმის რეკომენდაცია წოლითი რეჟიმის დაცვის თაობაზე, თუმცა გასათვალისწინებელია ისეთი შემთხვევაც, როდესაც სამედიცინო დოკუმენტი შეიცავს მხოლოდ პაციენტისათვის დასმულ დიაგნოზს. ეს დიაგნოზი კი, თავისთავად მეტყველებს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმეზე (შდრ. სუსგ №ას-1109-1029-2017, 18.10.2017 წ., №ას-749-749-2018, 23.01.2019წ).
13. კანონის მითითებული დანაწესის თანახმად, საპატიოდ ჩაითვლება ისეთი გარემოების არსებობის სარწმუნოდ დადასტურება, რომელიც ობიექტურად შეუძლებელს ხდის მხარის მიერ საპროცესო მოქმედების შესრულებას, მოცემულ შემთხვევაში კი – სასამართლო პროცესზე გამოცხადებას. ამასთან, ამგვარი საპატიო გარემოების დადასტურების ვალდებულებასთან დაკავშირებულ მტკიცების სტანდარტს აწესებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს.
14. ამდენად, სათანადო მტკიცებულებით დადასტურებას საჭიროებს საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზად დასახელებული ნებისმიერი გარემოება, რომელზეც მხარე აპელირებს. ამასთან, აღნიშნული მიზეზი უნდა ადასტურებდეს სადავო საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის ობიექტურ შეუძლებლობას (იხ. სუსგ №ას-455-2024, 14.06.2024წ.)
15. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზების შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა მტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე და ამ გარემოების წინასწარ სასამართლოსათვის შეტყობინების შეუძლებლობაზე, ეკისრება საჩივრის ავტორს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა, სასამართლოს უფლებამოსილებაა (იხ. სუსგ საქმე №ას-1035-2021, 20 იანვარი 2022 წელი).
16. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს კერძო საჩივარზე თანდართულ 2024 წლის 02 ოქტომბერს გაცემულ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობას (ფორმა №100) და მიაჩნია, რომ აღნიშნული ცნობა არ წარმოადგენს იმ გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებას, რომ გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ შეეძლო ეცნობებინა სასამართლოსათვის სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ და რომ, შ.პ.ს. ,,კ–ი"-ს სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით. კერძოდ, ცნობის მიხედვით, ზ.მ–ძემ (აპელანტ შ.პ.ს. ,,კ–ი"-ს დირექტორი) სამედიცინო დაწესებულებას მიმართა სასამართლო სხდომის დღეს - 2024 წლის 02 ოქტომბერს, ცნობაში აღნიშნულია, რომ 3-4 დღეა პაციენტი უჩივის სისუსტეს, ტკივილს სახსრებში, შემცივნებას, ტემპერატურის მატებას 38.5 გრადუსამდე, სურდოს და ა.შ. და მიეცა დანიშნულება. ამდენად, თუკი სასამართლო სხდომამდე 3-4 დღით ადრე აღენიშნებოდა აპელანტის წარმომადგენელს ავადმყოფობის ნიშნები, მას შეეძლო დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ, მოეთხოვა სხდომის გადადება, ასევე შეეძლო სხდომაზე მონაწილეობის მისაღებად წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მიეცა სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით სხვა პირისათვის.
საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ იურიდიული პირის (მით უფრო სამეწარმეო საზოგადოების) წარმომადგენლის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისას დაუსწრებელი გადაწყვეტილების ყველა შემთხვევაში გაუქმება დაუშვებელია, რადგანაც კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა ისე უნდა უზრუნველყოს თავისი საქმიანობა, რომ ამა თუ იმ თანამშრომლის მივლინებაში ან შვებულებაში ყოფნამ/ავადმყოფობამ არ შეაფერხოს იურიდიული პირის ნორმალური ფუნქციონირება. სათანადო მენეჯმენტის არქონა, საკასაციო პალატის მოსაზრებით, განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებად ვერ მიიჩნევა და, ცხადია, არ ათავისუფლებს იურიდიულ პირს კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო მოქმედების შესრულების ვალდებულებისგან (იხ. სუსგ საქმე Nას-152-148-2016, 03 ივნისი, 2016 წელი; Nას-345-330-2016, 06 ივნისი, 2016 წელი; Nას-269-257-2015, 20 ივლისი, 2015 წელი; ას-191-2023; 16 ნოემბერი, 2023 წელი; №ას-355-2024 05 ივლისი, 2024 წელი).
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ აპელანტის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა მართებულად მიიჩნია არასაპატიოდ.
18. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას, რომ მას დავის მიმართ ინტერესი არ დაუკარგავს, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო საჩივარი განუხილველად არ უნდა დაეტოვებინა, პალატა განმარტავს, რომ საქმისადმი დაინტერესება, უპირველესად, სასამართლო სხდომაზე გამოცხადებაში გამოიხატება. ამასთან, საპროცესო კანონმდებლობა მხარეთა თანაბარი მოპყრობისა და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპს ემყარება. საკასაციო პალატა სამართალწარმოების დისპოზიციურობის, პროცესის ეკონომიურობის პრინციპებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების გათვალისწინებით განმარტავს, რომ ნებისმიერი საპროცესო მოქმედების განხორციელებისას დაცული უნდა იყოს მხარეთა შორის უფლება-მოვალეობათა განაწილების სამართლიანი ბალანსი. ერთი მხარის მიერ თავისი საპროცესო უფლების არამართლზომიერად გამოყენებამ არ უნდა დააბრკოლოს მოდავე მხარის უფლებების რეალიზაცია და უსაფუძვლოდ არ უნდა გააჭიანუროს პროცესი. (იხ. სუსგ №ას-1412-2018, 10.12.2018, სუსგ # ას-29-29-2016 2016 წლის 9 მარტის განჩინება).
19. ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში დადგენილია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ყველა ელემენტი, სახელდობრ: 1. მხარე სასამართლო სხდომაზე მიწვეული იქნა კანონის მოთხოვნათა დაცვით (აღნიშნული გარემოება აპელანტს სადავოდ არ გაუხდია); 2. აპელანტის გამოუცხადებლობა მიჩნეული იქნა არასაპატიოდ, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად.
20. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შ.პ.ს. „კ–ი“-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 02 ოქტომბრის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი