Facebook Twitter

საქმე №ას-942-2024 13 დეკემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლაშა ქოჩიაშვილი, გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „კ–ი“, გ.ს–ძე (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ.კ–ძე, ბ.ბ–ი (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ლ.კ–ძემ (შემდგომ – პირველი მოსარჩელე) და ბ.ბ–მა (შემდგომ – მეორე მოსარჩელე) სარჩელი აღძრეს სასამართლოში შპს „კ–ისა“ (შემდგომ – პირველი მოპასუხე) და გ.ს–ძის (შემდგომ – მეორე მოპასუხე) მიმართ და მოითხოვეს: პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ 110 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით; მეორე მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ 21 800 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით; პირველ მოპასუხეს პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ, 2022 წლის 14 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის - 110 000 აშშ დოლარის, 2022 წლის 14 აპრილისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის ეკვივალენტი 339 130 ლარის წლიური 11.8%-ის გადახდა; პირველ მოპასუხეს მეორე მოსარჩელის სასარგებლოდ, 2022 წლის 14 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის - 21 800 აშშ დოლარის, 2022 წლის 14 აპრილისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის ეკვივალენტი 67 209 ლარის წლიური 11.8%-ის გადახდა.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელეთა განმარტებით, 2020 წლიდან სახელშეკრულებო (სასესხო) ურთიერთობა აქვთ პირველ მოპასუხესთან. მოსარჩელეების წინაშე პირველი მოპასუხის აღიარებული დავალიანება, სარჩელის წარდგენის მდგომარეობით, შეადგენს 132 400 აშშ დოლარს. სესხის დაფარვის ყველა, მათ შორის, უკანასკნელი ხელშეკრულების შესრულების საბოლოო ვადა - 2022 წლის 14 აპრილი უშედეგოდ გავიდა.

3. 2022 წლის 6 მაისს დაიდო თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც პირველი მოპასუხის დირექტორმა - მეორე მოპასუხემ იკისრა ამ საზოგადოების ვალდებულების შესრულება, თუ ეს უკანასკნელი 120 დღის ვადაში კრედიტორების წინაშე არსებულ ვალდებულებებს არ შეასრულებდა.

4. სასარჩელო მოთხოვნის ნაწილი სესხის ძირ თანხასთან მიმართებით აღიარებულია მოპასუხეების მიერ, შესაბამისად, დასტურდება სარჩელის აღძვრამდე რამდენიმე ხნით ადრე სოლიდარულად თავდები პირის ინფორმირებულობა მსესხებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის, ასევე, ვადამოსული მოთხოვნის ოდენობის შესახებ. ამასთან, მეორე მოპასუხე პირველი მოპასუხე შპს-ს დამფუძნებელი და დირექტორია, შესაბამისად, ინფორმირებული იყო სესხის აღების, ვალდებულების მოცულობისა და ვადების დარღვევის თაობაზე.

5. მოსარჩელეთა განმარტებით, მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ მიუღებელი შემოსავლისა და ადვოკატის ხარჯის ანაზღაურება,

მოპასუხეების პოზიცია:

6. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ სესხის დაბრუნების ვადა ჯერ არ დამდგარა, მხარეებს შორის გაფორმებული 2022 წლის 6 მაისის თავდებობის ხელშეკრულებით სესხის დაბრუნების ვადა გაიზარდა და განისაზღვრა, რომ დავალიანება უნდა დაფარულიყო 2022 წლის 10 სექტემბრამდე. თავდებობის ხელშეკრულება გამოხატავს ხელშეკრულების მხარეების ნებას, მასში არსებული ყველა დებულება შეთანხმებულია და მისაღებია ორივე მხარისთვის და ამ შეთანხმებით სესხის დაფარვის საბოლოო ვადად განსაზღვრეს 2022 წლის 10 სექტემბერი. შესაბამისად, გაუგებარია, რა დარღვეულ უფლებაზე საუბრობენ მოსარჩელეები.

7. მოპასუხე მხარის მოსაზრებით, პროცენტი არის შეუსაბამოდ მაღალი, 2 თვეში ისეთი მაღალი სარგებელი, როგორიც არის 18 600 აშშ დოლარის ოდენობით სესხზე 17.2%, 69 800 აშშ დოლარზე - 17%, ხოლო 24 000 აშშ დოლარზე - 17.5%, შეადგენს წლიურ 100%-ზე მეტს. აღნიშნული წარმოადგენს იმდენად მაღალ წლიურ პროცენტს, რომ აშკარად არ შეესაბამება საჯარო წესრიგს. მოპასუხეებმა მიუთითეს სასამართლო პრაქტიკაზე, რომლის მიხედვით სასამართლომ შეამცირა მხარეთა მიერ შეთანხმებული თვიური სარგებელი 5% და განსაზღვრა თვიურად 0.75 %-ით.

8. მოპასუხეებმა არ გაიზიარეს სასარჩელო მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის შესახებ. მათ მიუთითეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 412-ე მუხლთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესის სასამართლოს პრაქტიკაზე და განმარტეს, რომ პირველ რიგში უნდა დადასტურდეს მოპასუხეების მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვნად შესრულების ფაქტი და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდეს მიუღებელ შემოსავალზე მსჯელობა. იმის გათვალისწინებით, რომ სესხის ხელშეკრულებების ვადა განსაზღვრული იყო 2022 წლის 10 სექტემბრამდე, სრულიად უსაფუძვლოა მოსარჩელეების მხრიდან მოპასუხეებისთვის მიუღებელი შემოსავლის დაკისრების მოთხოვნა 2022 წლის 14 აპრილიდან, ასევე გაუგებარია, რატომ უნდა მოხდეს თანხის გადახდა ძველი კურსით და არა თანხის გადახდის დღეს არსებული კურსით.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის პირველი ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 110 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებული სავალუტო კურსით. მათვე მეორე მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 21 800 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებული სავალუტო კურსით. სარჩელი მიუღებელი შემოსავლის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 აპრილის განჩინებით მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

11. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული გადაწყვეტილება სადავოდ არის გამხდარი ორი საფუძვლით, კერძოდ, თავდებობის ხელშეკრულების ნამდვილობის კუთხით და, სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, სესხის პროცენტის ოდენობის ზნეობისა და საჯარო წესრიგისადმი შესაბამისობის ნაწილში.

12. სააპელაციო პალატამ მხარეთა ყურადღება გაამახვილა მტკიცების საპროცესო-სამართლებრივ პრინციპებზე და განმარტა, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობაზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. მოსარჩელე მოვალეა, დაამტკიცოს ფაქტები, რომელთა საფუძველზე შეიძლება გაკეთდეს დასკვნა გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობის ვარაუდის შესახებ, ხოლო იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლებიც ასეთ ვარაუდს გააქარწყლებენ, დაკისრებული აქვს მოპასუხეს. ფაქტების დამტკიცებას იწყებს მოსარჩელე, რომელმაც უნდა დაადასტუროს მის მიერ მოპასუხისადმი წაყენებული მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი. მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსარჩელე დაამტკიცებს ამ ფაქტებს, მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხეზე.

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 201-ე მუხლი ადგენს მოპასუხის საპროცესო თავდაცვის ძირითადი ინსტრუმენტს - შესაგებლის ინსტიტუტს. ამავე კოდექსის მე-4 და მე-5 ნაწილებით კი განსაზღვრულია, რომ პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია, მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით. წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. მოპასუხე ვალდებულია, პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები. მოპასუხე უფლებამოსილია, მტკიცებულებათა წარდგენისათვის მოითხოვოს გონივრული ვადა. ამ საპროცესო წესის დარღვევით ირღვევა შეჯიბრებითობის პრინციპი, რამდენადაც ამავე კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული.

14. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ შეაფასა ის გარემოება, რომ მოპასუხეებმა სარჩელის წინააღმდეგ წარდგენილი შესაგებელით პირდაპირ დაადასტურეს სარჩელის მე-3 ფაქტობრივ საფუძვლად მითითებული გარემოება, რომ 2022 წლის 6 მაისის თავდებობის ხელშეკრულება გამოხატავდა მოსარჩელეებისა და მოპასუხეების, როგორც ხელშეკრულების მხარეების ნებას.

15. ამ ნაწილში მოპასუხეები სასარჩელო მოთხოვნას უარყოფდნენ მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ჯერ არ იყო დამდგარი 2022 წლის 6 მაისის თავდებობის ხელშეკრულებით შეთანხმებული შესრულების ვადა (2022 წლის 10 სექტემბერი). შემდგომშიც (სასამართლოს მთავარ სხდომამდე) მოპასუხეებს თავდებობის ხელშეკრულების ნამდვილობასთან დაკავშირებით რაიმე შედავება არ განუხორციელებიათ და მხარეთა ნებისადმი ხელშეკრულების შეუსაბამობა შესაბამისი არგუმენტაციით არ დაუსაბუთებიათ. ანუ ამ ნაწილში მოპასუხეებს მარტივი შედავებაც არ განუხორციელებიათ. ასეთ ვითარებაში, თავდებობის ხელშეკრულების ნამდვილობასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოში მოპასუხეების (აპელანტების) წარმომადგენლის მითითება წარმოადგენს ახალ ფაქტობრივ გარემოებას და ვინაიდან აპელანტებმა უგულებელყვეს სსსკ-ის 219-ე მუხლის მოთხოვნები, მათ პროცესუალურად დაკარგეს სააპელაციო სასამართლოში ამ გარემოებაზე მითითებით შედავების კანონისმიერი უფლება, რაც იმას ნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლო აღნიშნულ სააპელაციო პრეტენზიაზე არ იმსჯელებს (სსსკ-ის 380-ე მუხლის მე-2 ნაწილი).

16. სააპელაციო სასამართლომ საფუძველს მოკლებულად მიიჩნია ასევე სააპელაციო საჩივრის პრეტენზია, სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, პროცენტების ოდენობებთან დაკავშირებით.

17. საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით. რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს.

18. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად შეაფასა საქმეზე დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2022 წლის 12 იანვრის, 24 იანვრისა და 14 თებერვლის სესხის ხელშეკრულებები დადებულია პირველ მოპასუხესთან, რომელიც სესხის ხელშეკრულებებში წარმოდგენილია მსესხებელ მხარედ, 2022 წლის 6 მაისის ე.წ. თავდებობის ხელშეკრულებაში გვევლინება მოვალედ, რომელსაც აღიარებული აქვს დავალიანებების არსებობა - პირველი მოსარჩელის მიმართ 110 000 აშშ დოლარის, ხოლო მეორე მოსარჩელის მიმართ - 22 400 აშშ დოლარის ოდენობით.

19. მხარეთა მიერ ე.წ თავდებობის ხელშეკრულების არსებითი პირობები განსაზღვრულია შემდეგნაირად: ხელშეკრულება გაფორმდა კრედიტორების - მოსარჩელეების მიმართ არსებული ვადამოსული დავალიანებების - 110 000 აშშ დოლარისა და 22 400 აშშ დოლარის უზრუნველსაყოფად; მოპასუხეებმა სოლიდარულად იკისრეს კრედიტორების მიმართ არსებული ვადამოსული დავალიანებების (110 000 აშშ დოლარისა და 22 400 აშშ დოლარის) გადახდის ვალდებულება იმ შემთხვევაში, თუ მოვალე - პირველი მოპასუხე წინამდებარე ხელშეკრულების ხელმოწერიდან 120 დღის განმავლობაში (ანუ 2022 წლის 10 სექტემბრამდე) კრედიტორების წინაშე არსებულ დავალიანებას არ დაფარავდა.

20. ხელშეკრულებით განისაზღვრა „თავდები პირის“ პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა, რომელიც 132 400 ლარს შეადგენს.

21. 2022 წლის 6 მაისის ხელშეკრულება არ შეიცავს რაიმე მითითებას 2022 წლის 12 იანვრის, 24 იანვრის და 14 თებერვლის სესხის ხელშეკრულებებზე და, მისგან გამომდინარე, ვალდებულებებზე (მათ შორის, სესხის სარგებელზე).

22. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ პირველმა მოპასუხემ 2022 წლის 6 მაისის ხელშეკრულებაში აღიარა და დაადასტურა კრედიტორების - მოსარჩელეთა მიმართ 110 000 აშშ დოლარისა და 22 400 აშშ დოლარის ფულადი ვალდებულების არსებობა და იკისრა ამ ვალდებულების შესრულება ხელშეკრულების ხელმოწერიდან 120 დღის განმავლობაში.

23. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, 2022 წლის 6 მაისის ხელშეკრულება, მისი შინაარსის გათვალისწინებით, წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 341-ე მუხლით გათვალისწინებულ ვალის არსებობის აღიარებას, ვინაიდან მასში პირველი მოპასუხე ნათლად და გარკვევით აღიარებს კონკრეტული ოდენობით დავალიანების არსებობის ფაქტს და სრულიად გაცნობიერებულად კისრულობს ამ თანხის გადახდის ვალდებულებას. ამ მოცემულობაში აპელანტების მოთხოვნა, რომ სასამართლომ იმსჯელოს საპროცენტო განაკვეთის კანონშესაბამისობაზე, არარელევანტურია.

24. რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას მეორე მოპასუხის მიმართ, ამ ნაწილში სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა და მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი თავდებობის ხელშეკრულება შესაძლებელია ერთდროულად შეფასდეს როგორც ვალის აღიარების, ისე თავდებობის ელემენტების შემცველ ხელშეკრულებად და ფულადი ვალდებულების შესრულების გარანტიად.

25. სსკ-ის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის, 892-ე მუხლის პირველი ნაწილის, 894-ე, 895-ე მუხლების, 892-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 898-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თავდების მიერ სოლიდარული პასუხისმგებლობის აღების პირობებში, თავდებს მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება წარედგინოს მოთხოვნა, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული ან მისი გადახდისუუნარობა აშკარაა. გადახდისუუნარობა უნდა გამოიკვეთოს სესხის გაცემის შემდეგ, ვალდებულების შესრულების დროისთვის. ამავე დროს, გადამწყვეტი მნიშვნელობის არის ის, რომ თავდებობის შესახებ უნდა გაფორმდეს დოკუმენტი და ამ დოკუმენტში მითითებული უნდა იყოს თავდების შესაძლო პასუხისმგებლობის ზედა ზღვარი. თავდები სათანადოდ უნდა იყოს ინფორმირებული ვალდებულების მოცულობის შესახებ. ეს კანონმდებლის იმპერატიული მოთხოვნაა და არ შეიძლება შეიცვალოს მხარეთა შეთანხმებით.

26. მოცემულ საქმეზე თავდებობა გაფორმდა წერილობით. თავდებისთვის ცნობილი იყო ვალდებულების მოცულობა და პირობები. თავდებმა მეორე მოპასუხემ მკაფიოდ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ მოვალე (პირველი მოპასუხე) წინამდებარე ხელშეკრულების ხელმოწერიდან 120 დღის განმავლობაში არ დაფარავდა კრედიტორების წინაშე არსებულ დავალიანებას, იგი უარს არ განაცხადებდა კრედიტორების დაკმაყოფილებაზე, რადგან მოვალემ გადააცილა კრედიტორების წინაშე ვალდებულების შესრულების ვადებს (ხელშეკრულების 2.2. მუხლი). ხელშეკრულებით ნათლად არის განსაზღვრული თავდების პასუხისმგებლობის ზედა ზღვარი. შესაბამისად, 2022 წლის 6 მაისის ხელშეკრულებით მეორე მოპასუხეს, როგორც თავდებ პირს, წარმოეშვა ვალდებულება პირველი მოპასუხის მიერ აღიარებული და დადასტურებული ვალდებულების ფარგლებში.

27. იმ სააპელაციო პრეტენზიის საპირისპიროდ, რომ სასამართლომ დაუსაბუთებლად არ შეამცირა ზნეობასთან და საჯარო წესრიგთან წინააღმდეგობაში მყოფი საპროცენტო სარგებელი, რომელიც ორ თვეში 17%-ს შეადგენს სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სასარჩელო მოთხოვნა გამომდინარეობს 2022 წლის 6 მაისის ხელშეკრულებიდან, რომელიც არ შეიცავს რაიმე მითითებას 2022 წლის 12 იანვრის, 24 იანვრისა და 14 თებერვლის სესხის ხელშეკრულებებზე ან ამ ხელშეკრულებების რომელიმე პირობაზე (სარგებელზე). ხსენებულ ხელშეკრულებაში მითითებულია მხოლოდ პირველი მოპასუხის მიერ აღიარებული და დადასტურებული თანხა, რომლის სოლიდარულად გადახდის ვალდებულებაც მეორე მოპასუხემ იკისრა პირველი მოპასუხის მიერ ვალდებულების დროულად შეუსრულებლობის შემთხვევაში. სასარჩელო მოთხოვნა არ გამომდინარეობს სესხის ხელშეკრულებებიდან. შესაბამისად, სასამართლოს არ გააჩნდა სესხის ხელშეკრულებების რომელიმე პირობის საჯარო წესრიგთან შესაბამისობის შემოწმების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი და მოპასუხეების მიერ ახალი ხელშეკრულებით აღიარებული ვალდებულების კორექტირებას ვერ მოახდენდა.

28. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დაასკვნ, რომ აპელანტებმა ვერ წარადგინეს კვალიფიციური სააპელაციო შედავება იმ არსებითი გარემოებების საპირისპიროდ, რაც საფუძვლად დაედო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას. შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

29. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხეებმა შეიტანეს საკასაციო საჩივარი, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

30. კასატორებმა მიიჩნიეს, რომ სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა სასამართლო პრაქტიკა (2ბ/8039-14 საქმეზე) შეუსაბამოდ მაღალი პროცენტის შემცირებასთან დაკავშირებით და მოპასუხეებს დააკისრათ ზნეობრივად შეუსაბამო სარგებლის ოდენობა. მსგავსი სიდიდის პროცენტს არცერთი საბანკო და მიკროსაფინანსო დაწესებულება არ ითვალისწინებს.

31. კასატორმა აღნიშნა, რომ თავდებობის ხელშეკრულების გაფორმებისას ნოტარიუსმა დაამოწმა მხოლოდ ხელმოწერების ნამდვილობა და არა ხელშეკრულების შინაარსი. წინააღმდეგ შემთხვევაში ნოტარიუსი მხარეებს განუმარტავდა გარიგების შინაარსსა და შესაძლო პასუხისმგებლობას. მეორე მოპასუხე არ არის იურისტი, შესაბამისად, მისთვის თავდებობის შინაარსი უცნობი იყო და მხარის ნებას არ ასახავდა.

32. კასატორი მხარე არ დაეთანხმა სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ ფაქტს, რომ მოპასუხეებს სესხის ძირი ვალდებულება არ დაუფარავთ. გაუგებარია, რას ეფუძნება სასამართლოს აღნიშნული დასკვნა.

33. კასატორების მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დააკისრათ ადვოკატის ხარჯის ანაზღაურება იმ პირობებში, როდესაც საადვოკატო ხარჯის გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება.

34. საკასაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინეს მოსარჩელეებმა და იშუამდგომლეს მოწინააღმდეგე მხარისათვის ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - დავის საგნის (34 320 ლარის) 4%-ის დაკისრების შესახებ.

35. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 9 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

36. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

37. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

38. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.

39. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. სარჩელის ინდივიდუალიზაცია სარჩელის ელემენტების მეშვეობითაა შესაძლებელი. სსსკ-ის მე-3, მე-4, 83-ე და 178-ე მუხლების ანალიზით შესაძლებელია, დავასკვნათ, რომ სარჩელი შედგება ორი ელემენტისგან: სარჩელის საგნისა და სარჩელის საფუძვლისგან. სარჩელის საგანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისადმი (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი), ხოლო სარჩელის საფუძველი - კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი). საქმის გარემოებათა ანალიზის საფუძველზე მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის დადგენა და მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის მოძიება კი, სასამართლოს ვალდებულებაა.

40. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამრთლოს უფლება მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტს, რომლის მიხედვითაც, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა იყოს მხარისათვის განჭვრეტადი. ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილი არგუმენტების ძირითად ასპექტებს (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz Torija v. Spain, §§ 29-30). შესაბამისად, უფლება მოსმენაზე მოიცავს არა მხოლოდ სასამართლოს წინაშე არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობას, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გადაწყვეტილების დასაბუთებაში მიუთითოს მიზეზები, რომელთა საფუძველზეც გაიზიარა ან უარყო შესაბამისი არგუმენტები. სასამართლომ შეიძლება აუცილებლად არ მიიჩნიოს იმგვარ არგუმენტებზე პასუხის გაცემა, რომლებიც აშკარად არარელევანტური, დაუსაბუთებელი ან სხვაგვარად დაუშვებელია მსგავსი არგუმენტების მიმართ არსებული სამართლებრივი დებულებების ან მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე, თუმცა, ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს ნათელი და საქმეში მონაწილე მხარეებს შესაძლებლობას უნდა აძლევდეს გაიგონ, თუ რატომ გაითვალისწინა სასამართლომ მხოლოდ კონკრეტული გარემოებები და მტკიცებულებები (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Seryavin and Others v. Ukraine §§ 55-62). სასამართლოს აქვს ვალდებულება, სათანადოდ იმსჯელოს მხარეთა მიერ წარდგენილ დოკუმენტებზე, არგუმენტებსა და მტკიცებულებებზე (იხ. Kraska v. Switzerland, § 30; Van de Hurk v. the Netherlands, § 59; Perez v. France, § 80). ამასთან, მხარეებს უნდა ჰქონდეთ არა მხოლოდ იმის შესაძლებლობა, რომ იცოდნენ იმ მტკიცებულებათა შესახებ, რომლებიც მათ სჭირდებათ თავიანთი სარჩელის წარმატებისათვის, არამედ ჰქონდეთ კომენტარის გაკეთების საშუალება ყველა იმ მტკიცებულებასთან და მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომლებიც წარდგენილია სასამართლოს აზრის ფორმირებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით (იხ. Milatova and others v. The Czech republic §59; Niderost-huber v. Switzerland, § 24; K.S. v. finland § 21;

41. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოპასუხე მხარისათვის თანხის დაკისრების შესახებ მოსარჩელე მხარის მოთხოვნის ფაქტობრივი შემადგენლობა (აღწერილობა), განაპირობებს მის სამართლებრივ მოწესრიგებას სსკ-ის 341-ე მუხლის (იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას; თუ ვალის არსებობა აღიარებულია ანგარიშსწორების (გადახდის) საფუძველზე ან მორიგების გზით, მაშინ ფორმის დაცვა არ არის აუცილებელი) საფუძველზე.

42. ამ ტიპის სარჩელის წარმატებულობა, ბუნებრივია, უნდა შემოწმდეს მისი დამფუძნებელი ნორმის/ნორმების წინაპირობებთან მიმართებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ უპირველესად, სასამართლომ სწორად უნდა განსაზღვროს მოთხოვნის მარეგულირებელი სამართლებრივი საფუძველი - კანონის ნორმა, გამოარკვიოს სარჩელში მითითებული ფაქტების შესაბამისობა დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებთან (ფორმალური გამართულობა), დადებითი პასუხის შემთხვევაში, სარჩელსა და შესაგებელში გამოთქმული პოზიციების ურთიერთშეჯერებით გამოარკვიოს სადავო და უდავო ფაქტობრივი გარემოებები (მტკიცების საგანი) და გაანაწილოს მხარეთა შორის მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დადასტურების ტვირთი (მტკიცების ტვირთი).

43. საკასაციო სასამართლოს მიერ არაერთ გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, რომ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებისას სასამართლო იკვლევს, რამდენად დგინდება სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობა, რომლებიც სასარჩელო მოთხოვნის, ან მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლის წარმატებას განაპირობებს. სასამართლო ვალდებულია, განსაზღვროს მოთხოვნის ფარგლები (ისე რომ არ გასცდეს მას), მოძებნოს დავის მომწესრიგებელი შესატყვისი სამართლის ნორმა (სპეციალური ან ზოგადი წესი) და დაადგინოს იმ გარემოებათა არსებობა/არარსებობა (ფაქტობრივი გარემოებები), რომლებიც ამ ნორმის გამოყენებისთვის აუცილებელ წინაპირობებს წარმოადგენენ.

44. საკასაციო პალატამ განმარტა, რომ ნების გამოვლენის სსკ-ის 341-ე მუხლით განმტკიცებულ ვალის არსებობის აღიარებად დაკვალიფიცირებისთვის და შესაბამისი სამართლებრივი შედეგების წარმოშობისთვის, ის ვალდებულების შესრულების დამოუკიდებელ საფუძველს უნდა ქმნიდეს, რამდენადაც ვალის აღიარება დამოუკიდებელ გარიგებად განიხილება და მისი დანიშნულება სწორედ ახალი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობაა. არაერთ საქმეზე უზენაესი სასამართლოს განმარტების თანახმად, ვალის აღიარება იმით განსხვავდება ნებისმიერი სხვა ფორმით გათვალისწინებული მოთხოვნის აღიარებისაგან, რომ იგი ახალი ხელშეკრულებაა და არა სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში ნების გამოვლენა. ვალის არსებობის აღიარება არის ცალმხრივი და აბსტრაქტული ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ერთი მხარე მეორე მხარის სასარგებლოდ დამოუკიდებლად კისრულობს გარკვეულ მოქმედებების შესრულებას. თუ მხარეები უკვე არსებული ვალდებულების შინაარსიდან გამოდიან ან ადასტურებენ მას, ან მხარეები არსებული ვალდებულების შესასრულებლად ახალი ვალდებულების შესრულებას კისრულობენ, ვალის აღიარებად არ მიიჩნევა. ვალის არსებობის აღიარება მხოლოდ მაშინ ვლინდება, თუ იგი დამოუკიდებელია ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისაგან და ახალ, დამოუკიდებელ მოთხოვნას წარმოშობს (შდრ. სუსგ-ები №ას-839-890-2011, 08 ნოემბერი, 2011წ.; №ას-392-371-2013, 08 ნოემბერი, 2013წ.; №ას-1083-1040-2016, 26 აპრილი, 2018წ.; №ას-758-2019, 22 ოქტომბერი, 2019 წ; №ას-87-2020, 18 ნოემბერი, 2021 წ; №ას-400-2020, 15 თებერვალი, 2022 წ; №ას-1210-2022, 01 მარტი, 2023 წ; №ას-26-2024, 15 აპრილი, 2024 წ).

45. ვალის არსებობის აღიარება უნდა აკმაყოფილებდეს გარიგების ნამდვილობის პირობებს. ხელშეკრულებაში გაწერილი უნდა იყოს მისთვის მახასიათებელი ყველა არსებითი პირობა: კრედიტორისა და მოვალის მონაცემები, მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე შესასრულებელი კონკრეტული ვალდებულება და მომავალში მისი შესრულების განზრახვა (იხ. ე. ბაღიშვილი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, თბილისი 2019, მუხლი 341, ველი 12; შდრ. სუსგ №ას-1485-1401-2012, 11 ნოემბერი, 2013წ.). პირი უნდა აღიარებდეს გარკვეულ ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობას და კისრულობდეს მისი შესრულების ვალდებულებას. ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულების თავისებურება სწორედ ისაა, რომ მასში ვალდებულების შესრულების მზაობა იკვეთება (სუსგ №ას-1133-1079-2014, 30 სექტემბერი, 2015წ.; №ას-226-213-2015, 18. მაისი, 2015 წ.).

46. ვალის აბსტრაქტული (კონსტიტუციური) აღიარების, როგორც ვალდებულების წარმოშობის ახალი საფუძვლისაგან, უნდა გაიმიჯნოს ე.წ. ვალის დეკლარაციული (კაუზალური) აღიარება. დეკლარაციული ვალის აღიარების მიზანია არსებული ვალდებულების დადასტურება, მტკიცების პროცესის გამარტივება, შემდგომი დავის თავიდან აცილება, სადავო საკითხების მოწესრიგება, მათ შორის, ყველა იმ ფაქტისა, თუ არგუმენტის გაქარწყლება, რომელიც ვალის არსებობას გამორიცხავს, ან თუნდაც, ეჭვქვეშ დააყენებს (იხ. დამატებით: Sprau, in Palandt BGB Komm, 72. Aufl., 2013, §781, Rn. 2-6; ქ. მესხიშვილი, კერძო სამართლის აქტუალური საკითხები, თეორია და სასამართლო პრაქტიკა, ტომი I, თბილისი, 2020, გვ.11.; შდრ: სუსგ №ას-1529-2022, 01 მარტი, 2023 წ., პ.52).

47. ამდენად, კაუზალური აღიარების მიზანია ძველი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის დადასტურება და არა ახალი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, დავისა თუ გაურკვევლობის თავიდან აცილება (შდრ. იან კროპჰოლერი, გერმანიის სამოქალაქო კოდექსის სასწავლო კომენტარი, მე-13 გადამუშავებული გამოცემა, თბილისი, 2014წ. §781, ველი 2-2.; სუსგ №ას-153-2022, 01 თებერვალი, 2023 წ.).

48. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:

49. 2022 წლის 12 იანვარს გამსესხებელ მეორე მოსარჩელესა და მსესხებელ პირველ მოპასუხეს შორის წერილობით გაფორმდა სასყიდლიანი 18 600 აშშ დოლარის სესხის ხელშეკრულება, რომლითაც სესხის სარგებელმა 60 დღეზე შეადგინა 3 200 აშშ დოლარი. სარგებელი მსესხებელს უნდა გადაეხადა ხელშეკრულების ვადის ბოლოს.

50. 2022 წლის 24 იანვარს გამსესხებელ პირველ მოსარჩელესა და მსესხებელ პირველ მოპასუხეს შორის დადებული სასყიდლიანი სესხის ხელშეკრულებით, მოვალეს 69 800 აშშ დოლარი უნდა დაებრუნებინა 2022 წლის 24 მარტს. სესხის სარგებელი 60 დღეზე განისაზღვრა 12 000 აშშ დოლარით. სარგებელი მსესხებელს უნდა გადაეხადა ხელშეკრულების ვადის ბოლოს.

51. 2022 წლის 14 თებერვალს გამსესხებელ პირველ მოსარჩელესა და მსესხებელ პირველ მოპასუხეს შორის წერილობითი, სასყიდლიანი სესხის ხელშეკრულებით მსესხებელს გადაეცა 24 000 აშშ დოლარი 2022 წლის 14 აპრილამდე. სესხის სარგებელი 45 დღეზე განისაზღვრა 4 200 აშშ დოლარით. სარგებელი მსესხებელს უნდა გადაეხადა ხელშეკრულების ვადის ბოლოს.

52. 2022 წლის 6 მაისის ხელშეკრულებაში პირველმა მოპასუხემ აღიარა და დაადასტურა კრედიტორების - მოსარჩელეთა მიმართ 110 000 აშშ დოლარისა და 22 400 აშშ დოლარის ფულადი ვალდებულების არსებობა და იკისრა ამ ვალდებულების შესრულება ხელშეკრულების ხელმოწერიდან 120 დღის განმავლობაში.

53. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებული შეთანხმება სააპელაციო პალატამ ვალის აღიარებისა და, ამავდროულად, თავდებობის ხელშეკრულებებად მართებულად დააკვალიფიცირა. აქვე მნიშვნელოვანია, ყურადღება გამახვილდეს იმ გარემოებზე, რომ ვალის აღიარებისას მოპასუხე მხარემ ნაკისრი ფულადი ვალდებულების ოდენობა დაასახელა ერთიან, მთლიან თანხად, რის საფუძვლადაც მხარეთა შორის მანამდე დადებული სესხის ხელშეკრულების პირობებზე არ მიუთითებია.

54. საკასაციო საჩივარში მხარემ განმარტა, რომ მოსარჩელე მხარის მიერ მოთხოვნილი სარგებლის ოდენობა არაგონივრული და შეუსაბამოდ მაღალია.

55. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას, რომ წინამდებარე დავის ფარგლებში, ვალის აღიარების ზემოხსენებული მოცემულობის პირობებში, სააპელაციო პალატა სესხზე მხარეთა შორის გათვალისწინებული სარგებლის ოდენობის კანონშესაბამისობას ვერ შეაფასებდა. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ კასატორს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარუდგენია.

56. მოცემული საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი ვერ გახდება კასატორთა არგუმენტი, რომ მეორე მოპასუხისათვის თავდებობის სამართლებრივი შინაარსი ცნობილი არ იყო, რადგან ნოტარიუსთან ხელშეკრულების გაფორმებისას მას ნაკისრი ვალდებულებების თანმდევი შესაძლო შედეგების შესახებ არ განემარტა.

57. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ მოპასუხე მხარეს თავდებობის ხელშეკრულების ნამდვილობასთან დაკავშირებით რაიმე შედავება არ განუხორციელებია და არც სათანადო წესით მეორე მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით გამოვლენილი ნების ნაკლის არსებობა დაუდასტურებია. შესაბამისად, თავდებობის ნამდვილობაზე კასატორთა პრეტენზია წარდგენილ იქნა საპროცესო ნორმების დარღვევით, უშუალოდ სააპელაციო სასამართლოში, ამისათვის რაიმე საპატიო მიზეზის არსებობის გარეშე.

58. კასატორის აღნიშნულ პრეტენზიასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 219-ე მუხლის თანახმად, მხარეები ფაქტებისა თუ მტკიცებულებების წარდგენისას შეზღუდული არიან საქმის მოსამზადებელი პერიოდით, ე.წ წერილობითი შეჯიბრებითობის ეტაპით, საქმის სასამართლოს მთავარ სხდომაზე განსახილველად დაშვება მიანიშნებს იმაზე, რომ ამ დროისათვის დასრულებულია მხარეთა პოზიციებისა თუ მტკიცებულებების წარდგენა და სასამართლო უკვე შეგროვებული მასალების არსებითად გამოკვლევის გზით გადაწყვეტს საქმეს, თავის მხრივ, მოსამზადებელი ეტაპის დასრულების შემდეგ ახალი გარემოებების მითითება და გაზიარება დასაშვებია მხოლოდ საპატიო მიზეზით მათი მოსამზადებელი ეტაპის დასრულებამდე წარდგენის შეუძლებლობისას (სუსგ საქმე №ას-1007-2024, 8 ნოემბერი, 2024 წელი).

59. ზემოაღნიშნული მუხლის ანალიზი ცხადყოფს, რომ მოსარჩელე შეზღუდულია სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით და მას არ აქვს უფლება შემდგომში, საქმის არსებითად (მთავარ სხდომაზე) განხილვის დროს ან სააპელაციო და საკასაციო ინსტანციაში საქმის განხილვისას სადავოდ გახადოს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა თაობაზეც სარჩელში მითითებული არ ჰქონია (საქმე №ას-1198-2024, 15 ოქტომბერი, 2024 წელი). კანონის აღნიშნული დანაწესი თანაბარწილად ვრცელდება მოპასუხის მიერ შესაგებელში ასახული გარემოებების მიმართაც.

60. ამასთან, საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მეორე მოპასუხე პირველი მოპასუხე შპს-ს დირექტორია. შესაბამისად, მისთვის დეტალურად იყო ცნობილი მხარეთა შორის არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის დეტალები.

61. საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას ვერ გამოიწვევს კასატორების პრეტენზია, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად დააკისრათ ადვოკატის მომსახურების ღირებულების ანაზღაურება მოსარჩელეთა სასარგებლოდ, ვინაიდან სადავო თანხის ადვოკატისათვის გადახდა მოწინააღმდეგე მხარემ შესაბამისი მტკიცებულების წარდგენით ვერ დაადასტურა.

62. საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, როდესაც უდავოა, რომ მოსარჩელე სარგებლობდა ადვოკატის მომსახურებით, შესაბამისად, იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი მოპასუხეს დაეკისრებოდა იმის მიუხედავად, წარდგენილ იქნა თუ არა შესაბამისი ხელშეკრულება (იხ. სუსგ საქმე №ას-705-2020, 8 აპრილი, 2022 წელი) ან თანხის გადახდის ქვითარი.

63. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

64. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

65. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

66. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

67. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

68. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ მხარეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ნ.ი–ძის მიერ 2024 წლის 13 აგვისტოს №23295353680 საგადახდო დავალებით გადახდილი 8000 ლარის 70% – 5600 ლარი.

69. რაც შეეხება მოწინააღმდეგე მხარის - მოსარჩელეთა მოთხოვნას საკასაციო ინსტანციის სასამართლოში ადვოკატის მომსახურებაზე გაწეული ხარჯის მოპასუხეთათვის დაკისრების შესახებ, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ შუამდგომლობა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

70. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის V-ე თავი ეძღვნება პროცესის ხარჯებს. სსსკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. იმავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით განმარტებულია, თუ რას შეადგენს თითოეული მათგანი, კერძოდ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე, მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

71. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის მეორე მხარისათვის დაკისრების საკითხის გადაწყვეტის წესი მოცემულია სსსკ-ის 53-ე მუხლში. მოცემული ნორმის პირველი ნაწილის დანაწესით, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4%-ისა. ნორმის დისპოზიცია იმგვარად არის ფორმულირებული, რომ არ ადგენს გაწეული ხარჯის სანაცვლო ანაზღაურების ერთმნიშვნელოვნ ოდენობას, არამედ ამ ოდენობის გონივრულად განსაზღვრის უფლებას უტოვებს სასამართლოებს. კანონდებლის ამგვარი მიდგომა განპირობებულია იმ მოსაზრებით, რომ ადვოკატის მომსახურებაში გადახდილი ხარჯების სანაცვლო ანაზღაურებამ დაუსაბუთებლად არ უნდა შეზღუდოს პროცესის მონაწილე მხარის უფლება და არ უნდა შექმნას წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის პროცესუალური საფუძველი; ნორმის ამგვარი შინაარსის მიზანია პროცესის მონაწილე მეორე მხარის უფლებების დაუსაბუთებელი შეზღუდვის თავიდან აცილება. გონივრულეობის კრიტერიუმად კი, კანონმდებელი მიიჩნევს დავის საგნის ღირებულების არაუმეტეს 4%-ს. აღსანიშნავია, რომ დავის საგნის ღირებულების 4% წარმოადგენს ზედა ზღვარს (კანონით დადგენილ მაქსიმალურ ოდენობას), რომლის ფარგლებშიც ხდება წარმომადგენლის ხარჯების ოდენობის სასამართლოსმიერი განსაზღვრა და ამ თვალსაზრისით, მხედველობაში მიიღება კონკრეტულად რა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედებები იქნა განხორციელებული ადვოკატის მიერ, რა სახის ადამიანური რესურსი დაიხარჯა, საქმის წარმოების რომელ ეტაპზე პროცესის მონაწილე რომელმა მხარემ გასწია იგი და სხვ. (შდრ: სუსგ №ას-818-784-2016, 2 ნოემბერი, 2016 წ., №ას-279-2023, 18 მაისი, 2023 წ., №ას-882-203, 12 სექტემბერი, 2023 წ.). გაწეული საადვოკატო ხარჯის დაკისრებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქმის სირთულით, სასამართლო სხდომებში მონაწილეობისათვის დახარჯული დროის, წარმოდგენილი მოსაზრებებისა თუ მტკიცებულებების სიმრავლით და სხვა ამგვარი გარემოებებით, რაც მეორე მხარისათვის დასაკისრებელი საადვოკატო ხარჯის გონივრულობას განაპირობებს (შდრ: სუსგ №ას-1125-2019, 31 ოქტომბერი, 2019).

72. განსახილველ საქმეზე მხარეს ადვოკატისათვის თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი არ წარმოუდგენია. მოსარჩელეთა ადვოკატის - დ.შ–ძის (რომელიც ხელს აწერს საკასაციო შესაგებელს და მისი უფლებამოსილება დასტურდება საქმის მასალებში წარმოდგენილი მინდობილებებით - ტ. 1, ს.ფ 246-247) მომსახურება შემოიფარგლება საკასაციო შესაგებლის წარმოდგენით. მითითებული საპროცესო დოკუმენტი არ არის მოცულობითი, ადვოკატის მხრიდან მნიშვნელოვანი ინტელექტუალური და დროის რესურსის დანახარჯს არ გამოიწვევდა, შესაბამისად, მხარეს უნდა აუნაზღაურდეს დასახელებული ხარჯის სახით გაღებული 150 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „კ–ის“ და გ.ს–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორებს - შპს „კ–ის“ (საიდენტიფიკაციო კოდი №……) და გ.ს–ძეს (პირადი №…….) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ სახელმწიფო ბაჟის სახით ნ.ი–ძის მიერ 2024 წლის 13 აგვისტოს №23295353680 საგადახდო დავალებით გადახდილი 8000 ლარის 70% – 5600 ლარი.

3. შპს „კ–ის“ და გ.ს–ძეს დაეკისროთ ლ.კ–ძის და ბ.ბ–ის სასარგებლოდ ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 150 ლარის გადახდა.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

გოჩა ჯეირანაშვილი