Facebook Twitter

საქმე №ას-1383-2024 25 დეკემბერი, 2024 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები – ბ.რ–ი, ლ.კ–ძე, ი.ა–ძე, ლ.მ–ი, ნ.ე–ი (გ.ე–ის უფლებამონაცვლე) მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – ა.შ–ა (მოსარჩელე)

თავდაპირველი მოპასუხე - ბ.ყ–ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების სრულად გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ხელშეკრულებების ბათილად ცნობა (ძირითადი სარჩელით), უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა (შეგებებული სარჩელით)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ა.შ–ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში, მოპასუხეების - ბ.რ–ის, ლ.კ–ძის, ი.ა–ძის, ლ.მ–ის, გ.ე–ის (უფლებამონაცვლე ნ.ე–ი) და ბ.ყ–ის მიმართ, ხელშეკრულებების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს.

ბ.რ–მა და ლ.კ–ძემ შეგებებული სარჩელი აღძრეს სასამართლოში, მოპასუხე ა.შ–ას მიმართ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით.

ა.შ–ამ წარდგენილი შესაგებლით შეგებებული სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 აპრილის განჩინებით მოპასუხე გ.ე–ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ნ.ე–ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 05 ოქტომბრის განჩინება, რომლითაც ბ.რ–ს და ლ.კ–ძეს აეკრძალა უძრავი ქონების მდებარე: თბილისი, .......... #4, ს/კ: ....... გასხვისება. ლ.კ–ძისა და ბ.რ–ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა. უძრავი ქონება, მდებარე - თბილისი, ........., ს/კ:......... გადაეცა ლ.კ–ძეს და ბ.რ–ს გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ - ა.შ–ამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით ა.შ–ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ა.შ–ას სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ა.შ–ასა და ბ.ყ–ს შორის 2018 წლის 29 აგვისტოს დადებული გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (ნასყიდობის საგანი: უძრავი ქონება მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ......... N4; ს/კ .........). ბათილად იქნა ცნობილი ერთის მხრივ ბ.ყ–ს, მეორეს მხრივ გ.ე–ს, ი.ა–ძესა და ლ.მ–ს შორის 2019 წლის 13 სექტემბერს დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (ნასყიდობის საგანი: უძრავი ქონება მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ........... N4; ს/კ ..........). ბათილად იქნა ცნობილი ერთის მხრივ გ.ე–ს, ი.ა–ძეს, ლ.მ–სა და მეორეს მხრივ ბ.რ–სა და ლ.კ–ძეს შორის 2020 წლის 19 მარტს დადებული გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (ნასყიდობის საგანი: უძრავი ქონება მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, .........; ს/კ ........). ა.შ–ას დაუბრუნდა საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე: მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, .......... N4; ს/კ ........ და საჯარო რეესტრში აღირიცხოს ამ ქონების მესაკუთრედ; დადგინდა, რომ ერთის მხრივ ა.შ–ასა და მეორეს მხრივ ბ.რ–სა და ლ.კ–ძეს შორის 2020 წლის 19 მარტს დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, შემდეგი პირობებით: სესხის ძირი თანხა - 50 000 აშშ დოლარი, სარგებელი - თვეში 2,5 %; ამ გადაწყვეტილების მე-8 პუნქტში მითითებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ბ.რ–ისა და ლ.კ–ძის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ა.შ–ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ........; ს/კ ........ ბ.ყ–ს, ნ.ე–ს, ი.ა–ძეს, ლ.მ–ს, ბ.რ–სა და ლ.კ–ძეს ა.შ–ას სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე, სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 5505.85 ლარის ანაზღაურება; გადაწყვეტილების აღსრულებამდე ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 5 ოქტომბრის განჩინება, რომლითაც: ბ.რ–ს და ლ.კ–ძეს აეკრძალა უძრავი ქონების მდებარე: თბილისი, ........... ს/კ: ......... გასხვისება. ბ.რ–ისა და ლ.კ–ძის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა - ბ.რ–მა, ლ.კ–ძემ, ი.ა–ძემ, ლ.მ–მა, ნ.ე–მა (გ.ე–ის უფლებამონაცვლე) და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სრულად გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით ბ.რ–ს, ლ.კ–ძეს, ი.ა–ძეს, ლ.მ–ს და ნ.ე–ს დაევალათ მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ: სახელმწიფო ბაჟის – 6000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

ზემოაღნიშნული განჩინება კასატორების წარმომადგენლებს გაეგზავნათ 2024 წლის 11 ნოემბერს. კასატორების - ი.ა–ძის და ლ.მ–ის წარმომადგენელს - ნ.ნ–ძეს (პირადად) და ნ.ე–ის წარმომადგენელს - ლ.წ–ს (ჩაბარდა რძალს) ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება ჩაბარდათ 2024 წლის 13 ნოემბერს, ხოლო ბ.რ–ის და ლ.კ–ძის წარმომადგენელს - დ.კ–ძეს ჩაბარდა პირადად 2024 წლის 15 ნოემბერს.

2024 წლის 26 ნოემბერს (ფოსტაში წარდგენილია 2024 წლის 25 ნოემბერს) კასატორების წარმომადგენლებმა: ლ.წ–მა, ნ.ნ–ძემ და დ.კ–ძემ განცხადებით მომართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს და წარმოადგინეს სახელმწიფო ბაჟის - 1 000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი; რაც შეეხება დარჩენილი სახელმწიფო ბაჟის - 5000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანის წარმოდგენას, განცხადებაში მითითებულია, რომ კასატორებს აქვთ მძიმე ფინანსური მდგომარეობა, ზოგიერთ მათგანს ჰყავს მცირეწლოვანი შვილები, ამასთანვე ბანკიდან სესხის სახით ელოდებიან თანხის ნაწილს, რის გამოც სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ვერ ახერხებენ სახელმწიფო ბაჟის სრულად გადახდას. აღნიშნულ გარემოებებზე მითითებით კასატორები ითხოვენ დარჩენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 ნოემბრის განჩინებით ბ.რ–ის, ლ.კ–ძის, ი.ა–ძის, ლ.მ–ის და ნ.ე–ის წარმომადგენლების შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ბ.რ–ს, ლ.კ–ძეს, ი.ა–ძეს, ლ.მ–ს და ნ.ე–ს გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების ვადა და დაევალათ მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ: დარჩენილი სახელმწიფო ბაჟის - 5 000 ლარის (უკვე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1000 ლარის გათვალისწინებით) გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 ნოემბრის განჩინება კასატორების წარმომადგენლებს გაეგზავნათ 2024 წლის 02 დეკემბერს. ზემოაღნიშნული განჩინება კასატორის - ნ.ე–ის წარმომადგენელს - ლ.წ–ს, ასევე ბ.რ–ის და ლ.კ–ძის წარმომადგენელს - დ.კ–ძეს ჩაბარდათ პირადად 2024 წლის 03 დეკემბერს, ხოლო კასატორების ი.ა–ძის და ლ.მ–ის წარმომადგენელს - ნ.ნ–ძეს ჩაბარდა პირადად 2024 წლის 04 დეკემბერს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო, მოცემული საქმის მასალების შესწავლის შედეგად განმარტავს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 ნოემბრის განჩინებით ბ.რ–ის, ლ.კ–ძის, ი.ა–ძის, ლ.მ–ის და ნ.ე–ის წარმომადგენლების შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ბ.რ–ს, ლ.კ–ძეს, ი.ა–ძეს, ლ.მ–ს და ნ.ე–ს გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების ვადა და დაევალათ მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ: დარჩენილი სახელმწიფო ბაჟის - 5 000 ლარის (უკვე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1000 ლარის გათვალისწინებით) გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 ნოემბრის განჩინება კასატორების წარმომადგენლებს გაეგზავნათ 2024 წლის 02 დეკემბერს.

ზემოაღნიშნული განჩინება კასატორის - ნ.ე–ის წარმომადგენელს - ლ.წ–ს და კასატორების - ბ.რ–ის და ლ.კ–ძის წარმომადგენელს - დ.კ–ძეს ჩაბარდათ პირადად 2024 წლის 03 დეკემბერს, ხოლო კასატორების - ი.ა–ძის და ლ.მ–ის წარმომადგენელს - ნ.ნ–ძეს ჩაბარდა პირადად 2024 წლის 04 დეკემბერს.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, კასატორებისთვის - ნ.ე–ისთვი, ბ.რ–ისთვის და ლ.კ–ძისთვის ხარვეზის აღმოფხვრის ვადის ათვლა დაიწყო 2024 წლის 04 დეკემბერს და ამოიწურა 13 დეკემბერს, ხოლო ი.ა–ძისთვის და ლ.მ–ისთვის ხარვეზის აღმოფხვრის ვადის ათვლა დაიწყო 2024 წლის 05 დეკემბერს და ამოიწურა 16 დეკემბერს (ვადის უკანასკნელი დღე 14.12.2024 წელი დაემთხვა დასვენების დღეს - შაბათს, ამიტომ ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე - 16.12.2024 წ. იხ. სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლები). დადგენილია, რომ კასატორებს ან მათ წარმომადგენლებს სასამართლოსთვის განსაზღვრულ ვადაში არ წარმოუდგენიათ არც ხარვეზის შევსებისთვის აუცილებელი ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულებები, არც რაიმე სახის შუამდგომლობა.

სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას (იხ.: სუსგ საქმეზე №ას-119-2022, 03.02.2022წ.; №ას-1133-2021, 29.11.2021). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით უზრუნველყოფილი სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება გარკვეულ ლეგიტიმურ შეზღუდვებს ექვემდებარებოდეს. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, განცხადების მიღებასა და საქმის განხილვაზე უარის თქმა სასამართლოს შეუძლია მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლებითა და წესით. მითითებული ნორმა თანაბრად ვრცელდება როგორც პირველი ინსტანციის, ისე ამ ინსტანციის გადაწყვეტილების ზემდგომი წესით გასაჩივრების უფლებაზე. სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვის ერთ-ერთ მაგალითს საპროცესო ვადა წარმოადგენს, კერძოდ, სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში მხარე ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მის მიმართ დადგება ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის. სასამართლოსადმი მიმართვის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას უშვებს საერთაშორისო პრაქტიკაც. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება „თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე“ (იხ. Ashingdane v. The United Kingdom, №. 8225/78, გვ, 20, §57, 28 მაისი, 1985 წელი).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბ.რ–ის, ლ.კ–ძის, ი.ა–ძის, ლ.მ–ის და ნ.ე–ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს. აღნიშნული ნორმით განსაზღვრულია საკასაციო პალატის უფლებამოსილება, იხელმძღვანელოს ქვემდგომ სასამართლოში დადგენილი სამართალწარმოების მარეგულირებელი იმ ნორმებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-9 კარით განსაზღვრული საკასაციო სამართალწარმოების თავისებურებებს. ამავე კოდექსის 374-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივარზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 1000 ლარის ოდენობით. შესაბამისად, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სრულად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 396.3-ე, 408.3-ე, 63-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ბ.რ–ის, ლ.კ–ძის, ი.ა–ძის, ლ.მ–ის და ნ.ე–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი.

2. ბ.რ–ს, ლ.კ–ძეს, ი.ა–ძეს, ლ.მ–ს და ნ.ე–ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ ლ.წ–ის (პ/ნ ........) მიერ 25.11.2024 წელს N24769233436 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 1 000 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ამირან ძაბუნიძე