Facebook Twitter

საქმე №ას-405-2023 20 დეკემბერი, 2024 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,

გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ს.ს.ჯ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 26 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა (შემდგომში - „მოსარჩელე“, „მოწინააღმდეგე მხარე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ს.ს.ჯ–ის“ (შემდგომში - „მოპასუხე“, „კასატორი“) მიმართ სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურების მოთხოვნით.

2. სარჩელის საფუძვლები:

2.1. საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს, როგორც „შემსყიდველს“ და სს „ს.ს.ჯ–ს“, როგორც „მიმწოდებელს“ შორის 2018 წლის 5 მარტს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N78 ხელშეკრულება მოსარჩელის ბალანსზე რიცხული სატრანსპორტო საშუალებების, მათ შორის, ავტომანქანა „შკოდა ოქტავიას“, სახელმწიფო ნომრით ......, დაზღვევის მომსახურების შესყიდვის თაობაზე.

2.2. 2018 წლის 14 დეკემბერს, საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული ავტომანქანა „შკოდა ოქტავია“, სახელმწიფო ნომრით ......., დაზიანდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად.

2.3. საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა განცხადებით მიმართა სს „ს.ს.ჯ–ს“ და მოითხოვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. თუმცა, მოპასუხემ ზიანის ანაზღაურებაზე უარი განაცხადა მოსარჩელის მიერ დაზღვევის ხელშეკრულების პირობების დარღვევაზე მითითებით.

3. მოპასუხის პოზიცია:

3.1. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

3.2. მოპასუხის მითითებით, ა.ო–ს, სიმთვრალე–სიფხიზლეზე შემოწმება ჩაუტარდა ავტოსაგზაო შემთხვევიდან 2 საათსა და 25 წუთში. მოქმედი კანონმდებლობით კი, ა.ო–თვის სისხლის ნიმუშის აღება უნდა განხორციელებულიყო ავტოსაგზაო შემთხვევის დადგომიდან, არაუგვიანეს 2 საათისა. დაგვიანებით ალკოტესტის აღება იწვევს სისხლიდან ალკოჰოლის ჟანგვას, რასაც ადასტურებს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 22 ნოემბრის N 008093118 ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად სისხლში ალკოჰოლის არსებობის შემთხვევაში ცოცხალი ადამიანის ორგანიზმი ერთი საათის განმავლობაში ჟანგავს საშუალოდ 0,15% ალკოჰოლს (ელიმინაციის ფაზის დასაწყისში 0,10-0,13% საშუალო ფიზიკური დატვირთვისას 0,15-0,18% და ძლიერი ფიზიკური დატვირთვისას 20% ალკოჰოლს).

3.3. მოპასუხის მტკიცებით, სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურებას, ასევე, გამორიცხავდა ის ფაქტი, რომ სადაზღვევო კომპანიაში შემთხვევის თაობაზე შეტყობინება განხორციელდა დაგვიანებით, 2018 წლის 14 დეკემბერს 09:55 საათზე, სადაზღვევო შემთხვევიდან 4 საათისა და 35 წუთის შემდგომ. ასევე, დამზღვევმა მზღვეველს სადაზღვევო შემთხვევასთან დაკავშირებით მიაწოდა ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე სს „ს.ს.ჯ–ს“ მოსარჩელე საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისრა 20 151.22 ლარის გადახდა.

4.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა სს „ს.ს.ჯ–მა“, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 26 იანვრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

5.2. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სამოქალაქო პროცესში მოქმედი მტკიცების ტვირთის გადანაწილების სტანდარტის მიხედვით სადაზღვევო კომპანიამ ვერ შეძლო დაედასტურებინა სადაზღვევო ზიანის ანაზღაურების გამომრიცხველი გარემოებების არსებობა. კერძოდ, პალატამ აღნიშნა, რომ საქმის მასალებით არ დადასტურდა ავტოსაგზაო შემთხვევის დადგომის დროს დაზღვეული ავტომობილის მძღოლის – ა.ო. არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნის ფაქტი.

5.3. სააპელაციო პალატამ მიუთითა, იმ უდავო გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მიერ სს „ს.ს.ჯ–ში“ წარდგენილ იქნა 2018 წლის 26 დეკემბრის ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა ა.ო. სისხლის ნიმუშში ეთილის სპირტის არარსებობის თაობაზე (სიმთვრალე-სიფხიზლეზე შემოწმების შესახებ). ასევე, სადაზღვევო ორგანოში წარდგენილი მტკიცებულებებით დასტურდებოდა, რომ შესაბამის ორგანოს არ დაუდგენია მძღოლის მიერ ავტომანქანის სიმთვრალეში მართვის ფაქტი. შესაბამისად, სამოქალაქო სამართალში ნაგულვები მხარეთა კეთილსინდისიერი ქცევის პრინციპიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დაუსაბუთებლად მიიჩნია აპელანტის ის მითითება თითქოს ალკოჰოლური თრობის შემოწმების მიზნით დაზღვეული ავტომობილის მძღოლის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადის დაგვიანებით განხორციელდა სისხლის ნიმუშის აღება და მზღვეველისათვის წარდგენილ იქნა დოკუმენტაცია კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, რაც ზიანის ანაზღაურებისაგან მზღვეველის გათავისუფლების საფუძველი უნდა გამხდარიყო. სააპელაციო პალატამ დამატებით აღნიშნა, რომ N008093118 ექსპერტიზის დასკვნის შემდგენი ექსპერტის გ.მ–ის განმარტებების მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება ადამიანის ორგანიზმში გარკვეული ოდენობის ეთილის სპირტის არსებობა, მაშინ ხდება უკუსვლით დაანგარიშება. 0,15% გამოდის იმ ადამიანის ორგანიზმიდან, რომელსაც აქვს გარკვეული ოდენობის ეთილის სპირტი ორგანიზმში. 0,001%-იც რომ იყოს, უკუსვლით ათვლა შესაძლებელია. ამ მტკიცებულების საფუძველზე, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში, მძღოლს შემთხვევიდან 2 საათისა და 25 წუთის შემდეგ საერთოდ არ ჰქონდა ეთილის სპირტი ორგანიზმში, შესაბამისად, შეუძლებელი იყო იმის გამოთვლა თუ რა ოდენობის ეთილის სპირტი იყო მის ორგანიზმში 2 საათისა და 25 წუთით ადრე.

5.4. სააპელაციო პალატამ ასევე არ გაიზიარა აპელანტის ის მტკიცება, რომლის თანახმადაც სადაზღვევო შემთხვევის თაობაზე მოსარჩელის მხრიდან დაგვიანებით განხორციელდა შეტყობინება. ამ მიმართებით სასამართლომ მოიხმო მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-6 დანართის პირველი პუნქტი, რომლის თანახმადაც დაზღვეული სატრანსპორტო საშუალებების დაზიანების ან/და დაზღვეული სატრანსპორტო საშუალებებით მესამე პირებისათვის ზიანის მიყენების შემთხვევაში, შესაბამისი შეტყობინების განხორციელების მიზნით დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ან დამზღვევის უფლებამოსილი სხვა პირი უკავშირდება სადაზღვევო კომპანიის 24 საათიან საინფორმაციო სამსახურს ნომერზე 2 ..1 (ნომერი მითითებული უნდა იქნას პრეტენდენტის მიერ) საპატრულო პოლიციის ან გადაუდებელი დახმარების ნომერზე (112) შეტყობინებიდან არაუგვიანეს 2 საათის განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ზარის განხორციელება შეუძლებელია ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. სააპელაციო პალატის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, შეტყობინება განხორციელდა დადგომიდან 4 საათისა და 35 წუთის შემდეგ. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ა.ო–მა ავტო-საგზაო შემთხვევის შედეგად მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება, რის გამოც იგი გადაყვანილ იქნა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში, ასევე, მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებების გათვალისწინებით, რომლებიც მოცემულ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით ჩატარდა, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ინფორმაციის მყისიერად მიწოდების ვალდებულების დარღვევით, არსებითად არ შელახულა მზღვეველის ინტერესები, რის გამოც მზღვეველს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან გათავისუფლების საფუძველი არ არსებობდა.

5.5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა სს „ს.ს.ჯ–მა“, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

6.1. კასატორის მტკიცებით, სადავო შემთხვევაში, ალკოჰოლური თრობის შემოწმების მიზნით დაზღვეული ავტომობილის მძღოლის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადის დაგვიანებით განხორციელდა სისხლის ნიმუშის აღება და მზღვეველისათვის წარდგენილ იქნა დოკუმენტაცია კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, რაც ზიანის ანაზღაურებისაგან მზღვეველის გათავისუფლების საფუძველი უნდა გამხდარიყო. კასატორი უთითებს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 22 ნოემბრის N008093118 ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლის თანახმად სისხლში ალკოჰოლის არსებობის შემთხვევაში ცოცხალი ადამიანის ორგანიზმი ერთი საათის განმავლობაში ჟანგავს საშუალოდ 0,15% ალკოჰოლს (ელიმინაციის ფაზის დასაწყისში 0,10-0,13% საშუალო ფიზიკური დატვირთვისას 0,15-0,18% და ძლიერი ფიზიკური დატვირთვისას 20% ალკოჰოლს). შესაბამისად, კასატორი განმარტავს, რომ დაგვიანებით ალკოტესტის აღება იწვევს სისხლიდან ალკოჰოლის ჟანგვას, რაც, თავის მხრივ, გავლენას ახდენს დაზღვეული ავტომობილის მძღოლის სიფხიზლის მდგომარეობის განსაზღვრაზე.

6.2. კასატორის მეორე პრეტენზია სადაზღვევო შემთხვევის თაობაზე ინფორმაციის დაგვიანებით მიწოდებას მიემართება, რაც მისი აზრით, ასევე წარმოადგენს ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის ლეგიტიმურ საფუძველს. მხარე ამტკიცებს, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-6 დანართის პირველი პუნქტის შესაბამისად, დაზღვეული სატრანსპორტო საშუალებების დაზიანების ან/და დაზღვეული სატრანსპორტო საშუალებებით მესამე პირებისათვის ზიანის მიყენების შემთხვევაში, შესაბამისი შეტყობინების განხორციელების მიზნით დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ან დამზღვევის უფლებამოსილი სხვა პირი უკავშირდება სადაზღვევო კომპანიის 24 საათიან საინფორმაციო სამსახურს ნომერზე 2 244 111 (ნომერი მითითებული უნდა იქნას პრეტენდენტის მიერ) საპატრულო პოლიციის ან გადაუდებელი დახმარების ნომერზე (112) შეტყობინებიდან არაუგვიანეს 2 საათის განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ზარის განხორციელება შეუძლებელია ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. კასატორი ასევე უთითებს სამოქალაქო კოდექსის 814-ე მუხლის პირველი ნაწილზეც, და აღნიშნავს, რომ ვინაიდან ამ დანაწესის მიხედვით სადაზღვევო შემთხვევის დადგომის გაგებისთანავე დამზღვევი მოვალეა აცნობოს ამის შესახებ მზღვეველს, ხოლო მოცემულ შემთხვევაში, ეს საკანონმდებლო ვალდებულება დაირღვა, ამიტომ კასატორ კომპანიას უმართებულოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურების ვალდებულება. ამასთან, კასატორი დასძენს, რომ სადაზღვევო კომპანიისთვის დამდგარი ზიანის შესახებ ინფორმაციის მყისიერ მიწოდებას დიდი მნიშვნელობა გააჩნია, ვინაიდან ასეთ დროს მზღვეველს ეძლევა სადაზღვევო შემთხვევის გარემოებების დადგენაში მონაწილეობის მიღება. კასატორისთვის ასევე გაუგებარია, სააპელაციო სასამართლოს ის მსჯელობა, როდესაც იგი კეთილსინდისიერების პრინციპსა და მტკიცებულების შექმნის შეუძლებლობაზე საუბრობს, რადგან სადავო ხელშეკრულება დაიდო მოპასუხის მიერ გამოცხადებული ტენდერისა და მათ მიერ შედგენილი ხელშეკრულების მიხედვით, ხოლო, ადგილზე გამოცხადებულ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს, სრული შესაძლებლობა ჰქონდა მძღოლისთვის ალკო-ტესტი ჩაეტარებინა, რაც არ განახორციელა.

6.3. კასატორი ამტკიცებს, რომ დაზღვეულმა პირმა დაარღვია მზღვეველისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება, ვინაიდან საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან ცალსახად დგინდება, რომ ა.ო– ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობასა და სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის 2019 წლის 27 თებერვლის დადგენილებაში შემთხვევის გარემოებები განსხვავებულადაა აღწერილი. კასატორი ამტკიცებს, რომ ერთ შემთხვევაში მძღოლი ავტოშემთხვევის გამომწვევ პირობად მიუთითებს სატვირთო მანქანის, ხოლო მეორე შემთხვევაში ძაღლის გამო განხორციელებულ მანევრირებაზე. მხარე მიიჩნევს, რომ მათ შორის არსებითი განსხვავებაა, რადგან სადაზღვევო შემთხვევაში მესამე პირის მონაწილეობა, სადაზღვევო კომპანიას შესაძლებლობას აძლევს ზიანის ანაზღაურება მოახდინოს სუბროგაციის პრინციპით, რა შესაძლებლობაც კომპანიას მძღოლის არასწორი ინფორმაციის მიწოდების გამო, წაერთვა.

6.4. კასატორი ამტკიცებს, რომ სააპელაციო პალატამ არასრულად შეისწავლა საქმის გარემოებები, ვინაიდან მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ზიანის ანაზღაურების საგამონაკლისო შემთხვევები, რომლის თანახმად, „რომელიმე ზემოხსენებული დოკუმენტის წარუდგენლობის შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის საკმარის (მაგიერ) დოკუმენტად ჩაითვლება დამზღვევის ოფიციალური წერილი, სადაც მითითებული უნდა იყოს შესაბამისი დოკუმენტის წარუდგენლობის მიზეზი“. კასატორის მტკიცებით, დამზღვევს მზღვეველისთვის არ მიუწოდებია საჭირო დოკუმენტაცია, რაც ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველია.

6.5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 11 აპრილის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, სს „ს.ს.ჯ–ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

7. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

11. საკასაციო პალატის განსჯით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, კასატორს არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რის გამოც დადგენილად მიიჩნევა შემდეგი:

- 2018 წლის 5 მარტს, ერთის მხრივ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს, როგორც „შემსყიდველს“ და მეორეს მხრივ, სს „ს.ს.ჯ–ს“, როგორც „მიმწოდებელს“ შორის გაფორმდა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N78 ხელშეკრულება. ხელშეკრულებით ერთ-ერთ დასაზღვევ ობიექტს წარმოადგენდა სატრანსპორტო საშუალება, რომლის რეკვიზიტებია: მარკა/მოდელი: „შკოდა ოქტივია“ 1,8 NEW, სახელმწიფო ნომერი: ....., საიდენტიფიკაციო კოდი: ......., გამოშვების წელი: 2014. ხელშეკრულების საერთო ღირებულების ოდენობამ შეადგინა 1 871 123.59 ლარი, ხოლო სატრანსპორტო საშუალების, სახელმწიფო ნომრით: ......, სადაზღვევო ღირებულება განისაზღვრა 20 151.22 ლარით. ხელშეკრულების მოქმედების ვადა დადგინდა 2018 წლის 5 მარტიდან 2019 წლის 30 ივლისის ჩათვლით (ტომი I, ს.ფ. 125-153);

- 2018 წლის 14 დეკემბერს, დაახლოებით 05:20 საათზე, ქ. თბილისში, ორთაჭალაში, მდინარე მტკვრის ახალ სანაპიროზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა მოსარჩელის ბალანსზე რიცხული და სს „ს.ს.ჯ–ში“ დაზღვეული ავტომობილი („შკოდა ოქტივია“ 1,8 NEW, სახელმწიფო ნომერი: ....., საიდენტიფიკაციო კოდი: ........, გამოშვების წელი: 2014), რომელსაც მართავდა ა.ო–ი (ტომი I , ს.ფ. 27-28);

- 2018 წლის 14 დეკემბერს, გადაწყვეტილების 3.1.2 პუნქტით გათვალისწინებული ფაქტის თაობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარ სამმართველოში დაიწყო გამოძიება. აღიძრა N008141218007 სისხლის სამართლის საქმე გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით. 2019 წლის 27 თებერვალს, თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის მიერ მიღებული დადგენილების საფუძველზე N008141218007 სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიება შეწყდა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო (ტომი I , ს.ფ. 27-28).

- შპს „ა.დ.ს–ის“ მიერ შედგენილი დაზიანებული ავტომობილის დეფექტური N4-402 აქტის თანახმად, დათვალიერებისას გამოვლინდა, რომ ავტომობილს („შკოდა ოქტივია“ 1,8 NEW, სახელმწიფო ნომერი: ....., საიდენტიფიკაციო კოდი: ........, გამოშვების წელი: 2014) დაზიანებული აქვს შემდეგი დეტალები: ძრავის სახურავი, წინა ფრთები, უკანა ფრთები, კარები, საბარგული, მინები, საქარე მინა, სავალი ნაწილები, ბამპერები, ფარები, უკანა მაშუქები, შიდა ძელი, წყლის ავზი, მილები, სამაგრები, ჭერის შალითა, კარის შალითები, წინა მოპირკეთება, ფრთის საფენები, სალონი, წყლის რადიატორი, კონდენციონერის რადიატორი, ძრავის კარტერი, ტორპედო, სახურავი, წინა დგარები, უკანა დგარები გახსნილია უსაფრთხოების ბალიშები, გაჭედილია უსაფრთხოების ღვედები, ძლიერ დეფორმირებულია ა/მ ძარა. ავტომობილის ნარჩენი ღირებულება მისი მდგომარეობის და გადარჩენილი დაუზიანებელი დეტალების ფასების გათვალისწინებით, საორიენტაციოდ შეადგენს 900 აშშ დოლარს (ტომი I , ს.ფ. 32-73).

12. სარჩელის მიზანს მოსარჩელისთვის სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურება წარმოადგენს, რის გამოც დავის მომწესრიგებელ ნორმებს სამოქალაქო კოდექსის 799-ე (დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა, აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა, გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება) და 820-ე (ზიანის დაზღვევისას მზღვეველმა ზიანი უნდა აანაზღაუროს ფულით) მუხლები წარმოადგენს.

13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, ხელშეკრულება მხარეთა ვალდებულების განმსაზღვრელი იმ დებულებებისაგან შედგება, რომლებიც ხელშემკვრელთა თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგად მიღწეულ შეთანხმებას ასახავს (სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლი) და, კანონის თანახმად, სწორედ ამ ჩარჩოშია მოქცეული მათი პასუხისმგებლობის ფარგლებიც (გარდა კანონის იმპერატიული დანაწესებისა). ვალდებულებითი სამართლის ეს უზოგადესი პრინციპი თანაბრად ვრცელდება ყველა სახელშეკრულებო ურთიერთობაზე, რომელთა შორისაცაა დაზღვევის ხელშეკრულება. მეტი სიცხადისათვის შეიძლება ითქვას, რომ კონკრეტული სახელშეკრულებო ურთიერთობის სპეციალური ნორმები აზუსტებს ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმების ზოგად პრინციპს. ამგვარ ნორმათა რიგს განეკუთვნება სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლი (იხ. სუსგ №ას-92-88-2016, 11 მარტი, 2016 წელი).

14. მითითებული ნორმის თანახმად, მზღვეველმა სადაზღვევო შემთხვევის დროს დამზღვევის მიმართ საკუთარი ვალდებულებების განსაზღვრისას უნდა იხელმძღვანელოს სადაზღვევო ხელშეკრულების დებულებებით (იხ. სუსგ №ას-1319-1257-2014, 30 ოქტომბერი 2015 წელი).

15. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელი დაკმაყოფილებადია იმ შემთხვევაში, თუ აშკარაა შეთანხმებით გათვალისწინებული სადაზღვევო რისკი, ანუ მოვლენა, რომელიც შეიცავს მისი წარმოშობის შესაძლებლობისა და შემთხვევითობის ნიშნებს და რომლის გამოც ხდება დაზღვევა, ასევე თუ სახეზეა დამდგარი სადაზღვევო შემთხვევით (მოვლენა, რომლის დადგომისას სადაზღვევო ხელშეკრულება ითვალისწინებს სადაზღვევო ანაზღაურების გადახდას) პირისთვის ზიანის მიყენება. აღნიშნულ გარემოებათა დადასტურება კი, სამოქალაქო სამართალში მოქმედი მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების პრინციპის მიხედვით ხდება.

16. საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპზე და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელისა და მოპასუხის სტადიებზე წარდგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების ერთობლივად შესწავლისა და გაანალიზების გზით დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო, რომლის საკასაციო წესით გასაჩივრების გზით, მოპასუხემ ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების მსჯელობა და დასკვნები და ვერ გააქარწყლა ისინი დასაბუთებული საკასაციო შედავებით. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე წამოჭრილი დავის დროს მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის შემდეგნაირად ნაწილდება: დამზღვევმა უნდა ამტკიცოს სადაზღვევო შემთხვევასა და მიღებულ ზიანს შორის causa proxima-ს არსებობა. მეორე მხრივ, მზღვეველმა უნდა ამტკიცოს, რომ ზიანის გამომწვევი მიზეზი წარმოადგენს ხელშეკრულების გამონაკლისს, რის გამოც, მასზე ვერ გავრცელდება სადაზღვევო დაფარვა (იხ. სუსგ Nას-1181-2020, 28 იანვარი, 2021 წელი).

17. საკასაციო საჩივრის ავტორის ძირითადი პრეტენზია მიემართება იმ გარემოებას, რომ ალკოჰოლური თრობის შემოწმების მიზნით დაზღვეული ავტომობილის მძღოლის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადის დაგვიანებით განხორციელდა სისხლის ნიმუშის აღება და მზღვეველისათვის წარდგენილ იქნა დოკუმენტაცია კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, რაც ზიანის ანაზღაურებისაგან მზღვეველის გათავისუფლების საფუძველი უნდა გამხდარიყო. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში წარდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N008093118 დასკვნის თანახმად, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარდგენილ მოსარჩელის სისხლის ნიმუშში ეთილის სპირტი არ აღმოჩნდა (ტომი I, ს.ფ. 21). მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ ექსპერტიზა ჩატარდა არა შემთხვევის დადგომისთანავე, არამედ ავტოშემთხვევიდან 2 საათსა და 25 წუთის შემდეგ, თუმცა საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მხოლოდ ექსპერტიზის წინაშე წარდგენილი მოსარჩელის სისხლის ნიმუშის დადგენილი ვადის დარღვევით აღების ფაქტი, სხვა მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, სადავო გარემოების დამადასტურებელ საკმარის მტკიცებულებად ვერ მიიჩნევა. სახელდობრ, საქმის მასალებში წარმოდგენილი სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარის თქმისა და სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ 2019 წლის 27 თებერვლის დადგენილება არ შეიცავს რაიმე მითითებას მძღოლის შესაძლო ალკოჰოლური თრობის შესახებ, ასევე, საქმის მასალებში წარმოდგენილია ავტო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნაც, რომლის თანახმად, შექმნილ საგზაო სიტუაციაში, შემთხვევაში მონაწილე ავტომობილ „შკოდა ოქტავიას“ მძღოლს - ა.ო–ს, ტექნიკური თვალსაზრისით, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლო და მის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა, რამაც განაპირობა კონკრეტული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა, არ აღინიშნება. გარდა ამისა, საქმის მასალებში წარმოდგენილია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 22 ნოემბრის N008093118 ექსპერტიზის დასკვნაც, რომლის თანახმად სისხლში ალკოჰოლის არსებობის შემთხვევაში ცოცხალი ადამიანის ორგანიზმი ერთი საათის განმავლობაში ჟანგავს საშუალოდ 0,15% ალკოჰოლს (ელიმინაციის ფაზის დასაწყისში 0,10-0,13% საშუალო ფიზიკური დატვირთვისას 0,15-0,18% და ძლიერი ფიზიკური დატვირთვისას 20% ალკოჰოლს). შესაბამისად, რადგან უდავო გარემოებაა, რომ ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზა შემთხვევიდან 2 საათსა და 25 წუთში ჩატარდა და მძღოლის სისხლის ნიმუშში არ აღმოჩნდა ალკოჰოლის კვალი, ამდენად საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ თუკი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მოპასუხე ალკოჰოლური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იქნებოდა, სისხლის ნიმუშის დაგვიანებით აღების შემთხვევაშიც კი, მის სისხლში მცირე ოდენობით ალკოჰოლი მაინც უნდა აღმოჩენილიყო, რაც სრულიად მართებულად გახდა კასატორის არგუმენტის გაქარწყლებულად ცნობის საფუძველი (იხ. სუსგ. განჩინება იდენტურ საქმეზე Nსაქმე №ას-864-2023, 2024 წელი 4 ივნისი).

18. საკასაციო საჩივრის ავტორის მეორე ძირითადი პრეტენზია მიემართება იმ გარემოებას, რომ დაზღვეულმა პირმა კომპანიას მიაწოდა წინასწარი შეცნობით არასწორი ინფორმაცია, რაც სადაზღვევო ანაზღაურების გაცემას გამორიცხავდა. სახელდობრ, კასატორის მტკიცებით, საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან ცალსახად დგინდება, რომ ა.ო. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობასა და სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის 2019 წლის 27 თებერვლის დადგენილებაში შემთხვევის გარემოებები განსხვავებულადაა აღწერილი. კასატორი ამტკიცებს, რომ ერთ შემთხვევაში მძღოლი ავტოშემთხვევის გამომწვევ პირობად მიუთითებს სატვირთო მანქანის, ხოლო მეორე შემთხვევაში ძაღლის გამო განხორციელებულ მანევრირებაზე. მხარე მიიჩნევს, რომ მათ შორის არსებითი განსხვავებაა, რადგან სადაზღვევო შემთხვევაში მესამე პირის მონაწილეობის შემთხვევაში სადაზღვევო კომპანიას ზიანის ანაზღაურება შეუძლია სუბროგაციის პრინციპით, რა შესაძლებლობაც კომპანიას მძღოლის არასწორი ინფორმაციის მიწოდების გამო, წაერთვა.

19. ზემოხსენებულ არგუმენტთან დაკავშირებით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელის მიერ სადაზღვევო კომპანიისთვის ისეთი ყალბი ინფორმაციის მიწოდება, როგორზეც მოწინააღმდეგე მხარე აპელირებს, არა მხოლოდ სამოქალაქო დავის მოსარჩელის საწინააღმდეგოდ გადასაწყვეტად, არამედ სისხლისსამართლის ნორმებით დასჯადი ქმედების შემადგენლობას იძლევა, რის გამოც ხელშეკრულების ძლიერ მხარეს - სადაზღვევო კომპანიას, ასეთი ბრალდების განსაკუთრებით მაღალი ლეგიტიმაციის მქონე მტკიცებულებებით დადასტურების ვალდებულება გააჩნია (იხ. სუსგ. საქმეზე Nსაქმე №ას-725-2024, 2024 წელი 8 ნოემბერი). შესაბამისად, როგორც ეს სააპელაციო პალატამ სრულიად მართებულად განმარტა, ასეთი მტკიცებულება საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის, ამიტომ, საკასაციო პალატის აზრით, ასეთი სათუო, საორჭოფო და არამყარი მოსაზრებები არ შეიძლება მოსარჩელისთვის ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმას დაედოს საფუძვლად.

20. საკასაციო პალატა ასევე, დაუსაბუთებლად მიიჩნევს კასატორის იმ პრეტენზიასაც, რომლის თანახმადაც, ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, ასევე უნდა გამორიცხულიყო, სადაზღვევო შემთხვევის სადაზღვევო კომპანიისთვის დაგვიანებით შეტყობინების გამო. ამ მიმართებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 814.1-ე მუხლი ავალდებულებს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომის გაგებისთანავე ამის შესახებ მზღვეველს შეატყობინოს, თუმცა დამზღვევის მხრიდან შეტყობინების მოვალეობის შეუსრულებლობა, მზღვეველს ზიანის ანაზღაურების მოვალეობისაგან მაინც არ ათავისუფლებს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა შეუტყობინებლობით მზღვეველის ინტერესები არსებითად ირღვევა (სამოქალაქო კოდექსის 814.3 მუხლი). შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, დამზღვევის მიერ მზღვეველისათვის სადაზღვევო შემთხვევის შეუტყობინებლობით ამ უკანასკნელის ინტერესი არსებითად დაირღვა თუ არა. საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს, მოცემული დავის ისეთ განმასხვავებელ ნიშანს, როგორიცაა ავტოშემთხვევის სიმძიმე. კერძოდ, განსაკუთრებულ აღნიშვნას არც საჭიროებს, რომ ყველა ავტოსაგზაო შემთხვევა არ არის ერთგვაროვანი და შესაბამისად არ შეიძლება მათზე ინფორმირებულობის ვალდებულების სტანდარტული წესის გავრცელება. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებში წარმოდგენილია ავტოსაგზაო შემთხვევის ფოტოილუსტრაცია, საიდანაც ნათლად იკვეთება, რომ დაზიანებული ავტომობილი თითქმის სრულადაა განადგურებული (ტომი I, ს.ფ. 33-72). ასევე დადგენილია, რომ ა.ო–მა ავტო-საგზაო შემთხვევის შედეგად მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება, რის გამოც იგი გადაყვანილ იქნა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში (ტომი I, 154-157). საგულისხმოა, რომ მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობის ცნობის თანახმად, კლინიკაში შეყვანისას მას აღენიშნებოდა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სისხლმდენი ჭრილობა თავის არეში, ექსკორიაციები სახის არეში. ამასთან ხაზგასასმელია, რომ მძღოლი არ წარმოადგენს ინდივიდუალურ დაზღვეულს პირს, არამედ იგი საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფლებამოსილი მძღოლია, რომელსაც შესაძლებელია საერთოდაც არ ჰქონოდა სადაზღვევო კომპანიის ინფორმირებულობის კონკრეტულ დროზე ინფორმაცია. ხსენებული გარემოებების შეჯერების შედეგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ამგვარ სიტუაციაში, სადაზღვევო კომპანიისთვის შემთხვევის შესახებ ინფორმაციის 4 საათსა და 35 წუთში მიწოდება, არ წარმოადგენდა ისეთ ქმედებას, რასაც შესაძლებელია ამ უკანასკნელის ინტერესი არსებითად დაერღვია, აღნიშნული, კი, მართებულად არ გახდა მზღვეველს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან გათავისუფლების საფუძველი.

21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში გამოირიცხა მძღოლის მიერ უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედების შესაძლებლობა, როგორც ალკოჰოლური თრობის, ასევე საგზაო წესებისა და მანევრირების წესების დარღვევის გამო, ასევე ვინაიდან N008141218007 სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიება შეწყდა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო, პალატა ასკვნის, რომ სადაზღვევო კომპანია არ იყო უფლებამოსილი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლზე (მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით) დაყრდნობით უარი ეთქვა სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე.

22. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობა, კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

23. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

24. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში კასატორს, საკასაციო საჩივარზე გადახდილი აქვს 1038 ლარი, თუმცა დავის საგანია 20 151,22 ლარი (20 151,22*5=1007,56), შესაბამისად, კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 16.03.2023წ. №1678948951 საგადახდო დავალებით გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის, 1007,56 ლარის, 70% - 705,29 ლარი, ასევე, მასვე უკან უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ზედმეტად გადახდილი 30,44 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სს „ს.ს.ჯ–ის“ საკასაციო საჩივარი როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. სს „ს.ს.ჯ–ს“ (ს/კ: .......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 16.03.2023წ. №1678948951 საგადახდო დავალებით ზედმეტად გადახდილი 30,44 ლარი და დარჩენილი 1007,56 ლარის 70% - 705,29 ლარი; შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

გოჩა ჯეირანაშვილი