საქმე №ას-510-2023 6 დეკემბერი, 2024 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,
გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ს.ს.ჯ–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „გ.ტ.კ–ია“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. შპს „ს. გ.ტ.კ–იამ“ (შემდგომში - „მოსარჩელე“, „მოწინააღმდეგე მხარე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ს.ს.ჯ–ის“ (შემდგომში - „მოპასუხე“, „კასატორი“) მიმართ სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურების მოთხოვნით.
2. სარჩელის საფუძვლები:
2.1. 2020 წლის 29 დეკემბერს შპს „ს. გ.ტ.კ–იასა“ და სს „ს.ს.ჯ–ს“ შორის გაფორმდა N620.03.20 სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა კომპანიის ბალანსზე არსებული სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის მომსახურება.
2.2. 2021 წლის 23 ივლისს ქ. თბილისში, კახეთის გზატკეცილიდან ლილოს დასახლების მიმართულებით მიმავალ გზაზე დაფიქსირდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, რომლის შედეგადაც დაზიანდა ზემოხსენებული ხელშეკრულების ფარგლებში დაზღვეული ავტომანქანა „GAZ 231073-310“ (სახ. ნომრით: .........). აღნიშნული ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა მზღვეველს.
2.3. 2021 წლის 24 აგვისტოს N24-08/245 წერილით სს „ს.ს.ჯ–მა“ უარი განაცხადა ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად შპს „ს.გ.ტ.კ–იისთვის“ მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე, იმ მოტივით, რომ საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის დროს უფლებამოსილმა მძღოლმა, რომელიც გადაადგილდებოდა კომპანიის ბალანსზე რიცხული (დაზღვეული) ავტომანქანით, ვერ განსაზღვრა რკინიგზის ხიდის სიმაღლე (საუბარია დაახლოებით 10-15 სანტიმეტრზე) და წამოედო ხიდის ჭერს.
2.4. შპს „ს. გ.ტ.კ–იასა“ და შპს „ს–ას“ შორის 2022 წლის 14 თებერვალს გაფორმდა N16.05.22 ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ავტოსატრანსპორტო საშუალების აღდგენის ღირებულებამ შეადგინა 26 500 ლარი. მოსარჩელემ 2021 წლის 13 სექტემბრის N1542 წერილით მოსთხოვა დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევით მოყენებული ზიანის ანაზღაურება, თუმცა სს „ს.ს.ჯ–მა“ უარი განაცხადა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე.
3. მოპასუხის პოზიცია:
3.1. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3.2. მოპასუხის აზრით, ანაზღაურების გაცემაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა დამზღვევის მხრიდან ვალდებულების დარღვევა, კერძოდ, ავტომანქანის დაზიანება გამოიწვია მძღოლის უხეშმა გაუფრთხილებლობამ, რაც მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სადაზღვევო ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს „ს.გ.ტ.კ–იის“ სარჩელი დაკმაყოფილდა. სს „ს.ს.ჯ–ს“ შპს „ს.გ.ტ.კ–იის“ სასარგებლოდ დაეკისრა 26 500 ლარის გადახდის ვალდებულება.
4.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა შპს „ს.გ.ტ.კ–იამ“ რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 თებერვლის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
5.2. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სადაზღვევო თანხის ანაზღაურებაზე უარის თქმის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობდა. სასამართლომ განმარტა, რომ დამზღვევის მიერ სადაზღვევო შემთხვევის განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით გამოწვევის ფაქტი მზღვეველმა უნდა ამტკიცოს, ვინაიდან მხარე მხოლოდ ამ გზით შეიძლება გათავისუფლდეს სადაზღვევო ანაზღაურებისაგან.
5.3. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება და განმარტა, რომ რომ სადაზღვევო კომპანიის მტკიცება მძღოლის ქმედების უხეში გაუფრთხილებლობის შესახებ გასაზიარებელი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ საგზაო მოძრაობის წესების ცოდნის შესახებ პრეზუმფციასთან ერთად საქმეში წარმოდგენილი იქნებოდა ინფორმაცია შემთხვევის მიმდინარეობის და მისი დადგომის კონკრეტული დეტალების შესახებ, რომელთა საფუძველზეც სასამართლოს შეექმნებოდა დასაბუთებული ვარაუდი მასზედ, რომ ავტოსატრანსპორტო შემთხვევის ადგილზე მძღოლისთვის მკაფიო და ზედმიწევნით თვალსაჩინო იყო ხიდის ქვეშ გავლის მაღალი რისკების შესახებ, მიუხედავად ამისა, მძღოლი ხიდის ქვეშ მაინც გავიდა და სწორედ ამ ვითარებაში მოახდინა შეჯახება. სააპელაციო სასამართლოს აზრით, ვინაიდან ასეთი მტკიცება აპელანტის მხრიდან განხორციელებული არ ყოფილა, არ იკვეთებოდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
5.4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა ს.ს.ჯ–მა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
6.1. კასატორის მტკიცებით, სააპელაციო პალატამ საქმე განიხილა სამოქალაქო კოდექსის 799-ე და 829-ე მუხლების დარღვევით. მხარე უთითებს, რომ დაზღვევის ხელშეკრულება მოიცავს დათქმებს სადაზღვევო შემთხვევის შესახებ, რომელთა დადგომაც განაპირობებს მზღვეველის ვალდებულებას აანაზღაუროს ზიანი. კასატორი მიუთითებს საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-10 პუნქტზე, რომლის თანახმად: „ხიდის, ესტაკადის, მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის ქვეშ, ასევე გვირაბში ან სხვა მსგავს ადგილას გავლამდე ავტობუსის, სატვირთო ავტომობილის მძღოლი ვალდებულია დარწმუნდეს სატრანსპორტო საშუალების გავლის უსაფრთხოებაში“. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სატრანსპორტო შემთხვევის დადგომა გამოიწვია სწორედ დაზღვეული სატვირთო მანქანის ჭერის ხიდის ძირზე შეჯახებამ, კასატორი მიიჩნევს, რომ მძღოლმა დაარღვია აუცილებელი წინდახედულობის ნორმა და მოქმედებდა უხეში გაუფრთხილებლობით ვინაიდან, ხიდის ქვეშ გავლამდე არ განსაზღვრა ავტომობილის სიმაღლე, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მანქანას თავზე დამაგრებული ჰქონდა ე.წ. ჯიხური, რაც კიდევ უფრო ამაღლებდა მას.
6.2. კასატორი აგრეთვე განმარტავს, რომ უფლებამოსილ მძღოლს არ გაუსაჩივრებია ის საჯარიმო ქვითარი, რომლითაც იგი სამართალდამრღვევად იქნა ცნობილი, რაც იმთავითვე ადასტურებდა ქმედების მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ხასიათს (ას-1622-2018).
6.3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 4 მაისის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, სს „ს.ს.ჯ–ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
7. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
11. საკასაციო პალატის განსჯით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, კასატორს არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რის გამოც დადგენილად მიიჩნევა შემდეგი:
- 2020 წლის 29 დეკემბერს შპს „საქართველოს გ.ტ.კ–იასა“ და სს „ს.ს.ჯ–ს“ შორის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების საგანს შემსყიდველის ბალანსზე არსებული სატრანსპორტო საშუალებისთვის სატენდერო დოკუმენტაციის დანართი 1-ის შესაბამისად სადაზღვევო მომსახურების გაწევა წარმოადგენდა, რომელიც განხორციელებული უნდა ყოფილიყო კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციით, მიმწოდებლის სატენდერო წინადადებითა და ტარიფებით (ს.ფ. 18-35);
- სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის მომსახურების 2021 წლის კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციის პირველი მუხლის შესაბამისად კონსოლიდირებული ტენდერით განსაზღვრულ სადაზღვევო რისკებს წარმოადგენდა: ა) საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა (არ აქვს მნიშვნელობა ვისი მიზეზით ხდება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა), მიუხედავად იმისა დაზღვეული სატრანსპორტო საშუალება მოძრაობდა, თუ იმყოფებოდა გაჩერებულ მდგომარეობაში; ბ) სატრანსპორტო საშუალების ან მისი ცალკეული ნაწილების დაკარგვა (მათ შორის, ქურდობის, ძარცვის, ყაჩაღობის, გატაცების ან ქურდობის/ ძარცვის/ ყაჩაღობის/ გატაცების მცდელობის შედეგად); გ) ბუნებრივი მოვლენებით გამოწვეული ზემოქმედება, კერძოდ, მიწისძვრა, წყალდიდობა, დიდთოვლობა, ხვავი, გრიგალი, ქარიშხალი, ღვარცოფი, მეხის დაცემა, მეწყერი და სეტყვა ან მოულოდნელი მოვლენა, რომელმაც გამოიწვია დაზიანება და განადგურება გარეშე და აშკარა მიზეზებით; დ) აალება, აფეთქება, ხანძარი, რაიმე საგნის ვარდნა/ დაცემა/ მოხვედრა, ვანდალიზმი; ე) მესამე პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება; ვ) დაუდგენელი მიზეზით სატრანსპორტო საშუალების დაზიანება (ს.ფ. 36-62);
- 2021 წლის 23 ივლისს კახეთის გზატკეცილიდან ლილოს დასახლების მიმართულებით, საქნავთობის დასახლებაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად GAZ 231073-310 მარკის (სახელმწიფო ნომრით: ........) სატრანსპორტო საშუალება დაზიანდა, რომელსაც უფლებამოსილი მძღოლი ნ.ბ–ი მართავდა. საქმეში წარმოდგენილი პატაკით ირკვევა, რომ მძღოლმა რკინიგზის ხიდის ქვეშ გავლისას სიმაღლე ვერ განსაზღვრა და უკანა ბორტით წამოედო ხიდის ჭერს, რის შედეგადაც დაზიანდა ავტომობილის ე.წ. „რამა“ და ბორტის სახურავი. ნ.ბ–ი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის შესაბამისად, 250 ლარით დაჯარიმდა (ს.ფ. 62-63);
- ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული GAZ 231073-310 მარკის (სახელმწიფო ნომრით:......) დაზღვეული იყო სს „ს.ს.ჯ–ში“, 2020 წლის 29 დეკემბერს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე;
- 2021 წლის 13 სექტემბერს საქართველოს გ.ტ.კ–იამ სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის მოთხოვნით მიმართა სს „ს.ს.ჯ–ს“ (ს.ფ .77);
- მზღვეველმა უარი განაცხადა ზიანის ანაზღაურებაზე (ს.ფ. 78).
12. სარჩელის მიზანს მოსარჩელისთვის სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურება წარმოადგენს, რის გამოც დავის მომწესრიგებელ ნორმებს სამოქალაქო კოდექსის 799-ე (დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა, აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა, გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება) და 820-ე (ზიანის დაზღვევისას მზღვეველმა ზიანი უნდა აანაზღაუროს ფულით) მუხლები წარმოადგენს.
13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, ხელშეკრულება მხარეთა ვალდებულების განმსაზღვრელი იმ დებულებებისაგან შედგება, რომლებიც ხელშემკვრელთა თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგად მიღწეულ შეთანხმებას ასახავს (სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლი) და, კანონის თანახმად, სწორედ ამ ჩარჩოშია მოქცეული მათი პასუხისმგებლობის ფარგლებიც (გარდა კანონის იმპერატიული დანაწესებისა). ვალდებულებითი სამართლის ეს უზოგადესი პრინციპი თანაბრად ვრცელდება ყველა სახელშეკრულებო ურთიერთობაზე, რომელთა შორისაცაა დაზღვევის ხელშეკრულება. მეტი სიცხადისათვის შეიძლება ითქვას, რომ კონკრეტული სახელშეკრულებო ურთიერთობის სპეციალური ნორმები აზუსტებს ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმების ზოგად პრინციპს. ამგვარ ნორმათა რიგს განეკუთვნება სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლი (იხ. სუსგ №ას-92-88-2016, 11 მარტი, 2016 წელი).
14. მითითებული ნორმის თანახმად, მზღვეველმა სადაზღვევო შემთხვევის დროს დამზღვევის მიმართ საკუთარი ვალდებულებების განსაზღვრისას უნდა იხელმძღვანელოს სადაზღვევო ხელშეკრულების დებულებებით (იხ. სუსგ №ას-1319-1257-2014, 30 ოქტომბერი 2015 წელი).
15. დაზღვევის ხელშეკრულება ფორმირდება მხარეთა კონსენსუსის შედეგად და მის ფარგლებში წარმოშობილი უფლება-მოვალეობების სისტემა ბოჭავს ამ ურთიერთობის მონაწილეებს. სადაზღვევო ინტერესის ცნება განიხილება ეკონომიკური და სამართლებრივი მნიშვნელობით. ეკონომიკური არსი განპირობებულია ქონების ღირებულებითი ეკვივალენტურობით. რაც შეეხება სადაზღვევო ინტერესის სამართლებრივ შინაარსს, მას დაცვითი ფუნქცია აქვს და გულისხმობს პირის იურიდიულ კავშირს სადაზღვევო ობიექტის მიმართ. ამ კუთხით, სადაზღვევო ინტერესი განისაზღვრება, როგორც დამზღვევის გონივრული ზრუნვა და სურვილი, დაიცვას საკუთარი სიკეთე სხვადასხვა გაუთვალისწინებელი მოვლენისაგან.
16. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია, კერძოდ:
17. სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელი დაკმაყოფილებადია იმ შემთხვევაში, თუ აშკარაა შეთანხმებით გათვალისწინებული სადაზღვევო რისკი, ანუ მოვლენა, რომელიც შეიცავს მისი წარმოშობის შესაძლებლობისა და შემთხვევითობის ნიშნებს და რომლის გამოც ხდება დაზღვევა, ასევე თუ სახეზეა დამდგარი სადაზღვევო შემთხვევით (მოვლენა, რომლის დადგომისას სადაზღვევო ხელშეკრულება ითვალისწინებს სადაზღვევო ანაზღაურების გადახდას) პირისთვის ზიანის მიყენება.
18. საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპზე და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელისა და მოპასუხის სტადიებზე წარდგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების ერთობლივად შესწავლისა და გაანალიზების გზით დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო, რომლის საკასაციო წესით გასაჩივრების გზით, მოპასუხემ ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების მსჯელობა და დასკვნები და ვერ გააქარწყლა ისინი დასაბუთებული საკასაციო შედავებით. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე წამოჭრილი დავის დროს მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის შემდეგნაირად ნაწილდება: დამზღვევმა უნდა ამტკიცოს სადაზღვევო შემთხვევასა და მიღებულ ზიანს შორის causa proxima-ს არსებობა. მეორე მხრივ, მზღვეველმა უნდა ამტკიცოს, რომ ზიანის გამომწვევი მიზეზი წარმოადგენს ხელშეკრულების გამონაკლისს, რის გამოც, მასზე ვერ გავრცელდება სადაზღვევო დაფარვა (იხ. სუსგ Nას-1181-2020, 28 იანვარი, 2021 წელი).
19. საკასაციო საჩივრის ავტორის ძირითადი პრეტენზია მიემართება იმ გარემოებას, სახეზე იყო უხეში გაუფრთხილებლობის ფაქტი ვინაიდან, ავტოსატრანსპორტო შემთხვევის ადგილზე მძღოლისთვის მკაფიო და ზედმიწევნით თვალსაჩინო იყო ხიდის ქვეშ გავლის მაღალი რისკების შესახებ, მიუხედავად ამისა, მძღოლი ხიდის ქვეშ მაინც გავიდა და სწორედ ამ ვითარებაში მოხდა ხიდის ქვედა ნაწილზე შეჯახება.
20. საკასაციო პალატა არ იზიარებს საკასაციო საჩივარში განვითარებულ პათოსს და განმეორებით აღნიშნავს, რომ დაზღვევის მომწესრიგებელი ნორმების შესაბამისად, დამზღვევს ეკისრება სადაზღვევო ხელშეკრულების არსებობისა და სადაზღვევო შემთხვევის დადგომის ფაქტის მტკიცების ვალდებულება, ხოლო სადაზღვევო კომპანია ვალდებულია დაამტკიცოს მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედების ფაქტი, რაც ზიანის ანაზღაურების გამომრიცხველი კანონისმიერი საფუძველია.
21. საკასაციო სასამართლო, უპირველესად, უხეში და მარტივი გაუფრთხილებლობის, როგორც სამართლებრივად სანქცირებული ქმედებების შესახებ, განმარტავს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობა არ იძლევა უხეში გაუფრთხილებლობის ლეგალურ დეფინიციას. სამოქალაქო სამართალში ბრალის შეფასებისას მოწმდება სამოქალაქო ბრუნვის მონაწილის ნების და ყურადღებიანობის ხარისხი. ამის მიხედვით განისაზღვრება, იგი განზრახ მოქმედებდა, თუ გაუფრთხილებლობით. ამასთან, პირის ბრალეულობა მხოლოდ ქმედების შედეგისადმი მისი სუბიექტური დამოკიდებულებით არ მოწმდება. სამოქალაქო პასუხისმგებლობის მიზნისთვის, პირის სუბიექტურ განწყობასთან ერთად, მხედველობაში მიიღება ობიექტური კრიტერიუმები, ანუ პასუხისმგებლობის მიზნისთვის პირის ბრალეულად მიჩნევისას, ასევე მოწმდება კონკრეტულ გარემოში მოქმედი გარემოებები, ამ გარემოებების გავლენა პირის ქმედებაზე. გაუფრთხილებლობა შეიძლება იყოს მარტივი (culpa lata) ან უხეში (culpa levissima). უხეში გაუფრთხილებლობა სახეზეა, როცა პირი განსაკუთრებით მაღალი ხარისხით არღვევს ბრუნვისათვის აუცილებელ ყურადღებიანობას. ყველა სხვა შემთხვევაში ითვლება, რომ პირი მოქმედებდა უბრალო გაუფრთხილებლობით. სასამართლო განმარტავს, რომ უხეში გაუფრთხილებლობა მართლსაწინააღმდეგოდ მოქმედი პირის მხრიდან განზრახვას უახლოვდება. შესაბამისად, უხეშ გაუფრთხილებლობად უნდა შეფასდეს ისეთი ქმედება, რომლის ჩადენის დროსაც პირი განსაკუთრებულად მაღალი ხარისხით უგულებელყოფს წინდახედულობის ნორმებს. მოქმედებს არა იგივე ვითარებაში მყოფი, სხვა საშუალო შესაძლებლობების მქონე პირის მსგავსად, არამედ იჩენს თვალშისაცემ უყურადღებობას, უპატიებელ დაუდევრობას. უხეში გაუფრთხილებლობისგან განსხვავებით, მარტივი გაუფრთხილებლობა უნდა განიმარტოს, როგორც სამოქალაქო ბრუნვისთვის დამახასიათებელი ყურადღებიანობის და წინდახედულობის სტანდარტის შედარებით ნაკლები ხარისხით უგულებელყოფა. მარტივი გაუფრთხილებლობა ბრალის გამომრიცხველ გარემოებასთან მიახლოებულად უნდა შეფასდეს. სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლის მიხედვით, მზღვეველის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების პირობად განზრახვა და უხეში გაუფრთხილებლობა გათანაბრებულია. ამრიგად, სადაზღვევო ურთიერთობის მიზნისთვის, უხეში გაუფრთხილებლობა განზრახვის ანალოგიურ სუბიექტურ განწყობად განიხილება. სხვაგვარი განმარტება ეწინააღმდეგება დაზღვევის ინსტიტუტის თავისებურებას, რომლის მთავარი მიზანი დამზღვევისთვის შესაძლო ზიანის ანაზღაურების გარანტირებაა (იხ., სუსგ №ას-საქმე №ას-1279-2022 20 დეკემბერი, 2022 წელი).
22. ამასთან, ევროპის სახელშეკრულებო სამართლის პრინციპების 1:301-ე მუხლის III ნაწილის თანახმად, განზრახ ქმედებად ითვლება პირის გაცნობიერებული ქცევა, რომელიც გამიზნულად (შეგნებულად) მიმართულია ქმედების სამართლებრივი შედეგების წარმოშობისაკენ, ასევე, უხეში გაუფრთხილებლობით განხორციელებული ქმედებაც, რომლის დროსაც, პირი ითვალისწინებს თავისი ქცევის მოსალოდნელ სამართლებრივ შედეგს, მართალია მიზანმიმართულად არ მიისწრაფვის, მაგრამ გულგრილად ეკიდება მის დადგომას. ამის საპირისპიროდ, მარტივი გაუფრთხილებლობისას პირი არ აცნობიერებს თავისი ქცევის შესაძლო სამართლებრივ შედეგს და, შესაბამისად, ეს არ ჩაითვლება განზრახ ქმედებად. ამრიგად, ევროპის სახელშეკრულებო სამართლის პრინციპები ერთმანეთისაგან განასხვავებს განზრახ და მარტივ გაუფრთხილებლობას. ევროპის სახელშეკრულებო სამართლის პრინციპებში განვითარებული პოზიციის მიხედვით, განზრახვა და უხეში გაუფრთხილებლობა აუცილებლად გულისხმობს მხარის გაცნობიერებულ ქმედებას (იხ., სუსგ №ას-1479-2019, 21 იანვარი, 2020 წელი, პ.53).
23. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ გაკეთებულ შეფასებას მასზედ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის მომენტში უფლებამოსილი მძღოლი ძალიან დაბალი - 13-დან 25კმ/სთ-მდე, სიჩქარით მოძრაობდა, გარდა ამისა, საქმეში წარმოდგენილი ფოტომასალიდან დასტურდება, რომ სარკინიგზო ხიდის ქვეშ, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, საგზაო ნიშანი დამონტაჟებული არ ყოფილა (საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 64-ე პუნქტის მიხედვით საგზაო ნიშანი (ნიშანი) − ამ კანონის დანართი №1-ით განსაზღვრული, დადგენილი ფორმის მოწყობილობა გამოსახულებით ან წარწერით (მათ შორის, დასაშვებია ელექტრონული სახითაც), რომელიც საგზაო მოძრაობის მონაწილეს აწვდის ინფორმაციას საგზაო პირობებისა და მოძრაობის რეჟიმის, დასახლებული პუნქტისა და სხვადასხვა ობიექტის შესახებ). გარდა ამისა, მძღოლის გონივრული წინდახედულობის ფარგლების შეფასებისას ასევე საგულისხმოა ცდომილების მასშტაბიც - 10-15სმ, ვინაიდან ობიექტური დამკვირვებლის თვალით, შეუძლებელია პირს ზედმიწევნით სწორად მოეთხოვოს, შეუიარაღებელი თვალით, სიმაღლის შეფასება. ლოგიკურია, ყველა ადამიანს ინდივიდუალური აღქმის უნარი აქვს, ამიტომ შესაბამისი საგზაო ნიშნის არარსებობის დროს, შეუიარაღებელი თვალით, მძღოლის მიერ ხიდის სიმაღლის ზედმიწევნით სწორად შეუფასებლობა, მის უხეშ გაუფრთხილებლობად ვერ დაკვალიფიცირდება და სადაზღვევო კომპანიის ზიანის ანაზღაურებისგან გათავისუფლების საფუძველი ვერ გახდება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ანაზღაურების საგამონაკლისო ნორმების ამგვარი გაფართოების პერსპექტივა არ გამომდინარეობს კანონის მიზნებიდან, რადგან სადაზღვევო თანხის ანაზღაურებისგან გათავისუფლების შესაძლებლობა მხოლოდ საგამონაკლისო შემთხვევაშია შესაძლებელი. საკასაციო პალატამ არაერთგზის განმარტა, რომ დაზღვევის საგამონაკლისო შემთხვევები ვიწროდ უნდა განმარტოს, იმგვარად, რომ მზღვეველთა პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლება არ ამტკიცოს, მზღვეველმა კი უნდა დაასაბუთოს, რომ ზიანის გამომწვევი მიზეზი კანონის ან ხელშეკრულების გამონაკლისია და მასზე ვერ გავრცელდება სადაზღვევო დაფარვა (იხ.: სუსგ №ას-1479-2019, 21.01.2020წ.)
24. ამრიგად, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ მტკიცების ტვირთის იმგვარი განაწილების პირობებში, როგორიც დაზღვევის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი დავებისთვის არის დადგენილი, მოპასუხემ საპროცესო ვალდებულება, დაედასტურებინა მოსარჩელის უხეში გაუფრთხილებლობის ფაქტი, ვერ შეასრულა, რაც საკასაციო საჩივარს დაუსაბუთებელს ხდის.
25. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
26. ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებსა და მსჯელობას. კასატორის პრეტენზიების პასუხად კი განმარტავს, რომ საქმეზე მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილი გარემოებებით დადასტურებულია ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტი და არ იკვეთება მძღოლის მიერ უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედების ფაქტი. აქედან გამომდინარე, ვლინდება სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა.
27. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
28. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
29. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
30. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში კასატორს, საკასაციო საჩივარზე გადახდილი აქვს 1364,75 ლარი, თუმცა დავის საგანია 26 500 ლარი (26 500*5=1325), შესაბამისად, კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 10.04.2023წ. №1681112590 საგადახდო დავალებით გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის, 1325 ლარის, 70% - 927,5 ლარი, ასევე, მასვე უკან უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ზედმეტად გადახდილი 39,75 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სს „ს.ს.ჯ–ის“ საკასაციო საჩივარი როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. სს „ს.ს.ჯ–ს“ (ს/კ: ........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 10.04.2023წ. №1681112590 საგადახდო დავალებით ზედმეტად გადახდილი 39,75 ლარი და დარჩენილი 1325 ლარის 70% - 927,5 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
გოჩა ჯეირანაშვილი