საქმე №ას-910-2024 20 დეკემბერი, 2024 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,
გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – დ.ნ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.მ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 30 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ალიმენტის გაზრდა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
1. ნ.მ–მა (შემდგომში – მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში დ.ნ–ის (შემდგომში - მოპასუხე, კასატორი) მიმართ და ალიმენტის გაზრდა მოითხოვა.
2. სარჩელის საფუძვლები:
2.1. მოსარჩელე ნ.მ–სა და დ.ნ–ს ჰყავთ საერთო შვილი - 2013 წლის 30 აგვისტოს დაბადებული ნ.ნ–ი. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებით დ.ნ–ს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის - 140 ლარის გადახდა. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ 8 წელია გასული. ნ–ი გაიზარდა და მისი აღზრდა-განვითარებისათვის დღეს ბევრად მეტი ხარჯია საჭირო, რასაც დაკისრებული ალიმენტი ვერ სწვდება. ნათელია, რომ ერთი მხრივ, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობაა შეცვლილი, მეორე მხრივ კი, ნ–ს მეტი საჭიროება და მოთხოვნილება აქვს. მოსარჩელე ცდილობს, შვილის უზრუნველყოფასა და განვითარებას ყველანაირად შეუწყოს ხელი, მისცეს
მას საუკეთესო განათლება. ნ–ი სიღრმისეულად შეისწავლის უცხო ენებს. იგი კერძო რეპეტიტორებთან ემზადება ინგლისურ და გერმანულ ენაში, რაც თითოეულ მასწავლებელთან 80 ლარს შეადგენს. ბავშვის ჩამოყალიბებაში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ფიზიკური აქტივობა და სპორტული ცხოვრება. მოსარჩელის ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, ნ–ი პერიოდულად დადის საცურაო აუზზე „დელფინი“, რომლის აბონემენტში მოსარჩელე 80 ლარს იხდის. მოსარჩელე აქტიურად ცდილობს ნ–ს კულტურა და ტრადიციებიც შეაყვაროს და ატარებს ქართულ ცეკვაზე, სადაც ყოველთვიური გადასახადი 50 ლარს შეადგენს. ამას ემატება ძიძისათვის ყოველთვიურად გადასახდელი თანხა, რომელიც, დატვირთვიდან გამომდინარე, 400-550 ლარამდეა. მოსარჩელეს ჰყავს ძმა, რომელიც შშმ პირია, იგი შრომისუუნაროა და საჭიროებს მუდმივ მეთვალყურეობას, შესაბამისად, მოსარჩელის ფინანსები გადანაწილებულია მასზეც. მოპასუხე პროფესიით წარმოადგენს ტელეკომუნიკაციის ინჟინერს და როგორც მოსარჩელისთვისაა ცნობილია, ის ამჟამად მუშაობს თავისი პროფესიით, აქვს შემოსავალი. შესაბამისად, მან მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს შვილზე და გადაინაწილოს ის ხარჯები, რაც არასრულწლოვანს ამ ეტაპზე აქვს.
3. მოპასუხის პოზიცია:
3.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, შესაგებელში აღნიშნულია, მას აქვს საბანკო დავალიანებები, ჰყავს მეორე ოჯახი, რომლის რჩენის ვალდებულებაც აკისრია. მხარეს არ აქვს სათანადო სახელფასო ანაზღაურება, რომ შეძლოს მოთხოვნილი ოდენობით ალიმენტის გადახდა და სხვა ნაკისრი ვალდებულებების ანაზღაურება.
გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მისი ფინანსური მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, ამიტომ ალიმენტის გაზრდის საფუძველი არ არსებობს.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 23 აგვისტოს გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაიზარდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტი და დ.ნ–ს არასრულწლოვანი შვილის - 2013 წლის 30 აგვისტოს დაბადებული ნ.ნ–ის სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის - ყოველთვიურად 500 ლარის გადახდა 2023 წლის 27 თებერვლიდან ბავშვის სრულწლოვანების მიღწევამდე;
4.2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 30 აპრილის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 30 აპრილის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.
6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
6.1. კასატორი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასება სრულიად არასწორია და უგულებელყოფილია სსკ-ის 1221-ე მუხლი, რომლის თანახმად, იმ მშობლის ოჯახური და მატერიალური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომლებიც ალიმენტს იხდიან მტკიცე თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს დაინტერესებული პირის მოთხოვნით, შეამციროს ან გაადიდოს ალიმენტის ოდენობა. კონკრეტულ შემთხვევაში, არსებობს 2015 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, 2013 წელის 30 აგვისტოს დაბადებული ნ.ნ–ის სასარგებლოდ დ.ნ–ს დაეკისრა ალიმენტის სახით 140 ლარის გადახდა. არავითარი ახალი არსებითი გარემოება, გარდა იმისა, რომ დ.ნ–ს ჰყავს მეუღლე და ახალი ოჯახი, არ არსებობს. ასევე, სასამართლომ არასწორად გააერთიანა საალიმენტო ვალდებულებაში ბავშვის აქტივობის და სხვა ხარჯები, რომელიც კანონის თანახმად, დამატებით ხარჯებს წარმოადგენს და არ არის საალიმენტო ვალდებულება. რაც შეეხება მოპასუხის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ესეც არასწორი შეფასებაა, რადგან დ.ნ–ს არ აქვს სტაბილური ხელფასი, რაც მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე მიუთითებს.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ივლისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში დასაშვებობის შემოწმების მიზნით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
10.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ალიმენტის ოდენობის გაზრდის თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის თანახმად, იმ მშობლების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომლებიც ალიმენტს იხდიან მტკიცე თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, შეამციროს ან გაადიდოს ალიმენტის ოდენობა.
12. კანონის მოხმობილი ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა მუდმივი არ არის. კანონმდებელი დასაშვებად მიიჩნევს სასამართლო გადაწყვეტილებით ალიმენტის ოდენობის შემცირებას ან პირიქით, მის გაზრდას, ხოლო ამის საფუძვლად განიხილავს – ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლას. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლაში იგულისხმება ალიმენტის დაკისრების შემდეგ ისეთი ახალი გარემოებების წარმოშობა, რომლებიც აშკარა გავლენას ახდენს ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალურ და ოჯახურ მდგომარეობაზე, მაგალითად, შემოსავლების შემცირება/გაზრდა, ჯანმრთელობის გაუარესება, კმაყოფაზე მყოფი პირების რაოდენობის გაზრდა, ან შემცირება და სხვა (იხ. სუსგ საქმე №ას-303-290-2015, 13 მაისი, 2015 წელი; №ას-284-2019, 27 ივნისი, 2019 წელი).
13. მითითებული საკანონმდებლო დანაწესი გამომდინარეობს თავად ალიმენტის მიზნიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე, 1213-ე და 1214-ე მუხლებით კანონი ადგენს მშობლის ვალდებულებას, იზრუნოს თავის შვილზე, რაც გულისხმობს მისი მატერიალურად უზრუნველყოფის მოვალეობას. არასრულწლოვანის რჩენისათვის აუცილებელი მინიმალური ოდენობის დადგენისას გაითვალისწინება მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი, სარჩენი ბავშვის ასაკი, მისი საჭიროებები, ალიმენტის გადამხდელი მშობლის სხვა შვილის (შვილების) არსებობა. შესაბამისად, იმ მშობლის ფინანსური თუ ოჯახური მდგომარეობის შეცვლამ, რომელიც ალიმენტს იხდის, შესაძლოა, განაპირობოს სასამართლოს მიერ ალიმენტის ოდენობაში ცვლილების შეტანა (იხ. სუსგ საქმე №ას-617-585-2014, 30 დეკემბერი, 2014 წელი).
14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა: მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა. სწორედ ამ მიზნით, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის, აგრეთვე, გაზრდის საკითხის განხილვისას, უპირატესად უნდა განისაზღვროს ალიმენტის გონივრული ოდენობა, რომელიც დგინდება მშობელთა ქონებრივი მდგომარეობისა და ბავშვის საჭიროების ურთიერთშეჯერებით, ამ უკანასკნელის საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით. გონივრულობის აღნიშნული სტანდარტის განსასაზღვრად სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლით, რომელიც ადგენს არასრულწლოვანი შვილების რჩენის მოვალეობას, იმავე კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლითაც დადგენილია მშობლების ვალდებულება შვილების აღზრდის, ზრუნვის, ფიზიკური, სულიერი თუ გონებრივი განვითარების ასპექტში და 1214-ე მუხლით, რომელიც შვილებზე ზრუნვის საკითხში მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში, ითვალისწინებს დავის სასამართლო წესით გადაწყვეტას, როდესაც, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის კრიტერიუმად დადგენილია როგორც მშობლის, ასევე - შვილის რეალური მატერიალური შესაძლებლობა და საჭიროება, თუმცა ამოსავალ პრინციპს მაინც ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება და მისთვის ოჯახური გარემოს შექმნა წარმოადგენს და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას უპირატესობა არასრულწლოვანის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება. „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში, კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია (იხ. სუსგ საქმე №ას-621-2019, 11 ივლისი, 2019 წელი; №ას-177-2019, 23 მაისი, 2019 წელი; №ას-284-2019, 27 ივნისი, 2019 წელი).
15. რაც შეეხება, კასატორის მიერ სადავო გამხდარ გარემოებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობასთან მიმართებით, არც აღნიშნულს გააჩნია ვარგისი ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი, გამომდინარე იქიდან, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტი ოდენობა შეადგენდა 140 ლარს, რომელიც გასაჩივრებული გადაწყვეტილებით 360 ლარითაა გაზრდილი, შესაბამისად, განსაკუთრებული მტკიცების გარეშეც ნათელია, რომ ათი წლის ბავშვის საჭიროებები განსაზღვრულ თანხას ადეკვატურს ხდის დედის მხრიდან მისი წილი ზრუნვის გათვალისწინების ფარგლებში. საგულისხმოა ისიც, რომ აღნიშნული თანხა გადახდილი უნდა იქნეს ბავშვის სრულწლოვნებამდე [გარდა ქონებრივი მდგომარეობისა და შემხვედრი საჭიროებებისა - სსკ-ის 1221-ე მუხლი]. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ არასრულწლოვანი მუდმივად ცხოვრობს მოსარჩელესთან, იგი არის 10 წლის მოზარდი, მისი ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელია, როგორც ჯანსაღი კვებითი ხელშეწყობა, ასევე სასკოლო, კლასგარეშე და სხვა სოციალურ-კულტურული აქტივობები, ზოგადი ჯანდაცვა, სეზონის შესაბამისი ტანსაცმელი და თამაშისა და დასვენების ხელშეწყობა, ასევე მეთვალყურეობის უზრუნველყოფა. ამასთან, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მხედველობაში მიიღეს ის გარემოება, რომ დედას მისი სამსახურის განრიგისა და მის კმაყოფაზე მყოფი შშმ პირის - ძმის გათვალისწინებით, ხარჯის გაწევა უწევს ასევე დამხმარის - ძიძის მომსახურებისათვის, რაც ასევე ემსახურება არასრულწლოვანის ინტერესებს.
16. სადავო შემთხვევაში, ამოსავალი პრინციპი ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას უპირატესობა არასრულწლოვანის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება. გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ეროვნული კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო აქტებით ქვეყნის მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან, რომელთაგან ერთ-ერთ თვალსაჩინო დანაწესს წარმოადგენს კონვენცია „ბავშვის უფლებების შესახებ“. შეიძლება ითქვას, რომ მითითებული საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის ის მინიმალური სტანდარტია, რომელიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვანის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის. მითითებული კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია (იხ., საქმე №ას-602-570-2015, 20.11.2015წ.). ალიმენტვალდებული მამა პროფესიით კომუნიკაციების ინჟინერია, ასევე ეწევა სამეწარმეო საქმიანობას. შესაბამისად, მას აქვს უნარები, ცოდნა და გამოცდილება, რაც მის ეფექტურ დასაქმებას შეუწყობს ხელს, ხოლო არასრულწლოვანი შვილის რჩენის ვალდებულება მისთვის მამოტივირებელი უნდა იყოს, რათა ყველა ღონე იხმაროს და გაზარდოს საკუთარი შემოსავლები იმგვარად, რომ სრულყოფილად და კეთილსინდისიერად შეძლოს ბავშვის რჩენის ვალდებულების შესრულება.
17. საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის, შეძლებისდაგვარად, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებას, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარეთა მატერიალურ მდგომარეობას, შემოსავლებს, რომელსაც ალიმენტის გადამხდელი იღებს, ასევე ითვალისწინებს მის კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს და განსაზღვრავს ალიმენტის ოდენობას გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე. დასახელებული ნორმებით დადგენილია მშობელთა ვალდებულება, არჩინონ თავიანთი შვილები. ამ ვალდებულების არსებობა არ შეიძლება დამოკიდებული იქნეს მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, თუ მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. ამასთან, სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. ანუ, ალიმენტის ოდენობა, რასაც სასამართლო განსაზღვრავს, არ შეიძლება იყოს იმ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები, რაც აუცილებელია პირის სარჩენად (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 1 ივლისის საქმე Nას-495--469-2015 განჩინება). ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოს შეფასების საგანია ორივე მშობლის მატერიალური მდგომარეობა, რომელთაც თანაბარი უფლებები და ვალდებულებები აკისრიათ არასრულწოვანი შვილების რჩენა-აღზრდის საკითხებში (სსკ-ის 1197-ე მუხლი), ხოლო კანონით გათვალისწინებული შესაძლებლობა ალიმენტის ცვლილების (გაზრდა ან შემცირება) შესახებ (სსკ-ის 1221-ე მუხლი), რაც, განსახილველ შემთხვევაში, დადასტურებულია სარწმუნო და დამაჯერებელი მტკიცებულებებით, არ შეიძლება შეფასდეს სსკ-ს 1121-ე მუხლის ხელყოფად. შესაბამისად, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის გათვალისწინებით, კასატორმა ვერ შეძლო, დაეძლია მოსარჩელის მოთხოვნის არგუმენტაცია და დასაბუთებული შედავება წარმოედგინა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტებზე.
17. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 7 მარტის საქმე Nას-1328-2024 გადაწყვეტილება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 5 მარტის საქმე Nას-50-21 გადაწყვეტილება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის საქმე Nას-617-585-2014 გადაწყვეტილება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 26 ოქტომბრის საქმე Nას-744-1042-09 განჩინება)
18. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
19. ზემოხსენებული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს არ წარმოუდგენია არცერთი არგუმენტი, დასაბუთებული შედავება, თუ რა საფუძვლით უნდა იქნეს ცნობილი დასაშვებად საკასაციო საჩივარი. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებული და კანონიერია, შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო განაცხადის არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
20. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ.ნ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. დ.ნ–ს (პ/ნ ..........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს ნ.ჩ–ის მიერ 25.07.2024წ. №4751 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150.00 ლარის 70% – 105 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
გოჩა ჯეირანაშვილი