Facebook Twitter

12 ნოემბერი 2024 წელი

საქმე №ას-829-2024 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ა.რ–ვი

მოწინააღმდეგე მხარეები - მ.რ–ვი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 31 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - უძრავი ქონების 1/5 წილზე მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 08 აპრილის გადაწყვეტილებით მ.რ–ვის სარჩელი ა.რ–ვის მიმართ დაკმაყოფილდა. მ.რ–ვი ცნობილ იქნა ა.რ–ვის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისი, .......... (ს/კ № ........) 1/5 ნაწილის მესაკუთრედ.

2. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ და მოითხოვა მისი გაუქმება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 31 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, შემდეგი დასაბუთებით:

3.1. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 08 აპრილის გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრებოდა მოპასუხე ა.რ–ვი და მისი წარმომადგენელი რ.ა–ვი (იხ. ს.ფ. 135). შესაბამისად, აპელანტი ვალდებული იყო გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადებულიყო თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაებარებინა გადაწყვეტილების ასლი, წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღის მომდევნო დღიდან, რომლის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

3.2. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ აპელანტს გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით სასამართლოსათვის კანონით დადგენილ ვადაში არ მიუმართავს, ხოლო სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარადგინა გასაჩივრების 14-დღიანი ვადის დარღვევით - 2024 წლის 23 მაისს (იხ. სააპელაციო საჩივარი, ტ. 1, ს.ფ. 151-161), რის გამოც, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე და 374-ე მუხლების საფუძველზე ის დაუშვებელი იყო და არსებობდა მისი განუხილველად დატოვების სამართლებრივი საფუძველი.

4. სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა მისი გაუქმება. კერძო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ მან გასაჩივრების ვადის დაცვით წარადგინა სააპელაციო საჩივარი სასამართლოში. მისი მითითებით, გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ არაერთხელ მიმართა სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით, რაც დადასტურდება მოსამართლის თანაშემწის მიერ, თუმცა ამის მიუხედავად მან დასაბუთებული გადაწყვეტილება ჩაიბარა 2024 წლის 16 მაისს, რის მიზეზადაც სასამართლოს საქმეთა სიმრავლეზე უთითებს. კერძო საჩივრის ავტორი ასევე უთითებს, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების 14-დღიანი ვადა იწურებოდა 23 ან 24 მაისს, შესაბამისად მის მიერ დაცული იყო გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა. აქვე კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებით შეილახა მისი უფლებები, რომლებიც დაცულია საქართველოს კონსტიტუციით, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით. ამდენად იკვეთებოდა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ კერძო საჩივარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებული იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს/კერძო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

7. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია სააპელაციო სასამართლოს განჩინების მართლზომიერების საკითხი, რომლითაც სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო.

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს (იხ. სუსგ №ას-873-2018, 31.01.2019წ.). გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების ინსტიტუტი მოიცავს როგორც უშუალოდ დაინტერესებული მხარისათვის (ან მისი წარმომადგენლისათვის) გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებას, ასევე ამ ჩაბარების ფაქტის არსებობის პრეზუმფციასაც, რაზეც ვრცელდება საპროცესო ვადის გამოთვლის ერთიანი საპროცესო წესი (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლი).

11. ამდენად, გასაჩივრების მსურველ მხარეს გააჩნია არა უფლება, არამედ ვალდებულება ჩაიბაროს გადაწყვეტილება. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის შინაარსი არ შეიძლება გაგებულ იქნეს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების გარეშე. განსახილველი ნორმა აწესრიგებს გასაჩივრების უფლების წარმოშობის წინაპირობებს, გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას კი აწესრიგებს იმავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 30.12.2014წ. განჩინება, საქმეზე №ას-1161-1106-2014). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში.

12. საქმეში არსებული მასალებით დასტურდება, რომ კერძო საჩივრის ავტორი ესწრებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებას. ამასთან, მოპასუხეს (აპელანტს) გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 (2024 წლის 28 აპრილიდან) და არა უგვიანეს 30 დღისა (2024 წლის 08 მაისის ჩათვლით), სასამართლოსათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით წერილობით არ მიუმართავს.

13. სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოში შეტანილია 2024 წლის 23 მაისს (იხ. სააპელაციო საჩივარი, ს.ფ. 151-161).

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

15. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან აპელანტი ესწრებოდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას, ის მოექცა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის რეგულირების სფეროში, რაც გულისხმობს იმას, რომ სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 20-დან 30 დღის ვადაში მას უნდა მიემართა სასამართლოსთვის მოტივირებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით, თუ კი ის გაუშვებდა აღნიშნულ ვადას, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გასაჩივრების 14-დღიანი ვადა ავტომატურად დაიწყებდა ათვლას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30 დღის გასვლის შემდეგ. არ დასტურდება, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ვადაში მოპასუხემ მოითხოვა დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარება, ასევე არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება იმისა, რომ მოპასუხე ტელეფონით უკავშირდებოდა სასამართლოს და დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემა სასამართლოს ბრალით ვერ მოხერხდა, თავის მხრივ, ამ გარემოების ჯეროვნად დამტკიცება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, სწორედ კერძო საჩივრის ავტორის ვალდებულებას წარმოადგენდა. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, აპელანტისათვის გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების 30-ე დღის მომდევნო დღიდან. პალატა ყურადღებას მიაქცევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდა 2024 წლის 08 აპრილს სასამართლოსათვის მიმართვის 30-დღიანი ვადა ამოიწურა 2024 წლის 08 მაისს, შესაბამისად, გადაწყვეტილების გასაჩივრების 14-დღიანი ვადა დაიწყო 2024 წლის 09 მაისს და დასრულდა ამავე წლის 22 მაისს. მოპასუხემ კი, სააპელაციო საჩივარი წარადგინა 2024 წლის 23 მაისს - საპროცესო ვადის დარღვევით.

16. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებით მას შეელახა საქართველოს კონსტიტუციით, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დაცული უფლებები. უპირველესად, პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და შესაძლოა გარკვეულ ლეგიტიმურ შეზღუდვებს ექვემდებარებოდეს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, განცხადების მიღებასა და საქმის განხილვაზე უარის თქმა სასამართლოს შეუძლია მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლებითა და წესით. სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვის ერთ-ერთი მაგალითია საპროცესო ვადა. როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. ვინაიდან, სააპელაციო საჩივარი გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის დარღვევით იქნა წარდგენილი, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, აკრძალულია სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა.

17. სასამართლოსადმი მიმართვის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას უშვებს საერთაშორისო პრაქტიკაც. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, „სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება „თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე“ (Golder judgment, p. 19, para. 38, quoting the "Belgian Linguistic" judgment of 23 July 1968, Series A no. 6, p. 32, para. 5 (იხ. სუსგ № ას-1615-2019, 14.01.2020წ.)).

18. გასაჩივრების ვადის დარღვევის შემთხვევაში მხარე ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან, მის მიმართ დადგება ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სუსგ-ებები: Nას-1226-2019, 23.12.2019წ.; Nას-464-464-2018, 05.07.2018წ.).

19. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 31 მაისის განჩინებით სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცა ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებს, სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი გასაჩივრების ვადის გასვლის გამო, კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა.რ–ვის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 31 მაისის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი