Facebook Twitter

საქმე №ას-1141-2023 6 დეკემბერი, 2024 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,

გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ლ–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 9 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (შემდეგში „მოსარჩელე“, „კასატორი“) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს „ლ–ის“ (შემდეგში „მოპასუხე“, „მოწინააღმდეგე მხარე“) წინააღმდეგ, რომლითაც მოითხოვა პირგასამტეხლოს სახით - 6138 ლარის დაკისრება.

2. სარჩელის საფუძვლები:

2.1. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და შპს „ლ–ს“ შორის, გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N146, რის საფუძველზეც კომპანიამ აიღო ვალდებულება უზრუნველეყო ხელშეკრულების დანართ N1-ით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მოწოდება დათქმულ დროს.

2.2. კომპანიას ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის მიწოდება უნდა განეხორციელებინა კონტრაქტის გაფორმებიდან 60 კალენდარული დღის განმავლობაში (საქონლის მიწოდების ბოლო ვადა იყო 2021 წლის 16 ივლისი).

2.3. მიუხედავად ამისა, უწყებამ კომპანიისაგან ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, მიიღო 2021 წლის 16 სექტემბერს, 62 დღის დაგვიანებით.

3. მოპასუხის პოზიცია:

3.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მიმწოდებელმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დროულად ვერ შეასრულა ფორსმაჟორული მდგომარეობის გამო, კერძოდ, ქვეყანაში დაიწყო კოვიდ პანდემია, ჩაიკეტა საზღვრები და აიკრძალა ეკონომიკური საქმიანობა, რამაც შეაფერხა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დროულად შესრულება.

3.2. მოპასუხის მტკიცებით, პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა დაანგარიშებულიყო არა სრული სახელშეკრულებო თანხიდან, არამედ დარჩენილი ვალდებულების ღირებულებიდან.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე შპს „ლ–ს“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს 3 069 ლარის გადახდა.

4.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით – სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 9 მარტის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

5.2. სააპელაციო პალატამ, სახელშეკრულებო დათქმათა ჭრილში, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე დაასკვნა, რომ მოპასუხის ვალდებულება შემსყიდველის მიმართ შესრულდა დაგვიანებით. თუმცა სააპელაციო პალატამ გაითვალისწინა რა ნაკისრი ვალდებულების ხასიათი, შესრულების ვადის დარღვევის ხანგრძლივობა, ხელშეკრულების შესრულებისადმი მოსარჩელის ინტერესი და სხვა გარემოებები, მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ პირგასამტეხლოს 6138 ლარის ოდენობით მოთხოვნა არაგონივრული იყო და სცდებოდა სამოქალაქო კოდექსის 8.3 მუხლით დადგენილ ქცევის სტანდარტს.

5.3. სააპელაციო პალატამ ასევე, აღნიშნა, რომ ხელშეკრულებით მხარეები პირგასამტეხლოს დაანგარიშების ორ განსხვავებულ წესზე შეთანხმდნენ. კერძოდ, ხელშეკრულების 9.1 პუნქტის მიხედვით, შესრულების ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლო შეადგენდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 0.2%-ს, ხოლო 9.2 პუნქტის მიხედვით კი, იმ შემთხვევაში თუ 9.1 პუნქტით გათვალისწინებული დარღვევებისათვის ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა გადააჭარბებდა 30 კალენდარულ დღეს, შემსყიდველი უფლებამოსილი იყო მიმწოდებლისთვის დაეკისრებინა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 5%-ის ოდენობით.

5.4. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ვადაგადაცილებულ დღეთა რაოდენობამ 62 კალენდარულ დღე შეადგინა, რაც ქმნიდა პირგასამტეხლოს დაანგარიშებისათვის ხელშეკრულების 9.2. პუნქტით გათვალისწინებული წესის ამოქმედების წინაპირობას (რადგან ვადაგადაცილება აღემატებოდა 30 კალენდარულ დღეს), თუმცა მოსარჩელემ აირჩია პირგასამტეხლოს დაანგარიშების ხელშეკრულების 9.1. პუნქტით დადგენილი წესი და ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის, მიმწოდებელს დააკისრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების - 49 500 ლარის 0.2%-ის ოდენობით, რამაც თანხობრივად 6 138 ლარი შეადგინა და რაც ეწინააღმდეგებოდა სამოქალაქო სამართალში დამკვიდრებულ კეთილსინდისიერების სტანდარტს.

5.5. სააპელაციო პალატამ დასძინა, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა იყო გონივრული, რადგან იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი პირგასამტეხლოს ხელშეკრულების 9.2 პუნქტის მიხედვით მოითხოვდა, მაშინ მისი ოდენობა 2 475 ლარი იქნებოდა, რაც მნიშვნელოვნად ნაკლები იქნებოდა სარჩელით მოთხოვნილ ოდენობაზე (6 138 ლარზე). ამასთან, ეს თანხა ნაკლებია გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკისრებულ პირგასამტეხლოზეც - 3 069 ლარზე, რაც დაკისრებულ თანხას მართლზომიერს ხდიდა.

5.6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

6.1. კასატორი არ იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ განხორციელებულ სამართლებრივ შეფასებას და მიიჩნევს, რომ მოპასუხისთვის დაკისრებული პირგასამტეხლო ძალიან სიმბოლურია და არ უზრუნველყოფს ვადის დამრღვევი პირისთვის შესაბამის სანქცირებას. მისივე მტკიცებით, ხელშეკრულების 9.2. პუნქტის გამოყენების საკითხი შედიოდა კასატორის დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, ვინაიდან სწორედ შემკვეთი წყვეტდა, 30 დღიანი ვადაგადაცილების შემთხვევაში, რომელი სახის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძვლებს გამოიყენებდა.

6.2. კასატორი აცხადებს, რომ მას ხელშეკრულების შესრულების მიმართ გააჩნდა დაცვის ღირსი ლეგიტიმური ინტერესი, რამეთუ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე, თითოეული ხელშეკრულება ემსახურება მისი კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქცია მოვალეობების ჯეროვან შესრულებას. ამიტომ კასატორი ამტკიცებს, რომ დაკისრებული პირგასამტეხლოს სიმბოლურ ოდენობამდე შემცირებით აზრი დაეკარგა პირგასამტეხლოს დაკისრების მიზანს. ამასთან, პალატა ისე დაეთანხმა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, რომ არ დაუდგენია შემკვეთის მიერ დაკისრებული პირგასამტეხლო, შემსრულებლის ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, რეალურად, წარმოადგენდა თუ არა „შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას“.

6.3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 22 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

6.4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 29 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა ნაწილობრივ წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

9. სამართლებრივი შედეგი, რისი მიღწევაც კასატორს სურს, კერძოდ, მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე (ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა, გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა, გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება) 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლებიდან გამომდინარეობს.

10. დადგენილია, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და შპს „ლ–ს“ შორის 2021 წლის 17 მაისს, გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N146, რის საფუძველზეც მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება უზრუნველეყო ხელშეკრულების N1 დანართით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის - 300 ცალი შარვლის და ამავე რაოდენობის თხელი ქურთუკისა და კეპის, მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 2021 წლის 16 ივლისისა. ხელშეკრულების საერთო ღირებულება 49 500 ლარით განისაზღვრა. ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დარიცხვის წესზე, რომლის მიხედვითაც, საქონლის მიწოდების ვადების გადაცილების შემთხვევაში, მიმწოდებელს ეკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, შეუსრულებელი ვალდებულების შესაბამისი ღირებულების 0.2%-ის ოდენობით (9.1 პუნქტი). ამავე ხელშკრულების 9.2 პუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ 9.1 პუნქტით გათვალისწინებული დარღვევებისათვის ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა გადააჭარბებდა 30 კალენდარულ დღეს, შემსყიდველი უფლებამოსილი იყო მიმწოდებლისთვის დაეკისრებინა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 5%-ის ოდენობით. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.1. პუნქტით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა. კერძოდ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი შემსყიდველმა მიიღო 2021 წლის 16 სექტემბერს - 62 კალენდარული დღის დაგვიანებით, მისაწოდებელი პროდუქციის ღირებულება კი 49 500 ლარს შეადგენდა.

11. პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადის დარღვევით შესრულების ფაქტი ამ უკანასკნელს არ გაუსაჩივრებია, შესაბამისად, ვალდებულების დარღვევის არსებობა სადავო არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება წარმოეშვა.

12. კასატორის პრეტენზია ისაა, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლო – 3069 ლარამდე დაუსაბუთებლად შეამცირა. საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის პრეტენზიას და აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (იხ. სუსგ №ას-848-814-2016, 28.12.2016წ.; №ას-1274-2022, 22.11.2022წ.; №ას-1245-2022, 9.03.2023წ.). პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია აქვს: ერთი მხრივ, ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს, ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქციის არსი განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაა (იხ: ირაკლი რობაქიძე, წიგნში სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ. გვ. 590).

13. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ. „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება (იხ.: სუსგ №ას-1597-2019, 13.12.2019წ.; №ას-89-2024, 12.04.2024წ.; №ას-65-2024, 15.04.2024წ.). როგორც ვალდებულების დარღვევის მნიშვნელობა, სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსისა და ფარგლების განმარტება და დადგენილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა (კრედიტორის მტკიცების ტვირთი), ისე ვალდებულების დარღვევის ხარისხის შეუსაბამობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (მოვალის მტკიცების ტვირთი), არის უმნიშვნელოვანესი შეფასებითი კატეგორიები, რომელზეც თავად მხარეებმა უნდა შეუქმნან მოსამართლეს დასაბუთებული წარმოდგენა და მიანიჭონ მას მხარეთა ნების განმარტების შესაძლებლობა (იხ: ნათია ჩიტაშვილი. პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.17; ასევე, იხ.: სუსგ №ას-827-2021, 03.12.2021წ.).

14. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს, თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება (იხ. ს.ჯორბენაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, 2019 წელი, გვ. 800). კანონის სიტყვასიტყვითი განმარტებით, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის გაითვალისწინება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, და ა.შ. მნიშვნელობა ენიჭება ნაკისრი ვალდებულების დარღვევაში მოვალის ბრალის ხარისხსაც, აგრეთვე, გასათვალისწინებელია მოვალის ეკონომიკური მდგომარეობა. თუ მოსამართლე დაასკვნის, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, იგი შეამცირებს მას იმ ოდენობამდე, რამდენსაც ვალდებულების დარღვევის თანაზომიერად და სამართლიანად მიიჩნევს (შდრ. ირაკლი რობაქიძე, წიგნში სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 604- 605).

15. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს მომწესრიგებელი ნორმების გამოყენების კუთხით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულია ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა, მაგალითად, ერთ-ერთ საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლო მიუთითებს, რომ „პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას, კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს, პირის ბრალეულობის ხარისხს. ოდენობაზე მსჯელობისას, გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, მასში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და, რაც უმთავრესია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორებიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და, ა.შ. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას, სასამართლო ითვალისწინებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან“ (იხ.: სუსგ №ას-144-140-2016, 19.04.2016წ.; №ას-327-2019, 27.05.2019წ.; №ას-825-2019, 5.09.2019წ.; №ას-1511-2018, 26.03.2019წ.).

16. საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა, (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი, – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს, სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა. ამასთან, როდესაც საკითხი ეხება მეწარმე სუბიექტის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობას, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა არ უნდა იყოს მინიმალური ოდენობის. ასეთ შემთხვევებში უმნიშვნელოვანესია დარღვევის პროპორციული პირგასამტეხლოს განსაზღვრა, რაც იქნება გარანტი იმისა, რომ პირგასამტეხლომ არ დაკარგოს თავისი ძირითადი ფუნქცია - ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველყოფის პრევენცია და განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურების შესაძლებლობა (იხ.: სუსგ №ას-189-2022, 16.09.2022წ.; №ას-1206-2023, 17.11.2023წ.).

17. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ შპს „ლ–მა“ ხელშეკრულება არა ნაწილობრივ, არამედ სრულად დაარღვია, კერძოდ, შეთანხმებული საქონელი შემსყიდველს საკმაოდ მრავალდღიანი - 62 დღის, დაგვიანებით მიაწოდა. ამასთან ნიშანდობლივია, რომ ხსენებული სახელშეკრულებო დარღვევისთვის მას პირგასამტეხლოს სახით მხოლოდ 6138 ლარი დაეკისრა, რომელიც მისაწოდებელი პროდუქციის სრულ ღირებულებასთან მიმართებით (49 500 ლარი) არ წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სწორედ მოპასუხისათვის ამ თანხის სახით პირგასამტეხლოს დაკისრება უზრუნველყოფს ზიანის იმ ოდენობას, რის მაკომპენსირებელ ნორმატიულ საშუალებასაც სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლი წარმოადგენს, ამასთან, არ გამოიწვევს კასატორის გამდიდრებას, რაც ეწინააღმდეგება პირგასამტეხლოს დანიშნულებასა და მიზანს, შესაბამისად, პალატა შესრულების ღირებულების, დარღვევის სიმძიმისა და მოცულობის, დამრღვევის ბრალის ხარისხისა და შედეგების, ასევე, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ პირგასამტეხლოს სახით 6138 ლარის დაკისრება ძირითად ვალდებულებასთან მიმართებით არ წარმოადგენს არაგონივრულს (აღნიშნული ოდენობის პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ღირებულების 12,4%-ია, რაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2016 წლის 29 ივნისის რეკომენდაციით (რომელიც განახლდა 2023 წლის 19 ივნისს და სავალდებულო ძალა არ გააჩნია) განსაზღვრული ოდენობის საზღვრებშია, რომლის მიხედვით, ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის შესაძლებელია, განისაზღვროს პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების არაუმეტეს 20%-ით, შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელი მოპასუხისათვის ზემოაღნიშნული თანხის დაკისრება სავსებით მართებული და კანონიერია (იხ. შდრ. სუსგ. საქმეზე Nსაქმე №ას-652-2024 26 ივლისი, 2024 წელი).

18. საკასაციო პალატა დასძენს, რომ მართალია სააპელაციო პალატამ სწორად მიუთითა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების შინაარსზე თუმცა არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მას. კერძოდ, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ხელშეკრულებით მხარეები პირგასამტეხლოს დაანგარიშების ორ განსხვავებულ წესზე შეთანხმდნენ. კერძოდ, ხელშეკრულების 9.1 პუნქტის მიხედვით, შესრულების ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლო შეადგენდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 0.2%-ს, ხოლო 9.2 პუნქტის მიხედვით კი, იმ შემთხვევაში თუ 9.1 პუნქტით გათვალისწინებული დარღვევებისათვის ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა გადააჭარბებდა 30 კალენდარულ დღეს, შემსყიდველი უფლებამოსილი იყო მიმწოდებლისთვის დაეკისრებინა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 5%-ის ოდენობით. სააპელაციო სასამართლოსგან განსხვავებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო ხელშეკრულებაში პირგასამტეხლოს სხვადასხვა ფორმით განსაზღვრის შესაძლებლობის გათვალისწინება მხარეთა ნების ავტონომიას მიკუთვნებული საკითხია, რომლის დისკრეციაში ჩარევაც, არ გამომდინარეობს კანონის მიზნებიდან.

19. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თავად მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე. პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და სარჩელი სრულად უნდა დაკმაყოფილდეს - მოპასუხეს უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს, 6138 ლარის, გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.

20. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, მოპასუხეს ეკისრება ბიუჯეტის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. განსახილველ შემთხვევაში, რაკი მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან და, ამასთან, მისი საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა სრულად, მოპასუხეს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 460,35 ლარის (I ინსტანციის სასამართლოში, სარჩელზე გადასახდელი ბაჟი - 6138*3/100=184,14 ლარი; II ინსტანციის სასამართლოში, სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი ბაჟი 3069*4/100=122,76 ლარი და III ინსტანციის სასამართლოში, საკასაციო საჩივარზე გადასახდელი ბაჟი 3069*5/100=153,45 ლარი) გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 411-ე მუხლებით

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

1. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 9 მარტის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

4. შპს „ლ–ს“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს, 6138 ლარის, გადახდა;

5. შპს „ლ–ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის – 460,35 ლარის გადახდა;

საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

გოჩა ჯეირანაშვილი