¹ბს-1050-1001(კ-06) 25 იანვარი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.11.06წ. გადაწყვეტილების გაუქმებაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. კ-მა სარჩელი აღძრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მომართ და მოითხოვა მოპასუხისთვის მიუღებელი სანივთე კომპენსაციის დაკისრება 771.03 ლარის ოდენობით.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1994 წლის 28 თებერვლიდან მსახურობდა თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში. მას დღემდე მიუღებელი აქვს 2003-2004 წლის სანივთე კომპენსაცია, რაც შეადგენს 771.03 ლარს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.07.05წ. გადაწყვეტილებით ლ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.07.05წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ლ. კ-ის მიერ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის უკან დაბრუნება ხელახალი განხილვის მიზნით.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს აპელანტმა დააზუსტა მოთხოვნა და მოითხოვა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 17.11.06წ. გადაწყვეტილებით ლ. კ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.07.05წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ლ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ლ. კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2003-2004 წლების მიუღებელი სანივთე ქონების კომპენსაციის 771.03 ლარის გადახდა.
სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ლ. კ-ი მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნულ აკადემიაში. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 04.10.04წ. ¹1/811 ბრძანებით კადრების განკარგულებაში მყოფი სამხედრო მოსამსახურე, სერჟანტი ლ. კ-ი ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქრთველოს კანონის 21.2-ე მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის (რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით) თანახმად დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან, ამოღებული იქნა პირადი შემადგენლობის სიებიდან და ჩაირიცხა რეზერვში, ანუ ლ. კ-ი 2004 წლის 10 ოქტომბრამდე წარმოადგენდა სამხედრო მოსამსახურეს. თავდაცვის ეროვნული აკადემიის მიერ გაცემული 22.03.05წ. ¹303 ცნობის თანახმად, სერჟანტ ლ. კ-ს 2003-2004 წლების ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაცია მისაღები აქვს 771.03 ლარის ოდენობით.
სააპელაციო პალატის მითითებით, ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე იმყოფება სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე. სამხედრო მოსამსახურეს (სავალდებულო სამხედრო სამსახურის გარდა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევა ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია. სასამართლოს განმარტებით ის გარემოება, რომ ლ. კ-ის ფორმის ტანსაცმლის ტარება არ ევალებოდა ან სამსახურში სამხედრო ფორმის გარეშე ცხადდებოდა, საქმის მასალებით არ დასტურდება. ამასთან, მოსარჩელის მითითებით იგი ფორმას თავად ყიდულობდა.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სსკ-ის 129-ე მუხლის თანახმად ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშვებიან პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. ამავე კოდექსის 130- მუხლის თანახმად კი ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლებების დარღვევის შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატის განმარტებით მოცემულ შემთხვევაზე უნდა გავრცელდეს მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, რის გამოც სარჩელი არ არის ხანდაზმული.
სააპელაციო პალატის განმარტებით ის გარემოება, რომ მოსარჩელე ამჟამად სამხედრო მოსამსახურე არ არის, არ შეიძლება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი გახდეს, ვინაიდან ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებული იყო, მოსარჩელისთვის მიეცა კომპენსაცია. მოპასუხის მიერ თავის დროზე არ იქნა გაცემული სანივთე ქონება, მას ეკისრება ვალდებულება გასცეს მისი კომპესაცია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 17.11.06წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორმა აღნიშნა, რომ ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე იმყოფება სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე, მას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით სახელმწიფო ხარჯზე ეძლევა ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია. ეს დათქმა მხოლოდ მოქმედ სამხედრო მოსამსახურეებს ეხება და არ შეიძლება გათვალისწინებულ იქნას ყოფილ სამხედრო პირებზე, რომელთაც არ ესაჭიროებათ ფორმის ტანსაცმელი და შესაბამისად კომპენსაციის მოთხოვნაც მათი მხრიდან უსაფუძვლოა.
კასატორის მითითებით ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონი ფორმის ტანსაცმლის პირადი სახსრებით შეძენის და გამოყენების ვალდებულებას არ ითვალისწინებს რადგან მოქმედ სამხედრო მოსამსახურესათვის არ არის სავალდებულო სამსახურის პერიოდში ზემოხსენებული მტკიცებულებების წარდგენა. სამსახური სამხედრო პირებს ბიუჯეტისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით უზრუნველყოფს ფორმით და აღჭურვილობით.
კასატორის აზრით სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა სსკ-ის 129-ე მუხლის შესაბამისად, დადგენილი პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებების სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და საქართველოს თავდაცვის სამინიტრის საიფორმაციო წერილი ჩათვალა ვალის აღიარებად, რაც უსაფუძვლო არგუმენტია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე და განაპირობა არასწორი განჩინების გამოტანა. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.