საქმე №ას-971-2024 20 დეკემბერი, 2024 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,
გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი – ნ.თ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე – სს ,,თ.ბ–ი"
გასაჩივრებული განჩინებები – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 11 იანვრის განჩინება და ამავე სასამართლოს 2024 წლის 11 ივლისის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 11 იანვრის განჩინებით სს „თ.ბ–ის“ (შემდეგში: განმცხადებელი, საარბიტრაჟო მოსარჩელე, საწარმო ან კრედიტორი) იმავე წლის 10 იანვრის განცხადება საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების თაობაზე დაკმაყოფილდა;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 11 იანვრის განჩინებით, სს ,,თ.ბ–ის" წარმომადგენელ თ.ჩ–ას განცხადება დაკმაყოფილდა; ნ.თ–ძეს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ნივთის მდებარე: თბილისი, ქუჩა ......, ს/კ ........ გასხვისება და სანივთოსამართლებრივი უფლებებით დატვირთვა. დასახელებულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა ნ.თ–ძემ, რომელმაც განჩინების გაუქმება და განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. საჩივრის ავტორის მითითებით, ის რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობის შემთხვევაში, ის გაასხვისებს მის კუთვნილ უძრავ ქონებას სიმართლეს არ შეესაბამება. თუკი მართლაც დაირღვა ფულადი ვალდებულების შესრულების გრაფიკი და რომ ჰქონოდა უძრავი ქონების გასხვისების ან იპოთეკით დატვირთვის სურვილი, გაასხვისებდა 2023 წლის 27 ივნისიდან - 2024 წლის 10 იანვრამდე პერიოდში.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 11 ივლისის განჩინებით ნ.თ–ძის საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 11 იანვრის განჩინებაზე მიჩნეული იქნა დაუსაბუთებლად და საქმის მასალებთან ერთად, გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას (სსსკ-ის 197-ე პრიმა მუხლი).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
5. საკასაციო პალატა საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი, დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
6. განსახილველ შემთხვევაში, საჩივრის ფარგლებში, საკასაციო პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს იმ განჩინების კანონშესაბამისობა, რომლითაც ნ.თ–ძის საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 11 იანვრის საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის განჩინების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
7. სსსკ-ის 399-ე მუხლის საფუძველზე, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც სსსკ-ის XLIL თავი შეიცავს. სსსკ-ის 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამავე კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით.
8. სსსკ-ის 271-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფაზე მსჯელობისას სასამართლო ხელმძღვანელობს სარჩელის უზრუნველყოფის მარეგულირებელი საპროცესო ნორმებით.
9. არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით, მხარეს შეუძლია საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს. ამავე მუხლის მე-3 პუნქტით კი, სასამართლოს მიერ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით გამოიყენება სსსკ-ის XXIII თავით დადგენილი წესები, გარდა 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა, საარბიტრაჟო წარმოების თავისებურებათა გათვალისწინებით. სსსკ-ის 35618 მუხლის პირველი ნაწილით, მხარეთა შორის საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობისას, საარბიტრაჟო მოსარჩელის განცხადების საფუძველზე, სასამართლო უფლებამოსილია საარბიტრაჟო სარჩელის მიმართ გამოიყენოს უზრუნველყოფის ღონისძიებები.
10. სსსკ-ის 35613 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-3 ნაწილისა და სსსკ-ის 1971 მუხლის თანახმად, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებაზე წარდგენილი საჩივარი ექვემდებარება საკასაციო სასამართლოს მიერ განხილვას სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტისათვის დადგენილი წესების შესაბამისად (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ივლისის საქმე Nას-923-2023 განჩინება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ივლისის საქმე №ას-970-2019, განჩინება). სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მომწესრიგებელ ნორმებზე დაყრდნობით სავსებით დასაბუთებულად იქნა უარყოფილი საარბიტრაჟო მოპასუხეთა საჩივარი სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 11 მაისის განჩინებით, რომლითაც უცვლელად დარჩა იმავე სასამართლოს 2024 წლის 11 იანვრის განჩინება საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე.
11. სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე. განცხადებას, რომლითაც პირი ითხოვს უძრავ ქონებაზე ყადაღის დადებას, უნდა დაერთოს ცნობა საჯარო რეესტრიდან ან შესაბამისი დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება უძრავ ქონებაზე მოპასუხის საკუთრების უფლება.
12. დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელეს, საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობის შესახებ. აღნიშნული საკითხების დამაჯერებლად დამტკიცება მნიშვნელოვანია, რამდენადაც სარჩელის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 20 თებერვლის საქმე №ას-587-2019 განჩინება).
13. საკუთრების ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში, შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარის ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს დასახულ მიზანს და იმდენად უნდა იწვევდეს მესაკუთრის უფლებების შეზღუდვას, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ოქტომბრის საქმე №ას-1586-2018, განჩინება). საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მაქსიმალურად გათვალისწინებული უნდა იქნეს ორივე მხარის კანონიერი ინტერესი. დავის საგნის დაცვის აუცილებლობიდან გამომდინარე, რითაც ხდება მოსარჩელის კანონიერი ინტერესის რეალიზაცია და მისი სარჩელის უზრუნველყოფა, არ უნდა მოხდეს მოპასუხე მხარის კანონიერი ინტერესის უპირობო და ცალსახა შელახვა, არამედ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება უნდა განხორციელდეს მოპასუხე მხარის კანონიერი ინტერესის გონივრულ ფარგლებში შეზღუდვა-შევიწროებით და იმ ოდენობით, რაც აუცილებელია მოსარჩელის კანონიერი ინტერესის დაცულობისთვის. იმისათვის, რომ მოხდეს მხარეთა ინტერესების დაბალანსება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გამოირიცხოს არაადეკვატური, არათანაზომიერი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება.
14. საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ კრედიტორმა საწარმომ საარბიტრაჟო სარჩელი აღძრა მოვალეების წინააღმდეგ, მოსარჩელის სასარგებლოდ, მოპასუხეებისათვის კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების მოთხოვნით, ხოლო ფულადი ვალდებულების შესრულების მოთხოვნიდან გამომდინარე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მიმართა სააპელაციო სასამართლოს, რაც დასაბუთებულად და კანონიერად დაკმაყოფილდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 11 იანვრის განჩინებით.
15. საკასაციო სასამართლო სავსებით იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და დასკვნებს, რომ მოსარჩელის ინტერესი მოპასუხის საკუთრებაში ქონების შენარჩუნების თაობაზე ლეგიტიმური და დასაბუთებულია და გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება მოსარჩელის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნებს ემსახურება, იგი წარმოადგენს გადაწყვეტილების აღსრულების გარანტიას. შესაბამისად, ის, რომ საჩივრის ავტორი არ აპირებს ქონების გასხვისებას, ვერ გახდება გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ საქმის მასალებშია ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ დავის შემთხვევაში საარბიტრაჟო ინსტიტუტის გამოყენებაზე, რაც სადავო არ არის (იხ. ხელშეკრულება - ს.ფ. 9-18).
16. საჩივრის ავტორის არგუმენტების დაუსაბუთებლობის გამო უარყოფილია საჩივრის დაკმაყოფილება, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 11 იანვრის განჩინების უცვლელად დატოვებისა და შესაბამისად, იმავე სასამართლოს 2024 წლის 11 ივლისის განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 1971, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.თ–ძის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 11.01.2024 წლის განჩინება და ამ განჩინების უცვლელად დატოვების შესახებ, ამავე სასამართლოს 11.07.2024 წლის განჩინება.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
გოჩა ჯეირანაშვილი